ნაწილი 1. ზოგადი მიმოხილვა და ისტორიული ფონი

წიგნიდან „ომის ხელოვნება“

1.1. შესავალი

      ბოლო ორი ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიული ჩინეთის სამხედრო აზროვნება, სისხლისმიერი ბრძოლებისა და ინტელექტუალური ანალიზის ეს რთული პროდუქტი, მუდმივ შევიწროებას განიცდიდა. ხანის დინასტიის მეფობის ეპოქიდან მოყოლებული, კონფუცის თვითმარქვია მიმდევრები ხან აშკარად, ხან შეფარვით უყურადღებოდ ტოვებდნენ დიდი მოძღვრის დოქტრინას, ცალსახად ამბობდნენ უარს იარაღის გამოყენებაზე და სამხედრო საქმესთან დაკავშირებით დასმულ ნებისმიერ საკითხს გაურბოდნენ. ჩინელები უკვე ხმამაღლა გმობდნენ ასეთ მიდგომას. თუმცა ამ ხალხის ცივილიზებული და კულტურული თვითაღქმის მიუხედავად, ერი ვერ ახერხებდა არმიის ან სარდლების გარეშე ცხოვრებას, განსაკუთრებით „ბარბაროსთა“ თავდასხმების მუდმივი საფრთხისა და მომთაბარე ტომებთან მიმდინარე კონფლიქტების ფონზე. შესაბამისად, კვლავ გრძელდებოდა ადრეული ხანის სამხედრო ტრაქტატების შესწავლა-გადაფასება. ამის გამო მოხერხდა კიდეც მათი გარკვეული რაოდენობის გადარჩენა, ხოლო სამხედრო კრიზისების გახშირებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელი შეუწყო პროფესიონალი სამხედრო მოღვაწეების აღზრდასა და დამატებით სტრატეგიულ სწავლებათა მეთოდების ჩამოყალიბებას. და მაინც, კონფუცის კლასიკურ მოძღვრებასა და სხვადასხვა ტრადიციულ მონოგრაფიებთან შედარებით, სამხედრო თემატიკის შინაარსის კრებულების რაოდენობა მეტისმეტად მწირი იყო და მხოლოდ რამდენიმე შრომას ითვლიდა.

      სამხედრო საკითხებს დაეთმო მეომარ სამეფოებში მოღვაწე (ძვ.წ. 403-221 წწ.) გავლენიანი ფილოსოფოსების, მაგალითად, მმართველი შანის, რამდენიმე ნაშრომის ცალკეული თავები. ხშირად მათი შინაარსი რადიკალურ ხასიათს ატარებდა. ბევრი სახელოვანი მოაზროვნე, მათ შორის, სუნ-ძი და ჰან ფეი-ძი, განიხილავდა სახელისუფლებო და სამხედრო მოწყობის, მოტივაციისა და წვრთნის, გამბედაობის ბუნებისა და სახელმწიფოს კეთილდღეობის ხელშემწყობი სტრატეგიის ჩამოყალიბება-შექმნის ძირითად საკითხებს. ჯო ჯუანისა და სხვათა ისტორიულ შრომებში აგრეთვე აისახა იმდროინდელი გავლენიანი მთავრების ბევრი შეხედულება. ამ შრომებმა შემოინახა ცნობები გამოჩენილი სტრატეგების შესახებ. აქვე საკმაოდაა წარმოდგენილი ველზე მოქმედების ტაქტიკის აღწერაც.

      განსაკუთრებით ცნობილი იყო რამდენიმე უძველესი მონოგრაფია სტრატეგიის საკითხებზე. სუნის პერიოდის (დაახლ. 1078 წ.) მეცნიერებმა შეაგროვეს, შეასწორეს და კრებულის სახე მისცეს ექვს უმნიშვნელოვანეს გადარჩენილ შრომას. ამავე კრებულში შეიტანეს ტანის დინასტიის წიგნი და მიიღეს ამჟამად „შვიდი სამხედრო კლასიკური შრომის“ სახელით ცნობილი კრებული. ამგვარი კოდიფიკაციის მეშვეობით, აღნიშნულმა შვიდმა შრომამ სამეცნიერო საფუძველი მოუმზადა მთავრობას სამხედრო საქმიანობის წარმართვისთვისა და ტაქტიკური და სტრატეგიული კონცეფციების ჩამოსაყალიბებლად.

      ბარბაროსთა უწყვეტი შემოსევებისა და სამხედრო საფრთხის მიუხედავად, რომლებიც თან სდევდა ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე, იმპერიული ჩინეთი სულაც არ იყო განწყობილი აგრესიაზე სამხედრო აგრესიით პასუხის გასაცემად. აქ გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ხანის ყოფილი დინასტიის ლიდერების ან ახალგაზრდა, დინამიკური მმართველების (მაგ., თან და თაი-ცინის) - როგორც წესი, რომელიმე დინასტიის ჩამოყალიბების ადრეულ წლებში - იმთავითვე დასაღუპად განწირული ექსპანსიონისტური პოლიტიკა. ჩვეულებრივ, ქვეყნის მმართველები და მინისტრები ისეთ პოლიტიკას ირჩევდნენ, რომელიც ერის კულტურული მიმზიდველობის მითს ეფუძნებოდა. ამის მიხედვით, მეზობლებზე აშკარად აღმატებულ ჩინურ ცივილიზაციას, ღირსების ძალით აღზევებულსა და ბრწყინვალე მატერიალური მიღწევებით წელგამაგრებულს, უბრალოდ ვერ გაუძლებდა განუვითარებელ ხალხთა მტრული მისწრაფებები. ჩინეთში თვლიდნენ, რომ ცხოვრების ცივილიზებული წესის თანმხლები კომფორტი, შეთავსებული მუსიკასა და ქალებთან, ყურადღებას გაუფანტავდა და ნებისყოფას მოუდუნებდა საომრად ყველაზე მეტად განწყობილ ხალხსაც კი. გარდა ამისა, თუ არ მოხერხდებოდა მათი ნებაყოფლობით ან ქრთამების საშუალებით დათრგუნვა და მუდმივად დამორჩილება, ურჩთა წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვა, უფრო მორჩილი და ჩინეთის ცხოვრების წესს მორგებული მომთაბარე ტომების გამოყენება. ეს კარგად შეესაბამებოდა - „ბარბაროსის წინააღმდეგ ბარბაროსის გამოყენების“ საუკუნეებით გამოცდილ ტრადიციას.

      კონფუცის სწავლების თანახმად, რომელიც ყოფილი ხანის ეპოქაში ჩინეთის ტრადიციულ ფილოსოფიად იქცა და უკვე სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას ასახავდა, მმართველმა მხოლოდ საკუთარი ღირსების გრძნობა უნდა გაიღვივოს, თავისი ქმედება გარემოებებთან ჰარმონიულად წარმართოს და კეთილშობილური პოლიტიკის წყალობით მოიპოვოს საერთო-საქვეყნო მხარდაჭერა, რითაც მიაღწევს სამეფოს სტაბილურობას. ბუნებრივია, არსებობდა განსხვავებული აზრიც. კონფუცის მოძღვარების მიმდევარი მენციუსიც (ძვ.წ. 371-289 წწ.) კი იცავდა იმ შეხედულებას, რომ დროდადრო, ბოროტი მმართველების ასალაგმავად და ხალხისათვის ტანჯვის შესამსუბუქებლად, აუცილებელია სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციების მოწყობა. მიუხედავად ამისა, სუი იან-დის (მეფობდა 605-617 წწ.) მსგავსი მმართველების გარდა, რომელმაც ჩინეთის იურისდიქციის გაფართოების მცდელობით ერი გაღატაკებამდე მიიყვანა, სხვა მმართველები სამხედრო გზას დიდი ყოყმანით მიმართავდნენ, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა უმეტესობას უღირსად მიაჩნდა ყველაფერი, რაც სამხედრო სამსახურთან იყო გაიგივებული.

1.2. სამხედრო კონფლიქტებისა და იარაღის ევოლუცია ჩინეთში

1.2.1. შანის პერიოდი

      საუკუნეების განმავლობაში ჩინეთის სამხედრო აზროვნება იარაღის, ეკონომიკისა და პოლიტიკური ძალაუფლების ევოლუციის გზას მიჰყვებოდა. თანდათან ყალიბდებოდა სტრატეგიული კონცეპტუალიზაციის ჩარჩოები, რაც ხელს უწყობდა საბრძოლო მეთოდების განვითარებას. შანის პერიოდის აღმავლობის ხანისათვის დამახასიათებელი ტაქტიკა იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორ იზრდებოდა ადამიანური რესურსების მოცულობა, მათი თავმოყრის სიჩქარე და მობილურობა. ტაქტიკის თანდათანობით განვითარებას განაპირობებდა უფრო ძლიერი დასარტყამი და სასროლი იარაღების შექმნაც. აზროვნების ის სასიცოცხლო მნიშვნელობის ბირთვი, რომელიც კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ორგანიზებულებაზე, დისციპლინაზე, შეფასებაზე, საბრძოლო მიზნებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე, კვლავაც განაგრძობდა არსებობას და მანამ ხდებოდა მათი გამოყენება, სანამ ცინმა საბოლოოდ არ დაიპყრო და გააერთიანა იმპერია, რაც ისტორიაში მეომარი სამეფოების პერიოდის დასასრულად ითვლება.

      შანის დინასტიამ შექმნა თეოკრატიული სახელმწიფო, რომელიც თავდაპირველად აღმოცენდა დიდებულთა გარკვეული წრის სამხედრო ნიჭზე დაყრდნობით და შემდგომშიც წარმატებით იყენებდა მას ამ წრისათვის დამახასიათებელ რელიგიურ მსოფლმხედველობასა და ინსტიტუტებთან ერთად. მოსახლეობა დაიყო ოთხ კლასად: 1. მმართველი ოჯახები; 2. სამეფო კლანის წევრები (ბევრ მათგანს მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული თანამდებობა, ზოგმა კი ეს პატივი ერთგული სამსახურით დაიმსახურა) და სხვა დიდებულები; 3. მასები - ძირითადად, ყმა-გლეხები; 4. მონები. მეფის ძალაუფლება შეუზღუდავად ვრცელდებოდა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ხოლო საზღვრისპირა ფეოდალები მმართველი ოჯახის ერთგულები იყვნენ. დიდებულთა წრე, რომელიც მოსახლეობის განათლებულ და კულტურულ ფენას შეადგენდა, ცხოვრობდა კარგად ორგანიზებულ ქალაქებში, სადაც მრავლად იყო მასიური კომპლექსური შენობები - ტაძრები და სასახლეები. დაბალი კლასის ადამიანები კი ნახევრად მიწურ ქოხებში ცხოვრობდნენ და წლის განმავლობაში მისდევდნენ მიწათმოქმედებასა და სხვადასხვა ხელობას. თუმცა სწორედ მათ ევალებოდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა და სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას გამოცხადებულ მობილიზაციაში მონაწილეობაც.

      ბრინჯაოს ტექნოლოგია სწრაფად ვითარდებოდა შანის პერიოდის პირველივე წლებიდან (ტრადიციულად, თარიღდება ძვ.წ. 1766 წლით, როდესაც თან I-მა სიას წინააღმდეგ ტრიუმფალური კამპანია წამოიწყო), სანამ მმართველი ოჯახი ჯოუმ არ შეცვალა ძვ.წ. 1045 წელს. მეფის ხელისუფლების ფუნდამენტის, ანუ წინაპართა თაყვანისცემისას გამოყენებული რიტუალური ჭურჭლის რთული მოხატულობა აშკარად მოწმობს როგორც ტექნოლოგიურ მიღწევებს, ასევე ხელისუფლების მხრიდან მეტად ეფექტურ მმართველობასა და საწარმოო რესურსების მონოპოლიზებას. დიდებულთა იარაღი, ძირითადად, - ბრინჯაოსგან, სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები და დაბალი კლასების შეიარაღება კი ქვისგან, ხისგან და ცხოველთა ძვლებისგან მზადდებოდა. ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა იყო ფეტვი, რომელსაც, მოგვიანებით, ხორბალიც დაემატა. მოსავალი ცენტრალიზებულად მოწყობილ ბეღლებში ინახებოდა. იცოდნენ ბრინჯის მოყვანაც, მაგრამ ის თავად მმართველებისთვისაც კი იშვიათი ძვირფასი კულტურა იყო, რადგან, ძირითადად, სამხრეთ რაიონებში მოდიოდა. მატერიალური კულტურა იმდენად განვითარდა, რომ გაადვილდა მჭიდროდ დასახლებული, მრავალმოსახლიანი ქალაქების გამოკვება, რისთვისაც მეტწილად სოფლის მეურნეობა და სისტემატური ნადირობა იყო საჭირო. ზოგი ცხოველი, მაგალითად, ცხვარი, კამეჩი, ღორი და ძაღლი, უკვე მოშინაურებული ჰყავდათ. ხდებოდა აბრეშუმისა და კანაფის წარმოება. ყოველდღიური მოხმარების ჭურჭელი თიხისგან მზადდებოდა და მახვილგონივრულად იხატებოდა.

      შანის დინასტიის გამეფებამდე, შეიარაღებული კონფლიქტები ახალი ქვის ხანის სოფლებს შორის, ძირითადად, დაპირისპირებებითა და შეიარაღებული თავდასხმებით ხასიათდებოდა, თუმცა, გარკვეული კლანების მმართველები თანდათან იმყარებდნენ პოზიციებს და აშკარა ლიდერებიც იკვეთებოდა. მაგალითად, ასეთები იყვნენ სიას დინასტიის დამაარსებლები. მიუხედავად ამისა, შანის დინასტიის აღზევებასა და გარკვეული ცენტრალური (თუმცა, არა ადმინისტრაციული) ხელისუფლების დამყარებასთან ერთად გაჩნდა მუდმივი სამეფო ჯარიც, რომელიც, დაახლოებით, ათასი მებრძოლისგან შედგებოდა. მისი რიცხოვნობის გაზრდაც შესაძლებელი იყო: მმართველ ოჯახზე დაქვემდებარებულ კლანებსა და სამთავროებს დამხმარე ლაშქრის გამოყვანა ევალებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ მეფე, როგორც წესი, პირადად ხელმძღვანელობდა საომარ მოქმედებებს, უკვე არსებობდა სამხედრო ფენის ჩანასახები. მოსაზღვრე მტერთან წამოწყებულ კამპანიებს სამიდან ხუთი ათასამდე მებრძოლი ესაჭიროებოდა, ხოლო ამბოხებულ მთავართა დასამორჩილებლად ცამეტ ათასამდე მეომარი გამოჰყავდათ. საომარი კამპანიები რამდენიმე დღიდან სამ თვემდე გრძელდებოდა, თავად საომარი მოქმედებები კი ცალკეული შეტაკებების სახით მიმდინარეობდა. გვაქვს რამდენიმედღიანი ბრძოლების არსებობის მტკიცებულებებიც. არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი (მარცხენა და მარჯვენა ფლანგები და შუა რიგები) და ორი ტიპის მეომრებისაგან შედგებოდა: თავისუფლად განლაგებული პრივილეგირებული ფენებიდან მოწვეული ქვეითი, დამხმარე ჯარი და ორთვალა ეტლებით მებრძოლი დიდებულები, რომლებიც სახელმწიფოს წინაშე დაკისრებულ ვალს ბრძოლითა და ცენტრალიზებული ხელისუფლების მხარდაჭერით იხდიდნენ.

      შანის ხანაში მიმდინარე ბრძოლებში მთავარი ამოცანა იყო სამეფო სახლის სიუზერენული ხელისუფლების გამყარება, სამხედროთა მასობრივი დატყვევება და ალაფის მოპოვება. ცენტრალური რეგიონებიდან მოშორებით მიწებზე კონტროლი კვლავ ვასალურის ანალოგიური დამოკიდებულებით ხორციელდებოდა, შედარებით მცირე იყო დაპყრობილი მიწის პირდაპირი ინტეგრირება ცენტრალურ-ადმინისტრაციულ სახელმწიფო მოწყობაში. ნაალაფარი სამეფო სახლის ხაზინაში შედიოდა და ერთგული სამსახურის ანაზღაურების საშუალებასაც იძლეოდა. ზოგი ტყვე მონად იყიდებოდა და სასოფლო-სამეურნეო და საშინაო სამუშაოს ასრულებდა. ამ მონების დიდი რაოდენობა იმდროინდელ რელიგიურ ცერემონიებში მსხვერპლად იწირებოდა.

      შანის დინასტიის მმართველობის რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ყოველი მებრძოლის არსენალი ბრინჯაოს იარაღისგან შედგებოდა. უპირატესობა ენიჭებოდა კოს (მოკლე ალებარდის ან ხანჯლის ნაირსახეობა), მასთან ერთად დაჰქონდათ შუბი და შერეული მასალისგან დამზადებული მშვილდი. ბრინჯაოსწვერიანი ისრები, რომელთა გასროლაც 160 გირვანქა მოზიდულობის ძალით გაღუნული მშვილდების მეშვეობით ხდებოდა, ეფექტურად მოქმედებდა დიდ მანძილზე. ხელჩართულ ბრძოლაში ცულებსა და ხანჯლებსაც იყენებდნენ; ტყავისგან დამზადებული ჯავშანი და უზარმაზარი ფარები მნიშვნელოვნად იცავდა მებრძოლს დასარტყამი და სასროლი იარაღისგან. ჭურვებისა და სასროლი იარაღის ზემოქმედების შესამცირებლად მებრძოლებს ბრინჯაოს მუზარადები ეხურათ, ხოლო ფარსა და ჯავშანზე დამატებით ბრინჯაოს ფირფიტებს აკრავდნენ. მეომარი სამეფოების პერიოდის საბრძოლო თეორიის მიხედვით, იარაღი, ჩვეულებრივ, შერეული ტიპისა იყო, რაც უზრუნველყოფდა ბრძოლისუნარიანობას როგორც შორ, ასევე ახლო მანძილებზე. რაც შეეხება ხმალს, როგორც ხანჯლის სახეცვლილებას, მეომარი სამეფოების პერიოდის შუა წლებამდე ჯერ კიდევ ძალიან იშვიათი იყო.

      გვიანდელი შანის, დასავლეთის ჯოუსა და „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდების“ დროს (ძვ.წ. 722-481 წწ.) ეტლი ძირითადი საბრძოლო ერთეული იყო. ეს ტენდენცია მეომარი სამეფოების ეპოქის (ძვ.წ. 403-221 წწ.) შუა წლებამდე გაგრძელდა, შემდეგ ეტლის ფუნქციები ჯერ ნაწილობრივ ქვეითი ჯარების დიდმა მასებმა შეცვალა, შემდეგ კი, ძვ.წ. III საუკუნეში, მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა ცხენოსანმა ჯარმა. ჩინური გადმოცემებით, შანმა მისდამი მტრულად განწყობილი სიას ოჯახის გასაძევებლად წამოწყებულ კამპანიაში სამოცდაათი საომარი ეტლი გამოიყენა. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის არქეოლოგიური აღმოჩენები და პარალელურად მიმდინარე ტექსტობრივი კვლევები მოწმობს, რომ ეტლი სულაც არ ყოფილა ადგილობრივი გამოგონება და ჩინეთში ცენტრალური აზიიდან შანის დინასტიის შუა ხანებში (დაახლოებით, ძვ.წ-ის 1300-1200 წწ.) შემოვიდა. თავდაპირველად ეტლს, სავარაუდოდ, ცერემონიალური და სატრანსპორტო დანიშნულება ჰქონდა და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო მათი გამოყენება ნადირობისა და საომარი მოქმედებების დროს. ეპიგრაფიკული მასალით მტკიცდება, რომ ამის შემდეგაც კი შანი მტერთან დაპირისპირებისას მეტწილად დიდებულთა ქვეითი ჯარის საბრძოლო ერთეულებს ეყრდნობოდა. რეალურია, რომ შანის ეპოქის დროს ეტლი პრესტიჟულ სიმბოლოდ დარჩენილიყო; მისი ფუნქცია საომარი მოქმედებების დროს სატრანსპორტოთი შემოიფარგლებოდა და ბრძოლის ველზე დანაყოფის მეთაურის პლატფორმას უფრო წარმოადგენდა, ვიდრე მნიშვნელოვან საბრძოლო ერთეულს.

      გვიანდელი შანისა და მისი მომდევნო ჯოუს პერიოდების ეტლები, ჩვეულებრივ, სამ ადამიანს იტევდა: შუაში მეეტლე იდგა, მარცხნივ - მეისრე და მარჯვნივ - ხანჯლით შეიარაღებული მებრძოლი. ძირითადი ფუნქციური ერთეული - განყოფილება შედგებოდა ხუთი საომარი ეტლისგან, ხოლო ხუთი განყოფილება ბრიგადას ქმნიდა. ყოველი ეტლის პირად შემადგენლობაში შედიოდა 10-დან 25-მდე დამხმარე ქვეითი ერთეული. მოგვიანებით ამას დაემატა ავანგარდში მყოფი, დაახლოებით, 125 მებრძოლიც. შანის ეპოქის ეტლში ორი ცხენი იყო შებმული, ხოლო თავად ოთხკუთხედი საზიდარი ორ მყარ, მრავალმანიან თვალზე იდგა. საბრძოლო წვრთნები, არსებითად, ფართომასშტაბიანი სამეფო ნადირობისას მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ეტლებს მასიურად იყენებდნენ. მეეტლეს უხდებოდა ეტლის რთულ პირობებში მართვის, მებრძოლებს კი - მოძრავი ეტლიდან საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ჩვევების გამომუშავება. მიუხედავად ამისა, საეჭვოა, რომ ამგვარი წვრთნები საკმარისი ყოფილიყო შესაბამისი უნარ-ჩვევების შესაძენად. ეტლი მეტად ძვირად ღირებულ საჭურველს წარმოადგენდა, მის ასაგებად და სათანადო მდგომარეობაში შესანახად საჭირო იყო ხელოსნები, შესაბამისად, ის უფრო დიდებულთა ხელმისაწვდომი ფუფუნების საგანი გახლდათ. ამის გამო ბრძოლა ხშირად ორთაბრძოლებით, ინდივიდუალური შეტაკების სახით მიმდინარეობდა, რასაც, სავარაუდოდ, თან ახლდა შესაბამისი წეს-ჩვეულებებით განსაზღვრული შეზღუდვები (რისი რომანტიზებაც, ალბათ, გვიანდელ პერიოდში მოხდა). მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსი და ისიც იშვიათად მიანიშნებს, რომ მონადირეები ცხენებზე იყვნენ ამხედრებულნი, თუმცა, ასეთი მინიშნებები, ჩვეულებრივ, მხედველობაში არ მიიღება: ცხენს მხოლოდ ეტლში შესაბმელად იყენებდნენ. არ არსებობდა უზანგები, უნაგირი, ხოლო ცხენოსნის გრძელი სამოსი პრაქტიკულად გამორიცხავდა, რომ ცხენი ძვ.წ. III საუკუნემდე ეფექტური საბრძოლო ელემენტი გამხდარიყო.

1.2.2. ჯოუს ეპოქა

      ჯოუმ ძალაუფლება მუ-იესთან მომხდარი გადამწყვეტი ომის შემდეგ ჩაიგდო ხელში, როცა შანის სამთავრო დაამარცხა. ამას წინ უძღოდა ფარული მზადების მრავალი წელი - პოლიტიკური საყრდენის ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნა მოკავშირეთა წინდახედული შერჩევით, მცირე საფეოდალოების დამორჩილებითა და სხვა კლანებისა თუ ტომების დაპყრობით. ჯოუს ხალხი, რომელიც, სავარაუდოდ, სიას შთამომავალი უნდა იყოს, თავდაპირველად ჩრდილოეთში სახლობდა, მაგრამ უფრო აგრესიული ტომების თავდასხმების გამო იძულებული გახდა სამხრეთით - მდინარე ვეის ხეობაში, შანის კულტურის მეზობლად გადაენაცვლა. ამ მიგრაციამ ჯოუს ხალხს საშუალება მისცა, მასზე უფრო ძლიერი ცივილიზაციის ბევრი მატერიალურ-კულტურული მიღწევა აეთვისებინა შედარებითი თავისუფლების პირობებში, იმავდროულად განევითარებინა ძლიერი სოფლის მეურნეობა და შეექმნა საკუთარი ტექნოლოგიები და გარკვეული კულტურული სახე. ბარბაროსთა გავლენამ ხელი შეუწყო სამხედრო უნარ-ჩვევების, ორგანიზაციული შესაძლებლობებისა და ტაქტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას. შანი ჯოუს ხშირად ანდობდა დასავლეთის ამბოხებულ ხალხთა სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას, რითაც ჯოუ კიდევ უფრო ხვეწდა და იღრმავებდა სამხედრო საქმის ცოდნას. როდესაც მან ბოლო კამპანია წამოიწყო შინაგანად გახრწნილი და დასუსტებული შანის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის იარაღი და საბრძოლო ტექნიკა ტექნოლოგიურად უკვე აღარ აღემატებოდა მოწინააღმდეგისას. ჯოუს ერთადერთ ორიგინალურ ინოვაციად შეიძლება ჩაითვალოს ეტლის მასობრივად გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მობილურობას და იარაღითა და დამატებითი ძალებით მომარაგების ხარისხს. ჯოუს გამარჯვება, სავარაუდოდ, იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ შანის არმია დეზორგანიზებული იყო, არამედ იმით, რომ ეს უკანასკნელი საგრძნობლად გამოფიტა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მოწოლილ მომთაბარე, მტრულად განწყობილ ხალხებთან ბრძოლამ და გადამწყვეტი ბრძოლების დროს სამხრეთში მიმდინარე სამხედრო ექსპედიციის ჩასატარებლად დიდი ძალების გადასროლამ.

      საერთო სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრისას (განსაკუთრებით, თუ სანდოდ მივიჩნევთ „წყაროთა წიგნსა“ და „ექვს საიდუმლო მოძღვრებას“) ჯოუმ სრულიად ახალი მიდგომა გამოიყენა: უარი თქვა რიტუალურ, ფორმალურ ორთაბრძოლებზე ეფექტური, რევოლუციური ქმედების სასარგებლოდ. დინასტიათა შესაცვლელად საჭირო იყო, პრეტენდენტს სრულყოფილად ჰქონოდა ათვისებული თანამედროვე ტექნოლოგიები. მუდმივად უნდა მომხდარიყო საბრძოლო სტრატეგიის, ტაქტიკის დახვეწა და უნდა მიეღოთ ისეთი ახალი მეთოდები, რაც ჩინეთის ისტორიას არ ახსოვდა. ჯოუს მეფეები იძულებული იყვნენ, განუწყვეტლივ ეფიქრათ შეზღუდული რესურსებისა და ძალების ისე გამოყენებაზე, რაც საშუალებას მისცემდა მათ, დაპირისპირებოდნენ გაცილებით უფრო ძლევამოსილ, კარგად გამაგრებულ მოწინააღმდეგეს. ამ უკანასკნელის არმია კი რიცხოვნობით, ალბათ, ჯოუს მთელ მოსახლეობასაც კი აღემატებოდა. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ შანს დაპირისპირებოდნენ, მათ უნდა მოეხერხებინათ საკმარისი სამხედრო-პოლიტიკური ბაზისის შექმნა და სხვა ტომებისა და საფეოდალოების თავის მხარეზე გადაბირება.

      ჯოუსა და შანის დინასტიებს შორის მომხდარმა ეპოქალური მნიშვნელობის შეტაკებამ, რომელიც იდეალისტურად იქნა აღწერილი გვიანდელი დროის ისტორიულ ძეგლებში, განსაზღვრა ეპოქის გარკვეული მორალური ღირებულებები და დინასტიური ციკლის კონცეფციის პარამეტრები. სწორედ ამ კონფლიქტში ჩაისახა კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის არქეტიპი. კეთილს განასახიერებდნენ კეთილშობილური ძალები, რომლებიც ხალხის სახელით ებრძოდნენ ტირანს და მისი პარაზიტი მხარდამჭერების ამალას. თუმცა, თავდაპირველად შანის უწინდელი გამარჯვება სიაზე ანალოგიურად იქნა წარმოდგენილი. ამ ფაქტს დამწერლობის შექმნამდე ჰქონდა ადგილი და უძველესი დროიდან გადმოცემის სახით შემორჩა ისტორიას. ამ ფონზე ჯოუს შეუპოვარი ბრძოლა სამეფოს ტანჯვის უღლიდან გასათავისუფლებლად და ღირსებისა და კეთილშობილების აღსაზევებლად ჩინეთის მორალური თვითაღქმის აღმაფრენას განასახიერებდა. დინასტიები იცვლებოდა, შინაგანად იშლებოდა, მმართველები მორალურად იხრწნებოდნენ და სუსტდებოდნენ; ამ დროს ასპარეზზე ჩნდებოდნენ ღირსების კეთილშობილი დამცველები, რომლებიც უპირისპირდებოდნენ მჩაგვრელ ძალებს, ხალხს შეუქცევად კატასტროფას არიდებდნენ და სამეფოს სიკეთისა და სიქველის გზაზე აბრუნებდნენ. მეორე მხრივ, ზოგი ისტორიკოსის აზრით, შან-ჯოუს კონფლიქტი რეალურად ორ ხალხს შორის გამართული საბოლოო შერკინება იყო, რადგანაც ჯოუს დინასტიის აღზევებიდან მოყოლებული, ჩინეთის სამხედრო მოქმედებები, ძირითადად, შიდა პოლიტიკური შეტაკებებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება ცენტრალური აგრარული სამთავროების მოსახლეობასა და სტეპების მომთაბარე ტომებს შორის ჩინეთის მთელი ისტორიის მანძილზე გრძელდებოდა და ნაწილობრივ ასახავდა ცენტრალურ რაიონებში მოსახლე ხალხის თვითშეგნებისა და მათი „ბარბაროსი“ მეზობლების უკულტურო ყოფის „კონფლიქტს“.

      როგორც ეს „ში ძის“ ისტორიულ ტრაქტატებში უძველესი მორალისტური ტრადიცებისა და ხალხის იმდროინდელი ყოფის შესაბამისადაა აღწერილი, შანის კლანმა აღზევება წინა დინასტიის - სიას ბოლო ბოროტი მმართველის გადაგდებით მოახერხა. გადმოცემების მიხედვით, რამდენიმე თაობის შემდეგ შანის იმპერატორებმა დაკარგეს მათთვის ადრეულ დროში დამახასიათებელი კეთილშობილება და მმართველობის ძალა, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მათი ე.წ. „ბრწყინვალე იზოლაციითა“ და სიამოვნებათა მორევში ჩაფლობით. მათი მორალური ვარდნა სტაბილურად გრძელდებოდა ბოლო მმართველის (ჯოუს) აღზევებამდე, რომელსაც ისტორია ბოროტების საწყისის განსხეულებად გვიხატავს. ისტორიული გადმოცემები მეფე ჯოუს მიაწერს ძალადობის უამრავ ფაქტს: მან შემოიღო აუტანელი, მძიმე საგადასახადო ბეგარა - ძირითადად, მდიდრული სასახლეებისა და გასართობი ადგილების მოსაწყობად; განუწყვეტლივ ერეოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში, რითაც მასობრივ შიმშილობასა და მოსახლეობის გაღატაკებას იწვევდა; ჩაფლული იყო გარყვნილებაში - ლოთობა, ორგიები და ძალადობა მისი ცხოვრების ორგანულ ნაწილს შეადგენდა; მან სასტიკად და დაუდობლად ამოხოცა აურაცხელი ადამიანი, მათ შორის კარის მრავალი კეთილშობილი და ღირსეული მსახური; არაადამიანურად აწამებდა დასჯილებს. მიუხედავად ამისა, როგორც ამას ქვემოთ ვნახავთ, შიი ჩიში, შანის ეპოქის ჟამთააღმწერელი მეფეს ახასიათებს, როგორც ნიჭიერსა და ძლევამოსილ მმართველსაც: იმპერატორი ჯოუ თანდაყოლილი გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა; ჰქონდა მეტად მახვილი სმენა და ბასრი მხედველობა; ხოლო ფიზიკური ძალითა და უნარით ვერავინ შეედრებოდა: შიშველი ხელით შეეძლო გაავებული მხეცის მოკვლა; მისი განათლება სხვათა კრიტიკას სარკესავით ირეკლავდა, ხოლო მჭევრმეტყველებით ადვილად ფარავდა საკუთარ შეცდომებს. ის თავის მინისტრებთან საკუთარი ნიჭიერებით ტრაბახობდა; მთელ სამეფოში ცნობილი იყო ქედმაღლობით; ყველას ზემოდან უყურებდა. უყვარდა ღვინო, უზომოდ იყო გატაცებული მუსიკით და თავის ცოლებთან სასიყვარულო განცხრომას ეძლეოდა. განსაკუთრებით თა ჯი უყვარდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა მას. ჩიი ჩიუნმა მისი მითითებით შექმნა გარყვნილებით აღსავსე ახალი ჰანგები, პეი-ლის [გარყვნილ ქალთა] ცეკვა და ავხორცული მუსიკა. გადასახადებს კიდევ უფრო ამძიმებდა, რათა ირმის კოშკი მონეტებით შეევსო; ჩიუ ჩიაოს ბეღლებს ხორბლით ავსებდა. გაზარდა და გაამდიდრა ძაღლების, ცხენებისა და უცნაური ნივთების კოლექციები, რომელთაგან სასახლეებში ტევა აღარ იყო. შა-ჩიუს ბაღის კოშკი აამაღლა და იქ ურიცხვი გარეული ცხოველი და ფრინველი ჩაასახლა. პატივს არ სცემდა წინაპართა სულებს. შა-ჩიუს ბაღში მუსიკოსებს უყრიდა თავს, იქ ღვინის ტბა და დაკიდებული ხორცის ტყე იყო მოწყობილი; მთელი ღამის ლოთობის შემდეგ შიშველი ქალებისა და კაცების მონაწილეობით ორგიებს მართავდა. მეფე ასეულობით ოჯახმა შეიძულა, ზოგი მთავარი კი განუდგა კიდეც მას.

      ტრადიციული წყაროების მიხედვით, ჯოუს სამთავრო მას შემდეგ შეიქმნა, რაც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, თან ფუმ მთები გადალახა და სამხრეთით მდებარე მდინარე ვეის ხეობას შეეფარა, რათა თავისი ხალხისათვის საფრთხე აეცილებინა. ამ მიგრაციის შედეგად თან ფუმ თანდათანობით დათმო ე.წ. ბარბაროსული წეს-ჩვეულებები და წინაპრების ტრადიციულ საქმიანობას - სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ამ ქმედების გამო მას მყისვე ღირსების მანტია მოასხეს, ხოლო ჯოუ - შემდგომ კი მთლიანად ჩინეთი - მიწაზე მიმაგრებული, მიწათმოქმედი ხალხის ქვეყანად აღიარეს. ამას „ში ძი“ ასე აღწერს: უძველესმა მთავარმა, თან ფუმ, ჰოუ ჯისა და მთავარ ლიუს მსგავსად, კვლავ მიჰყო ხელი მიწათმოქმედებას, განავრცო თავისი ღირსებები და სათნოებით მართავდა ქვეყანას, შესაბამისად, ხალხი მხარს უჭერდა მას. ჯუნის ტომის წინამძღოლი სუნ-იუ და თი (ბარბაროსები) თავს დაესხნენ თან ფუს და უნდოდათ სიმდიდრისა და ქონების წართმევა. თან ფუმ მისცა, რასაც ითხოვდნენ. ამის შემდეგ ისინი კვლავ დაესხნენ ჯოუს თავს და ახლა მიწისა და ხალხის მიტაცება მოინდომეს. ხალხი გაბრაზდა და საბრძოლველად აღდგა. უძველესმა მთავარმა თქვა: „როცა ხალხი მმართველს ხელისუფლებას აძლევს, ამას საკუთარი სარგებლობისათვის აკეთებს. ახლა ბარბაროსები თავს გვესხმიან, რადგან ჩვენი მიწისა და ხალხის ხელში ჩაგდება მოუნდათ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მხარეზეა ხალხი? მათ ჩემ გამო უნდათ ბრძოლა, მაგრამ მე ვერ მოვიქცევი ისე, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მათი მამები და შვილები დავახოცინო“. მაშინ თან ფუმ აიყოლია ნათესავები და პინში წავიდა, გავიდა ფონს ჩი და ჩიუ მდინარეებზე, გადალახა ლიანის მთა და ჩის მთასთან შეჩერდა. პინის ხალხი აიყარა, მოხუცებულები და დავრდომილები ხელით მიჰყავდათ, მივიდნენ და კვლავ უძველეს მთავარს შემოერტყნენ გარს ჩის მთასთან. როცა ახლომახლო მდებარე სამთავროებში შეიტყვეს უძველესი მთავრის, თან ფუს, სათნოების შესახებ, მათაც მხარი დაუჭირეს. ამის შემდეგ მთავარმა მიატოვა ბარბაროსული წესები, ააშენა გალავნები და შენობები და ხალხს საცხოვრებლად ქალაქები მისცა, რათა განცალკევებით ეცხოვრათ. სამთავროს მართვა ხუთ თანამდებობაზე გაანაწილა. მთელი ხალხი მღეროდა და შენატროდა მას, ხოტბას ასხამდა თან ფუს ღირსებას.

      XX საუკუნის ჩინეთის სამხედრო ისტორიკოსი, გენერალი სი პეი-კენი დარწმუნებულია, რომ ჯოუმ ასე ადვილად იმიტომ შეძლო სხვადასხვა ხალხის, მათ შორის შანის მიერ დაპყრობილი სიას ტომისგან დარჩენილი ჯგუფების შემოერთება, რომ წარმატებით აითვისა მათი სოფლის მეურნეობის წარმოების ტრადიციები და შრომის განაწილების წესი. სიას სამიწათმოქმედო მემკვიდრეობის უკვდავსაყოფად ჯოუ მრავალი წლის განმავლობაში აგზავნიდა მრჩევლებს სხვადასხვა ტომსა და სამთავროში, მათი მოსახლეობისათვის მიწათმოქმედების წესისა და სეზონური საქმიანობის ცოდნის გადასაცემად. ამან ჯოუს არა მარტო მეზობლების პატივისცემა და კეთილგანწყობა მოუტანა, არამედ კარგად გააცნო მდინარე ვეის ხეობის გარეთ მოსახლე ხალხებიც, მათი წეს-ჩვეულებები და ბუნებრივი ლანდშაფტი.

      მამის საპირისპიროდ, ჯი ლი - თან ფუს მესამე შვილი და მემკვიდრე თავისი ორი უფროსი ძმის ღირსეული მმართველობის შემდეგ - თავდასხმით ომებს აწარმოებდა მეზობელი ხალხების წინააღმდეგ და სწრაფად მოახერხა ჯოუს გავლენის სფეროს გაფართოება. თავდაპირველად შანის მეფეები აღიარებდნენ მის მიღწევებს. მათ ჯოუს მმართველს დიდგვაროვანის წოდება უბოძეს და თავის ნათესავზე დააქორწინეს, მაგრამ საბოლოოდ შეიპყრეს ის და სიკვდილითაც დასაჯეს. თუმცა, შანისა და ჯოუს ურთიერთობის ისტორია ბოლომდე გარკვეული არ არის და მისთვის ნათელის მოსაფენად მეტი არქეოლოგიური მტკიცებულებაა საჭირო. ცნობილია, რომ ჯოუს სამეფო სახლის სხვა წევრები (მაგალითად, მეფე ვენი) შანის მეფის ასულებზე ქორწინდებოდნენ. ჯოუს მიერ მდინარე ვეის ხეობის დაკავებამდე მრავალი თაობით ადრე, მეფე ვუ თინიდან მოყოლებული, შანის სამთავრო რეგულარულად აწყობდა სამხედრო ექსპედიციებს ჯოუს ხალხის დასამორჩილებლად. შანის მეფეები ხშირად ნადირობდნენ ჯოუს სამფლობელოში, მაგრამ ამ უკანასკნელის ძლევამოსილების ზრდასთან ერთად შიში გაუჩნდათ და ამ საქმიანობას თავი ანებეს.

      დაუმორჩილებლობისათვის შანის ტირანი მმართველის მიერ მოხუცი მეფე უ-ვენიც იყო დაპატიმრებული. თავისუფლება ოჯახისა და სხვა ღირსეულ მხარდამჭერთა მიერ შეგროვებული უხვი ქრთამის მეშვეობით მოიპოვა. ძღვენი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მეფე უ-ვენს, რომელმაც ბოლოს ხმამაღლა აღიარა შანის სიუზერენობა, დასავლეთის მთავრის წოდებაც კი უბოძეს. ტიტულის მინიჭებისას მას გადასცეს მშვილდი, ისრები და ცულები, რომლებიც მასზე დაკისრებული სამხედრო მოვალეობის სიმბოლო იყო. მეფე ვენს აქტიურად უნდა დაეცვა იმპერია გარე ძალებისაგან. ის დაუყოვნებლივ დაბრუნდა შანის იმპერიის უკიდურეს დასავლეთში მდებარე თავის პატარა სამთავროში, რომლის დაშორება ცენტრიდან გამოსადეგი იყო მისი მმართველობისათვის. ბარბაროსთა მიწაზე ცხოვრებით მის ხალხს თავისუფლად შეეძლო გაემართა ბრძოლები, ესარგებლა ნაყოფიერი მიწებით და სხვათაგან ფარულად ეცხოვრა ნებაყოფლობით იზოლაციაში. სწორედ იმიტომ, რომ მეფე ვენს საშუალება ჰქონდა, სხვების ყურადღების მიპყრობის გარეშე განეხორციელებინა სამთავროს მოღონიერებისა და მატერიალურ-სოციალური დოვლათის დაგროვებისაკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკა, ჯოუს მთელი ჩვიდმეტი მშვიდი წელიწადი მიეცა იმისათვის, რათა კარგად მომზადებულიყო საბოლოო შეტაკებისათვის.

1.2.3. ექვსი საიდუმლო მოძღვრება და ჯოუს გამარჯვება

      ჯოუს აღზევებასა და შანის დაპყრობასთან ტრადიციულად ასოცირებულია სამი ცნობილი პიროვნება: მეფე უ-ვენი, მეფე ვუ და თაი კუნი. აქედან პირველმა ათწლეულები იმეფა, აქტიურად ზრუნავდა სამეფოს ძლიერების განმტკიცებაზე, განუხრელად ატარებდა მიზანმიმართულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რათა ხალხს კეთილდღეობაში ეცხოვრა და, პრაქტიკულად, ე.წ. „კეთილი მმართველი“ გახდა. მეფე ვუმ, რომელიც ტახტზე დინასტიურ რევოლუციამდე რამდენიმე წლით ადრე ავიდა, სამთავროში მიმდინარე მზადება მოკავშირეთა ქსელის გაფართოებით, პოტენციურ მოწინააღმდეგეთა დამორჩილებითა და შეიარაღებული ძალების განვითარების ხელშეწყობით დაასრულა, რის შემდეგაც საბოლოო სამხედრო კამპანია წამოიწყო. რაც შეეხება თაი კუნს, რომლის პიროვნება, სუნ-ძის მსგავსად, ბოლომდე გარკვეული არ არის, ის ჩინეთის ისტორიაში ცნობილია, როგორც პირველი სარდალი და სტრატეგიული აზროვნების ნამდვილი პიონერი. მას შემდეგ, რაც თაი კუნი მეფე ვენს შეხვდა საბოლოო გამარჯვებამდე ოცი წლით ადრე (ეს შეხვედრა, გადმოცემის თანახმად, „თვით ბედისწერით იყო განსაზღვრული“), ის შემდეგდროინდელ წყაროებში განუწყვეტლივ მოიხსენიება, როგორც მრჩეველი, მასწავლებელი, ნდობით აღჭურვილი პირი, ბრძენკაცი, სტრატეგი და სარდალი.

      ითვლება, რომ „შვიდი სამხედრო კლასიკური ნაშრომის“ შემადგენელი „ექვსი საიდუმლო მოძღვრება“ თაი კუნის მიერ მეფე ვენისა და ვუსთვის მიცემულ პოლიტიკურ რჩევა-დარიგებებს შეიცავს და ვრცლად აღწერს მის მოსაზრებებს სახელმწიფოს ეფექტური მმართველობის, ეროვნული კეთილდღეობის მიღწევის გზებისა და ფსიქოლოგიური ომის წარმართვის თაობაზე. თუმცა ტრაქტატის დიდი ნაწილი ტაქტიკური სიტუაციების ანალიზსა და კონკრეტულ რეკომენდაცებს ეთმობა. ზემოაღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის სამხედრო სტრატეგიის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან ეს ნაშრომი მნიშვნელოვანწილად ლანდშაფტის კონფიგურაციის ვრცელ განხილვას წარმოადგენს, რასაც პირველად ყურადღება სუნ-ძიმ დაუთმო „ომის ხელოვნებაში“ და, სავარაუდოდ, უ ძიმ ნაშრომში „ვუ-ძი“. მართალია, არსებული ტექსტი აშკარად მეომარი სამეფოების ხანას მიეკუთვნება, ზოგი მეცნიერის აზრით, ის კარგად ასახავს ჩის სამხედრო მოძღვრების ტრადიციებს და წარმოგვიდგენს ჩინეთის სამხედრო სტრატეგიის არსს თუ არა, გარკვეულ ელემენტებს მაინც. შანის დამარცხების შემდეგ თაი კუნს ჩის მმართველობა უბოძეს - ერთი მხრივ, აღმოსავლეთ რაიონების დასამშვიდებლად, მეორე მხრივ კი - ასე აღნიშნეს მისი დამსახურება ჯოუს სამეფო სახლის წინაშე (ყველაფერთან ერთად გაანეიტრალეს მისგან პოტენციურად მომდინარე სამხედრო საფრთხე). სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საომარი ტრადიციებისა და სამხედრო მოძღვრებათა აყვავების ხანა. ეს ყველაფერი კი ჩისთან ასოცირდებოდა. სუნ-ძის კლანი ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომელთაც მოგვიანებით ქვეყანაში პირველობისათვის დაიწყეს ბრძოლა.

      ჩინეთის საბრძოლო ტრადიციებში თაი კუნის ლეგენდარული ფიგურიდან და იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც იმდროინდელი პერიოდის ისტორიულ მასალას ეკისრება სუნ-ძის ეპოქისა და სამეფოში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თვალსაზრისით, ალბათ, ღირს, გაგაცნოთ „ში ძიში“ („ისტორიული ნაწერები“) აღწერილი მისი ბიოგრაფია. ამ მოხუცებულმა, ნახევრად მისტიკურმა ადამიანმა, რომლის ადრეული ცხოვრებაც იდუმალებით იყო მოცული ჯოუს პროვინციაში პირველად გამოჩენისთანავე, აუტანლად ჩათვალა შანის კარზე ცხოვრება და იქიდან გასაქცევად სიგიჟე გაითამაშა. ის გაქრა ჯოუს კარიდან, მაგრამ ხელახლა გამოჩნდა, სავარაუდოდ, სამოცდათორმეტი წლის ასაკში. „ში ძიში“ მისი ხანდაზმულობის შესახებ მოყვანილი ცნობების გარდა, საყურადღებოა მისი პირველი საუბარი მეფე უ-ვუსთან, რასაც დიდ ისტორიულ მოღვაწეთა საბედისწერო შეხვედრების დამახასიათებელი მითიური იერი დაჰკრავს: თაი კუნ ვანი, ლიუ შანი წარმოშობით აღმოსავლეთის ზღვის მხრიდან იყო. მის ერთ წინაპარს მონათა ზედამხედველად უმსახურია და დიდი ღვაწლიც გაუწევია, როცა იუს წყლების დამშვიდებაში ეხმარებოდა. იმპერატორ შუნის დროიდან სიას დინასტიის ზეობამდე მას ლიუში, ან, შესაძლოა, შენში მიწა უბოძეს და გვარი ჩიანად შეუცვალეს. სიასა და შანის დინასტიების დროს [მისი] გვერდითი ხაზის (შტოს) რამდენიმე შთამომავალი ლიუსა და შენში სახლობდა; ზოგი მათგანი მდაბიო იყო; ისინი იყვნენ შანის წინაპრები. მისი ნამდვილი გვარი ჩიანი იყო, მაგრამ შემდეგ გვარი თავისი მამულის სახელიდან აიღო და ლიუ შანი დაირქვა.

      ლიუ შანი უკვე მოხუცი იყო, როდესაც თევზაობის დროს დასავლეთის მთავარს [მეფე უ-ვენს] შეხვდა. დასავლეთის მთავარი ნადირობას აპირებდა და მკითხავთან მივიდა, რათა [წარმატებული ნადირობის შესახებ] ეკითხა. [მკითხავმა] ასე უთხრა: „შენ რასაც მოინადირებ, არც დრაკონია და არც ქვეწარმავალი, არც ვეფხვია და არც დათვი. შენ ჰეგემონის ან მეფის მარჯვენა ხელს მოიპოვებ“. ამის შემდეგ დასავლეთის მთავარი სანადიროდ წავიდა და მდინარე ვეის მზიან ნაპირზე მართლაც შეხვდა თაი კუნს. დაელაპარაკა მას და ძალზე ნასიამოვნები დარჩა. ასე უთხრა: „ჩემმა ყოფილმა ბატონმა, ო, თაი კუნ, მითხრა: „არსებობს ბრძენკაცი, რომელიც ჯოუში ჩამოვა და მისი წყალობით ჯოუ გაბრწყინდება“. შენ ის კაცი ხომ არ ხარ? ჩემი თაი კუნი დიდხანს გელოდა [ჩინ. ვანი]“. ასე რომ, თაი კუნ ვანი დაარქვა და მასთან ერთად ეტლით უკან დაბრუნდა, შემდეგ კი ლიუ შანი სტრატეგად დანიშნა.

      ვიღაცას უთქვამს: „თაი კუნი დიდხანს სწავლობდა სხვადასხვა მეცნიერებას და ერთ დროს [შანის] მეფე ჯოუს ემსახურებოდა. მაგრამ მეფე კარგად ვერ ფლობდა გზას [დაოს], ასე რომ, თაი კუნმა მიატოვა ის. ერთხანს მოგზაურობდა და სხვადასხვა მთავარზე თავის მოსაზრებათა ძალას სცდიდა, მაგრამ არც ერთი არ გამოდგა [შესაფერისი] და ისიც, ბოლოს და ბოლოს, დასავლეთში დაბრუნდა ამ მხარის მთავართან ერთად“.

      სხვას ასე უთქვამს: „ლიუ შანი მოხუცი მეცნიერი იყო, რომელმაც საქმეებს თავი დაანება და ზღვის ნაპირას ცხოვრობდა ყველასგან ფარულად. როდესაც დასავლეთის მთავარი იუ-ლიში იყო დატყვევებული, სან-ი შენმა და ჰუნ იაომ დახმარებისათვის ლიუ შანს მიმართეს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ მას. ლიუ შანმა თქვა: „გამიგია, რომ დასავლეთის მთავარი ერთ-ერთი რჩეული ადამიანია და, განსაკუთრებით, მოხუცებულთა პატრონობით არის ცნობილი, ალბათ, ჯობს, მას მივმართო“. ამ სამმა, დასავლეთის მთავრის სახელით, ულამაზესი ქალები და უცნაური ნივთები შეარჩია და გამოსასყიდად მეფე ჯოუს გაუგზავნა. ასე იქნა გათავისუფლებული დასავლეთის მთავარი, რომელიც შემდეგ თავის სამთავროში დაბრუნდა“.

      თუმცა სხვადასხვა წყარო სხვადასხვანაირად გადმოგვცემს ლიუ შანის დასავლეთის მთავართან სამსახურის დაწყების ამბავს, ამ ვერსიებში მთავარი და საერთო ის გახლავთ, რომ ის მეფეების - უ-ვენისა და ვუს სტრატეგი ყოფილა.

      დასავლეთის მთავრის გათავისუფლებისა და [შენში] დაბრუნების შემდეგ, მან ლიუ შანთან დაიწყო თათბირი, განავრცო თავისი ღირსებები და შანის ხელისუფლების დამხობა გადაწყვიტა. თაი კუნის ზედამხედველობის სფეროს, ძირითადად, სამხედრო საქმეები და ახალი, სრულიად განსხვავებული სტრატეგიების შექმნა შეადგენდა. ასე რომ, როდესაც მომდევნო თაობები სამხედრო სტრატეგიებსა და ჯოუს ამ ნიჭზე - სამთავროთა შორის ბალანსის დამყარების [ჩიუანი] უნარზე საუბრობენ, ყველა ხოტბას ასხამს თაი კუნს ფუნდამენტური მოძღვრების ჩამოყალიბებისათვის.

      დასავლეთის მთავრის ხელისუფლება სამართლიანი იყო [მაშინაც კი], როდესაც იუსა და ძიუის შორის არსებულ დაპირისპირებას აგვარებდა. [ოდების წიგნში] პოეტი დასავლეთის მთავარს მეფე უ-ვენად იხსენიებს - მეფობის უფლება მას ზეციდან ჰქონდა ნაბოძები. ის თავს დაესხა ჩუნს, მი-სიუსა და ჩიუან-ის და ფენთან დიდებული ქალაქი ააგო. ამ ქვეყანაზე ყველაფერი სამად რომ ყოვილიყო გაყოფილი, ორი მესამედი მას [უკვე] უჭერდა მხარს. ამაში უდიდესი წვლილი თაი კუნის გეგმებსა და სქემებს მიუძღოდა.

      მეფე უ-ვენის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ვუ ავიდა. მეფობის მეცხრე წელს, ვენის დაწყებული საქმის გაგრძელების მიზნით, მან აღმოსავლეთისკენ გაილაშქრა, რათა ენახა, დაუდგებოდნენ თუ არა გვერდზე იქაური მთავრები. როდესაც ჯარი გზას გაუდგა, თაი კუნმა მარცხენა ხელში ყვითელი საბრძოლო ცული მოიმარჯვა, ხოლო მარჯვენაში, ფიცის ნიშნად, თეთრი ალამი ეჭირა.

      ცან-სუ! ცან-სუ!

      გააერთიანე უბრალო ხალხი

      და წამოდი ნავებითა და ნიჩბებით.

      დაგვიანებით მოსულთ თავები დასცვივდებათ.

      ამის შემდეგ ის მენ-ჩინში წავიდა. საკუთარი ნებით შეკავშირებული ადგილობრივი მთავრები სულ რვაასნი იყვნენ. ყველამ თქვა: „მეფე ჯოუზე თავდასხმა შესაძლებელია“. მეფე ვუმ კი თქვა: „მათ ეს ჯერ არ ძალუძთ“, ლაშქარი მოაბრუნა და თაი კუნთან საშინელი ფიცი დადო.

      ორი წლის შემდეგ მეფე ჯოუმ მოკლა პრინცი პი-კანი და დაატყვევა ჩი-ძი. ვუმ გადაწყვიტა, თავს დასხმოდა მეფე იოუს და მომავლის დასადგენად კუს ნიჟარაზე ამკითხავებინა. ნიშანი ცუდის მომასწავებელი იყო - ძლიერი ქარი ამოვარდა და წვიმა წამოვიდა. ყველა მთავარი შეშინდა, მაგრამ თაი კუნმა გაამხნევა ისინი და მეფე ვუს მხარდასაჭერად მოუწოდა. მეფე ლაშქარს წინ გაუძღვა.

      მეთერთმეტე წლის პირველ თვეს, ჩია-ძის დღეს მან ფიცი დადო მუ-იესთან და თავს დაესხა შანის მეფე ჯოუს. შანის არმია სასტიკად დამარცხდა, თავად მეფე კი გაიქცა და ირმების კოშკს შეაფარა თავი. მაშინ მოკავშირეებმა მისდიეს მას და თავი მოჰკვეთეს. მომდევნო დღეს მეფე ვუ საკურთხეველთან დაბრძანდა. მთავრებმა სუფთა წყალი მიუტანეს; ვეის მმართველმა კან შუ-ფენმა ფერადი ჭილოფი გააფინა; ში შან-ფუმ ზვარაკი მოიყვანა, ხოლო პირველი მწიგნობარი ლოცვებს ღიღინებდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ წინაპართა სულებისთვის მეფე ჯოუს დასჯის ამბავი მოეხსენებინათ. მათ ირმების კოშკში შენახული ფული დაარიგეს და ჩიუ-ჩიაოს ბეღლებიდან პური გასცეს, რომ გაღატაკებული ხალხისთვის ცოტაოდენი შვება მოეგვარათ. პი-კანის საფლავი გააპატიოსნეს და ჩი-ძი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. შემდეგ ცხრა კასრი მოაგორეს, ჯოუს მთავრობა სწორ გზაზე დააყენეს და ზეცის ქვეშ ყველაფერი თავიდან დაიწყო. ხოლო დიდი წილი ამ საქმეებში კვლავ ში შან-ფუს [თაი კუნს] მიუძღოდა.

      ვუმ მთელ შანს სიმშვიდე მოუტანა და ზეცის ქვეშ მდებარე ყველა მიწის მეფე გახდა. შემდეგ მან თაი კუნი მმართველად ჩიში, იინ-ჩიუში გააგზავნა. ისიც აღმოსავლეთისკენ გაემართა, თავის სამთავროში. აუჩქარებლად მგზავრობდა და ღამღამობით დუქნებში ჩერდებოდა. მედუქნემ თქვა: „გამიგია, რომ დროის მოგება ძნელია და დაკარგვა კი ადვილი. ჩვენს სტუმარს ძალიან მშვიდად სძინავს. ალბათ, თავის სამთავროში ჩასვლას არ ისწრაფვის“. თაი კუნმა ეს მოისმინა, იმ ღამესვე ადგა, ჩაიცვა და გზას გაუდგა. სამთავროს საზღვარს გათენებამდე მიადგა. ლაის მარკიზმა იინ-ჩიუს მიტაცება მოინდომა და შეებრძოლა. იინ-ჩიუ ლაის ესაზღვრებოდა. ლაის მოსახლეობა იის ტომის ხალხი იყო, რომელთაც მეფე ჯოუს მმართველობისას შექმნილი ქაოსითა და ჯოუს დინასტიის აღზევებით ისარგებლეს და გადაწყვიტეს, რომ ახალი სამეფო ოჯახი ვერ შეძლებდა გამდგარი პროვინციების შემომტკიცებას და ამიტომ თაი კუნს ბოძებულ სამთავროს ედავებოდნენ.

      როდესაც თაი კუნი იინ-ჩიუში ჩავიდა, მან სათანადო რეფორმები გაატარა (მთავრობაში) ადგილობრივ წეს-ჩვეულებათა გათვალისწინებით; გაამარტივა ჯოუში მიღებული საკუთრების უფლებები [ლი]; ხელი შეუწყო ვაჭრებისა და ხელოსნების საქმიანობას და დაიწყო მეთევზეობისა და მარილის მოპოვებიდან მოგების მიღება. უამრავმა ადამიანმა დაუჭირა ჩის ამგვარ მმართველობას მხარი და ისიც დიდებული სამთავრო გახდა.

      როდესაც ჯოუს მეფე ჩენი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, კუან შუ და ცაი შუ აჯანყდნენ. ჯოუს წინააღმდეგ გაილაშქრა მდინარე ჰუას ხეობაში მოსახლე იის ტომმაც. ასე რომ, [მეფე ჩენის თხოვნით] ჰერცოგმა ჩაო კანმა დაავალა თაი კუნს: „აღმოსავლეთით - ზღვამდე, დასავლეთით - ყვითელ მდინარემდე, სამხრეთით - მუ-ლინამდე და ჩრდილოეთით - ვუ-ტიმდე დაამშვიდე ქვეყანა და ჭკუა ასწავლე ხუთ მარკიზსა და ცხრა გრაფს“. ამის გამო ჩიმ დავალებული სადამსჯელო ექსპედიცია წამოიწყო, თავს დაესხა [აჯანყებულებს] და კიდევ უფრო გაძლიერდა. მისი დედაქალაქი იყო იინ-ჩიუ.

      როდესაც თაი კუნი გარდაიცვალა, ის, ალბათ, ას წელზე მეტი ხნისა იყო...

      * * *

      დიდი ისტორიკოსი ამბობს: „მე წავედი ჩიში - ტაის მთასთან მდებარე ლან-იეს ჩრდილოეთით. იმ ადგილას, რომელიც ზღვას ესაზღვრება, ორი ათასი ლი ნაყოფიერი მიწაა გადაჭიმული. ადგილობრივი ხალხი მეტად ენერგიულია, ბევრი მათგანი არ ამჟღავნებს თავის ცოდნას. სამთავროს ჩამოყალიბებაში თაი კუნის გაწეულ შრომას თუ გავიხსენებთ, გასაგები გახდება, ასე რატომ უწყობდა ხელს ჰერცოგი ჰუანი კარგი მთავრობის შექმნას. ამის გამოც მოახერხა თავის გარშემო სხვა ფეოდალების შემოკრება. დიდებულია, ჭეშმარიტად დიდებული დიადი სამეფოს ცხოვრების წესი“.

      მიუხედავად იმისა, რომ სი-მა ციანის ტრადიციულად სანდო წყაროდ მიჩნეულ „ში ძიში“თაი კუნის ბიოგრაფია საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი, ათასწლეულების განმავლობაში სკეპტიკოსი კონფუციანელები იქამდე მიდიოდნენ, რომ საერთოდ უარყოფდნენ მისი არსებობის ფაქტს. ამ ადამიანის წარმოშობის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო გადმოცემებით შეცბუნებული სხვა სწავლულები კი მის როლს ძალზე აკნინებდნენ. ორივე ჯგუფი თავის მოსაზრებებს იმით ასაბუთებდა, რომ ტრადიციულად აღიარებულ უძველეს ტექსტებში - შან შუსა და ჩუნ ციუში [„გაზაფხულ-შემოდგომის ჟამთაღწერა“], რომლებიც აღნიშნულ ეპოქალურ მოვლენებს საკმაოდ ზუსტად აღწერს, თაი კუნი მოხსენიებული არ არის. ასე რომ, სკეპტიკოსები, ჩვეულებრივ, ეთანხმებიან მეორე დიდ კოფუციანელს, სიზუსტის მოყვარულ მენციუსს და არ აღიარებენ სამხედრო კამპანიების სასტიკ ხასიათსა და სისხლის ღვრის მასშტაბურ ფაქტებს. დაკნინებულია მეფე ვუს ის გიგანტური ძალისხმევაც, რაც მან წლების განმავლობაში გასწია უშუალოდ შანის დაპყრობამდე, აგრეთვე, არაფრადაა ჩაგდებული მისი მიღწევები ამ რეგიონზე კონტროლის დამყარების საქმეში. შესაბამისად, ფრთხილ და წინასწარგამიზნულ პოლიტიკასთან, ღირსებასთან და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობასთან ისტორიულად ასოცირებული ორი მოღვაწე - მეფე უ-ვენი და ჯოუს ჰერცოგი განდიდებულია, ხოლო მთავარი სტრატეგისა და სარდლის, სამხედრო მოღვაწეთა ღვაწლი - იგნორირებული და მივიწყებული. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა ტექსტში ლეგენდარულ და მითიურ საბურველს მიღმა არსებული მრავალრიცხოვანი გადმოცემებისა და მითითებების საფუძველზე, სხვა მეცნიერები და ისტორიკოსები ასკვნიან, რომ თაი კუნი არა მხოლოდ ნამდვილად არსებობდა, არამედ მას რეალურად უდიდესი როლი ეკისრება მთლიანად ჯოუს ისტორიაში, როგორც ეს აღწერილია „ში ძიში“ გადმოცემულ მის ბიოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ მეფე უ-ვენთან მისი პირველი შეხვედრის დეტალები, ალბათ, ყოველთვის ბურუსით იქნება მოცული, ვარაუდობენ, რომ თაი კუნი წარმოადგენდა ჩიანის კლანს. ამ კლანის წევრები ჯოუს სამხედრო მოკავშირეები იყვნენ და მათ შორის შერეული ქორწინების მრავალი ფაქტი არსებობდა. უეჭველია, რომ სიას დინასტიის მსგავსად, რომლის მითიურმა არსებობამ ბოლო დროს აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებით რეალური საფუძველი შეიძინა, თაი კუნის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფაქტები თანდათან ისტორიული მტკიცებულებებით გამყარდება.

1.3. ქვეყნის გაერთიანება და დასავლეთი ჯოუ

      ჯოუს მეფეები მყისიერად დადგნენ უსწრაფესად გადასაჭრელი პრობლემის წინაშე. მათ ერთმანეთთან ორგანულად დაუკავშირებელი ტომებისგან შემდგარი, უშველებელ ტერიტორიაზე გადაჭიმული იმპერია უნდა ემართათ ჯოუს მცირერიცხოვანი ხალხის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ შანის წინააღმდეგ წამოწყებულ სამხედრო კამპანიაში ჯოუ, სავარაუდოდ, რვაასამდე დამოუკიდებელი სამთავროს მხარდაჭერით სარგებლობდა, მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა. მას უნდა დაემორჩილებინა და ემართა ეს მტრულად განწყობილი ტომები, ათიათასობით შანელი დიდებული და, აგრეთვე, თავად ჯოუს მოკავშირე სამთავროთა მოსახლეობა. უნდა ჩაეხშო მთელს იმპერიაში მოგიზგიზე აჯანყებების ცეცხლი. მუ-იესთან გამართული ცნობილი გადამწყვეტი ბრძოლის შემდეგ მეფე ვუმ დაუყოვნებლივ დაავალა თაი კუნს მიმდებარე პროვინციების შემოერთება. დედაქალაქში მიმავალ ჯოუს მეფეს გზადაგზა უხდებოდა ურჩ ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. საბოლოოდ, დასავლეთ ჯოუმ მმართველობა განიმტკიცა რამდენიმე პოლიტიკური და სამხედრო აქციით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მისი ძლევამოსილი კლანის წევრების განწესება რამდენიმე მოკავშირე და მტრულად განწყობილ სამთავროში. ყოველი გაგზავნილი წევრი აარსებდა სამეფო ოჯახის გვერდით ხაზს და ბოძებულ მიწაზე სახლდებოდა თავის ოჯახთან, სახლეულსა და სამხედრო ამალასთან ერთად. ისინი რეალურად წარმოადგენდნენ ჯოუს ანკლავს ადგილობრივ მოსახლეობაში და დაუყოვნებლივ იწყებდნენ გალავნიანი ქალაქის შენებას. ეს ქალაქი ხდებოდა ჯოუს ოჯახის სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი რეგიონში.

      მეფე ვუმ ათასობით შანელი დიდგვაროვანი ოჯახი გადაასახლა აღმოსავლეთ დედაქალაქის რეგიონში, რადგან იქ ადვილად შეძლებდა მათ კონტროლს, თუმცა დიდებულებს იმის უფლებაც მიეცათ, თავისთან დაეტოვებინათ ამალა, მომსახურე პირები, ჰქონოდათ საკუთარი წეს-ჩვეულებები და ტრადიციულად მიღებული კანონებით ეცხოვრათ. ჯოუს ადრინდელმა მეფეებმა ეფექტურად განიმტკიცეს ხელისუფლება ამგვარად ჩამოყალიბებულ ვასალურ პროვინციებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარების საშუალებით. ფეოდალთა მორჩილებას უზრუნველყოფდა მათი აქტიური მონაწილეობა კლანის ცხოვრებასა და მმართველობაში, კიდევ უფრო აძლიერებდა მათი სამხედრო-პოლიტიკური არასრულფასოვნება და ამძაფრებდა ამ ოჯახების შედარებითი იზოლაცია. ეს ყველაფერი ხელს უწყობდა ორმხრივ თანამშრომლობას მეფის ხელმძღვანელობით. შანის მმართველობის თეოკრატიული ხასიათი შეცვალა უფრო პრაქტიკულმა მიდგომამ, თუმცა, ჯოუს მეფემ თავს იმის უფლება მისცა, რომ მხოლოდ მას აღესრულებინა წინაპართა სულებისა და ზეცისათვის მსხვერპლშეწირვის წესი. თაყვანისცემის ამ ობიექტებიდან ქვეყნის საქმეებში პირველის აქტიური ჩარევა კვლავ აუცილებელი იყო, ხოლო მეორის ნებით მოხდა ჯოუს რევოლუციური საქმიანობის რატიფიცირება.

      გარდა ექვსი მუდმივი ლაშქრის შექმნისა და სამეფოს სხვადასხვა პროვინციაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილებისა, ჯოუმ მოახერხა შანის დაშლილი ლაშქრიდან დარჩენილი რვა არმიის შემოერთებაც. საჭიროების შემთხვევაში, მას შეეძლო ვასალთა ლაშქრის მოხმობაც. ყველა ეს არმია, ძირითადად, კვლავ დიდგვაროვნებისგან შედგებოდა, რომელთაც დამხმარე ძალად მიჰყვებოდნენ მდაბიოები, პირადი ამალა და მსახურები. ცხადია, რომ ბევრ მებრძოლს თან ახლდნენ და დამხმარე ქვეითი ძალის როლს ასრულებდნენ ე.წ. შიიები - მმართველი ოჯახის გვერდითი ხაზის (შტოების) წარმომადგენლები, გრაფებისა და ჰერცოგების უმცროსი შვილები და მცირე აზნაურთა ოჯახების სხვა წევრები. დასავლეთ ჯოუს პერიოდში ბრძოლა მიმდინარეობდა რიგითი ჯარის უშუალო მონაწილეობით. გამოიყენებოდა ეტლებიც, როგორც ერთეული, რომელიც ძალების სწრაფ გადასროლასა და მობილურობას უზრუნველყოფდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უფროს-უმცროსობის წესების დაცვასა და მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემის გამოვლინებას.

      პერიფერიების რაიონების საბოლოო დაპყრობისა და ფეოდალური სისტემის საშუალებით მათი ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ გაერთიანების შემდეგ, დასავლეთ ჯოუს პერიოდის პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, სამხედრო ხელოვნებასა თუ სტრატეგიაში რაიმე სერიოზული გარდატეხა არ მომხდარა. ტყავის თრიმვლისა და გამოყვანის შესაძლებლობების დახვეწის შესაბამისად, ნელ-ნელა ჩნდებოდა და ვითარდებოდა ჯავშნის ისეთი სახეობები, რომლებიც უკეთ მიესადაგებოდა ქვეითი ჯარის მზარდ აქტიურ როლს. მეტალურგიული ხელოვნების სტაბილური განვითარების პარალელურად იცვლებოდა იარაღის ფორმა - დასარტყამი იარაღი დაგრძელდა, გამყარდა და გართულდა. დასავლეთი ჯოუს პერიოდის ბოლოსათვის, ძვ.წ. 771 წელს მცირე რაოდენობით გამოჩნდა ხმლები. მიუხედავად ამისა, კვლავ სტაბილურად გამოიყენებოდა გრძელი იარაღები - ეტლებიდან ან ქვეითად საბრძოლველად, რომელთა შორის დომინირებდა ბარჯი.

      სულ ოთხი თაობის შემდეგ დასავლეთი ჯოუს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დასუსტება დაიწყო. ამ ტენდენციას აძლიერებდა სამხრეთში ექსპანსიისაკენ მიმართული მეტად მცდარი კამპანიები. საკმაოდ მალე დასავლეთი ჯოუ დადგა ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოწოლილ ბარბაროსთა თავდასხმის საფრთხის წინაშე. სამეფო სახლი სწრაფად კარგავდა სიმდიდრეს - მეფეები ლენებისა და ჯილდოების საშუალებით ცდილობდნენ სამეფოს მხარდამჭერი ვასალების ერთგულების შენარჩუნებას. ყოველივე ამის შედეგად, ფეოდალები თანდათან წელში გაიმართნენ და, მართალია, ჯერ კიდევ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ემორჩილებოდნენ მეფის მოთხოვნებს, მათ გაუჩნდათ ინდივიდუალურ-რეგიონული თვითაღქმა, განსაკუთრებით, ადგილობრივ ხალხებსა და კულტურებთან ურთიერთქმედების შედეგად. კლანის დასუსტებას ხელი შეუწყო უნებისყოფო და არაკომპეტენტური მმართველების მთელმა პლეადამ. მათმა ნაწილმა აშკარად დაივიწყა, რომ თავის დროზე მეფე ვუმ მეფობა სწორედ მეფე ჯოუს თავაშვებულობის გამო მოიპოვა. საბოლოო ჯამში, ძვ.წ. 771 წელს ჯოუს ერთ-ერთ მეფეს, რომელიც ტახტზე ვასალური სამთავროების ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა, სამარცხვინოდ მოუწია დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში, რათა თავი აერიდებინა ბარბაროსთა ზეწოლისათვის და როგორმე გაეგრძელებინა დინასტიის მართვა. მის მიერ გატარებული ერთ-ერთი თავდაცვითი ზომა იყო ცინის პროვინციაში ისტორიულად მოსახლე ოჯახისათვის ამ მიწის მემკვიდრეობით მინიჭება ცხენების მოშენების საქმეში მათ მიერ გაწეული ღვაწლის გამო. ამით მეფე იმედოვნებდა, რომ ეს ხალხი (თავადაც ნახევრად ბარბაროსული ტომი) როგორმე შეაჩერებდა მათი მიწის დასაპყრობად მოწოლილ მომთაბარეთა ტალღას.

1.3.1. „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი

      „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდს (ძვ.წ. 722-481 წწ.) ეს სახელი ეწოდა ეპოქის ამსახველი ცნობილი კონფუციანური კლასიკური ტრაქტატის მიხედვით. სწორედ ამ ხანაში ვხედავთ სამთავროთა გაძლიერებას, შინაომებსა და პოლიტიკურ ერთეულთა წარმოქმნა-გაქრობას. მის ადრეულ წლებში ჯოუს ფეოდალთა ცალკეული შთამომავლები კვლავ მართავდნენ სამთავროთა უმეტესობას, ჩვეულებრივ, ოჯახის სხვა წევრებთან და ადგილობრივ დიდგვაროვნებთან ერთად. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს ოჯახები უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მათი მდგომარეობა მთავარ კლანთან ნათესაური კავშირიდან გამომდინარეობდა. ჯოუს შესუსტებასთან ერთად სამთავროები თანდათანობით გამოვიდნენ დაქვემდებარებული მდგომარეობიდან და თავისუფლად მოქმედება შეძლეს. მათი თავდაჯერებულობა ასახავდა არა მხოლოდ ძალის კონცენტრაციის ცენტრალური ხელისუფლებიდან პერიფერიებზე რეალურ გადანაცვლებას, არამედ იმ ნათესაური კავშირების შესუსტებასაც, რომლებსაც თავდაპირველად დაეფუძნა ლენების სისტემა. თაობათა ცვლას თან დაერთო დედაქალაქში მდებარე კარის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის საჭირო გადაადგილების სიძნელე, ყოველივე ამან კი შედეგად მოიტანა გაუცხოება სიუზერენსა და ვასალებს შორის. თუმცა ფეოდალებს ჯერ კიდევ ესაჭიროებოდათ ჯოუს კლანის მიერ „კურთხევა“ საკუთარი სამფლობელოების სამართავად და პერიოდულად ჩნდებოდნენ მოღვაწენი, რომლებიც ჰეგემონიას კვლავაც მმართველი დინასტიის სახელით აღწევდნენ. მათი ლოიალობა სამხედრო-პოლიტიკურ საქმეში მეფის მიღწეული იყო და არა მისგან ბოძებული. ძველი შეზღუდვებიდან გათავისუფლებული ფეოდალები უფრო მეტ ყურადღებას სამთავროთა შორის კონფლიქტებს უთმობდნენ, ვიდრე ვასალური მოვალეობების შესრულებას.

      ადგილი ჰქონდა აგრეთვე ხელისუფლების ცენტრის გადანაცვლებას გამეფებული ოჯახიდან მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. ეპოქის დასაწყისიდან მის შუა წლებამდე გაძლიერდნენ მმართველი თანამდებობის პირთა ოჯახები - ძირითადად, პირველი ფეოდალის გვერდითი შთამომავლები. ბევრ პროვინციაში მათ მოახერხეს კიდეც და ლეგიტიმურ ხაზს მთავრობაზე კონტროლი გამოჰგლიჯეს, მომდევნო საუკუნეებში კი გააჩაღეს ბრძოლა ერთმანეთის გასანადგურებლად. პერიოდის ბოლოსათვის ყველა გადარჩენილ საფეოდალოს სათავეში ედგა საკმაოდ გაძლიერებული მმართველი, რომლებმაც შეძლეს და ხელახლა ჩაიგდეს ხელში ხელისუფლება ან ტახტის უზურპატორი - რომელიმე დიდი ოჯახიდან გადარჩენილი პირი. „გაზაფხულისა და შემოდგომის“ ეპოქაში ასზე მეტი სამთავრო ან გაერთიანდა, ანდა საერთოდ განადგურდა, მათი მმართველი კლანი და გავლენიანი ოჯახები მდაბიოებად იქცნენ, ბევრი მათგანი დაატყვევეს ან მოკლეს და შედეგად, უძველეს დიდგვაროვან ოჯახთა უმეტესობამ საერთოდ შეწყვიტა არსებობა.

      შედარებით ძლიერ სამთავროთა მხრიდან წარმოებული მძარცველობითი კამპანების შედეგად, „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის საბრძოლო მოქმედებათა მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა. იმ დროს უკვე აუცილებელი გახდა უშუალოდ ბრძოლაში დიდი რაოდენობით გლეხების გამოყვანა, რადგან მხოლოდ დიდგვაროვანთა ჯგუფები საკმარისი აღარ იყო. ხანგრძლივი ბრძოლებისას, გაშლილ ველზე მაინც, როგორც ჩანს, წამყვანი როლი კვლავ საბრძოლო ეტლს ენიჭებოდა, რომელსაც გვერდს უმაგრებდა ქვეითი ჯარი. ამ უკანასკნელის რიცხოვნობა კი სულ უფრო იზრდებოდა. თავდაპირველად მძლავრობდა რაინდული პრინციპები და ბრძოლის ეთიკა მოითხოვდა „ლის“ (რაინდული ბრძოლის ნორმების) დაცვას, თუმცა, ეს სრულად არ ვრცელდებოდა მდაბიოთა ფენიდან გაწვეულ ქვეით ჯარზე. სულ რაღაც ერთ საუკუნეში კი აღმოჩნდა, რომ ეთიკის ძველ კოდექსს მხოლოდ სულელი და დასამარცხებლად განწირული მოწინააღმდეგეღა თუ იცავდა და იმის მიუხედავად, რომ პირადი დაპირისპირება კვლავ ბრძოლის დაწყების სტიმული იყო, ინდივიდუალური შერკინებების ფორმა მალე სრულიად აღმოიფხვრა.

      ადრეულ წლებში საომრად გაყვანილი არმია რამდენიმე ასეულიდან ათასამდე საბრძოლო ეტლისგან შედგებოდა, რომელსაც თან ახლდა, დაახლოებით, ათი ათასამდე ადამიანი. თუმცა, „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის დასასრულისათვის, ძვ.წ. 481 წ. ცინისა და ჩუს მომძლავრებულ სამთავროებს შორის წარმოებული ომისას, ბრძოლის ველზე თითოეულმა, დაახლოებით, ოთხი ათასი ეტლი გაიყვანა, რომელსაც თან ახლდა ორმოცი ათასი ქვეითი. კავალერია კვლავ უცნობი ცნება იყო - ძვ.წ. 541 წ. ჩინის ერთ-ერთმა სარდალმა აიძულა ეტლზე მსხდომი მებრძოლები, ჩამოქვეითებულიყვნენ და ისე შებრძოლებოდნენ ბარბაროსთა არმიას.

      საბრძოლო იარაღი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგივე იყო, რაც დასავლეთ ჯოუს ეპოქაში - ქვეითი ჯარი იყენებდა შუბებსა და მოკლე ხმლებს, ბარჯებით კი ეტლზე ამხედრებული მებრძოლები იყვნენ შეიარაღებულნი. განუწყვეტლივ ვითარდებოდა ლითონის დამუშავების ხელოვნება, რის შედეგადაც საბრძოლო იარაღი დაგრძელდა და უფრო ბასრი გახდა. კვლავ ფართოდ იყენებდნენ ბრინჯაოს ტექნოლოგიებს, ხოლო ახლად აღმოჩენილი რკინისა და ფოლადის დამუშავების ტექნიკას („გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდის გვიანდელ ხანაში) უფრო მეტად სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოების დამზადებისას მიმართავდნენ.

      ომები ხშირი იყო და ყველაზე ძლევამოსილ სამთავროსაც კი ემუქრებოდა განადგურების საფრთხე, ამიტომ სამთავრო სათანადოდ უნდა ყოფილიყო გამაგრებული და გაწვრთნილი ლაშქარი ჰყოლოდა. შესაბამისად, აუცილებელი გახდა, მუდმივ სამსახურში მიეღოთ პროფესიონალი სამხედროები, რომელთაც გამბედაობის, ძალისა და სამხედრო მიღწევებისათვის თანამდებობის, პატივის, ტიტულის სახით გარკვეულ ანაზღაურებას უნიშნავდნენ. არსებობდა მუდმივ ლაშქარში მომსახურეთა თუ ელიტარული დანაყოფების წევრთათვის აუცილებელი საბრძოლო ფიზიკური საკვალიფიკაციო კრიტერიუმები.

      ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული განათლებული და გამოცდილი პირების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად იმატა კომპეტენტური სახელმწიფო მოხელეების რიცხვმა, რის შედეგადაც მთავრობა თანდათან დაიცალა მმართველი კლანის წევრებისა და მანამდე მყარად ფესვგადგმული დიდგვაროვნებისგან. აშკარაა, რომ შემოღებულ იქნა ადმინისტრირების პირდაპირი ფორმები, რომლებიც უკვე ეფუძნებოდა სახელმწიფოს ოლქებად (და არა მამულებად) დაყოფის სისტემას. ამან ცენტრალურ მთავრობას მეტი საშუალება მისცა, ეფექტურად ემართა მთელი სამეფო. გლეხები თანდათანობით მიწის არენდატორებად გადაიქცნენ და ეკონომიკურად მოღონიერდნენ, ხოლო მიწა უკვე მეფის საკუთრებას კი აღარ წარმოადგენდა, არამედ ისეთი პროდუქტი იყო, რომელიც შეიძლებოდა სხვა მფლობელს გადასცემოდა ან გაყიდულიყო.

1.3.2. მეომარ სამეფოთა პერიოდი

      მეომარ სამეფოთა პერიოდის დასაწყისში, ძვ.წ. 403 წ. მოვლენები დაჩქარდა. „გაზაფხულისა და შემოდგომის“ ეპოქის კონფლიქტების შედეგად ჩინეთი დაყოფილი იყო შვიდ ძლიერ სამთავროდ, ყოველი მათგანი ქვეყანაში პირველობისათვის იბრძოდა და თავს თხუთმეტი მომცრო სამთავროს ძარცვა-გლეჯით ირჩენდა. ამ დროისათვის ფეოდალი გადაქცეული იყო დესპოტ მონარქად, რომელიც იძულებული იყო, თავის გადასარჩენად ხელი შეეწყო პოლიტიკურ-ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო მოხელეთა სისტემის ექსტენსიური განვითარებისათვის. გარე საფრთხეების ეფექტურად გასანეიტრალებლად თითქმის ყველა მმართველი ზრუნავდა საკუთარი სამთავროს სასოფლო-სამეურნეო ბაზის გაფართოებაზე და, ამასთანავე, ხელს უწყობდა სხვა პროვინციებიდან უკმაყოფილო მოსახლეობის მიგრაციას. იმიგრანტებს ეძლეოდათ მიწა, რის შედეგადაც, სწრაფად ვითარდებოდა მიწის ჯერ არენდით აღების, შემდეგ კი მფლობელობის კულტურა. ძვ.წ. 500 წლიდან ფართო მოხმარებაში შევიდა რკინისგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი იარაღები, ხოლო სადრენაჟო სისტემებისა და ირიგაციის დანერგვის შედეგად, სწრაფად გაიზარდა სურსათის რეზერვები, რამაც საგრძნობლად მოაღონიერა ზოგი ღარიბი პროვინცია. შესაბამისად, აყვავდა ვაჭრობა-კომერცია, გაჩნდა ვაჭართა საკმაოდ გავლენიანი კლასი, თუმცა საზოგადოებაში მათ აბუჩად იგდებდნენ და უგულებელყოფდნენ.

      მეომარ სამეფოთა პერიოდში ფენომენალურად გაიზარდა საბრძოლო შეტაკებათა მასშტაბები, რასაც ხელს უწყობდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობისა და მატერიალური კეთილდღეობის მატება. თუ შანის ხანაში არმია რამდენიმე ათასი მოლაშქრისგან შედგებოდა, ახლა შედარებით სუსტ სამთავროსაც ბრძოლის ველზე იოლად გამოჰყავდა 100000 მებრძოლი, ხოლო ძლიერი სამთავროები ძვ.წ. III საუკუნეში მილიონამდე ჯარისკაცისგან შემდგარ მუდმივ არმიას ინახავდნენ. ზოგი წყაროს ცნობით, ერთი საბრძოლო კამპანიისათვის 600000 მებრძოლი იქნა გაწვეული. ცინსა და ჩუს შორის მომხდარ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა მთლიანი რაოდენობა მილიონს აჭარბებდა, რაც გასაკვირი რიცხვია, წყაროს უზუსტობა და გადაჭარბება რომც მივიღოთ მხედველობაში. გადამწყვეტი გახდა რაოდენობრივი უპირატესობა - აღნიშნულ ბრძოლამდე მომხდარ შეტაკებაში ცინი, თავისი 200000 მებრძოლით, სასტიკად დამარცხდა. ბუნებრივია, რომ იზრდებოდა მსხვერპლის რიცხვიც: ძვ.წ. 341 წ. მა-ლინთან ჩატარებულ ბრძოლაში დაეცა ვეის 100000 მებრძოლი; ძვ.წ. 295 წ. ი-ჩიუესთან განადგურდა ვეისა და ჰანის გაერთიანებული 240000-იანი არმია, ხოლო ძვ.წ. 260 წ.-ს ჩან-პინში გაიჟლიტა 450000 ჩუელი მეომარი. ამგვარი მასშტაბის კამპანიების სათანადო ლოგისტიკური მომზადებისა, მობილიზაციისა და წვრთნისათვის, ბუნებრივია, მრავალი წელი იყოს საჭირო. შანის პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც ლაშქრის გადაადგილებას რამდენიმე დღე ან კვირა სჭირდებოდა, ახლა ეს პროცესი თვეები და წლები გრძელდებოდა, ხოლო, თუ ადრე ბრძოლა ერთ-ორ დღეს თუ გასტანდა, მეომარ სამეფოთა პერიოდში შეტაკებებს ათეულობით დღეს ანდომებდნენ, ხოლო კონფლიქტური სიტუაციები ერთ და მეტ წელს გრძელდებოდა.

      ასეთი მასშტაბური რესურსებისა და ლაშქრების მართვა უდიდეს კომპეტენციას მოითხოვდა, რის გამოც სამხედრო სამსახური ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა. ვინაიდან ხდებოდა გათავისუფლებულ მდაბიოთა რეგისტრირება, მათ სეზონურ წვრთნებს უტარებდნენ და კონკრეტული ბრძოლისათვის იწვევდნენ, ამიტომ არმიის ძირითადი შემადგენლობა უკვე გაწვრთნილი, დისციპლინებული ოფიცრებისა და ჯარისკაცებისგან შედგებოდა. ამგვარ პირობებში გაჩნდა სამწყობრო მომზადებისა და განლაგების მეთოდიკის, ტაქტიკის სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობა. გაჩნდა არა მხოლოდ საბრძოლო და მომზადების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ ახალი პოლიტიკური თეორიებითა და არსებული ფილოსოფიური მოსაზრებებით განპირობებული სამხედრო თეორიებიც. ადრეულ პერიოდში დაიწერა აურაცხელი სამხედრო ტრაქტატი, რომელთა ნაწილი დღემდე შემორჩა. აღნიშნული თეორიები მოგვიანებით კარგად გამოიყენეს პრაქტიკაში.

      მხედართმთავართა კვალიფიკაცია და მოვალეობები იცვლებოდა. სტრატეგია იმდენად გართულდა, რომ სარდლის შეცვლას შეიძლება არმიის დამარცხება მოჰყოლოდა და საფრთხის ქვეშ დამდგარიყო მთელი ერი, რაც ხშირად ხდებოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მმართველები კვლავ ერეოდნენ არმიის საქმეებში (როგორც წესი, შურიანი მინისტრების ან გარე ძალების მიერ მოსყიდული მოხელეების წაქეზებით), მაინც გაჩნდა პროფესიონალი სამხედროების ფენა. მეომარ სამეფოთა ეპოქის დასაწყისში იდეალურ მხედართმთავარს წარმოადგენდა ენერგიული, სამაგალითო სამოქალაქო ადმინისტრატორი, როგორიც იყო, მაგალითად, ვუ ჩი, ხოლო პერიოდის ბოლოსათვის სამოქალაქო სამეფო საგრძნობლად გაემიჯნა სამხედრო სამყაროს.

      შანისა და ჯოუს ადრეულ პერიოდში ბრძოლები იმართებოდა სასოფლო-სამეურნეო ან სხვა გამოყენების ღია, დაუცველ ლანდშაფტზე, სადაც მობილიზებული არმია წინ წაწევისას მხოლოდ აქა-იქ მიმოფანტულ ქალაქებს აწყდებოდა. როგორც ჩანს, ყველა დროში არსებობდა ფორტიფიკაციის სხვადასხვა სახეობა, მაგალითად, ცნობილი ნეოლითური და შანისეული სქელი დატკეპნილი მიწისგან ნაგები გალავნები, რომლებსაც ჯერ კიდევ პოულობენ არქეოლოგები, მაგრამ სამხედრო ძალები, ძირითადად, შეუფერხებლად მოძრაობდნენ ნებისმიერი პროვინციის მიწაზე. მეომარ სამეფოთა პერიოდის ფეოდალებმა გააძლიერეს საზღვრების დაცვა. ისინი თავდასხმისგან თავდასაცავად მთელი სამთავროს ტერიტორიაზე აგებდნენ „დიდ კედლებს“, მიწაყრილებს, ფორტებს, სათვალთვალო კოშკებს. ისინი მიწას უფრო იცავდნენ, ვიდრე ხალხს. შეიცვალა საბრძოლო მოქმედებათა ტაქტიკური მიზნებიც. ყოველი ფეოდალი იმას კი არ ცდილობდა, რომ ტყვეები აეყვანა ან ალაფი აეღო, არამედ ისწრაფოდა მტრის სრული განადგურებისაკენ მისი მიწების დაუფლებით, არმიის გაჟლეტით, მოსახლეობაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებითა და ტერიტორიის ადმინისტრაციული ანექსირებით.

      გამაგრებული ქალაქი, რომელიც ადრე პროვინციის სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრი იყო, კიდევ უფრო გაიზარდა და ინდუსტრიული და სავაჭრო მნიშვნელობა შეიძინა. ქალაქი გახდა ერთგვარი ფოკალური პუნქტი ქვეყანაში არსებულ გზების ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, თუ დასავლეთი ჯოუსა და „გაზაფხულისა და შემოდგომის“ პერიოდებში რეკომენდებული იყო ასეთი იზოლირებული ქალაქების ალყით აღება და სარდლები თავს არიდებდნენ მათზე თავდასხმისას ადამიანური და სხვა რესურსების ხარჯვას, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა ამ ქალაქების დაუყოვნებლივ აღებამ და განადგურებამ. პარალელურად განვითარდა თავდასხმისა და თავდაცვის ტექნიკა. ბრძოლისას ხშირად გამოიყენებოდა თავდაცვის საშუალებები, გამანგრეველი მექანიზმები, მოძრავი დამცავი ფარები, ტარანები, კატაპულტები, მოძრავი კოშკები და მსგავსი მანქანები. საჭირო გახდა თავდასხმისა და თავდაცვის ტექნოლოგიების მცოდნეთა არსებობაც. ცნობილი იყო მოჰისტების თავდადება, როცა ისინი თავდასხმის ობიექტებს ქალაქის გამაგრებაში ეხმარებოდნენ. ისინი კარგად ფლობდნენ თავდაცვითი ტექნიკის შექმნისა და გამოყენების ხელოვნებას. შესაბამისად, თუ ადრე სუნ-ძი გმობდა ქალაქების აღებასა და მათზე თავდასხმას, ახლა ეს მიდგომა მოძველდა და ადგილი დაუთმო სუნ პინის „სამხედრო მეთოდიკას“, სადაც ავტორი დეტალურად აანალიზებს თავდასხმის ობიექტების დაუცველ და შეუვალ მხარეებს.

      ძვ.წ. IV საუკუნეში ქვეითი ჯარის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, ბრძოლაში არბალეტების გამოყენებაც დაიწყეს. განვითარდა ძალების გაშლის, განლაგებისა და მანევრირების მეთოდები. დიდი ყოყმანის შემდეგ აითვისეს ცხენოსანი ჯარით ბრძოლის ბარბაროსული წესი. სტეპის მხედართა განუწყვეტელი ზეწოლის პირობებში, რამდენიმე გამჭრიახმა მხედართმთავარმა და მმართველმა გააცნობიერა საკუთარი კავალერიის შექმნის აუცილებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ცხენის გამოყენების ისტორია ჯერაც დასაზუსტებელია, ჩანს, რომ ძვ.წ. 307 წ. ჩრდილოეთ ჯაოს მეფე ვუ-ლინმა, ხელქვეითთა გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, აიძულა თავისი მებრძოლები, ჩინეთის ტრადიციული გრძელი კაბები „ბარბაროსული სამოსით“ (მოკლე ქურთუკითა და შარვლით) შეეცვალა. ფაქტია, რომ V საუკუნიდან მოყოლებული, ჩინურ სამთავროებს თავს ესხმოდნენ ბარბაროს ტომთა მხედრები. სავარაუდოა, რომ მხედრული ხელოვნება ჩინეთში ირანიდან და სტეპური რეგიონებიდან შევიდა. სწრაფი და გამძლე უცხოური ცხენები დიდად ფასობდა. ვუ-ლინმა შექმნა პირველი კავალერია, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა იმის შესაძლებლობა, რომ სამთავროს თავდასხმა თავად წამოეწყო და მხოლოდ თავდაცვისთვის არ ყოფილიყო მზად.

      პირველი უნაგირი მეტად პრიმიტიული იყო - უნაგირად დახვეულ საბანს ხმარობდნენ. უზანგების გამოყენება დაიწყო მხოლოდ ხანის ეპოქის ბოლოს დაიწყეს. შესაბამისად, ცხენზე ჯდომისას მხედარს ერთდროულად უხდებოდა როგორც ცხენის კონტროლი, ისე იარაღის გამოყენება. ასეთი არამდგრადი პლატფორმიდან მხედრის მოქმედება, რა თქმა უნდა, არც ისე ეფექტური იყო, უბრალოდ, მაღალი სისწრაფითა და მობილურობით ფასობდა. ყველაფრის მიუხედავად, კავალერიის შექმნამ (რომელიც მხოლოდ მოკლედ არის მოხსენიებული თან თაი-ცინამდე არსებულ სამხედრო ტრაქტატებში) არმიას რეალურად მისცა საშუალება, გასცდენოდა ღია, ეტლით მისაღწევ გარემოს და გაბნეულიყო ხევებში, ხეობებში, ტყეებში, მთიან ველებზე, გორებზე... ერთი სიტყვით, მთლიანად გამოეყენებინა ბუნებრივი ლანდშაფტი. ამასთანავე, შუბებით, არბალეტებითა და ხმლებით (ძირითადად, რკინის) შეიარაღებულ ქვეითთა უზარმაზარი ურდოებისა და ცხენოსანი ჯარის კომბინაციით საბრძოლო მოქმედებებმა უპრეცედენტო მასშტაბები შეიძინა. ომიანობის ხანის ბოლო, ძვ.წ. III საუკუნეში, როდესაც საგრძნობლად გაძლიერდა და საბოლოოდ, გაიმარჯვა ცინის სამთავრომ, ასიათასობით მებრძოლის მონაწილეობითა და ხან „ფეთქებადი“, ხან კი „შემაკავებელი“ სტრატეგიების გამოყენებით წარმართულმა ბრძოლებმა გაანადგურა მოსახლეობის დიდი ნაწილი და ააოხრა სამეფოს მიწები. ამ კონფლიქტებმა კარგი გამოცდა მოუწყო სახელოვანი ტაქტიკოსების მიერ დამუშავებულ სამხედრო თეორიებსა და მეთოდებს, რომლებმაც შესანიშნავად გაუძლო დროს და დღემდე აქტუალური დარჩა.

1.4. ვეის სამთავრო

      ჩვენ მიერ აღწერილი პერიოდის აქტიური პოლიტიკური მონაწილის, ვეის პროვინციის ისტორია კარგად გვიჩვენებს სამხედრო საქმის ევოლუციის ტენდენციებს მეომარი სამეფოების ეპოქაში. თუმცა, ადრეულ კონფუციანელთა ფლაგმანმა - მენციუსმაც და სამხედრო ტრაქტატების გამოჩენილმა ავტორმა - ლაო-ძიმაც მეფე გუნის ხოტბა-დიდებაზე დახარჯეს მთელი თავისი მჭევრმეტყველება, ვუ ჩი კი - სახელოვანი მხედართმთავარი და ძლევამოსილი სამხედრო მმართველი, მის ჩრდილში იყო მოქცეული. მეომარი სამეფოების პერიოდის შვიდ პოლიტიკურ ცენტრთაგან ერთ-ერთი - ვეი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ძვ.წ. 434 წ. ჩამოყალიბდა, როდესაც სამმა ძლიერმა კლანმა ჩინის დიდი და წარსულში უძლეველი პროვინცია სამ სამთავროდ (ვეი, ჯაო და ხანი) დაყო და გაინაწილა. ძვ.წ. 403 წ. ჯოუს მეფეს მოუხდა დე ფაქტო მმართველების კანონიერ ფეოდალებად ცნობა, ხოლო ძვ.წ. 376 წ. ამ უკანასკნელებმა საბოლოოდ გაანადგურეს ცინის მმართველი გვარის დარჩენილი წარმომადგენლები. ვეი, რომელიც ჩინეთის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთით ჩ’ინსა და აღმოსავლეთით ჩ’ის შორის მდებარეობდა, ამ სამთაგან უძლიერესი სამთავრო იყო. თავდაპირველად პროვინციის დედაქალაქი ან’ი იყო, მაგრამ ამ მხარის ნაყოფიერ მიწებს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა - აქ საერთოდ არ იყო მთები და ხევები - ბუნებრივი დამცავი საშუალებები. ამის გამო ცენტრალური ხელისუფლება მუდმივად განიცდიდა ყველა მხრიდან მტრულად განწყობილი მეზობლების დარტყმებს. კეთილდღეობის ხანაში მას ჯერ კიდევ შეეძლო დასავლეთ ჰოს რეგიონის კონტროლი და, ამგვარად, ჩ’ინის დაპირისპირებულ სამთავროსთან გამკლავება; მაგრამ, როცა ხელისუფლება მმართველის უმაქნისობით ან რაიმე კატასტროფის შედეგად სუსტდებოდა, მარცხს მარცხზე განიცდიდა უწყვეტად მიმდინარე საომარ კამპანიებში. იმის მიუხედავად, რომ ცინის მძლავრი პროვინცია მცირე სამთავროებად დაშლის შემდეგაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებდა ჩ’ინს, წვრილ-წვრილი საფეოდალოები კარგად ვერ აცნობიერებდნენ ზავისა და ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვერ ხვდებოდნენ, რომ გადარჩენისათვის მხოლოდ საკუთარი ძალებით ბრძოლა არ ძალუძდათ.

      მეფე უ-ვენი, რომელმაც ვეის სამთავრო ძვ.წ. 387 წ. ჩაიბარა, კარგად ხვდებოდა ნიჭიერი ხელქვეითებისა და მრჩევლების ყოლის აუცილებლობას და თავის კარზე იწვევდა ღირსეულებს, მიუხედავად მათი წარმოშობისა. ლი კ’ო, რომელიც ადგილობრივი ვეიელი სულაც არ იყო, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და დიდი გავლენითაც სარგებლობდა. მან შეასწორა კანონმდებლობა, მიიღო ზომები სოფლის მეურნეობის წარმოების უნარიანობის გასაზრდელად, ხელი შეუწყო მიწაზე კერძო მფლობელობის სისტემის განვითარებას და ატარებდა სტაბილურ პოლიტიკას სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. ჰის-მენ პაო ირიგაციის სფეროში მოღვაწეობდა და ხელს უწყობდა ქვეყნის მატერიალური დოვლათის შექმნასა და დაგროვებას. ვუ ჩ’იმ, რომელიც სამხედრო მინისტრად დაინიშნა, ბევრჯერ წარმატებით გაილაშქრა ჩ’ის წინააღმდეგ და სათანადოდ გაამაგრა დასავლეთ ჰოს რეგიონის თავდაცვა. მეფე უ-ვენის შვილმა, მეფე ვუმ გააგრძელა ვუ ჩ’ის პოლიტიკა და აიძულა ყოფილი ცინის დანარჩენი პროვინციები - ხანი და ჯაო, ანგარიში გაეწიათ უ-ვენის ძლიერებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, კარის ინტრიგების შედეგად, ვუ ჩ’ი სამარცხვინოდ გაიქცა დედაქალაქიდან, რათა სიცოცხლე შეენარჩუნებინა.

      სამწუხაროდ, მეფე გუნი, რომელიც ტახტზე ძვ.წ. 370 წ. ავიდა, ნიჭიერი ხალხის თავის გარშემო შემოკრების ნაცვლად მათთან ბრძოლით იყო დაკავებული. მან უარი თქვა მრავალი ღირსეული პირის სამსახურზე; ასეთი იყო, მაგალითად, მთავარი შან იანი (მოგვიანებით კარგად გამოადგა ჩ’ინს ხელისუფლების გამტკიცებისა და სამთავროს გაძლიერების პროცესში). მეზობლებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების ნაცვლად, მეფე, როგორც ჩანს, განუწყვეტლივ ავიწროებდა მათ და ყველა მიმართულებით ამწვავებდა სიტუაციას. საბოლოო ჯამში, მან დაკარგა დასავლეთ ჰოს რეგიონი, რითაც სამთავროსკენ მიმავალი გზა გაუხსნა ჩ’ინის ლაშქარს და, იძულებული გახდა, დედაქალაქი ტა-ლიანში გადაეტანა. ამის შემდეგ ამ სამთავროს ლიანს უწოდებდნენ.

      აღნიშნული პერიოდის სამხედრო მოქმედებათა ხასიათის საილუსტრაციოდ კარგი მაგალითია ორი ცნობილი ბრძოლა. პირველის ბრძოლა იყო ე.წ. კუი-ლინის ომი, რომლის დაწყების მიზეზი გახდა მეფე ჰუის მცდელობა, დასავლეთში, ჩ’ინთან განცდილი მარცხით გამოწვეული ზარალის კომპენსირება მოეხდინა. ვეის არმია, რომელსაც პან ჩიუანი სარდლობდა, თავს დაესხა ჩრდილოეთით მდებარე ჯაოს. ეს უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარებისათვის აღმოსავლეთით მდებარე ჩ’ის მიმართა. რადგან ჯაო ვეისგან დამცავ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენდა, ჩი’სთვის სტრატეგიულად მომგებიანი უნდა ყოფილიყო ჯაოს მეკავშირეობა. ჩ’ის მმართველმა დახმარებაზე თანხმობა განაცხადა, მაგრამ სუნ პინმა (ცნობილი სტრატეგი. მისი წიგნი ბოლო დროს აღმოაჩინეს მეცნიერებმა) მეფეს ურჩია, მანამ არ ჩართულიყო ბრძოლაში, სანამ ორივე მოწინააღმდეგე მთელ ძალებს არ დაახარჯავდა ერთმანეთს. შედეგად ჩ’ის სამეფო დაპირისპირებისას მინიმალური რისკითა და ძალისხმევით მაქსიმალურ მოგებას მიიღებდა. ძვ.წ. 352 წ. ჩ’იმ, ტიენ ჩის ხელმძღვანელობით, ვეის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ ტა-ლიანზე თავდასასხმელად ლაშქარი შეკრიბა. სამხედრო გეგმა აგებული იყო სამ პრინციპზე: „პირველ რიგში, დაარტყი მოწინააღმდეგის ყველაზე მნიშვნელოვან წერტილს“, „დაიკავე თავისუფალი ადგილი“ და „მიზანში ამოიღე დაუცველი წერტილები“. ჯაოში რამდენიმე გამარჯვებით გათამამებული პან ჩიუანის რეაქციის განჭვრეტა ადვილი გამოდგა - მან უკან დაიხია და კონტრიერიშისათვის მოემზადა. მაშინ ჩ’იმ მტერს თავი მოაჩვენა, თითქოს შეშინებული იყო და წინასწარ შეგულებულ ადგილზე გადაინაცვლა, სადაც ვეის არმიის მოსვლას უნდა დალოდებოდა. გადაადგილებისას ჩ’ის სარდლები იყენებდნენ სუნ-ძისა და სუნ პინის რამდენიმე ძირითად ტაქტიკურ პრინციპს, მათ შორის: „დასვენებული დაელოდე დაღლილს“. გამაგრებული პოზიციებიდან და შემაღლებული ადგილებიდან ჩ’იმ ადვილად შეძლო ვეის დაქანცული ლაშქრის დამარცხება და საკუთარი ძალების მინიმალური დანახარჯებით მტრის ჯარისკაცების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება.

      რამდენიმე წლის შემდეგ ვეის უკვე ოთხივე მხრიდან ავიწროებდნენ. სამხრეთიდან მას თავს ესხმოდა ხანის მოუსვენარი პროვინცია, დასავლეთიდან - ჩ’ინი, აღმოსავლეთიდან - ჩ’ი და ჩრდილოეთიდან - ჯაო. მეფე ჰუიმ ომი წამოიწყო ხანის წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ გაძლიერებულიყო ცნობილი თეორეტიკოსის, შენ პუ-ჰაის ადმინისტრაციული ღონისძიებებით, ადრე დაკარგული ქალაქების შემომტკიცებითა და ჯაოსათვის დაბრუნებით. არმიის სარდლობა კვლავ პან ძიუანს ჩააბარეს. ის ომის დაწყებისთანავე ხანის დედაქალაქს დაესხა თავს. ხანმა, როგორც ადრე ჯაომ, დახმარებისათვის ჩ’ის მიმართა და ერთობლივი თავდაცვის უპირატესობებზე მიუთითა. სუნ პინმა კვლავ ურჩია თავის მმართველს, დაეცადა და ვეის დასუსტებას დალოდებოდა. ხანმა ტოტალური თავდაცვითი გეგმა აამუშავა, მაგრამ ზედიზედ წააგო ხუთი დიდი ბრძოლა და იძულებული გახდა, გადარჩენისათვის ჩ’ინის მფარველობისათვის მიემართა. ჩ’იმ ზემოხსენებული სტრატეგია გამოიყენა - არმია მოულოდნელად წასწია წინ და საბრძოლველად მოემზადა. ამ დროს მთავარი სტრატეგი სუნ პინი იყო, ხოლო ტიენ ჩიინი უშუალოდ სარდლობდა ლაშქარს. პან ძიუანმა დაუყოვნებლივ მიატოვა ბრძოლის ველი ჰანში და საკუთარ პროვინციაში გადაწყვიტა დაბრუნება. ამასობაში, მეფე ჰუიმ მთელ თავის რესურსებს მოუყარა თავი, შვილს ადგილობრივი გარნიზონი ჩააბარა და ჩ’ისთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადა.

      სუნ პინის მითითებით, ვეიში გაგზავნილი ჩ’ის არმია ეყრდნობოდა პრინციპს: „მტერი შეცდომაში შეიყვანე „. თავდაჯერებული პან ძიუანი დარწმუნებული იყო, რომ ჩ’ის ლაშქარი ლაჩრებისგან შედგებოდა, რომელთაც მხოლოდ გაქცევა შეეძლოთ და ვეის არმიასთან შებრძოლებას ვერ გაბედავდნენ. სუნ პინი ყოველდღიურად ამცირებდა სამხედრო ბანაკში დანთებულ კოცონთა რაოდენობას, რითაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა, ეფიქრა, თითქოს მათ რიგებში დეზერტირობა მძვინვარებდა. მან ტაქტიკური მიზნებით გადააადგილა საბრძოლო ნაწილები უკან, რათა პან ძიუანი მა-ლინში მათთვის ხელსაყრელ ადგილას შეეტყუებინა. ჩ’ის სარდალს მთებში ათი ათასი არბალეტის მსროლელი ჰყავდა გადამალული. როგორც ჩანს, პან ძიუანი შეშინდა, რომ ვერ შეძლებდა ჩ’ის უკანდახეული ლაშქრისათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებას, ამიტომ მიატოვა მთავარი ძალები და მომარაგება და წინ მსუბუქად შეიარაღებული ნაწილის თანხლებით გაიჭრა. ის ჩ’ის ლაშქარს ღამით მიუახლოვდა და ჩასაფრებულ მტერს გადააწყდა. გარდა იმისა, რომ პან ძიუანის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა ჩ’ის არბალეტით შეიარაღებული მეომრების წინააღმდეგ ბრძოლაში, მეთაურის მიერ დაშვებული შეცდომებისა და არასწორი დასკვნების გამო ბრძოლის ველზე დარჩა 100000 ვეიელი ჯარისკაცი.

      ამის შემდეგ ვეიმ არათუ ვერ შეძლო წარსული სიძლიერის აღდგენა, მის მიწაზე არაერთხელ გაილაშქრა თავაშვებულმა და ძლიერმა ჩ’ინმა, რომელმაც მომავალში მთელი ჩინეთი დაიმორჩილა. ძვ.წ. 340 წ. ვეი იძულებული გახდა, მრავალი დამარცხების შემდეგ, 700 ლი მიწა ჩ’ინისთვის დაეთმო და საფრთხის თავიდან ასარიდებლად დედაქალაქი ტა-ლიანში გადაეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ვეის ტახტზე პერიოდულად ადიოდნენ ნიჭიერი მმართველები და პროვინციას დროებით აძლიერებდნენ, მისი ტერიტორია განუწყვეტლივ მცირდებოდა, სანამ ძვ.წ. 225 წ. სამთავრო არ გაუქმდა, ხოლო სამეფო ოჯახი ამოწყდა.

1.5. სამხედრო ტრაქტატები

      ჩინეთის სამხედრო ტრაქტატების სიდიადისა და მნიშვნელობის სრულად გააზრების მიზნით, აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკურ ასპექტს. პირველ რიგში, აკრძალული იყო ამ ტექსტების ფლობა და მოხმარება კერძო პირის მიერ - ეს შეთქმულების მოწყობის მტკიცებულებად ითვლებოდა (განსაკუთრებით მძიმდებოდა დანაშაული თაი კუნის „ექვსი საიდუმლო მოძღვრების“ შენახვისას. ეს წიგნი რევოლუციის მოწყობის მეთოდებსა და ინსტრუქციებს შეიცავდა). მეორეც, თითქმის ყველა მოძღვრება თავდაპირველად თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ხშირად ეს ხდებოდა სიტყვიერად და ყოველთვის - საიდუმლოდ. თანდათანობით დაიწყეს მათი ჩაწერა ბამბუკის ნაჭრებზე, რის შედეგადაც ზოგ შემთხვევაში ტრაქტატები საზოგადოებისთვისაც ხდებოდა ხელმისაწვდომი. სამეფო მწერლები და სხვა თანამდებობის პირები ბამბუკის ნაჭრებზე შესრულებულ მანუსკრიპტებს ერთად აგროვებდნენ და იმპერიის ბიბლიოთეკებში ინახავდნენ. ჩანაწერებმა ისეთი მნიშვნელობა შეიძინა, რომ ჩ’ინის დინასტიის მმართველობის დროს წიგნების მასიურ დაწვასაც კი გადაურჩა. ცალკე გადანახული ნაწერების წაკითხვა შეეძლო მხოლოდ კლასიკური ნაშრომების რამდენიმე სპეციალისტ-მასწავლებელს, მაღალ თანამდებობის პირთა მცირე ჯგუფსა და თავად იმპერატორს. თუმცა, ჩამოთვლილ პრივილეგირებულ პირებსაც კი ყოველთვის არ შეეძლოთ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტრაქტატებით სარგებლობა, მით უმეტეს მაშინ, თუ ნაშრომი იმპერატორის ოჯახს ეხებოდა.

      ტრაქტატების ბამბუკზე, აბრეშუმზე, შემდგომში კი ქაღალდზე (ხანის დინასტიის მეფობის შემდეგ) მანუსკრიპტების სახით გადატანის შემდეგაც კი, სახელმწიფო მოღვაწეთა ნაწილი აუცილებლად თვლიდა ცოდნის საიდუმლოდ შენახვას. მაგალითად, ითვლება, რომ გენერალი შან ლიანი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩ’ინის ტირანული დინასტიის გადაგდებასა და ხანის მმართველობის დამყარებაში, ფლობდა გუან შიი-კუნის „სამი სტრატეგიის“ ერთადერთ ასლს, რომლითაც პირადად სარგებლობდა და, საბოლოოდ, საფლავში ჩაატანეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, აღნიშნული ტრაქტატი ხელახლა გამოჩნდა ჩვ.წ. IV საუკუნეში გენერლის აკლდამის ვანდალურად გაძარცვის შემდეგ. კარგად ცნობილია (თუმცა, შესაძლოა, გამოგონილი) კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ცნობილმა სტრატეგმა და წარმატებულმა სარდალმა, ლი ვეი-კუნმა უარი უთხრა ტანის იმპერატორს თავდასხმის სფეროში ცოდნის გაზიარებაზე. მისი აზრით, აგრესიული ქმედების სტრატეგია ადვილად ხელმისაწვდომი არ უნდა გამხდარიყო, რადგან იმჟამად იმპერიაში მშვიდობა მეფობდა და ასეთი მოძღვრების გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ომის დაწყება და რევოლუციის მოწყობა სურდათ.

      სუნის დინასტიის „შვიდ სამხედრო კლასიკურ ნაშრომად“ წოდებულ კრებულში შედის ტრაქტატები:

  1. სუნ-ძის „ომის ხელოვნება“
  2. „უ-ძი“
  3. „სიმა-ფას მეთოდიკა“
  4. „დიალოგები“
  5. „ვეი ლაო-ძი“
  6. გუან შიი-კუნის „სამი სტრატეგია“
  7. თაი კუნის „ექვსი საიდუმლო მოძღვრება“.

      გარკვეულწილად ბუნდოვანია რამდენიმე მათგანის ავტორისა და შექმნის დროის საკითხი, აგრეთვე ისიც, კრებული ერთი მთლიანი წიგნია თუ არა. მიუხედავად ამისა, გარკვეულია, რომ ტრადიციულად მიღებული თანმიმდევრობა არ არის ქრონოლოგიურად დალაგებული. სუნ-ძის „ომის ხელოვნება“ ითვლება უძველეს და უდიდეს ჩინურ სამხედრო ტრაქტატად, მიუხედავად იმისა, რომ „ექვსი საიდუმლო მოძღვრების“ სავარაუდო ავტორი, თაი კუნი სუნ-ძის (ასევე სავარაუდოდ) ისტორიულ პიროვნებაზე ასწლეულებით ადრე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. „სიმა-ფას მეთოდიკაში“ შემონახული მასალა ადრეულ ჯოუს ეპოქას ეკუთვნის; „უ-ძი“, შესაძლოა, ჩაწერილიყო ვუ ჩ’ის მოსწავლეების მიერ და გავრცობილიყო მოგვიანებით; ხოლო „სამი სტრატეგია“ ქრონოლოგიურად უნდა მოსდევდეს „ვეი ლაო-ძის“, თუმცა ტრადიციულად ის მაინც თაი კუნთან ასოცირდება. შესაბამისად, ქრონოლოგიური თანმიმდევრობის ერთი შესაძლო ვარიანტი ასე გამოიყურება: კრებულის გარკვეული ნაწილების შექმნის თარიღის სხვადასხვა პერიოდზე მიკუთვნებისას გამოყენებული არგუმენტები სუსტია. ჯერ არ ჩატარებულა სტრატეგიული აზროვნებისა და სამხედრო კონცეფციების აღმოცენებისა და განვითარების სისტემატური კვლევა. მიუხედავად ამისა, ზემოთ მოყვანილი თანმიმდევრობა, თუნდაც ის არ მოსწონდეთ სუნ-ძისადმი სიმპათიით განმსჭვალულებს, არგუმენტირებულია როგორც ტექსტის ტრადიციული მეცნიერული შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის, ისე აკლდამების არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბოლოხანს გაკეთებული აღმოჩენების წყალობით. მესამე პერიოდის (დაახლოებით, ემთხვევა ძვ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარს) წიგნების თანმიმდევრობა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. „ომის ხელოვნების“ თაობაზე სხვადასხვა მოსაზრების შესახებ მოკლე ინფორმაციას, აგრეთვე სუნ-ძის პიროვნების ისტორიული სინამდვილისა და მისი როლის განხილვას იხილავთ ამ წიგნის მეორე და მესამე ნაწილებში.

გაგრძელება →

ნახვა: 667

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters