საპყარ!

      გწერს შენი ბაყდარი

      საპყარ!

      ჩემო საპყარ!

      როგორ გახარებული ვარ, რომ იცოდე.

      - რა მიხარია?

      - რა მიხარია და ის, რომ ღმერთის ნათლული გავხდი, მართალია სიზმარში, მაგრამ სიზმარი და ცხადი ვინ გაყო ერთმანეთსგან. გინახავს და გინდა - ცხადში. შენ თვითონ არ მომწერე: იმაზე მეტი ბედნიერება რა არის, როცა მძინარეც კი არ გააგდებ ხელიდან ბარძმს, მაშინა ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანიო. ხოდა, მეც მჯერა, რომ ჭეშმარიტი ნათლული ვარ ღვთისა.

      დიდება ღმერთის მადლსა და ძალას!

      მძიმე ბრძოლით დაღლილს, ის იყო სანგარში ჩამეძინა, რო არააამქვეყნიური ნეტარება ვიგრძენი. ვხედავ, მწვანე მოლზე მივდივარ ჩემთვის ლაღად. უცებ გალავნით შემოზღუდულ ბაღს მივადექი. ბაღის შესასვლელში ანგელოზები იდგნენ. იქითა მხრიდან შემოვუარე და შევიხედე შიგნით. რას ვხედავ - თხილის ბაღია. ხეებს დახუნძლული ტოტები მიწაზე აქვთ ჩამოშვებული. შეუაგულ ბაღში ოქროს ეკლესია დგას. უცებ იმ ეკლესიიდან თეთრი ღრუბელი გამოვიდა და ირგვლივ ისეთი სურნელი დადგა, ვერ აგიწერ. ღრუბელი რომ გაიფანტა, თვითონ ღმერთი გამობრძანდა ეკლესიდან. მე ჩავიმალე, ღმერთს სად დაემალები, მაგრამ ჩემთვის მაინც ჩავიმალე. თან თვალს ღმერთისაკენ ვაპარებდი.

      ღმერთმა თხილის ბაღში გაისეირნა, ანგელოზები ბროწეულივით წითელ თხილს უკრეფდნენ და ღმერთს თავაზობდნენ.

      დიდხანს არ დარჩენილა ღმერთ ბაღში. ისევ ის თეთრი ღრუბელი გამოვიდა ეკლესიიდან და ღმერთიც შებრძანდა ეკლესიაში.

      ჩამოვარდა სიჩუმე.

      ვდგავარ და ვფიქრობ. სიზმარში რას არ იფიქრებ, ხოდა, მეც ღმერთის ბაღში შესვლა გადავწყვიტე. ქურდულად ხომ არ გადავახტებოდი გალავანზე, მაგის ნამუსი მაინც უნდა ჰკმაროდეს კაცს, რომ ღმერთის ბაღში არ შეიპაროს, თუნდაც ე სიზმარში იყოს; მაგრამ მე რა ვიცი, რომ სიზმარში ვარ, შიგნით შესვლა მინდა და მორჩა, იქ მინდა ფეხი დავდგა, სადაც ღმერთი დადიოდა. შემოვუარე ისევ გალავანს, მივადექი ჭიშკარს და ანგელოზს ვეუბნები:

      - შიგნით უნდა შემიშვა.

      - რას ამბობ, ღმერთის ბაღში შესვლა ვის გაუგია?! - გაოცდნენ ანგელოზები.

      - მე ღმერთის ნათლული ვარ და თხილის დასაკრეფად უნდა შევიდე - ვიცრუე უცებ.

      იმათ გულუბრყვილოდ გამიღეს კარი და შიგნით შემიშვეს.

      შიგნით იმ თეთრი ღრუბლის ისეთი სურნელი დგას, ასე მგონია, ხორცი არა მაქვს და მარტო სული ვარ. დავდივარ და თხილს ვკრეფ. ორივე ჯიბე გავივსე და ის იყო წამოვედი, რომ ეკლესიიდნ ისევ გამოვიდა ღრუბელი, ღრუბელს ანგელოზი გამოჰყვა და ეუბნება.

      - წამოდი, გამომყევი, ღმერთი გიხმობს!

      მე ავკანკალდი.

      - გამომყევი! - გაიმეორა ანგელოზმა.

      ეკლესიის შესასვლელთან რომ მივედით, მიბრძანა:

      - ფეხთ გაიხადე!

      მე ჩემი დაგლეჯილი ჯარისკაცის ჩექმები უცებ გავიძრე და ასე ფეხშიშველა შევყევი შიგნით ანგელოზს.

      - მოდი, ჩემო ნათლულო, მოდი! - კეთილად გამიღმა ოქროს ტახტზე მჯდარმა ღმერთმა.

      მერე რაღაც ანიშნა ანგელოზებს და იმათ ოქროს ტაშტით წყალი მოიტანეს.

      ახლა რომ შევუდგე იმის აღწერას, როგორ მომნათლა ღმერთმა, ალბათ მთელი წიგნის დაწერა დამჭირდება და ისე ვერც დავწერ, როგორც იყო. რო ჩამოვალ, მაშინ მოგიყვები, თუმცა რა ენა აღწერს იმას, როგორი იყო ღმერთი და როგორ მნათლავდა. ღმერთის სახეს კაცის სიტყვები ვერ აღწერს.

      ნათლობა რომ დამთავრდა, თავზე ხელი დამადო და მითხრა:

      - წადი, ჩემო ნათლულო, ახა და მშვიდობით იარე!

      ანგელოზები და თეთრი ღრუბელი გამომიძღვნენ ეკლესიიდან.

      გარეთ რომ გამოვედი, უცებ შევკრთი.

      ავტომატების სროლის ხმა მომესმა. ვაიმე, ვფიქრობ, ღმერთის სამფლობელოშიც ისვრიან ტყვიებს?!

      - ვსტავაი! ვსტავაი! - ხელი მკრა ვიღაცამ.

      გავახილე თვალი და ჩემს სანგარში არ ვგდივარ ისევ. გერმანელები შეტევაზე გადმოსულან და ესენი იგერიებენ.

      რაღაც მინდოდა კიდევ მეთქვა, მაგრამ ახლა ისე ვარ ბრძოლით დაღლილი, ერთი სული მაქვს დავიძინო. იქნებ ამაღა კიდევ მოვხვდე ჩემ ულამაზეს და უსაყვარლეს ნათლიასთან, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეედრება და რომლისნაირადაც არაფერი აღარ მიყვარს დღეის მერე.

      იმედით ვიძინებ.

      ბაყდარი

      ფრონტის სანგარი

      1944

"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი

ნახვა: 1737

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters