Qwelly, literature, ქველი, ლიტერატურა, ნოველა, მოთხრობები, პროსპერ_მერიმე

← დასაწყისი

*

      დონ გარსია მონტილური ღვინის უკანასკნელ ბოთლს ათავებდა, როცა ფერმკრთალი, სისხლით შესვრილი, ტანისამოსჩამოხეული და საყელოგადაღეღილი დონ ჟუანი ოთახში შეიჭრა და სავარძელზე დაეცა, ისე რომ სუნთქვა შეკრული ჰქონდა და სიტყვის წარმოთქმა უძნელდებოდა. დონ გარსია მიხვდა, რომ მას რაღაც საშინელი ამბავი შემთხვეოდა. აცალა, სანამ დონ ჟუანი სულს მოითქვამდა და ამბავი გამოჰკითხა; დონ ჟუანმა ორიოდე სიტყვით უამბო ყოველივე. დონ გარსია იშვიათად ჰკარგავდა თავის ჩვეულებრივ სულიერ სიმშვიდეს და წარბის შეუხრელად მოისმინა მეგობრის მიერ ნაწყვეტ-ნაწყვეტად გადმოცემული ამბავი. შემდეგ ჭიქა აავსო და შესთავაზა: – დალიე, მოგიხდება. ეს ცუდი ამბავია, - დაუმატა მან და თვითონაც გადაჰკრა, - მიჯნურის მამის მოკვლა ხუმრობა როდია... მართალია, ამის მაგალითები ბევრი ვიცით, თუნდ სიდის ისტორიიდან რომ დავიწყოთ. კიდევ უარესია ის, რომ თქვენ არ გყავთ ხუთასი ბიძაშვილი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, რომელნიც განსვენებულის ნათესავებსა და სალამანკას მოისართაგან დაგიცავენ... ჯერ უფრო საჩქარო საქმე მოვაგვაროთ.

      მან ორჯერ თუ სამჯერ ნაბიჯით გაზომა ოთახი, თითქოს აზრებს იკრეფდა.

      – სალამანკაში დარჩენა ასეთი განსაცდელის შემდეგ სიგიჟე იქნებოდა, - თქვა მან. - დონ ალონზო დე ოხედა უბრალო აზნაური არ არის, ამას გარდა, მსახურებმა თქვენ ალბათ გიცნეს. მაგრამ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, რომ არ უცვნიხართ; თქვენ უნივერსიტეტში უკვე ისეთი ბრწყინვალე სახელი გაქვთ მოპოვებული, რომ დაუყოვნებლივ მოგაწერენ ყოველ საეგებისო ბოროტმოქმედებას. დამიჯერეთ, რომ უნდა გაიქცეთ და რაც ადრე გაიქცევით, მით უკეთესია. თქვენ აქ სამჯერ უფრო დიდი მეცნიერი გახდით, ვიდრე კეთილშობილი ოჯახის შვილს შეფერება. თავი დაანებეთ სიბრძნის ღმერთქალ მინევრას და ცოტათი ბედი სცადეთ ომის ღმერთ მარსთან; იქ მეტს მიაღწევთ, იმიტომ რომ ნიჭი შეგწევთ. ფლანდრიაში ომია, წავიდეთ და ერეტიკოსები დავხოცოთ; ამ ქვეყანაში ეს საუკეთესო საშუალებაა ცოდვების გამოსასყიდად. ამინ! მე ვათავებ ქადაგებას.

      ფლანდრიის გახსენებამ თილისმასავით იმოქმედა დონ ჟუანზე. მას ეგონა, თუ ესპანეთს დასტოვებდა, თავის თავსაც გაექცეოდა, ომის მიერ გამოწვეულ დაღლილობასა და ხიფათში თითქო დრო არ დარჩენოდა სინდისის ქენჯნისთვის!

      – ფლანდრიისაკენ, ფლანდრიისაკენ! - წამოიძახა მან: - წავიდეთ და მტერს თავი შევაკლათ ფლანდრიაში.

      – სალამანკიდან ბრიუსელამდე დიდი მანძილია, - დაიწყო ხელახლა სერიოზულად დონ გარსიამ: - თქვენს მდგომარეობაში კი ძნელია ნაჩქარევად გამგზავრება. იცოდეთ, თუ ქალაქის მოურავმა შეგიპყროთ, ვერსად ვეღარ იბრძოლებთ, თუ არა მისი უდიდებულესობის კატარღაზე.

      რამდენიმე წუთის თათბირის შემდეგ დონ ჟუანმა საჩქაროდ გაიხადა სტუდენტური ტანსაცმელი, ჩაიცვა ამოქარგული ტყავის კურტაკი, რომელსაც მაშინ მხედრები ატარებდნენ, დაიხურა ფართო ჩამოფხატული ქუდი, ხოლო სარტყელში იმდენი ოქრო ჩაიკერა, რამდენის მიცემაც შეეძლო დონ გარსიას. მთელი ეს სამზადისი მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. იგი გზას გაუდგა ქვეითად; ქალაქიდან გავიდა ისე, რომ არავის უცვნია. იარა მთელი ღამე და მეორე დღის შუადღემდე, სანამ მზის სიცხემ არ შეაჩერა. პირველივე ქალაქში ცხენი იყიდა, შემდეგ მოგზაურების ქარავანს შეუერთდა და უხიფათოდ მიაღწია სარაგოსას. იქ რამდენიმე დღეს კარასკოს სახელით. დონ გარსია მეორე დღეს გავიდა სალამანკიდან და სხვა გზით დაეწია სარაგოსაში. იქ დიდხანს არ დარჩენილან. საჩქაროდ ილოცეს სვეტის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სადაც თვალი გადაავლეს არაგონელ კეკლუცებს, შემდეგ თითო-თითო მსახური დაიქირავეს და ბარსელონაში მივიდნენ; იქ ჩასხდნენ ხომალდში, რომელიც ჩივიტა-ვეკიაში მიდიოდა. დაღლილობამ, ზღვის ავადმყოფობამ, ახალი ქვეყნების ნახვამ და თანდაყოლილმა თავქარიანობამ ერთად ხელი შეუწყო დონ ჟუანს, რომ ჩქარა დაევიწყებინა საშინელი თავგადასავალი. რამდენიმე თვის განმავლობაში იმ სიამოვნებამ, რაიცა ორივე მეგობარმა იტალიაში ჰპოვა, ააცდინა ისინი მოგზაურობის უმთავრეს მიზანს; მაგრამ რადგან ფული შემოაკლდათ, შეუერთდნენ თავიანთ თანამემამულეებს, რომელნიც მათსავით მამაცები და უფულონი იყვნენ, და გზას გაუდგნენ გერმანიისაკენ.

      ბრიუსელში მისვლისთანავე თითოეული მხედარი ეწერებოდა იმ მეთაურის რაზმში, რომელიც მას მოსწონდა. ორივე მეგობარს უნდოდა საომარი გაწვრთნა მიეღო კაპიტან დონ მანუელ გომარეს ხელმძღვანელობით, ერთი იმიტომ, რომ იგი ანდალუზიელი იყო, მეორეც კიდევ იმიტომ, რომ ჯარისკაცებისაგან არაფერს მოითხოვდა გარდა სიმამაცისა და თოფის მოვლისა; სხვაფრივ დისციპლინას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. კაპიტანს მეტად მოეწონა მათი ვაჟკაცური გარეგნობა და გამოიყენა ისინი გემოვნების მიხედვით, ე.ი. ყველაზე სახიფათო ადგილებში აგზავნიდა. ბედმა მეგობრებს გაუღიმა და იქ, სადაც მრავალმა მათმა ამხანაგმა სიკვდილი ჰპოვა, ისინი არც კი დაჭრილან, ხოლო მათი ვაჟკაცობა შემჩნეულ იქნა გენერლების მიერ, ორივემ წარმატების ნიშანი მიიღო ერთსა და იმავე დღეს. ისინი დარწმუნდნენ, რომ უფროსების პატივისცემა და მეგობრობა არ მოაკლდებოდათ, აღიარეს თავიანთი ნამდვილი სახელი და გვარი და ჩვეულებრივი ცხოვრება დაიწყეს, ე.ი. დღისით თამაშობდნენ ან სვამდნენ, ხოლო ღამით სერენადებს უმღეროდნენ იმ ქალაქის ულამაზეს ქალებს, სადაც ზამთარში იყვნენ დაბანაკებულნი. მშობლებისაგან პატიება მიიღეს, რამაც ისინი ნაკლებ ააღელვა, აგრეთვე ფულის ჩეკები ანტვერპენის ბანკირების სახელზე, რაც უფრო სასიამოვნოდ ეჩვენათ; კარგადაც გამოიყენეს. ახალგაზრდობის, სიმდიდრის, ვაჟკაცობისა და გამბედაობის წყალობით მრავალი გამარჯვება მოიპოვეს. აღარ შევჩერდები ამის ჩამოთვლაზე; მკითხველისათვის საკმაოა იცოდეს, რომ როცა ლამაზ ქალს ამჩნევდნენ, არაფერს ერიდებოდნენ მის მოსანადირებლად. აღთქმა, ფიცი სრულიად არაფრად უღირდათ ამ უღირს მოაშიკეებს, ხოლო თუ ძმები ან ქმრები თავს გამოიდებდნენ, საპასუხოდ მზად ჰქონდათ გალესილი მახვილი და ულმობელი გული.

      გაზაფხულზე ომი განახლდა.

      ერთ შეჯახებაში, რომელიც ესპანელების მარცხით დამთავრდა, კაპიტანი გომარე სასიკვდილოდ დაიჭრა. დონ ჟუანმა დაინახა, რომ იგი წაიქცა, მიეშველა და ჯარისკაცებს დაუძახა, რათა ბრძოლის ველიდან გაეტანათ, მაგრამ მხნე კაპიტანმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და უთხრა: – მაცალეთ აქ სიკვდილი, მე ვგრძნობ, რომ ჩემი აღსასრული მოახლოებულია. რა განსხვავებაა აქ მოვკვდები, თუ ნახევარი ლიეს მანძილზე აქედან? მოუარეთ თქვენს ჯარისკაცებს, მათ ბევრი საქმე აქვთ გასაკეთებელი. როგორც ვხედავ, ჰოლანდიელები დიდი ძალებით გვიტევენ. ბიჭებო, - მიმართა მან ჯარისკაცებს, რომელნიც გარს შემორტყმოდნენ, - შემჭიდროვდით თქვენი დროშების გარშემო და ჩემთვის ნუღარ სწუხართ.

      ამ დროს დონ გარსიაც მოვიდა და შეეკითხა, ხომ არაფერს დაგვავალებთ სიკვდილის შემდეგ შესასრულებლადო.

      – რა ეშმაკი უნდა დაგავალოთ ასეთ წუთში?.. - იგი ჩაფიქრდა. - მე არასოდეს ბევრი არ მიფიქრია სიკვდილზე, არც მეგონა, რომ ასე ახლო იყო.. კარგი იქნებოდა, გვერდით მღვდელი მყოლოდა.. მაგრამ ჩვენი ბერები უკან არიან, საალაფო ურემთან... მძიმე კია სიკვდილი აღსარების უთქმელად.

      – აი ჩემი ლოცვანი, - უთხრა დონ გარსიამ და მათარით ღვინო მიაწოდა. - შესვით და გამხნევდით.

      მოხუცი მხედრის თვალები ნელ-ნელა იმღვრეოდა. მან ვერ გაიგონა დონ გარსიას ხუმრობა, მაგრამ ხნიერი ჯარისკაცები, რომელნიც იქ იდგნენ, აღშფოთდნენ.

      – შვილო დონ ჟუან, - თქვა მომაკვდავმა, - მომიახლოვდით. ჩემს მემკვიდრედ გნიშნავთ. გამომართვით ეს ქისა, შიგ მთელი ჩემი ქონებაა; უმჯობესია თქვენ დაგრჩეთ, ვიდრე ჰოლანდიელ ერეტიკოსებს. ჩემი ერთადერთი თხოვნაა, რამდენჯერმე აწირვინო ჩემი სულის განსასვენებლად.

      იმ დროს, როცა დონ ჟუანი მომაკვდავს ხელს ართმევდა აღთქმის ნიშნად, დონ გარსია თავის მეგობარს უხსნიდა, რა განსხვავებაა ადამიანის აზრებში სიკვდილის წინ და გაწყობილ სუფრასთან ჯდომის დროს. მაგრამ ტყვიამ გაიზუზუნა და ჰოლანდიელების მოახლოება აუწყა. ჯარისკაცები დაირაზმნენ. ყველანი საჩქაროდ გამოეთხოვნენ კაპიტან გომარეს და მთელი გულისყური წესიერად უკან დახევის საქმეს მიაპყრეს. ეს საკმაოდ ძნელი იყო მტრის სიმრავლის, ტალახიანი გზებისა და ჯარისკაცების დაღლილობის გამო. მაგრამ ჰოლანდიელებმა მაინც ვერ შეძლეს მათი მომწყვდევა და საღამოს შეაჩერეს დევნა, ისე რომ არც ერთი დროშა არ ჩავარდნიათ ხელში და არც ერთი ჯარისკაცი არ დაუტყვევებიათ, რომელიც დაჭრილი არ ყოფილიყოს.

      საღამოს ორივე მეგობარი ამხანაგებთან ერთად კარავში ისხდნენ და დღისით მომხდარი შეტაკების შესახებ საუბრობდნენ, საყოველთაოდ დაგმობილ იქნა სარდლის განკარგულებანი და მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილებანი უკვე მომხდარი მარცხის შემდეგ. შემდეგ მიცვალებულებსა და დაჭრილებზე ჩამოვარდა ლაპარაკი.

      – რაც შეეხება კაპიტან გომარეს, - თქვა დონ ჟუანმა, - მე დიდხანს ვინანებ მის დაკარგვას. იგი მამაცი მეთაური და კარგი მეგობარი იყო და ნამდვილ მამობას უწევდა თავის ჯარისკაცებს.

      – მართალია, - თქვა დონ გარსიამ: - მაგრამ უნდა გამოვტყდე, რომ არასოდეს არაფერს ისე არ გავუკვირვებივარ, როგორც მის შეწუხებას რომ მახლობლად შავანაფორიანი ვინმე არ აღმოჩნდა. ეს მხოლოდ ამტკიცებს, რომ უფრო ადვილია ვაჟკაცობის გამოჩენა სიტყვით, ვიდრე მოქმედებით. ზოგიერთი დასცინის შორეულ ხიფათს და თრთის, როცა იგი მოახლოვდებოდა. მართლა, დონ ჟუან, თქვენ ხომ მისი მემკვიდრე ხართ, გვითხარით, რა აღმოჩნდა მის ქისაში?

      დონ ჟუანმა ქისა მაშინ პირველად გახსნა და დაინახა, რომ იქ დაახლოებით სამოცი ეკიუ იყო.

      – რაკი თანხა გვქონია, - თქვა დონ გარსიამ, რომელიც შეჩვეული იყო მეგობრის ქისა თავის საკუთრად მიეჩნია, - განა უმჯობესი არ იქნება ფარაონის პარტია ვითამაშოთ, ვიდრე ცრემლები ვაფრქვიოთ მიცვალებულ მეგობრებზე?

      წინადადება ყველას ჭკუაში დაუჯდა; მოიტანეს რამდენიმე დოლი და წამოსასხამი გადააფარეს. ეს იყო სათამაშო მაგიდა. დონ გარსიას რჩევით, პირველად დონ ჟუანმა ითამაშა; მაგრამ დაწყებამდე ათი ეკიუ ამოიღო, ცხვირსახოცში გაახვია და ჯიბეში ჩაიდო.

      – რა ეშმაკს უნახავ ამ ფულს? - წამოიძახა დონ გარსიამ, - ვის გაუგონია ჯარისკაცის მოლარეობა! და ისიც ბრძოლის წინა დღით!

      – თქვენ იცით, დონ გარსია, რომ ეს ფული მთლად ჩემი არ არის: დონ მანუელმა იგი პირობით მიანდერძა.

      – ჭირმა გაწყვიტოს სულელი ხალხი! - წამოიძახა დონ გარსიამ. - ეშმაკის კერძი ვიყო, თუ ამ ყმაწვილს განზრახული არ ჰქონდეს ამ ათი ეკიუს მიცემა რომელიმე ვიგინდარა ხუცესისათვის.

      – რატომაც არა? მე ხომ პირობა დავდე.

      – ხმა გაკმინდეთ, ვფიცავ მაჰმადის წვერს, რომ თქვენი საქციელის მრცხვენია და ვეღარც გცნობთ!

      თამაში დაიწყო: პირველად ბედი ცვალებადი იყო; მაგრამ ჩქარა მან ზურგი იბრუნა დონ ჟუანის წინააღმდეგ.

      დონ გარსია ამაოდ შეეცვალა თავის მეგობარს; ერთი საათის განმავლობაში მთელი მათი ფული და კაპიტან გომარეს ორმოცდაათი ეკიუ ქაღალდის დამრიგებლის ხელში გადავიდა. დონ ჟუანს უნდოდა დასაძინებლად წასულიყო; მაგრამ დონ გარსია შეხურებული იყო და წაგებულის უკან დაბრუნებას ფიქრობდა.

      – ჰეი, თქვენ კეთილგონიერო ვაჟბატონო, - თქვა მან, - ამოიღეთ უკანასკნელი ფული, რომელიც ასეთი მზრუნველობით შეინახეთ. დარწმუნებული ვარ, ბედნიერებას მოგვიტანს.

      – გაიხსენეთ, დონ გარსია, ჩემი აღთქმა!

      – კარგი, კარგი; ბავშვი ნუ ხართ! რა დროს წირვა-ლოცვაა. ახ, კაპიტანი რომ აქ ყოფილიყო, ეკლესიას გაძარცვავდა და ქაღალდს კი ხელიდან არ გაუშვებდა.

      – აი ხუთი ეკიუ, - თქვა დონ ჟუანმა, - ერთად ნუ დასვამ.

      – შორს სისუსტე! - თქვა დონ გარსიამ და ხუთი ოქრო დასვა მეფეზე. მოიგო, თანხა გააორკეცა, მაგრამ მეორე ხელზე წააგო.

      – მოიტა უკანასკნელი ხუთიც! - წამოიძახა ფერწასულმა სიბრაზით. დონ ჟუანი შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ჩქარა დასთმო: ოთხი ეკიუ მისცა, იმასაც იგივე ბედი ეწია. დონ გარსიამ ქაღალდი ცხვირ-პირში შეაყარა დამრიგებელს და ზეზე წამოხტა გაცოფებული.

      – თქვენ ყოველთვის ბედი გწყალობდათ თამაშობაში, - უთხრა მან დონ ჟუანს, - და მე გამიგონია უკანასკნელ ეკიუს დიდი ძალა აქვს ბედის მოსაბრუნებლად.

      დონ ჟუანიც არანაკლებ გააფთრებული იყო, ვიდრე მისი მეგობარი. იგი აღარც წირვაზე ფიქრობდა და აღარც აღთქმაზე. მან კიკოზე დასვა უკანასკნელი ოქრო და მაშინვე წააგო.

      – ეშმაკსაც წაუღია კაპიტან გომარეს სული! წამოიძახა მან. - მე მგონია, მისი ფული მოჯადოებული იყო.

      დამრიგებელმა ჰკითხა, ხომ არ გსურთ თამაშობის განგრძობა; მაგრამ რადგან მათ ფული აღარ ჰქონდათ, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღე სიკვდილი მოელის, დიდი ნდობა არ აქვთ, იძულებული გახდნენ თამაშებისათვის თავი დაენებებინათ და ნუგეში ეძებნათ ღვინის მსმელ ამფსონებთან. საბრალო კაპიტნის სული კი სრულს დავიწყებას მიეცა.

      რამდენიმე დღის შემდეგ ესპანელებმა დამხმარე ძალა მიიღეს, შეტევა დაიწყეს და წინ წაიწიეს. მათ გაიარეს იგივე ადგილები, სადაც წინა დღეებში ბრძოლა ჰქონდათ. მიცვალებულნი კიდევ არ იყვნენ დასაფლავებულნი. დონ გარსია და დონ ჟუანი ცხენებს მიაჩქარებდნენ, რათა გასცლოდნენ ამ ცხედრებს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს მათ მხედველობასა და ყნოსვას შეურაცხყოფდნენ. უცებ წინ მიმავალმა ჯარისკაცმა ხმამაღლა წამოიყვირა ერთი გვამის დანახვაზე. რომელიც თხრილში ეგდო. მიახლოვებისთანავე კაპიტანი გომარე იცნეს. მაგრამ იგი თითქოს სრულიად შეცვლილი იყო, მისი დამახინჯებული, მოკრუნჩხული სახე მოწმობდა, რომ უკანასკნელ წუთებში საშინელი ტანჯვა განეცადა. თუმცა დონ ჟუანი შეჩვეული იყო ასეთ სანახაობას, მაგრამ მას მაინც ჟრუანტელმა დაუარა ამ გვამის დანახვაზე; კაპიტანის მიმქრალი, ჩასისხლიანებული თვალები თითქოს მისკენ იყვნენ მიმართული მუქარის გამომეტყველებით. დონ ჟუანს გაახსენდა საბრალო გომარეს უკანასკნელი სურვილი, რომელიც არ შეუსრულა. მაგრამ ამ გულცივობამ, რომელიც მან განგებ ჩაინერგა და ასაზრდოვა თავის სულში, ხელი შეუწყო განთავისუფლებულიყო სინდისის ქენჯნისაგან; საჩქაროდ გააჭრევინა საფლავი კაპიტნის დასამარხავად. შემთხვევით იქ ერთი კაპუჩინელი ბერი აღმოჩნდა, რომელმაც საჩქაროდ წაიკითხა ლოცვა. ცხედარს აიაზმა აპკურეს, ქვები და მიწა მიაყარეს, ხოლო ჯარისკაცები გზას გაუდგნენ ჩვეულებრივზე უფრო მდუმარენი. მაგრამ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ ერთმა ბებერმა მოისარმა, რაღაც დიდხანს ეძება ჯიბეებში, ბოლოს იქ ერთი ეკიუ იპოვა, კაპუჩინელს მისცა და უთხრა: - აი, კაპიტან გომარეს საწირავი.

      იმ დღეს დონ ჟუანმა არაჩვეულებრივი ვაჟკაცობა გამოიჩინა; ისეთი თავგანწირულებით იჭრებოდა მტრის რაზმებში, რომ კაცს ეგონებოდა სიკვდილს ეძებსო. - ძალაუნებურად მამაცი იქნები, როცა ჯიბეში გახვრეტილი გროში არა გაქვსო, - ამბობდნენ მისი ამხანაგები.

      დიდხანს არ გაუვლია კაპიტან გომარეს სიკვდილის დღიდან, როცა იმ რაზმში, რომელშიც დონ ჟუანი და დონ გარსია მსახურობდნენ, ახალგაზრდა ჯარისკაცი ჩაეწერა; ეტყობოდა დიდად გამბედავი და შეუპოვარი იყო, მაგრამ აგრეთვე გულჩათხრობილი და ძნელად გამოსაცნობი. არავის უნახავს, რომ ოდესმე ამხანაგებთან ესვას ან ეთამაშოს; ხშირად მთელი დღის განმავლობაში საგუშაგოდ იჯდა და ბუზების გაფრენას უცქეროდა ან თოფის ჩახმახს აცოდვილებდა. ჯარისკაცები დასცინოდნენ მის თავდაჭერილობას; მეტსახელად მოდესტო დაარქვეს. ამ სახელით იგი ცნობილი იყო მთელს ნაწილში, და თვით უფროსებიც მხოლოდ ამ სახელს უწოდებდნენ.

      გაზაფხულის კამპანია დამთავრდა ბერგ ოპზოომის ციხესიმაგრის გარემოცვით, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაზე სისხლისმღვრელი ოპერაცია იყო ამ ომში, იმიტომ, რომ ალყაშემორტყმულნი უკიდურესი გაშმაგებით იცავდნენ თავს. ერთხელ ღამით ორივე მეგობარი ერთად დარაჯობდა სანგარში, რომელიც იმდენად დაახლოებული იყო ციხის გალავანს, რომ მათ დიდი ხიფათს უქადდა. მეციხოვნე ჯარი შეუჩერებლივ გამოდიოდა სათარეშოდ, მტრის ტყვია ხშირიც იყო და მარჯვედაც ხვდებოდა ნიშანს.

      ღამის პირველმა ნახევარმა შეუწყვეტლივ მღელვარებაში განვლო; შემდეგ როგორც მეციხოვნე, ისე საალყო ჯარი თითქოს დაღლილობამ მოიცვა. ორივე მხრიდან მხოლოდ სროლა შეწყდა და ველზე ღრმა დუმილი დამყარდა; მხოლოდ კანტიკუნტად გაისმოდა თოფის ხმა, რომლის მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ თუ ბრძოლა შეწყდა, დარაჯები ყოველ შემთხვევაში ფხიზლობენო. დაახლოებით დილის ოთხი საათი იქნებოდა; ეს ის დროა, როცა ღამენათევი ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარედ განიცდის სიცივეს, რასაც ზედ ერთვის დაღლილობისა და უძილობისაგან გამოწვეული სულიერი შეშფოთება. ყოველი გულწრფელი ადამიანი გამოტყდება, რომ ასეთი სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაში მას ისეთი სისუსტე გამოუჩენია, რასაც სირცხვილით გაუწითლებია მზის ამოსვლის შემდეგ.

      – ეშმაკმა დალახვროს! - წამოიძახა დონ გარსიამ ფეხების ბაკუნით და მაგრად გაეხვია თავის წამოსასხამში: - ვგრძნობ, თითქოს ტვინი მეყინება ძვლებში: მგონია, პატარა ჰოლანდიელი ბავშვიც კი მაჯობებს. ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. ყოველი თოფის ხმაზე ჟრუანტელი მივლის. მორწმუნე რომ ვყოფილიყავი, ამ ჩემს უცნაურ მდგომარეობას ზეცის გაფრთხილებად მივიღებდი.

      ყველა თანდამსწრე, განსაკუთრებით დონ ჟუანი, გაოცებული იყო, რომ მას ზეცა გაახსენდა, რომლისთვისაც არასოდეს არ იწუხებდა თავს; ან თუ გაიხსენებდა, ისიც დაცინვით. შეამჩნია, რომ ზოგიერთს გაეცინა მის სიტყვებზე და მედიდურად წამოიძახა: – დაე ნურავინ იფიქრებს, რომ ან ჰოლანდიელების მეშინოდეს ან ღმერთის, ან ეშმაკის!

      – ჰოლანდიელებისა არა, მაგრამ ღმერთისა და ეშმაკისა რა მოგახსენო, - თქვა ხანში შესულმა, ჭაღარა ულვაშებიანმა კაპიტანმა, რომელსაც მახვილთან ერთად გვერდზე კრიალოსანი ეკიდა.

      – მართლა და რა უნდა დამაკლონ? - იკითხა დონ გარსიამ: - მეხი ხომ ისე მარჯვედ არ ხვდება ნიშანში, როგორც პროტესტანტების ტყვია.

      – თქვენს სულზე რას ფიქრობთ? - უპასუხა მოხუცმა კაპიტანმა და პირჯვარი გამოისახა ამ მკრეხელობის გაგონებაზე.

      – ეჰ, ჩემი სული... ჯერ უნდა მწამდეს, რომ სული მაქვს, ვინ ამტკიცებს ჩემი სულის არსებობას? ხუცები? სულის გამოგონება მათ ისეთს კარგს შემოსავალს აძლევს, რომ უეჭველია, თვითონვე აცხობენ მას, ისე როგორც მეშაქარლამეები ტკბილ ნამცხვარს, რათა შემდეგ მოგებით გაასაღონ.

      – დონ გარსია, თქვენ ცუდი ბოლო მოგელით, - თქვა ხნიერმა კაპიტანმა, - ასეთი სიტყვები შეუფერებელია სანგრებში.

      – სანგრებში ვარ თუ სხვაგან, მე იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მაგრამ დავდუმდები, იმიტომ, რომ სადაცაა ჩემს მეგობარ დონ ჟუანს ქუდი გადმოუვარდება, მისი თმა ყალყზე დამდგარა, მას არა თუ სულის არსებობა, თვით სულთა სალხინებლის არსებობაც კი სწამს.

      – მე სრულიადაც ძლიერი სულის ადამიანი არა ვარ, - თქვა დონ ჟუანმა სიცილით, - ხშირად კიდეც მშურს ის საუცხოო გულგრილობა, რომელსაც თქვენ საიქიოსადმი იჩენთ; და თუნდაც დამცინით, უნდა გამოგიტყდეთ, რომ არის წუთები, როცა ის, რასაც ცოდვილთა შესახებ გვიამბობენ, ჩემში უსიამოვნო აზრებს იწვევს!

      – ეშმაკის უძლურების საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთი ისაა, რომ თქვენ დღეს ამ სანგარში ცოცხალი იმყოფებით. გეფიცებით, ბატონებო, - დაუმატა დონ გარსიამ და მხარზე ხელი დაარტყა დონ ჟუანს, - ქვეყანაზე ეშმაკი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს თან წაიყვანდა ამ ყმაწვილს. თუმცა იგი სრულიად ახალგაზრდაა, მაგრამ ნამდვილად შეჩვენებული. მას მეტი ქალი დაუღუპავს და მეტი მამაკაცი ჩაუწვენია კუბოში, ვიდრე ეს ორ ბერს ან ორ ვალენსიელ ძმაბიჭს შეეძლო.

      მას ლაპარაკი გათავებული არ ჰქონდა, როცა თოფი გავარდა ესპანელების ბანაკის მხრიდან. დონ გარსიამ ხელი იტაცა მკერდზე და წამოიძახა: - მე დაჭრილი ვარ! შემდეგ შეტორტმანდა და მოწყვეტილივით დაეცა. ამავე წუთში თვალი მოჰკრეს მამაკაცს, რომელიც გაიქცა და მდევარს ჩქარა დაემალა წყვდიადში.

      დონ გარსიას ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა, მაგრამ ამ გამოუსწორებელი ურწმუნოს ჯიუტობა ერთი წუთითაც არ შერყეულა. მან გარეკა ყველანი ვინც კი აღსარებაზე ჩამოუგდო სიტყვა. დონ ჟუანს ჰკითხა: – ერთადერთი რამ მაწუხებს სიკვდილის ჟამს: კაპუჩინელები თქვენ დაგარწმუნებენ, რომ ჩემი სიკვდილი ღვთის განგებით იყო გამოწვეული. დამეთანხმეთ, რომ არაფერია ისეთი ბუნებრივი, როგორიც ჯარისკაცის სიკვდილი შაშხანის ტყვიისაგან: ცხადია, ჩემი თავი ვინმე გაბოროტებულმა და ეჭვიანმა კაცმა მოაკვლევინა. მკვლელი ჩამოახრჩობინეთ, თუ დაიჭიროთ. ყური დამიგდეთ, დონ ჟუან, ორი საყვარელი ანტვერპენში მყავს, სამი ბრიუსელში, სხვაგან კიდევ არ მახსოვს რამდენი... ჩემი მახსოვრობა ბნელდება ... ყველას გიანდერძებ... რადგან სხვა არაფერი გამაჩნია... შენ გქონდეს ჩემი მახვილი.. ნუ დაივიწყებ მე რომ ხერხი გასწავლე... მშვიდობით... ხოლო წირვის მაგივრად დაე ჩემი ამხანაგები შეიკრიბონ და დიდებული ქეიფი გამართონ.

      დაახლოებით ასეთი იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. ღმერთი და საიქიო მას არ გახსენებია, როგორც არ ახსენდებოდა ხოლმე იმ დროს, როცა სიცოცხლით და ძალ-ღონით იყო სავსე. გარდაიცვალა და ღიმილი უთამაშებდა ტუჩებზე. მედიდურობამ იმდენი ძალა მისცა, რომ ბოლომდე შეასრულა უხამსი როლი, რომელსაც სიცოცხლეში თამაშობდა. მოდესტო უკვალოდ დაიკარგა, მთელი ჯარი დარწმუნებული იყო, სწორედ იგია დონ გარსიას მკვლელიო, მაგრამ ამაოდ იკვლევდნენ მიზეზეს, რამაც ეს მკვლელობა ჩაადენინა.

      დონ ჟუანს ძმაზე უფრო დაენანა დონ გარსია. უგუნურს ასე ეგონა, რომ ცხოვრების გამოცდილება მისი წყალობით ჰქონდა შეძენილი; მან აუხილა თვალები, მან ჩაახედა ცხოვრების საიდუმლოებაში. რა ვიყავი, სანამ მას გავიცნობდი? ჰკითხავდა იგი თავის თავს, და თავმოყვარეობა ეუბნებოდა, რომ იგი თითქოს ამაღლდა თავის მეგობრის წყალობით. მთელი ბოროტება, რომელიც ამ ათეისტის გაცნობამ მიაყენა, მის თვალში სიკეთედ იქცა, და იგი იმავე მადლობის გრძნობას განიცდიდა, რაიცა შეგირდს უნდა ჰქონდეს ოსტატის მიმართ.

      ამ ანაზდეული სიკვდილის სევდიანი მოგონება დიდხანს დარჩა დონ ჟუანის სულში და იგი იძულებული გახდა რამდენიმე თვის განმავლობაში შეეცვალა თავისი ყოფაქცევა. მაგრამ თანდათან თავის ძველს ჩვეულებებს დაუბრუნდა, რომელიც იმდენად ფესვგადგმული იყო მის ბუნებაში, რომ ასეთი შემთხვევა ვერ აღმოფხვრიდა. დაუბრუნდა თამაშობას, სმას, ქალების დევნას, ქმრებთან ბრძოლას. ყოველდღე ახალი უცნაური თავგადასავალი ელოდა. დღეს კედლის ხვრელში მიძვრებოდა, ხვალ აივანზე აცოცდებოდა; დილით ხმალში იწვევდა ამა თუ იმ სატრფოს ქმარს, საღამოთი სვამდა საყვარლებთან.

      ამ ღრეობაში ყოფნის დროს მას აცნობეს, მამაშენი გარდაიცვალაო; ორი დღის შემდეგ დედაც თან გადაჰყოლოდა, და ამრიგად ორი ამბავი ერთად მიიღო. საქმიანი ხალხი ურჩევდა ესპანეთში დაბრუნებულიყო და მიეღო ის დიდი სამკვიდრო და სიმდიდრე, რაც მშობლებმა უანდერძეს, ეს რჩევა მის სურვილსაც ეთანხმებოდა. უკვე კარგა ხნის წინათ მას აპატიეს დონა ფაუსტას მამის - დონ ალონზე დე ოხედას მკვლელობა; ეს საქმე სავსებით დასრულებულად მიაჩნდა. ამას გარდა სწყუროდა უფრო დიდ ასპარეზზე მოქმედება. იგი ოცნებობდა სევილიაში მოსალოდნელ დროსტარებაზე, მრავალ იქაურ კეკლუც ქალზე, რომელნიც უეჭველად მის დაბრუნებას ელოდნენ, რათა დაუყონებლივ დანებებოდნენ. ერთი სიტყვით, დონ ჟუანმა ჯავშანი გაიხადა და ესპანეთისკენ გაემგზავრა. რამდენიმე ხანი მადრიდში დაჰყო, იქ ყურადღება მიიპყრო ხარების ბრძოლაში თავისი მდიდრული ტანისამოსით და შუბის მარჯვე დატაკებით; რამდენიმე ქალის გულსაც დაეუფლა, მაგრამ დიდხანს მაინც არ დაუყოვნებია. სევილიაში მან დიდი და პატარა გააკვირვა თავისი მედიდურობითა და ბრწყინვალებით. ყოველდღე ლხინს მართავდა, სადაც ანდალუზიის ულამაზეს ქალებს პატიჟებდა. მის დიდებულ პალატაში ყოველდღე ახალი თავის შექცევა, ახალი ღრეობა იმართებოდა. იგი გადაიქცა იმ გალაღებული ყმაწვილების ერთი გუნდის მეთაურად, რომელნიც საშინლად თავაშვებულნი და უწესონი იყვნენ, მაგრამ მის წინაშე გასაოცარ მორჩილებას იჩენდნენ, რაც ხშირია უზნეო ადამიანების წრეში. ერთი სიტყვით, არ არსებობდა ისეთი გარყვნილება, რომელიც მას არ ეგემოს და, რადგან მდიდარი მოქეიფე საშიშია არა მარტო თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც, მისი მაგალითი რყვნიდა ანდალუზიის ახალგაზრდობას, რომელიც მას აღმერთებდა და წასაბაძ ნიმუშად ისახავდა. უცილობელია, რომ თუ განგებას მისი უზნეობა კიდევ დიდხანს მოეთმინა, საჭირო გახდებოდა ცეცხლის წვიმა სევილიაში ჩადენილი უწესობისა და ბოროტმოქმედების დასასჯელად. თუმცა ავადმყოფობამ დონ ჟუანი რამდენიმე დღით ლოგინად ჩააგდო, მაგრამ მისი გამოსწორება ვერ შეძლო; პირიქით, იგი სთხოვდა ექიმს საჩქაროდ ეშველა, რათა ხელახლა თავი მიეცა დროსტარებისათვის.

      გამომრთელების დროს, თავის შესაქცევად მან შეადგინა მის მიერ შეცდენილი ქალებისა და მოტყუებული ქმრების სია. ეს სია ორ სვეტად იყო გაყოფილი. ერთ მხარეზე ქალების სახელები და მათი მოკლე აღწერა იყო მოთავსებული, მეორე მხარეზე ქმრების გვარები და თანამდებობა ან საზოგადოებრივი მდგომარეობა. მას ძლიერ გაუჭირდა ყველა ამ უბედურთა სახელი და გვარი გაეხსენებინა და საფიქრებელია, რომ ეს ნუსხა არ იყო სრული. ერთხელ იგი ერთს თავის მეგობარს აჩვენა, რომელიც სადარბაზოდ ეწვია. იტალიაში ყოფნის დროს დონ ჟუანმა ერთი ქალი ჩაიგდო ხელში, ეს ქალი კი ბედავდა დაეკვეხნა, პაპის საყვარელი ვარო; ამიტომ სიაც მისი სახელით იწყებოდა, ხოლო პაპი ქმრების სვეტს მეთაურობდა, შემდეგ მოდიოდა, რომელიღაც მთავარი, შემდეგ გრანდუკები, მარკიზები და სხვები, სულ ბოლოს ხელოსნები.

      – შეხედეთ, მეგობარო, - უთხრა დონ ჟუანმა სტუმარს: - ხომ ხედავ, ვერავინ გამექცა პაპიდან დაწყებული უბრალო მეწაღემდე; არ დარჩენილა წოდება, რომელსაც ჩემთვის ხარკი არ გადაეხადოს.

      მისმა მეგობარმა, დონ ტორიბიომ, თვალი გადაავლო ამ ნუსხას, უკან დაუბრუნა და გამარჯვებული სახით უთხრა: – იგი არაა სრული!

      – როგორ თუ სრული არ არის? ვინღა აკლია ქმრების სიას?

      – ღმერთი, - უპასუხა დონ ტორიბიომ.

      – ღმერთი? ეს მართალია, მონაზონი აკლია, გმადლობ გახსენებისათვის. ძლიან კარგი. გაძლევ კეთილშობილი კაცის სიტყვას, რომ სანამ ერთი თვე გაივლიდეს, ღმერთი ჩემს სიაში მოხვდება მისი უწმინდესობის პაპის წინ, ხოლო შენ ჩემსას გავახშმებ მონაზონთან ერთად, რომელ მონასტერშია აქ ლამაზი მონაზვნები?

      რამდენიმე დღის შემდეგ დონ ჟუანი უკვე საქმეს შეუდგა. მან დაიწყო დედათა მონასტრების ეკლესიებში სიარული და მუხლის მოდრეკა იმ მოაჯირთან, რომელიც მაცხოვრის სასძლოებს ჰყოფს დანარჩენი მორწმუნეებისაგან. იქიდან ურცხვად უცქეროდა იმ უბიწო ქალწულებს და, როგორც ფარეხში შევარდნილი მგელი, საუკეთესო კრავს ეძებდა პირველ მსხვერპლად. ჩქარა მან „კრიალოსნიანი ღვთისმშობლის ეკლესიაში“ შეამჩნია ერთი გასაოცრად ლამაზი ახალგაზრდა მონაზონი, რომელსაც კიდევ უფრო ამშვენებდა სევდიანი სახის გამომეტყველება. იგი მუდამ თავდახრილი იდგა, არც მარჯვნივ იხედებოდა, არც მარცხნივ; ეტყობოდა სრულიად გამსჭვალულიყო იმ უწმინდესი საიდუმლოების შეგნებით, რომელსაც მისი თანდასწრებით ასრულებდნენ. მისი ტუჩები წყნარად მოძრაობდა და ცხადად ჩანდა, რომ იგი უფრო გულმხურვალედ და სასოებით ლოცულობდა, ვიდრე მისი ამხანაგები. მისმა სახემ დონ ჟუანში ძველი მოგონებანი გააღვიძა. მას მოეჩვენა, რომ სადღაც სხვაგან ენახა ეს ქალი, მაგრამ ვერ მოიგონა სად და როდის, მის მახსოვრობაში იმდენი სურათი იყო აღბეჭდილი, რომ უძნელდებოდა მათი გარჩევა. ზედიზედ, ორი თუ სამი დღის განმავლობაში, დონ ჟუანი მოაჯირთან მიდიოდა დასაჩოქებლად, მაგრამ ვერ მოახერხა აღათის ყურადღება მიეპყრო: გაიგო, რომ ქალს ეს სახელი ერქვა.

      ასეთი თავდაცული და მორცხვი ქალის დაპყრობის სიძნელემ კიდევ უფრო გააღიზიანა დონ ჟუანის სურვილები. მას ეგონა, უმნიშვნელოვანესი და ამასთანავე უძნელეს საქმეს მივაღწევ, თუ ქალმა ერთხელ მაინც შემამჩნიაო. თავმოყვარეობის გამო სწამდა, თუ როგორმე აღათის ყურადღება მივიპყრო, გამარჯვება სანახევროდ მიღწეულიაო. და აი რა ოინს მიმართა ამ მშვენიერი ქალის ყურადღების მისაქცევად. იგი მას მიუახლოვდა რამდენადაც შესაძლებელი იყო, ისარგებლა წმინდა ნაწილების გამოტანით, როცა ყველანი იჩოქებდნენ, ხელი გაჰყო მოაჯირის რკინებს შუა და აღათის ცხვირწინ მთელი შუშა სურნელი დაღვარა. მძაფრმა სუნმა აიძულა ახალგაზრდა მონაზონი თავი აეწია; და რადგან დონ ჟუანი სწორედ მის პირდაპირ იდგა, არ შეეძლო იგი არ შეემჩნია. თავდაპირველად სახეზე გაოცება გამოესახა, შემდეგ მკვდრის ფერი დაედო; სუსტი ხმით შეჰყვირა და გულწასული დაეცა ფილაქანზე. მონაზვნები მიცვივდნენ და სენაკში წაიყვანეს. დონ ჟუანი მეტად კმაყოფილი დარჩა, თავის თავისა და გაიფიქრა: „ეს მონაზონი სწორედ რომ მომხიბლავია, მაგრამ რაც უფრო ვაკვირდები, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ერთხელ უნდა ყოფილიყოს ჩემს სიაში“.

      მეორე დღეს თავის დროზე მივიდა მოაჯირთან წირვის დაწყებისთანავე. აღათი ჩვეულებრივ ადგილზე აღარ იყო მონაზვნების პირველ რიგში; პირიქით, იგი თითქოს დამალულიყო თავის ამხანაგების უკან. მაგრამ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ ქალი მალულად იცქირებოდა. ეს მან კარგ ნიშნად ჩათვალა. - ამ გოგონას ჩემი ეშინია, - გაიფიქრა მან, - მაგრამ ჩქარა მოვიშინაურებ.

      წირვის გათავების შემდეგ დონ ჟუანმა შეამჩნია, რომ მონაზონი სააღსარებოსკენ წავიდა; მოაჯირთან მიახლოებისთანავე ანაზდეულად ხელიდან კრიალოსანი გაუვარდა. დონ ჟუანი იმდენად გამოცდილი იყო, რომ მაშინვე მიხვდა, - ეს გონებადაკარგულობა არ არის, არამედ თვალთმაქცობააო, პირველად იფიქრა, კარგი იქნება ამ კრიალოსანს დავეპატრონო, მაგრამ იგი მოაჯირის მეორე მხარეზე იყო და გრძნობდა, რომ მის ასაღებად დაცდა იყო საჭირო, სანამ ეკლესიიდან მთელი ხალხი გავიდოდა. ამ წუთის მოლოდინში სვეტს მიეყრდნო, ღრმად ჩაფიქრებული ადამიანის გამომეტყველებით; თვალებზე ხელი ჰქონდა მიფარებული, მაგრამ თითები ოდნავ გახსნილი იყო, ასე რომ ქალის ყოველ მოძრაობას ამჩნევდა. ვისაც უნდა დაენახა ამ მდგომარეობაში, კეთილმორწმუნე ქრისტიანად მიიღებდა, რომელიც წასულია სათნოებით აღსავსე ოცნებაში.

      მონაზონი სააღსარებოდ გამოვიდა და რამდენიმე ნაბიჯი გადასდგა მონასტრისაკენ; მაგრამ უცებ შეამჩნია ან, უკეთ ვთქვათ, თითქოს შეამჩნია თავისი კრიალოსნის დაკარგა. გარშემო მიმოიხედა და დაინახა რომ მოაჯირის მახლობლად ეგდო. დაბრუნდა და დაიხარა ასაღებად. ამავე წუთში დონ ჟუანმა მოაჯირის ქვეშ თვალი მოჰკრა რაღაცა თეთრს. ეს იყო ქაღალდის ნაფლეთი, ოთხად გადაკეცილი. მონაზონი საჩქაროდ წავიდა.

      დონ ჟუანი გაოცებული იყო ესოდენ მოულოდნელი გამარჯვებით და კიდეც ნანობდა, რომ მეტი წინააღმდეგობის დაძლევა არ დასჭირდა. თითქმის ამგვარივე სინანულს განიცდის მონადირე, რომელიც ირემს მისდევდა და ხანგრძლივი და სამძიმო დევნისათვის ემზადება: უცებ ნადირი ეცემა და მონადირეს ართმევს სიამოვნებას, რაც მან თავს აღუთქვა. დონ ჟუანმა მაინც მაშინვე აიღო ეს ქაღალდი და ეკლესიიდან გავიდა, რათა თავისუფლად წაეკითხა. აი მისი შინაარსი: „ეს თქვენ ხართ, დონ ჟუან? ნუთუ კიდევ გახსოვართ? მე დიდად უბედური ვიყავი, მაგრამ უკვე ვეჩვეოდი ჩემს ბედს. ახლა ასჯერ უფრო უბედური გავხდები. მე თქვენ უნდა მძულდეთ... თქვენ მამაჩემის სისხლი დავღვარეთ... მაგრამ არ ძალმიძს არც თქვენი სიძულვილი, არც თქვენი დავიწყება. იქონიეთ სიბრალული, ნუღარ მოხვალთ ამ ეკლესიაში, მეტისმეტად დამტანჯეთ. მშვიდობით, მშვიდობით, მე მკვდარი ვარ ამ ქვეყნისათვის. - ტერესა“

      – აჰ, ეს პატარა ტერესა ყოფილა! - გაიფიქრა დონ ჟუანმა. - მე დარწმუნებული ვიყავი სადღაც მინახავს-მეთქი. შემდეგ ხელახლა გადაიკითხა წერილი. - „მე თქვენ უნდა მძულდეთ“. - ეს ნიშნავს: მე თქვენ გაღმერთებთ. „თქვენ მამაჩემის სისხლი დაღვარეთ... ნუღარ მოხვალთ ამ ეკლესიაში...ეს ნიშნავს ხვალვე გელით... ძლიან კარგი.

      ამის შემდეგ სადილის საჭმელად წავიდა.

      მეორე დღეს ერთი წუთით არ დაუგვიანია წირვაზე მისვლა და ჯიბეშიც გამზადებული წერილი ედო; მაგრამ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ აღათა იქ არ იყო. არასოდეს წირვა ისე გრძლად არ სჩვენებია. საშინლად გულმოსული იყო, ასჯერ დასწყევლა ტერესას კდემამოსილება. ეკლესიიდან გამოვარდა და გვადალკვივირის ნაპირას დაიწყო სიარული, რათა რაიმე ოინი მოეფიქრებინა. ბოლოს აი რაზე შეჩერდა.

      „კრიალოსნიანი ღვთისმშობლის მონასტერი“ სევილიაში სახელგანთქმული იყო საუცხოო მურაბებით, რომელსაც იქ მონაზვნები ამზადებდნენ. დონ ჟუანი მისაღებ დარბაზში შევიდა, მეკარე ქალს დაუძახა და გასაყიდი მურაბების სია მოსთხოვა.

      – თქვენ არა გაქვთ მარანიას ლიმონის მურაბა? - ჰკითხა მან სრულიად ბუნებრივი ტონით.

      – მარანიას ლიმონი, ბატონო რაინდო? მე პირველად მესმის ასეთი მურაბის სახელი.

      – იგი დღეს დიდ მოდაშია, და მე მიკვირს, რომ ასეთ ადგილას, როგორიც თქვენი სახლია, მას უხვად არ ამზადებენ.

      – მარანიას ლიმონი?

      – დიახ, მარანიასი, - გაიმეორა დონ ჟუანმა, თითოეული მარცვლის გამოკვეთით. - შეუძლებელია, რომელიმე თქვენმა მონაზონმა არ იცოდეს მისი მომზადება. გთხოვთ შეეკითხო პატივცემულ დებს, იციან თუ არა ეს მურაბა, ხვალ შემოვივლი.

      რამდენიმე წუთის შემდეგ მთელს მონასტერში მხოლოდ მარანიას ლიმონზე იყო ლაპარაკი. საუკეთესო მემურაბეებს არასოდეს გაეგონათ მისი სახელი. მხოლოდ და აღათიმ იცოდა ეს საიდუმლოება: უნდა აეღოთ ჩვეულებრივი ლიმონი, მიუმატოთ ვარდის წყალი, ია და სხვა.. ბოლოს იკისრა კიდეც მისი მომზადება. როცა დონ ჟუანმა ხელმეორედ შემოიარა, დაახვედრეს მარანიას ლიმონის მურაბის ერთი ქილა; კაცმა, რომ მართალი თქვას, ყოვლად შეუძლებელი იყო მისი ჭამა; მაგრამ ქილა გახვეული იყო ქაღალდში, სადაც ტერესას ხელით დაწერილი ბარათიც იყო დამალული, იგი ხელახლა ემუდარებოდა დონ ჟუანს, თავი დამანებე და დამივიწყეო. საბრალო ქალი თავისივე თავის მოტყუებას ცდილობდა. სარწმუნოება, მშობლის ხსოვნა და სიყვარული ერთიმეორეს ებრძოდა ამ საბრალო ქალის გულშივე; მაგრამ ძნელი არ იყო იმის დანახვა, რომ სიყვარული აქ უძლიერესი გრძნობა იყო. მეორე დღეს დონ ჟუანმა მონასტერში გაგზავნა ერთი თავისი დარბაზის ყრმა და ერთი ყუთი ლიმონი გაატანა; მურაბა მოამზადებინეთ იმავე მონაზონს. ყუთში ტერესას წერილების პასუხი იყო დამალული. ვაჟი ქალს სწერდა: „მე დიდად უბედური ვიყავი. ჩემი დანაშაული ბედისწერამ ჩამადენინა. იმ უკუღმართი ღამის შემდეგ არ შემიწყვეტია შენზე ფიქრი. იმედი არ მქონდა, რომ შენ არ შემიძულებდი. ბოლოს ხელახლა გიპოვე. ნუღარ მელაპარაკები შენ მიერ დადებულ აღთქმაზე. შენ მე მეკუთვნოდი, სანამ თავს საკურთხეველს შესწირავდი.. მე მოვედი იმ განძის მოსათხოვად, რაც სიცოცხლეს მირჩევნია. ან დავიღუპები, ან შენ თავს დავიბრუნებ. ხვალ მოვალ და მონასტრის მისაღებ დარბაზში გამოგიწვევ. მე ვერ გავბედე იქ მოსვლა შენს გაუფრთხილებლად. მეშინოდა შენს შეკრთომას არ გავემჟღავნებინეთ. აღიჭურვე გამბედაობით. შემატყობინე, შეიძლება თუ არა მეკარე ქალის მოსყიდვა“. ორი წვეთი წყალი, ოსტატურად დაღვრილი ბარათზე, თითქოს წერის დროს გადმოვარდნილ ცრემლს წარმოადგენდა.

      ორიოდე საათის შემდეგ მონასტრის მებაღემ პასუხი მოუტანა და დახმარებას შეჰპირდა. მეკარე ქალი მოუსყიდავი იყო; აღათი თანახმა იყო მისაღებ დარბაზში ჩამოსულიყო, მაგრამ იმ პირობით, რომ ისინი საუკუნოდ გამოემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.

      უბედური ტერესა უფრო მკვდარი იყო, ვიდრე ცოცხალი, როცა მისაღებ დარბაზში შემოვიდა. იგი იძულებული იყო ორივე ხელით ჩასჭიდებოდა ბოძს. რათა არ წაქცეულიყო. დონ ჟუანი წყნარად და შეუშფოთებლად სტკბებოდა იმ მღელვარებით, რომელსაც ქალი განიცდიდა. პირველად, მეკარე ქალის თვალის ასახვევად, მან ძალდატანებული ტონით ლაპარაკი ჩამოუგდო ტერესას მიერ სალამანკაში დატოვებულ მეგობრებზე, რომელთაც მას ვითომ დაავალეს მოკითხვა გადაეცა ტერესასათვის. შემდეგ ისარგებლა იმ წუთით, როცა მეკარე ქალი მოშორებით იყო და დაბალი ხმით უთხრა: – მე გადაწყვეტილი მაქვს არაფერი დავიშურო შენს გასატაცებლად, უკან არ დავიხევ, თუნდ მონასტრის დაწვაც გახდეს საჭირო. არაფრის გაგონება არ მინდა. შენ მე მეკუთვნი. რამდენიმე დღეში ჩემი იქნები, ან მე დავიღუპები; მაგრამ ჩემთან ერთად სხვებიც დაიღუპებიან.

      მეკარე ქალი ხელახლა მოახლოვდა. დონა ტერესას სული ეხუთებოდა და სიტყვა ვერ წარმოეთქვა. დონ ჟუანმა გულგრილი ტონით ლაპარაკი გაუბა მურაბაზე, მონაზვნების ნაქარგზე, მეკარე ქალს აღუთქვა პაპის მიერ ნაკურთხ კრიალოსანს გამოგიგზავნიო, ხოლო მონასტერს ფარჩის სამოსელს შევწირავ მისი წმინდა პატრონის, ღვთისმშობლის ხატის შესამკობადო. ნახევარი საათის შემდეგ მოკრძალებით და თავმდაბლად გამოემშვიდობა ტერესას და აუწერელ მღელვარებასა და სასოწარკვეთილებაში დასტოვა; ქალი თავის სენაკში გაიქცა და, რადგან ხელს უფრო იმორჩილებდა, ვიდრე ენას, გრძელი წერილი დაწერა, აღსავსე საყვედურით, მდუმარებითა და გოდებით. მან ვერ შეძლო სატრფოსათვის დაემალა თავისი სიყვარული, მხოლოდ თავისივე თავის წინაშე თავს იმით იმართლებდა, რომ შეცოდება გამოსყიდულია, რაკი მას მუდარა არ დავუთმეო. მებაღემ, რომელმაც თავს იდო ამ დასაძრახისი მიწერ-მოწერის შუამავლობა, პასუხი ჩქარა მოიტანა. დონ ჟუანი წინანდებურად უკიდურეს ღონისძიების მიღებას იმუქრებოდა. ასი თავზე ხელაღებული ყმაწვილი მყავსო, იწერებოდა, მკრეხელობა არ მაშინებს, სიკვდილი ჩემთვის ბედნიერება იქნება, ოღონდ ერთხელ კიდევ მიგიკრა მკერდზეო. რა უნდა ექნა ამ სუსტ ბავშვს, რომელიც შეჩვეული იყო ყველაფერი დაეთმო საყვარელი ადამიანისათვის? მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა, ხოლო დღისით ვეღარ ლოცულობდა, იმიტომ რომ ყველგან დონ ჟუანის სახე ედგა თვალწინ; თვით მაშინაც კი, როცა თავის ამხანაგებს ახლდა მღვდელმსახურების დროს. მისი სხეული მანქანასავით აკეთებდა მლოცველი ადამიანის მოძრაობას, მაგრამ გული სავსებით საბედისწერო ვნებით ჰქონდა გამსჭვალული.

      რამდენიმე დღის შემდეგ ქალს ძალა აღარ შესწევდა წინააღმდეგობისათვის. დონ ჟუანს შეატყობინა, მზად ვარ ყველაფრისთვისო. ხედავდა, სულ ერთია ვიღუპებიო, და ფიქრობდა, რადგან სიკვდილი აუცილებელია, სჯობს ერთი წუთით მაინც განვიცადო ბედნიერებაო. დონ ჟუანის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, მან ყოველივე მოამზადა ქალის მოსატაცებლად, უმთვარო ღამე აირჩია. მებაღემ ტერესას აბრეშუმის კაბა მიუტანა, რომელიც კედელზე გადასასვლელად უნდა ეხმარა. სამოქალაქო ტანისამოსი ბაღის ერთ კუთხეში იყო დამალული: მონაზონის ტანისამოსით შეუძლებელი იყო ქუჩაში გამოჩენა. დონ ჟუანი გალავანთან დაუცდიდა. ცოტა მოშორებით ჯორ-ცხენებიანი ეტლი იდგებოდა, რათა ქალ-ვაჟი საჩქაროდ გაექანებინა მახლობელ სოფლისაკენ, სადაც დონ-ჟუანს ციხე-დარბაზი ჰქონდა. იქ სამშვიდობოზე იქნებოდნენ. იქ ტერესა ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვრებდა თავის სატრფოსთან. ასეთი იყო თვით დონ ჟუანის გეგმა. მან შეაკერინა შესაფერისი ტანსაცმელი, გასინჯა აბრეშუმის თოკის კიბე, თან აცნობა როგორ გამოეყენებინა, ერთი სიტყვით, არც ერთი წვრილმანი არ დავიწყებია, რაც საჭირო იყო საქმის მოსაგვარებლად. მებაღე სანდო იყო, მას ერთგულებისათვის დიდი ჯილდო ჰქონდა აღთქმული, ასე რომ მისი მხრით არავითარი საფრთხე არ იყო მოსალოდნელი. ამას გარდა ყველაფერი იყო მოსაზრებული, რათა მებაღე გატაცების მეორე დღესვე მოეკლათ. ერთი სიტყვით, გეგმა ისე კარგად იყო მოფიქრებული, რომ თითქოს მისი ჩაშლა არ შეიძლებოდა. ეჭვის თავიდან ასაცილებლად დონ ჟუანი გაემგზავრა მარანიათა ციხე-დარბაზში ორი დღით ადრე მოტაცებამდე. იქ გაატარა მან თავის ბავშვობის დიდი ნაწილი, მაგრამ სევილიაში დაბრუნების შემდეგ იქ არასოდეს არ ყოფილა. დაღამებისას მივიდა და, უწინარეს ყოვლისა, კარგად ივახშმა. შემდეგ ტანთ გაიხადა და ლოგინში ჩაწვა. ოთახში ორი დიდი სანთელი ენთო, მაგიდაზე დარდიმანდული მოთხრობების წიგნი იდო. რამდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ძილის მოახლოება იგრძნო, წიგნი დახურა და ერთი სანთელი ჩააქრო. სანამ მეორესაც ჩააქრობდა, მთელს ოთახს თვალი მოავლო და უცებ ნიშში ის სურათი დაინახა, რომელიც სალხინებლის ტანჯვას წარმოადგენდა და რომლისთვისაც მას ხშირად უცქერია ბავშვობის დროს. ძალაუნებურად მისი თვალები შეჩერდა მამაკაცზე, რომლის გულ-ღვიძლს გველი გესლავდა. თუმცა ამ სურათმა იგი ახლა კიდევ უფრო შეაძრწუნა, ვიდრე წინათ, თვალი მაინც ვერ მოაშორა. იმავე დროს გაახსენდა კაპიტან გომარეს სახე და საშინელი ნიღაბი, რაც სიკვდილს აეფარებინა მისთვის. ამ აზრმა ჟრუანტელი მოჰგვარა და თმა აებურძგნა. მაგრამ გული გაიმაგრა და მეორე სანთელიც ჩააქრო იმ იმედით, რომ სიბნელე გაათავისუფლებდა საზარელი მოჩვენებისაგან. წყვდიადი კიდევ უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. მისი თვალები წინანდებურად მიპყრობილი იყო სურათისაკენ, რომელიც აღარ ჩანდა, მაგრამ მეხსიერებაში ისე კარგად ჰქონდა აღბეჭდილი, რომ სრულიად ნათლად შეეძლო წარმოედგინა. ხანდახან ეჩვენებოდა, თითქოს სახეები ნათდებოდნენ და სხივოსანნი ხდებოდნენ, თითქოს ჯოჯოხეთის ალი, რომელიც მხატვარს დაეხატა, მართლაც ნამდვილი ცეცხლი ყოფილიყოს. ბოლოს მისმა აღელვებამ ისეთ საფეხურს მიაღწია, რომ ვეღარ მოითმინა და მსახურებს დაუძახა: უნდოდა სურათი გაეტანინებინა. როცა ისინი შემოვიდნენ შერცხვა თავისი სულმოკლეობისა. იფიქრა ამ ხალხის სასაცილო გავხდები, თუ გაიგეს, რომ სურათის მეშინიაო რამდენადაც შეეძლო, ბუნებრივი ხმა მიიღო და მსახურებს უბრძანა, სანთლები აანთეთ და მარტო დამტოვეთო. შემდეგ ხელახლა წიგნის კითხვა დაიწყო; მაგრამ, თუმცა წიგნში იცქირებოდა, მისი გონება სურათისაკენ იყო მიპყრობილი, მთელი ღამე უძილოდ გაატარა წარმოუთქმელს მღელვარებაში.

      ალიონზე საჩქაროდ ადგა და სანადიროდ წავიდა. სიარულმა და დილის სუფთა ჰაერმა თანდათან დაამშვიდა და სურათის მიერ გამოწვეული შთაბეჭდილებანი გაქრნენ ციხე-დარბაზში დაბრუნების დროისთვის. სუფრას მიუჯდა და ბევრი დალია. ცოტათი გაბრუებული იყო, როცა დასაძინებლად წავიდა. მისი განკარგულებით საწოლი მეორე ოთახში მოემზადებინათ, და ადვილად მიხვდებით, იქ სურათს აღარ შეატანინებდა; მაგრამ წინა ღამის განცდა იმდენად ძლიერი იყო, რომ დიდხანს არ დაუძინია.

      ისიც უნდა ითქვას, რომ შიშის ძრწოლას მისთვის არ შთაუგონებია სინანული წარსული ცხოვრების გამო. იგი ქალის მოტაცების ფიქრით იყო შეპყრობილი; მსახურებს სათანადო განკარგულებანი მისცა და შუადღის სიცხეში მარტოდმარტო გაემგზავრა სევილიაში, რათა იქ ღამით მისულიყო. მართლაც უკვე ბნელი ღამე იყო, როცა საგოდებელის კოშკთან მივიდა, სადაც ერთი მსახური ელოდა. ცხენი გადასცა და იკითხა, მზადაა თუ არა ტახტრევანი და ჯორებიო. მისი ბრძანების თანახმად ჩასაჯდომი მონასტრის მახლობლად ქუჩაში უნდა გაეჩერებინათ, რათა მას შეძლებოდა ტერესასთან ერთად იქ ჩქარა მისულიყო, მაგრამ ამასთანავე მონასტრის კარებთან არც ისე ახლო უნდა მიეტანათ, რომ ღამის გუშაგებს რაიმე ეჭვი დაბადებოდათ. ყოველივე მზად იყო, მისი განკარგულებანი ზედმიწევნით შეესრულებინათ. კიდევ ერთი საათი დარჩენოდა იმ წუთამდე, როცა შეთანხმების მიხედვით ნიშანი უნდა მიეცა ტერესასთვის. მსახურმა მხრებზე მუქი წამოსასხამი წამოისხა და იგი მარტო შევიდა სევილიაში ტრიანას კარის გზით ისე, რომ სახე დაფარული ჰქონდა, რათა მისი ცნობა შეუძლებელი ყოფილიყო. სიცხემ და დაღლილობამ აიძულა ლოდზე ჩამომჯდარიყო მიყრუებულ ქუჩაში. დაიწყო ნელი ხმით სტვენა და ღიღინი. დროგამოშვებით საათს უცქეროდა და გული მოსდიოდა, რომ ისარი ანგარიშს არ უწევდა მის მოუთმენლობას. მოულოდნელად მისი სმენა მჭმუნვარე და დღესასწაულებრივმა მუსიკამ შეაშფოთა. ადვილად იცნო გალობა, რომელსაც ეკლესია ადამიანის დასაფლავების დროს ასრულებს. იმწუთშივე ქუჩის კუთხეში პროცესია გამოჩნდა, რომელიც მისკენ მოემართებოდა. ორი დიდი გუნდი მომნანიებელთა ორდენის ბერებისა ანთებული კელაპტრებით, წინ მოუძღოდა შავ ხავერდგადაფარებულ კუბოს, რომელიც ძველებურ ტანისამოსში გამოწყობილ, თეთრწვერიან და მახვილით შეჭურვილ მოხუცებს მოჰქონდათ. პროცესიას უკან მოჰყვებოდა მომნანიებელთა ორი გუნდი, მათაც, ისევე როგორც მოწინავეებს, კელაპტრები ეჭირათ ხელში, მხოლოდ ძაძა ეცვათ. მთელი ეს კრებული აუჩქარებელი და მძიმე ნაბიჯით მოდიოდა. ფეხის ხმა არ ისმოდა და კაცს ეგონებოდა, ეს ადამიანები უფრო მოსრიალებენ, ვიდრე მოდიანო. ანაფორებისა და წამოსასხამების გრძელი და პირდაპირი ნაოჭები არ მოძრაობდა, თითქოს მარმარილოს ქანდაკებათა ტანისამოსი ყოფილიყოს.

      ამ სურათის დანახვაზე დონ ჟუანმა თავდაპირველად ერთგვარი ზიზღი იგრძნო, რასაც სიკვდილის წარმოდგენა იწვევს ყოველ ეპიკურეელში. წარმოდგა და უნდოდა წასულიყო, მაგრამ მომნანიებელთა სიმრავლე და პროცესიის მედიდურობამ გააოცა და ცნობისმოყვარეობა გაუღიზიანა. პროცესიამ მახლობელი ეკლესიისაკენ მოუხვია, და საყდრის კარები დიდის ხმაურობით გაიღო; დონ ჟუანმა ხელი შეახო ერთ კელაპტრიან ბერს და თავაზიანად ჰკითხა, ვინ არის ეს პირი, რომელსაც მარხავთო. მომნანიებელმა თავი ასწია; მისი სახე გაფითრებული და გამშრალი იყო, როგორც ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობა გამოვლილი ადამიანისა. მან თითქოს საიქიოდან უპასუხა: – ესაა გრაფი დონ ჟუანი დე მარანია.

      ამ უცნაურმა პასუხმა დონ ჟუანს თმა ყალყზე დაუყენა, მაგრამ იმწუთშივე გული გაიმაგრა და გაიცინა. „ალბათ მომესმა ან ეს მოხუცი შეცდა“, - გაიფიქრა მან. იგი ეკლესიაში შევიდა პროცესიასთან ერთად. სამგლოვიარო გალობა განახლდა, მას ორღანის გუგუნი დაერთო, შავად შემოსილმა მღვდლებმა სულთათანა დაიწყეს, დონ ჟუანი ცდილობდა შიში დაეძლია, მაგრამ გრძნობდა, რომ ძარღვებში სისხლი ეყინებოდა; მეორე მომნანიებელს მიუახლოვდა და ჰკითხა: – ვინ არის ეს მიცვალებული, აქ რომ მარხავთ?

      – გრაფი დონ ჟუანი დე მარანია, - უპასუხა ბერმა ყრუ და შემაძრწუნებელი ხმით.

      დონ ჟუანი სვეტს მიეყრდნო, რათა არ წაქცეულიყო. იგრძნო, რომ ძალამ უმტყუნა და მთელი მისი მხნეობა გაჰქრა. მღვდელმსახურება გრძელდებოდა, ხოლო ეკლესიის თაღები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ორღანის გუგუნს და ხმებს, რომელნიც საშინელ „მეორედ მოსვლის“ ჰიმნს გალობდნენ. დონ ჟუანს ეჩვენებოდა, თითქოს ანგელოზების ხოროს ისმენდა განკითხვის დღეს. ბოლოს თავს ძალა დაატანა, ხელში ხელი ჩასჭიდა ერთ მღვდელს, რომელმაც გვერდით ჩაუარა. ეს ხელი ცივი იყო მარმარილოსავით.

      – მამაო, მითხარი ღვთის გულისათვის, - წამოიძახა მან, - ვისთვის ლოცულობთ აქ და თვით თქვენ ვინა ხართ?

      – ჩვენ ვლოცულობთ გრაფ დონ ჟუან დე მარანიასათვის,- უპასუხა მღვდელმა და თვალებში ჩააშტერდა მწუხარებით აღსავსე გამომეტყველებით: - ჩვენ ვლოცულობთ მისი სულისთვის, რომელიც მომაკვდინებელმა ცოდვამ მოიცვა, ხოლო თვით ჩვენ სულები ვართ, რომელნიც მისი დედის წირვა-ლოცვამ დაგვიხსნა განსაწმენდელი ჯოჯოხეთის ცეცხლისაგან. ჩვენ შვილს ვუხდით დედის ვალს; მაგრამ ეს ლოცვა უკანასკნელია და ამის შემდეგ აღკვეთილი გვაქვს გრაფ დონ ჟუან დე მარანიას სულის სახსენებლად ვილოცოთ.

      ამ დროს ეკლესიის საათმა ერთხელ ჩამოჰკრა: ეს იყო საათი დანიშნული ტერესას გატაცებისათვის.

      – ჟამი დადგა! - წამოიძახა ხმამ ეკლესიის ბნელ კუთხიდან: - ჟამი დადგა! ჩვენია თუ არა იგი?

      დონ ჟუანმა უკან მოიხედა და შემაძრწუნებელი მოჩვენება დაინახა. ფერმიხდილი და გასისხლიანებული დონ გარსია მისკენ მოაბიჯებდა კაპიტან გომარესთან ერთად, რომლის სახე საშინლად დაღმეჭილი იყო, ორივენი კუბოსთან შეჩერდნენ, დონ გარსიამ სახურავი ძირს დაანარცხა და გაიმეორე: - ჩვენია თუ არა იგი? იმავე წუთში უზარმაზარი გველი აღიმართა მის უკან და რამდენიმე წუთის მანძილზე თავი გააგრძელა, თითქოს კუბოში უნდა ჩასწვდესო.

      – .. იესო მაცხოვარო, - დაიყვირა დონ ჟუანმა და ლოდზე დაემხო გულწასული.

*

      განთიადი უკვე მოახლოებული იყო, როცა ღამის გუშაგებმა უმოძრაოდ პირდამხობილი ადამიანი შეამჩნიეს ეკლესიის კარიბჭესთან. მოისარნი მიუახლოვდნენ, ეგონათ, მოკლული კაცის გვამიაო. მაშინვე იცნეს გრაფი დე მარანია და შეეცადნენ ცივი წყლით მოესულიერებინათ, მაგრამ რადგან გონზე არ მოდიოდა, მის საკუთარ სახლში წაიღეს. ზოგი ამბობდა, მთვრალიაო, ზოგს ეგონა სასტიკად ნაცემიაო რომელიმე ეჭვიანი ქმრისაგანო. სევილიაში, განსაკუთრებით რიგიან საზოგადოებაში, არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც იგი ჰყვარებოდა, ყველამ კარგად შეუკურთხა. ზოგი ლოცავდა ჯოხს, რომელსაც იგი ასე კარგად დაერეტიანებინა, ზოგი კითხულობდა, რამდენი ბოთლი ღვინო ექნება ჩასხმული ამ უძრავ რუმბშიო.

      დონ ჟუანის მსახურებმა მოისრეებს თავიანთი პატრონი ჩამოართვეს და მაშინვე კაცი გაგზავნეს დასტაქარის საძებნელად. უხვად სისხლი გამოუშვეს, და იგი ჩქარა გონზე მოვიდა. პირველად მხოლოდ უშინაარსო სიტყვებს ამბობდა, რაღაც შეუსაბამოს გაიძახოდა, ქვითინებდა და ოხრავდა. შემდეგ თითქოს ყურადღებით მიმოიხედა ირგვლივ, იკითხა სად ვარო, რა მოუვიდა კაპიტან გომარეს, დონ გარსიას და პროცესიას. მოსამსახურეებს ეგონათ, გაგიჟებულიაო. მაგრამ წამლების მიღების შემდეგ, ჯვარცმა მოატანინა და რამდენჯერმე ეამბორა ცრემლთა ფრქვევით, შემდეგ ბრძანა მოძღვარი მომიყვანეთო. ამ ამბავმა გაოცება გამოიწვია, იმდენად ცნობილი იყო მისი ურჯულოება. მსახურთა მიერ მოწვეულმა მღვდელმა უარი თქვა წამოსვლაზე, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ დონ ჟუანი ალბათ რაღაც უკუღმართ ხუმრობას გვიმზადებსო. ბოლოს ერთმა დომინიკელმა ბერმა თანხმობა განაცხადა მასთან მისვლაზე. ისინი მარტო დატოვეს. დონ ჟუანი მუხლებზე დაემხო ბერის წინაშე და მოჩვენების ამბავი მოუყვა, შემდეგ აღსარება უთხრა. თავისი ცოდვები ჩამოთვალა და ჰკითხა, შეიძლება თუ არა ასეთმა ცოდვილმა ადამიანმა ოდესმე პატიება მიიღოს ზეცისაგანო. ბერმა უპასუხა, ღვთის მოწყალება დაუსრულებელიაო; შემდეგ ჩააგონა, მტკიცედ ყოფილიყო ცოდვის მონანიებაში, ნუგეშის სცა, აღუთქვა საღამოთი კიდევ გინახულებო და წავიდა. დონ ჟუანმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, როცა დომენიკელი მობრუნდა, მან განუცხადა, გადაწყვეტილი მაქვს დავტოვო ეს სოფელი, სადაც ამდენი ბოროტება და უკუღმართობა ჩავიდინე, და მონანიებით, გამოვიყიდო ჩემი შეცოდებანიო. ბერს გული აუჩუყა მისმა ცრემლებმა, მან ნუგეშის ცემით გაამხნევა იგი, ხოლო სიმტკიცის გამოსაცდელად მკაცრი სამონასტრო ცხოვრების შემზარავი სურათი დაუხატა. მაგრამ სხეულის დათრგუნვის აღწერაზე დონ ჟუანმა შესძახა: ეს არაფერია, მე კიდევ უფრო სასტიკი ხვედრის ღირსი ვარო.

      მეორე დღეს თავისი ქონების ნახევარი ღარიბ ნათესავებს მისცა, მეორე ნახევარი საავადმყოფოსა და სამლოცველოს ასაგებად შესწირა; დიდძალი ფული დაურიგა გლახაკებს და მრავალი წირვა შეუკვეთა სალხინებლის სულთათვის, რომელნიც შემოაკვდნენ. ბოლოს თავის მეგობრები მოიპატიჟა და მათ წინაშე სინანული გამოთქვა, რომ ამდენ ხანს ასეთს ცუდ მაგალითს გაძლევდითო; დიდი სულიერი მღელვარებით დახატა სინდისის ქენჯნა, რასაც მასში წარსული ყოფაქცევა იწვევდა, და მომავლის იმედი გამოთქვა. მრავალ დარდიმანდს გული აუჩუყდა და ყოფაქცევა შეაცვლევინა ამ ამბავმა; ხოლო სხვებმა, რომელნიც გამოუსწორებელნი იყვნენ, იგი დაცინვით მიატოვეს.

      სანამ მონასტერში შევიდოდა, დონ ჟუანმა წერილი მისწერა დონა ტერესას. გამოტყდა, თუ რა სამარცხვინო განზრახვებით აპირებდა მის მოტაცებას, მოუყვა თავისი ცხოვრების და მონანიების ამბავს და მოუწოდა, მის მაგალითს გაჰყოლოდა და ხსნის გზა სინანულში ეძებნა. ამ წერილის შინაარსი დომენიკეს გააცნო და მასვე მიანდო გადასაცემად.

      საბრალო ტერესას მონასტრის ბაღში დიდხანს ეცადნა შეპირებული ნიშნისთვის; რამდენიმე საათი ენით გამოუთქმელ მღელვარებაში გაეტარებინა და როცა დაენახა განთიადი ახლოვდებოდა, სენაკში დაბრუნებულიყო უმძაფრესი გულისტკივილით შეპყრობილი. იგი დონ ჟუანის მოუსვლელობას ათასი მიზეზით ხსნიდა, არც ერთი იმ მიზეზთაგანი არ შეეფერებოდა სინამდვილეს. რამდენიმე დღემ განვლო ისე, რომ მისგან არაფერი ამბავი არ მიუღია და არავითარ ცნობას არ შეუმსუბუქებია მისი სასოწარკვეთილება. ბოლოს ბერმა დედათა წინამძღვართან წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ, ნებართვა მიიღო ტერესა ენახა და მისი შემაცდენელის წერილი გადასცა. კითხვის დროს ქალს ცივმა ოფლმა დაასხა; ხან ცეცხლის ალმური ასდიოდა, ხან სიკვდილივით გაფითრებული იყო, მაგრამ იმდენი მხნეობა გამოიჩინა, რომ წერილი ბოლომდე წაიკითხა. მაშინ დომენიკელი შეეცადა დონ ჟუანის სინდისი ქენჯნა დაეხატა და მიულოცა, რომ მათ თავი დააღწიეს საშინელ საფრთხეს, რაც ორივეს მოელოდა, თუ მათი განზრახვა ძირშივე არ აღეკვეთა განგების უხილავ ხელს. მაგრამ ამ შეგონებათა საპასუხოდ დონა ტერესა მხოლოდ გაიძახოდა: „მე იმას არასოდეს ვყვარებივარ!“ ამ უბედურს ცხელება დააწყებინა; ამაოდ გაუწია უხვი დახმარება სამკურნალო ხელოვნებამაც და სარწმუნოებამაც; მან უკუაგდო პირველი, ხოლო მეორეს თითქმის უგრძნობლად შეხედა. რამდენიმე დღის შემდეგ სული განუტევა, სიკვდილის წინ იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე იმას არასოდეს ვყვარებივარო!“

      დონ ჟუანმა მორჩილის ტანისამოსი ჩაიცვა და ცხადყო, რომ მისი ქცევა გულწრფელი იყო. არ არსებობს ისეთი დათრგუნვა სხეულისა ან სასჯელი, რომელიც მას მეტად მსუბუქად არ ჩვენებოდეს; მონასტრის წინამძღვარი ხშირად უხსნიდა, ამრიგად სიცოცხლეს იმოკლებო, ნამდვილად კი უფრო დიდი ღვაწლი ხანგრძლივი და ზომიერი ტანჯვის ატანაა, ვიდრე მონანიების დამთავრება სიცოცხლის მოსპობითო. როცა მორჩილების ვადა გათავდა, დონ ჟუანი ბერად შედგა და ძმა ამბროსის სახელით განაგრძო თავისი სათნო ცხოვრება მონასტრის სასახელოდ. თავისი შალის ტანსაცმლის ქვეშ ეკლიან ფლასს ატარებდა; მისი საწოლი იყო ერთგვარი ვიწრო და მოკლე ყუთი. მთელს მის საკვებს წყალში მოხარშული მხალი შეადგენდა, და მხოლოდ დღესასწაულებში და ისიც წინამძღვრის განსაკუთრებული ბრძანებით, პურის მიღებას თანხმდებოდა. ღამეებს ფხიზლობასა და ლოცვაში ატარებდა; ერთი სიტყვით, ახლა იგი ამ სათნოებით აღსავსე ძმობის წასაბაძ მაგალითად იქცა, ისევე როგორც წინათ დარდიმანდი ახალგაზრდების მეთაური იყო. ერთხანს სევილიაში გადამდები სენი მძვინვარებდა, და ამ გარემოებამ მას შესაძლებლობა მისცა ახალი სათნოება გამოეჩინა. სნეულებს იმ საავადმყოფოში ღებულობდნენ, რომელიც მან დააარსა; იგი უვლიდა ამ საბრალოებს, მთელ დღეებს მათ სასთუმალთან ატარებდა, ამხნევებდა და ანუგეშებდა. სენი იმდენად ადვილად გადამდები იყო, რომ შეუძლებელი გახდა დიდი ფულითაც მომვლელებისა და მესაფლავეების პოვნა; დონ ჟუანი ასრულებდა ამ ვალდებულებას; იგი შედიოდა მიტოვებულ სახლებში და მარხავდა გახრწნილ გვამებს. ყველგან ლოცავდნენ მას და, რადგან ამ შემაძრწუნებელ დროს იგი არასოდეს ავად არ გამხდარა, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანი ფიქრობდა, ღმერთმა სასწაული გვიჩვენა მისი სახითო.

      უკვე რამდენიმე წელმა განვლო, რაც დონ ჟუანი ანუ ძმა ამბროსი მონასტერს შეეკედლა და მისი სიცოცხლე ღვთისმოსაობის და თვითდათრგუნვის შეუწყვეტელ ღვაწლად იქცა. წარსული ცხოვრების მოგონება მუდამ ცხოველი იყო მის მეხსიერებაში, მაგრამ სინდისის ქენჯნა შეანელა კმაყოფილების გრძნობამ, რასაც მას მოქცევა ანიჭებდა.

      ერთხელ ნაშუადღევს, როცა ადამიანი სიცხეს განსაკუთრებით მწვავედ გრძნობდა, მონასტრის ძმები ისვენებდნენ ჩვეულებისამებრ. მხოლო ძმა ამბროსი მუშაობდა ბაღში, მზის გულზე, თავშიშველი, ეს იყო ერთი სასჯელთაგანი, რაც მან თავის თავს დააკისრა. ბარზე იყო დახრილი, როცა ადამიანის ჩრდილი დაინახა, რომელიც მის ახლო შეჩერდა, ეგონა, ბაღში რომელიმე ბერი შემოსულაო, და თავაუღებლად მიესალმა, „გიხაროდენ, ქალწული მარიამის“ ლოცვით. მაგრამ პასუხი არ მიუღია. გაკვირვებულმა ზევით აიხედა და დაინახა, რომ მის წინ ახოვანი ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც ფეხის კოჭამდე წამოსასხამში იყო გახვეული, ხოლო სახე სანახევროდ თეთრი და შავი ფრთით შემკული ქუდით ჰქონდა დაფარული. ეს ადამიანი უსიტყვოდ უცქეროდა, ცბიერი სიხარულისა და უღრმესი ზიზღის გამომეტყველებით. რამდენიმე წუთის განმავლობაში ორივეს თვალი თვალში ჰქონდათ გაყრილი. ბოლოს უცნობმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა, ქუდი მოიხადა, რათა სახე გამოეჩინა და ჰკითხა : – ვერა მცნობთ?

      დონ ჟუანმა იგი აათვალიერა დიდის ყურადღებით, მაგრამ ვერ იცნო.

      – გახსოვთ თუ არა ბერგ ოპზოომის ალყა? - ჰკითხა უცნობმა: - ნუთუ დაგავიწყდათ ჯარისკაცი, რომელსაც მოდესტოს უწოდებდნენ.

      დონ ჟუანი ჟრჟოლამ აიტანა. უცნობმა ლაპარაკი განაგრძო ცივად: - იმ ჯარისკაცმა შაშხანის ტყვიით მოჰკლა თქვენი ღირსეული მეგობარი - დონ გარსია, თუმცა ნიშანში თქვენ ჰყავდით ამოღებული, მე მოდესტო გახლავართ. სხვა სახელი მაქვს: დონ პედრო დე ოხედას მეძახიან; იმ დონ ალონზო დე ოხედას ძმა ვარ, რომელიც თქვენ მოჰკალით.

      – ძმაო, - თქვა დონ ჟუანმა და მის წინაშე დაიჩოქა, - მე ერთი უბადრუკი ადამიანი ვარ, ცოდვებით დამძიმებული. მათ მოსანანიებლად ჩავიცვი ეს ტანისამოსი და გამოვექეცი ქვეყანას. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ თქვენგან განტევება დავიმსახურო, დამისახელეთ იგი. თვით უმძაფრესი სასჯელი არ შემაშინებს, ოღონდ თქვენი წყევლა ამშორდეს.

      დონ პედრომ მწარედ ჩაიცინა: – თავი დავანებოთ პირფერობას, უფალო დე მარანია: მე განტევება არ ვიცი, რაც შეეხება ჩემს წყევლას, იგი თქვენ უკვე მიღებული გაქვთ. მაგრამ იმდენი მოთმინება არ მყოფნის, რომ ვუცადო, თან წამოღებული მაქვს ისეთ რამ, რაც უფრო ძლიერია, ვიდრე წყევლა-კრულვა.

      ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წამოსასხამი გადააგდო და აღმოჩნდა, რომ ხელში ორი გრძელი დაშნა ეჭირა. ორივე ქარქაშიდან ამოიღო და მიწაში ჩაარჭო.

      – ამოირჩიეთ, დონ ჟუან, - თქვა მან: - ამბობენ, რომ თქვენ მარჯვე მებრძოლი ხართ; არც მე ვარ ურიგო. ვნახოთ, რის შემძლე ხართ.

      დონ ჟუანმა პირჯვარი გამოისახა და თქვა: – ძმაო, თქვენ გავიწყდებათ აღთქმა, რაც მე მაქვს დადებული. მე აღარა ვარ დონ ჟუანი, რომელსაც თქვენ ოდესმე იცნობდით, მე ძმა ამბროსი ვარ.

      – ასე იყოს! ძმაო ამბროსი, თქვენ ჩემი მტერი ხართ, მე თქვენი მტერი ვარ და შურისძიება მწყურია, სულერთია რა სახელსაც უნდა ატარებდეთ თქვენ.

      დონ ჟუანმა ხელახლა დაიჩოქა მის წინაშე.

      – თქვენ ჩემის სიცოცხლის წაღება გინდათ, დაე თქვენი იყოს. დამსაჯეთ, როგორც გენებოთ.

      – სულმდაბალი ფარისევლობა! ბალღი ხომ არ გგონივარ? თუ შენი ჩაძაღლება მდომებოდა, თავს როდი შევიწუხებდი ამ იარაღის ტარებით, ჩქარა აირჩიე და თავი დაიცავი.

      – გიმეორებთ, ჩემო ძმაო, ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ სიკვდილისთვის მზად ვარ.

      – უბედურო! - წამოიძახა გააფთრებულმა დონ პედრომ: - შენზე ამბობდნენ, მამაციაო, მაგრამ როგორც ვხედავ, მხდალი არამზადა ყოფილხარ!

      – რის სიმამაცე, ჩემო ძმაო! ღმერთს ვთხოვ, იმდენი მხნეობა მომცეს, რომ ცოდვების მოგონებამ სასოწარკვეთილებაში არ ჩამაგდოს, რაიცა აუცილებელია მისი დახმარების გარეშე; აქედან მივდივარ, რადგან ვხედავ, რომ ჩემი დანახვა თქვენ გაღიზიანებთ. ღმერთმა ჰქნას, და ისეთი დღე დადგეს, რომ ჩემი მონანიება თქვენც გულწრფელად გეჩვენოთ!

      მას უკან რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული ბაღიდან წასასვლელად, როცა დონ პედრომ ხელი სტაცა სახელოში.

      – ერთ-ერთი ჩვენგანი ცოცხალი ვერ გავა აქედან. ხელი მოჰკიდე დაშნას, მე არაფერი მწამს თქვენი იერემიასებური გოდებისა.

      დონ ჟუანმა მუდარით შეხედა და კიდევ ორიოდე ნაბიჯი გადადგა წასასვლელად; მაგრამ დონ პედრომ მაგრად ხელი ჩასჭიდა საყელოში: – შენ გგონია, საზიზღარო კაცის მკვლელო, რომ ხელიდან წამიხვალ! არა! მე ნაფლეთებად ვაქცევ შენს ფარისევლურ ანაფორას, რომელიც ეშმაკის ჩლიქებს გიფარავს, და მაშინ შეიძლება ძალა მოგეცეს ჩემთან საბრძოლველად. - ამ სიტყვებით იგი მას ტლანქად ხელს ჰკრავდა კედლისკენ.

      – ბატონო პედრო დე ოხედა, - წამოიძახა დონ ჟუანმა, - თუ გნებავთ, მომკალით, მხოლოდ მე არ შეგებრძოლებით! მან გულზე ხელები დაიკრიფა და დონ პედროს ჩააცქერდა წყნარი, მაგრამ საკმაოდ ამაყი გამომეტყველებით.

      – ჰო, მოგკლავ, შე უბადრუკო! მაგრამ სანამ მოგკლავდე, ისე მოგეპყრობი, როგორც შენისთანა გლახაკს შეეფერება.

      და სილა გააწნა; ეს იყო პირველი სილა, რომელიც დონ ჟუანს ოდესმე მიეღო თავის სიცოცხლეში. იგი აენთო, ახალგაზრდობის გოროზობა და სიფიცხე ხელახლა შეიჭრა მის სულში. ხმა არ ამოუღია, ისე მივარდა დაშნას. დონ პედრო მოემზადა საბრძოლველად. ორივენი გააფთრებით და დაუზოგავად ეკვეთნენ ერთმანეთს. დონ პედროს დაშნა დონ ჟუანის შალის ტანისამოსში ჩაეფლო და მის სხეულზე დასრიალდა, ისე რომ იგი არ დაუჭრია, მაშინ როცა დონ ჟუანის დაშნა ვადამდე ჩაერჭო მოწინააღმდეგის მკერდში. დონ პედრომ მაშინვე სული განუტევა. დონ ჟუანი ერთხანს უაზროდ და გაუნძრევლად უცქეროდა მის ფერხთქვეშ გაწოლილ მტრის გვამს. შემდეგ თანდათან გონს მოვიდა და თავისი ახალი შეცოდების სიმძიმე იგრძნო. ცხედარს მივარდა და შეეცადა მოესულიერებინა. მაგრამ მას ბევრი ჭრილობა ჰქონდა ნახული და მაშინვე შეატყო, რომ ეს მომაკვდინებელი იყო. მის ფერხთქვეშ გასისხლიანებული დაშნა ეგდო, იგი მას თითქოს მოუწოდებდა თავის თავი დაესაჯა; მაგრამ ჩქარა უკუაგდო ეშმაკის ახალი ცთუნება, გაიქცა და, ღრმად შეშფოთებული, წინამძღვრის სენაკში შეიჭრა. მის წინ მუხლებზე დაეცა და ტირილით შემაძრწუნებელი შემთხვევა უამბო. თავდაპირველად წინამძღვარმა არაფერი დაუჯერა და გაიფიქრა, ძმა ამბროსის ჭკუა დაუკარგავს უზომოდ თვითდათრგუნვის გამოო. მაგრამ სისხლი, რაც დონ ჟუანს ტანსაცმელსა და ხელზე ეცხო, მისი სიტყვების სიმართლეს მოწმობდა. წინამძღვარი ჭკუადამჯდარი კაცი იყო. იმ წუთშივე მიხვდა, როგორ შეიბღალებოდა მონასტრის სახელი, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა. ორთა ბრძოლა არავის დაუნახავს. წინამძღვარმა ყოველივე იღონა, რაღა თვით მონასტრის ბინადართაც არაფერი გაეგოთ. მან უბრძანა დონ ჟუანს, უკანვე მომყევიო, და მისი დახმარებით ცხედარი სარდაფში ჩაასვენა, ხოლო გასაღები ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ სენაკში დაკეტა დონ ჟუანი და ქალაქის უფროსთან წავიდა ამბის საცნობად.

      შეიძლება ვინმეს გასაკვირველად ეჩვენოს, რომ დონ პედრომ, რომელმაც ერთხელ დონ ჟუანის ფარულად მოკვლა სცადა, მეორეჯერ უკუაგდო ამგვარი მკვლელობის აზრი და თავის მტერს პირისპირ შეებრძოლა, მაგრამ მას ჯოჯოხეთური შურისძიების ანგარიში ჰქონდა. გაგონილი ჰქონდა დონ ჟუანის ღვაწლის და წმინდა ცხოვრების ამბავი და შიშობდა პირდაპირ სამოთხეში არ გაესტუმრებინა თავისი ხელით. იგი იმედოვნებდა, რომ თუ გააღიზიანებდა და ორთა ბრძოლაში ცოდვას იდებდა, ამრიგად სულითაც დაიღუპებოდა და ხორცითაც. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ეშმაკისეული განზრახვა თვით მომგონის წინააღმდეგ შეტრიალდა.

      ამ საქმის მიჩქმალვა ძნელი როდი აღმოჩნდა. ქალაქის მოურავი მონასტრის წინამძღვარს შეუთანხმდა და ხელი შეუწყო ეჭვების გაფანტვაში. ბერებმა დაიჯერეს, რომ მიცვალებული რომელიღაც უცნობ რაინდს შებრძოლებია, მონასტერში მიუყვანიათ დაჭრილი და იქ გარდაცვლილაო. რაც შეეხება დონ ჟუანს, აღარ შევეცდებით მისი სინანულისა და სინდისის ქენჯნის აღწერას. მან სიხარულით შეასრულა ყველა განკანონება, რომელიც წინამძღვარმა დაადო. მთელს თავის სიცოცხლეში საწოლის ფეხზე დაკიდებული ჰქონდა დაშნა, რომელითაც დონ პედრო განგმირა, და არასოდეს ისე არ შეხედავდა ამ იარაღს, რომ მისი სულისა და მისი ოჯახისათვის ლოცვა არ ეთქვა. ამქვეყნიური ზვიადობის უკანასკნელი ნაშთის დასათრგუნავად წინამძღვარმა მას უბრძანა ყოველდღე მონასტრის მზარეულთან გამოცხადებულიყო, რათა მისგან სილის შემოკვრა მიეღო. პირველი სილის მიღებისთანავე ძმა ამბროსი მზარეულს მეორე ღაწვს უშვერდა და მადლობას უხდიდა ასეთი დამცირებისთვის. ამრიგად ათი წელი გაატარა მონასტერში და არასოდეს მისი ღვაწლი არ შემღვრეულა ახალგაზრდობის დროის ვნებათა ღელვით. იგი გარდაიცვალა წმინდანად აღიარებული თვით იმ ადამიანების მიერ, რომელთაც იცოდნენ მისი ადრინდელი უწესობანი. სიკვდილის სარეცელზე ითხოვა, როგორც წყალობა, ეკლესიის შესავალში დაემარხათ, რათა ყოველ შემსვლელს ფეხით გაეთელა მისი საფლავი. მოისურვა აგრეთვე, მის ლოდზე შემდეგი წარწერა ამოეჭრათ: „აქ განისვენებს უსაზიზღრესი ადამიანი, რომელსაც ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია“, მაგრამ შეუძლებლად სცნეს სავსებით შეესრულებინათ ეს ანდერძი, რაიცა მისი უზომო თავმდაბლობით იყო ნაკარნახევი. იგი დასაფლავებულ იქნა მის მიერ აგებული სამლოცველოს მთავარი საკურთხევლის მახლობლად. მართალია, ლოდზე, ანდერძისამებრ, მის მიერ შეთხზული წარწერა ამოჭრეს, მაგრამ მიუმატეს მისი მოქცევის ამბავიც. დონ ჟუანის დაფუძნებულ საავადმყოფოს და განსაკუთრებით მის სამლოცველოს ყოველი უცხოელი ესტუმრება ხოლმე, რომელიც სევილიაში გაივლის. მურილიომ ეს სამლოცველო თავისი შედევრებით შეამკო. წინათ ამ საავადმყოფოს კედლებს ამკობდა „უძღები შვილის დაბრუნების“ და „იერიქონის საყვირის“ სურათები, რომელნიც ესპანეთიდან პარიზში წამოიღო ნაპოლეონის სარდალმა დიე სულტმა.

      ნოველის დასასრული

პროსპერ მერიმე

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მერიმე, მოთხრობები, ნოველები

ნახვა: 776

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters