გუსტავ ფლობერი - კართაგენის კედლებთან

← დასაწყისი

   შიშისაგან გაგიჟებული, ფერდაკარგული, აქოშინებული მიწის მუშები მოცვივდნენ ქალაქში. ზოგი ვირზე ამხედრებულიყო, ზოგიც ფეხით მორბოდა. როქის სპას გამოქცეოდნენ. ლაშქარს სამ დღეში გადმოელახა სიკას გზა, რათა კართაგენს შემოსდგომოდა და შეემუსრა.

   ბჭეები დახშეს. ბარბაროსებიც მაშინ მოეახლნენ ქალაქს, ნახევარკუნძულის ყელზე შეჩერდნენ, ტბის ნაპირას.

   თავდაპირველად მტრობა არ გამოუვლენიათ. ზოგი ხელში პალმის რტოებით მიუახლოვდა გალავანს. კართაგენელებმა ამათაც კი დაუშინეს ისრები, ისე ეშინოდათ.

   გარიჟრაჟისას და მწუხრზე რამდენიმე მაწანწალა დაძრწოდა ზოგჯერ გალავნის გასწვრივ. განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას ერთი დაბალი კაცი, რომელსაც მჭიდროდ შემოეტმასნა ლაბადა და სახე ჩაფხუტის წინაფრით დაეფარა. საათობით შესცქეროდა იგი აკვედუკს ისეთი დაჟინებით, რომ ეჭვი არ იყო, კართაგენელთა თავგზის აბნევა და თავისი ნამდვილი ზრახვების დამალვა უნდოდა ამით. ერთი თავშიშველი გოლიათი ახლდა ყოველთვის.

   კართაგენი ნახევარკუნძულის მთელ სიგანეზე იყო გამაგრებული: ჯერ თხრილი იცავდა, ხანდაკს ბალახოვანი მიწაყრილი მოსდევდა, შემდეგ ორსართულიანი, თლილი ქვით ნაგები გალავანი აღმართულიყო ოცდაათი წყრთის სიმაღლისა. გალავანშივე გამოეჭრათ ბაკები სამასი სპილოს მოსათავსებლად, მათივე საძაგრავისა, ხუნდებისა და საკვების საწყობები, აქვე იყო ოთხი ათასი ცხენის თავლა, მათი ქერი და აკაზმულობა და ყაზარმები, რომელიც ოციათასიან ჯარს დაიტევდა თავისი აღჭურვილობითა და საომარი იარაღითურთ. გალავნის მეორე სართულზე საბრძოლო გოდლები წამომართულიყო, ქონგურებით შემოკბილული. სამზერებს გარედან ეფარა კავებზე ჩამოკიდებული ბრინჯაოს ფარები.

   ეს პირველი რკალი გალავნისა უშუალოდ მალქას ერტყა, მეზღვაურებისა და მღებრების უბანს. გალავანს გადაღმა მოჩანდა ლატნები, რომლებზედაც ძოწეული რიდეები გაეფინათ გასაშრობად, ხოლო ბოლო ტერასებზე წათხრის სახარში თიხის ღუმელები აღმართულიყო.

   უკან გორაკს შეფენილი ქალაქი გადაშლილიყო. თავისი კუბური, მაღალი სახლებით, რიყის ქვით, ფიცრით, ლერწმით, ნიჟარებითა და დაბეკნილი მიწით ნაგები შენობებით. ტაძართა ჭალაკები მწვანე ტბებსავით მოჩანდნენ ამ ნაირფერი ლოდების ქალაქში. მოედნები უთანაბრო უბნებად ყოფდნენ კართაგენს. ურიცხვი შუკა დახლართულიყო და დაესერა გორა თავიდან ბოლომდე. მახვილი თვალი შეამჩნევდა ამჟამად ერთმანეთს შერწყმული სამი უძველესი უბნის ზღუდეებსაც - ალაგ-ალაგ წყალქვეშა კლდეებივით წამომართულიყო ძველი გალავანი ალაგ-ალაგ და უზარმაზარი მხრები გაეშალა, ყვავილებითა და ხავსით შემოსილიყო, ნაგვითა და ტურტლით შეთითხნილიყო. კედლები ზოგან გამოენგრიათ და ქუჩები ისე გადიოდა გალავანში, როგორც მდინარეები ხიდქვეშ.

   ბირსის შუაგულში აღმართული აკროპოლის გორაკი უწესრიგოდ დახერგილი ნაგებობებით იყო დაფარული მთლიანად. ერთმანეთში არეულიყო ტაძრების ხვეული სვეტები, ბრინჯაოს სვეტისთავები, ლიტონის ჯაჭვები, შეუმტკიცავი ქვით ნაშენები კონუსები, რომლებსაც ლაჟვარდისფერი ზოლები დაჰყვებოდა, სპილენძის გუმბათები, მარმარილოს სამერხულები, ბაბილონური კონტრსამაგრები. ობელისკები გადმობრუნებულ ჩირაღდნებსა ჰგვანდნენ, პერისტილები ფრონტონებს მიჰკვროდნენ, ჩუქურთმები დაგრეხილიყო კოლონადებზე; გრანიტის კედლებს კრამიტის ძგიდეები გადმოხუროდა. ყოველივე ეს უცნაურად, საკვირველად ახორხლილიყო ერთიმეორეზე, ჟამთა ცვალება იგრძნობოდა და კიდევ რაღაც, მივიწყებულ სამკვიდროთა ხსოვნასავით.

   აკროპოლს უკან, წითელ მიწაზე, სანაპიროდან კატაკომბებამდე გადაჭიმულიყო მაპალების თემშარა; საგოდებელი გადაშლილიყო გზის ორსავე მხარეს. კიდევ უფრო შორს იდგა მტილოვანებით გარშემორტყმული სრა-სასახლეები; სასახლეებს იქით მესამე უბანი - მეგარა მდებარეობდა, ახალი ქალაქი, რომელიც ზღვისპირის ციცაბო კლდეებამდე აღწევდა, სადაც გიგანტური შუქურა ცასა სწვდებოდა და ყოველ ღამით ბრიალებდა.

   ასე გადაშლილიყო მთელი კართაგენი ტრიალ ველზე დაბანაკებული როქის სპის წინაშე.

   შორიდან ცნობდნენ ისინი ბაზრებსა და გზაჯვარედინებს, დავობდნენ ტაძრების ადგილსამყოფელის შესახებ. სისიტთა თაბუნების პირდაპირ აღმართულიყო ქამონის ტაძარი იმით გამოირჩეოდა, რომ ოქროს ფილები ეხურა; მელქარტის ტაძარი ეშმუნის მარცხნივ იდგა და ბანის ნივნივზე მარჯნის რტოები უელვარებდა. ამათ უკან მოჩანდა ტანიტის ტაძრის სპილენძის გუმბათი, პალმების კენწეროები შემორტყმოდა ირგვლივ; მოლოქის შავი სამლოცველო წყალსაცავებთან აღმართულიყო, შუქურის გვერდით, ფრონტონების კუთხეებში. კედლის თავებზე, მოედნებზე, ყველგან წამომდგარიყვნენ უზარმაზარი, ჯმუხი, გონჯი, მუცელგამობერილი ანდა ნამეტნავად გაბრტყელებული, ხახადაბჩენილი, ხელებგაშვერილი კერპები; ხელში ორთითები, ჯაჭვები ან სათხედები ეჭირათ ქანდაკებებს. ქუჩაბანდებს იქით ლურჯი ზღვა ლივლივებდა და ამის გამო კიდევ უფრო დაფერდებული ჩანდა შუკები.

   ბრბო დილიდან საღამომდე ჩოჩქოლებდა ქუჩებში. პატარა ბიჭები ზანზალაკებს აჟღარუნებდნენ და გაყვიროდნენ აბანოების წინ. ცხელი სასმელების დუქნებთან ბუღი ტრიალებდა, ჰაერში გრდემლზე უროების ცემის ჟღრიალი იდგა, მზეს შეწირული თეთრი მამლები ყიოდნენ ტერასებზე, ტაძრებში ყელგამოღადრული სამსხვერპლო ხარები ბღაოდნენ, თავზე კალათებშემოდგმული მონები ფაცაფუცით დარბოდნენ; და ტალანთა შესასვლელთან რუხი მოსასხამით შებურვილი, ფეხშიშველა, კუნკულიანი ქურუმი გამოჩნდებოდა ზოგჯერ.

   კართაგენის ხილვა ცოფსა ჰგვრიდა ბარბაროსებს. აღტაცებას ვერ იკავებდნენ და სძაგდათ კიდეც, ერთსა და იმავე დროს სურდათ დაემხოთ და მისი მოქალაქენი ყოფილიყვნენ. მაგრამ რა იმალებოდა სამმაგი კედლით გარშემოვლებულ სამხედრო ნავსაყუდელში? შორს, ქალაქგარეთ, შუა მეგარაში, აკროპოლზე მაღლა მოჩანდა ჰამილკარის დიდებული სასახლე.

   მათოს თვალები მარადჟამს მისკენ იყო. მიქცეული, ზეთისხილის ხეებზე ადიოდა და იქიდან იყურებოდა, შუბლს ხელით იჩრდილებდა ტოტებზე გადაყუდებული. ბაღში ძეხორციელი არ გამოდიოდა, შავჯვრიანი კარი მუდამ დაგმანული იყო.

   ბარე ოცჯერ შემოუარა სიმაგრეებს, იქნებ შესაძვრომი ვიპოვო სადმე და ქალაქში შევიპაროო. ერთ ღამეს ყურეში გადახტა და სამი საათის განმავლობაში მიაპობდა ტალღებს სულმოუთქმელად, მაპალების ციცაბო ნაპირს მიადგა, მაგრამ ფრიალო კლდეზე ამაოდ დაისისხლიანა მუხლები, ამაოდ შეამსხვრია ფრჩხილები ლოდებს. ზევით ვერ ავიდა, ფეხი ვერ მოიკიდა, ისევ ტალღებში გადაეშვა და უკან გამობრუნდა.

   თავისი უძლურება აშმაგებდა. კართაგენზე ეჭვიანობდა, თითქოს კაცი ყოფილიყოს ქალაქი და სალამბო თავის სახლში ჰყოლოდეს გამოკეტილი. უსასოო დარდი განუქარდა და ქმედების გიჟურმა, დაუცხრომელმა ცხელებამ შეიპყრო ღაწვებანთებული, პირგამეხებული დაძრწოდა ჩქარი ნაბიჯებით ტრამალებზე და ჩახლეჩილი ხმით ხრიალებდა რაღაცას; ანდა ზღვის პირას ჩამომჯდარი სილით აპრიალებდა თავის გრძელ მახვილს, ისარს ესროდა ირაოზე მოლივლივე ქორებს და წყევლა-კრულვით იოხებდა გულს.

   მათომ ისევ მიხედა თავის რაზმეულს და შეუბრალებლად წვრთნიდა. მას პატივს სცემდნენ სიმამაცისა და განსაკუთრებით სიძლიერის გამო. ზოგიერთს მისტიკურ შიშსაც კი შთააგონებდა; ფიქრობდნენ - ღამღამობით აჩრდილებს ესაუბრებაო. სხვა მეთაურებიც მის მაგალითს აჰყვნენ და მოკლე ხანში მთელი სპა გამოცოცხლდა. კართაგენელებს ესმოდათ ბუკის ხმა - ჯარი ვარჯიშობდა. ბარბაროსებმა უფრო ახლოს მიიწიეს ქალაქისაკენ.

   ნახევარკუნძულის ყელზე რომ მოესრათ ისინი, ამისათვის ორი ლაშქარი იყო საჭირო - ერთი უტიკის ყურის სიღრმეში უნდა გადაესხათ სანაპიროზე და უკნიდან დასტაკებოდა როქის სპას, მეორესაც ცხელი წყაროების მთის მხრიდან უნდა შეეტია. მაგრამ რა ექნათ, მხოლოდ და მხოლოდ წმიდა ლეგიონი ჰყავდათ, რომელშიაც სულ ბევრი - ექვსი ათასი მხედარიღა ირიცხებოდა! აღმოსავლეთისკენ რომ წასულიყვნენ ბარბაროსები, მომთაბარეებს შეუერთდებოდნენ და კირენის გზას მოჭრიდნენ, უდაბნოსთან ვაჭრობა შეუძლებელი შეიქმნებოდა; დასავლეთით რომ გაელაშქრათ, ნუმიდიელნი წამოჰყოფდნენ თავს და რესპუბლიკას განუდგებოდნენ. ბოლოს და ბოლოს საზრდო შემოაკლდებოდათ ბარბაროსებს და ადრე თუ გვიან კალიასავით შეესეოდნენ კართაგენის სანახებს, ერთიანად ააოხრებდნენ, მდიდრებს გული უკვდებოდათ თავიანთი მშვენიერი დარბაზებისა, ვენახებისა და ყანების მოგონებისას.

   ჰანონი მკაცრი და განუხორციელებელი ზომების მიღებას მოითხოვდა - დიდი ჯილდო დავნიშნოთო თითოეული ბარბაროსის მოკვლისათვის ანდა ხომალდებისა და მანქანების მეოხებით ცეცხლი წავუკიდოთო როქის სპის ბანაკს. მისი ამხანაგი გისკონი წინაღუდგა, - რაც ეკუთვნით, მივაშავოთო, - ამბობდა. მაგრამ გისკონი ხალხს თუ უყვარდა, უხუცესებს ეჯავრებოდათ ამიტომ; შიშობდნენ, შემთხვევის წყალობით მბრძანებელი არ გავიჩინოთო, და მონარქიით, რაშიაც თავს იჩენდა მონარქია ანდა რასაც შეიძლებოდა მისი აღდგენა მოჰყოლოდა.

   კართაგენის სიმაგრეებს გადაღმა ცხოვრობდა უცხო თესლის, ბნელი წარმოშობის ხალხი, რომელიც მაჩვ-ზღარბებზე ნადირობით ირჩენდა თავს და ლოკოკინებითა და გველებით იკვებებოდა. ისინი იმით ერთობოდნენ, რომ გამოქვაბულებში ცოცხლად შეპყრობილ აფთრებს დაარბენინებდნენ საღამოობით მეგარის ქვიშნარებზე, საფლავის ძეგლთა შორის. ზღვის ბალახითა და შლამით ნაგები მათი ქოხები მერცხლის ბუდეებივით აკვროდნენ სანაპიროს ფრიალო კლდეებს. არც მთავარი ჰყავდათ, არც ღმერთი გააჩნდათ, ცხოვრობდნენ ერთმანეთში აღრეულნი, სავსებით შიშველნი, ძალმიხდილნი, და ამავე დროს გამძვინვარებულნი. კართაგენელებს ოდითგანვე ეზიზღებოდათ ეს უწმინდური საჭმლით პირწაწყმედილი ხალხი. გუშაგებმა შეამჩნიეს ერთ დილას, რომ ისინი სადღაც გამქრალიყვნენ.

   ბოლოს დიდი საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ბარბაროსთა ბანაკს ეწვივნენ მეზობლურად - უსამკაულოდ და უსარტყლოდ, დაღობილი სანდლებით ფეხშემოსილნი. წყნარად მიაბიჯებდნენ, სალამს აძლევდნენ მეთაურებს ანდა ჩერდებოდნენ და ჯარისკაცებს ესაუბრებოდნენ. ეუბნებოდნენ, ყველაფერი გათავებულია და თქვენს ყველა მოთხოვნას სამართლიანად დავაკმაყოფილებთო.

   ბევრი მათგანი პირველად ხედავდა როქის სპის ბანაკს, ეგონათ, არეულობას იხილავდნენ და წესრიგი და შიშისმომგვრელი სიჩუმე დახვდათ. მაღალი კედელი და მიწაყრილი ერტყა შუა გაჭრილ შუკებზე სუფთა წყალი მოესხურებინათ. კარვების ნაჩვრეტებიდან ბნელში მოელვარე ველური თვალები შემოსცქეროდათ. შუბთა კონები და ჩამოკიდებული ფარ-იარაღი სარკესავით კრიალებდა. უხუცესები ხმადაბლა ლაპარაკობდნენ ურთიერთშორის, ეშინოდათ თავიანთი გრძელი კაბებით რაიმეს არ გამოსდებოდნენ და არ გადაეყირავებინათ.

   მეომრებმა სურსათ-სანოვაგე მოითხოვეს, ფასს იმ ფულიდან გადაგიხდით, ჩვენი რომ გმართებთო.

   ხარები, ცხვრები, ციცრები, ხმელი ხილი, ხანჭკოლა და შებოლილი თევზი გაუგზავნეს, ის ჩინებული სკომბერი, რომელიც კართაგენს ყველა ნავსადგურში გაჰქონდა სავაჭროდ, მაგრამ ბარბაროსები ზიზღით აქცევდნენ ზურგს საკლავს და აძაგებდნენ, თუმცა გულით ეწადათ. ერკემალში მტრედის საფასურს სთავაზობდნენ, სამ თხას ერთი ბროწეულის ფასად თხოულობდნენ. ტილიჭამიები შუამავლობდნენ, ბარბაროსებს უმტკიცებდნენ, გაბრიყვებენო. ისინიც სატევრებს აშიშვლებდნენ და კართაგენელს ემუქრებოდნენ, დიდი საბჭოს წარგზავნილები ნუსხებს ადგენდნენ, იწერდნენ - რამდენი წლის ჯამაგირი ერგებოდა თითოეულ მათგანს. მაგრამ ამჟამად შეუძლებელი იყო იმის გამორკვევა, თუ რამდენი მეომარი დაექირავებინათ, და უხუცესები შეძრწუნდნენ, როდესაც გადასახდელი თანხა შეაჯამეს. სილფიუმის მარაგიც რომ გაეყიდათ და სავაჭრო ქალაქებიც დაებეგრათ, ამდენს მაინც ვერ შეაგროვებდნენ. ამასობაში როქის სპასაც აევსებოდა მოთმინების ფიალა. ტუნისი უკვე მის მხარეზე იყო; ჰანონის სიშმაგისა და მისი ამხანაგის საყვედურებისგან თავბრუდახვეული მდიდრები მოქალაქეებს ურჩევდნენ, თუ ვინმეს იცნობთ ბარბაროსთაგან, ეწვიეთ, ტკბილად ელაპარაკეთ, მეგობრობა განაახლეთ, ნდობა დაამშვიდებთო. ვაჭრები, მწერლები, მუშები, მთელი ოჯახები ეწვივნენ ბარბაროსებს.

   ჯარისკაცები ყველას უშვებდნენ ბანაკში, მაგრამ მხოლოდ ერთი შესასვლელიდან, რომელიც ისე ვიწრო იყო, რომ ოთხი კაცი თუ გაივლიდა გაჭირვებით. ღობურთან სპენდიუსი იდგა და გულმოდგინედ ჩხრეკდა ყველას. მის პირისპირ მათო იდგა, ბრბოს ათვალიერებდა, იქნებ ისეთი ვინმე დავინახო, სალამბოს სახლში რომ შემხვედრიაო.

   ბანაკი ქალაქს დაემსგავსა, ისეთი ფუსფუსი იყო, ორი ჯურის ხალხი არეულიყო ერთმანეთში - ერთ ნაწილს შალის ან ტილოს ტანსაცმელი ემოსა და ნაძვის გირჩების მსგავსი თექის წოწოლა ქუდები ეხურა, მეორე ჯაჭვი ჩაეცვა და მუზარადები ჩამოეფხატა. მსახურთა და მოვაჭრეთა შორის სხვადასხვა ტომის დიაცები დაეხეტებოდნენ; ზოგს მწიფე ინდისხურმის ფერი ედვა, ზოგს ზეთისხილივით მომწვანო იერი გადაჰკრავდა, ზოგიც ფორთოხლისფერი იყო. ამ მეზღვაურთაგან შესყიდულ ქოხმახებში ნაპოვნ, ქარავნებიდან მოტაცებულ, ქალაქთა აოხრებისას შეპყრობილ ქალებს. სანამ ახალგაზრდანი იყვნენ, ხვევნა-კოცნით აცლიდნენ სიქას, ხოლო როცა დაბერდნენ, ცემა-ტყეპით ტანჯავდნენ და საცოდავებს შარაგზებზე ხდებოდათ სული დავარდნილნი საქონლის გვერდით, მიტოვებულ ვაშკარანებს შორის. მომთაბარეთა ცოლებს აქლემის ბეწვის ჟღალი, კუბოკრული კაბები ეცვათ და კოჭებში მიირხეოდნენ; კირენაიკელ მომღერალ ქალებს იისფერი მარმაში მოეხვიათ წარბები მოეხატათ და ჭილობებზე ჩაცუცქულნი მუსიკობდნენ. ბებერი, ძუძუებჩამოყრილი ზანგის დიაცები ნეხვს აგროვებდნენ და მზეზე ახმობდნენ წივის გასაკეთებლად; სირაკუზელ ქალებს ოქროს ბალთები ჩაემაგრებიათ თმებში. ლუზიტანიელებს - ნიჟარების ფარღულები, გალებს მგლის ტყავით დაეფარათ რძისფერი ძუძუ-მკერდი. წინადაუცვეთელი, ტილიანი ტიტლიკანა ბიჭები გამვლელებს თავურით ეჯახებოდნენ მუცელზე, ანდა უკნიდან ეპარებოდნენ ვეფხვის ლეკვებივით და ხელებზე კბენდნენ.

   კართაგენელები განცვიფრებულნი დადიოდნენ ბანაკის შუკებში, ბარბაროსთა სიმრავლით თავზარდაცემულებს სახე ჩამოსტიროდათ; სხვები ცდილობდნენ შეშფოთება არ დაემჩნიათ.

   მეომრები სიცილ-ხარხარით უტყაპუნებდნენ ხელებს ბეჭებზე. წარჩინებულ კართაგენელებს გასართობად იწვევდნენ, ბადროს თამაშისას ცდილობდნენ ფეხი დაეჭირებინათ მათთვის, ხოლო მუშტი-კრივში ყბებს ამტვრევდნენ. მეშურდულენი შურდულებით აშინებდნენ მოქალაქეებს, მჩხიბავები - ჭრელი უნასებით, მხედრები - ცხენებით. მშვიდობიანი მდაბიოები უსიტყვოდ ითმენდნენ შეურაცხყოფას, თავი ჩაექინდრათ და ნაძალადევად იღიმებოდნენ. ზოგი ცდილობდა თავი მამაცურად მოეჩვენებინა ბარბაროსებისათვის და ნიშნებით აგინებდნენ - ჩვენც გვინდა მებრძოლები გავხდეთო, ამათ შეშის დაჩეხვას და ჯორების სამურველით გაწმენდას ავალებდნენ, აბჯარს აცმევდნენ და მერე კასრებივით დააგორებდნენ ბანაკში. შემდეგ, როდესაც გაწამებულნი აცხადებდნენ - შინ გაგვიშვითო, ჯარისკაცები სასაცილოდ იგრიხებოდნენ, ვითომდა მწუხარებისგან თმებს იგლეჯდნენ.

   მრავალ მათგანს სიბრიყვისა თუ უვიცობის გამო გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ ყოველი კართაგენელი უსაზომოდ მდიდარი იყო და უკან დასდევდნენ, ეხვეწებოდნენ, რაიმე გვაჩუქეთო. ყველაფერს მოითხოვდნენ, რაც თვალში მოუვიდოდათ: ბეჭდებს, სარტყლებს, სანდლებს, ხამლს, კაბის ფოჩებს და, როდესაც გაძარცული კართაგენელი შესძახებდა: „ მეტი არაფერი გამაჩნია, რა გინდა ჩემგანო!“ ზოგნი - „შენი ცოლიო“, და სხვანი - „ შენი სულიო“, - ეუბნებოდნენ.

   ანგარიშის ნუსხები მეთაურებს გადასცეს, ჯარისკაცებს წაუკითხეს და საბოლოოდ დაამტკიცეს. მაშინ კარვები მოითხოვეს, მისცეს ესეც. შემდეგ ბერძენთა პოლემარქებმა მოინდომეს ლამაზი აბჯარი. კართაგენში რომ ჭედდნენ. დიდმა საბჭომ გამოყო თანხა აბჯრების შესაძენად. მხედრებმა განაცხადეს: - საცა სამართალია, რესპუბლიკამ ომში ნაზარალევი ცხენების საფასურიც უნდა გვიზღოსო. ერთი ამტკიცებდა - სამი ცხენი ამა და ამ გარემოცვის დროს დამეხოცა, მეორე - ხუთი ცხენი მომიკვდა ამ და ამ ლაშქრობაშიო, მესამე - თოთხმეტი ზერდაგი გადამეჩეხა ღრატეებშიო. პეკატომპილის ულაყები შესთავაზეს. მხედრებმა - ფული გვირჩევნიაო.

   მერმე მოითხოვეს - ვერცხლით (ვერცხლით და არა ტყავის რგოლებით) აენაზღაურებინათ იმ ხორბლის საფასური, რომელიც რესპუბლიკას ემართა, თანაც ომისდროინდელი, ყველაზე მაღალი მაზანდის კვალობაზე, ასე რომ ერთი საწყაო ფქვილისათვის ოთხასჯერ მეტს თხოულობდნენ, ვიდრე თვითონ იხდიდნენ ტომარა მარცვალში. ამ უსინდისობამ მთელი კართაგენი აღაშფოთა, მაგრამ რა გაეწყობოდა, - ესეც დაუთმეს.

   მაშინ ჯარისკაცთა წარმომადგენლები და დიდი საბჭოს წარმოგზავნილნი მორიგდნენ და კართაგენის ადგილის დედა და ბარბაროსთა ღმერთები დაიფიცეს; აღმოსავლური მრავალსიტყვაობითა და ლიქნით მოუბოდიშეს და დაუტკბნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ ჯარისკაცებმა მეგობრული კავშირის აღსანიშნავად მოითხოვეს იმ ბოროტმზრახველთა დასჯა, რომელთაც რესპუბლიკის წინააღმდეგ აამხედრეს როქის სპანი.

   კართაგენელებმა თავი მოიკატუნეს, თითქოს არაფერი გაეგებოდათ. მაშინ მეომრებმა აშკარად მოითხოვეს ჰანონის თავი.

   ყოველდღიურად რამდენჯერმე გამოდიოდნენ ბანაკიდან და გალავნის ძირას დაწრიალებდნენ, ყვიროდნენ - სუფეტის თავი გადმოგვიგდეთო, და ტანსაცმლის კალთებს უშვერდნენ მოკვეთილი თავის დასაჭერად.

   დიდი საბჭო ეგების ამაზედაც დათანხმებულიყო, ბარბაროსთა უკანასკნელი, ყველაზე შეურაცხმყოფელი მოთხოვნა რომ არა: ჩვენს ბელადებს კართაგენის საუკეთესო ოჯახთა ასულები მიათხოვეთო. ეს აზრი სპენდიუსმა წამოაყენა და ჯარისკაცებმა სავსებით მარტივ და ადვილად აღსასრულებელ რამედ მიიჩნიეს. მაგრამ ბარბაროსთა ამ თავხედურმა წადილმა - პუნიკური სისხლისათვის თავიანთი ბინძური სისხლი შეერიათ, აღაშფოთა კართაგენის ხალხი. როქის სპას უხეშად მოუჭრეს - მეტს არას დაგითმობთო, მაშინ მეომრები აყვირდნენ - მოგვაღორეთო, და თუ სამი დღის ვადაში ჯამაგირი არ დაგირიგებიათ, ჩვენ თვითონ შემოვალთ კართაგენში და ძალით წავიღებთო.

   დაქირავებული ჯარი არც ისე სინდისგარეცხილი იყო, როგორც მისი მტრები ფიქრობდნენ. ჰამილკარმა არაერთგზის აღუთქვა ლაშქარს - ოქროში ჩაგსვამთო, მართალია, მისი დანაპირები ბუნდოვანი იყო, მაგრამ ზეიმითა და ზარით იყო თქმული. მეომრებს შეეძლოთ ეფიქრათ - კართაგენში რომ ჩავალთ, მთელ ქალაქს ჩვენ დაგვითმობენ და მის საუნჯეს გავინაწილებთო. იმედი სასტიკად გაუცრუვდათ, ჯამაგირსაც კი გაჭირვებით უხდიდნენ და ამით სიამაყეც ელახებოდათ სიხარბესთან ერთად.

   დიონისე, პიროსი, აღათოკლე და ალექსანდრეს სარდლები განსაცვიფრებელ იღბლიანობის მაგალითებად არ ესახებოდათ განა? იდეალი ჰერკულესისა, რომელსაც ქანაანელთა მზის ღვთაებასთან აიგივებდნენ, ციალებდა სპის ფიქრთა ჰორიზონტზე, კარგად უწყობდნენ, რომ ზოგჯერ უბრალო მხედარს მოუხვეჭია გვირგვინი და დარხეული ხმა - იმპერიები ემხობიანო, პატივმოყვარულ ოცნებებს უღვიძებდა უღრან მუხნარებში დავანებულ გალებსა და ხრიოკ ქვიშნარში მობინადრე ეთიოპიელებს. ამასთან ხალხიც იყო ისეთი - თავისი სიმამაცის მოხმარება სურდათ და ყველა საკუთარი საგვარეულოდან მოკვეთილი, ქურდი, უგზო-უკვლოდ გადახვეწილი დედ-მამის მკვლელი, ღვთისგან დაწყევლილი მკრეხელი, ყველა დამშეული და სასოწარკვეთილი ცდილობდა მიეღწია ნავსაყუდელამდის, სადაც კართაგენელი მოხელე მეომრებს ქირაობდა. ჩვეულებრივ რესპუბლიკა ასრულებდა ხოლმე პირობას, მაგრამ ამჯერად შმაგი სიძუნწე მორეოდა და სახიფათო უპირობა გამოეჩინა. ნუმიდიელნი, ლიბიელნი, მთელი აფრიკა კართაგენის წინააღმდეგ ამხედრებულიყო. მხოლოდ ზღვა იყო ხსნილი, მაგრამ აქაც შეიძლებოდა რომაელები დახვედროდნენ და მკვლელებით გარშემორტყმული კაცივით ყოველის მხრიდან მომდგარ სიკვდილს გრძნობდა კართაგენი.

   იძულებულნი შეიქმნენ გისკონისათვის მიემართათ; ბარბაროსები დათანხმდნენ მის შუამავლობაზე. ერთ მშვენიერ დღეს დაეშვა ნავთსაყუდელის ჯაჭვი და სამი ბრტყელი ხომალდი ტენიის არხის გავლით ტბაში შეცურდა.

   პირველი ხომალდის წინამხარზე გისკონი დაინახეს, მის უკან იდგა ბალდახინზე უფრო დიდი კიდობანი ირგვლივ ჩამოკონწიალებული გვირგვინისდარი კარშიკებით შემკული. შემდეგ თარჯიმნები იდგნენ, სფინქსის მაგვარი თავსაბურავები ეხურათ და მკერდზე თუთიყუში ჰქონდათ ამოსვირინგებული. ამათ უკან გისკონის მეგობრები და მონები გამწკრივებულიყვნენ; იარაღი არ ესხათ, სიმრავლის გამო ადგილი არ ჰყოფნიდათ და მხარიმხარ მიჯრილიყვნენ. მძიმედ დატვირთულ სამ გრძელ კარჭაპს წყალი ძგიდემდე ასხამდა. ხომალდები წინ მოიწეოდნენ და მათი შემყურე როქის სპა სიხარულის ყიჟინით ესალმებოდა გისკონს.

   როგორც კი მიწაზე გადმოდგა ფეხი სარდალმა, ჯარისკაცები სირბილით გავარდნენ შესახვედრად. გისკონმა ტომრებისგან შემაღლებული გააკეთებინა ჯარისკაცებს და გამოაცხადა: აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ვალს ყველას არ გადავუხდიო. ტაშისცემა ატყდა. კარგა ხანს არ აძლევდნენ ხმის ამოღების საშუალებას.

   შემდეგ გისკონმა გაკიცხა რესპუბლიკაცა და ბარბაროსებიც და ორივე მხარეს დასდო ბრალი. დამნაშავე რამდენიმე უჯიათი მოჯანყეა, რომელთა რისხვამ კართაგენი შეაშფოთა. განა რესპუბლიკის კეთილგანწყობილების საუკეთესო საბუთი არ არის ის, რომ შუამავლად მე გამომგზავნეს, მე, რომელიც მუდამ სუფეტ ჰანონის მოწინააღმდეგე ვიყავიო. ამიტომ ნუ იფიქრებთ, ვითომც კართაგენის ერს სულელური სურვილი ჰქონდეს მამაცთა გაბრაზებისა, ნურც ისე უმადურად მიიჩნევთ, რომ თქვენი სამსახური არ დააფასოსო. და გისკონი ჯამაგირის გაცემას შეუდგა. ლიბიელთაგან დაიწყო. ნუსხები ნატყუარად გამოაცხადეს და სარდალს არც მოუკითხავს ისინი.

   ეროვნებისდა მიხედვით დაწყობილი ჯარისკაცები გისკონის წინ გავლისას თითებით აჩვენებდნენ რამდენი წელი ემსახურათ. მათ რიგრიგობით ადებდნენ სერს მარცხენა მკლავზე საღებავით; გადამწერლები პირგახსნილი სკივრებიდან იღებდნენ ფულს, სხვები ბებუთის წვერით ნაჩხვლეტებს უკეთებდნენ ტყვიის თხელ ფირფიტებს. ერთმა ჯარისკაცმა ზანტად ჩაიარა ბებერი ხარივით.

   ამოდი ჩემთან! - დაუძახა დაეჭვებულმა სუფეტმა, - რამდენი წელია, რაც მსახურობ? თორმეტი, - მიუგო ლიბიელმა.

   გისკონმა თითები მოუსვა ნიკაპქვეშ - მუზარადის საყბეური ხანგრძლივი ხმარებისას ორ კოჟორს აჩენდა, კოჟრებს ეშვებს ეძახდნენ და „ეშვებიანიაო“, ვეტერანზე იტყოდნენ.

   ქურდბაცაცავ! რაც სახეზე არ გაქვს, ალბათ მხრებზე გატყვია! - შესძახა სუფეტმა, ტუნიკა შემოახია და გაუშიშვლა ზურგი, რომელიც სისხლიანი იარებით ჰქონდა დაფარული. საცოდავი ჰიპოზარიტელი მიწის მუშა ყოფილიყო. ატყდა ყიჟინა. დამნაშავეს თავი მოჰკვეთეს, ღამე რომ ჩამოდგა, სპენდიუსმა ლიბიელები გააღვიძა და უთხრა: ლიგურიელნი, ბერძნები, ბალეარელნი, და იტალიელები, ჯამაგირს რომ მიიღებენ, შინ დაბრუნდებიან. თქვენ კი აფრიკაში დარჩებით, სათითაოდ დაიფანტებით თქვენ-თქვენს თემებში და ვეღარაფერი დაგიფარავთ! მაშინ ამოიყრის თქვენს ჯავრს რესპუბლიკა! გეშინოდეთ შინ დაბრუნებისა! ნუთუ გჯერათ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან! ორივე სუფეტი შეთანხმებულია! გისკონი გატყუებთ! გაიხსენეთ ძვლების კუნძული და ქსანტიპე, რომელიც ძირგამომპალი გალერით გაამგზავრეს სპარტაში! მაში რა ვიღონოთ? - ეკითხებოდნენ ლიბიელნი. დაფიქრდი! - უპასუხებდა სპენდიუსი.

   შემდგომი ორი დღის განმავლობაში მაგდალელ, ლეპტისელ და ჰეკატომპილელ მეომრებს უსწორებდნენ ანგარიშს, სპენდიუსი გალებში ტრიალებდა.

   ახლა ლიბიელებს ისტუმრებდნენ, შემდეგ ბერძნებს, ბალეარელთ, აზიელებს და სხვებს დაურიგებენ ჯამაგირს! მაგრამ თქვენ ცოტანი ხართ და არაფერსაც არ მოგცემენ! ვეღარ ეღირსებით სამშობლოში დაბრუნებას! ხომალდები თქვენ არ გაგაჩნიათ და ძაღლებივით დაგკლავენ, რათა სარჩენი არ გაუხდეთ და სასმელ-საჭმლის ყაირათი გასწიონ.

   გალები სუფეტთან გაეშურნენ. ოტარიდი, რომელიც გისკონმა ჰამილკარი ბაღში დაჭრა, გამოელაპარაკა სარდალს. მონებმა კინწისკვრით გამოაგდეს. გაღმა დაიფიცა: შენს ჯავრს ამოვიყრიო.

   მოთხოვნილებანი და საჩივრები მატულობდა. ყველაზე ჯიუტნი სუფეტის კარვამდე აღწევდნენ და შიგ უვარდებოდნენ; სარდალს მოსალბობად ხელებს უჭერდნენ და უკბილო ნუნებზე, გამხმარ მკლავებზე და ნაიარევით დასერილ კანზე ავლებინებდნენ, ვისაც აქამდე არ მიეღო ჯამაგირი შმაგობდა, ხოლო ვისთვისაც უკვე ეზღოთ, კიდევ მოითხოვდა ცხენების საფასურს; მაწანწალები და დევნილნი ეუფლებოდნენ ჯარისკაცთა საჭურველს, იფიცებოდნენ - გვიპოვნიაო. გრიგალივით ტრიალებდნენ ჯარისკაცთა ბრბოები; კარვებს ტკაცატკუცი გაუდიოდა და ძირს ემხობოდა; ბანაკის სიმაგრეთა შორის გაჭედილი ბრბო ღელავდა და ყვირილით აწყდებოდა აქეთ-იქით - შესასვლელებიდან შუა მოედნამდე, როცა ალიაქოთი მეტისმეტად ძლიერდებოდა. გისკონი თავის სპილოს ძვლის არგანს ჩამოეყრდნობოდა იდაყვით, ზღვას გასცქეროდა და ასე იდგა გაუნძრევლად წვერში თითებგაჩრილი.

   მათო ხშირად განაპირდებოდა ხოლმე სპენდიუსთან სათათბირო. შემდეგ ისევ სუფეტის პირისპირ დგებოდა და გისკონი გრძნობდა ორი ცეცხლმოკიდებული ქეიბურივით მასზე დამიზნებულ თვალის მზერას. ზოგჯერ ერთმანეთს აგინებდნენ შუაში მოქოთქოთე ბრბოს თავებს ზემოთ, მაგრამ ერთის ხმა მეორის ყურს ვერა სწვდებოდა, ამასობაში ფულის დარიგება გრძელდებოდა და სუფეტი ყოველგვარი დაბრკოლებიდან იოლად პოულობდა გამოსავალს.

   ბერძნებს უნდოდათ შარი მოედოთ ფულის სხვადასხვაობის გამო. გისკონმა ისე განუმარტა მათ ყოველივე, რომ დაკმაყოფილებულნი ხმის ამოუღებლად გაბრუნდნენ. ზანგები მოითხოვდნენ თეთრ ნიჟარებს, რომელიც ფულად გადიოდა შუა აფრიკაში. გისკონმა შესთავაზა - თუ გსურთ, კართაგენში გავგზავნი ხალხს ნიჟარების მოსატანათო. მაშინ ისინი დაშოშმინდნენ და სხვების მსგავსად ვერცხლით მიითვალეს ქირა.

   ბალეარელთ უკეთეს რასმე დაჰპირებოდნენ - ქალებს, გისკონმა განუცხადა: თქვენთვის ურიცხვ ქალწულს ველი, მაგრამ ქარავანს გრძელი გზა აქვს გამოსავლელი, კიდევ ექვსი თვე უნდა დაიცადოთ, ჩათქვირებულ და სურნელოვანი ზეთით კანგასალუქებულ ქალებს დავსვამთ ხომალდებზე და ბალეარის ნავსადგურებში მოგაყენებთო.

   ანაზდად სავსებით გამოკეთებული და ძალ-ღონით ავსილი ზარქსასი მუშაითივით ახტა მეგობრების მხრებზე და შეჰყვირა: დახოცილებისთვის ხომ არ გადაგინახავს! - და კართაგენის მხარეს გაიშვირა ხელი, ქამონის კარიბჭისაკენ.

   თავით ბოლომდე სპილენძის ფირფიტებით მოჭედილი ჭიშკარი ჩამავალი მზის სხივებზე ლაპლაპებდა. ბარბაროსებს სისხლის ნაკვალევი მოელანდათ აპრიალებულ ლითონზე, რამდენჯერაც დააპირა გისკონმა დალაპარაკება, იმდენჯერვე შეაწყვეტინეს ყვირილით. ბოლოს ზვიადი ნაბიჯებით ჩამოვიდა იგი შემაღლებულიდან და თავის კარავში ჩაიკეტა.

   დღით, მზის ამოსვლისას რომ გამოვიდა, თარჯიმნები, რომელთაც გარეთ ეძინათ, არ განძრეულან; გულაღმა ეყარნენ თვალებგადმოკარკლულნი, ენაგადმოგდებულნი და სახედალურჯებულნი; თეთრი ლორწო დასდიოდათ ნესტოებიდან, კიდურები გაშეშებოდათ, თითქოს გაყინულიყვნენ ცივ ღამეში. ლელის ზონარი წაეჭირათ საცოდავებისთვის ყელში.

   ამის შემდეგ ჯანყი არ დამცხრალა. ბალეარელთა დახოცვის ამბავი, ზარაქსასმა რომ მოაგონათ, უნდობლობას უღვივებდათ; სპენდიუსიც ნავთს ასხამდა ცეცხლზე. ბარბაროსებმა წარმოიდგინეს, რომ რესპუბლიკას მათი მოღორება უნდოდა. მოთმინების ფიალა აევსოთ. თარჯიმანთა გარეშეც იოლად წავიდოდნენ! თავშეხვეული ზარქსასი საომარ სიმღერას გაყიოდა, ოტარიდი თავის უშველებელ მახვილს ატრიალებდა; სპენდიუსი ერთს რომ ჩუმად უჩურჩულებდა ყურში, მეორეს ხანჯალს აწოდებდა. ძალგულოვანი ლამობდნენ ძალით წაეგლიჯათ ჯამაგირი, ნაკლებ გაბედულთ სურდათ ძველებურად გაგრძელებულიყო ქირის დარიგება, ყველას იარაღი აესხა, ყველა ბრაზობდა და გისკონისადმი გამძვინვარებული მძულვარებით ანთებულიყო.

   რამდენიმე მხედარი ამოსდგომოდა საოდალს აქეთ-იქიდან და გაყვიროდა: თუ ლანძღვა-გინებას ანთხევდნენ - მათ მოთმინებით უსმენდნენ, მაგრამ, ერთ სიტყვასაც თუ დაძრავდნენ გისკონის დასაცავად, მაშინვე ქოლავდნენ ანდა უკნიდან თავს სხვეპდნენ ხმლებით. ტომრების გროვა წითელი სისხლით შეღებილიყო სამსხვერპლოსავით.

   ნასადილევს განსაკუთრებით საზარელნი იყვნენ ღვინო-ნასვამნი! კართაგენის ლაშქარში ღვინის სმა აკრძალული იყო, ამ წესის დამრღვევს სიკვდილით დასჯა მოელოდა; ახლა კი თავაშვებული მეომრები კართაგენისკენ იშვერდნენ ღვინიან თასებს პუეიკური წესრიგის გასამასხრებლად. შემდგომ ხაზინის მცველ მონებს უბრუნდებოდნენ და მათ ხოცვა-ჟლეტას მიჰყოფდნენ ხელს. შეძახილი - „დაჰკა!“, განსხვავებულად რომ ითქმის სხვადასხვა ენაზე, ყველას გაეგებოდა.

   გისკონმა კარგად იცოდა, რომ სამშობლო ქალაქისგან განწირული იყო, მაგრამ მამულის უმადურობისდა მიუხედავად, არ უნდოდა შეერცხვინა თავისი ქვეყანა. როცა შეახსენეს - რესპუბლიკა გემებს დაგვპირდაო, მოლოქი დაიფიცა - ხომალდებს ჩემს ხარჯზე შეგიკაზმავთო. ლურჯი თვლების ფარღული მოიგლიჯა და ბრბოში გადაისროლა გირაოდ. მაშინ აფრიკელებმა დიდი საბჭოს დაპირებული ხორბალი მოითხოვეს. გისკონმა ნერბის ეტრატზე იისფერი მელნით დაწერილი სისიტთა ნუსხები გაშალა და თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე კართაგენში შემოზიდული საქონლის ანგარიშის კითხვა დაიწყო.

   უეცრად თვალებდაჭყეტილი გაჩუმდა. თითქოს ციფრებში სასიკვდილო განაჩენი ამოიკითხა თავისთვის. უხუცესებს თაღლითურად შეემცირებინათ რიცხვები და ომის ყველაზე მძიმე ხანებში გაყიდული ხორბალი, ისეთი დაბალი ნიხრით აღენიშნათ, რომ ბრმაც კი არ დაიჯერებდა.

   ილაპარაკე! უფრო ხმამაღლა! - უყვიროდნენ ჯარისკაცები, - ოჰო ტყუილები გინდა მოიგონო, შე ლაჩარო, შენა! ნუ ენდობით მაგას! გისკონი რამდენსამე წამს ყოყმანობდა; ბოლოს განაგრძო.

   ჯარისკაცებს ეჭვიც კი არ აუღიათ, რომ ატყუებდნენ და სისიტთა ანგარიში სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნიეს. კართაგენის სიმდიდრეთა სიუხვემ შურით აღაგზნო და გააშმაგა ჯარი. ნეკერჩხლის ყუთი დაამტვრიეს - სალარო თითქმის ცარიელი აღმოჩნდა. მათ თვალწინ იმოდენა თანხა გასცეს ამ ზარდახშიდან, რომ ყუთი ამოურწყავი ეგონათ და იფიქრეს, ალბათ გისკონმა მოიპარა და თავის კარავში გადამალაო. შემაღლებულზე აფოფხდნენ, წინ მათო მიუძღოდათ, გაყვიროდნენ: „ფული! ფული!“ გისკონმა უპასუხა: თქვენმა წინამძღოლმა მოგცეთ!

   იგი ბრბოს პირისპირ იდგა და შესცქეროდა უსიტყვოდ თავისი დიდი, ყვითელი თვალებით. გრძელი სახე თეთრ წვერზე უფრო გაფითრებოდა. ოქროს ბრტყელ საყურეში ისარი გარჭობოდა, ფრთამდე გასულიყო და სისხლი დასდიოდა ყურიდან, ტიარიდან მხარზე ეწვეთებოდა.

   მათომ ნიშანი მისცა და ბარბაროსები შემაღლებულზე აცვივდნენ. გისკონმა ხელები გაასავსავა, სპენდიუსმა მოქნილი ღვედით გაუკრა მაჯები, ვიღაცამ წააქცია და სარდალი გაქრა აქოთქოთებულ ბრბოში, ტომრების გროვაზე რომ ბობოქრობდა.

   სუფეტის კარავი იავარაყვეს, აუცილებელი ნივთების გარდა ვერაფერი ნახეს შიგ. ბევრი ძებნის შემდეგ ტანიტის სამი გამოსახულება და მთვარიდან ჩამოვარდნილი შავი ქვა იპოვეს, მაიმუნის ტყავში გამოხვეული. გისკონს მრავალი კართაგენელი წამოჰყოლოდა თავისი ნებით, ყველანი წარჩინებულთა წოდებას ეკუთვნოდნენ და ომის პარტიის მომხრენი იყვნენ.

   ბარბაროსებმა კარვებს იქით გაიყვანეს ისინი და სანაგვე ორმოებში ჩაყარეს. რკინის ჯაჭვებით მუცლებით მიაბეს მსხვილ-მსხვილ პალოებზე და საჭმელს შუბის წვერით აწვდიდნენ.

   ოტარიდი სდარაჯობდა მათ და გამუდმებით აგინებდა, ტყვეებს მისი ენა არ ესმოდათ და პასუხად ხმას არ იღებდნენ. გაშმაგებული გალი დროდადრო ქვებს ესროდა თავპირში, რათა აეყვირებინა ისინი.

   მეორე დილიდან უცნაურმა მოუთმენლობამ მოიცვა ლაშქარი. რაკი სიშმაგით გული მოიჯერეს, შეშფოთებამ შეიპყრო ახალი ჯარი. მათო გაურკვეველი მწუხარებით იტანჯებოდა. ეჩვენებოდა, თითქოს რაღაცნაირად სალამბოც შეურაცხყო. ეს მდიდარნი როგორღაც დაკავშირებულნი იყვნენ მასთან. ღამის სიბნელეში ორმოს პირას ჩამოჯდებოდა ლიბიელთა ბელადი და ტყვეთა კვნესა აგონებდა იმ ხმას, რომლითაც ავსებოდა გული.

   ყველა ლიბიელს სდებდა ბრალს, რადგან მხოლოდ ამათ მიიღეს ჯამაგირი. მაგრამ ეროვნული შუღლისა და პირადული მძულვარების გაღვივებასთან ერთად გრძნობდნენ, რომ სახიფათო იყო ურთიერთშორის კინკლაობა. ასეთ დანაშაულს საშინელი სასჯელი უნდა მოჰყოლოდა და ცდილობდნენ როგორმე განრიდებოდნენ კართაგენელთა შურისძიებას. იდუმალი ბჭობა და გულის გამაწყალებელი თათბირები არა წყდებოდა. ყველა თავისას გაიძახოდა, სხვას არავინ უსმენდა და სპენდიუსი, ჩვეულებრივ რომ დაუსრულებლივ ყბედობდა, ახლა ყოველ წინადადებაზე თავს აქნევდა მხოლოდ.

   ერთ საღამოს სხვათა შორის ჰკითხა მათოს, ქალაქში სადმე წყარო ხომ არ ამოდისო არა! - მიუგო მათომ. მეორე დღეს ტბის ციცაბო ნაპირთან მიიყვანა. პატრონო! - უთხრა, - თუ გული გერჩის, ქალაქში შეგიყვან. როგორ ? - შეყვირა სუნთქვაშეგუბებულმა ლიბიელმა. დაიფიცე, რომ ჩემს ყოველ სიტყვას დაიჯერებ და ჩრდილივით ამედევნები!

   მათომ ქაბარის ცთომილისაკენ აღმართა მარჯვენა და შესძახა: ტანიტის მადლმა! როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი!

   სპენდიუსმა განაგრძო: ხვალ, მზის ჩასვლის შემდეგ, დამიცადე აკვედუკის ძირას, მეცხრე და მეათე ბურჯს შუა, თან რკინის ძალაყინი წამოიძღვანე, უფრთო მუზარადი და ტყავის სანდლები.

   აკვედუკი, რომლის შესახებაც ეუბნებოდა სპენდიუსი, ირიბად ჭრიდა ნახევარკუნძულის ყელს. ეს შესანიშნავი ნაგებობა შემდეგში რომაელებმა შეაკეთეს და გააგრძელეს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხალხები სძულდათ, კართაგენელებმა უგერგილოდ გადმოიღეს რომაელებისაგან ეს ახალი გამოგონება, ისევე როგორც რომაელებმა მათგან ისესხეს განთქმული პუნიკური გალერების ფორმა; ხუთი ერთმანეთზე განლაგებული სართული სვეტებისა, რომელთაც ქვემოდან სქელი ბურჯები, ხოლო თავზე ლომების გამოსახულება ედგა, აკროპოლის დასავლეთ კიდეს სწვდებოდა, ქალაქში შედიოდა, კარგა მოზრდილი მდინარის ოდენი ნაკადი შეჰყავდა და მეგარის წყალსატევებს ავსებდა.

   დათქმულ დროს სპენდიუსი შეხვდა მათოს, ბარჯის მსგავს ჯოხს თოკი გამოაბა, შურდულივით დაატრიალა და ბურჯს სტყორცნა, რკინის კავი კედელს გამოედო და ისინი ერთიმეორის მიყოლებით აცოცდნენ ზევით.

   პირველ სართულზე რომ ავიდნენ, ახლა მეორეს სტყორცნეს ბარჯი. რამდენჯერმე უკანვე ჩამოვარდა კაუჭი, ფეხი რომ მოეკიდებინათ, ლავგარდანის ძგიდეზე უხდებოდათ სიარული.

   მაღლა და მაღლა, ზედა სართულებზე, ვიწროვდებოდა ლავგარდანი, თოკიც მოფამფალდა და რამდენჯერმე კინაღამ გაწყდა.

   ბოლოს უმაღლეს ბაქანზე ავიდნენ სპენდიუსი დროდადრო იხრებოდა და ქვებში ხელებს აფათურებდა. აი აქ, დავაწყოთ! - თქვა მან. მათოს წამოღებული ძალაყინით ერთი ფილა ამოაბრუნეს და ხვრელი გააკეთეს.

   შორს მხედართა რაზმი გამოჩნდა. უავშარო ცხენებს მოაჭენებდნენ. ოქროს სამაჯურები კრთოდნენ მოსასხამების ფართო ნაკეცებში. წინ სირაქლემას ფრთებით თავშემკული მხედარი მოაგელვებდა მერანს, ორივე ხელში სათხედები ეჭირა. ნარჰავასი! - შეჰყვირა მათომ.

   მერე რა! - მიუგო სპენდიუსმა და ჩახტა ხვრელში, ფილის ამოღებით რომ შეიქმნა. მისი ბრძანებით მათომ სცადა შეეძრა უზარმაზარი ლოდი, მაგრამ ადგილი არ ეყო და მკლავები ვეღარ გამართა.

   არაფერია, დავბრუნდებით, - თქვა სპენდიუსმა, - წადი წინ. და ისინი ალალბედზე გაჰყვნენ წყლის ნაკადს.

   ჯერ მუცლამდე სწვდებოდათ წყალი. მალე ატივტივდნენ და ცურვით გაუყვნენ, ხელ-ფეხი ეკაწრებოდათ ძალზე ვიწრო ღარის შიდა კედლებზე. წყალი თითქმის ჭერს ესხმებოდა და თავებს უხათქუნებდნენ ქვის ფილებს. შემდეგ მდინარებამ ჩაითრია მოცურავენი. აკლდამაში არ იქნებოდა ამაზე უფრო მძიმე ჰაერი და სული შეუგუბათ. თავი ხელებით დაეფარათ, მუხლები, ერთმანეთზე გადაეჭდოთ, როგორც შეეძლოთ, გაძაგრულიყვნენ და სულშეხუთულნი, ცოცხალ-მკვდარნი, ახრიალებულნი მიქროდნენ სიბნელეში ისრებივით. უეცრად ყველაფერი წყვდიადმა შთანთქა, დინების სისწრაფე გაორკეცდა. ისინი სადღაც გადავარდნენ.

   როცა ზედაპირზე ამოიყურყუმელავეს, რამდენსამე წუთს ზურგით იწვნენ წყალზე და ნეტარებით ყლაპავდნენ ჰაერს. წყალგამყოფ კედლებს შორის ერთიმეორის მიყოლებით მოჩანდა სვეტები. ყველა აუზი პირთამდე იყო სავსე და წყალი ზემოდან გადადიოდა ცისტერნებზე. ჭერის თაღებიდან მკრთალი სინათლე იჭვირებოდა სასულეებში და ნათელი დისკოებივით ეფინა ზედაპირზე. ირგვლივ, ბჭეებთან სქელი წყვდიადი ჩამოწოლილიყო და ამის გამო უსაზმნო შორეთი ეგონებოდა კაცს კედლებამდე. სულ მცირე ჩქამს უზარმაზარი ექო მოსდევდა.

   სპენდიუსმა და მათომ მხარული გაკრეს და რამდენიმე აუზი გადაცურეს თაღებს შუა. აქეთ-იქით უფრო მცირე წყალსატევების ორი გასწვრივი რიგი ჩაუყვებოდა უმთავრეს აუზს. მათ გზა-კვალი დაებნათ, წაღმა-უკუღმა აწყდებოდნენ, ძველ ალაგს უბრუნდებოდნენ; ბოლოს ფსკერი იგრძნეს ფეხქვეშ - ეს წყალსაცავებს შორის გაჭიმული დერეფნის მოკირწყლული იატაკი იყო.

   დიდი სიფრთხილით მიიწევდნენ წინ, კედელ-კედელ მიდიოდნენ ხელის ფათურით, რომ როგორმე გასასვლელი ეპოვათ. ფეხი უსრიალებდათ გალიპულ ლოდებზე, ღურღუმელებში ვარდებოდნენ. ამოფორთხდებოდნენ და ისევ დაუცდებოდათ ფეხი. ისეთ საშინელ დაღლილობას გრძნობდნენ, თითქოს კუნთები წყალში გასდნობოდათ. თვალები ეხუჭებოდათ. სიკვდილს მიახლებოდნენ.

   სპენდიუსმა ცხაურის ძელაკს მოახვედრა ხელი. დაეჯაჯგურნენ. მოაჯირი დაჰყვათ და მათ კიბის საფეხურებზე ამოყვეს თავი. კიბის თავში ბრინჯაოს კარი იყო. ხანჯლის წვერით გადასწიეს გარედან დადებული ურდული და უეცრად სუფთა ჰაერზე აღმოჩნდნენ.

   მშვიდი ღამე ჩამომდგარიყო. ზეცა უსაზღვროდ მაღალი იყო. ხეთა ვარჯები გადმოჰფენოდა გალავნის გრძელ ზოლს. მთელ ქალაქს ეძინა. მეწინავე საგუშაგოთა კოცონები ცთომილებივით ციმციმებდნენ შორეთში.

   სპენდიუსს სამი წელიწადი დილეგში ჰქონდა გატარებული და ამიტომ კარგად არ იცნობდა ქალაქის ქუჩაბანდებს. მათო ფიქრობდა, რომ ჰამილკარის სასახლესთან მისასვლელად მარცხნივ უნდა გაეხვიათ და მაპალები გადაეჭრათ.

   არა, - უთხრა სპენდიუსმა, - ტანიტის ტაძრისკენ გამიძეღ. მათოს რაღაც უნდოდა ეთქვა. გაიხსენე! - შეაჩერა მონაყოფილმა, ხელი გაიშვირა და ცაზე მოკიაფე ქაბარი დაანახა.

   მაშინ მათომ ხმის ამოუღებლად გაუხვია აკროპოლისაკენ. ბილიკების გაყოლებით გაბადრულ მოცხარის ბუჩქებში მიხოხავდნენ. ტანიდან წყალი ჩამოსდიოდათ და მტვერს ეწვეთებოდა. უჩუმრად მიაბიჯებდნენ სველი სანდლებით. სპენდიუსი ჩირაღდნებივით აბრიალებდა თვალებს და ჯაგნარში დაფათურობდა, მათოს უკან მიალაჯებდა და ხელებით დაებღუჯა იღლიებქვეშ ტყავის სალტეებით ჩამოკიდებული ორი ხანჯალი.

ნახვა: 346

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters