იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.ვიდრე ქვეყანა იქნება – არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.

აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფიერეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა.

დაბადება

– აეგეთია ეს ცხოვრება! – ამბობს შუღლიანთ სება და ცოტა დუმილის შემდეგ დაამატებს

– მააშ! – მერე შემოგხედავს, თავიდან ფეხებამდე ჩაგათვალიერებს და შეგეკითხება: – შენ რას იტყვი, ძმისწულო, ჰა?

– რაზე?

– ცხოვრებაზე.

– რა ვიცი, რა უნდა ვთქვა?

– ჰო, ჰო, ვერაფერს ვერ იტყვი, აეგეთია ეს ცხოვრება, მააშ! – ბრძნულად დაასკვნის სება და სევდიანად შეჰყურებს გუდამაყრის ხეობაში წამოყუდებულ უზარმაზარ მთებს, რომლებიც ოთხივე მხარეს კეტავენ სივრცეს და მხოლოდ მათ შორის მოქცეული ზეცა გაფიქრებინებს, რომ მარტო ამ ვიწრო ხეობაში არ მთავრდება ყველაფერი. მთის წვერებს შორის მოქცეული ცა ხან ლურჯად ლივლივებს და ხანაც ნაირ-ნაირ ღრუბლებს იგორებს გულზე. დღისით მზე ბიბინებს და ღამ-ღამობით მთვარე ბრწყინავს.

დღე ღამდება და ღამე თენდება.

გუდამაყრის ვიწრო ხეობას, ამ პატარა ცის ნაგლეჯით ჩამოჰყურებს შორეული სამყარო.

აქ თითქოს არაფერი არ იცვლება.

დღე ღამდება და ღამე თენდება.

ადამიანი ჩნდება და ბერდება...

ბერდება და კვდება.

ადამიანები შეგუებულნი არიან ამას.

ხანდახან ზეცას ვარსკვლავი მოსწყდება და სადღაც ჩაიკარგება. გუდამაყრელები ამას ვარსკვლავის გათხოვებას ეძახიან. გათხოვება, ამ შემთხვევაში, სხვაგან წასვლას, უფრო კი გარდაცვალებას ნიშნავს. ვინც ვარსკვლავის გათხოვებას თვალს შეასწრებს, დარდობს. რახან ვარსკვლავი გათხოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც გარდაიცვლება გუდამაყარში. იმათი რწმენით, ყველა ადამიანს საკუთარი ვარსკვლავი ჰყავს და როცა ეს ვარსკვლავი თხოვდება, აქ ადამიანი გარდაიცვლება; თუმცა ზეცა სავსეა ვარსკვლავებით, გუდამაყრის ხეობა კი პატარაა და ადამიანებიც ძალიან ცოტანი არიან, ამ ვარსკვლავებთან შედარებით.

ჩამოჰყურებს, ჩამოჰყურებს გუდამაყარს ვარსკვლავებით მოჭედილი სამყაროს თვალი.

– აეგეთია ეს ცხოვრება! – როგორღაც ნიშნისმოგებით ამბობს შუღლიანთ სება და არავინ კი არ ეკითხება, როგორია. თითქოს ყველა ხვდება რასაც ამბობს. თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს ნაპოვნი და ეს პასუხი ერთი სიტყვაა: – აეგეთია!

– მააშ! – ადასტურებს შუღლიანთ სება და ისეა შეჩვეული ამ სიტყვების თქმას, დღეში ათასჯერ ამბობს. საუბარში დროდადრო დაფიქრდება, შემოგხედავს და გეტყვის: – აეგეთია ეს ცხოვრება, მაშ! – ისე ამბობს ამას, ისეთ სევდას აყოლებს ნათქვამს, გული ჩაგწყდება, ძალაუნებურად გაჩუმდები და შენც დაფიქრდები.

ერთხელაც იჯდა თავისი სახლის კედელთან სება და დიდხანს დაჰყურებდა ჭიანჭველას, რომელიც მეორე მკვდარ ჭიანჭველას მიათრევდა.

ცოცხალ ჭიანჭველას უჭირდა ბალახებში მკვდარი ჭიანჭველის თრევა, მაგრამ თავს არ ანებებდა, ბალახიდან ბალახზე წვალებით გადადიოდა. სებას უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა საით მიდიოდა ჭიანჭველა.

– აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ.

– როგორი, მამავ? – შეეკითხა უცებ მის გვერდით მჯდარი პატარა ბიჭი.

სებამ შვილს შეხედა.

– როგორია მამავ? – ისევ ჰკითხა შვილმა.

– როგორი და ეგეთი – უფრო თავისთვის თქვა სებამ და ცოტა დუმილის მერე დააყოლა:

– ისე იწყება, შენ არავინ არ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს.

პატარა ბიჭი გაკვირვებული შეჰყურებდა მამას და ვერაფერი კი ვერ გაეგო მისი საუბრიდან.

– აემ ჭიანჭველას ხომ ხედავ? – ჭიანჭველაზე მიუთითა სებამ ბიჭს.

– რომელს?

– მკვდარს რომ მიათრევს.

– რატო მიათრევს? – ჰკითხა შვილმა.

– ეტყობა ეგ მკვდარი მაგისი ან დედაა, ან მამა, ან ძმა, ან შვილი, ან ნათესავი. სადღაც იყვნენ, ის ვიღაცამ მოკლა და ეს სახლში მიასვენებს მკვდარს, – თქვა სებამ და სევდიანად დააყოლა: – აეგეთია, შვილო, ეს ცხოვრება, მააშ!

ბიჭიც როგორღაც სევდიანად შეჰყურებდა მამას.

სება ყვებოდა: შენ დროთაი რო ვიყავ, მაშინაც ესე დადიოდნენ ამ ადგილას ჭიანჭველები და მამაჩემი სუ ერთთავად იმას მაფრთხილებდა – ბალღო, ფეხს რო ადგამ, ჯერ წინ დაიხედე, ჭიანჭველას ფეხი არ დაადგა, ისიც ხვთის გაჩენილია, ტყუილუბრალოდ რატო უნდა მოკლა. აბა, მოდი და კარგად დააცქერდი როგორ შრომობენ, როგორ ამბავში არიან?! მაგათაც თავის ცხოვრება აქვთ, მაგათაც უნდათ დიდხანს სიცოცხლე. ნაბიჯს რომ

გადადგამ ჯერ წინ დაიხედე, შვილო.

ერთი ხანობა, ლამის სიარული გადამავიწყდა, საითაც ფეხს გადავადგამდი, ყველგან ჭიანჭველა მიდიოდა.

მერე მამაჩემი ომში წაიყვანეს და მეც ნელ-ნელა გადამავიწყდნენ ჭიანჭველები. თანდათან გავიმართე, ამაყად დავიწყე დედამიწაზე სიარული.

– მამავ, პაპაი ომში მოკლეს? – ჰკითხა ბიჭმა.

– არა, ომიდან უვნებელი ჩამოვიდა და ციმბირში გაასახლეს.

– რატო?

– ომში გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და როცა ომი დამთავრდა, ტყვეობაში ნამყოფი ხალხი გააციმბირეს. მამაჩემი ციმბირიდან გამოიქცა და ღამე მოვიდა სახლში. დღისით გარეთ არ გამოდიოდა, ღამე მიდიოდა სათიბზე და სამკალზე. ვიღაცამ დააბეზღა მთავრობასთან და მეორედ გააციმბირეს.

– მერე აღარ გამოუშვეს?

– კი, გამოუშვეს, მაგრამ როგორც გავიგე, გზაში გარდაიცვალა და იქვე დაუსაფლავებიათ. სად, ზუსტად არ ვიცი, ეგ ამბავიც ჭორად მოგვივიდა. აი, ჭიანჭველას ხომ ხედავ, ეგაც არ ტოვებს თავის მკვდარს სხვაგან.

ბიჭი და სება ჭიანჭველას მიაჩერდნენ. იმას წეღანს აქეთ სამი-ოთხი მტკაველი ჰქონდა გავლილი და ისევ ისე წვალებით გადაჰქონდა მკვდარი ბალახიდან – ბალახზე.

– აეგეთია ეს ცხოვრება! – თქვა სებამ და გაჩუმდა.

ბიჭიც ჩუმად იჯდა.

მწვერვალებს შორის მოქცეულ ცაზე მზე ჩახჩახებდა.

. . .

მუზეუმის შექმნის სურვილი გაუჩნდა შუღლიანთ სებას – ვერ ხედავთ, ხალხო , თვალსა და ხელსშუა გვეცლება წარსული. ვინც კი გუდამაყრიდან წავიდა, უკან აღარ ბრუნდებიან, ანდა თუ ბრუნდებიან დამცინავად უყურებენ მამა-პაპათა ადათ -წესებს. ესე თუ გაგრძელდა, ბოლოს სულ დაიცლება ეს ხეობა და ისტორიას აღარ დარჩება სამახსოვროდ თუ ვინ ვიყავით, რანი ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით; ისედაც ხომ არავინ არ იცის ვინა ვართ გუდამაყრელები, რა ყაიდის ხალხი ვართ. ესე თუ გაგრძელდა ჩვენი ცხოვრება სულ მალე ისე წაიშლება ჩვენი კუთხე მიწის პირიდან, როგორც გაზაფხულის თოვლი. ხო იცით, აეგეთია ეს ცხოვრება! მოდით, სანამ დროა, ერთი მუზეუმი ავაშენოთ, იმათ მაინც დავრჩებით ქვეყანაზე.

– ეე, ჩემო სებავ, კარგი ერთი! – ეუბნება მეზობელი.

– საქმე თავზე გადამდის და მე მემუზეუმება?! – ამბობს მეორე.

– მა რა ვქნათ, ხალხო, ესე უბრალოდ წაიშალოს ჩვენი წარსული?! უსაქმური და მოცლილი არც მე ვარ, მაგრამ შთამომავლობას ხო უნდა დავუტოვოთ წარსული. ქვეყანამ ხო უნდა გაიგოს რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით დედამიწაზე, გუდამაყრელები გვერქვა და ვარსებობდით. შთამომავლობამ ხო უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში. აგე, იმ მთაზე გაჭრილ ძველ ნაგზევარს ხო ხედავთ? აი, ეგ გზა საუკუნეების წინანდელია. აი, მაგ გზაზე დადიოდა ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ბოლოს ერეკლე. მაგ გზით გადადიოდნენ ქვენამთაზე, ჩადიოდნენ ხევში და კეტავდნენ დარიალის კარს. ქვენამთის აქეთ ვანისკარია, ვანისკარის ციხეები; ქვენამთის იქეთ კიდე ნადარბაზევი, გორგასალის ნადარბაზევი; იმის ქვემოთ სოფელი კარკუჩა, რაც შემოსასვლელ ქუჩას ნიშნავს. ამ ხეობაში ყოველ ნაბიჯზე წარსული ფეთქავს, ჩვენ კი, ხო ხედავთ, გადაგვარების გზაზე ვართ, დამიდექით გვერდში, ავაშენოთ ერთი მუზეუმი.

– მოგცლია, ერთი, შენც! – მწყრალად შეუტია აპარეკამ.

– აეგეთია ეს ცხოვრება! – ამოიოხრა სებამ და მარტოკა შეუდგა მუზეუმის მშენებლობას.

. . .

სოფელი ჩოხი, სადაც შუღლიანთ სება ცხოვრობს, ერთ-ერთი ბოლო სოფელია გუდამაყარში. აქედან უკვე ალპური ზონა იწყება და შავი არაგვის სათავეებთან, ზეცას წვერმიბჯენილი ჭიუხებით ესაზღვრება ხევსურეთს. მარცხნივ მთიულეთია, ხოლო უფრო ჩრდილოეთით ხევი, საითკენაც ქვენამთის გადასასვლელით ძველი გზა გადადის, რომელსაც შუღლიანთ სება გორგასლის ნაგზევს ეძახის.

– აეგეთია ეს ცხოვრება, ვინ იცის ვის არ გაუვლია ამ გზაზე, – ამბობს სება და წარსულის ნაშთებს ეძებს.

ხეობა ვიწროა და შავი არაგვი ცოფიანივით ეხეთქება აქეთ-იქით შემოჯარულ მთებს. მხოლოდ ერთ ადგილას არის ვაკე ადგილი, იქ სადაც ახლა სოფელი ჩოხია გაშენებული. ადრე, როგორც სხვა აქაური სოფლები, ციცაბო მთის ფერდობზე იყო დაკიდებული, მერე კი თანდათან ჩამოსახლდნენ ამ მინდორზე ჩოხელები. ადრე აკრძალული ჰქონდა ხალხს აქ დასახლება, რადგან მთელი მინდორი პირიმზე – ფუძის ანგელოზის მოედნად ითვლება და სალოცავად მოსული ხალხი, აქ ათენებს ღამეს.

რაკი დარიალიდან მომავალი გზა ამ მინდორზე ჩამოდის, როცა რუსები საქართველოში შემოვიდნენ, პირველად იმათ დაარღვიეს პირიმზის სალოცავის რიდი და უზარმაზარი ბასტიონი ააშენეს სალოცავის მოედნის შუაგულში.

ბასტიონში ჩადგა რუსის ჯარი.

ბეგარა დაადეს გუდამაყრელებს – ზამთრობით გზაზე თოვლსა და ზვავებს ახვეტინებდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა სამუშაოებზე გაჰყავდათ ხალხი.

პირიმზის სალოცავის ზემოთ, ფერდობზე, ხატის ტყეა გაშენებული. იქ ხის მოჭრა აკრძალული აქვთ გუდამაყრელებს, რუსები კი არაფრად აგდებდნენ სალოცავის შიშს და უზარმაზარ წიფლის ხეებს ჭრიდნენ.

ასე გრძელდებოდა, მანამ მოჭრილმა წიფლის ხემ არ დააფრთხო რუსის ჯარი.

უშველებელი წიფლის ხე მოჭრეს რუსებმა და როცა ხე მიწაზე დაეცა, გველეშაპად გადაიქცა. ხის ტოტები ბანჯგვლებად იქცა. საშინელ ხმაზე წიოდა გველეშაპი და კუდს მიწას ურტყამდა, მისდევდა რუს ჯარისკაცებს ხახადაღებული. ჯარისკაცები ბასტიონში შეიკეტნენ და იქედან ესროდნენ თოფებს.

გველეშაპი წიოდა და ბასტიონის კედლებს ეხეთქებოდა; მანამდე არ გაჩერდა, მანამ რუსის ჯარი გუდამაყრის ხეობიდან არ გადაიხვეწა.

ამის მერე გუდამაყრის ხეობაზე სიარულს თავი ანებეს და მთიულეთის ხეობაზე გადაიყვანეს რუსებმა გზა.

უპატრონოდ დარჩა ბასტიონი.

დრო და ჟამი ნელ-ნელა შლიდა კედლებს. პირიმზის მოედანზე კი ძველებურად ლოცულობდნენ გუდამაყრელები და არავინ ფიქრობდა აქ დასახლებას, მანამ ისევ რუსები არ მოვიდნენ.

რუსები მოვიდნენ სხვა მხრიდან.

ქვემოდან მოვიდნენ.

კომუნისტებად მოვიდნენ და გუდამაყრელებსაც თავის წესზე ყოფნა მოსთხოვეს: გაკრიჭეს მღვდლები, გაძარცვეს სალოცავები და პირიმზის მოედანზე კოლმეურნეობის კანტორა ააშენეს. ამ კანტორაში დასხდნენ ქართველი კომუნისტები და ხატის მინდორზე, ძველი

ბასტიონის გვერდით, საქონლის ფერმა ააშენეს.

ხალხს ხატში ლოცვა აუკრძალეს და თუმცა კარგა ხანს ვერავინ ბედავდა მოედანზე სახლის აშენებას, დრომ მაინც თავისი ქნა და ჯერ ერთი კაცი ჩამოსახლდა ჩოხიდან აქ, მერე მეორემ გაბედა, მერე მესამემ და მართალია პირიმზის ხატთან ახლოს არა, მოედნის ბოლოში მაინც გაშენდა პატარა სოფელი ჩოხი.

ძველი ბასტიონის კედლებს შიგნით, შუაგულ მინდორში, ჯერ სტალინის ძეგლი იდგა, მერე, სტალინი რო მოკვდა, ძეგლი შუაწელზე გადახერხეს და მზისკენ ხელგაშვერილი ლენინის ტანი დაადგეს. ბასტიონის გვერდით რვაწლიანი სკოლა ააშენეს და ხანდახან მზისკენ გაშვერილ ხელზე ჩამოეკიდებოდნენ ხოლმე ურჩი ბიჭები ლენინს. მაშინ სტალინზე გადაკერებული ლენინის ტანი წონასწორობას ვეღარ იკავებდა და ბავშვებთან ერთად მინდორზე გორაობდა.

აი, მაშინ ატყდებოდა ხოლმე დიდი ამბავი, ცალკე კოლმეურნეობის კანტორიდან გამორბოდნენ გაბრაზებული კომუნისტები, ცალკე გულგახეთქილი მასწავლებლები ტუქსავდნენ ლენინის ხელზე დაკიდებულ მოწაფეებს.

რამდენჯერმე სხვადასხვა წებოთი სცადეს ლენინის დაწებება სტალინის ტანზე, მაგრამ სკოლის ახალ-ახალი მოწაფეები მაინც ჯიუტად ეკიდებოდნენ გაშვერილ ხელს და მერე იმასთან ერთად მინდორში გორაობდნენ. თანდათან ისე გათავხედდნენ ბალღები, ვიღაცამ ზემოდან ძეგლის თავი ჩაამტვრია და შიგ მზესუმზირა დათესა.

ამოიზარდა მზესუმზირა, გაიკეთა ბრდღვიალა თავი. ამოვა დილით გუდამაყრის ცაზე მზე, გაიშლება ძეგლის თავზე მზესუმზირა, გაბრდღვიალდება, წაჰყვება მზეს და საღამოთი მზის ჩასვლასთან ერთად დახუჭავს თვალებს.

კარგახანს ვერ ამჩნევდნენ კომუნისტები ამას და როცა გაიგეს, ისეთი ყვირილით მიუცვივდნენ სკოლაში მასწავლებლებს, ისეთი ცოდვის ტირილი დაატრიალეს მოწაფეებში, კარგახანს ძეგლის ახლოს აღარავინ გაჭაჭანებულა.

ეს ძეგლიც იდგა სიჩუმის ძახილის ნიშანივით და როგორც ადრე ხატის შენობასთან ახლოს მისვლა ეშინოდა ხალხს, ახლა ამ ძეგლთან მიახლოებაც ეშინოდათ. ბოლოს რო დაეკიდნენ ხელზე ბალღები ძეგლს, იმათი მამები წაიყვანეს ჩეკისტებმა და აღარც ერთი უკან აღარ დაბრუნებულა.

სოფელი თანდათან იზრდებოდა და ძეგლის აქით-იქეთ სახლები აშენდა.

შუღლიანთ სებამ გაბედა და ლენინის ძეგლთან ახლოს აიშენა სახლი. მაშინ ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და კინაღამ შარში გაეხვია. მეათე თვეში გადადგა სებაის ფეხმძიმე ცოლი და ბალღი მაინც არ ჩნდებოდა. გახდა თერთმეტი თვე, თორმეტი, მაინც არ ჩნდება ბალღი.

ექიმები მხრებს იჩეჩავენ.

მკითხავები ამბობენ, რომ ხატის მიზეზია, ასე ახლოს რომ ააშენა სალოცავთან სებამ სახლი, ხატი გაწყრა და ბალღი იმიტომ აღარ ჩნდებაო.

სებამ შესაწირავი შესწირა სალოცავს, მაგრამ მაინც არაფერი არ ეშველა ფეხმძიმე ქალს.

ერთ ღამეს კი, სიზმარში იყო თუ ცხადში, კარგად ვეღარ გაიგო ქალმა. მოეჩვენა რომ მუცლიდან ბალღი დაელაპარაკა: – დედი, დედი! სანამ ეგ ძეგლი აქ დგას, მანამდე არ გავჩნდები, ფეხს არ გამოვადგამ აქედან!

შეშინებულმა ცოლმა სებას უამბო ეს ამბავი.

– გადავაქცევ! – ცულს წამოავლო სებამ ხელი.

– გაგიჟდი კაცო?! ხო იმ წუთას გაგაციმბირეს!

– აბა, მა რა ვქნათ?

– იქნებ გადავსახლდეთ – თქვა ქალმა.

საგონებელში ჩავარდა ცოლ-ქმარი.

– იქნებ ვთხოვოთ მთავრობას რო სხვაგან გადადგან ძეგლი.

– გვეტყვიან, თქვენ გადასახლდითო.

დაღონდნენ...

დაღონდნენ...

ეგრე ადვილია გადასახლება?

ღამ-ღამობით ძეგლის საძირკვლის ჩამონგრევა დაიწყო სებამ და ერთ წვიმიან, ჭექა-ქუხილიან ღამეს წამოაქცია ძეგლი.

იმ ღამეს დაიბადა ბალღი.

დილით მოცვივდნენ კომუნისტები და ძლივს წამოაყენეს ძეგლი, რომელიც დაცემისაგან ახლაც შუაზე იყო გადამტვრეული.

გადარჩა შუღლიანთ სება. ერთი კი შეუღრინა თავმჯდომარემ, ეტყობა საქონელს უშვებ ძეგლთან ახლოსო, მაგრამ ეჭვი ვერ აიღეს მასზე, ქარიშხალს დააბრალეს ეს ამბავი.

საძირკველი ჩააბეტონეს და შელესეს ჩამონგრეული ადგილები.

გალაღებული იყო შუღლიანთ სება.

ძეგლის შემკეთებლები სახლში დაპატიჟა და გვიან ღამემდე სიმღერის ხმა გამოდიოდა მისი სახლიდან.

. . .

მეორედ გაიქცნენ რუსები პირიმზის მოედნიდან.

ამჟამად კომუნისტები გაიქცნენ.

ადრე თუ ბასტიონი დატოვეს წარსულის ნაშთად, ამჟამად ლენინის ძეგლი მიატოვეს, რომელსაც იმ წუთას ჩამოეკიდნენ ბალღები გაშვერილ ხელზე და ძირს ჩამოაგდეს.

ხალხს ჯერ კიდევ ჰქონდა ძეგლის შიში და აპირებდნენ ძეგლის აღდგენას, მაგრამ ვიღაცამ გადამალული სტალინის ზედატანი გამოაჩინა და ის დაადგეს.

ლენინის თავი შუღლიანთ სებამ შეინახა; მაშინ უკვე ფიქრობდა მუზეუმის მოწყობაზე და ასეც უთხრა ხალხს: – ეს ძეგლიც ისტორია არის. რაც არ უნდა იყოს, ისტორიას სად გავექცევით, ძალიანაც რო გვინდოდეს, ვერ დავმალავთ, ისტორიის დამალვით რა ხეირს შევეყრებით, ავაშენოთ მუზეუმი და ე ლენინის თავიც იქ შევინახოთ.

– ერთი შენც მოგცლია! – ისევ გაბრაზდა აპარეკაი – აღარ გახსოვს მაგის გულისთვის რა ხალხი წაიყვანეს?

– რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – დანანებით ჩაილაპარა შუღლიანთ სებამ და მინდორში დაგდებული ძეგლის თავი საბძელში შეათრია.

. . .

ადრიან გაზაფხულზე დაიწყო შუღლიანთ სებამ მუზეუმის საძირკვლის გათხრა, მანამდე კი მთელ ზამთარს გუდამაყრის სოფლებში დადიოდა და სამუზეუმო ნივთებს ეძებდა, თან ხალხს ეხვეწებოდა: მომეხმარეთ ხალხო, ამაშენებინეთ შენობა, შთამომავლობას მუზეუმი მაინც დავუტოვოთ.

გუდამაყრელები ალმაცერად უყურებდნენ სებას და როცა მან შენობისთვის საძირკველი

გათხარა და არაგვის ჭალაზე სამშენებლო ქვების შეგროვება დაიწყო, ვიღაცამ თქვა: – ერიჰაა! მე მგონი სებაი გასაფრენად ემზადება.

სებაის უმცროსმა ბიჭმა მეზობლის ნათქვამს ყური მოჰკრა და როცა ქვების შეგროვებით დაღლილი მამა შინ დაბრუნდა, შვილმა ჰკითხა: – სად უნდა გაფრინდე მამავ?

– სად უნდა გავფრინდე?! – გაიკვირვა სებამ.

– რა ვიცი, გამიხარდამ თქვა, გაფრენას აპირებსო.

– ეეჰ, ადრე თუ გვიან ყველანი გავფრინდებით; რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ჩაილაპარაკა სებამ.

ბიჭმა ვერაფერი ვერ გაიგო.

დღე და ღამე მუშაობდა სებაი.

დანაზოგი ფულით ცემენტი და სახურავის თუნუქი იყიდა. მეტყევემ ჯარიმის ქვითარი თვითონ მოუტანა სახლში, თან ხმამაღლა ყვიროდა: – ვინ გაპატიებს, ვინ გაპატიებს ამოდენა ხე-ტყის მოჭრას, რომელი მთავრობა გაპატიებს.

– კაცო, მარტო ჩემთვის ხო არ მინდა, ისტორიისთვის მინდა, რაღაცა ხო უნდა დარჩეს ჩვენგან ისტორიას.

– რი ისტორია, რა ისტორია?! ისტორია არ ვიცი მე! თუ ჯარიმას დროზე არ გადაიხდი, მამის სული ნუ წამიწყდება, მილიციას დაგაყენებ თავზე.

მილიციის ხსენებაზე შეკრთა სებაი. ბალღობიდან ამ სიტყვის ხსენებაზე შიშის კანკალი ემართებოდა.

ახლაც ის დღე გაახსენდა, მილიცია რომ დაეცა თავს მათ ოჯახს და მამამისი ხელმეორედ გააციმბირეს.

– კარგი, ჰო, ნუღარ ქოთობ, გადავიხდი ჯარიმას – თქვა სებამ და ბიჭს გასძახა – წადი ბიჭო, ხარი ჩამაიყვანე!

შვიდი წლის ხარი გაყიდა სებამ და იმით გადაიხადა მეტყევის ჯარიმა.

– რას შვრები, კაცო, მუზეუმის გულისთვის უნდა დააქციო ოჯახი?! – შეუტია ცოლმა.

– რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება! – ნაღვლიანად თქვა სებამ და შენობის საძირკველში ბეტონის ჩასხმა დაიწყო.

სამი-ოთხი დღე ბეტონს გამაგრება აცადა, არ დაუწყია კედლების მშენებლობა, სტრაფილებს და კოჭებს თლიდა ამ ხნის განმავლობაში. ქვა გასულ კვირას მოზიდა მეზობლის მანქანით და იმანაც ფული გამოართვა ამაში.

– შენთვის რო იშენებდე სახლს, ვინ მამაძაღლი გამოგართმევდა ფასს, – ჩაილაპარაკა მანქანის მძღოლმა დამნაშავესავით, – რა ვქნა, მანქანასაც მოვლა უნდა, ბენზინი უნდა, ნაწილები უნდა, შენც რა მუზეუმი აიჩემე, ვის რად უნდა, ხო ხედავ ახალგაზრდები აქ აღარ ჩერდებიან, ე ბებრებს კიდევ საიქიოშიც გვეყოფა მუზეუმში ყოფნა. ჩაჰყრიან ჩვენ ძვლებს ცივ სამარეში და მუზეუმიც ეგ იქნება და საიქიოცა.

– აი, იმ გორგასლის ნაგზევს ხო ხედავ, – ხელი გაიშვირა სებამ ძველი ნაგზევისაკენ.

– ვხედავ, მერე?

– არ გიხარია?

– რა უნდა მიხაროდეს?!

– იმ გზაზე რომ ვახტანგ გორგასალი დადიოდა თავისი ჯარით.

– ეეე, ეგ როდის იყო!

– ხო იყო.

– რა ვიცი, იყო? მე რომ არ მინახავს?

– გზას კი ხედავ?

– გზას კი ვხედავ, მაგრამ...

– ჰოდა მაგ გზაზე თავისი ჯარით მიმავალი გორგასალიც წარმოიდგინე და ეგ იქნება.

მძღოლი დაფიქრდა, თან გზას გაჰყურებდა.

– მგონი ვხედავ! – თქვა მან ცოტა ხნის მერე.

– აგაშენა ღმერთმა. აეს მუზეუმიც მაგიტო მინდა, რო საუკუნეების მერე შევიდნენ შიგნით ჩვენი მომავლები და დაგვინახონ.

– აი, ეს ფული სხვა რამეში გამოგადგება, – ჯიბიდან ფული ამოიღო მძღოლმა და სებას ჩაუდო ხელში, – ქვა თუ დაგაკლდეს კიდევ მოგიტან.

მერე ძლივს დაქოქა მანქანა და ღმუილით გაუყენა არაგვის ნაპირზე მიმავალ გზას.

. . .

ივლისის ბოლოს კედლების მშენებლობა მოამთავრა სებამ. ზემოდან, ისევ, ბეტონის სარტყელი შემოავლო სიმაგრისათვის და ხის კოჭები დააწყო.

კოჭებზე სახურავის ჩონჩხი წამოჭიმა.

ლურსმნებისთვის კიდევ დასჭირდა ფული და კიდევ გაუყიდა ცოლ-შვილს მარჩენალი ძროხა.

– სულ გაგიჟდი, კაცო?! ამ ბალღების ცოდვას მაინც სად წაუხვალ, მე თუ აღარად მაგდებ. სათიბზე შენ არ დადიხარ და სახლის საქმე შენ აღარ გახსოვს. ააშენე, ააშენე, გაყიდე ყველაფერი რაც კი რამ სახლში გვაბადია, შაგვრეკე მერე ჩვენც შიგ და კედლებზე ჩამოგვკიდე, მაინც შიმშილით გავწყდებით შენი გადამკიდე, – ტირილით ამბობს ცოლი.

– რას იზამ, აეგეთია ეს ცხოვრება!

– რაღა მარტო შენთვისაა ეგეთი და სხვისთვის სხვანაირი. ვერა ხედავ, მთელი ქვეყანა შენ დაგცინის, ცოლ-შვილი მშიერი უწყდება და ეგ კიდევ მუზეუმს აშენებსო. ნეტავი ვინ დამწყევლა, იმ ჩემი ცოდვით სავსემა, რა დროს მუზეუმია, კაცოო! შენ გარდა, სხვა აღარავინა ცხოვრობს ამ გუდამაყარში, რო ყველა თავისთვის ზრუნავს, ვის რაში სჭირდება ეს შენი მუზეუმი, აბა დაფიქრდი.

სებაი დაფიქრდა.

– რას იზამ, ეგეთია ეს ცხოვრება! დღეს არ სჭირდებათ, ხვალ დასჭირდებათ, – თქვა სებამ ფიქრის მერე.

– ფანჯრები რატო არ გაუკეთე, სებავ, ამ მუზეუმსა, ჰა? – ჰკითხა მეზობელმა, რომელიც ცოლ-ქმრის კამათს შემოესწრო და ამდენ ხანს ჩუმად ათვალიერებდა შენობას.

– ფანჯრები არ უნდა. აგე, საჰაერო ერდოები ხო აქვს, იქიდან შევა ჰაერი და მზის სხივი. ფანჯრები სიმყუდროვეს დაუკარგავს ნივთებს, – აუხსნა მეზობელს სებამ.

– ნივთებს რაღა სიმყუდროვე უნდათ, თვალები იმათ არა აქვთ და ყურები. მკვდარი ისედაც მყუდროდ არა წევს სამარეში? ფანჯრებიდან დღის სინათლე შემოვა და ვისაც მუზეუმის დათვალიერება მოუნდება, ნათელ ოთახში უფრო კარგად არ დაინახავს ნივთებს?

– ხო გითხარ, სინათლე და მზის შუქი ერდოებიდან შემოვა-მეთქი. ეს შენობაც ძველებურ წესზე ავაშენე. ძველად სად იყო ფანჯრები. სიმყუდროვე კი საჭიროა, წარსული რომ უფრო კარგად დაინახო. აწმყო ურცხვად არ უნდა შემოგყურებდეს ფანჯრებიდან, სიმყუდროვეა საჭირო. თანაც ფანჯრები დიდ ადგილს დაიჭერენ, რამდენი რამე უნდა დავკიდო კედლებზე. კედლები თუ ფანჯრებს დავუთმე, სახლი გამოვა, მუზეუმი კი არა.

– ხოო, შენც მართალი ხარ.

– გადახურვაში მაინც გამიმართეთ ხელი, რა პირი შეჰკარით.

– სათიბზე თუ არ წავედი, ან რამე სხვა საქმე თუ არ გამომიჩნდა, მოგეხმარები, – შეჰპირდა მეზობელი, მაგრამ ამაოდ, გადახურვითაც მარტომ გადახურა სებამ მუზეუმი, შვილებიც კი აღარ მიხმარებიან, ისინი დილაუთენია მიჰყვებოდნენ დედას სათიბ-სახვეტზე და რო ბინდდებოდა, მაშინ ბრუნდებოდნენ სახლში.

ბოლოს ლუკმა-პური ენატრებოდა სებას.

მაინც მუშაობდა.

მაინც გადახურა მუზეუმი.

კარი შეაბა და ურდული დაუყენა შიგნიდან.

გარედან კლიტე შეაბა.

არაგვში გაღმა გავიდა, გორგასლის ნაგზევზე ჩამოჯდა და იქიდან გამოხედა შენობას.

პირიმზის მოედანზე ლამაზად იდგა მუზეუმი.

შვებით ამოისუნთქა შუღლიანთ სებამ.

გული დაუმშვიდდა.

უფრო ახლოს იგრძნო წარსული და ისე გახედა ხეობის სიღრმეში ჩაკარგულ ძველ ნაგზევს, თითქოს მართლა გორგასლის გამოჩენას ელოდა.

მზე ჩადიოდა და გუდამაყრის მთებს მწვერვალებისაკენ მოუყვებოდნენ ნაგრილები.

. . .

არც ისე ადვილი გამოდგა წლების განმავლობაში ნაგროვები ნივთების მუზეუმში განაწილება, იმდენი რამე ჰქონდა სებას საბძელში შენახული, როცა ისინი მუზეუმში გადაიტანა, შეეშინდა, მოეჩვენა რომ ექსპონატების ნახევარიც არ დაეტეოდა მუზეუმში; ამიტომ ყველაფერი ერთმანეთის გვერდით დაალაგა დარბაზში და თვითონ ძველებურ ტახტზე ჩამოჯდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო მის თვალწინ არეული.

ფიტულები: დათვის, ჯიხვის, არწივის, სვავის, ფოცხვერის, კურდღლის, არჩვის, კვერნის, მაჩვის, წავის, ორბის, ქედანის და კიდევ იმ ცხოველების და ფრინველების, რომლებიც გუდამაყრის ხეობაში ბინადრობენ.

საომარი იარაღები: ხმლები, ხანჯლები, თოფები, მშვილდ-ისრები, ფარები, ჯაჭვები, შუბები.

ქალისა და კაცის ტანსაცმელი.

ცხენის შეკაზმულობა.

სამუშაო იარაღები.

შეჭვარტლული ფანდური

და

ათასი კიდევ სხვა, ჩაჟანგებული და შემურული ნივთები.

იმათ შორის: რუსი ჯარისკაცის შინელი, ჩექმები, კომუნისტების ნაქონი გარდამავალი დროშა და კუთხეში დაგდებული ლენინის ძეგლის ზედა ტანი.

ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული და დალაგებას ითხოვდა.

გუშინ გარედან აბრა გაუკეთა სებამ მუზეუმს და ზედ თეთრი საღებავით დააწერა: გუდამაყრის მუზეუმი!

მანამდე კი პირიმზის ეკლესიაში სანთელი აანთო და შეევედრა: – ღმერთო, დალოცვილო!

დიდო პირიმზევ, ფუძის ანგელოზო!

თქვენ მოუმართეთ ხელი გუდამაყრის მუზეუმს.

კეთილი ანგელოზი დაუმკვიდრეთ. ავი თვალი აშორეთ და სიმშვიდე მოჰფინეთ.

შემეწიე დიდო პირიმზევ, ხელი მომიმართე რო სატანის ნაქონი ნივთი არ შევიტანო შიგნით.

სალოცავიდან დაბრუნებულს აპარეკაი შემოხვდა წინ.

– უდღეო დღეს ხატში რაისთვის ასულხარ სებავ?! – გაიკვირვა აპარეკამ.

– მუზეუმი შევახვეწე დიდ პირიმზეს, დაილოცოს იმის ძალი, – თქვა სებამ.

– მუზეუმი გვიშველის აი, სწორედ. ვერა ხედავ არაგვი რას შვრება, გაზაფხულს აქეთ ანგრევს და ანგრევს მინდორს, სადაცაა სოფელს ჩააგდებს. აღარცვინ ჯებირის გამაგრებაზე ფიქრობს, ხალხს აქეთ-იქით გაქცევაზე უჭირავს თვალი. ესე თუ გაგრძელდა, სოფელსაც წაიღებს და იმ შენ მუზეუმსაც თან მიაყოლებს.

– არა მგონია, ვერ წაიღებს!

– ვითომ რატო ვერ წაიღებს, ადიდებულ წყალს რა დაუდგება წინ.

– ღმერთი, ღმერთი არ გაატანს.

– სწორედაც რო ღმერთი გაატანს. სალოცავი მინდორი რო ძეგლებითა და საქონლის ფერმებით გაივსო, იმ ადგილს ღმერთი რაისთვიღა დაიფარავს. სწორედ რო ღმერთის ძალითა და ნებით ანგრევს არაგვი ამ მინდორს, აგე, გადავარდნაზეა უკვე კოლმეურნეობის კანტორა.

– მუზეუმმა რაღა დააშავა?!

– ღმერთის მინდორზე არც მუზეუმია საჭირო და ის დააშავა, – თქვა აპარეკამ და გასცილდა სებას.

– არა მგონია, არა მგონია, რაც არ უნდა იყოს, თავის მინდორს არ გასწირავს ღმერთი, – ხმამაღალი ფიქრით თავი დაიმშვიდა შუღლიანთ სებამ და მდინარეს გადახედა.

არაგვი მართლა გულდაგულ ეხეთქებოდა პირიმზის მინდორს და ნელ-ნელა უთხრიდა ძირს.

– არა მგონია, არა მგონია! – ახლა უკვე გულში გაივლო ეს ფიქრი სებამ და მუზეუმისაკენ წავიდა. საბძელში შეგროვილი ნივთები მუზეუმში გადაიტანა და ახლა იქ ზის, ფიქრობს სად რა დადოს, რომელი ნივთი, რომელ კედელზე ჩამოჰკიდოს, რომელი რომლის გვერდით იქნება უფრო საინტერესო სანახავი.

ძველებურ ტახტზე ზის სებაი. ერდოებიდან მზის სხივი შემოდის და კედლებს ანათებს.

აღმოსავლეთის კედელზე დიდი ფარდაგი ჩამოჰკიდა სებამ.

ერდოებიდან ირიბად შემოჭრილ მზის სხივებში ნაირ -ნაირ ფერებად აელვარდა ძველებური ფარდაგი, რომელზედაც საქართველოს რუკა იყო ამოქარგული. ამ რუკაზე გამოკვეთილად ამოექარგნა მქსოველს გუდამაყრის ხეობა: მთები, ტყეები, ყანები, აქა-იქ ცხენებზე ამხედრებული გუდამაყრელები, კედლებზე გადმომდგარი ჯიხვები და უზარმაზარ წიფლის ხეებს შორის თეთრად მოელვარე პირიმზის სალოცავი წინ დიდი მინდვრით, რომელზეც ამოქარგულია რუსული ბასტიონი, ბასტიონის შიგნით კი ლენინის თუ სტალინის ძეგლი, ხეობაში შავი ძაფით ამოქარგული შავი არაგვი.

თითქოს გაცოცხლდა ფარდაგზე ამოქარგული საქართვლოს რუკა; მზის სხივებმა გააცოცხლეს, იდუმალება და მარადიულობა შესძინეს ყოველ ფერს.

ფარდაგის ოთხივე კუთხეში ჯვრები ამოექარგა მქსოველს.

სებამ ხმალი, ხანჯალი და ფარი ჩამოჰკიდა ფარდაგის შუაგულში. ეს ხმალი დიდი წვალებით წამოიღო ათნოხიდან სებამ. გადმოცემით ეს ხმალი სამასი არაგველის მედროშეს, ნინია აფციაურს ეკუთვნოდა და მუზეუმში ჩამოსაკიდებლად არ აძლევდნენ სებას.

სამი წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ხმლის მეპატრონეს და ძლივს დაიყოლია, ძლივს გამოართვა. ვერ წარმოედგინა სებას მუზეუმი ამ ხმლის გარეშე და მართალიც იყო, თუკი რამე საქვეყნო და საისტორიო გაუკეთებიათ გუდამაყრელებს, ეს მათი ბრძოლა იყო კრწანისის ველზე. თუკი ვინმე მოსახელე ჰყავდათ, ეს არაგველების სახელოვანი მედროშე, გუდამაყრელი ნინია აფციაური იყო, ათნოხელი ნინია აფციაური, რომლის ხმალიც ახლა ჩამოჰკიდა სებამ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე.

ხმალიც უცნაურად აელვარდა მზის სხივებში.

ხმალსაც იდუმალი სიცოცხლის სუნთქვა ჩაუდგა.

ამ კედელზე სულ სახელოვანი ხალხის ნაქონი ნივთები ჩამოჰკიდა სებამ. დანარჩენი ნივთები სხვადასხვა კედლებზე გაანაწილა. ცხოველებისა და ფრინველების ფიტულები კედლების გაყოლებით დადგა.

დაიღალა.

ტახტზე ჩამოჯდა.

ერდოებიდან ჩამავალი მზის სხივები შემოდიოდა და ისე ანათებდა ფარდაგზე ამოქარგულ რუკას, რომ სებას მოეჩვენა, მთელი საქართველო ამ ერთ მუზეუმში იყო თავმოყრილი. თითქოს აქ იყო წარსული, უმოქმედო აწმყო და გაურკვეველი მომავალი, რომელიც ერდოებიდან მზის სხივების სახით შემოდიოდა შიგნით.

ერთ-ერთი ერდოდან შემოჭრილი მზის სხივი იმ ადგილას ეცემოდა, სადაც მქსოველს სვეტიცხოველი ამოექარგა ფარდაგზე. უცნაური შუქით ბრწყინავდა სვეტიცხოველი.

სებაი წამოდგა, სვეტიცხოვლის წინ ძველებური შანდალი დადგა, ზედ სანთელი აანთო და დაილოცა: – ადგილის დედავ, შენ დაიფარე ეს მუზეუმი!

მერე ისევ ტახტზე ჩამოჯდა და დიდხანს ათვალიერებდა მუზეუმს. ერდოებიდან შემოჭრილი მზის სხივები ნელ-ნელა ქრებოდა და მუზეუმის უსულო ბინადარნი ბინდ-ბუნდში იძირებოდნენ.

სებასაც ძილი მოერია და ტახტზე გადაწვა.

გარედან შვილებმა მოაბრახუნეს კარზე, მაგრამ სებამ ვერ გაიგო, ღრმა ძილით ეძინა, კარი კი ურდულით ჰქონდა შიგნიდან ჩაკეტილი.

. . .

შუაღამისას უცნაურმა ხმაურმა გამოაღვიძა შუღლიანთ სება. ტახტზე წამოჯდა და კარგა ხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა მუზეუმში.

ერდოებიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და ამ მკრთალ შუქზე ჩანდა, თუ როგორ მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ სამუზეუმო ნივთები. აღარც კი ეტყობოდა ფარდაგზე ამოქარგული საქართველოს რუკა, ბარიდან და ნიჩბიდან დაწყებული, ყველაფერი ზედ იყო ახორხლილი. იყო ერთი გაუთავებელი ღრიანცელი და ლანძღვა-გინება. ექსპონატები ადამიანის ხმაზე ლანძღავდნენ ერთი-მეორეს.

ამის დანახვაზე, ისე შეეშინდა სებას, ტახტის კუთხეში მიიყუჟა და აღარ იცოდა რა ექნა.

– მოიცათ, მოიცათ, რა დაგემართათ?! ყველანი რო ამ ფარდაგზე ჩამოვეკიდოთ, ვერ გაგვიძლებს, ჩამოწყდება, – ხმამაღლა იძახდა ფარი და იერიშზე წამოსულ ნივთებს იგერიებდა.

– შენ რო ფარდაგზე და გამოსაჩენ ადგილას ხარ გამოჭიმული, ვაჟბატონო, ჩვენც გვინდა მანდ ყოფნა! – შეუტია არყის ტიკმა.

– ხო უნდა იცოდეთ, ვის გეკუთვნით და ვის არა ამ კედელზე ყოფნა! – იძახდა ნინია აფციაურის ნაქონი ხმალი.

– შენ თუ გეკუთვნის, ჩვენ რატომ არ გვეკუთვნის?! ჩვენ რა, შენზე ნაკლები მამულიშვილები ვართ? შენზე ნაკლებად გვიყვარს მამული? კი ბატონო, არავინ არ გიკარგავს ამაგს, დიდი სისხლი დაღვარე კრწანისში საქართველოსათვის, მაგრამ რა მერე? მოიგეთ ის ომი თუ რა?! – შეუტია ხმალს დიპლიპიტომ.

– დიპლიპიტო, ხმა ჩაიკმიდე, თორემ აგკაფავ, ხვთის მადლმა! – ჰაერში გაიშხუილა ხმალმა.

შეშინებული დიპლიპიტო დოლს ამოეფარა, რომელიც ფარდაგზე აგორებას ცდილობდა და ბრაგა-ბრუგი გაუდიოდა: – არავიზე ნაკლები არა ვარ, არავიზე! – იძახდა გაგულისებული დოლი – რაც მე ქართველები მიცეკვებია ქორწილებში და დღეობებში, იმის ღირსი აღარა ვარ, რო ფარდაგზე ვიყო გამოსაჩენ ადგილას ჩამოკიდებული, ჰა?!

– არა, ყანწზე ნაკლები რითი ვარ?! გამაგებინეთ, ყანწზე ნაკლები რითი ვარ? ეგ უნდა ფარდაგზე ეკიდოს და მე კუთხეში ჩამჭყუნონ, – ყვირილით მიფოფხავდა ფარდაგზე წისქვილის სარეკელა.

– ჩემგან რა გინდა, სარეკელავ, ენა ჩაიგდე მუცელში, – გაბრაზდა ყანწი.

– შენზე ნაკლები რითი ვარ, რო მანდა ხარ გამოჭიმული?!

– ეე, ბიჭო, როგორ ელაპარაკები ყანწს! – შეუტია ხელადამ სარეკელას.

– როგორც გესმის, ისე ველაპარაკები!

– ეე, ბიჭოო! – სარეკელასკენ გაიწია ხელადამ.

– იქით გაიწი, თორეე!

– რო არ გავიწიო, ვის რა ფეხებს მოსჭამ?

– გაიწი, თორე თუ ჩაგცხეე!

– ხმა ჩაიკმიდე, ბიჭო, ეე! – წამოიძახა ხელადამ, მაგრამ აღარ აცადა სარეკელამ, ისეთი ჩასცხო, ნამსხვრევებად იქცა ხელადა.

– რა ქენი, მე შენი! – გაექანა სარეკელასაკენ არყის ტიკი.

ატყდა საშინელი ჩხუბი. ვინ ვის ურტყამდა, აღარ გაიგებოდა.

– არ გამამწაროთ! არ გამამწაროთ! – იძახდა დათვის ფიტული და ტორებით იგერიებდა დანარჩენ ფიტულებს.

– ჩამოწყდება ხალხო ფარდაგი! ჩამოწყდება საქართველო! – შეშფოთებული იძახდა

წიგნი, რომელშიც ვეფხისტყაოსანი იყო დაბეჭდილი და ფარდაგზე გამოსაჩენ ადგილას მიამაგრა სებამ ძაფებით.

– წადი, შენი! აღარ გეყო ამდენი პირველობა! – ტორი მოუქნია დათვის ფიტულმა და ძირს ჩამოაგდო წიგნი.

ამ დროს იჭექა თოფმა, რომელიც ფარდაგზე ეკიდა.

თოფის ხმამ იქაურობა გააყრუა და კვამლი რო გაიფანტა თოფმა თქვა: – თუ არ მოისვენებთ, იცოდეთ კიდევ ვიჭექებ!

შეშინებული ნივთები კუთხეებში მიიყუჟნენ.

– რა ყველას ფარდაგზე კონწიალი მოგინდათ?!

– თქვენ თუ აკონწიალიხართ, ჩვენ რა დავაშავეთ? – შეეპასუხა თოფს სადგისი.

– სადგისო, შერჭობა-გამორჭობის მეტი რო არაფერი გიკეთებია, დაეტიე შენ ადგილას, არ მასროლინო! – მუქარით უთხრა თოფმა.

– შერჭობა-გამორჭობა რატოა არამამულიშვილური საქმე? – არ გატყდა სადგისი.

– გეუბნები არ მასროლინო-მეთქი, თორე ისეთ ადგილას შეგარჭობ, სებაიც ვეღარ გამოგაძრობს იქედან! – მუქარას მოუმატა თოფმა.

– აბა, მაშ მთელი ცხოვრება კუთხეებში გავატაროთ? - სადგისს წამოეშველა ფიწალი.

– დაეტიეთ ყველანი თავ-თავის ადგილზე.

– როდემდე უნდა ვიყოთ მიჩქმალულნი და თქვენ გამოჩინებულნი, ჰა? ჩვენც გვინდა ფარდაგზე ყოფნა, აღარ მოვიდა ჩვენი დრო? – წინ წამოიწია მაჩვის ტყავმა, რომელიც არც ფიტულს ჰგავდა და უფრო ტყავი იყო.

– შენი ადგილი იცოდე! – შეუტია თოფმა.

– რას მაშინებ რა, თოფი რო ხარ იმიტო ხარ დიდ გულზე?

– ერთხელ ხო გაგაგორე, მეორედ არ გამაგორებინო თავი, – თქვა თოფმა და ლულა მიუშვირა ტყავს.

შეშინებული მაჩვი კუთხეში მიიყუჟა.

– დაბრუნდით თქვენ-თქვენ კუთხეებში, – ახლა დანარჩენებს მიუბრუნდა თოფი.

შეშინებული ნივთები კედლებს დაუბრუნდნენ, მაგრამ რამდენიმე ფიტული და ნივთი არ დანებდა თოფის ბრძანებას, გუნდ-გუნდად შეიკრიბნენ და აყვირდნენ: – ძირს თოფი!

– ძირს ხმალი!

– გაუმარჯოს დემოკრატიას!

თოფი ხან რომელ გუნდს მიეჭრებოდა და გაშლიდა ქუხილით, ხან რომელს, მაგრამ აქა-იქ ისევ იკრიბებოდნენ და ყვიროდნენ: – ძირს თოფი!

– ძირს ხმალი!

– ძირს ტირანია!

– გაუმარჯოს დემოკრატიას!

ისინი მიიწევდნენ აღმოსავლეთის კედლისაკენ და ადგილებს იკავებდნენ ფარდაგზე ამოქარგულ საქართველოს რუკაზე.

სებამ თვალი მოჰკრა ერდოდან, რომ პირიმზის მოედანზე შემორჩენილი რუსული

ბასტიონიდან რუსი ჯარისკაცების აჩრდილები გამოვიდნენ, ერდოებიდან მუზეუმში შემოძვრნენ და აჯანყებულ ნივთებს მიეხმარნენ თოფის ჩამოგდებაში.

მერე ისევ ჩუმად გაიპარნენ აჩრდილები და ბასტიონს შეაფარეს თავი.

ხის ორთითამ, რკინის ფიწალმა და ჟანგიანმა სადგისმა დაიკავეს ფარდაგის შუაგული. იმათ აქით-იქეთ დანარჩენმა ნივთებმა იწყეს განლაგება.

– ეე, ეეე! ეგრე არ არის, – იყვირა ორთითამ, – ეგრე არ გამოვა, დემოკრატია იმას კი არ ნიშნავს, ყველანი ისევ ამ ფარდაგზე ამობობღდეთ!

– ყველამ თავისი ადგილი იცოდეთ, დემოკრატიაშიც და ქეიფშიც! – შუაგულ ფარდაგზე აბობღდა არყის ტიკი.

– ხუნტა! ხუნტა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები.

რკინის ფიწალი გამოეკიდა მათ და მიმოფანტა.

– მომისმინეთ, ერთი წუთით მომისმინეთ! – დაიწყო ორთითამ სიტყვის თქმა.

– რა უნდა მოგისმინოთ, ჩვენ ჩამოგვყარეთ და თქვენ დაიკავეთ საუკეთესო ადგილები! – მუზეუმის კუთხიდან წამოიძახა ფარმა.

– ჩვენ არავის თავს არ ვახვევთ ჩვენ აზრებს, მაგრამ ეგრე არ გამოვა, ვისაც გინდათ რო დემოკრატიულად იცხოვროთ ამ მუზეუმში, კეთილი ინებეთ და იცხოვრეთ იმ კანონებით, როგორსაც დემოკრატია მოითხოვს.

– როგორც სებამ გაგვანაწილა, ჯერ ისე დავლაგდეთ და მერე გადავწყვიტოთ კანონების შემოღება! – ისევ დაიძახა კუთხეში მიგდებულმა ფარმა.

– წარსულს მოეშვი, ტო, ეხლა სხვა დროა. ჩავატაროთ არჩევნები და ავირჩიოთ ღირსეული ხალხი.

– ეგ არ გამოვა! – იყვირა კუთხიდან დოლმა.

– რატო არ გამოვა? – შეეკითხა სადგისი.

– იმიტომ რომ ორთითას კი არ უნდა დავუჯეროთ, თოფი დავაბრუნოთ თავის ადგილზე და იმან გადაწყვიტოს.

– თოფი არ იყო რო აგვრივ-დაგვრია! – წამოიძახა დათვის ფიტულმა.

– აბა, მა რა ვქნათ, დავჭამოთ ერთმანეთი? – წინ წამოდგა სასწორი.

– ისეთი ვინმე ავირჩიოთ ხელმძღვანელად, რომელიც არც ორთითას მხარეს იქნება და არც თოფის.

– ვინ არის ეგეთი? – წამოიძახეს ნივთებმა აქეთ-იქიდან.

– არწივი! – კანდიდატი დაასახელა ნიჩაბმა.

– ქორი! – თქვა გუთანმა.

– დათვი! დათვი! – წინ გამობაჯბაჯდა დათვის ფიტული.

– ხალხო, მომისმინეთ! – პირი დააღო ქვევრმა. ყველამ მას შეხედა. ქვევრი შუაგულ მუზეუმში გამოგორდა და თქვა: – ნათქვამია, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო და რასაც დღეს ყოველი თქვენგანის გულისხმა ჩამომძახის ის მინდა ამოგძახოთ, თუ ყურს დამიგდებთ, თუ არა და არაფერსაც არ ვიტყვი.

– თქვი, ქვევრო, თქვი! – გაამხნევა ორთითამ.

– დღეს ჩვენს მუზეუმს ჭკვიანი ხელმძღვანელი სჭირდება. ამას თქვენ ყველანი გრძნობთ

და კანდიდატურებსაც ღირსეულს ასახელებთ, მაგრამ ერთი რამ გავიწყდებათ: არწივსაც, ქორსაც, დათვსაც სიეშმაკე აკლიათ; ხელმძღვანელს კი ეშმაკობა ისევე ესაჭიროება, როგორც სიბრძნე. ჩვენი ხელმძღვანელი მოქნილი და მოხერხებული უნდა იყოს, როგორც შინაურ საქმეებში, ასევე საგარეოში. ისეთი პიროვნება უნდა ავირჩიოთ, რომელმაც იცის თვითოეული ჩვენთაგანის გულში რა დევს, თვითეული მტრის გულში რა დევს, უნდა იცოდეს რომელი ბუჩქის ძირას ზის კურდღელი, თორემ კარგახანს ვერ გავერთიანდებით და სულ იმის ცდაში ვიქნებით, რომელი დავიკავებთ ფარდაგზე ადგილს. ჩვენ ხელმძღვანელს ქვეყნის მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს ყველაფერთან ერთად.

– ვინ არის ეგეთი, ჰა?! – ჩაიბუტბუტა დათვმა.

– გეტყვით, რაც თქვენმა გულისხმამ ჩამომძახა, იმას ამოგძახებთ, – თქვა ქვევრმა.

– ამოგვძახე, ამოგვძახე! – წამოიძახეს აქეთ-იქიდან.

– მელია! – ამოსძახა ქვევრმა.

ატყდა ჩოჩქოლი.

– სად არის მელია? სად არის მელია? – იძახდნენ ნივთები და ფიტულებში დაეძებდნენ მელიას.

– მელია აქ არ არის, არა! – უკმაყოფილოდ ბურტყუნებდა დათვი.

– მელია არ იყო, რო ამოგვაგდო? – დაიძახა ფარმა.

– ეგ ადრე იყო, ეხლა სხვა დროა! – წინ წამოდგა ორთითა.

– ვთხოვოთ სებას და ის მოიყვანს მელიას, – აზრი გამოთქვა სადგისმა.

– ვთხოვოთ, ვთხოვოთ! – დაეთანხმნენ ზოგიერთები სადგისს.

– არა, არა, მელია მოღალატეა, ამოაგდებს ჩვენს მუზეუმს! – ყვიროდნენ ნივთები აქეთ-იქით.

ორთითა და ფიწალი თავზე დაადგნენ სებას და სთხოვეს: – თუ გინდა მუზეუმი მუზეუმს დაემსგავსოს, რუსების ბასტიონის ჩრდილო კედელზე რო მელიის ფიტული ჰკიდია, ის ფიტული უნდა მოიტანო, თუ არა და სუ არეულობა იქნება შენ მოწყობილ მუზეუმში.

შეშინებულმა სებამ მუზეუმის კარი გააღო და ფიტულის საძებნელად წავიდა. მთვარის შუქზე დიდხანს იბორიალა დანგრეულ ბასტიონში და როგორც იქნა იპოვა რუსების მიერ დატოვებული მელიის ფიტული. წამოიღო და მუზეუმში შეიტანა.

რკინის ფიწალი, ხის ორთითა, სადგისი და მათი მომხრე ექსპონატები კართან შეეგებნენ მელიის ფიტულს, წინ გაუძღვნენ და ფარდაგზე დაუთმეს ადგილი, იქ, სადაც ადრე თოფი ეკიდა.

– სატანაა! სატანაა! – ყვიროდნენ თოფის მომხრეები კუთხეებიდან.

მელიის ფიტული აუღელვებლად ისმენდა მათ ყვირილს და გულდაგულ ათვალიერებდა მუზეუმს.

. . .

სიტყვა თქმული მელიის ფიტულის მიერ მუზეუმში

მისი ექსპონატთა პრეზიდენტად არჩევის გამო: – მეგობრებო! მე მოხარული ვარ , რომ დიდი ხნის განშორების შემდეგ ისევ თქვენს შორის მიწევს თანაცხოვრება. ჩემს ადამიანობას, ჩემს სინდისს ვფიცავ, რომ ცოდნასა და ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რათა თქვენი ნდობა გავამართლო. პირობას გაძლევთ, რომ ერთი ექსპონატი არ დააკლდება ამ მუზეუმს და ერთ გოჯს ვერ მოაჭამენ ამ ფარდაგს ჩრჩილები.

– ძირს მოღალატე!

– ძირს სატანა! – დაიძახეს ზოგიერთმა ნივთებმა აქეთ-იქიდან. მელიის ფიტულმა ვითომც ვერ გაიგონა, მშვიდად განაგრძო: – ის რაც ადრე იყო, ის აღარ გამეორდება, მეგობრებო. წარსული ისტორიას ჩაბარდა. მე მიკვირს ამდენ ხანს რატომ გიდევთ აქ ლენინის ძეგლი. ვთხოვოთ სებას, გაათრიოს აქედან.

– შენ არ იყავი რომ ყოველღამე მაგ ძეგლის უკან იმალებოდი, როცა ჩემს პატრონს ქათმებს ჰპარავდი! – წამოიძახა მარხილმა.

– ზოგიერთები წარსულს ვერ ივიწყებენ, მეგობრებო. წარსულს თავისი ანგარიშები ჰქონდა. მე პირადად, გავასწორე ჩემი ანგარიშები წარსულთან და თქვენ შორის თუ ვინმეა მარხილის გარდა კიდევ ისეთი, რომელსაც ჩემი წარსული ადარდებს, მე ვთხოვ საკუთარ გულში ჩაიხედოს ყველამ. მაშინ დრო იყო ასეთი. ყველაფერს თავის დრო აქვს მეგობრებო. მაშინ ასე იყო საჭირო და ასე ვმოქმედებდი; ახლა სხვა დროა. ახლა დემოკრატიის დროა. ძველი წყენა უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, თუ გვინდა რომ მუზეუმი გვერქვას. მე პირველი გაძლევთ მაგალითს და რომ უფრო მეტად დამიჯეროთ თუ გინდათ სახელს გამოვიცვლი, მელიას მაგივრად, შელიას დავირქმევ. მგელიას დავირქმევდი, მაგრამ ეს ამბავი შეიძლება მგელს ეწყინოს მეგობრებო, მე ვფიქრობ, ისევ შელია სჯობია, დემოკრატიას ასეთი სახელები უხდება. დემოკრატია, სხვათაშორის, სალანძღავი სიტყვა არ არის. იგი თქვენი მონაპოვარია, ყველასი ერთად; თქვენ რომ ხმა არ აგემაღლებინათ, ახლაც თოფების ბათქა-ბუთქი იქნებოდა ამ მუზეუმში. დამემოწმებიან ჩემი მეგობრები: ფიწალი, სადგისი და სხვანი კიდევ, ჩემთვის თვითმიზანი არ არის ამ მუზეუმის პრეზიდენტობა. აქ ბევრი ისეთი ნივთია, მეგობრებო, თავმოყრილი, რომლებიც ჩვენ ისტორიას შეადგენენ. მორიდება და სიფრთხილეა მათთან საჭირო. რა თქმა უნდა, ყველას კუთვნილი ადგილი ეკუთვნის ამ მუზეუმში, მაგრამ თუ დემოკრატიას ვაშენებთ, მხოლოდ წარსული რეგალიები არ კმარა. მე პატივს ვცემ ნინია აფციაურის ნაქონ ხმალს, მაგრამ სადგისსაც ხომ მიუძღვის თავისი დამსახურება. მართალია ჩვენს მუზეუმს ფანჯრები არა აქვს და გარეთ რა ხდება არ ჩანს, მაგრამ ერდოებიდან სინათლეს ვხედავ მეგობრებო, მზეს ვხედავ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ მზის შუქი ყველას ერთნაირად გეკუთვნით. ცოტა ხანში უფრო გაკაშკაშდება ეს შუქი. ერდოდან ძველ გზასაც ვხედავ, რომელსაც გორგასლის გზა ჰქვია და პატივსაც ვცემ, ჩემი მელიად ყოფნის დროს ბევრჯერ გამივლ-გამომივლია ზედ, მაგრამ ჩვენ სხვა გზებიც უნდა ვეძებოთ, ახალი გზები უნდა ვეძებოთ, ის გზები უნდა ვეძებოთ, რომელი გზებიც სხვა საერთაშორისო დემოკრატიულ მუზეუმებთან დაგვაკავშირებს.

მე მინდა ძალაუფლება ვითხოვო, რომ მუზეუმში წესრიგი დავამყარო. ყველაფრის ნება უნდა მომცეთ. ჩემ თავზე ვიღებ ყველაფერს.

– ერთი კაცი შენ თავზე როგორღა იღებ მუზეუმის ბედს! – იყვირა ფარმა.

– ისე ვიღებ, რომ ვთხოვ სებას და შენნაირ მოწინააღმდეგეებს დროებით აიმ კიდობანში გამოვამწყვდევინებ – სებავ, თუ შეიძლება ფარი კიდობანში ჩადეთ დროებით ,– მიუბრუნდა სებას მელიის ფიტული.

სებამ ფარი კიდობანში ჩადო.

– აი, ასე მეგობრებო! – თქვა მელიამ და იმ დღის მერე მისი ბრძანებით ხან რომელ ნივთს ჩადებდა სებაი კიდობანში, ხან რომელს. ხმალი, ხანჯლები, ფარი, ფანდური და ვეფხისტყაოსანიც კი კიდობანში გამოამწყვდია.

სხვადასხვა კედლებზე ჩამოკიდებულ ნივთებში თავისი მომხრეები გაიმრავლა მელიამ და ისე მოაწყო საქმე, რომ ჯერ რკინის ფიწალი ჩაადებინა სებას კიდობანში, მერე ხის ორთითა და ამის შემხედვარე სადგისს ისე შეეშინდა, იმის შიშით მეც კიდობანში არ ჩამდონო, მელიის წინაშე თავი გამოიჩინა და დათვის ფიტულს შეერჭო უკნიდან.

– ვაი! – დაიღრიალა დათვმა.

– რა გაყვირებს ასე ხმამაღლა! – ჰკითხა მელიამ.

– როგორ თუ რა მაყვირებს, ვერა ხედავთ უადგილო ადგილას რო შემერჭო სადგისი.

– ვხედავ, მაგრამ საკითხავია, რატომ შეგერჭო?

– იმიტომ შევერჭე, რომ პრეზიდენტობაზე დებდა თავს, – ნიშნისმოგებით თქვა სადგისმა.

– რა მოხდა მერე, ჩვენ დემოკრატიული მუზეუმი გვაქვს და ყველას უფლება აქვს კენჭი იყაროს, – საქციელი დაუწუნა მელიამ სადგისს.

სადგისი დათვს მოშორდა, არწივთან აიტუზა.

– მეც არ შემერჭო, თორეე! – ნისკარტი მოიღერა არწივმა.

სადგისი მელიის ფიტულთან მიგორდა: – ვიზეც თქვენი ბრწყინვალება მიბრძანებს, იმ წუთას უადგილო ადგილას შევერჭობი.

– მომწონს შენი ერთგულება, მაგრამ შერჭობით საქმეს გავაფუჭებთ. მე აქ თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ ზოგიერთზე მაინც მჭირდება დამატებითი ინფორმაციები. ჩემი აქ არყოფნის დროს ბევრი რამ თვალთახედვიდან გამომრჩა. ამიტომ დროებით შერჭობა-გამორჭობას თავი გაანებე და ინფორმაციები მომაწოდე საეჭვო ექსპონატებზე. პირველ რიგში იმათზე, ვისაც პრეზიდენტად ყოფნის სურვილი არ ასვენებს. განსაკუთრებით დათვზე, არწივზე და კიდევ იმათზე ვისაც ეს სურვილი ხმამაღლა არ გამოუმჟღავნებია.

პრეზიდენტის ნდობით გაამაყებული სადგისი ისე დატრიალდა მუზეუმში, მნახველს რომ არ სცოდნოდა რომ სადგისია, ციბრუტი ეგონებოდა.

საქმე №1. დათვი

(დოსიე დათვის ფიტულზე „გუდამაყრის მუზეუმის" ექსპონატებიდან) სიყვარულმა კბილის ტკივილიც კი გადაავიწყა დათვს. დღე და ღამე სოფლის გარშემო დაეხეტებოდა და ირემიანთ სამძივარს უთვალთვალებდა.

სიყვარულმა და უჭმელობამ ჩამოახმო საღარა. ეს სახელი დათვებმა იმიტომ შეარქვეს, რომ შუბლიდან ცხვირის გასწვრივ დრუნჩამდე თეთრი ქათქათა ზოლი ჩამოსდევდა მის რუხ- მწვანე ბალანს.

ახალგაზრდა დედალი დათვები ამაოდ ეტრფოდნენ საღარას. იგი მათ ყურადღებას არ აქცევდა, არ ესმოდა მათი გულის ბაგა-ბუგი, როცა ისინი გვერდზე აეტუზებოდნენ და ვნებიანად ადებდნენ გავაზე გავას.

საღარას ადამიანის სიყვარული ჰქონდა გულში დანთებული. ღამ-ღამობით, როცა თავის ბუნაგში შეყუჟულს ჩასთვლემდა, მაშინაც კი მთვარესავით პირბადრი სამძივარი ელანდებოდა. გამოვარდებოდა ბუნაგიდან, დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ, მიამტვრევდა თხილიან ტყეს და კბილის ტკივილსაც კი არაფრად აგდებდა. ისე ახლოს მიდიოდა სოფელთან, იმის გადამკიდე ძაღლებს, მთელი ღამე ყეფით ხმები ჰქონდათ ჩაწყვეტილი. რამდენჯერმე თოფებითაც გამოუცვივდნენ სოფლიდან, დასჭრეს კიდეც ორჯერ თუ სამჯერ. ერთხელ წინა ფეხი გადაუმტვრიეს ტყვიით და რამდენიმე ხანს ბუნაგში ეგდო, ვეღარ დადიოდა, ლოკვით ძლივს მოირჩინა ჭრილობა.

მაინც სამძივარზე ფიქრობდა, მაინც მისი სახე და აშოლტილი ტანი ედგა თვალწინ. სიარული რომ შესძლო, წყაროსაკენ ჩაუყვა ტყეს და წიფლის უკან ჩამალული უთვალთვალებდა სოფლიდან წყაროზე მოსიარულე ხალხს. აგე, სამძივარიც გამოჩნდა და იმის დანახვაზე ლამის გული წაუვიდა საღარას.

სამძივარმა კოკა წყაროს წყლით აავსო, მხარზე შეიდგა და ისევ ბილიკს გაუყვა სოფლისაკენ.

ხედავდა საღარა, რომ ადამიანები მისგან განსხვავებით ორ ფეხზე დადიოდნენ და იმდენი ეცადა, სანამ თვითონაც მათსავით ორ ფეხზე არ ისწავლა სიარული. მისი შემხედვარე დათვები გაკვირვებას ვეღარ მალავდნენ და როცა საღარას ორ ფეხზე სიარული ჩვევად გადაექცა, შემოსწყრნენ: – ჩამოუშვი ფეხები, რა კაცივით დაიზლაზნები!

– გაუწყრა ერთხელ მამამისი, რომელიც ამ ტყეში მყოფი დათვების ბელადად ითვლებოდა.

საღარა მამის ბრძანებას დაემორჩილა და ჰაერში აწეული წინა თათები მიწაზე ჩამოუშვა.

– დროა ოჯახი შექმნა და შვილები გაიჩინო! – ჩაიბურტყუნა საღარას მამამ და კანკეშიან ხევს აუყვა აღმა.

საღარა ხანდახან თავის დედასაც ხვდებოდა ტყეში და ისიც ყოველთვის ერთსადაიმავეს უმეორებდა: – ოჯახი, შვილო, ოჯახი გაიჩინე, გაახილე თვალი, ვერა ხედავ რა ლამაზი დათვები შემოგტრფიალებენ. შენმა ძმამ უკვე ორი წყება ცოლ-შვილი გაიჩინა. ნუ დაეხეტები წარამარა.

საღარა ნაღვლიანად შეხედავდა ხოლმე დედას და თხილიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა დაბლა, სოფლისაკენ. ტყის პირას ჩაჯდებოდა ბუჩქებში და სამძივარის გამოჩენას ნატრობდა.

თავის ბუნაგში მარტოკა ცხოვრობდა საღარა. კლდის ძირას, ხავსიან ლოდებს შორის ჰქონდა სორო, რომელსაც გამოქვაბული უფრო ეთქმოდა, სადაც მარტო საღარა კი არა, დათვების დიდი ოჯახი დაეტეოდა. შესასვლელი კლდის ჩამონაშალი ლოდებითა და წიფლის ხეებით იყო ამოშენებული. შიგნით თივა და ცხვრის ტყავები ეყარა. ისეთი თბილი და მყუდრო, მზისგული ადგილი იყო, მთელი ზამთარი სიცივეს ვერ გრძნობდა საღარა. გაეხვეოდა ცხვრის ტყავებში და ეძინა. ეძინა და თან თათებს ილოკავდა დამშეული. ეძინა და ძილ-ბურანში სამძივარის სახე ელანდებოდა. დროდადრო ნაღვლიანად წამოიკვნესებდა.

იქაურ დათვებს შორის ყველაზე ადრე საღარა გრძნობდა გაზაფხულის დადგომას. ოდნავ გათბებოდა თუ არა მიწა, მარტის მდინარესავით აუჩქეფდებოდა ძარღვებში სისხლი საღარას, გამოვარდებოდა ბუნაგიდან და ჯერ კიდევ თოვლიან ტყეში ლაწა-ლუწით დაეშვებოდა ქვემოთ, სოფლისაკენ. ამის გამო, მამის წყრომაც დაიმსახურა: – რა დაგრჩა ი სოფელში, რა წარა-მარა იქეთ გარბიხარ, განა ყოველთვის გადაურჩები ადამიანებს. თოვლს მაინც დააცადე აშრობა, თორემ შენ კვალს გამოჰყვებიან და ბუნაგშიც მოგაგნებენ, – დატუქსა მამამ და ისევ ბურტყუნით აუყვა ხევს.

საღარა ვერ გრძნობდა ადამიანების მხრიდან იმ შიშს, რასაც სხვა დათვები გრძნობდნენ. მართალია რამდენიმეჯერ თოფებითაც დაედევნენ, მაგრამ მას მაინც უყვარდა ადამიანები და სიყვარულის მეტი, არაფერი არ ეწეოდა მათკენ.

სიყვარულით ჩქეფდა მის ძარღვებში სისხლი.

სიყვარულის ძალა ამაგრებდა მის მუხლებს.

უყურებდა სოფელს და სიყვარული იღვრებოდა მისი მზერიდან.

და ერთხელაც ისე დაუბნია სიყვარულმა თავგზა, ვეღარ მოითმინა, წყაროზე გადმოსულ სამძივარს მიეჭრა დღისით, მზისით და გაიტაცა.

ქალმა შეკივლებაც კი ვერ მოასწრო, დათვი რომ დაინახა, გული წაუვიდა, გრძნობაზე მხოლოდ დათვის ბუნაგში მოვიდა. მიმოიხედა, გვერდზე დათვი ეწვა და ეალერსებოდა. ისევ წაუვიდა სამძივარს გული.

მერე რამდენჯერაც გრძნობა დაუბრუნდა, იმდენჯერ დათვი გვერდით ეწვა, თათებით

გულში იხუტებდა და ეალერსებოდა.

ხანდახან დათვი გამოქვაბულიდან მიდიოდა და შემოსასვლელს ქვებით ჩახერგავდა, რომ ქალი არ გაქცეულიყო. უკან მობრუნებულს სამძივარის საჭმელად მოჰქონდა: კანკეშა, დუცი, დიყი, შუპყა და ტყის ხილი მთლიანი ტოტებით.

დამშეულ სამძივარს მეტი გზა არ ჰქონდა, დათვის მორთმეული ძღვენით ირჩენდა თავს.

ხანდახან დათვს ნანადირევი ცხვარიც მოჰქონდა და უმი ხორცის ჭამასაც მიეჩვია ქალი.

საღარა მეტისმეტად ალერსიანი იყო მის მიმართ. გამოქვაბულში ჩამოდიოდა კლდის ნაჟური და იმით იკლავდა წყურვილს სამძივარი.

შემოსასვლელს ყოველთვის დიდი ლოდებით კეტავდა დათვი.

მუცელიც გამოებერა სამძივარს და ზამთარიც დადგა. საღარამ იმდენი ცხვრები მოზიდა, გამოქვაბული სულ ცხვრის ტყავებით იყო მოფენილი.

აღარ დაუძინია ამ ზამთარს საღარას. დღედაღამ სამძივარზე ზრუნავდა, ტყიდან მოჰქონდა მწოროს ნაყოფი, ძახველი, გამხმარი ასკილი და იმას აჭმევდა ქალს.

მარტის დასაწყისში ორი პატარა დათვის ბელი მოევლინა მათ გამოქვაბულს.

დღე გადიდდა.

დათბა.

ზვავის პირებში ჩადუნა და კანკეშა ამოვიდა.

ახლა მეკვერებსაც აჭმევდა დათვი კანკეშას.

გამოქვაბულიდან რომ მიდიოდა, არასოდეს არ ავიწყდებოდა შემოსასვლელის ქვებით ამოქოლვა.

და

ერთხელაც, სამძივარმა შეამჩნია რომ ქვებს შორის მოზრდილი გასავლელია დარჩენილი.

მეკვერები გამოქვაბულში თამაშობენ.

საღარა საზრდოსთვის არის წასული.

ქალი ქვებსშორის გაძვრა.

მეკვერებმაც დააპირეს უკან გაყოლა, მაგრამ ქალმა უკან შეაბრუნა და გასასვლელი ქვებით ამოქოლა, რომ ვეღარ გამომძვრალიყვნენ.

გამოიქცა სამძივარი და მოპირდაპირე კლდეში დაიმალა.

ფიქრობს: არ იცის რა ქნას.

სოფელში წავიდეს?

სოფელში ვინღა მიიღებს დათვის ნაცოლარს?

არა და რა ქნას? როგორ მოიქცეს? სად წავიდეს?

თავი მოიკლას?!

– არა! არა!!! – თვითონვე შეეხმიანა თავის ფიქრს.

უცებ ხმაური მოესმა. გაიხედა და დაინახა, რომ საღარა გამოქვაბულის შესასვლელთან ქვებს ყრიდა.

ქალი ლოდებში ჩაიმალა და იქიდან დაუწყო თვალთვალი. შევიდა დათვი შიგნით და მალევე გამობრუნდა უკან.

ხან იქით ეცა და ხან აქეთ.

სამძივარს ეძებდა.

ლაწა-ლუწით დაეშვა ქვემოთ, როგორც ჩანს სოფლისაკენ.

ჩქარადვე ამობრუნდა უკან.

ღმუოდა.

წინა თათებს თავში ირტყამდა.

ლოდებში ჩამალული სამძივარი ხედავდა: დათვმა მეკვერებს ტორები მოხვია და აღმართს აუყვა კლდის პირზე.

კაცივით მიდიოდა უკანა ფეხებზე შემდგარი.

მეკვერები იღლიებში ჰქონდა აქეთ-იქით ამოჩრილი.

ავიდა მაღალი კლდის თავზე.

გაჩერდა.

ჯერ მეკვერები გადაყარა კლდიდან, მერე წინა თათები კაცივით აიფარა თვალებზე და თვითონაც უფსკრულში ჩაიჩეხა.

ქალი კარგა ხანს ფეხის გადადგმას ვერ ბედავდა და მხოლოდ ღამე გამოვიდა სამალავიდან.

მთვარის შუქზე ჩანდა, როგორ გარბოდა მთის თხემზე სამძივარი...

ეს ფიტული კი სწორედ საღარას ტყავისაგან გააკეთა მონადირემ, რომელიც კურდღელს მისდევდა და მის მაგიერ ლოდებსშორის ჩაჩეხილ დათვს გადააწყდა.

აი, ეს გახლავთ, ბატონო, ჩემო ამ ფიტულის დოსიე და თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, რა ბრალდება შეიძლება წაუყენოთ მას: ადამიანის მოტაცება- გაუპატიურების მიზნით და განზრახულის სისრულეში მოყვანა, შვილების დახოცვა თუ თვითმკვლელობა. სამივე ისეთი მძიმე ცოდვაა, მათი ჩამდენის ფიტული, მე მგონი აღარ უნდა ფიქრობდეს მუზეუმის პრეზიდენტობაზე.

მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი!

საქმე №2. არწივი

(საიდუმლო ინფორმაცია არწივის ფიტულზე, მოპოვებული სადგისის მიერ) დედალი არწივი ჭიუხის თავზე იშენებდა ბუდეს. ნისკარტით გლეჯდა ქვიშა-ბალახს და ქვებს შორის აფენდა ძველ საბუდარზე. რამდენიმეჯერ არაგვის ჭალებშიც ჩაფრინდა და იქედან ხის ტოტები წაიღო ბუდის გასამაგრებლად. ჭიუხის თავზე გამუდმებით ქროდა ქარი და ბუდეზე დაწყობილ ხმელ ბალახს ადვილად იტაცებდა. ამიტომ არწივი ხერხს ხმარობდა, ხის ტოტებს აწყობდა ბუდის გარშემო და ამ ტოტებში აქსოვდა ბალახს.

ამჯერადაც, არაგვის ჭალაზე დაგდებულ ხის ტოტს დაეტანა ასაღებად, მაგრამ ხის ნაცვლად გველი შერჩა და არწივმაც აღარ დაიხია, ხერხემალში ჩაუნისკარტა. ტკივილისაგან გამწარებულმა გველმა საშინლად დაიწივლა და დაიკლაკნა. არწივმა

მეორედ ჩაარტყა ნისკარტი და წელში გადატეხა. გველმა გაქცევა სცადა, მაგრამ ნახევარი ტანი ვეღარ წაითრია. არწივმა წელში ბრჭყალები ჩაასო და ჰაერში აიტაცა, აიტანა ჭიუხის თავზე, კლდეზე დაახეთქა და თვითონაც ზედ დააცხრა. რამდენიმეჯერ ისე მძლავრად ჩაარტყა თავში ნისკარტი, სული გააფრთხობინა. მერე კისერი წინ წაიგრძელა, მწვერვალიდან ქვეყნიერებას გადახედა და დაიყეფა. მის დაძახილზე საიდანღაც გამოჩნდა მამალი არწივი და ფრთებდაკეცილი შხუილით დაეშვა იმ ადგილას სადაც დედალი არწივი იჯდა.

რამდენიმე წუთში გადასანსლეს არწივებმა გველი. ნისკარტები ქვებზე შეიწმინდეს და წყლის დასალევად ჩაფრინდნენ ქვემოთ.

უკანმობრუნებულმა დედალმა არწივმა ნისკარტით ისევ მოიტანა ქვიშა-ბალახი, ბუდეში ჩააფინა და თვითონაც შიგ ჩაჯდა კვერცხების დასადებად.

მამალი არწივი მის ზემოთ უვლიდა ირაოს. დროდადრო გაჭიმულ ფრთებს შეარხევდა და დაიყეფებდა.

დედალმა ორი კვერცხი დადო. წამოიწია, ფრთები შეიკეცა და კვერცხებს დახედა. მერე ისევ ბუდეში ჩაჯდა.

კარგა ხანს იჯდა ბუდეზე არწივი. ქარი უქოჩრავდა ბუმბულს. ხანდახან ღრუბლები მოჯარდებოდნენ კლდის თავზე და ატყდებოდა გრგვინვა, ჭექა-ქუხილი. ღრუბლებიდან გამოსხლტებოდა მეხი, დაეცემოდა ჭიუხს და ბოლს აადენდა. წამოვიდოდა წვიმა, ხან სეტყვა. არწივი ამ დროს მთელ სიგანეზე გაშლიდა ფრთებს და ბუდეს გადააფარებდა, რომ შიგნით სეტყვა და წყალი არ ჩასულიყო. თავშიც ეცემოდა ხოშკაკალა, მაგრამ არწივი ტკივილს არ იმჩნევდა, ერთგულად იჯდა ბუდეზე. არც მეხის გაუთავებელი ბათქა-ბუთქი უკრთობდა გულს.

მწვერვალებზე ჩქარა იცის გამოდარება. ჭიუხები ისევე მალე გადაიყრიან ხოლმე ღრუბლებს, როგორაც მალე მოიღრუბლებიან.

გადაიღებდა თუ არა წვიმას, არწივი ბუდიდან წამოიწეოდა, გვერდზე გადადგებოდა და ბუდის მოშორებით დაიბერტყავდა სველ ფრთებს, მერე კი ისევ მალედვე უბრუნდებოდა ბუდეს, რომ კვერცხები არ გაცივებულიყო.

ხანდახან ტაფობ ქვებში ჩაგუბებული წვიმის წყლით იკლავდა წყურვილს, მაგრამ როცა მზიანი ამინდები დადგებოდა, ეს გუბეები მალე ამოშრებოდნენ ხოლმე და არწივს ბუდის მიტოვება უხდებოდა. წყურვილის მოსაკლავად არაგვისაკენ მიფრინავდა ქვემოთ.

გაგისაც სწორედ ასეთ დროს მოუხდა ჭიუხზე ასვლა. დაჭრილ ჯიხვს გაეკიდა და კლდეებში სისხლის კვალი დაკარგა. გაგი მწვერვალზე ავიდა, რომ იქიდან მოეთვალიერებინა მიდამო, იქნებ იქედან დაენახა, სად დაემალა დაჭრილი ჯიხვი.

არწივის ბუდეს წააწყდა გაგი. დედალი არწივი ამ დროს წყლის დასალევად იყო წასული.

მონადირეს ყეფა მოესმა. ზემოთ აიხედა. მამალი არწივი დასტრიალებდა თავზე და როგორც ჩანს კამარის შესაკვრელად ემზადებოდა.

გაგიმ სასწრაფოდ მოიხსნა გუდა, არწივის კვერცხები შიგ ჩააწყო და ისევ ზურგზე მოიკიდა.

სწორედ ამ დროს შხუილი მოესმა და მიხვდა რაც ელოდა: მამალი არწივი მოექანებოდა მისკენ.

დაიგრიალა გაგის თოფმა და მის ფეხებთან დაეხეთქა არწივი, რომელსაც მკერდიდან ჩქეთად გადმოსდიოდა სისხლი.

მარტო ერთხელ წამოსწია არწივმა თავი, პირი გააღო და იქიდან ყეფის მაგივრად, ოდნავგასაგონი ხრიალი აღმოხდა. ბრჭყალები მოკუმშა და მარცხენა ფეხი მძლავრად გაიქნია ჰაერში.

გაგიმ მკვდარი არწივი წელზე შეიბა და ქვემოთ დაეშვა. რამდენიმე ხანში დედალი არწივი წამოეწია ყეფით და კინაღამ კლდიდან გადმოაგდო. თოფის დატენვას ვეღარ ახერხებდა, ისე გულდაგულ ეტანებოდა არწივი. ძლივს ჩააღწია გამოქვაბულამდე და იქ შეაფარა თავი.

დიდხანს ტრიალებდა გამოქვაბულის წინ არწივი. გაგიმ თოფი დატენა და ესროლა. ტყვიამ ბუმბული გააყრევინა არწივს, რომელიც გამწარებული ყეფით მოსცილდა იქაურობას.

შუაღამისას დაბრუნდა გაგი სახლში. ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა და არ ეძინა.

– ნახე, რა მოგიტანე! – კვერცხები ამოაწყო გულიდან გაგიმ.

– რის კვერცხებია?

– არწივის, – უთხრა გაგიმ და მკვდარი არწივი შემოიტანა სახლში.

– უი, გაგი, რატომ მოკალი, ცოდოა, ბუდეზე მჯდარი არწივის მოკვლა ვის გაუგია?

– ეს მამალი არწივია, მე რომ არ მომეკლა, ის მომკლავდა, ტყვიასავით მოქანავდა ჩემსკენ.

– ეს კვერცხები რატომღა წამოიღე?

– იღბალი არ გავუშვი ხელიდან.

– რა იღბალი?!

– გამიგია, მონადირე თუ არწივის კვერცხებს იპოვის დიდი იღბალია. იმ კვერცხებს თუ ფეხმძიმე ქალი შესჭამს, არწივივით მაგარ ვაჟს დაბადებს.

– მაგას რა შემაჭმევს.

– თუ არ გინდა არ გაძალებ, – გაიცინა გაგიმ და არწივის კვერცხები საგულდაგულოდ შეინახა.

მეორე დღეს მამალი არწივის ფიტულის კეთება დაიწყო გაგიმ. მთელი სოფელი ეხმარებოდა ამ საქმეში.

გავიდა რამდენიმე დღე და გაგიმ თვალი მოჰკრა, რომ ცოლი ერბოკვერცხს იმზადებდა. ჩუმად ჩაამტვრია ჯამში არწივის კვერცხები. ცოლმა ვერ შეამჩნია.

მადიანად მიირთმევდა ქალი ერბო-კვერცხს.

მის შემხედვარე გაგის სიამაყით ევსებოდა გული. მას სჯეროდა წინაპრების ნათქვამი, სჯეროდა რომ ამის მერე არწივივით მაგარ ვაჟს გააჩენდა მისი ცოლი.

მათი სოფელი წმინდა ადგილად ითვლებოდა და ამიტომ ან მამის სახლში მიდიოდნენ ქალები მოსალოგინებლად, რაკი აქ მშობიარობა არ შეიძლებოდა, ან სოფლის მოშორებით მდგარ ქოხში მშობიარობდნენ.

როცა მშობიარობის დრომ მოუწია მამისახლში წავიდა გაგის ცოლი.

გზა მთებში მიდიოდა აღმა.

ასეთ დროს კაცი ვერ გაჰყვებოდა ცოლს, სირცხვილად ითვლებოდა მელოგინე ქალის გვერდით ქმრის სიარული და გაგისთვის არც უთქვია, ისე წავიდა ქალი მშობლებთან.

წვერწამოშვერილ კლდეებთან მოუწია მშობიარობამ.

კლდის ძირას გააჩინა ვაჟი.

და –?!!!

ვაჟთან ერთად გველის წიწილი, რომელიც პატარა ბიჭს ჰქონდა შემოხვეული.

როდესაც ქალმა ატირებულ ბიჭს ძუძუ ჩაუდო პირში, მეორე ძუძუზე იმ გველმა დაუწყო წოვა.

ქალი ზიზღს და შიშს ვერ გრძნობდა.

ისეთივე სიყვარულით დაჰყურებდა გველს, როგორც ბიჭს.

ძუძუ რომ მოწოვეს, ბიჭსაც ჩაეძინა და გველსაც. ქალმა ჩიქილაში შეახვია ისინი და მამის სახლისაკენ გაუყვა გზას.

ორმოცი დღის მანძილზე მშობიარეთათვის განკუთვნილ ქოხში ცხოვრობდა. აქ მოუტანა დედამ ბავშვისათვის აკვანი.

ქალი არც დედას უმხელდა, რომ ბიჭთან ერთად გველი გააჩინა. დედის თანდასწრებით არასოდეს აწოვებდა ბიჭს, რათა არ დაენახათ რომ მეორე ძუძუზე გველი სწოვდა.

მშობიარობის მეშვიდე დღეს ბიჭს უცნაური შუქით გაუნათდა მარცხენა მხარი. მერე ნათება თანდათან ჩაქრა და არწივი გამოესახა ბიჭს მხარზე.

ახლაღა გაახსენდა ქალს, რომ როცა მშობიარობდა კლდის თავზე არწივი დაფრინავდა და ყეფდა.

ბიჭი აკვანში ჩააწვინა.

გველი აკვნის მკლავს შემოეხვია და ქალმა შეამჩნია, რომ თუ ბიჭი ტირილს წამოიწყებდა, გველი პირში კუდს ჩაუდებდა და აჩუმებდა.

კარგა ხანს მალავდა ქალი ამ ამბავს, მაგრამ, როცა შინ დაბრუნდა, გაგიმ იმ დროს შეუსწრო, როცა გველი აკვნის მკლავზე იყო შემოხვეული.

გადაირია გაგი.

ეგონა გველი ბიჭის დაკბენას აპირებდა და აღარ იცოდა როგორ მოეკლა, რომ ბიჭს არაფერი დაშავებოდა.

ჯერ შვილი აიტაცა აკვნიდან და საწოლზე დააწვინა. მერე აკვანს წამოავლო ხელი და მასთან ერთად მოისროლა გველი გარეთ.

ქალს ხმა არ ამოუღია. გამტკნარებული იდგა. გაგიმ თოფს წამოავლო ხელი და გარეთ გავარდა. რამდენიმეჯერ ესროლა აკვანს.

გველი ბალახებში მიიმალა.

. . .

სამკალზე იყვნენ გაგი და მისი ცოლი. ბიჭი ყანაში თამაშობდა.

ჰაერში არწივის ყეფა გაისმა.

იმ დროს გაიხედა გაგიმ, როცა არწივი დაბლა დაეშვა.

გაგი ბიჭისაკენ გაიქცა, მაგრამ არწივმა დაასწრო, ბიჭს ხალათში ჩაავლო კლანჭები და ჰაერში აიტაცა.

თოფის სროლას აზრი არ ჰქონდა.

მაღლა და მაღლა მიფრინავდა არწივი და ბიჭს მიიყოლებდა თან.

დიდხანს ეძებდა ჭიუხებში გაგი არწივს.

ავიდა იმ კლდეზეც, საიდანაც კვერცხები მოიტაცა, მაგრამ იქ ქარისა და ჭექა-ქუხილისაგან

აწეწილი საბუდარის მეტი ვერაფერი ნახა.

კარგა ხანს ამაოდ ეძებდა და ვერსად ვეღარ გადააწყდა ბიჭის კვალს გაგი. არწივებს კი ხედავდა, მაგრამ არც ერთ მათგანს ბიჭი არ ახლდა თან.

გამწარებული გაგი ამათზე იყრიდა ჯავრს.

სადაც არწივს დაინახავდა, თოფს ესროდა.

ისინიც სცნობდნენ გაგის და ერიდებოდნენ.

კარგა ხნის მერე არწივის ყეფამ მაღლა აახედა შავადჩაცმული გაგის მგლოვიარე ცოლი.

არწივი მის თავზე ტრიალებდა და უკან პატარა მართვე მისდევდა ფრენით.

არწივის მართვე უცნაური შუქით ანათებდა. ასეთი შუქი ქალს სადღაც ენახა და ახლა გაახსენდა: მის ბიჭსაც სწორედ ასეთი შუქით უნათდებოდა ხოლმე მარცხენა მხარზე გამოსახული არწივი.

– შვილო ! შვილო ! – იკივლა ქალმა და ხელები გაიშვირა მაღლა. მისი ხმა არწივის ყეფამ დაფარა. არწივმა კლანჭები გაშალა და შვილის ჩონჩხი ჩამოუგდო დედას.

ქალმა ვერ დაინახა ჰაერში მოფარფატე ძვლები, რომლებიც სუსტი სტვენით ეშვებოდნენ მიწისაკენ.

ქალი ამ დროს უცნაური შუქით განათებულ არწივის მართვეს უყურებდა და მთელი ხმით ყვიროდა: – შვილო! შვილოო!

. . .

ბატონო შელია!

არის ეჭვი, რომ ის გველეშაპი, რომელიც რუსის ჯარს ეჩვენებოდა ამ ბასტიონში და რის გამოც გაიქცნენ რუსები აქედან, სწორედ ის გველი იყო, ბიჭთან ერთად რომ დაიბადა. ეტყობა გაიზარდა და გველეშაპად იქცა. არწივები კი დღესაც უცნაური შუქით ანათებენ საქართველოს ცაზე. ამ არწივის ფიტულშიც, უნდა ვივარაუდოთ რომ დიდი საიდუმლოა ჩაბუდებული. „ გუდამაყრის მუზეუმს" თუ არწივი ჩაუდგა სათავეში, სხვანაირი შუქით გაბრწყინდება მუზეუმი.

ძვირფასო მელია!

ბატონო შელია!

უნდა ვეცადოთ, რომ არწივმა კენჭი არ იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. და თუ მაინც მოახერხებს და კენჭს იყრის, უნდა გავაყალბოთ მისი ხმები.

მოწიწებით და პატივისცემით – სადგისი.

საქმე №3. დამბაჩა ანუ სახელის ქმნა

(საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში ჩამოკიდებულ დამბაჩაზე) სიცოცხლე უხაროდა ათნოხელ გამიხარდას. ტყუილუბრალოდ ჭიანჭველასაც კი არ დაადგამდა ფეხს. სიმღერა უყვარდა და მღეროდა. ცეკვა უყვარდა და ცეკვავდა. როცა მთის იქეთიდან სათარეშოდ გადმოსულ მტერს დაედევნებოდნენ მისი სოფლელები, ისიც მათთან ერთად იყო, მაგრამ არასოდეს არ ესროდა მომხდურებს. რაღაცა იდუმალი ძალა არ აძლევდა კაცის კვლის უფლებას.

ვისაც რამდენიმე მტერი ჰყავდა მოკლული, ის სახელიანი იყო და სოფელი მოწიწებით ეპყრობოდა.

ვინც მტერს ვერ კლავდა, ცდილობდა ჩხუბში მაინც ეშოვა სახელი და მთელ ამ მხარეში თითქმის ვერ ნახავდით კაცს, რომ ხანჯლით, ან ხმლით ჩაკეჭნილი თავპირი არ ჰქონოდა.

კეჭნიდნენ ერთ-ურთს ხატობებში.

კეჭნიდნენ ქორწილებში.

კეჭნიდნენ და მერე დამჭრელი დაჭრილს საზღაურს უხდიდა. ნაჭრილობევს პურის მარცვლებით ზომავდნენ თემის უფროსები. რამდენი მარცვალიც ჩაეტეოდა ჭრილობაში, იმდენი ძროხა უნდა გადაეხადა დამჭრელს დაჭრილისათვის.

საქორელმა ბათარეკამ ეს საქმე შემოსავლის წყაროდ გაიხადა.

დადიოდა ბათარეკაი სოფლიდან-სოფელში, სადაც მთვრალ ხალხს დაიგულებდა ხელად იქ გაჩნდებოდა, ძალად შარს ასტეხავდა და როცა ხანჯალს მოუქნევდნენ, ისე ოსტატურად მიუშვერდა თავს რომ არ ყოფილა შემთხვევა ჩხუბიდან დაუჭრელი გამოსულიყვეს.

რაღა თქმა უნდა შეიყრებოდნენ ამის მერე თემის კაცები, გაარჩევდნენ მოჩხუბართა საქმეს, პურის მარცვლებით ბათარეკაის ჭრილობას გაზომავდნენ და დამჭრელიც მოჰგვრიდა ძროხებს, ცხვრებს, სპილენძის ქვაბებს.

გამდიდრდა ბათარეკაი.

უფრო მეტი სიმდიდრე მოუნდა და საცა მოქნეულ ხანჯალს დაინახავდა იქ უშვერდა თავს.

როგორც იყო გაუგეს ეშმაკობა.

ერიდებოდნენ ბათარეკასთან ჩხუბს. იმის დანახვაზე მოჩხუბრები უცებ ჩააგებდნენ ხოლმე ქარქაშებში ხანჯლებს, რომ ვითომ გასაშველებლად მათ შუა ჩამდგარ ბათარეკას, ხანჯლის პირისთვის არ მიეშვირა თავი.

– ეეხ, წახდა ხალხი, წახდა! – ოხრავდა ბათარეკაი და შარს ეძებდა.

გუდამაყრის მუზეუმის მარცხენა კედელზე რომ სპილოსძვლიანი ხანჯალი ჰკიდია, სწორედ მაგ ხანჯალს ახსოვს ყველაზე კარგად ბათარეკაის შარისმძებნელი თავი.

როგორ?

ისე გაამწარა ბათარეკამ მაგ ხანჯლის პატრონი, ვეღარ მოითმინა და მთელი ძალით გადაუშხუილა მიშვერილ თავზე.

აღარ დასჭირდათ ჭრილობის გასაზომად პურის მარცვლები. ტვინი და სისხლი ერთნაირად მოსჩქეფდა ბათარეკაის თავიდან.

დასაფლავების წინა დღეს ვიღაცამ სამოცდათექვსმეტი ნაჭრილობევი დაითვალა ბათარეკაის თავზე.

აი, ეგეთი თავრიელაით წარსდგა ღვთის წინაშე შარის მძებნელი, აქ კი გულადი კაცის სახელი დატოვა.

ვინც ჩხუბის დროს მოწინააღმდეგეს დიდ ჭრილობას დაამჩნევდა, იმას სახელი უფუჭდებოდა, მშიშარას ეძახდნენ.

– შინებია და იმად უქნევია გამეტებით ხანჯალი – იძახდნენ საქმის გამრჩევნი.

იმ დროს ყველა იარაღით დადიოდა ათნოხელი გამიხარდაის მეტი.

უიარაღო კაცი ქალებსაც არ მოსწონდათ და გამიხარდას ალმაცერად უყურებდნენ.

გიორგობა იყო იმ დღეს ბეგარდის ხატში.

უამრავი მლოცავი იყო თავმოყრილი სალოცავის მოედანზე. ახალგაზრდებს საცეკვაო წრე ჰქონდათ შეკრული და ცეკვავდნენ.

უხდებოდა ცეკვა ათნოხელ გამიხარდას.

წელზე არც ხანჯალი ერტყა, არც სხვებივით დამბაჩა ჰქონდა ქამარში გაყრილი.

ერთ ლამაზ გოგოს მიუთამაშდა და საცეკვაოდ გამოიწვია. გოგომ ზურგი შეაქცია. გამიხარდამ ცეკვა-ცეკვით შემოუარა გარშემო.

– გაჰყევ, ფიქრიავ! – მუჯლუგუნი წაჰკრეს გოგოს მეგობრებმა.

– მე ქალთან ვერ ვიცეკვებ! – თავმომწონედ თქვა ფიქრიამ. ახალგაზრდებმა სიცილი დააყარეს გამიხარდას, რომელიც ერთ წუთს გაწბილებული შედგა გოგოს წინ და თვალებში მუდარით შეხედა.

– რას მომშტერებიხარ, ვერ გაიგე რომ ქალთან ვერ ვითამაშებ! – ისევ დამცინავად თქვა ფიქრიამ.

ისევ ატყდა სიცილ-ხარხარი.

გამიხარდაი ფიქრიას ძმას მიუთამაშდა, ცეკვა-ცეკვით ქამარში გარჭობილი დამბაჩა ამოაძრო და დაიძახა: – ესეც სახელი!

დაიძრა და გულისპირთან დაუცალა ფიქრიას ძმას თავისივე დამბაჩა.

დამბაჩის ხმასთან ერთად იგრიალა სალოცავად თავშეყრილმა ხალხმა.

ატყდა ჩხუბი.

მზის სხივებზე აელვარდა ხმალ-ხანჯლები.

ერთ-ურთზე მიიწიეს გამიხარდაისა და ფიქრიას ნათესავებმა. ადამიანთა სისხლით იღებებოდა წმინდა გიორგის მოედანი.

ხევისბერი ზარებს რეკავდა და დაწყნარებისაკენ მოუწოდებდა ხალხს, მაგრამ ისინი ეგრე ადვილად აღარ წყნარდებოდნენ.

ჩვიდმეტი კაცის სიცოცხლე შეეწირა იმ დღეს „სახელის ქმნას". უამრავი დაიჭრა. გამიხარდაიც მოკლეს ფიქრიას ნათესავებმა.

ბატონო მელია! (შელია!) სამართლიანია, რომ ასეთი დამბაჩა მუზეუმში ჰკიდია და რამდენადაც ვიცი კენჭისყრას აპირებს არჩევნებში.

მარად თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი.

საქმე №4. ყანწი, ანუ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო

(საიდუმლო ინფორმაცია გუდამაყრის მუზეუმში დაცულ ყანწზე) გორდაგორ შემოდიოდა წელში მოღუნული მონადირე. მოეფარებოდა კლდის ქიმს, გახედავდა გაღმა მთის კალთაზე შეფენილ ჯიხვების არვეს და ისევ პარვა-პარვით აუყვებოდა აღმართს.

ჯიხვების არვე საშიშროებას ვერ გრძნობდა. იმათ თავზე ამაყად გადმომდგარიყო ხარლაღი და ჰყარაულობდა არვეს, რომ მონადირე არსაიდან წამოჰპარვოდათ. ჯიხვებიც მის იმედად იყვნენ, მადიანად შეექცეოდნენ ახლადამოღინღლებულ ბალახს. ყური კი

ჰქონდათ მიყურადებული; თუ რაიმე სახიფათოს მოჰკრავდა ყარაული თვალს, სტვენით ამცნობდა არვეს.

მთის ნიავი გულ-მკერდს უგრილებდა ხარლაღს, რომელიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა და ადგილზე წრიალებდა. ერთი სული ჰქონდა კლდიდან-კლდეზე გადამხტარიყო და არვეს შერეოდა. იმათ შორის ეგულებოდა გულისსწორი და იმის ცქერაში გართულს სულ გადაავიწყდა ქვემოდან ზემოთ ამოსასვლელი ბილიკების თვალთვალი.

ზემოთიდან წამოეპარა ჯიხვებს მონადირე და ისეთ ადგილას ჩაუსაფრდა, საიდანაც, როგორც ხელისგულზე, ისე მოჩანდა არვე.

სატრფოს თვალთვალით გართულმა ყარაულმა ვერ შეამჩნია მონადირე, რომელმაც სროლა აუტეხა ჯიხვებს.

დამფრთხალი არვე კლდეებს აწყდებოდა და თავშესაფარს ეძებდნენ. რამდენიმე მათგანი სიცოცხლეს გამოასალმა მონადირის ნასროლმა ტყვიამ.

კლდეზე გადმომდგარმა ხარლაღმა თვალი შეასწრო როგორ დაგორდა მისი გულისსწორი ფერდობზე.

მაღალი კლდის ქიმიდან გადმოხტა ხარლაღი.

გადმოხტა ანგარიშმიუცემლად.

გადმოხტა სატრფოს საშველად, მაგრამ ისე ჩაეხეთქა ბასრ კლდეებს, ძირსდაცემულს სული აღარ შერჩა.

გაოგნებული იყო ამ ამბის მხილველი მონადირე.

დიდხანს დაჰყურებდა მკვდარ ხარლაღს და გულში მძიმე დარდი აწვებოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ დახოცა ეს მთის თავისუფალი შვილები – „ რას ვერჩოდი, რაზე მოვუხტი და ამოვხოცე" – ფიქრობდა იგი.

მონადირეს ჯარჯი ერქვა.

რამდენჯერ უნადირნია ჯარჯის და რამდენჯერ მოუკლავს ნადი- რი, მაგრამ ამ ხარლაღის უცნაურმა სიკვდილმა სევდა აუშალა გულში. იმნაირი სევდა აუშალა, როგორც მთის ნისლი, ჯერ რომ ბამბის ფთილასავით გამოიკვეთება, მერე თანდათან გაიშლება, გაიშლება და მძიმედ ჩაწვება ხეობაში.

სევდით და დარდით გაჯერდა ჯარჯის გული. იმან დახოცილ ჯიხვებს ხელი აღარ ახლო, მარტო ხარლაღს ააჭრა რქები და ხევისპირს ჩამოჰყვა ქვემოთ.

იმ დღის მერე აღარავის უნახავს ჯარჯი სანადიროდ წასული. გულჩათხრობილი გახდა, ლხინის სუფრებს ერიდებოდა.

თავისუფლებაზე ფიქრმა გაიტაცა ჯარჯი. იმხანად საქართველო ოცი წლის დაპყრობილი ჰყავდათ რუსებს და საშინლად ავიწროვებდნენ ქართველებს. მიუხტებოდნენ ხოლმე სტრაჟნიკები ზამთარში ხევის სოფლებს, თოფებით წინ გამოიყრიდნენ დიდსა თუ პატარას და ნიჩბებით გზაზე ჩამოწოლილ ზვავებს ახვეტინებდნენ.

თავისუფლებასმიჩვეული მთის ხალხი საშინლად განიცდიდა რუსების ძალადობას. „მეც ხომ ამათსავით ვექცეოდი ჯიხვებს" – ფიქრობდა ჯარჯი და სხვებთან ერთად ისიც თოვლს ხვეტავდა „სარუსე" გზაზე (რატომღაც ასე შეარქვეს აქაურებმა ძველთაძველ გზას, რომელსაც შუღლიათ სება „გორგასლის ნაგზევს" ეძახის და რომლის ნარჩენებიც მკრთალად ჩანს გუდამაყრის მუზეუმში დატანებული ერდოებიდანაც).

იმ ხარლაღის რქებიდან ყანწები გამოთალა ჯარჯიმ და სახლის გულთაბოძზე ჩამოჰკიდა. „სანამ საქართველო რუსების უღელს თავს არ დააღწევს და თავისუფალი არ გახდება, მანამდე წვეთ სასმელს არ დავლევ. როცა საქართველოს გათავისუფლების ამბავს გავიგებ, ამ ყანწებით შევსვამ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელოს და ამ-ბის

მომტანს ვაჩუქებ ყანწებს" – ჩაიფიქრა ჯარჯიმ და თავისი ფიქრი მთელ ხევს გაუმჟღავნა.

დრო მიდიოდა.

ჯარჯის სიბერე ეძალებოდა. იმისი სახლის გულთაბოძზე უქმად ეკიდა ჯიხვის ყანწები.

ძალადობდნენ დამპყრობლები.

მახარობელი კი არ ჩანდა.

არა და არ იფანტებოდა ჯარჯის გულში ჩაგუბებული სევდის ღრუბელი. უფრო და უფრო იქუფრებოდა, შავდებოდა, თანდათან მძიმდებოდა.

ერთხელაც გათენდა ის დღე, რომლის გათენებასაც ამდენი ხანია ელოდა ჯარჯი. მახარობელი მოადგა იმის სახლს და დაიძახა: – ჯარჯი, ჰაი ჯარჯი!

– რომელი ხარ? – სახლის ბანზე გადმოდგა ჯარჯი.

– მახარობლები ვართ, მახარობლები! – შემოსძახეს ქვემოდან ახალგაზრდებმა.

– მერე და მანდ რას უდგეხართ, ამოდით, ჩქარა! – სახლში მიიპატიჟა ჯარჯიმ, რომლის გულსაც ბაგა-ბუგი გაჰქონდა სიხარულისაგან.

– საით შაიტყვეთ, რა მოხდა? – იკითხა ჯარჯიმ.

– ქალაქით მოვიტანე ამბავი, გარბის სახლში რუსის ჯარი, - თქვა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.

– თქვენ გენაცვალეთ ჯეელებო, თქვენა, რო საქართველოს თავისუფლება მახარეთ. თქვენ დაგლოცათ დიდმა სამებამ, ლომისის მადლმა, ღალანგურის წმინდა გივარგიმ!

სალხინო სუფრა გაიშალა ჯარჯის ოჯახში.

ძველისძველი, ამ ამბისათვის გადანახული ღვინო აელვარდა ჯიხვის ყანწებში.

ჯარჯიმ ერთი ყანწი მახარობელს გადასცა, მეორეთი თვითონ დაილოცა: – დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა!

გაუმარჯოს გამარჯვებულსა, ცისა და ქვეყნის დამბადებელსა, კაცთათვის სიცოცხლის მომნიჭებელსა. ზეცის თავანზე ვარსკვლავთა გადამშლელსა, ხმელეთზე ბალახის აღმომცენებელსა, ბალახზე ცვარ-ნამის გამჩენსა. დღისა და ღამის დამწესებელსა, უხილავის ხილულად გარდამქმნელსა, მაღალსა ტახტზე მჯდომარესა, ხილულთა შორის უხილავსა, გონიერთა მიერ ყოველთვის ხილულსა.

დიდება სამართალს ხვთისასა.

დიდება შენდა ღმერთო, რომ გადმოხედე ჩვენს ქვეყანას და დაიხსენი ავი ხელისაგან.

აი, ამ სასმისით გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ! –დაამთავრა ჯარჯიმ ლოცვა და მოიყუდა ჯიხვის ყანწი.

სიხარულისაგან ხელები უკანკალებდა მოხუცს და გულისპირზე ეღვრებოდა ალისფერი ღვინო.

– ამინ! ამინ! – დასტურს იძახდნენ ახალგაზრდები და ხელიდან ხელში გადადიოდა ჯიხვის ყანწები.

მალე მოეკიდა ჯარჯის ღვინო.

– თქვენ გენაცვალეთ, შვილებო, თქვენა, რო ესეთი სასიხარულო ამბავი მომიტანეთ! – წარა-მარა გაიძახოდა მოხუცი.

უცებ კარებზე ბრახუნი გაისმა და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი სახლში შემოიჭრა.

– მოდით, მოდით, თქვენც დალიეთ თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო, – სუფრასთან მიიპატიჟა ჯარჯიმ, თუმცა იმათ მიპატიჟება არ სჭირდებოდათ, ხელდახელ გამოცალეს რამდენიმე ყანწი და იქ მყოფებს შეუძახეს: – ნუ ხვატიტ, იდიტე, აჩიშჩიმ დაროგუ!

– რაო?! – იკითხა ჯარჯიმ.

– ნუ, პაშლი, პაშლი! – გაუმეორეს იმათ და თოფის კონდახი წაჰკრეს.

– აკი, გაიქცნენ და თავისუფლები ვართო?! – ახალგაზრდებს გადახედა მოხუცმა.

– გვაპატიე ძია ჯარჯი, დალევა გვინდოდა და მოგატყუეთ, – დარცხვენით თქვა მახარობელმა.

– ვაი, ჩემს მოსწრებასა! – ამოიგმინა ჯარჯიმ.

– პაშლი, პაშლი! – წაუთაქეს თოფის კონდახები რუსებმა ქართველებს და წინ გაიყარეს.

ფეხი უსხლტებოდა შემთვრალ მოხუცს, წარა-მარა თოვლში ეცემოდა და გმინავდა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა!

– იდი კაცო, იდი, იდი პირიოდ! – უბიძგებდა თოფის კონდახს შინელიანი ჯარისკაცი.

ერთხელაც წაიფორხილა ჯარჯიმ და რო წაიქცა, როგორღაც განწირულად დაიგმინა: – ვაი, ჩემს მოსწრებასა!

ამოიგმინა და გული გაუსკდა.

ამაოდ ურტყამდა რუსი კონდახს.

ჯარჯი მეტად აღარ წამომდგარა ფეხზე.

თოვდა...

ბატონო, მელია!

ჩვენ მუზეუმში რომ ყანწები ჰკიდია, სწორედ ის რქებია, რომლითაც იმ დღეს თავისუფალი საქართველოს სადღეგრძელო დალია ჯარჯიმ.

მოწიწებით და პატივისცემით, თქვენი მონა-მორჩილი – სადგისი.

საქმე №5. მყვირალობა, ანუ საიდუმლო ინფორმაცია სიყვარულზე

მურყნარის ტყეში აყვირდა ირემი. ერთხელ, მეორედ და მესამედ, ისეთ ზარის ხმაზე დაიყვირა, ყველამ საქმეს თავი მიანება და ირმის ყვირილს მიუგდეს ყური.

– იუმეეეე! – ხმამაღლა ყვიროდა ირემი.

– იუმეეე! – სადღაც შორიდან გამოეძახა მეორე ირემი. პირველი ხმის გაგონებაზე პირველს უფრო ხმა მოემატა და გეზი იქეთ აიღო, საიდანაც ფურირემის ყვირილი მოისმოდა.

აგერ, სულ ახლოს მივიდა ხარირემი ფურთან, კისერი წაიგრძელა, დრუნჩით ჰაერში გაზავებული მდედრის სუნი დაყნოსა და ის იყო უნდა შეერთებოდა მდედრს, რომ უშველებელი წიფლის მხრიდან ავისმაუწყებელი ფრუტუნი გაისმა.

ხარირემი შეაკრთო ამ ხმამ, ფურირემის გავაზე ჩამოწყობილი ფეხები ძირს ჩამოუშვა და შვილდივით მოზიდული საომრად მოემზადა.

ასევე ნელა ემზადებოდა საომრად ზამთრისაგან ხმელ ტოტებში ჩამპალ ისეთი განწირული ხმით ყვიროდა, ემზადებოდა.

მისი მოწინააღმდეგე ხარჯიხვი, წინა ფეხებით წიფლისა თუ ნეკერჩხლის ფოთლებსა თხრიდა, თითქოს მთელი სამყარო მასთან საომრად

ფურ-ირემი ცდილობდა ხარების გაშველებას, ხან ერთს აულოკავდა მხარის ბეჭსა და დრუნჩს ხაოიანი ენით, ხან მეორეს, მაგრამ ეს უფრო აგიჟებდათ მორკინალებს.

იმათ კარგა ხანს უარეს ერთმანეთის გარშემო წრეზე, ჩლიქებით მიწა აყარეს ერთიმეორეს და თავდახრილები ეძგერნენ ერთ-ურთს.

ფურ-ირემი განზე გამდგარიყო და ერთი უშველებელი კაკლის ძირში ატუზული ადევნებდა თვალს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას. ირმები ხანდახან რქებით გაუსხლტებოდნენ ერთ-ურთს და ხანჯლებივით გალესილ რქებს ფერდებში ატაკებდნენ ერთიმეორეს.

წითლად ირთვებოდა ყვავილებით მოქარგული მინდორ-ველი. თითქოს საბოლოო ძალ-ღონე მოიკრიბეს და ეს-ეს არის ან ერთი მოუსპობს მეორეს სიცოცხლეს, ან მეორე, ისეთი მანძილიდან გაექანენ ირმები ერთმანეთისაკენ. იმათმა რქების შეჯახებამ თოფის გასროლასავით დაუარა მთელ ხეობას და კარგა ხანს არ წყდებოდა; ერთი დაბურული ხის ტოტებიდან, მეორე დაბურულ ხის ტოტებს ეხიზნებოდა და ამით ტყის ბინადართ ამცნობდა ირმის მყვირალობას.

როგორც დაეჯახნენ ირმები, ისევე დარჩნენ ერთი-მეორის პირისპირ მუხლჩაჩოქილნი. ცდილობდნენ წამოდგომას, მაგრამ რქები არ უშვებდათ, ისე მძლავრად ჩაჰხლართოდათ ორივეს რქები, ერთ-ურთის თავებს გასაქანს არ აძლევდნენ.

– იუმეეე! – დაიყვირა ერთმა და თავი მისწი-მოსწია, მაგრამ ამაოდ.

– იუმეე! – ხმა მისცა მეორე ირემმაც.

როგორც იქნა წამოდგნენ, შეეცადნენ განცალკევებას, მაგრამ ამაოდ.

ფურირემს ჯერ ეგონა ისევ ჩხუბობდნენ ხარ-ირმები, მაგრამ ცხოველის ინსტიქტით

მალედვე მიხვდა მათ გასაჭირს და თვითონაც ცდილობდა მათ განცალკევებას...

. . .

იმ დღის მერე ასე სძოვდა ორი მოქიშპე ირემი ბალახს: როცა ირმის მყვირალობის ჟამი ჩამოდგებოდა, გადადგებოდნენ სერზე და მტრის გულის გასახარად მაინც გაჰყვიროდნენ სიყვარულის საგალობელს.

. . .

სიკვდილი?

პირველი ნაწილის დასასრული.

*გაგრძელება*

ნახვა: 2430

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters