მიხაილ ბულგაკოვი

მორფი

I

       დიდი ხანია, ცნობილია ჭკვიანი ხალხის ნათქვამი, რომ ბედნიერება ჯანმრთელობასავითაა: როცა გაქვს, ვერ ამჩნევ, მაგრამ როცა წლები გაივლის, როგორ იხსენებ ბედნიერებას, ო, როგორ იხსენებ! ჩემს თავზე თუ მოგახსენებთ, როგორც ახლა გამოირკვა, ბედნიერი თურმე 1917 წლის ზამთარში ვყოფილვარ. ო, რა დაუვიწყარი, ქარბუქიანი, დაუდეგარი წელი იყო! ამოვარდნილმა ქარბუქმა დახეული გაზეთივით ამიტაცა და მიყრუებული უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამაგდო. იფიქრებთ, დიდი რამეც სამაზრო ქალაქიაო! მაგრამ თუ ვინმე წელიწად-ნახევრის მანძილზე ჩემსავით მჯდარა ზამთრობით თოვლში, ზაფხულობით პირქუშსა და უღიმღამო ტყეებში, ისე, რომ იქაურობას ერთი დღითაც არ მოსცილებია, თუ ვინმეს ერთი კვირის წინანდელი გაზეთის ბანდეროლი ისეთი გულისძგერით გაუხევია, როგორც ბედნიერი შეყვარებული ცისფერ კონვერტს გახევს, თუ ვინმეს დაწალიკებით ცხენშებმული მარხილით მშობიარესთან 18 ვერსზე უვლია, ის, ალბათ, მიმიხვდება. ნავთის ლამპა მყუდროების მომნიჭებელია, მაგრამ მაინც ელექტრონათურები მირჩევნია! ჰოდა, მომხიბლავი ელექტრონათურები ისევ ვიხილე! აი, გლეხის მარხილებით კარგად გატკეპნილი მთავარი ქუჩა პატარა ქალაქისა, ქუჩა, სადაც თვალს ახარებდა ჩექმიანი აბრა, ოქროსფერი კრენდელი, წითელი დროშები, ფირნიში, რაზედაც გამოსახული გახლდათ ღორისთვალება, თავხედურად მომზირალი ახალგაზრდა კაცი, არაბუნებრივი თმის ვარცხნილობა რომ ჰქონდა. ეს ფირნიში გაუწყებდათ, რომ მინის კარს იქით ბრძანდებოდა იქაური ბაზილი, ვინც 30 კაპიკად გაგპარსავდათ, როცა მოისურვებდით, სადღესასწაულო დღეების გარდა, რაც ჩემს მამულში ასე უხვადაა.

       აქამდე ძრწოლით ვიგონებ ბაზილის ხელსახოცებს. ამ ხელსახოცების დანახვისას უსათუოდ თვალწინ წარმომიდგებოდა კანის დაავადებათა გერმანული სახელმძღვანელოს ის გვერდი, სადაც დამაჯერებლად და თვალსაჩინოდ იყო გამოსახული მაგარი შანკრი ვიღაც კაცის ნიკაპზე. მაგრამ ჩემს მოგონებებს ჩრდილი ამ ხელსახოცების გახსენებამაც ვერ მიაყენა! გზაჯვარედინზე ცოცხალი მილიციელი იდგა, დამტვერილ ვიტრინებში ბუნდოვნად მოჩანდა რკინის ფირფიტებზე მჭიდროდ ჩამაგრებული წითურკრემიანი ღვეზლები, მოედანს თივა ეფინებოდა, ხალხი მიმოდიოდა ფეხით, ცხენებით, მარხილებით, ისმოდა ქუჩაში მყოფთა ლაპარაკი, ჯიხურში გასაოცარი ცნობების მაუწყებელი, გუშინდელი მოსკოვური გაზეთები იყიდებოდა, შორიახლოს მოსკოვის მატარებლების სტვენა გაისმოდა. მოკლედ, ეს გახლდათ ცივილიზაცია, ბაბილონი, ნევის პროსპექტი. საავადმყოფოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იქ იყო ქირურგიული, თერაპევტიული, გადამდებ სნეულებათა და სამეანო განყოფილებები. საავადმყოფოში იყო საოპერაციო, სადაც ელავდა ავტოკლავი, ვერცხლისფრად ბრწყინავდა ონკანები, მაგიდებს მოუჩანდა ეშმაკურად მოწყობილი თათები, კბილები, ხრახნები. საავადმყოფოს ჰყავდა მთავარი ექიმი, სამი ორდინატორი (ჩემ გარდა), ფერშლები, მეანები, მომვლელები, იყო აფთიაქი და ლაბორატორია. წარმოგიდგენიათ, ლაბორატორია! ლაბორატორიაში ცეისის მიკროსკოპები და მიკროსკოპებისთვის საჭირო საღებავების მშვენიერი მარაგი. მე ვკრთებოდი და ჟრუანტელი მივლიდა, შთაბეჭდილებები მთრგუნავდა. მრავალმა დღემ გაიარა, სანამ მივეჩვეოდი, საავადმყოფოს ერთსართულიანი კორპუსები, დეკემბრის ბინდბუნდში, თითქოს ბრძანებას დამორჩილებულნი, ელექტროშუქით ერთბაშად რომ გაჩახჩახდებოდა ხოლმე. ელექტროშუქი მაბრმავებდა. აბაზანებში წყალი ბობოქრობდა და თქრიალებდა, შიგ ამოთხუპნული ხის თერმომეტრები ყვინთავდა და დაცურავდა. გადამდები სნეულებების ბავშვთა განყოფილებაში მთელ დღეს კვნესა, შესაბრალისი ტირილი, ხიხინ-ბუყბუყი გაისმოდა. მომვლელი ქალები გარბი-გამორბოდნენ, მიმოქროდნენ... გულიდან მძიმე ტვირთი მომცილდა. ამქვეყნად რაც უნდა მომხდარიყო, საბედისწერო პასუხისმგებლობა მე აღარ მეკისრებოდა.

       ჩემი საზრუნავი არ იყო ჩაჭედილი თიაქარი, არ ვკრთებოდი, როცა ირიბად მდებარე ნაყოფის მქონე მშობიარეს მარხილით მოიყვანდნენ, მე არ მეხებოდა ჩირქოვანი პლევრიტები, რასაც ოპერაცია სჭირდებოდა... პირველად ვგრძნობდი თავს ისეთ კაცად, ვისი პასუხისმგებლობაც რაღაც ჩარჩოთია შემოფარგლული. მშობიარე? აგერ, გეთაყვა, დაბალი კორპუსი, აგერ, განაპირა ფანჯარა, თეთრი მარლა რომ აქვს ჩამოფარებული. იქ გახლავთ სიმპათიური, მსუქანი, ჟღალულვაშა, მელოტი მეანი ექიმი. ეს მისი საქმეა. მარხილი მარლაჩამოფარებული ფანჯრისკენ მიატრიალეთ! გართულებული მოტეხილობა მთავარი ექიმის – ქირურგის მოვალეობაა. ფილტვების ანთება? თერაპიულ განყოფილებაში პაველ ვლადიმიროვიჩს მიაკითხეთ. ოჰ, დიდი საავადმყოფოს ზუსტად გამართულ-გაპოხილო დიდებულო მანქანავ! აპარატს მეც წინასწარ ზომააღებული ახალი ხრახნივით მოვერგე და საბავშვო განყოფილება ჩავიბარე. მთელი ჩემი დღეები დიფთერიტმა და ქუნთრუშამ ჩანთქა. მაგრამ მხოლოდ დღეები. ღამით ვიძინებდი, იმიტომ, რომ ჩემი ფანჯრების ქვემოთ ავისმომასწავებელი ღამეული ბრაგაბრუგი აღარ გაისმოდა, რასაც შეიძლებოდა წამოვეგდე და წყვდიადისკენ, ხიფათისა და გარდაუვალობისკენ წარვეგზავნე. საღამოობით ვკითხულობდი (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დიფთერიაზე და ქუნთრუშაზე, შემდეგ კი რატომღაც უცნაური ინტერესით ფენიმორ კუპერს) და ერთობ ფასი მიეცა მაგიდაზე მდგარ ლამპას, სამოვრის სადგარის მოთეთრო კიდეებს, შეგრილებულ ჩაის და წელიწად-ნახევრის მანძილზე უძილობის შემდეგ მოსვენებით ძილს... ასე ბედნიერი ვიყავი 17 წლის ზამთარში, როცა მიყრუებული ქარბუქიანი უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამიყვანეს.

II

       გაირბინა ერთმა თვემ, შემდეგ მეორემ და მესამემ, 17 წელი უკან დარჩა და უკვე 18 წლის თებერვალი მიედინებოდა. ჩემს ახალ ყოფას მივეჩვიე და შორეული უბანი თანდათან მიმავიწყდა. მეხსიერებაში წარიშალა მოსისინე, მწვანე ნავთის ლამპა, მარტოობა, ნამქერი... რა უმადურობაა! დავივიწყე ჩემი საბრალო პოსტი, სადაც მარტოდმარტო, ყოველგვარ შემწეობას მოკლებული ვებრძოდი სნეულებებს, საკუთარ ძალებს მინდობილი, ფენიმორ კუპერის გმირის მსგავსად თავს ვაღწევდი ყველაზე საოცარ ვითარებებს. ზოგჯერ, თუმცა იშვიათად, როცა ლოგინში ჩავწვებოდი და იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა დავიძინებდი, დაბინდულ ცნობიერებაში ნაგლეჯ-ნაგლეჯი სურათები ამიცურდებოდა. მწვანე შუქი, მოციმციმე ფარანი... მარხილის ჭრიალი... ოდნავი კვნესა, შემდეგ წყვდიადი, მინდორში ქარბუქის მიყრუებული ღმუილი... მერე ყოველივე გვერდზე გადაბრიალდებოდა და ჩაინთქმებოდა... „საინტერესოა, ვინ არის ახლა იქ, ჩემ ნაცვლად?.. ვინმე, ალბათ, იქნება... ჩემნაირივე ახალგაზრდა ექიმი... მერე რა, მე ჩემი ყავლი მოვათავე. თებერვალი, მარტი, აპრილი... ჰა და ჰა, მაისი – ჰოდა, ჩემი სტაჟი დამთავრდება, მაშასადამე, მაისის გასულს ჩემს ბრწყინვალე ქალაქს გამოვეთხოვები და მოსკოვში დავბრუნდები. თუ რევოლუციის ტალღა გამიტაცებს, შესაძლოა, ხეტიალმა კიდევ მომიწიოს... ასეა თუ ისე, ჩემს უბანს თვალით ვეღარასოდეს ვნახავ... ვეღარასოდეს... დედაქალაქი... კლინიკა... ასფალტი, შუქი...“

ამას ვფიქრობდი.

„...მაინც კარგია, იმ უბანზე რომ ვიყავი... გამბედავი გავხდი... აღარ მეშინია... რაღას არ ვმკურნალობდი?! მართლა, რა არ მიმკურნალია? ჰა? ფსიქიკური დაავადებანი არ მიმკურნალია... ასეა... არა, მოიცა... მაშინ აგრონომი არაყში თავს რომ იხრჩობდა... მე ვმკურნალობდი, მაგრამ საკმაოდ წარუმატებლად... თეთრი ცხელება... განა ფსიქიკური დაავადება არ არის? ფსიქიატრიის წაკითხვა დამჭირდება... მოიცა ერთი... მერე, როდისმე, მოსკოვში წავიკითხავ... ახლა კი პირველ რიგში ბავშვის სნეულებებს უნდა მივხედო... მხოლოდ ბავშვის სნეულებებს... განსაკუთრებით ამ კატორღულ საბავშვო რეცეპტურას... ფუ ეშმაკს... თუ, ვთქვათ, ბავშვი ათი წლისაა, რამდენი პირამიდონი შეიძლება მივცეთ ერთ ჯერზე: 0,1 თუ 0,15?.. დამავიწყდა. თუ სამი წლისაა?.. ბავშვის სნეულებების გარდა ვერაფერზე მოვიცლი... ვერაფერზე... კმარა სხვა რამეზე ტვინის გაცხელება! მშვიდობით, ჩემო უბანო!.. ეს უბანი ამ საღამოს მაინც რას გადამეკიდა?.. მწვანე შუქი... იმასთან ხომ ანგარიში სამუდამოდ გავასწორე...

ჰოდა, კმარა... დავიძინოთ...“

. . .

– წერილია... თქვენთან გამოუტანებიათ.

– მომეცით.

მომვლელი ქალი ჩემი ბინის წინკარში იდგა. გაცრეცილსაყელოიანი პალტო ბეჭდიანი თეთრი ხალათის ზემოდან მოეხურა. იაფფასიან ლურჯ კონვერტზე თოვლი დნებოდა.

– მისაღებში დღეს თქვენ მორიგეობთ? – ვკითხე მთქნარებით.

– დიახ.

– არავინ მოუყვანიათ?

– არა.

– თუ ვინმე მოიყვანონ (მთქნარებამ პირი ლამის გამიხია და სიტყვებს უხეიროდ გამოვთქვამდი), მაშინვე დამიძახეთ... მე დაშაჯინებლად დავჭვები...

– კარგი. შეიძლება, წავიდე?

– ჰო, ჰო, წადით.

       ქალი წავიდა. კარმა გაიწრიპინა, მე კი ფეხსაცმელების ფრატუნით საწოლი ოთახისკენ გავემართე, თან კონვერტი თითებით ირიბად, უხეიროდ ჩავფხრიწე. კონვერტში მოგრძო, დაჭმუჭნილი ბლანკი აღმოჩნდა, ჩემი უბნის, ჩემი საავადმყოფოს შტემპელი რომ ჰქონდა... დაუვიწყარი ბლანკი... ჩავიცინე. „საინტერესოა... მთელი საღამო ჩემს უბანზე ვფიქრობდი, ჰოდა, თავი თვითონ შემახსენა.... წინათგრძნობაა...“ შტემპელის ქვეშ ქიმიური ფანქრით რეცეპტი ეწერა. გაჯღაბნილ-გადახაზული ლათინური სიტყვების ამოკითხვა ჭირდა...

– ვერაფერი გამიგია... უაზრო რეცეპტია... – ჩავიბუტბუტე და ერთ სიტყვას ჩავაშტერდი... Morphin... „რა არის ამ რეცეპტში უჩვეულო?.. ჰო... ოთხპროცენტიანი ხსნარი! მორფის ოთხპროცენტიან ხსნარს ვინ გამოწერს?..

რატომ?..“

       ფურცელი გადავაბრუნე და მთქნარებამ გამიარა. ფურცლის მეორე გვერდზე დუნე ხელით გაფანტულად ეწერა: „1918 წლის 11 თებერვალი. ძვირფასო Collega! მომიტევეთ, ქაღალდის ნაგლეჯზე რომ ვწერ. ქაღალდი ხელთ არა მაქვს. ძალიან მძიმედ, ცუდად დავსნეულდი. შემწე არავინა მყავს და არც მინდა, რომ შემწეობა თქვენ გარდა ვინმესთან ვეძიო. მეორე თვეა, თქვენს ყოფილ უბანზე ვარ. ვიცი, რომ ქალაქში ხართ, აქედან არცთუ ისე შორს. უნივერსიტეტის წლებში ჩვენი მეგობრობის იმედით გთხოვთ, რაც შეიძლება, მალე ჩამოხვიდეთ. თუნდაც ერთი დღით, თუნდაც საათით. და თუ მეტყვით, რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა, დაგიჯერებთ... იქნებ ჩემი გადარჩენა შეიძლებოდეს? იქნებ იმედი საიდანმე კიდევ გამოკრთეს? გთხოვთ, რასაცა გწერთ, არავის გააგებინოთ“.

– მარია! ახლავე მისაღებში წადით და მორიგე მომვლელს დაუძახეთ... რა ჰქვია?.. დამავიწყდა... ერთი სიტყვით, მორიგეს, ვინც ახლა წერილი მომიტანა. სწრაფად!

– ახლავე.

ორიოდე წუთის შემდეგ მომვლელი ქალი ჩემ წინ იდგა. თოვლი ადნებოდა გაცრეცილ თექას, რითაც საყელო იყო შეკერილი.

– წერილი ვინ მოიტანა?

– არ ვიცი, წვერიანი იყო. თქვა, კოოპერატორი ვარ, ქალაქში მოვდიოდიო.

– ჰმ... კარგი, წადით. არა, მოიცადეთ. ახლავე წერილს დავწერ და მთავარ ექიმთან გაგატანთ. გეთაყვა, პასუხიც მომიტანეთ.

– კარგი. მთავარ ექიმს მივწერე: „1918 წლის 13 თებერვალი. პატივცემულო პაველ ილარიონოვიჩ. ახლახან ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგის, ექიმ პოლიაკოვის წერილი მივიღე. იგი გორელიეში, ჩემს ყოფილ უბანშია მარტოდმარტო. ავად გამხდარა, ეტყობა, მძიმედაა. თავი მოვალედ მიმაჩნია, მასთან ჩავიდე. თუ ნებას მომცემთ, განყოფილებას ხვალ, ერთი დღით ექიმ რადოვიჩს ჩავაბარებ და პოლიაკოვთან წავალ. კაცი უმწეოდაა. პატივისცემით, ექიმი ბომგარდი“. მთავარი ექიმის საპასუხო წერილი: „პატივცემულო ვლადიმირ მიხაილოვიჩ, გაემგზავრეთ.

პეტროვი“. საღამოთი რკინიგზის გზამკვლევი გადავსინჯე. გორელოემდე ჩასვლა ამგვარად შეიძლებოდა: ხვალ დღის ორ საათზე მოსკოვის საფოსტო მატარებელს გავყვებოდი, რკინიგზით 30 ვერსს გავივლიდი, სადგურში ჩამოვხტებოდი, იქიდან კი გორელოეს საავადმყოფომდე ოცდაორ ვერსს მარხილით გავივლიდი. „თუ გამიმართლა, გორელოეში ხვალ საღამოს ვიქნები, – ვფიქრობდი, როცა ლოგინში ვწვებოდი, – რით არის ავად? ტიფით, ფილტვების ანთებით? არც ერთით, არც მეორით... მაშინ უბრალოდ მომწერდა, ფილტვების ანთება დამემართაო. ეს კი ბუნდოვანი, ცოტა არ იყოს, ყალბი წერილია. მძიმედ, ცუდად დავსნეულდიო. რით, სიფილისით? ჰო, უეჭველად სიფილისით. შეძრწუნებულია... მალავს... ეშინია... მაგრამ სადგურიდან გორელოემდე ვისი ცხენებით წავალ? კარგ დღეში ჩავვარდები, სადგურში დაბინდებისას თუ ჩავალ, იქიდან წასვლას კი ვერ შევძლებ... არა, რაღაცას მოვახერხებ. სადგურზე ვიღაცას მოვნახავ და ცხენებს გამოვართმევ. დეპეშა ხომ არ გავუგზავნო, ცხენები რომ გამომიგზავნოს? აზრი არა აქვს! ჯერ მე ჩავალ და დეპეშა ერთი დღის შემდეგ მოვა... გორელოეში ხომ ვერ გადაფრინდება. სადგურში მანამდე იდება, სანამ ვინმეს იქით მიმავალს არ გაატანენ. ვიცი გორელოეს ამბავი, ვიცი, რა მიყრუებული ადგილიცაა“.

       ბლანკზე მონაწერი ბარათი მაგიდაზე მედო და ლამპის შუქი ანათებდა. ლამპის გვერდით გულის შემაღონებელი უძილობის თანამგზავრი, ნამწვავებით აჯაგრული საფერფლე იდგა. დაჭმუჭნილ ზეწარზე ვტრიალებდი და გულში ბრაზი მეპარებოდა. წერილი უკვე მაღიზიანებდა. „მართლაცდა, თუ რაიმე მწვავე დაავადება არა აქვს და, ვთქვათ, სიფილისი სჭირს, აქ თვითონ რატომ არ ჩამოდის? ქარბუქში მე რატომ უნდა ვიწანწალო? ლუესისგან ერთ საღამოს ხომ ვერ განვკურნავ? ანდა საყლაპავი მილის კიბოსგან? რა კიბო, რის კიბო! ჩემზე ორი წლით უმცროსია, 25 წლისაა... „მძიმედ“... სარკომა? აბდაუბდაა, ისტერიკული წერილია. ასეთი წერილის მიმღებს, შეიძლება, შაკიკი დაემართოს... ნაღდად ასეა. საფეთქელთან ძარღვი გაგიშეშდება... დილით გაიღვიძებ და ტკივილი ძარღვს თხემისკენ აუყვება, ნახევარ თავს გაგიკავებს და საღამოთი პირამიდონი და კოფეინი უნდა ყლაპო. მარხილით ჯაყჯაყი და პირამიდონის ყლაპვა როგორი რამეა?! ფერშალს სამგზავრო ქურქი უნდა გამოვართვა, თორემ ჩემს პალტოში გავითოშები... რა უნდა სჭირდეს? იქნებ იმედი გამოკრთესო... ასეთ რამეს ექიმის სერიოზულ წერილში კი არა, რომანებში წერენ!.. სჯობია, დავიძინო და ამაზე აღარ ვიფიქრო. ხვალ ყველაფერი გაირკვევა. ხვალ“. ამომრთველი გადავატრიალე და ჩემი ოთახი უმალ წყვდიადმა შთანთქა. უნდა დავიძინო... ძარღვი მიბჟუის... მაგრამ უფლება არა მაქვს, აბდაუბდა წერილის გამო კაცზე გავბრაზდე, სანამ არ შევიტყობ, რა სჭირს. კაცი იტანჯება და უნდა, რომ თავისი წუხილი სხვას შეატყობინოს, ისე როგორც შეუძლია, როგორც ჰგონია... შაკიკის გამო, შეწუხების გამო, საკადრისი არ არის, კაცი თუნდაც გულში დაადანაშაულო... ეს წერილი ყალბი და რომანტიკული იქნებ სულაც არ არის. სერიოჟკა პავლოვი ორი წელია, რაც არ მინახავს, მაგრამ კარგად მახსოვს. ყოველთვის გონიერი იყო... მაშ რაღაც უბედურება დაემართა. ძარღვიც ცოტა დამიწყნარდა... ეტყობა, ძილი მიახლოვდება. ძილის მექანიზმი როგორია?... ფიზიოლოგიაში წავიკითხე... მაგრამ ბუნდოვანი იყო... ვერ გავიგე, ძილი რა არის... ტვინის უჯრედები როგორ იძინებს?! საიდუმლოდ გეუბნებით, ვერ გავიგე. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ფიზიოლოგიის შემდგენელი თავადაც ძალიან მტკიცედ თავდაჯერებული არ უნდა იყოს... ყველა თეორია ტოლფასია... აგერ სერიოჟკა პოლიაკოვი – ოქროსფერღილებიანი მწვანე ქურთუკი აცვია, თუთიის მაგიდასთან დგას, მაგიდაზე კი გვამია...

ჰო... ეს უკვე სიზმარია...

III

       ტუკ, ტუკ, ტუკ... ბუხ, ბუხ, ბუხ... ჰო... ვინ? ვინ? რა?.. უჰ, აკაკუნებენ, დაწყევლოს ეშმაკმა, აკაკუნებენ... სადა ვარ? რას ვაკეთებ?.. რა ხდება? ჰო, ლოგინში ვწევარ... რატომ მაღვიძებენ? იმიტომ მაღვიძებენ, რომ მორიგე ვარ. ექიმო ბომგარდო, გაიღვიძეთ. მარია უკვე კარის გასაღებად მიდის ფეხების ფრატუნით. რომელი საათია? პირველის ნახევარი... ღამეა. ეტყობა, მხოლოდ ერთი საათი მეძინა. შაკიკი მაწუხებს? ჰო, მაწუხებს.

კარზე ხმადაბლა მოაკაკუნეს.

– რა მოხდა?

სასადილო ოთახის კარი გამოვაღე. მომვლელი ქალის სახე სიბნელეში დავინახე, მაგრამ მაშინე შევამჩნიე, რომ გაფითრებული იყო, თვალები გაფართოებული და შეშფოთებული ჰქონდა.

– ვინ მოიყვანეს?

– გორელოეს უბნის ექიმი, – ხმამაღლა, ხიხინით მიპასუხა მომვლელმა ქალმა, – დაჭრილია. თავის მოკვლა უცდია.

– პო-ლი-ა-კო-ვი? შეუძლებელია! პოლიაკოვი?

– გვარი არ ვიცი.

– ჰო, ჰო... ახლავე, ახლავე მოვდივარ. თქვენ კი მთავარ ექიმთან გაიქეცით და ამწუთასვე გააღვიძეთ. უთხარით, რომ სასწრაფოდ მისაღებში ვიწვევ. მომვლელი ქალი შეტრიალდა და თეთრი ლაქა უმალ თვალს მიეფარა. ორი წუთის შემდეგ პარმაღზე გასულს მშრალმა და მჩხვლეტავმა ქარბუქმა სახეზე ამიქროლა, პალტოს კალთები ამიფრიალა, შეშინებული სხეული გამიყინა. მიმღები ოთახის ფანჯრებში თეთრი, მოუსვენარი შუქი ბრიალებდა. პარმაღზე თოვლის კორიანტელში მთავარ ექიმს შევეჩეხე. ისიც იქით მიიჩქაროდა, სადაც მე მივდიოდი.

– თქვენი ამხანაგია? პოლიაკოვი? – ხველებით მკითხა ქირურგმა.

– ვერაფერი გამიგია, ეტყობა, ის არის, – ვუპასუხე და მისაღებში სწრაფად შევედით. სკამიდან ჩვენს შესახვედრად შეფუთნილი ქალი წამოდგა. ყავისფერი თავშლის ქვემოდან ნამტირალევი, ნაცნობი თვალები შემომაცქერდა და გორელოელი მეანი ქალი, გორელოეს საავადმყოფოში მშობიარეთა მოვლა-პატრონობისას ჩემი ერთგული თანაშემწე მარია ვლასიევნა ვიცანი.

– პოლიაკოვია? – ვკითხე მას.

– დიახ, – მიპასუხა მარია ვლასიევნამ, – რა საშინელებაა, ექიმო, მომყავდა და მთელი გზა შიშით ვკანკალებდი, ვაითუ, ცოცხალმა ვერ ჩააღწიოს-მეთქი.

– ეს როდის მოხდა?

– ამ დილას, გათენებისას, – ბუტბუტებდა მარია ვლასიევნა, – დარაჯმა მოირბინა და მითხრა, ექიმის ბინიდან სროლის ხმა გავიგონეო. ნათურა მაგიდას საძაგელ, მშფოთვარე შუქსა ჰფენდა. მაგიდაზე ექიმი პოლიაკოვი იწვა. მისი თექის ჩექმების უსიცოცხლო, თითქოს გაქვავებულ ქუსლებს შევხედე თუ არა, გულმა რეჩხი მიყო. პოლიაკოვს ქუდი მოვხადეთ. ერთმანეთზე შეწებებული სველი თმა გამოუჩნდა. ჩემი ხელები, მომვლელი ქალის ხელები, მარია ვლასიევნას ხელები პოლიაკოვის მკერდთან ერთმანეთში აირია, პალტოს შიგნიდან წითელ-ყვითელი, გადღაბნილი ლაქებით დაფარული თეთრი მარლა გამოვაცალეთ. პოლიაკოვს მკერდი სუსტად აუდ-ჩაუდიოდა. მე პულსი გავუსინჯე და შევკრთი. პულსი თითებქვეშ მეკარგებოდა, იჭიმებოდა და წვრილ-წვრილად ჩაკვანძული, დაძენძილი ძაფივით მალიმალ წყდებოდა. ქირურგის ხელი უკვე მხარზე მისწვდა და მკრთალი კანი თითებში მოიქცია, რომ ქაფური შეეშხაპუნებინა. ამ დროს დაჭრილმა ერთმანეთს მიწებებული ტუჩები გააპო და სისხლის ვარდისფერი ზოლი გამოაჩინა, მერე სუსტი ხმით ცივად თქვა: – ქაფური მომაშორეთ. ჯანდაბას...

გალურჯებულ ტუჩებს ოდნავ ატოკებდა.

– გაჩუმდით, – უთხრა ქირურგმა და ყვითელი ზეთი კანქვეშ შეუშხაპუნა.

– უნდა ვივარაუდოთ, რომ გულის პარკუჭი დაზიანებული უნდა იყოს, – ჩაიჩურჩულა მარია ვლასიევნამ, მაგიდის კუთხეს ხელი მაგრად ჩასჭიდა და დაჭრილს ქუთუთოებში ჩააცქერდა (მას თვალები დახუჭული ჰქონდა). დაისის ჩრდილების მსგავსი ნაცრისფერ-იისფერი ხაზები ცხვირის აქეთ-იქით სულ უფრო მკაფიოდ ჩნდებოდა და ოფლის წვრილი, ვერცხლისწყლისნაირი სხურპლები ამ ჩრდილებს ნამივით დაასხდა.

– რა რევოლვერი იყო? – იკითხა ქირურგმა და ცალი ლოყა შეატოკა.

– ბრაუნინგი, – ამოიკნავლა მარია ვლასიევნამ.

– ე-ეჰ, – თითქოს ბრაზით, თანაც სინანულით თქვა ქირურგმა, უეცრად ხელი ჩაიქნია და განზე გადგა. მე ვერაფერს მივხვდი და მისკენ შეშინებული შევტრიალდი. მხარს უკან ვიღაცის თვალებმა გაიელვა. ერთი ექიმი კიდევ მოვიდა. პოლიაკოვმა ტუჩები უცებ გვერდულად ისე შეატოკა, თითქოს ნამძინარევი კაცი აბეზარი ბუზის მოცილებას ცდილობსო, მერე ქვედა ყბა ისე შეარხია, თითქოს ყელში კოშტი გასჩხერია და ჩაყლაპვა უნდაო. ეჰ, ვისაც რევოლვერის ან თოფის საშინელი ჭრილობები უნახავს, იმისთვის ასეთი მოძრაობა კარგადაა ცნობილი! მარია ვლასიევნამ წარბები ავადმყოფურად შეჭმუხნა და ამოიოხრა.

– ექიმ ბომგარდს მოუხმეთ, – ძლივს გასაგონად თქვა პოლიაკოვმა.

– აქა ვარ, – ალერსიანად გაისმა ჩემი ჩურჩული მის ტუჩებთან ახლოს.

– რვეულს თქვენ გიტოვებთ... – უფრო სუსტად ჩაიხიხინა პოლიაკოვმა.

მერე თვალები გაახილა და ჭერისკენ აღაპყრო. თვალთა მუქი გუგები შუქით თითქოს შიგნიდან გაივსო, თვალების გარსი გამჭვირვალე, თითქოს ცისფერი შეიქნა, ზეაპყრობილი თვალები ისევე გაშეშდა, მერე აიმღვრა და წამიერი მშვენიერება გაქრა. ექიმი პოლიაკოვი მოკვდა.

. . .

       ღამეა. განთიადი ახლოვდება. ნათურა ძალიან მკაფიოდ ანათებს, იმიტომ, რომ ქალაქს სძინავს და ელექტროდენი ჭარბადაა. ყოველივე დუმს, ხოლო პოლიაკოვის სხეული სამლოცველოში ასვენია. ღამეა. თვალები კითხვისგან ჩაწითლებული მაქვს. მაგიდაზე გახსნილი კონვერტი და ფურცელი მიდევს. ფურცელზე წერია: „ძვირფასო ამხანაგო! აღარ გიცდით. მკურნალობა გადავიფიქრე. ეს უიმედოა. აღარც ის მინდა, რომ ვიტანჯო. საკმარისად ვეცადე. სხვებს ვაფრთხილებ: 25 წილ წყალში გახსნილ თეთრ კრისტალებს უფრთხილდით! ამ კრისტალებს ძალზე მივენდე და მათ დამღუპეს. ჩემს დღიურს საჩუქრად გიტოვებთ. ყოველთვის მაძიებელ და დოკუმენტების მოყვარულ კაცად მეჩვენებოდით. თუ დაინტერესდებით, ჩემი ავადმყოფობის ისტორია წაიკითხეთ. მშვიდობით. თქვენი ს. პოლიაკოვი“. შემდეგ მსხვილი ასოებით მინაწერი: „გთხოვთ, ჩემს სიკვდილში ნურავის დაადანაშაულებთ.

ექიმი სერგეი პოლიაკოვი.

1918 წლის 13 თებერვალი“.

       თვითმკვლელობის წერილის გვერდით მუშამბაგადაკრული საერთო რვეული მიდევს. წინა ფურცლები, რვეულის ნახევარი, ამოხეულია. დარჩენილ ნახევარში მოკლე ჩანაწერებია, თავიდან ფანქრით ანდა მელნით. ხელნაწერი მკაფიოა, ასოები – წვრილი. რვეულის ბოლოსკენ ქიმიური ფანქრითა და მსხვილი, წითელი ფანქრით ნაწერი დაუდევარია, ასოები მიბრეცილ-მობრეცილი, ბევრი სიტყვა შემოკლებული.

IV

       „...7 წლის1 20 იანვარი.

...ძალიან მიხარია, ღმერთს მადლობას ვწირავ: რაც უფრო მიყრუებულ ადგილას ვიქნები, მით უკეთესია. თვალით არავის დანახვა არ შემიძლია, აქ კი სნეული გლეხების გარდა ვერავის ვნახავ. ამათ კი ჩემს საწუხართან, აბა, რა ხელი აქვთ? თუმცა, ჩემზე უკეთესად არც დანარჩენები გაუნაწილებიათ ერობათა უბნებში. მთელი ჩემი გამოშვება ომში გაწვევას არ ექვემდებარებოდა (მეორე ჯგუფის მოლაშქრეთა 1916 წლის გამოშვება), ერობებში ჩამოარიგეს. თუმცა, ეს არავისთვის საინტერესო არ არის. ამხანაგებიდან მხოლოდ ივანოვისა და ბომგარდის ასავალ-დასავალი შევიტყვე. ივანოვს არხანგელსკის გუბერნია აურჩევია (გემოვნების ამბავია), ხოლო ბომგარდი, როგორც ფერშალმა მითხრა, ასეთივე მიყრუებულ უბანში, სამი მაზრის იქით, გორელოეში ყოფილა. მინდოდა, წერილი მიმეწერა, მაგრამ გადავიფიქრე. არც ნახვა მინდა ვინმესი და არც გაგონება.

21 იანვარი.

ქარბუქია, ყველაფერი რიგზეა.

25 იანვარი.

რა ნათელი დაისია. მიგრენინი – Antipirin, a, Coffein, a, Uac Citrin შენაერთი

1,0 ფხვნილი... 1,0 შეიძლება? შეიძლება.

3 თებერვალი.

      დღეს გასული კვირის გაზეთები მივიღე. კითხვა არ დამიწყია, მაგრამ თეატრების განყოფილებისკენ თვალი მაინც გამექცა. „აიდა“ გასულ კვირაში მიდიოდა. მაშ ის სცენაზე გამოდიოდა და მღეროდა: „მოდი ჩემთან, მეგობარო...“ არაჩვეულებრივი ხმა აქვს. საოცარია: ბნელი სულის მქონე არსება ნათელი, ძლიერი ხმის პატრონია...

(აქ დღიური წყდება, ორი თუ სამი ფურცელი ამოხეულია).

...ექიმო პოლიაკოვო, ეს, რა თქმა უნდა, უღირსი საქციელია. ასეთი სისულელე გიმნაზიელს თუ შეეფერება. განა შეიძლება, ქალი ქუჩურად ლანძღო იმის გამო, რომ მიგატოვა? არ უნდოდა შენთან ყოფნა და მიგატოვა. მორჩა და გათავდა. არსებითად, ყველაფერი ხომ მარტივადაა. ოპერის მომღერალი ქალი ახალგაზრდა ექიმს გადაეყარა, ერთი წელი მასთან გაატარა და მიატოვა. უნდა მოვკლა? ყველაფერი სისულელეა, უაზროა. უიმედოა! ფიქრი არ მინდა. არ მინდა...

11 თებერვალი.

       ქარბუქი არა და არ თავდება... ქარბუქში ვარ ჩაკარგული! მთელ საღამოებს მარტოდმარტო ვატარებ. ლამპას ავანთებ და ვზივარ. დღისით ხალხს კიდევ ვხედავ. მაგრამ მექანიკურად ვმუშაობ. სამუშაოს შევეგუე. არც ისეთი საშიშია, როგორც ადრე მეგონა. თუმცა, ომის დროს ჰოსპიტალში ყოფნა ძალზე დამეხმარა. რაც უნდა იყოს, აქ არც ისეთი უვიცი მოვედი. დღეს პირველად გავაკეთე ბრუნის ოპერაცია. მაშ ასე, თოვლში სამი ადამიანი ვართ დამარხული: მე, ანა კირილოვნა – ფერშალ-მეანი და ფერშალი. ფერშალი ცოლიანია. ისინი (ფერშლების პერსონალი) ფლიგელში ცხოვრობენ. მე კი მარტო ვცხოვრობ.

15 თებერვალი.

       წუხელ საინტერესო რამ დამემართა. დასაძინებლად დაწოლას ვაპირებდი, როცა მუცლის არეში ტკივილი ვიგრძენი. თანაც, როგორი! შუბლზე ცივმა ოფლმა დამასხა. უნდა მოგახსენოთ, ჩვენი მედიცინა მაინც საეჭვო მეცნიერებაა. როცა კაცი კუჭ-ნაწლავის არავითარ დაავადებას არ უჩივის (მაგ. აპენდ.), ღვიძლიც საუკეთესო აქვს და თირკმლებიც, ვისი კუჭ-ნაწლავიც სავსებით ნორმალურად მოქმედებს, ღამით ისეთმა ტკივილმა რატომ უნდა შემოუტიოს, რომ მოკრუნჩხულმა საწოლზე იგორაოს? კვნესით მივაღწიე სამზარეულოს, სადაც მზარეული ქალი და მისი ქმარი ვლასი ღამეს ათევენ. ვლასი ანა კირილოვნასთან გავგზავნე. ანა კირილოვნა იძულებული შეიქნა ჩემთვის მორფი გაეკეთებინა. მითხრა, მთლად გამწვანებული იყავიო. რა დამემართა? ჩვენი ფერშალი არ მომწონს. ერთი უჟმური ვინმეა. ანა კირილოვნა კი ძალიან სანდომიანი, განვითარებული ქალია. საოცარია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტოდმარტო რანაირად ცხოვრობს ამ თოვლის სამარეში. მისი ქმარი გერმანელთა ტყვეობაშია. არ შემიძლია, ხოტბა არ შევასხა, ვინც ყაყაჩოდან მორფი პირველად მოიპოვა. იგი კაცობრიობის ჭეშმარიტი კეთილისმყოფელია. ნემსის გაკეთებიდან შვიდი წუთის შემდეგ ტკივილმა გამიარა. საინტერესოა, რომ ტკივილი უწყვეტ ტალღად, ყოველგვარი შუალედის გარეშე მიტევდა და სულს მიხუთავდა. თითქოს მუცელში გავარვარებული რკინა შემირჭვეს და მიტრიალებდნენ. ნემსის გაკეთებიდან ოთხი წუთის შემდეგ უკვე ვამჩნევდი, რომ ტკივილი ხან მიკლებდა, ხან მიმატებდა. კარგი იქნება, ექიმს საშუალება ჰქონდეს, მრავალი წამალი საკუთარ თავზე გამოცადოს. მასში სულ სხვანაირად გაიგებს, ეს წამლები როგორ მოქმედებს. ნემსის გაკეთების შემდეგ ღრმად და კარგად ბოლო თვეების მანძილზე პირველად მეძინა. ვინც მიღალატა, იმაზე აღარ ვფიქრობდი.

16 თებერვალი.

       დღეს, მიღებაზე, ანა კირილოვნამ მკითხა, როგორა ხართო, და მითხრა, შუბლგახსნილი პირველად გნახეთ, სულ მოღუშული დადიხართო.

– განა მე მოღუშული ვარ?

– ძალიან, – დამაჯერებლად მიპასუხა მან და დაუმატა, მიკვირს, სულ ჩუმად რომ ხართო.

– რა ვქნა, ასეთი ვარ.

ადრე საღამოვდებოდა. ბინაში მარტო ვარ. დაბინდებისას ტკივილმა მომიარა, მაგრამ არც ისე ძლიერმა, გუშინდელის აჩრდილმა, სადღაც გულის კოვზს ქვემოთ. შემეშინდა, გუშინდელი შეტევა არ გამმეორებოდა და თეძოში ერთი სანტიგრამი მე თვითონ გავიკეთე. ტკივილმა თითქმის მყისვე გამიარა. კიდევ კარგი, ანა კირილოვნამ ერთი შუშა დამიტოვა.

18 თებერვალი.

ოთხი ჩხვლეტა საშიში არ არის.

25 თებერვალი.

ანა კირილოვნა უცნაური ვინმეა! თითქოს თავად ექიმი არ ვიყო. 1,5 შპრიცი=0,015 Morphin, დიახ.

1 მარტი.

       ექიმო პოლიაკოვო, ფრთხილად! სისულელეა. ჩამობინდდა ორი კვირაა, რაც ჩემს მოღალატეზე ფიქრი აღარ დამბრუნებია. მისი ამნერისის პარტიის ჰანგმა მიმატოვა. ამით დიდად ვამაყობ. ვაჟკაცი ვარ. ანა კ. ჩემი მალული ცოლი გახდა. სხვა რამ მოსალოდნელი არც იყო. ჩვენ ხომ დაუსახლებელ კუნძულზე ვართ მომწყვდეულნი. თოვლი შეიცვალა, თითქოს მორუხო ფერი დაედო. ძლიერმა ყინვებმა გაიარა, მაგრამ ქარბუქი დროდადრო განახლდება ხოლმე. პირველი წუთი: კისერზე შეხების შეგრძნება. ეს შეხება თბილი ხდება და ფართოვდება. მეორე წუთში გულის კოვზთან უეცრად ცივი ტალღა ჩაირბენს, შემდეგ კი გონება არაჩვეულებრივად ნათდება და შრომისუნარიანობის აფეთქება იწყება. უსიამოვნო შეგრძნებანი აბსოლუტურად ქრება. ეს ადამიანის სულიერი ძალის გამოვლინების უმაღლესი წერტილია. სამედიცინო განათლებით წამხდარი რომ არ ვიყო, ვიტყოდი, რომ ადამიანს ნორმალურად მუშაობა მხოლოდ მორფის გაკეთების შემდეგ შეუძლია. მართლაც, კაცი, აბა, რისი მაქნისია, როცა უბრალო ნევრალგიაც კი თავგზას უბნევს: ანა კ. შიშობს. მე დავამშვიდე, ვუთხარი, ბავშვობიდანვე ნებისყოფის უზარმაზარი ძალით გამოვირჩეოდი-მეთქი.

2 მარტი.

       რაღაც გრანდიოზული ხმები დაირხა. ამბობენ, ნიკოლოზ II ჩამოაგდესო. დასაძინებლად ძალიან ადრე ვწვები. ასე ცხრა საათზე. ტკბილად მძინავს.

10 მარტი.

       იქ რევოლუცია ხდება. დღემ იმატა, საღამოს ბინდი კი თითქოს მომტრედისფრო გახდა. ასეთი სიზმრები გათენებისას არასოდეს მინახავს. ეს ორმაგი სიზმრებია.

       ამასთან ერთად, ძირითადი სიზმარი, ასე ვთქვათ, მინისაა, გამჭვირვალეა. საძაგლად განათებულ რამპას ვხედავ, იქიდან შუქთა მრავალფერი ლენტი მოილტვის. ამნერისი მწვანე ბუმბულს არხევს და მღერის. ორკესტრი მართლა არამიწიერი, არაჩვეულებრივად სრულხმოვანია. თუმცაღა, ამის სიტყვით გამოხატვა არ ძალმიძს. ერთი სიტყვით, ნორმალურ სიზმარში მუსიკა უხმოა... (ნორმალურში? ეს კიდევ საკითხავია, რომელი სიზმარია ნორმალური? თუმცა, ვხუმრობ...) ჩემს სიზმარში კი ციური ხმებივით გაისმის. რაც მთავარია, შემიძლია, მუსიკა ჩემს ნებაზე გავაძლიერო ანდა შევასუსტო. გახსოვთ, „ომსა და მშვიდობაში“ აღწერილია, პეტია როსტოვმა ძილ-ღვიძლში ასეთივე რამ როგორ განიცადა. ლევ ტოლსტოი შესანიშნავი მწერალია! ახლა გამჭირვალობის თაობაზე; „აიდას“ მოლივლივე ფერებში ძალზე რეალურად ამოიზრდება ჩემი საწერი მაგიდის კუთხე, კაბინეტის კარიდან რომ მოჩანს, ლამპა და პრიალა იატაკი, დიდი თეატრის ორკესტრის ხმას აშკარად კვეთს ფეხის ხმა, კასტანეტების ყრუ კაკუნივით სასიამოვნოდ რომ მოისმის. მაშ რვა საათია და ანა კ. მოდის, რათა გამაღვიძოს და გამაგებინოს, მიმღებში რა ხდება. იგი ვერ მიმხვდარა, რომ ჩემი გაღვიძება საჭირო არ არის, ყველაფერი რომ მესმის და მასთან ლაპარაკი შემიძლია. გუშინ ასეთი ცდა ჩავატარე კიდევაც: ანა: – სერგეი ვასილიევიჩ...

მე: – გისმენ... (მუსიკას ხმადაბლა – „ძლიერად“).

მუსიკა – დიადი აკორდი.

რე-დიეზი...

ანა: – ოცი კაცია ჩაწერილი. ამნერისი (მღერის) თუმცა, ქაღალდზე ამის გადმოცემა შეუძლებელია. ეს სიზმრები სახიფათოა თუ არა? ოჰ? არა. ამ სიზმრების შემდეგ ძალ-ღონე და მხნეობა მემატება და კარგად ვმუშაობ. სამუშაოს მიმართ ინტერესიც კი გამიჩნდა, რაც ადრე არა მქონდა. ანდა რა გასაკვირია, როცა სულ ჩემს ყოფილ ცოლზე ვფიქრობდი. ახლა კი დავმშვიდდი. დავმშვიდდი.

19 მარტი.

წუხელ ანა კ.-ს წავეჩხუბე.

– ხსნარს აღარ დაგიმზადებთ.

მე მის დაყოლიებას შევეცადე: – ანუსია, რა სისულელეა: ბავშვი ხომ არა ვარ?

– არ დაგიმზადებთ. თქვენ დაიღუპებით.

– როგორც გენებოთ, მაგრამ მკერდში ტკივილი მაქვს!

– იმკურნალეთ.

– სად?

– შვებულება აიღეთ და წადით. მორფის კეთება მკურნალობა არ არის (მერე დაფიქრდა და დაუმატა), თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მაშინ მეორე შუშა რომ დაგიმზადეთ.

– მე რა, მორფინისტი ხომ არა ვარ?

– დიახ, მორფინისტი ხდებით.

– მაშ არ დამიმზადებთ?

– არა.

       მაშინ ჩემს თავს პირველად შევამჩნიე, გაბრაზების უსიამოვნო უნარი რომ გამაჩნდა და, რაც მთავარია, შემეძლო, ადამიანისთვის მეყვირა, როცა თავად ვტყუოდი. თუმცა ერთბაშად არ ავყვირებულვარ. საწოლ ოთახში შევედი და ვნახე, რომ შუშის ფსკერზე ხსნარი ცოტა ჩარჩენილიყო. შპრიცში მოვაგროვე – 1/4 შპრიცი აღმოჩნდა. შპრიცი გადავაგდე, კინაღამ გავტეხე, თავად კი ავკანკალდი. ფრთხილად ავიღე და გავსინჯე, – ბზარი არსად ჰქონდა. საწოლ ოთახში ოციოდე წუთს ვიჯექი, მერე მივედი და ვნახე, რომ ანა აღარსად იყო. წავიდა. წარმოიდგინეთ, ვერ მოვითმინე და მასთან წავედი. ფლიგელის განათებულ ფანჯარაზე მივუკაკუნე. თავშალმოხვეული ანა პარმაღზე გამოვიდა. წყნარზე წყნარი ღამე იდგა. ირგვლივ ფაშარი თოვლი იდო. სადღაც შორს, ცაზე, გაზაფხულის სუნთქვა იგრძნობოდა.

– ანა კირილოვნა, აფთიაქის გასაღები მომეცით.

ანამ ჩაიჩურჩულა: – არ მოგცემთ.

– ამხანაგო, აფთიაქის გასაღები მომეცით. როგორც ექიმი, ისე გეუბნებით.

ბინდბუნდში ვხედავ, ანას სახე შეეცვალა, ძალიან გაუთეთრდა, თვალები ჩაუღრმავდა, ჩაუცვივდა, ჩაუშავდა. ისეთი ხმა ჰქონდა, რომ გულში სიბრალული აღმეძრა, მაგრამ მაშინვე ბრაზი კვლავ მომერია.

– ასე რატომ მელაპარაკებით? – მითხრა ანამ, – ეჰ, სერგეი ვასილიევიჩ, მე ხომ მებრალებით. თავშალს ქვემოდან ხელი გამოიღო და ვნახე, რომ გასაღები ხელში ეჭირა. მაშ როცა ჩემთან გამოდიოდა, გასაღებიც გამოიყოლა.

– მომეცით გასაღები! – ვუთხარი უხეშად, გასაღები ხელიდან გამოვტაცე და საავადმყოფოს თეთრი კორპუსისკენ ფიცრებდამპალ, მორყეულ წანწალა ხიდს გავუყევი. გულში ბრაზი მიდუღდა, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა იმის თაობაზე, კანქვეშ შესაშხაპუნებელი მორფის ხსნარი როგორ დამემზადებინა. ფერშალი ხომ არ ვიყავი, ექიმი გახლდით! მივდიოდი და ვცახცახებდი. უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა. ანა ერთგული ძაღლივით ამდევნებოდა. გულში მის მიმართ სინაზე აღმეძრა, მაგრამ ჩავიხშე, შევტრიალდი და კბილებდაკრეჭილმა ვუთხარი: – მომიმზადებთ თუ არა? ანამ ხელი განწირულივით ჩაიქნია, ახლა ყველაფერი სულერთიაო, და მიპასუხა: – მოგიმზადებთ...

...ერთი საათის შემდეგ თავს ნორმალურად ვგრძნობდი. რაღა თქმა უნდა, ანას ბოდიში მოვუხადე, უაზრო უხეშობა რომ გამოვიჩინე. თავადაც არ ვიცი, ეს როგორ დამემართა, ადრე ზრდილობიანი კაცი ვიყავი-მეთქი. ჩემმა ბოდიშმა ანას უცნაური საქციელი გამოიწვია. მან დაიჩოქა, ხელებზე მომეკრა და მითხრა: – არ გიწყრებით, არა. უკვე ვიცი, რომ დაღუპული კაცი ხართ. ვიცი და ჩემს თავს ვწყევლი, მაშინ ნემსი რომ გაგიკეთეთ. როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი. ვარწმუნებდი, რომ დანაშაული არ მიუძღოდა და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა თავად მეკისრებოდა. აღვუთქვამდი, ხვალიდან სერიოზულად დავიწყებ გადაჩვევას, ნელ-ნელა დოზას შევამცირებ-მეთქი.

– ახლა რამდენი გაიკეთეთ?

– ბევრი არაფერი. ერთპროცენტიანი ხსნარის სამი შპრიცი.

ანამ თავზე ხელები შემოიჭდო და გაჩუმდა.

– ამის გამო ნუ ღელავთ! – ვუთხარი კიდევ დასაწყნარებლად.

...სიმართლე რომ ითქვას, კარგად მესმის, შეშფოთების მიზეზი რომ აქვს. Morphium Hidrochloricum-ი მართლაც საშიში რამ გახლავთ. ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა. მაგრამ მცირედი ჩვევა ხომ მორფინიზმი არ არის?..

...კაცმა რომ თქვას, ეს ქალი ერთადერთი ადამიანია, ვინც ჩემ მიმართ ნამდვილ ერთგულებას იჩენს. არსებითად, ჩემი ცოლი ეს უნდა იყოს. ის ქალი დამავიწყდა. დამავიწყდა. ამ ამბავს კი, ასეა თუ ისე, მორფს უნდა ვუმადლოდე...

1917 წლის 8 აპრილი.

ეს სატანჯველია.

9 აპრილი.

გაზაფხული შემზარავია. კოკაინი შუშაში ჩამძვრალი ეშმაკია. დიახ, შუშაში ჩამძვრალი ეშმაკი! მისი მოქმედება ორგვარია: 2%-იანი ხსნარის ერთ შპრიცს გაიკეთებ თუ არა, მყისვე სიმშვიდე გეუფლება, რასაც უმალვე აღტაცება და ნეტარება ენაცვლება. ეს მხოლოდ ერთი-ორ წუთს გასტანს, მერე ყოველივე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილიყოს, და გეუფლება ტკივილი, ძრწოლა, წყვდიადი. გაზაფხული კი გუგუნებს, შავი ფრინველები შიშველი ტოტებიდან ტოტებზე მიფრი-მოფრენენ, შორს ტყე ცისკენ შავად აჯაგრულა, ხოლო ტყის გადაღმა ცის ერთი მეოთხედი გაზაფხულის პირველ დაისს აულანძავს. ჩემი ბინის ცარიელ ოთახში კარიდან ფანჯრისკენ, ფანჯრიდან კარისკენ დიაგონალზე მივდი-მოვდივარ. რამდენჯერ უნდა წავიდ-წამოვიდე? თხუთმეტჯერ ან თექვსმეტჯერ, მეტჯერ – არა. მერე მივტრიალდები და საწოლ ოთახში შევალ. მარლაზე შპრიცი დევს, შპრიცის გვერდით შუშა. შპრიცს ვიღებ, დაჩხვლეტილ თეძოს იოდით დაუდევრად ვიწმენდ და კანში ნემსს ვირჭობ. ტკივილს სრულებით ვერ ვგრძნობ. ო, პირიქით: წინასწარ ვტკბები ეიფორიით, ახლა რომ უნდა დამეწყოს. მეწყება კიდევაც. ამას გარმონის ხმები მაუწყებს. გაზაფხულის დადგომით გახარებული ვლასი პარმაღზე ზის და გარმონს უკრავს. და, აი, გარმონის ნაგლეჯ-ნაგლეჯი ხმა, მინის იქიდან ყრუდ რომ მოისმოდა, ანგელოზთა ხმას ემგვანება, ხოლო გაბერილი ტყავის უხეში ბანები ციური ქოროსავით გაისმის. მაგრამ ორი წუთი გადის და სისხლში კოკაინი საიდუმლო კანონით, რაც ფარმაკოლოგიაში არსად არის აღწერილი, ახალ რაღაცად იქცევა. მე კი ვიცი, რომ ეს სატანისა და ჩემი სისხლის ნარევია. პარმაღზე მჯდომარე ვლასის მიმართ სიძულვილი მიპყრობს, დაისი მოუსვენრად თრთის და შიგნეულს მიდაღავს. დაბინდებამდე ეს რამდენჯერმე მეორდება და ბოლოს ვხვდები, რომ მოწამლული ვარ. გული ძგერას ისე მიწყებს, რომ ხელებსა და საფეთქლებში ვგრძნობ... მერე უფსკრულში ჩაინთქმება და დგება წამი, როცა მგონია, რომ ექიმი პოლიაკოვი სიცოცხლეს ვეღარ დაუბრუნდება...

13 აპრილი.

       მე, ბედკრული ექიმი პოლიაკოვი, ამა წლის თებერვალში მორფინიზმით დასნეულებული, ვაფრთხილებ ყველას, ვისაც ბედი ჩემნაირ ხვედრს არგუნებს, კოკაინით მორფის შეცვლას ნუ შეეცდება. კოკაინი უსაშინელესი და უმზაკვრესი საწამლავია. ანამ გუშინ ქაფურით ძლივს მომასულიერა, დღეს კი ცოცხალ-მკვდარი ვარ.

1917 წლის 6 მაისი.

       დიდი ხანია, დღიურისთვის ხელი არ მომიკიდია. დასანანი კია, სინამდვილეში ეს დღიური კი არა, ავადმყოფობის ისტორიაა და, როგორც ჩანს, ამქვეყნად ერთადერთი მეგობრის მიმართ (თუ ჩემს სევდიანსა და ხშირი ტირილით თვალებდასიებულ ანას არ ჩავთვლით) პროფესიული ლტოლვა მაქვს. მაშ ასე, თუ ავადმყოფობის ისტორიას ვადგენ, უნდა ჩავწერო: მორფს დღე-ღამეში ორჯერ ვიკეთებ: საღამოს 5 საათზე (სადილის შემდეგ) და ღამის 12 საათზე ძილის წინ. ხსნარი სამპროცენტიანია: ორი შპრიცი. მაშასადამე, ერთ ჯერზე 0,06-ს ვიკეთებ. გვარიანი დოზაა!

       ადრინდელი ჩანაწერები ცოტა ისტერიკულია. განსაკუთრებულად საშიში არაფერი მჭირს. ჩემს შრომისუნარიანობაზე ეს არავითარ ზეგავლენას არ ახდენს. პირიქით. მთელი დღე წინა დღეს განაკეთებით ვარსებობ. ოპერაციებს საუცხოოდ ვაკეთებ, რეცეპტებს ყურადღებით, წუნდაუდებლად ვწერ და ექიმის სინდისს ვფიცავ, ჩემს მორფინიზმს ჩემი პაციენტებისთვის არაფერი უვნია. ვიმედოვნებ, რომ არც ავნებს. მე სხვა რამ მაწამებს. სულ მეჩვენება, რომ ჩემს მანკს ვიღაც გაიგებს. პაციენტების მიღებისას ვგრძნობ, ჩემი ასისტენტ-ფერშალი ზურგიდან ჩაციებით, გამომცდელად რომ მაკვირდება და ეს ძალიან მიმძიმს.სისულელეა! ის ვერ მიხვდება. არაფერი გამთქვამს. თვალის გუგებმა მხოლოდ საღამოთი შეიძლება გამთქვას, საღამოთი კი ფერშალს არასოდეს ვხვდები. მაზრაში ჩავედი და ჩვენს აფთიაქს მორფის შემზარავი დანაკლისი შევუვსე. მაგრამ უსიამოვნო წუთების გადატანა იქაც მომიხდა. მოთხოვნილებაში განზრახ კიდევ სხვა ბევრი რაღაც-რაღაცა ჩავწერე, კოფეინის მსგავსი (თუმცა კოფეინი თავზე საყრელი გვქონდა). საწყობის გამგემ მოთხოვნილება გამომართვა და მითხრა: 40 გრამი მორფი? ვიგრძენი, რომ თვალებს მოწაფესავით ვმალავდი. ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი... იმან კი მითხრა: – ამდენი არა გვაქვს. ათ გრამს მოგცემთ. მართლაც არა ჰქონდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ჩემს საიდუმლოს ჩასწვდა. თვალებით მჩხრეკდა და მბურღავდა, ხოლო მე ვღელავდი და ვიტანჯებოდი.დიახ, თვალის გუგები, მხოლოდ თვალის გუგებია სახიფათო, ამიტომ წესად უნდა მქონდეს, საღამოთი არავის შევხვდე. თუმცაღა, საამისოდ ჩემს უბანზე შესაფერისი ადგილი მთელ ქვეყნიერებაზე არ მოიძებნება. ექვს თვეზე მეტია, ავადმყოფების გარდა აქ არავინ მინახავს. იმათ კი ჩემთვის არა სცხელათ.

18 მაისი.

       ჩახუთული ღამეა. გაავდრდება. ტყის გადაღმა მუცელგაბერილი შავი ღრუბელი იზრდება და იბოლქვება. უკვე მკრთალად იელვა. ავდარი იწყება. მაგიდაზე იმ ადგილას გადაშლილი წიგნი მიდევს, სადაც მორფისგან თავის შეკავების შესახებ ზოგი რამ წერია. „...უკიდურესი მოუსვენრობა, მშფოთვარება, სევდიანობა, აღგზნებადობა, მეხსიერების შესუსტება, ზოგჯერ ჰალუცინაციები და გონების მცირედი დაბინდვა...“ ჰალუცინაციები არ მქონია, მაგრამ სხვა რამეთა თაობაზე შემიძლია ვთქვა: ო, რა უღიმღამო, უსულგულო, რა არაფრის მთქმელი სიტყვებია!

„სევდიანობა“!..არა, მე, ამ საშინელი სენით დაავადებული კაცი, ექიმებს ვაფრთხილებ, რომ თავიანთი პაციენტების უფრო შემბრალენი იყვნენ. „სევდიანობა“ კი არა, ნელი სიკვდილი ემუქრება მორფინისტს, თუ მორფს ერთი ან ორი საათით მოაკლებთ. გაუგემურებულ ჰაერს ვეღარ ყლაპავს... სხეულში ერთი უჯრედიც აღარა აქვს, რომელსაც არ სწყუროდეს... რა? ამის არც განსაზღვრა შეიძლება, არც ახსნა. ერთი სიტყვით, კაცი აღარ არსებობს. გათიშულია. გვამი მოძრაობს, წუხს, იტანჯება. აღარაფერი უნდა, აღარაფერზე ფიქრობს გარდა მორფისა, მორფისა! წყურვილით სიკვდილი სამოთხეა, ნეტარებაა მორფის წყურვილთან შედარებით. ცოცხლად დამარხული ჰაერის უკანასკნელ, უმცირეს ნამცეცებს კუბოში, ალბათ, ასე ეტანება და მკერდს ფრჩხილებით იღადრავს, ერეტიკოსი კოცონზე ასე გმინავს და იგრიხება, როცა ცეცხლის პირველი ენები ფეხებს ულოკავს.

სიკვდილი – უსახური, ნელი სიკვდილი...

აი, რას ნიშნავს ეს სიტყვა – „სევდიანობა“. მეტი აღარ შემიძლია. ავდექი და ვიჩხვლიტე. ამოვისუნთქე. კიდევ ამოვისუნთქე. გულს მომეშვა. ცოტაც, ცოტაც... აი, გულის კოვზის ქვეშ უკვე სიგრილეს ვგრძნობ... 3%-იანი ხსნარის სამი შპრიცი. ეს შუაღამემდე მეყოფა... ლაყბობაა. ეს ჩანაწერი ლაყბობაა. ყოველივე არც ისე საშიშია. ადრე თუ გვიან, მივატოვებ!.. ახლა კი უნდა დავიძინო, დავიძინო.

მორფთან უაზრო ბრძოლით მხოლოდ თავს ვიტანჯავ და ვისუსტებ.

/ამის შემდეგ რვეულში ოციოდე ფურცელი ამოხეულია/

...მბერი.

...ვლავ გულისრევა ხუთის ნახევარზე.

როცა ცოტა მოვსულიერდები, საშინელ შთაბეჭდილებებს ჩავწერ.

1917 წლის 14 ნოემბერი.

       მაშ ასე, მოსკოვიდან, ექიმ... (გვარი გულმოდგინედ გადახაზულია) საავადმყოფოდან გამოქცევის შემდეგ კვლავ შინა ვარ. წვიმა კოკისპირულად ასხამს და მთელი ქვეყნიერება თვალთაგან მიქრება. დაე, გაქრეს. ეს ქვეყნიერება არა მჭირდება, ისევე როგორც ამქვეყნად თავად მე არავის ვჭირდები. სროლისა და გადატრიალების დროს ჯერ კიდევ საავადმყოფოში ვიყავი. მაგრამ მკურნალობის მიტოვებაზე ფიქრი ადრევე შემომეპარა და საავადმყოფოდან გაქცევა მოსკოვის ქუჩებში ბრძოლების დაწყებამდე გადავწყვიტე. მორფს ვუმადლი იმას, მამაცი რომ შევიქენი. სროლა ოდნავადაც არ მაშინებს. ანდა, საერთოდ, რამ უნდა შეაშინოს ის, ვინც მხოლოდ ერთ რამეზე – დიდებულ, ღვთიურ კრისტალებზე ფიქრობს. როცა ქვემეხთა გრუხუნისგან მთლად გაოგნებული ფერშალი ქალი...

/აქ ერთი ფურცელი ამოხეულია/

...ხიე ეს ფურცელი, რომ არავის წაეკითხა, დიპლომიანი კაცი მალულად, მხდალად როგორ მიიპარებოდა და საკუთარ კოსტიუმს იპარავდა.

კოსტიუმს კიდევ რა უშავს! საავადმყოფოს პერანგი გამოვიყოლე. ამაზე ფიქრისთვის აღარ მცხელოდა. მეორე დღეს, მას მერე, რაც ნემსი ვიჩხვლიტე და გამოვცოცხლდი, ექიმ №-თან დავბრუნდი. ექიმმა სიბრალულით შემომხედა, მაგრამ ამ სიბრალულში ზიზღიც გამოსჭვიოდა. მერედა, რატომ? ის ხომ ფსიქიატრია და უნდა იცოდეს, რომ თავს ყოველთვის ვერ ვიოკებ. მე სნეული ვარ. განა ამის გამო კაცის შეზიზღება შეიძლება? საავადმყოფოს პერანგი უკანვე დავაბრუნე.

– გმადლობთ, – მითხრა მან და მერე დაუმატა, – ახლა რას აპირებთ?

მე მკვირცხლად ვუპასუხე /ამ დროს ეიფორიაში ვიყავი/.

– გადავწყვიტე, ჩემს მიყრუებულ მხარეში დავბრუნდე, თანაც შვებულება უკვე დამიმთავრდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ მზრუნველობისთვის, ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. მკურნალობას შინ გავაგრძელებ.

– თქვენ თავს უკეთ ოდნავადაც არა გრძნობთ, – მიპასუხა პროფესორმა, – სასაცილოა, ამას მე რომ მეუბნებით. თვალის გუგებში ერთხელ რომ ჩაგხედოთ, ესეც ხომ საკმარისია. აბა, ამას ვის ეუბნებით?

– პროფესორო, ერთბაშად გადაჩვევა არ შემიძლია... განსაკუთრებით ახლა, როცა ასეთი ამბავია... სროლამ მთლად მომშალა.

– სროლა დამთავრდა. ამჟამად ახალი ხელისუფლებაა. დარჩით და მკურნალობა განაგრძეთ.იმწუთას ყველაფერი გამახსენდა... ცივი დერეფნები... ზეთის საღებავით შეღებილი, შიშველი კედლები... ხოლო მე ფეხმოტეხილი ძაღლივით დავფორთხავ... რაღაცას ველი... რას? ცხელ აბაზანას?.. 0,005 მორფის ჩხვლეტას. ასეთი დოზის წყალობით არ მოკვდები... ეს არის და ეს... სევდა კი უცვლელად გრჩება, გულს როგორც გიმძიმებდა, ისევე გიმძიმებს... უძილო ღამეები, როცა პერანგი შემოვიხიე და ვიხვეწებოდი, გამიშვით-მეთქი? არა. არა. მორფი თუ გამოიგონეთ, ღვთაებრივი მცენარის გამშრალი თავებიდან თუ გამოწურეთ, მაშ ხერხიც გამონახეთ, რომ სნეული უწამებლად განკურნოთ! თავი ჯიუტად გავაქნიე. ამ დროს იგი წამოდგა და მე კარისკენ შეშინებული გავექანე. მომეჩვენა, რომ კარს ჩამიკეტავდა და საავადმყოფოში ძალით დამტოვებდა...პროფესორი წამოჭარხლდა.

– მე ციხის ზედამხედველი არა ვარ, – თქვა გულმოსულმა, – და აქ საპატიმრო არა მაქვს, წყნარად იჯექით. ორი კვირის წინ ტრაბახობდით, სავსებით ნორმალური ვარო. ახლა კი... – მან ჩემი შიშის გამომხატველი ჟესტი გამომეტყველად გაიმეორა, – აქ არ გაკავებთ.

– პროფესორო, გემუდარებით, ხელწერილი დამიბრუნეთ, – ვუთხარი და ხმა შესაბრალისად ამითრთოლდა.

– ინებეთ.

მან მაგიდის უჯრაში გასაღები გააჩხაკუნა და ხელწერილი მომცა, სადაც ვწერდი, რომ მოვალე ვიყავი, ორთვიანი კურსი ბოლომდე ჩამეტარებინა, მათ საავადმყოფოში ჩემი დატოვება შეეძლოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვეულებრივი ფორმის ხელწერილი გახლდათ. ხელწერილი აკანკალებული ხელით გამოვართვი, ჯიბეში ჩავიდე და ჩავიბურტყუნე: – გმადლობთ.

მერე წამოვდექი და კარისკენ გავემართე.

– ექიმო პოლიაკოვო! – ხმა დამადევნა პროფესორმა. მე შევტრიალდი, ხელი კარის სახელურზე მეკიდა, – მისმინეთ, – მითხრა მან, – გონს მოდით. იცოდეთ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მაინც მოგიყვანენ, ვთქვათ, ცოტა მოგვიანებით... მაგრამ მაშინ გაცილებით უარესად იქნებით. მე, როგორც ექიმს, მაინც გიწევდით ანგარიშს. მერე კი სულიერად სავსებით განადგურებული მოხვალთ. ჩემო კარგო, სიმართლე გითხრათ, თქვენი მუშაობა საერთოდ არ შეიძლება. დანაშაულიც კია, თქვენი სამუშაო ადგილი რომ არ გავაფრთხილოთ. მე შევკრთი და აშკარად ვიგრძენი, რომ სახის ფერი დავკარგე (თუმცა ფერი ისედაც არა მქონდა).

– პროფესორო, გემუდარებით, – ვუთხარი ყრუ ხმით, – არავის არაფერი უთხრათ... სამსახურიდან დამითხოვენ... ავადმყოფს დამიძახებენ... ასე რატომ უნდა მომექცეთ?

– წადით, – მითხრა მან განაწყენებით, – წადით. არავის არაფერს ვეტყვი. თქვენ მაინც აქ დაგაბრუნებენ... მე წამოვედი და, გეფიცებით, მთელ გზაზე ტკივილისა და სირცხვილისაგან ვიკრუნჩხებოდი... რატომ?.. უბრალო რამის გამო. ჩემო მეგობარო, ჩემო ერთგულო დღიურო. შენ ხომ არ გამცემ? კოსტიუმი არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ საავადმყოფოში მორფი მოვიპარე. სამი კუბური სანტიმეტრი კრისტალები და ათი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი. მე მხოლოდ ეს არ მაინტერესებს. კიდევ, აი, რა. კარადის კარში გასაღები იყო ჩარჩენილი. გასაღები რომ არ ყოფილიყო? კარადას გავტეხდი თუ არა? ჰა? გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ. გავტეხდი. მაშ ასე, ექიმი პრლიაკოვი ქურდია. ამ ფურცლის ამოხევას მოვასწრებ. მუშაობის თაობაზე კი პროფესორმა გადაამლაშა. ჰო, მე დეგენერატი ვარ. ნამდვილად ასეა. ზნეობის განადგურება დამეწყო, მაგრამ მუშაობა შემიძლია და არც ერთ ჩემს პაციენტს არაფერს ვავნებ.

რატომ მოვიპარე? უბრალო მიზეზის გამო. ვიფიქრე, რომ ამ ბრძოლებისა და არეულობის გამო, რაც გადატრიალებამ გამოიწვია, მორფს ვერ ვიშოვიდი. მაგრამ როცა არეულობა მინელდა, გარეუბნის ერთ აფთიაქში თხუთმეტი გრამი ერთპროცენტიანი ხსნარი კიდევ ვიშოვე. აბა, ეს ჩემთვის რა იყო, ცხრა შპრიცი უნდა გამეკეთებინა! თანაც, თავის დამცირება დამჭირდა. ფარმაცევტმა ბეჭედი მომთხოვა, პირქუშად და ეჭვიანად მიყურებდა. სამაგიეროდ, მეორე დღეს, როცა ნორმაში გახლდით, სხვა აფთიაქში ოცი გრამი კრისტალები შეუფერხებლად მომცეს – რეცეპტი საავადმყოფოსთვის გამოვწერე (რა თქმა უნდა, რეცეპტში კოფეინი და ასპირინიც ჩავწერე). ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ვიმალებოდე, რად უნდა მეშინოდეს? მართლაც, შუბლზე ხომ არ მაწერია, მორფინისტი რომ ვარ? ბოლოს და ბოლოს, ვისი საქმეა?

       სენი ძალიან მაქვს გამჯდარი? მოწმედ ეს ჩანაწერებიც გამოდგება. მართალია, ჩანაწერები ნაწყვეტ-ნაწყვეტია, მაგრამ მე ხომ მწერალი არა ვარ! განა აქ სადმე გიჟური აზრებია? მე მგონი, სავსებით ჯანსაღად ვმსჯელობ.მორფინისტს ერთი ბედნიერება აქვს, რასაც ვერავინ წაართმევს, – მას შეუძლია, ცხოვრება სრულიად მარტოდმარტომ გაატაროს. სიმარტოვე კი საყურადღებო, მნიშვნელოვან აზრებს ბადებს, სიმარტოვე ჭვრეტაა, სიმშვიდეა, სიბრძნე.კუნაპეტი, მდუმარე ღამე მიედინება. სადღაც ფოთლებშემოძარცული ტყეა, ტყის გადაღმა მდინარე, სიცივე, შემოდგომა. შორს, შორს აჯაგრული, ბობოქარი მოსკოვია. მაგრამ მე არაფრის ჯავრი არა მაქვს, არაფერი მჭირდება, გული არსაით მიმიწევს.ჩემო ლამპავ, ანათე, წყნარად ანათე, მინდა დავისვენო და დავივიწყო, რაც მოსკოვში თავს გადამხდა.დავივიწყე კიდევაც.დავივიწყე.

18 ნოემბერი.

       სუსხმა დაჰკრა. გზები გაშრა. სახლიდან გავედი და მდინარისკენ ბილიკს გავუყევი, იმიტომ, რომ ჰაერზე არასოდეს ვარ.პიროვნების რღვევა – ეს უკვე აშკარაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, ეს თავიდან ავიცილო. მაგალითად, ამ დილას ნემსი არ გამიკეთებია (ახლა 4%-იანი ხსნარის სამ შპრიცს დღეში სამჯერ ვიკეთებ). უხერხულია. ანა მეცოდება. ყოველი ახალი % გულს უხეთქავს. მეცოდება,. ოჰ, როგორი ქალია.დიახ... აი, ასე... დიახ... ცუდად როცა შევიქენი, გადავწყვიტე, თავი გამეტანჯა (დაე, დატკბეს პროფესორი №), ჩხვლეტის დრო გადამეწია და მდინარეზე წავსულყავი.ნამდვილი უდაბნოა. ჩქამი არსაიდან მოისმის. ჯერ არ დაბინდებულა, მაგრამ ჩრდილები სადღაც არიან ჩამალულნი და ჭაობებში, კოლბოხებსა და ჯირკებს შორის მოღოღავენ... ლევკოვოს საავადმყოფოსკენ მოისწრაფიან... მეც ჯოხზე დაყრდნობილი მივღოღავ (სიმართლე რომ ვთქვა, ბოლო ხანს ცოტა დავსუსტდი).ჰოდა, ვხედავ, მდინარის მხრიდან, ფერდობზე, ჩემკენ სწრაფად მოფრინავს ყვითელთმიანი დედაბერი, ისე, რომ ფეხებს მიწაზე არ ადგამს. ჭრელი კაბა ზარივით გაუშლია... პირველ წუთს აზრზე ვერ მოვდივარ, არც შიშსა ვგრძნობ. ჩვეულებრივი დედაბერი მგონია. უცნაური კია, ამ სიცივეში თავშიშველი და კოფთის ამარა რატომაა? ამას გარდა, საიდან გაჩნდა? ვინ არის? ლევკოვოში მიღება რომ დამთავრდება და გლეხები ბოლო მარხილებით წავლენ-წამოვლენ, ირგვლივ ათ ვერსზე აღარავინაა – მხოლოდ ნისლი, ჭაობი და ტყეა! მერე კი უცებ ზურგი ცივმა ოფლმა დამისველა – მივხვდი! დედაბერი კი არ გამორბოდა, სწორედ მოფრინავდა, მიწას ფეხს არ აკარებდა. როგორია? მაგრამ იმიტომ კი არ ავყვირებულვარ, არამედ იმიტომ, რომ დედაბერს ხელში ფიწალი ეჭირა. ასე რატომ შევშინდი? რატომ? ცალ მუხლზე ჩავიჩოქე და ხელები წინ ისე გავიწოდე, რომ დედაბერი არ დამენახა, მერე შევტრიალდი და შინისკენ, როგორც მხსნელი ადგილისკენ, ისე გავიქეცი. აღარაფერი მსურდა იმის გარდა, რომ გული არ გამსკდომოდა, თბილ ოთახებში მალე შემერბინა, მალე დამენახა ცოცხალი ანა და მორფი...ჰოდა, შინ მივირბინე.სისულელეა. უაზრო ჰალუცინაცია. შემთხვევითი ჰალუცინაცია.

19 ნოემბერი.

       გული ამერია. ეს ცუდია.ჩემი საუბარი ანასთან 21-ში, ღამით: ანა. – ფერშალმა იცის.მე. – მართლა? ჩემთვის სულერთია.ანა. – თუ ქალაქში არ წახვალ, თავს ჩამოვიხრჩობ. გესმის? აბა, ხელებზე დაიხედე, აბა, დაიხედე.მე. – ოდნავ მიკანკალებს. ეს მუშაობაში ხელს სრულებით არ მიშლის.ანა. – დახედე. ხელებში სინათლე გაგდის. მარტო ძვალი და ტყავიღა ხარ... ნახე, ნახე, რას გიგავს... ყური მიგდე, სერიოჟა. ქალაქში წადი, გაფიცებ, წადი...მე. – შენ რაღას იზამ?ანა. – წადი. წადი, თორემ დაიღუპები.მე. – ეს კი გადაჭარბებულია. თუმცა, თავადაც ვერ გამიგია, ასე მალე რატომ დავსუსტდი? ჯერ ხომ ერთი წელიც არ არის, რაც ავადა ვარ. ეტყობა, ასეთი აგებულება მაქვს.ანა (მწუხარედ). – ამქვეყნად რა დაგაბრუნებს? იქნებ ამნერისმა გიშველოს – შენმა ცოლმა?მე. – ოჰ, არა. დამშვიდდი. მორფის მადლობელი ვარ, ის რომ დავივიწყე. მორფი იმის მაგიერია.ანა. – ღმერთო ჩემო... რა ვქნა?მეგონა, ანასნაირები მხოლოდ რომანებში იყვნენ. თუ როდისმე გამოვჯანმრთელდები, ჩემს ბედს სამუდამოდ, სამუდამოდ დავაკავშირებ მის ბედთან. დაე, მისი ქმარი გერმანიიდან აღარ დაბრუნდეს.

27 დეკემბერი.

       დიდი ხანია, რვეულისთვის ხელი აღარ მომიკიდია. შეფუთნილი ვარ. ცხენშებმული მარხილი მელოდება. ბომგარდი გორელოეს უბნიდან გადავიდა და მის შემცვლელად მგზავნიან. ჩემს უბანზე ექიმად ქალი ჩამოდის.ანა აქ რჩება. ჩემთან ჩამოვა ხოლმე.თუმცა იქამდე 30 ვერსია.გადავწყვიტეთ, რომ 1 იანვრიდან შვებულებას ავიღებ ავადმყოფობის გამო და მოსკოვში პროფესორთან წავალ. ხელწერილს კიდევ მივცემ, რათა საავადმყოფოში ერთ თვეს არაადამიანურად ვიტანჯო.მშვიდობით, ლევკოვო. ნახვამდის, ანა.

1918 წელი

იანვარი.

       მოსკოვში არ წავსულვარ. კრისტალებთან, ჩემს ღვთაებასთან განშორება არ შემიძლია.მკურნალობისას სული ამომხდება.სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ მკურნალობა არ მჭირდება.

15 იანვარი.

       დილით გული ამერია.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი შებინდებისას.4%-იანი ხსნარის სამი შპრიცი ღამით.

16 იანვარი.

       ოპერაციების დღეა, ამიტომ თავი დიდხანს უნდა შევიკავო, საღამოს 6 საათამდე.შებინდება ყველაზე საშინელი ჟამია. შინ როცა დავბრუნდი, ოთახიდან ხმა მომესმა. ვიღაც მონოტონურად, მუქარით იმეორებდა: – სერგეი ვასილიევიჩ, სერგეი ვასიელიევიჩ.ნემსის გაკეთების შემდეგ ყოველივე უმალ გაქრა.

17 იანვარი.

       ქარბუქია. მიღება არ არის. ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ და ფსიქიატრიის სახელმძღვანელოს ვკითხულობ. შთაბეჭდილება შემზარავია. დავიღუპე. იმედი აღარაფრისა უნდა მქონდეს.როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებ, ფაჩუნიც მაკრთობს, ხალხი მძულს – ადამიანებისა მეშინია. ეიფორიის დროს ყველა მიყვარს, მაგრამ მარტოობა მირჩევნია.აქ ფრთხილად უნდა ვიყო – გორელოეში ერთი ფერშალი და ორი მეანი ქალია. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყო, თავი რომ არ გავთქვა. უკვე გამოცდილი ვარ, არ გავთქვამ. სანამ მორფის მარაგი მაქვს, ვერავინ ვერაფერს შეიტყობს. ხსნარს თვითონ ვამზადებ, ანდა ანას წინასწარ ვუგზავნი რეცეპტს. ერთხელ მან სცადა (რაც უაზრო გახლდათ), ხუთპროცენტიანი ხსნარი ორპროცენტიანით შეეცვალა. ხსნარი ლევკოვოდან ყინვასა და ქარბუქში თვითონ ჩამოვიტანე.

       ამის გამო ღამით დიდი ჩხუბი გვქონდა. დავარწმუნე, რომ ეს არ უნდა ექნა. აქაურ პერსონალს განვუცხადე, რომ ავად ვიყავი. დიდხანს ვიჭყლეტდი ტვინს, რა სენი მომეგონებინა. ვთქვი, ფეხების რევმატიზმი და მძიმე ნევრასთენია მაქვს-მეთქი. გავაფრთხილე, რომ თებერვალში შვებულებას ავიღებდი და სამკურნალოდ მოსკოვში გავემგზავრებოდი. საქმე კარგად მიდის, მუშაობა სრულიად არ მიფერხდება. ოპერაციებს თავს ვარიდებ იმ დღეეში, როცა გულისრევა და სლოკინი ამიტყდება. ამის გამო ჩემს ავადმყოფობებს კუჭის კატარიც მივუმატე. ეჰ, ერთ ადამიანს რამდენი სენი შეიძლება სჭირდეს!აქაური პერსონალი ლმობიერია და თავად მაძალებს, შვებულებაში წავიდე.სენის გარეგნული ნიშნები: სიგამხდრე, სახე – ცვილისფერი.აბაზანა მივიღე და საავადმყოფოს სასწორზე ავიწონე. შარშან 4 ფუთს ვიწონიდი, ახლა 3 ფუთსა და 15 გირვანქას ვიწონი. სასწორის ისარს რომ შევხედე, შევშინდი. მერე შიშმა გამიარა. მკლავები და თეძოები ჩირქოვანი მუწუკებითა მაქვს დაფარული. ხსნარს სტერილურად ვერ ვამზადებ, ამას გარდა, სამჯერ გამოუხარშავი შპრიცი ვიჩხვლიტე, რადგან გამგზავრების წინ ძალიან ვჩქარობდი.ასეთი რამ არ შეიძლება.

18 იანვარი.

       ასეთი ჰალუცინაცია მქონდა: ჩაშავებულ ფანჯარაში ვიღაც ფერმკრთალ ადამიანთა გამოჩენას ველოდი. ამის ატანა შეუძლებელია. ფანჯარაზე მხოლოდ ერთი ფარდაა ჩამოფარებული. საავადმყოფოდან მარლა წამოვიღე და ჩამოვაფარე. მიზეზად ვერაფერი მოვიგონე.ჯანდაბას ყველაფერი! ბოლოს და ბოლოს, ჩემს ყოველ მოქმედებას მიზეზი რატომ უნდა ვუძებნო და რამე მოვიგონო? ეს მართლაც სიცოცხლე კი არა, წამებაა!ჩემს აზრებს დალაგებით გამოვთქვამ?მე მგონი, დალაგებით.სიცოცხლე? სასაცილოა!

19 იანვარი.

       დღეს, როცა მიღებისას შესვენება გვქონდა, აფთიაქში პაპიროსს ვეწეოდით. ფერშალი ფხვნილებს ახვევდა და თან (რატომღაც სიცილით) მიყვებოდა, ერთ ფერშალ ქალს მორფინიზმი სჭირდა და როცა მორფს ვერსად იშოვიდა, ნახევარ ჭიქა ოპიუმის ნაყენს სვამდაო. მისი მონათხრობისაგან გავწამდი, თვალები სად დამემალა, აღარ ვიცოდი. აქ სასაცილო რა არის? გულში მის მიმართ სიძულვილს ვგრძნობდი. სასაცილო რა იყო? რა? აფთიაქიდან ქურდულად გავიპარე.მინდოდა, მეკითხა, ეს ავადმყოფობა სასაცილო რატომ გგონიათ-მეთქი?მაგრამ თავი შევიკავე, შევიკ...ჩემს დღეში მყოფმა კაცმა დიდგულობა მაინცდამაინც არ უნდა გამოავლინოს. ოჰ, ეს ფერშალი. ესაც იმ ფსიქიატრივით სასტიკია, ვისაც არაფრით, არაფრით, არაფრით შეუძლია, ავადმყოფს დაეხმაროს. არაფრით.არაფრით. წინა სტრიქონები იმ დროს არის დაწერილი, როცა ჩხვლეტისგან თავს ვიკავებდი, და იქ ბევრი რამ არასამართლიანია. ახლა მთვარიანი ღამეა. გულისრევის შემოტევის შემდეგ დასუსტებული ვწევარ. ხელს მაღლა ვერ ვწევ და ამ სტრიქონებს ფანქრით ვწერ. ვწერ ნათლად და ამაყად. რამდენიმე საათს ბედნიერი ვიქნები. ახლა დავიძინებ. შარავანდედიანი მთვარე თავს მადგას. ჩხვლეტის მერე აღარაფერი მაშინებს.

1 თებერვალი.

       ანა ჩამოვიდა. გაყვითლებულია, ავადაა. სული ამოვხადე, სიკვდილის პირას მივიყვანე. დიდი ცოდვა მაწევს. შევფიცე, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მოსკოვს გავემგზავრები. შევასრულებ კი? დიახ, შევასრულებ.თუ ცოცხალი ვიქნები.

3 თებერვალი.

       მაშ ასე: ბორცვი, ყინულოვანი და უსასრულო, ისეთივე, საიდანაც ბავშვობის დროინდელ ზღაპარში კაი მარხილმა გაიტაცა. ეს ამ ბორცვიდან ჩემი უკანასკნელი გაფრენაა და ვიცი, ქვემოთ რაც მელის. ეჰ, ანა, დიდი მწუხარება მოგელის მალე, თუკი გიყვარდი.

11 თებერვალი.

       გადავწყვიტე, ბომგარდს მივწერო. რატომ მაინცდამაინც იმას? იმიტომ, რომ ფსიქიატრი არ არის, ახალგაზრდაა და უნივერსიტეტელი ამხანაგია. ჯანმრთელია, ძლიერი, მაგრამ ლმობიერია, თუ არ ვცდები, ასეთი მახსოვს. იქნებ თანამიგრძნოს. რაიმეს მოიფიქრებს. იქნებ მოსკოვში იმან წამიყვანოს. მასთან თავად რომ წავიდე, ამას ვერ შევძლებ. შვებულება უკვე ავიღე. ვწევარ. საავადმყოფოში აღარ დავდივარ. ფერშალს ცილი დავწამე. მერე რა მოხდა, რომ იცინოდა. მომინახულა. დახმარება შემომთავაზა. უარი ვუთხარი. უარის მიზეზი არ მიძებნია. აღარ მინდა, რამე მოვიგონო. ბომგარდს წერილი გავუგზავნე. ადამიანებო, არავინ მიშველით?! ეს პათეტიკური შეძახილია. ვინმე თუ წაიკითხავს, იფიქრებს, სიყალბეაო, მაგრამ ამას არავინ წაიკითხავს.

       სანამ ბომგარდს წერილს მივწერდი, ვიხსენებდი, რაც თავს გადამხდა. განსაკუთრებით დამიდგა თვალწინ მოსკოვის ვაგზალი ნოემბერში, როცა მოსკოვიდან გამოვრბოდი. რა საშინელი საღამო იყო. მოპარულ მორფს საპირფარეშოში ვიკეთებდი... როგორ გავიტანჯე. კარს ანჯღრევდნენ, მიყვიროდნენ, მლანძღავდნენ, ამდენ ხანს მანდ რას უზიხარო. კაკვი ხტოდა, კარი ლამის იღებოდა... ძირმაგარები მას მერე მაქვს. წუხელ, როცა ეს გავიხსენე, ავტირდი. 12 თებერვლის ღამე. ისევ ავტირ... ღამით ეს სისუსტე და სისაძაგლე რას მოასწავებს? 1918 წლის 13 თებერვლის განთიადი გორელოეში.შემიძლია, ჩემს თავს მოვულოცო. უკვე თოთხმეტი საათია, ნემსი არ მიჩხვლეტია! თოთხმეტი! ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია. მქრქალად, თეთრად ირიჟრაჟა. ნუთუ ახლა მთლად გამოვჯანმრთელდები. დალაგებით თუ ვიმსჯელებთ, არც ბომგარდი მჭირდება და არც სხვა ვინმე. სამარცხვინო იქნება, თუ სიცოცხლეს თუნდაც ერთი წუთით გავიხანგრძლივებ. ასეთი სიცოცხლე რა საჭიროა? წამალი ხომ ხელთა მაქვს. აქამდე რატომ ვერ მივხვდი? მაშ საქმეს შევუდგეთ. არავის ვალში არა ვარ. მხოლოდ თავი დავიღუპე. ანაც დავღუპე, მაგრამ აღარაფერი შემიძლია. დრო განკურნავს, როგორც მღეროდა ამნერ. იმასთან ყველაფერი, რა თქმა უნდა, უბრალოდ, იოლად ჩაივლის. რვეულს კი ბომგარდს ვუტოვებ. მორჩა...“

V

       სერგეი პოლიაკოვის ჩანაწერები შორეულ პატარა ქალაქში 1918 წლის 14 თებერვალს გათენებისას წავიკითხე. ეს ჩანაწერები ახლა მთლიანად და უცვლელად თქვენ წინაშეა. ფსიქიატრი არ გახლავართ და დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ყურადსაღებია, საჭიროა თუ არა? მე მგონი, საჭიროა. ახლა, როცა ათი წელი გავიდა, სიბრალულმა და შიშმა, რაც ამ ჩანაწერებმა მომგვარა, რა თქმა უნდა, გამიარა. ეს ბუნებრივია, მაგრამ ხელახლა გადავიკითხე და ახლაც დავინტერესდი, როცა პოლიაკოვის სხეული დიდი ხნის ჩაფერფლილია, ხოლო მისი ხსოვნა დიდი ხნის გამქრალია. შესაძლოა, ეს ჩანაწერები საჭიროა? გავბედავ და ამ კითხვას დადებითად ვუპასუხებ. ანა კ. 1922 წელს პარტახტიანი ტიფით მოკვდა იმავე საავადმყოფოში, სადაც მუშაობდა. ამნერისი – პოლიაკოვის პირველი ცოლი უცხოეთშია და იქიდან აღარ დაბრუნდება. ნაჩუქარი ჩანაწერები შემიძლია თუ არა, დავბეჭდო?შემიძლია. ვბეჭდავ. ექიმი ბომგარდი.

1927 წლის შემოდგომა.

 

ნახვა: 3984

გამოხმაურებები!

მთავარია რომ "ყოფილა")))

სკოლის მოწაფე ვიყავი,პირველად რომ გავეცანი ბულგაკოვის ამ ნაწარმოებს. საბჭოთა პერიოდი იყო...და ახლა სიამოვნებით მახსენდება ხაზის ადიოს ვეძახდით ახალგაზრდები მაშინ, ყველა ოჯახსი იყო ეს რადიოხაზი გამოყვანილი.სკოლის გაკვეთილების შემდეგ თავპირისმტვრევით მოვრბოდით ხოლმე სახლში,რომ შუადღის 1-2 საათიდან საღამოს 5-6 საათამდე მიგვესწრო რადიოსპექტაკლებისთვის.....ეს იყო სპექტაკლი,მთელი თავისი სერიოზულობით,სპექტაკლი დაუნახავად.საოცარი დადგმები იყო....და მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი კორიფეები თეატრიდან მონაწილეობდნენ ამ რადიოსპექტაკლებში. "მორფი"-ისეთი მძაფრი იყო ამ ნაწარმოების მოსმენით მიღებული შეგრძნებები,რომ დღესაც მახსოვს...დიდი სიამოვნებით გადავიკითხე კიდევ ...მადლობა. აუცილებლად უნდა მოუსმინოთ ახალგაზრდებმა ამ სპექტაკლს(სხვებსაც...:).....)მთავარ როლს,ექიმ პოლიაკოვს, ასრულებს მსახიობი ჩხიკვიშვილი. მაგარი შესრულებით. ვისაც არ გახსოვთ ეს ბრწყინვალე აქტიორი,ნახეთ მისი ადრეული სპექტაკლიც "დარაბებს მიღმა გაზაფხულია".......შეიძლება ოქროს ფონდში ზემოხსენებული რადიოსპექტაკლიც მოძებნოთ!......საოცარი დრო იყო ეს გადაცემები ჩვენთის: მსოფლიო (გარდა ქართველებისა) მნიშვნელობის ნაწარმოებებს ვეცნობოდით ამ რადიოგადაცემებით. დღეს ახალგაზრდებს კითხვა უზომოდ ეზარებათ....მაშინაც იყო კითხვისადმი უარყოფითად განწყობილი ხალხი(მაგრამ არა ასეთი რაოდენობით),თუმცა ეს ,სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის სენია....

აქ რეალური მხოლოდ ტანჯვა იყო

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters