← დასაწყისი

ივნისი.
   გუშინ დილით გავიგეთ, რომ ორ წარჩინებულ სტუმარს - მადმუაზელ დე ტერმსა და გრაფ დე მაიბუას კლამსიში გაევლოთ. სტუმრები ქალაქში არ შეჩერებულან, პირდაპირ ანუას ციხე-დარბაზში ჩასულან, სადაც სამი თუ ოთხი კვირა უნდა დარჩენილიყვნენ. ჩვეულების თანახმად, მრჩეველთა საბჭომ გადაწყვიტა, მეორე დღესვე ორი კეთილშობილი ჩიტუნიასთვის დელეგაცია წარეგზავნა და ქალაქის სახელით მშვიდობით ჩამოსვლა მიელოცა. (თითქოს დიდი სასწაული მოხდა, თუ რომელიმე ასეთი ცხოველი თბილად და ნებიერად რბილი ეტლით ისე ჩამობრძანდება პარიზიდან ნევერში, რომ გზა არ აერევა, მშვიდობიანად გაივლის ტყე-ველს და კისერს არ მოიტეხს.) გარდა ამისა, აქაური წესის თანახმად საბჭომ გადაწყვიტა სტუმრების პირის ჩასაკოკლოზინებლად მოლოცვებისათვის დაერთო გემრიელი ნამცხვრები, ჩვენი სიამაყე, დიდი დაშაქრული ბისკვიტები, რითაც განთქმულია ჩვენი ქალაქი (ჩემმა სიძემ, საზრიანმა ფლორიმონმა ოცდათექვსმეტი ბისკვიტი მოიტანა; საბჭოს წევრებს ოცდაოთხი ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ფლორიმონიც მრჩეველია და ყველაფერში ხელგაშლილი. თექვსმეტ სოლად ერთ ნამცხვარს ჰყიდის: კარგ ხეირს ნახავს, ფულს კი ქალაქი გადაიხდის). და საბოლოოდ რომ მოეხიბლათ მათი ყველა გრძნობა და იმიტომაც, რომ ნათქვამია, მუსიკა მადას აორკეცებსო (მე კი, როცა ვჭამ, მუსიკა ფეხებზე მკიდია, მითხარით, გეთაყვა, ჭამის დროს მუსიკა რა თავში მიხლია), დაავალეს ოთხ ვაი-მუსიკოსს, ორ ჰობოის, ორ ვიოლინოს და კიდევ ერთ მედოლეს, ქალაქის დელეგაციას გაჰყოლოდნენ და ნამცხვრების ჩაცეცხვლისას თავის ჯაბახანებზე ციხე-დარბაზის სტუმრებისათვის სერენადა დაეკრათ.
   მეც ჩემი სალამურით დაუპატიჟებლად შევუერთდი კამპანიას. განა შემეძლო ახალი სიფათების ნახვის შემთხვევა გამეშვა, ისიც მაშინ, როცა საქმე კარის ფრინველებს ეხებოდა (სამეფო კარის და არა საქათმის, მოწმე იყავით). რა ვქნა, მიყვარს მათ ნაზი ბუმბული, მათი ტიტინი, მიყვარს, ფრთებს რომ იპრიალებენ, დარბაისლურად დაბრძანდებიან, ამაყად იცქირებიან, კურტუმოებს იქნევენ, ცხვირაბზეკილი უთავბოლოდ წრიალებენ, ფრთებს თავმომწონედ აქნევენ, და მერე, მეფის კარიდან იქნებიან თუ სხვა მხარიდან, თუ ახალი რამ მოაქვთ, ჩემთვის ყოველთვის საამონი არიან. პანდორის შვილი ვარ, მიყვარს ყველა ქოთნის, ყველა სულის სარქველის მოხდა, სუფთისა და ბინძურის, გამხდრისა თუ მსუქნის, კეთილშობილისა თუ მდაბიოსი, მიყვარს სხვის გულში ქექვა, გაგება, რა ხდება შიგ, მიყვარს ჩარევა საქმეში, რომელიც არ მეკითხება, ყველგან ცხვირის ჩაყოფა, ყველაფრის დაყნოსვა, დაჭაშნიკება. ცნობისმოყვარეობისათვის გამამათრახონ, ყაბულსა ვარ; მაგრამ (არხეინად ბრძანდებოდეთ!) სასიამოვნო სასარგებლოს არ მავიწყებს და რაკი ანუას ბატონისათვის ჩემს სახელოსნოში ორი ჩუქურთმიანი პანო მქონდა, შემთხვევით ვისარგებლე და (ფული არ მიღირდა და რა მენაღვლებოდა) ერთ-ერთ იმ ფორანზე დავდე, სადაც წარგზავნილები, მუსიკოსები და მოშაქრული ბისკვიტები იყო. წამოვიყვანე ჩემი გლოდიც, ფლორიმონის ასული, ფორნით რომ გვესარგებლა (შემთხვევა მოგვეცა) და უფასოდ გაგვესეირნა; მეორე მრჩეველს ბიჭუნა მოჰყვა. მეაფთიაქემ ფორანი სიროფებით, ნაყენებით, თაფლით და მურაბებით აავსო. სტუმრებს მიართმევდა თავისი სახელით, ფულს კი ქალაქი კლამსი გადაიხდიდა. უნდა გამოგიტყდეთ, ჩემს სიძეს ეს არ მოეწონა, ამბობდა, ეს ჩვენს ადათებს არ შეეფერება და თუ ყველა ოსტატი: მეფურნე, მეჯღანე, ყასაბი და დალაქი მეაფთიაქეს მიჰბაძავს, დააქცევენ ქალაქსა და მოქალაქეებსო. ფლორიმონი არ ტყუოდა, მაგრამ მეაფთიაქეც მრჩეველი იყო და მის სიტყვასაც წინ ვერავინ დაუდგებოდა. ერთნი ქმნიან კანონებს, მეორენი ემორჩილებიან.
   ორი ფორნით გავემგზავრეთ: ქალაქის თავი, საჩუქრები, ბავშვები, პანოები, ოთხი მუსიკოსი და ოთხი მრჩეველი. მე ფეხით მივდიოდი. ფორნით ხბო მიჰყავთ სასაკლაოზე, ანდა დედაბრები ბაზრობაზე, ასეთი მგზავრობა ხეიბრების საქმეა. სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე კარგი ამინდი იდგა. ცა მოქუფრული იყო, საავდროდ გამზადებული, თუმცა აპოლონის მგზნებარე მრგვალი თვალი მცხუნვარე ისრებს გვესროდა კეფაში. გზაზე ბუზებისა და მტვრის კორიანტელი იდგა; მაგრამ ფლორიმონის გარდა, რომელიც ლამაზი ქალივით უფრთხილდებოდა თავის თეთრ კანს, ყველა კმაყოფილი იყო. გაზიარებული წყენა თითქმის ლხენაა.
   სანამ წმინდა მარტინას კოშკი ჩანდა, ყველა ამ წარჩინებულ ბატონს დარბაისლური იერი ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ქალაქის თვალს მოვშორდით, ყველას შუბლი გაეხსნა, მერე ქურთუკები გაიძრეს და პერანგების ამარა დარჩნენ ჩემსავით. ჯერ გადაკრული სიტყვებით გავუმასპინძლდით ერთმანეთს, (ჩვენებური წესია, მადა რომ გაგეხსნას), შემდეგ ერთმა წამოიწყო სიმღერა, მას მეორე აჰყვა და მე ვფიქრობ, მაპატიეთ, თუ ვცდები, თვით ქალაქის თავმა წამოიწყო კუპლეტი. მე სალამური ავაკვნესე, სხვებიც ამყვნენ. უეცრად ჩვენს სიმღერას და ჰობოების ჰანგებს გამოეყო გლოდის წკრიალა ხმა. ვით ბეღურა მაღლა ფრენდა, ჭიკჭიკებდა და თან სტვენდა.
   აუჩქარებლად მივდიოდით. ჯაგლაგები აღმართზე ჩერდებოდნენ, სულს ითქვამდნენ და სასკორეთი ბათქა-ბუთქი გაჰქონდათ. გზა რომ განგვეგრძო, მათი მუსიკის დამთავრებას ვუცდიდით. ბუაშოს აღმართს რომ მივადექით, ჩვენმა ნოტარიუსმა მეტრ პიერ დელავომ გვითხრა (უარს ვერ ვეტყოდით, ერთადერთი მრჩეველი იყო, რომელსაც არაფერი უთხოვია), გზად ერთ ჩემს კლიენტთან შევიაროთ, ანდერძის დაწერა მთხოვაო. გავყევით, მაგრამ დიდხანს მოუნდა; ჩვენი ფლორიმონი აჰყვა მეაფთიაქეს და დაიწყო წუწუნი: ეს რასა ჰგავსო, შენი როგორ უნდა გერჩიოს ჩემსასო. მაგრამ მეტრ პიერ დელავომ აუჩქარებლად დაამთავრა თავისი საქმე და მეაფთიაქემ ნებსით თუ უნებლიედ, წყენით თუ სიხარულით გადაყლაპა ეს.
   გზა რამ დალია და სიარულმაო. ბოლოს მივედით კიდეც. ჩვენი ჩიტუნები სუფრიდან დგებოდნენ, როდესაც ძღვენი შევუტანეთ. მოლა მოკვდა და საფლავში ფლავი ჩააყარესო; რა გაეწყობოდა, კლავ მაგიდას მიუსხდნენ. ჩიტუნები ხომ სულ იკენკებიან. როგორც კი ციხე-დარბაზს მივუახლოვდით, საბჭოს ვაჟბატონები შედგნენ, რომ ჩაეცვათ მზისგან გულმოდგინედ დამალული ლამაზი, თვალისმომჭრელი, გულის გამხარებელი საზეიმო სამოსი მწვანე აბრეშუმისა - ქალაქის თავისთვის, ღია ყვითელი შალისა - ოთხი ძმაკაცისთვის; ასე გეგონებოდათ, ერთი კიტრი და ოთხი გოგრააო. ჩვენ ინსტრუმენტებზე დაკვრით შევედით. ხმაურზე უსაქმო მსახურებმა ფანჯრიდან თავები გადმოყვეს. ჩვენი ოთხი შალოსანი და ერთიც აბრეშუმოსანი ავიდნენ პარმაღზე, რომლის კარებში გამოჩნდა ორი ნაოჭიანი საყელო (კარგად ვერ ვხედავდი) და ბაბთებით შემკული, ცხვრებივით დახუჭუჭებული წყვილი თავი („სახარე ხბოს სასკორეზე შეეტყობაო“). ჩვენ კი, მუსიკოსები და გაგრიები, შუა ეზოში ვიდექით. ამ სიშორიდან არ შემეძლო გამეგო ის ლამაზი სიტყვა, რომელიც ჩვენმა ნოტარიუსმა ლათინურად წაიკითხა: მაგრამ თავი იმით ვინუგეშე, რომ მგონია, თავის ნათქვამს მხოლოდ თვითონ მეტრ პიერი უსმენდა. სამაგიეროდ პაწაწინა გლოდის ცქერით დავტკბი; როდესაც ჩემი კრავი პატარა ნაბიჯებით კიბის საფეხურებზე ადიოდა, გეგონებოდათ, პატარა წმინდა მარიამი ტაძარში შეჰყავთო. მუცელზე მიეკრა ბისკვიტებით სავსე კალათა, რომელიც ნიკაპამდე სწვდებოდა. არც ერთი ბისკვიტი არ დავარდნია; გულში მაგრად ჩაეხუტებინა ამ მსუნაგ ეშმაკუნას, საყვარელ ფისუნიას... ღმერთო! მზად ვიყავი, გადამეყლაპა.
  ბავშვის მომხიბვლელობა ნამდვილი მუსიკაა და უფრო მეტად სწვდება გულს, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ვუკრავდით. ზვიადი კაციც, ის მადლიანი, თვითონაც ბავშვი ხდება, ერთი წუთით ავიწყდება სიამაყე და მაღალი წოდება. მადმუაზელ დე ტერმმა ალერსიანად გაუღიმა გლოდის, აკოცა, მუხლებზე დაისვა, ნიკაპზე ხელი მოუცაცუნა, ერთი ბისკვიტი ორად გატეხა და უთხრა: „გავიყოთ, დააღე შენი ნისკარტი...“ და უფრო დიდი მრგვალ ღუმელში ჩაუდო. მე კი, გახარებულმა, მთელი ძალით ვიყვირე: - გაუმარჯოს ნევერის ლამაზ და კეთილ ყვავილს! და ჩემს სალამურზე ჰერი, ჰერი, დავუკარი მხიარული მისამღერი, რომელმაც მერცხლის წკრიალა ჭიკჭიკით გააპო ჰაერი. ყველა სიცილით ჩემკენ მობრუნდა. გლოდიმ ტაში დაუკრა და იყვირა: - პაპა! პაპული!
   ბატონი დ’ანუა მეძახის: - ეს ჩვენი პამპულა ბრონიონია...
(მიცნობს ეგ ცუღლუტი, მიცნობს ვინცა ვარ, თვითონაც არ არის ჩემზე ნაკლები პამპულა) მანიშნებს, ჩემთან მოდიო. ჩემი სალამურით მივდივარ, მკვირცხლად ავდივარ და ვესალმები...
(თაყვანისცემა, სიტყვები ზრდილი აამებს ბატონს და არც ღირს ძვირი). ყველას მოწიწებით ვუკრავ თავს, ვესალმები მარჯვნივ, ვესალმები მარცხნივ, წინ და უკან, კაცსა და ქალს; მორიდებით ვათვალიერებ და ვცდილობ შემოვუარო ზარის ფორმის ფართე კაბაში გამოკიდებულ ქალიშვილს (იტყოდით სარეკელააო); სამოსელს ვხდი (რასაკვირველია, მხოლოდ ფიქრით) და ვიცინი, რომ კვლავ ვხედავ პატარას და შიშველს, ჭინჭებში დაკარგულს. მაღალი იყო, ტანადი, შავგვრემანი. კანი პუდრით გაეთეთრებინა; ლალივით მბრწყინავი და მუქი თვალები ჰქონდა, პატარა, მსუნაგი, ქექია გოჭის ცხვირი, მსუქანი, წითელი, საკოცნელად საამო ტუჩები. ღაწვებზე ხუჭუჭა ზილფები ეყარა. რომ დამინახა, მოწყალედ მითხრა: - თქვენია ეს მშვენიერი პატარა ბავშვი?
   ეშმაკურად ვუპასუხე: - აბა, ჩვენ რა ვიცით, ქალბატონო? აი ეს ბატონი ჩემი სიძე გახლავთ. ამაზე პასუხი მან უნდა გაგცეთ. მე თავდებად ვერ დავუდგები. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენი საუნჯეა და არავინ გვეცილება. ფულივით ხელიდან არ გვტაცებენ. ხომ გაგიგიათ, „შვილი ღარიბის დოვლათიაო“. მოწყალება მიიღო, გაიღიმა, ბატონიშვილმა დ’ანუამ კი გადაიხარხარა. ფლორიმონმაც გაიცინა, მაგრამ მწარედ. მე სერიოზულად მეჭირა თავი. თავს ვისულელებდი, მაშინ საყელოჩანაოჭებულმა კაცმა და ზარის ფორმის კაბიანმა ქალბატონმა კეთილინებეს და გულმოწყალებით მკითხეს (ეგონათ მესაზანდრე ვიყავი), თუ რას მაძლევდა ჩემი ხელობა. და მეც მართალი ვუთხარი: - თითქმის არაფერს...
   მაგრამ რას ვაკეთებდი, ეს კი არ მითქვამს. ან რად უნდა მეთქვა? ამას არავინ მეკითხებოდა. მე ველოდებოდი, ყველაფრის ნახვა მსურდა, ვერთობოდი. სასეიროდ მიმაჩნია ის მოურიდებელი და ცერემონიული ქედმაღლობა, რომლითაც ეს ლამაზი და მდიდარი ვაჟბატონები მიმართავენ ხოლმე ჩემისთანა ხელმოკლე და ღარიბ კაცს. ასე გეგონებათ, ჭკუას ასწავლიანო. ღარიბი ხომ ბავშვივითაა, ჭკუა-გონება არ გააჩნია... და მერე (ამას არ ამბობენ, მაგრამ ფიქრობენ) ეს მისივე ბრალია: ღმერთმა დასაჯა, ასეც მოუხდება, იკურთხოს უფალი.
   თითქოს იქ არც ვყოფილიყავი, მაიბუამ უთხრა ქალბატონს: - ვინაიდან საქმე არაფერი გვაქვს, ეს საბრალო კაცი გამოვიყენოთ, ქალბატონო; ცოტა ჩერჩეტი ჩანს, აქეთ-იქით დაეთრევა, სალამურს აკვნესებს: უთუოდ იცნობს სამიკიტნოების ხალხს, გვეტყვის რას ფიქრობს პროვინცია, თუკი საერთოდ...
- ჩუ!
- ... თუკი საერთოდ ფიქრი შეუძლია.
და მეკითხებიან: - გვითხარი, კეთილო, რას ფიქრობენ აქაურები?
- რას ფიქრობენ? - ვიმეორებ გამოთაყვანებული, თან თვალს ვუკრავ ჩემს ჩაგოდრებულ ბატონ დ’ანუას, რომელიც თავის წვერს ეალერსება, ჩუმ-ჩუმად იცინის და ხელს არ მიშლის ვიპამპულო და ვაპამპულო..
- როგორც ვხედავ, საერთოდ აზრზე ხელმოკლედ ყოფილხართ პროვინციაში, - ირონიულად განაგრძობდა მაიბუა.- მე მინდა გკითხო, ჩემო კეთილო, თუ რას ფიქრობენ, რა სწამთ. კარგი კათოლიკები და მეფის ერთგულნი თუ არიან. ვეუბნები: - დიდ არს უფალი და მეფეც მეტად დიდია. ორივე ძალიან გვიყვარს.
- პრინცებზე რაღას ფიქრობენ?
- ისინი დიდი ბატონები არიან.
- მაშ, მათი მომხრე ხარ?
- დიახ, ბატონიშვილო, დიახ.
- და კონჩინის წინააღმდეგნი?
- მისი მომხრეც ვართ, ბატონიშვილო.
- როგორ, დალახვროს ეშმაკმა, როგორ! პრინცები და კონჩინი ხომ მტრები არიან?
- არ უარვყოფ... შეიძლება, ასეც იყოს... ჩვენ ორივეს მომხრეები ვართ.
- ღმერთო ჩემო, ეგრე არ იქნება, ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ!
- განა აუცილებელია, ბატონო? არ შეიძლება არჩევანს თავი დავაღწიოთ? მაშ, იყოს ნება თქვენი. მაინც ვისი მომხრე ვართ?.. ამას ერთ უმთვარო ორშაბათს მოგახსენებთ, ბატონო, მანამდე კი ფიქრი მჭირდება.
- კი მაგრამ, რაღას ელოდები?
- რასა, ბატონო და, ხომ უნდა გავიგო, ვინ უფრო ძლიერია?
- არამზადავ, არა გრცხვენია? ნუთუ არ შეგიძლია ერთმანეთისაგან გაარჩიო დღე და ღამე, მეფე და მისი მტრები?
- აბა, საიდან, მეტისმეტსა მთხოვთ, ბატონო. დღე რომ არის, ამას კარგად ვხედავ, ბრმა როდი ვარ; მაგრამ თუ აუცილებელია არჩევანი მეფის ხალხსა და ბატონ პრინცების ხალხს შორის, გამოგიტყდებით, ვერ ვიტყოდი, რომელი სვამს უკეთ, ან რომელს მოაქვს მეტი ზარალი. მათზე ცუდს არაფერს ვამბობ! მადა კარგი აქვთ; ეს მათ ჯანმრთელობაზე მეტყველებს. თქვენც ჯანმრთელობას გისურვებთ. მომწონს სმა-ჭამის მოყვარული ხალხი, სიამოვნებით მივბაძავდი ჭამაში; მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისეთი მეგობრები მირჩევნია, რომლებიც ჩემთან კი არა, სხვებთან ჭამენ.
- მაშ, არაფერი გიყვარს, ყურუმსაღო?
- როგორ არა, ბატონიშვილო, მიყვარს ჩემი ავლა-დიდება.
- არ შეგიძლია შენს ბატონს, მეფეს, შესწირო, რაც გაგაჩნია?
- თუ სხვა გზა არ მაქვს, როგორ არა, ბატონიშვილო, თუმცა მინდა გავიგო, რომ არ ყოფილიყო ჩვენს საფრანგეთში ჩემისთანა ხალხი, ვისაც უყვარს თავისი ვენახი და მინდორი, რას დალევდა ან რა სუფრას გაშლიდა მეფე ბატონი? ყველას თავისი ხელობა აქვს. ერთნი ჭამენ, სხვები... სხვებს ჭამენ. ასეთია უფლის ნება, პოლიტიკა არის ჭამის ხელოვნება. საბრალო ხალხი პოლიტიკას რა თავში ვიხლით? თქვენი იყოს პოლიტიკა, ჩვენი იყოს მიწა! განსჯა რა ჩვენი საქმეა. უბირი ხალხი ვართ. აბა, ჩვენ სხვა რა ვიცით, თუ არა მამა-ადამისებურად მიწის დამაკება. ამბობენ, თქვენი მამაც იყოო, მაგრამ მე არ მჯერა. უკაცრავად... მამა არა და, ბიძაშვილი თუ იქნებოდა.

   ჰოდა, აბა სხვა რა ვიცით, მიწის დამაკების გარდა, რომ უფრო ბარაქიანი გავხადოთ იგი, ჩვენ მიწის თხრა ვიცით, ხვნა, თესვა შვრიისა, მოყვანა ხორბლისა, დასხვლა და მყნობა ვაზისა, მკა და ცელვა, ძნების შეკვრა, ხორბლის ლეწვა, ყურძნის დაწურვა, ღვინის დაყენება, პურის გამტკიცება-გამოცხობა, შეშის დაპობა, ქვის გამოთლა, მაუდის გამოჭრა, ტყავის გამოყვანა, რკინის ჭედვა, კერვა, დურგლობა, არხების და გზების გაყვანა, ქალაქებისა და ტაძრების აგება და შენება, მიწის გულზე სამკაულად ლამაზი ბაღების მორგება, ხის კედლებზე, პანოებზე სინათლის მომხიბვლელობის აყვავილ-აფერადება, შიშველ-ტიტველ და მშვენიერ სხეულებზე შემოკრული ქვის სამოსის გახდა, ან ჰაერში მოლივლივე ხმების დაჭერა და მკვნესარე ვიოლინოს მუქოქროსფერ მკერდში ან ჩემ მილაკ სალამურში მათი დატყვევება, რათა გავხდეთ ბატონები საფრანგეთის მიწისა, ცეცხლისა, ჰაერისა და წყლისა, ოთხი ელემენტისა, რომ ისინი ვამსახუროთ თქვენს სიამოვნებას... აბა, ამის მეტი რა ვიცით, ანდა რა გაგვეგება. როგორ გავკადნიერდებით, რომ ვიფიქროთ, რამე გვესმისო საზოგადო საქმეებში, თავადების დავაში, მეფის წმინდა განზრახვებში, პოლიტიკასა და სხვა მეტაფიზიკაში? თავს ზემოთ ძალა არ არის, ჩემო ბატონო, ჩვენ საცემრად გაჩენილი საპალნის ცხოველები ვართ, გეთანხმებით! მაგრამ თუ რომელიმე მუშტი გვირჩევნია, ან ჩვენი ზურგისთვის რომელი ხელკეტი უფრო რბილია... ამის გადაწყვეტა მეტად ძნელია ჩემი ბებერი, უტვინო თავისთვის! მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს. რომ გიპასუხოთ, ხელში ორივე კეტი უნდა მქონოდა, ამეწონ-დამეწონა ერთიცა და მეორეც; სხვის ზურგზედაც გამომეცადა. მანამდე კი მოთმინება სჯობს. ჩვენი დროც მოვა. ითმინე გრდემლო, ითმინე სანამ გრდემლი ხარ; დაჰკარ, როდესაც ურო გახდები...
გრაფი იჭვნეულად მიყურებდა, ცხვირს იჭმუხნიდა, არ იცოდა, რა ექნა, ეცინა თუ გაბრაზებულიყო.

   ამ დროს მისი ამალიდან ერთმა მესაჭურვლემ, რომელსაც ჩვენს განსვენებულ კეთილ ნევერის ჰერცოგთან ვენახე, უთხრა: - ბატონიშვილო, კარგად ვიცნობ ამ ახირებულს, კარგი მუშაა, საუცხოო დურგალი, დიდი ლაზღანდარა და ხელობით მოქანდაკეა. ეტყობა კეთილშობილ ვაჟბატონს არც ამ სიტყვებმა შეუცვალა ბრონიონზე შეხედულება; ოდნავი ყურადღება ჩემი სუსტი პიროვნებისადმი მხოლოდ მაშინ გამოიჩინა (ჩემო ბავშვებო, „სუსტს“ თავმდაბლობით ვამბობ, სინამდვილეში ერთ მიუდზე ცოტათი ნაკლებს ვიწონი), როდესაც მესაჭურვლისა და მასპინძელ ბატონ დ’ანუასაგან გაიგო, ესა თუ ის პრინცი მის ნამუშევარს დიდად აფასებსო. მაშინ კი მოვიდა აღტაცებაში, როდესაც ეზოში გაიყვანეს და ჩემს მიერ გამოქანდაკებული სარაჯი უჩვენეს: კაბააკეცილ გოგოს წინსაფარში ორი ნისკარტდაღებული, ფრთებგაშლილი და აფორიაქებული იხვი უზის. შემდეგ ციხე-დარბაზში ჩემი ავეჯი და პანოები ნახა. იფხორებოდა ბატონი დ’ანუა. სულელები არიან მდიდრები: რაკი ფული გადაუხდიათ, ჰგონიათ, ნამუშევარიც მათია!.. მაიბუამ, ჩემთვის პატივი რომ დაედო, თავი გამოიდო, დიდად გაიკვირვა და გაიოცა, ამ მიყრუებულ მხარეში რად რჩები, ისე შორს დიდ პარიზელ ხელოვანთაგანო. შენს ნახელავშიც მხოლოდ მოთმინება და ჭეშმარიტება ჩანს, მოგონილი არაფერია, არავითარი გამჭრიახობა, აღმაფრენა, დაკვირვება, იდეა, სიმბოლო, ალეგორია, ფილოსოფია, მითოლოგია, ერთი სიტყვით არაფერია ისეთი, რაც მცოდნე კაცს ეუბნება, რომ ეს დიდი სკულპტურაა (ყოველ დიდ ბატონს მხოლოდ დიდი რამ მოსწონს).
   მორიდებით ვუპასუხე (თავმდაბალი და მიამიტი ვარ), ვიცი ჩემი ფასი, საერთოდ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს-მეთქი, ჩემისთანა საბრალო კაცი, ვისაც თავის დღეში არაფერი უნახავს, არაფერი გაუგონია, არაფერი იცის, თუ ჭკვიანია, პარნასის ქვედა ქანდარაზე უნდა დარჩეს, სადაც ერიდებიან დიდ, ფართო და ამაღლებულ ჩანაფიქრებს. და თუ გონიერია, მოარიდებს ზარდაცემულ თვალებს მწვერვალს, სადაც ღვთიური რაშის ფრთები მოჩანს და მთის ძირში თხრის კარიერს, რომლის ქვები სახლისათვის გამოადგება, სიღატაკისაგან გონებაშეზღუდული ქმნის და ასახავს მხოლოდ იმას, რაც ყოველდღიური საჭიროებისათვისაა გამოსადეგი. გამოყენებითი ხელოვნება - აი, მისი ხვედრი.
- გამოყენებითი ხელოვნება! ეს ორი სიტყვა ცუდად ჟღერს ერთად, - ლამაზი მხოლოდ ისაა, რაც უსარგებლოა.
- დიდებული სიტყვაა, ბატონიშვილო! სიმართლე სრული და თანაც ბრძნული! - დავეთანხმე მე. - ყველგან, ხელოვნებაშიც და ცხოვრებაშიც, არაფერია ისე წარმტაცი, როგორც ალმასი, მეფე, თავადი, კეთილშობილი ანდა ყვავილი. მაიბუა კმაყოფილი დარჩა. ბატონმა დ’ანუამ განზე გამიხმო და ყურში წამჩურჩულა: - შეჩვენებულო მასხარავ! ხალხის გაპამპულებას მორჩი თუ არა? ჰო, თავი მოიკატუნე, პირი დააღე, უცოდველო ბატკანო, კარგად გიცნობ, რაცა ბრძანდები. ნუ ფიცავ-მეთქი! ეს პარიზელი პრანჭია კი, მიდი შვილოსა, აპამპულე, რამდენიც გინდა! გული არ დამწყდება, მაგრამ თუ ოდესმე ჩემზე თავდასხმაც განიზრახე... ფრთხილად, კოლა, წინ იყურე, არ გამიხდე საპანჩურე. აღვშფოთდი: - ბატონიშვილო! მაგას რად ბრძანებთ. განა მე ძალმიძს თავს დავესხა თქვენს ბრწყინვალებას? ჩემს კეთილისმყოფელს! ჩემს მფარველს! განა შეიძლება ბრონიონს, კოლას, მიაწერონ ასეთი სულმდაბლობა?.. სულმდაბლობა კიდევ ჰო, მაგრამ სისულელე, სივირე? არა, გეთაყვა, სხვებისათვის დამილოცნია. ეს ჩვენ არ გვახასიათებს. დიდი მადლობა, ბატონიშვილო, ჩემი ტყავი ძალიან მიყვარს, ამიტომ პატივსა ვცემ ყველას, ვინც იცის, თუ როგორ უნდა უკარნახოს სხვას, რომ პატივი სცეს მას. ბატონიშვილო, თქვენ არამც თუ ჩემზე ძლიერი ხართ (ეს უდავოა), ჩემზე ეშმაკიც ბრძანდებით. აბა, თქვენთან რა სახსენებელი ვარ. ჰე! ჰე! ჰე! მე ხომ სასახლეში მჯდომ დიდ მელასთან შედარებით პატარა მელაკუდა ვარ. რამდენი ოინია თქვენს ქიშელაში, რამდენი ჩაგისვამთ შიგ გიჟები და ფრთხილები, ჭაბუკები და მოხუცები.
   ბატონ დ’ანუას სახე გაებადრა. კაცს ყველაზე მეტად მაშინ აამებ, როცა ისეთ ტალანტს უქებ, რომლის ნატამალიც არ გააჩნია.
- კეთილი, კეთილი, ბატონო ლაზღანდარავ. ჩემს ქიშელას მოვეშვათ, სჯობს შენსას ჩავხედოთ, ვნახოთ, რა მოგაქვს; ეჭვი არ არის, უმიზეზოდ არ ამოსულხარ.
- აი, აი, აკი ვამბობდი, კიდეც მიმიხვდით! არა არის რა თქვენთვის დაფარული, მამაზეციერივით კითხულობთ გულებში.
ვუჩვენე ჩემი ორი პანო და ერთი იტალიელი მხატვრის ნამუშევარი (ფორტუნა ბორბალზე, ოდესღაც მანტუში რომ მქონდა ნაყიდი), რომელიც ბებერმა ქარაფშუტამ (ღმერთმანი, არც კი ვიცი როგორ) ჩემს ნახელავად გავასაღე. თითქოს მომიწონეს კიდეც... შემდეგ (აირია მონასტერი) ერთი ჩემი ნამუშევარი ვუჩვენე (ქალწულის სახიანი მედალიონი) და ვუთხარი (ღმერთმა შემინდოს, ეს უნებური სიცრუე), იტალიური არის-მეთქი. გაიკვირვეს, აღტაცებაში მოვიდნენ, მოიწონეს, ატყდა ერთი ჰაი-ჰუი. დადნენ აღფრთოვანებისაგან. მაიბუამ, აღტაცებისაგან პირი რომ დააღო, განაცხადა, ნათლად ჩანს ლათინური ცისა და ღმერთების - იესო ნაზარეველისა და იუპიტერ ოლიმპიელის მიერ ორგზის ნაკურთხი მიწის ანარეკლიო. ბატონმა დ’ანუამ კი, რომელიც სიხარულისაგან ხვიხვინებდა, დამითვალა ოცდათექვსმეტი დუკატი მასში და მხოლოდ სამი დანარჩენ სამში.

*

   საღამოს უკან გამოვბრუნდი. გზაში თანამგზავრებს გასართობად ჰერცოგ დე ბელგარდის ამბავი ვუამბე. ბატონი ჰერცოგი კლამსიში ფრინველზე სანადიროდ ჩამობრძანდა. ისეთი ბეცი იყო, ისეთი ბეცი, რომ ოთხ ნაბიჯზე ვერაფერს ხედავდა. მე ნაბრძანები მქონდა, როდესაც ის თოფს გაისვრიდა, ძირს ჩამომეგდო ხისგან გამოთლილი ჩიტი და მერე მარჯვედ და სწრაფად მის მაგივრად გულგანგმირული ნამდვილი ფრინველი მომერბენინებინა. ბევრი იცინეს. შემდეგ ყველამ წამოაყრანტალა სასაცილო ამბები ჩვენს ბატონებზე... კეთილი ბატონები! ო, რომ იცოდნენ, რა სასაცილონი არიან, როდესაც თავიანთ დიდებულებაში მეფურად მოიწყენენ ხოლმე.
გადავწყვიტე მედალიონის ამბავი შემომენახა და მხოლოდ შინ, ჩემიანებისთვის მეამბნა. ფლორიმონმა რომ გაიგო, მწარედ მისაყვედურა, ასე იაფად რად გაყიდე შენად გასაღებული იტალიური ნამუშევარი, თუკი ისე მოეწონათ და გულუხვადაც გადაგიხადეს შენს ნამუშევარში, იტალიურად რომ გაასაღეო. ვუპასუხე, ხალხის მასხრად აგდება მსურდა, მათი გაყვლეფა კი არა-მეთქი. ფლორიმონი არ ცხრებოდა, გაბრაზებული მეკითხებოდა, რა ჯანდაბად გინდოდა საკუთარ ხარჯზე გართობა, ანდა ხალხის დაცინვას რა თავში იხლი, თუკი სარგებელს არ ნახავო.
   მაშინ ჩემმა მარტინამ რჩევა მისცა: - გეყოს, ფლორიმონ, კმარა; ჩვენს ოჯახში ყველანი ასეთები ვართ - დიდიან პატარიანად, სიტყვამახვილი, მუდამ კმაყოფილი, მხიარული. ვიცინით ამბებზე, ერთმანეთს რომ ვუამბობთ; მაშ, ნუ წუწუნებ, ჩემო კარგო, რადგან ამას უნდა უმადლოდე, რქადასმული რომ არა ხარ! იმის გაფიქრებაც კი, რომ შემიძლია, როდესაც მინდა რქები დაგადგა, ისე მართობს, რომ ამის ჩადენის სურვილიც აღარა მაქვს... ცხვირ-პირი ნუ ჩამოგტირის! ნურაფერს ნანობ! ისე იგულისხმე, თითქოს ნამდვილად რქიანი იყო. ლოკოკინავ, დამალე რქები, დამალე-მეთქი! მათ აჩრდილს ვხედავ.

*გაგრძელება*

ნახვა: 1285

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters