*პირველი ნაწილი*

4

       აი, რა მოხდა იმ ღამეს ფორსის საპატიმროში: გასაპარავად შეთანხმებულიყვნენ ბაბეტი, ბრუჟონი, გელმერი და ტენარდიე, თუმცა ტენარდიე ცალკე იყო დამწყვდეული. ბაბეტი უკვე გაპარულიყო, იმ ღამესვე, როგორც გავროშს უამბო მონპარნასმა. დანარჩენ სამს მონპარნასი უნდა დახმარებოდა გარედან. ბრუჟონი ერთი თვის განმავლობაში ცალკე ოთახში იყო დამწყვდეული და საკმაო დრო ჰქონდა, რომ ჯერ ერთი მაგარი თოკი შეეკრა, მეორეც - კარგად შეედგინა საპატიმროდან გაპარვის გეგმა. უწინ ეს ცალკე ოთახი, რომელშიაც საპატიმროს დისციპლინა მარტოდმარტო სტოვებს დამნაშავეს, წარმოადგენდა ოთხ ქვიტკირის კედელს, ქვის ჭერით, ფილაქანის იატაკით, სამგზავრო საწოლით, რკინის მოაჯირიანი სარკმლით, რკინით შეჭედილი კარით და სახელად ტუსაღის საკანი ეწოდებოდა; მაგრამ მეტად სასტიკად იქმნა ცნობილი ეს საკანი, და დღეს კაცის ცალკე დასამწყვდევად ოთახი წარმოადგენს რკინის კარს, მოაჯირიან სარკმელს, სამგზავრო საწოლს, ფილაქანის იატაკს, ოთხ ქვიტკირის კედელს და სახელად სასჯელი საკანი ეწოდება. პატარა სინათლე შედის შუადღისას ამ სენაკში. იმით იყო უვარგისი ეს სენაკებიც, რომელნიც, როგორც დავინახეთ, ტუსაღის საკანი აღარ იყო, რომ იქ დამწყვდეული თავის ფიქრებში უნდა ყოფილიყო გართული, იმის მაგივრად, რომ სასარგებლო რამ გაეკეთებინა. მთელი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაიაზრა ბრუჟონმა და სენაკიდან რომ გამოვიდა, თან კარგი გრძელი თოკი გამოიტანა. რადგან მას ძალიან საშიშარ პატიმრად სთვლიდნენ იმ ნაწილისთვის, რომელსაც „კარლოს დიდის ეზო“ ეწოდებოდა, ის გადაიყვანეს, „ახალ შენობაში“. როგორ კი გადავიდა „ახალ შენობაში“, ბრუჟონი გელმერს შეხვდა, ეს ერთი: მეორე კიდევ - ერთი ლურსმანი იშოვა. გელმერი - ეს დანაშაული იყო და ლურსმანი - თავისუფლება. ბრუჟონი, დრო არის კარგად გავაცნოთ იგი მკითხველს, შეხედულებით სუსტი აგებულებისა იყო და განზრახ ნელი და ზლაზნია. მხიარული ყმაწვილი ჩანდა, ზრდილი, განვითარებული არამზადა. თვალით გიალერსებდათ, ღიმილით ყელსა გჭრიდათ; თვალი იმის ნებას ემორჩილებოდა და ღიმილი - იმის ბუნებას. ქურდობაში ოსტატობის მისაღწევად ბანებზე დაიწყო ვარჯიში - თუნუქის ფურცლებს იპარავდა და აგრეთვე ტყვიას აცლიდა წყალსადენ მილებს. ამ მხრივ ძალიან დახელოვნდა და მერე სხვას მიჰყო ხელი. ერთი გარემოება ძალიან ხელს უწყობდა ტუსაღების განზრახვას: საპატიმროს ძველი ბანი წამხდარიყო და ამ დროს შენობის შეკეთებისა და დამტვრეული ქვადაფის შეცვლის მიზნით მუშაობა სწარმოებდა. საპატიმროს ეგრეთ წოდებული სენ-ბერნარის ეზო ძველებურად განცალკევებული აღარ იყო კარლოს დიდის და სენ-ლუის ეზოებიდან. ამ სამივე შენობის ეზოებს შორის ხარაჩოები და ფიცრის ხიდები გაედოთ, ესე იგი, ხიდები და კიბეები თავისუფლებისაკენ. „ახალი შენობა“ ერქვა საპატიმროს იმ ნაწილს, რომელიც სულ დამსკდარი ხელახლა იყო შესაკეთებელი. ეს გახლდათ საპატიმროს ყველაზე სუსტი მხარე. ისე ჩაეჭამა გვარჯილას შენობა, რომ იძულებულნი გამხდარიყვნენ ფიცარი აეფარებინათ ჭერისთვის და კედლებისთვის, რადგან აგური და კირი ცვიოდა ძირს მძინარე პატიმრების საწოლებზე. ამისდა მიუხედავად, რაღაც გაუგებრობის შედეგად, სწორედ ამ „ახალ შენობაში“ ამწყვდევდნენ საშიშ ტუსაღებს, რომელთაც „განსაკუთრებული მძიმე დანაშაული“ მიუძღოდათ, საპატიმროში მიღებული ენით რომ ვთქვათ. „ახალ შენობას“ ოთხი საწოლი ჰქონდა ერთიმეორის ზემოდან და სულ ზევით კიდევ ბანფარდული, რომელსაც „წმინდა ჰაერს“ ეძახდნენ. ერთი უზარმაზარი საკომური, ალბათ უწინდელი მებატონის, - დე-ლა-ფორსის სამზარეულოს ნაშთი, ადიოდა პირველი სართულიდან, სჭრიდა ოთხივე სართულს და ისე აპობდა ორად ოთხივე საწოლ დარბაზს, თითქოს მაღალი კოშკისთვის ყოფილიყო მიდგმული ეს ოთახები. ერთ ოთახში იყვნენ გელმერი და ბრუჟონი; სიფრთხილისა გამო „წმინდა ჰაერის“ ქვემო სართულში შემთხვევით ერთად ედგათ ორივეს საწოლები და თავით იმ საკომურს ეხებოდნენ. ზემოთ კიდევ, ამათსავით საკომურთან, ტენარდიე ბრძანდებოდა ეგრეთწოდებულ „წმინდა ჰაერში“. გზად მიმავალი რომ გაჩერდეს ვინმე კულტურ-სენტ-კატერინის ქუჩაში, მეხანძრეთა სადგომის ახლოს, აბანოების ალაყაფის კართან, დიდ ეზოს დაინახავს, სავსეს კასრებში ნახარები ყვავილებით და ბუჩქებით. და ამ ბუჩქების უკან პატარა თეთრ როტონდას, ორი ფრთედით და მწვანე დარაბებით, თითქოს ჟან-ჟაკ რუსოს ბუკოლიკური ოცნებააო. ათ წელიწადზე მეტი არც კი იქნება იმის შემდეგ, რაც ეს როტონდა ერთ შავ, უშველებელ, საშინელ კედელს ეკრა, რომელიც ოთხი-ხუთი სართულის სიმაღლეზე ამართულიყო. ამ კედელზე დადიოდნენ ლა ფორსის საპატიმროს დარაჯები. ეს კედელი იმ როტონდის უკან მოგაგონებდათ ბერკინის უკან მდგომ მილტონს. ამ მაღალ კედელს თავს დასცქეროდა ერთი იმაზე მაღალი ბანი, მის გვერდით, იმასავით ჩაშავებული. ეს იყო ბანი - „ახალი შენობისა“, ოთხი რკინისმოაჯირიანი სარკმლით, „წმინდა ჰაერიდან“. ბანში ის დიდი საკომური გადიოდა, ოთხ საწოლ ოთახს რომ ამშვენებდა. სამ თებერვალს დაიჭირეს ტენარდიე და მას შემდეგ „წმინდა ჰაერის“ ერთ-ერთ საიდუმლო საკანში იჯდა დამწყვდეული. ვერა და ვერ გამოიკვლიეს შემდეგში როგორ, ან ვისი დახმარებით მოახერხა, რომ იშოვა და დამალული ჰქონდა ერთი ბოთლი იმ ღვინისა, რომელიც დერუს გამოგონილი უნდა ყოფილიყო, როგორც ამბობდნენ; ამ ღვინოს რაღაც წამალი ერია, ადამიანის გამაბრუებელი, და სახელგანთქმული იყო „დამაძინებელთა“ ბრბოს მიერ. ბევრ საპატიმროში მოიპოვება მოღალატე მოსამსახურე, დარაჯი თუ ქურდი, რომელიც ეხმარება ტუსაღებს, შველის გაპარვაში; მაგრამ, თუ შეაძლიეს რამე, პოლიციასაც აძლევს ბოროტმოქმედის მისამართს, და ერთი მზარეულისა არ იყოს, ბატონსაც ემსახურება და არც თავის ჯიბეს აკლებს. სწორედ იმ ღამეს გაიპარნენ ბრუჟონი და გელმერი, როდესაც გავროშმა თავშესაფარი მიუჩინა ორ უპატრონო ბავშვს. ბაბეტი რომ იმ დილას გაიპარა, იცოდნენ ბრუჟონმა და გელმერმა, და ისიც კარგად იცოდნენ, რომ ქუჩაში დაელოდებოდა იმათ ბაბეტი და აგრეთვე მონპარნასი. ისინი წამოდგნენ ჩუმად ღამე, მისდგნენ საკომურის კედელს და დაუწყეს ხვრეტა, იარაღად ლურსმანი ჰქონდათ, ბრუჟონს რომ ეპოვა სადღაც. თავით საკვამურისკენ იწვნენ და ესეც უადვილებდა საქმეს. კედლის ნამტვრევი ბრუჟონის ლოგინზე ცვიოდა და ამიტომ ხმაურს არ იწვევდა. გაზაფხულის წვიმას ჭექა-ქუხილი თან ახლდა, ქარი აჭრიალებდა დაჟანგულ კოჭაკში ჩასმულ კარებს და საშინელი ხმაური შეჰქონდა საპატიმროში. ეს ხმაურიც აადვილებდა გაპარვის საქმეს. გამოეღვიძებოდათ ხოლმე ტუსაღებს, მიხვდებოდნენ ბრუჟონის და გელმერის განზრახვას, მაშინვე დაწვებოდნენ და თავზე წაიხურავდნენ საბანს, ვითომ არა ვიცით რაო. ხელმარჯვე იყო ბრუჟონი, გელმერი - ღონიერი. და ისე გამოანგრიეს საკვამურში შესაძრომი, რომ ვერაფერი გაიგო დარაჯმა, თუმცა ამ ოთახის კედელთან იწვა თავის რკინის გალიაში და ყოველთვის შეეძლო ტუსაღების დათვალიერება, პატარა სარკმელში რომ ჩამოეხედა. ავაზაკები შეძვრნენ საკვამურში, აძვრნენ მის კედელზე, გატეხეს რკინის ცხაური, საკვამურს რომ ეფარა ზემოდან და ბანზე გავიდნენ. წვიმამ უფრო იმატა. ქარი გრიალებდა, ფეხი უსხლტებოდათ სახურავზე.  - კარგი ღამე დაგვიდგა გასაფრენად! - წარმოთქვა ქურდული ენით ბრუჟონმა. ბანზე იყვნენ ქურდები, მაგრამ ბანიდან სადარაჯო კედლამდე უფსკრული იყო ორ მეტრამდე სიგანისა და ოცდაექვსი მეტრის სიღრმისა. ამ უფსკრულის ძირში ცხადად ჩანდა გუშაგის ელვარე ხიშტი. ბრუჟონის თოკი მაგრა მიაბეს საკვამურის ცხაურის სამაგრ რკინას, მერე მთელი თოკი სადარაჯო კედლის ზემოდან გადაისროლეს და თვითონაც ამ კედელზე გადახტნენ, იქიდან პატარა სახლის ბანზე დაეშვნენ, რომელიც აბანოების შენობას მიჰკვროდა, იმავე თოკის ბოლოთი აბანოების ეზოში ჩახტნენ, ჯერ ერთი, მერე მეორე, დასწიეს თოკი, ჩამოიწყვიტეს კარგა დიდი ნაწილი, გაიარეს ეზო, შეაღეს მეკარის სარკმელი, რომლის გვერდზე კარების გასაღებად გამოსაწევი ბაწარი ეკიდა, გამოსწიეს ეს ბაწარი და ქუჩაში გავიდნენ. ერთი საათიც არ გასულა იმის შემდეგ, რაც ისინი ლოგინიდან წამოდგნენ ბნელში, ერთი ლურსმნით ხელში და კარგად მოაზრებული გეგმით თავში. რამდენიმე წუთის შემდეგ შეუერთდნენ ბაბეტსა და მონპარნასს, რომლებიც იქვე ახლოს დაყიალებდნენ. ჩამოსვლისას თოკი გაუწყდათ და ნაწილი ბანზე დარჩა, საკომურზე მიბმული, თვით არა დაუშავებიათ რა, გარდა იმისა, რომ ტყავი ჰქონდათ გადამძვრალი ხელებზე.  ტენარდიეს წინათვე გააგებინეს, - ვინ იცის, როგორ და ვისი დახმარებით, - ამაღამ გაპარვას ვაპირებთო, - და არ ეძინა. პირველი საათი იქნებოდა ღამისა, ძალიან ბნელოდა. წვიმდა, ქუხდა. ტენარდიემ დაინახა თავისი სარკმლიდან, რომ ბანზე იმის სარკმელს გაუარა რაღაც ლანდმა, მერე მეორემ. ერთი შეჩერდა წუთით, რომ ტენარდიესკენ გაეხედა. ეს ბრუჟონი იყო. ტენარდიემ იცნო და მიხვდა. ეს საკმარისი იყო. ტენარდიე, რომელიც ღამე შეეპყროთ იარაღით ხელში, ბოროტმოქმედების ჩადენის დროს, საშიშ ავაზაკად მიაჩნდათ და თვალს არ აშორებდნენ. იმის გალიასთან მუდამ მიდი-მოდიოდა თოფიანი გუშაგი. ყოველ ორ საათში სცვლიდნენ ამ გუშაგს. „წმინდა ჰაერს“ ანათებდნენ. ტუსაღს ბორკილი ჰქონდა ფეხებზე ოცდახუთი კილოგრამის სიმძიმისა. დაჰკრავდა ნაშუადღევის ოთხი საათი და ერთი ზედამხედველი შევიდოდა ტენარდიესთან, თან ორი ძაღლი ახლდა, - ჯერ ისევ ასე იქცეოდნენ იმ დროს: შევიდოდა გალიაში, დაულაგებდა ლოგინთან ერთ კილო შავ პურს, ერთ ტოლჩა წყალს და ჯამით წვენს, რომელშიაც აქა-იქ მოჩანდა რამდენიმე მარცვალი სისირი. გაუსინჯავდა ბორკილს, დაუკაკუნებდა მოაჯირს. ეს კაცი თავისი ძაღლებით ორჯერ კიდევ ეწვეოდა ღამე. ტენარდიესთვის ნება მიეცათ, თავის გალიაში ჰქონოდა რკინის ჭანჭიკი, - ამ ჭანჭიკით ვამაგრებ გამსკდარ კედელში პურს, რომ თაგვებმა არ შემიჭამონო, და რადგან ძალიან სდარაჯობდნენ, საშიში ვერაფერი დაინახეს ამ ჭანჭიკში. შემდეგში კი მოაგონდათ ერთი დარაჯის იმ დროს ნათქვამი, - თუ ჭანჭიკი ეჭირვება, ისევ ხისა მივცეთ და არა რკინისაო. ღამის ორ საათზე გუშაგი გამოცვალეს, ძველი, გამოცდილი ჯარისკაცის მაგივრად ყმაწვილი ბიჭი დააყენეს, ახალწვეული, ცოტა ხანს უკან ზედამხედველი მივიდა, ძაღლებით რომ დადიოდა, და მაშინვე წავიდა, ვინაიდან საეჭვო ვერა შენიშნა რა, გარდა იმისა, რომ მეტად ახალგაზრდად და გაუთლელ სოფლელად ეჩვენა ახალი გუშაგი. ეს მან შემდგომ განაცხადა, დაკითხვის დროს. ორი საათის შემდეგ, ოთხ საათზე რომ მივიდნენ ამ ახალწვეული გუშაგის შესაცვლელად, საწყალი ბიჭი ძირს ეგდო გაშხლართული, ტენარდიეს გალიასთან, ღრმად მიძინებული. რაც შეეხება ტენარდიეს, ის იქ აღარ იყო. იქვე ეყარა მისი დამტვრეული ბორკილები. გალიის ჭერი გახვრეტილი იყო ისევე, როგორც ბანი. საწოლ ტახტს ერთი ფიცარი აკლდა; ალბათ აგლიჯა ტენარდიემ და თან წაიღო, რადგან მერეც ვეღარსად იპოვეს. გალიაში ნახევარი ბოთლი ძილისმომგვრელი ღვინო აღმოჩნდა. ნახევარი ბოთლი უთუოდ დარაჯს დაალევინა ტუსაღმა. დარაჯის თოფის ხიშტიც გამქრალიყო. იმ დროს, როდესაც ყოველივე ეს აღმოაჩინეს, ეგონათ, ტენარდიე უკვე სამშვიდობოს იქნებაო. სინამდვილეში კი, მართალია, იგი „ახალ შენობაში“ აღარ იყო, მაგრამ ჯერ შორს არ წასულიყო აქედან, და ისევ განსაცდელს მოელოდა. „ახალი შენობის“ ბანზე რომ ავიდა, ბრუჟონის მიერ მიბმული თოკი ნახა, მაგრამ გაწყვეტილი თოკისა მხოლოდ მოკლე ნაჭერიღა დარჩენილიყო. იმას არ შეეძლო თოკი სადარაჯო კედლის ზემოდან ჩაეშვა ძირს, როგორც ეს ბრუჟონმა და გელმერმა მოახერხეს. ბალეს ქუჩიდან რუა-დე-სისილის ქუჩისაკენ რომ ჩაუხვევს კაცი, თითქმის მაშინვე დაინახავს მარჯვნივ ერთ საზიზღარ ჩაღრმავებულ ეზოს. წარსულ საუკუნეში ამ ეზოში ერთი სახლი იდგა, რომლისაგანაც დღეს ერთი უკანა კედელიღა დარჩენილა, ნამდვილი ნაშთი ნანგრევისა, იმდენად მაღალი, რომ მეზობელი შენობების მესამე სართულის სიმაღლე ჰქონდა. კედელს ორი ოთხკუთხედი ფანჯარა შერჩენოდა. ამ ფანჯრებიდან ოდესღაც ჩანდა ფორსის საპატიმროს მაღალი, შავი სადარაჯო კედელი. დანგრეული სახლის ეზო ქუჩის მხრივ შემოღობილი იყო დამპალი ფიცრულით, რომელსაც ჯერ კიდევ იმაგრებდა ხუთი ბოძკინტი ქვისა. ეზოში პატარა სახლი იდგა, ნგრევას გადარჩენილი კედლის ძირას. შემოღობილი იყო ეზო, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ კარს უბრალო რაზა ედო მხოლოდ. ღამის მეოთხე საათი იყო ამ მაღალ კედელზე რომ გადაძვრა ტენარდიე.  როგორ მოახერხა კედელზე გადაძრომა? ეს ვერასოდეს ვერ გაიგო ვინმემ. ელვა-ჭექა შველოდა კიდევაც და ხელსაც უშლიდა ერთსა და იმავე დროს. ვინ იცის, ბანის შესაკეთებლად გაკეთებულ ხარაჩოებით ისარგებლა, ბანიდან ბანზე გადავიდა, ზღუდიდან ზღუდეზე, „კარლოს დიდის ეზოს“ შენობიდან „სენ-ლუის შენობაზე“, სადარაჯო კედელზე და იქედან რუა-დე სისილის დანგრეული სახლის მაღალ კედელზე? მაგრამ ამ გზას იმოდენა გარდაუვალი უფსკრული ახლდა თან, რომ შეუძლებლად ხდიდა სარგებლობას. იქნებ იმ ფიცრით ისარგებლა, თავის ტახტს რომ ააგლიჯა და „წმინდა ჰაერიდან“ ხიდად გაიდო სადარაჯო კედელზე გადასასვლელად, მერე პირქვე დაწვა ამ კედელზე და ხოხვით გაიარა დიდი მანძილი ნანგრევის კედლამდე, მაგრამ ფორსის სადარაჯო კედელი სწორ ხაზს არ წარმოადგენდა; ზოგან ზევით იწევდა, ზოგან ქვევით, დაბალი იყო მეხანძრეების სადგომთან, მაღალი აბანოებთან, ზოგან ჩაჭრილი; ლამუანონის სასახლესთან სხვა სიმაღლისა იყო და პავეს ქუჩაზე სხვა სიმაღლისა: გარდა ამისა, როგორ შეიძლებოდა, არ დაენახათ დარაჯებს, რომ რაღაც შავი მიცოცავდა კედელზე? ამ გზითაც შეუძლებელი გვეჩვენება ტენარდიეს გაპარვა. იმ გზას მიჰყვა თუ ამას, ორივე შემთხვევაში ჩვენთვის ეს მიუწვდომელია. მაგრამ აღგზნებული უნდა ყოფილიყო, თავისუფლების მოპოვების უშრეტი სურვილით, იმ აღგზნებით, რომელიც მდინარეს პატარა რუდ გადააქცევს, რკინის მოაჯირს ლელის წნულად, ხეიბარს ბუმბერაზად, კუტს ფრინველად, სისულელეს ალღოდ, ალღოს გონებად, გონებას გენიოსობად. იქნება მართლა ტენარდიემ შესძლო და სხვა, მესამე გზა აირჩია? ეს მის საიდუმლოებად დარჩა.

       მრავალ გასაკვირველს წარმოადგენს ტუსაღის გაპარვა და ხშირად შეუძლებელია მისი წარმოდგენა. გამქცევი კაცი, ვიმეორებთ, ზეშთაგონებულია, ვარსკვლავიცა აქვს და სინათლეც ბნელი გზის გასარკვევად. თავისუფლებისადმი მისწრაფება იმდენადვე არის ძლიერი, რამდენადაც ძლიერია უდიადესი აღტაცება. და გაკვირვებულნი იძახიან, ქურდის გაპარვას რომ გაიგონებენ, - იმ სიმაღლე კედელზე როგორ აძვრებოდაო? - სწორედ ისევე, როგორც კორნელის შესახებ ამბობენ, - სად ნახა სიტყვა, „დაე მოკვდესო“. ასე იყო, თუ ისე, ტენარდიე ნანგრევის კედელზე იყო. ოფლი სდიოდა. წვიმა ასველებდა. ტანისამოსი შემოხეოდა, ხელებზე კანი გადაჰყვლეფოდა, იდაყვიდან სისხლი სდიოდა, მუხლები დასისხლიანებოდა და იქამდე მისულიყო, რასაც ბავშვები თავის მხატვრული ენით „მორევს“ ეძახიან; კედლის პირამდე მისული იქ დაწოლილიყო, რადგან მეტი აღარა შეეძლო რა. ოთხი სართულის ციცაბო კედელი ჰქონდა ჩასავლელი, რომ მიწაზე დაედგა ფეხი. თოკი წამოეღო, მაგრამ მეტად მოკლე იყო. იწვა და ელოდა ფერმიხდილი, დაქანცული, სასოწარკვეთილი. ჯერ ისევ ღამე იცავდა, მაგრამ სასომიხდილი გრძნობდა, რომ საცაა გათენდებოდა. შიშის ზარს ჰგვრიდა იმის ფიქრი, რომ მალე დაჰკრავს ოთახს სენ-პოლის საათი, მის გალიაში მოვლენ გუშაგის გამოსაცვლელად, გუშაგი მძინარე დახვდებათ, ჭერი გახვრეტილი და ატყდება განგაში. უიმედოდ ჩასცქეროდა საშინელ სიღრმეს, ფანრების სინათლეს, მოკირწყლულ ქუჩას, სველს და შავბნელს, იმ ქუჩას, რომელიც სანატრელიც გამხდარიყო და შემაძრწუნებელიც, სიკვდილიც და თავისუფლებაც. თან თავისი ამხანაგები აგონდებოდა და თავისთავს ეკითხებოდა, - ნეტა თუ გაიპარნენ? გაიგონეს ჩემი სიტყვა? მომეშველებიან თუ არა? - სმენად იყო გადაქცეული. ერთხელ გაიარა მარტო ჯარისკაცთა პატარა რაზმმა, რაც ხანი ის იმ კედელზე ეგდო. მონრეილის, შარონის, ვენსენის და ბერსის მებოსტნეები თითქმის ყოველთვის სენტ-ანტუანის ქუჩით მიეშურებიან მოედნისკენ. საათმა ოთხი დაჰკრა. აკანკალდა ტენარდიე. საათის რეკას მოჰყვა ის საზარელი ჩოჩქოლი, რომელიც შედეგია ციხეში ტუსაღის გაპარვის აღმოჩენისა. კარების ჯახუნის ხმა ისმოდა, მოაჯირის ჭრიალი, დარაჯების, რაზმელების ღრიალი, ხრინწიანი ხმით ძახილი მეციხოვნეებისა, ეზოდან თოფების კონდახის ცემა მიწაზე; მიდი-მოდიოდა სანათები ხან ზევით, ხან ქვევით, ანთებდა ცხავურით დაჭედილ სარკმელს საპატიმროსას; ზევით „წმინდა ჰაერში“ სანათით ხელში დადიოდნენ დარაჯები. მეხანძრეები დაიბარეს გაპარულის საძებნელად და ტენარდიე კარგად მიხვდა იმათ ჩირაღდნებით გაელვარებულ ლითონის ქუდებს. ამ დროს ტენარდიემ შენიშნა ბასტილიის მხარეს ცაზე რიჟრაჟით ოდნავ განათებული ვიწრო ზოლი. კედელზე ეგდო. სიგანე ამ კედლისა ერთი მეოთხედი იყო მეტრისა. მარჯვნივ და მარცხნივ უფსკრულს დაეღო პირი. განძრევა არ შეეძლო. თავბრუ ესხმოდა. ან კედლიდან გადავარდნა მოელოდა, ან ისევ დაპატიმრება, და ზარის ენასავით ხან უფსკრულის საშინელებას ეცემოდა იმის ფიქრი, ხან დაპატიმრებას. ჩავვარდები - მოვკვდები, არადა, დამიჭერენ!  ასე იმედმიხდილმა უცბად ვიღაც დაინახა ბნელ ქუჩაში, იგი კედლისკენ მოეშურებოდა პავეს ქუჩიდან და სწორედ დანგრეული სახლის ღობესთან გაჩერდა. ამ კაცთან მეორეც მოვიდა, რომელიც იმავე სიფრთხილით მოდიოდა. მერე მესამე და მეოთხე. სხვა აღარავის ელოდნენ, ალბათ, რადგან რაზა ასწიეს, გააღეს კარი, შევიდნენ ეზოში და სწორედ სულგანაბული ტენარდიეს ქვევით გაჩერდნენ. ცხადი იყო, სიფრთხილით შევიდნენ ამ მიყრუებულ ეზოში მოსალაპარაკებლად, რომ არც გამვლელს ვისმე დაენახა, და არც გუშაგს, რომელიც იქვე, რამდენიმე ნაბიჯით მოშორებული იდგა ფორსის კარებში, მაგრამ წვიმას საგუშაგოში შეემწყვდია. კაცების სახეს ვერ ამჩნევდა ტენარდიე, მათ სიტყვებს უსმენდა იმ განწირული ადამიანის უიმედო ყურადღებით, რომელიც უკვე დაღუპულად გრძნობდა თავს. რაღაც იმედის მსგავსი აღეძრა ტენარდიეს, როდესაც დარწმუნდა, რომ ქვემოთ მდგომნი არგოს ენაზე ლაპარაკობდნენ.[3] ჩუმი ხმით, მაგრამ გასაგონად თქვა პირველმა: - რას დავრჭობილვართ, წავიდეთ, აქ ვეღარას გავარიგებთ. მეორემაც კვერი დაუკრა: - ჩვენ კი არა, ჯოჯოხეთის მაშხალაც ვერ გაუძლებს ამ თავსხმას. ახლა პოლიციელებიც გამოირეკებიან. აგერ, ერთი გუშაგი, აქვე, ჩვენს გვერდით აყუდებულა კიდეც; გავიჭედებით და იმითი გათავდება ჩვენი საქმე. პირველმა „ვუდგავართის“ მაგივრად „დავრჭობილვართ;“ თქვა, მეორემ „გავიჭედებითო“. არგოს ეკუთვნის ორივე, პირველი საბაჟოებისას და მეორე ტანპლის უბნისას, - სიხარულის სხივი მოჰფინა ტენარდიეს ამ სიტყვებმა. „დავრჭობილვართში“ მაშინვე ბრუჟონი იცნო, რომელიც სულ საბაჟოებთან დაეხეტებოდა, და „გავიჭედებითში“ - ბაბეტი, რომელიც სხვადასხვა ხელობასთან ერთად ვაჭრობდა კიდეც ტანპლის უბანში. ძველს, დიდებულ საუკუნის არგოს აღარსად ლაპარაკობდნენ ტანპლის გარდა და მარტო ბაბეტი იყო, რომ წმინდად ლაპარაკობდა ამ ენაზე. ეს „გავიჭედებით“ რომ არ გაეგონა ტენარდიეს, ვერც კი იცნობდა ბაბეტს, რადგან ხმა გამოეცვალა. მესამე ჩაერია ბაასში: - ასაჩქარებელი არაფერია, ცოტა მოვიცადოთ. რა იცით, რომ არ ესაჭიროება ჩვენი დახმარება? ეს კი წმინდა ფრანგულით იყო ნათქვამი და მონპარნასი იცნო ტენარდიემ, რომელსაც თავი მოსწონდა, რომ ყველა არგო იცოდა და იმისი საშუალებით რისამე თქმას კი არ კადრულობდა. მეოთხე გაჩუმებული იყო, მაგრამ გაშლილი მხარბეჭები უმტკიცებდა ტენარდიეს, რომ ეს გელმერი უნდა ყოფილიყო. გაჯავრებით უპასუხა ბრუჟონმა, მაგრამ ჩუმი ხმით: - რას უნდა ვუცადოთ, ერთი მითხარი? ან როგორ მოახერხებდა მედუქნე გამოპარვას? ცოდნა იმას არა აქვს და გამოცდილება! რა, თავის პერანგს დახევდა და ლოგინის ზეწარს, რომ თოკი დაეგრიხა? კედელს გახვრეტდა? ყალბი ქაღალდების შედგენას, ბორკილის დამტვრევას, თოკის ხმარებას, გარეგნობის შეცვლას და მდევართაგან დამალვას ნიჭი უნდა და გამოცდილება. როგორ მოახერხებდა ამას ბებერი, რომ მუშაობა არა იცის რა? ბაბეტმაც იგივე თქვა იმ კლასიკურ, აზროვან არგოთი, რომელსაც ხმარობდა პულალიე და კარტუში, და ისევე განსხვავდებოდა ბრუჟონის ახალი, გამბედავი, ლამაზი, სახიფათო არგოსაგან, როგორც რასინის ენა - ანდრე შენიეს ენისაგან.

- იქვე გააკავებდნენ შენს მედუქნეს. სადა აქვს ამდენი ეშმაკობა? აქ ოსტატი უნდა იყოს, ის ჯერ შეგირდია. გააბრიყვებდა ვინმე ჯაშუში და ათქმევინებდა თავის განზრახვას. არ გეყურება, მონპარნასო, რა ღრიანცელია ციხეში? ხომ ხედავ, როგორ დაეძებენ თავიანთი მაშხალებით? დაიჭირეს, ძმავ, და ოცი წლის კატორღითაც ძლივს გადარჩება. მე არ მეშინია. მხდალი არა ვარ, ეს ყველამ იცის, მაგრამ სადაც არა სჯობს, წასვლა სჯობს. ჰოდა, წავიდეთ, თორემ ტყუილად დავიღუპებით. ნუ ჯავრობ, მოდი შენც ჩვენთან წამოდი, ერთი პირი გავისველოთ კარგი ძველი ღვინით.

- თუ ამხანაგები ვართ, არც გაჭირვებაში უნდა ვუმტყუნოთ, - წაიბურტყუნა მონპარნასმა.

- მე კი გარწმუნებ, დაჭერილია. დაჭერილია და, მაშასადამე, ჩალის ფასად არა ღირს შენი მედუქნე. ჩვენ იმას ვეღარას ვუშველით, წავიდეთ. ასე მგონია, ხელი მტაცა პოლიციელმა.

მონპარნასს ყოყმანი შეეტყო. ერთგვარი თავგანწირვითი ერთგულება აქვთ ქურდებს და ყაჩაღებს ამხანაგისადმი და ამიტომ იყო, რომ მთელი ღამე ეს ოთხი კაცი დაეხეტებოდა იმ ღამეს ფორსის გარშემო; იმედი ჰქონდათ, რომ ტენარდიეს დაინახავდნენ და მიეშველებოდნენ; მიუხედავად იმისა, რომ ამითი შეიძლებოდა თავიც წაეგოთ. კოკისპირული წვიმა მოდიოდა, ციოდა, ტანისამოსი მთლად სველი ეცვათ, ფეხსაცმელში წყალი შესდიოდათ, თან საპატიმროში ატეხილი განგაში აშინებდათ. დრო გადიოდა. პოლიციელების გამოვლა იყო მოსალოდნელი, იმედი ეკარგებოდათ და შიში ერეოდათ. ამიტომ იყო, რომ წასვლას გაიძახოდნენ სამნი. თვითონ მონპარნასიც, რომელიც თითქმის სიძე იყო ტენარდიესი, ისიც კი ფიქრობდა უკან დახევას. ერთი წუთი კიდევ და წავიდოდნენ კიდეც. ისე ქშინავდა კედელზე ტენარდიე, როგორც „მედუზის“ მგზავრები, რომლებიც ხედავდნენ მშველელი გემის დაღუპვას ჰორიზონტზე. ვერ გაებედა დაძახება, რადგან დაიღუპებოდა, სხვას ვისმე რომ გაეგონა მისი ხმა და ერთმა ფიქრმა გაუელვა უცბად, უკანასკნელმა რაღაც სინათლემ: ამოიღო ჯიბიდან ბრუჟონის თოკის ნაწყვეტი და ძირს ჩააგდო, ამხანაგებისკენ.

ქურდების ფეხთან დაეცა თოკი.

- ოჰო, მახრჩობელა! - წამოიძახა ბაბეტმა.

- ჩემი ხვლანჯი! - შეჰყვირა ბრუჟონმა.

- იქ არის მედუქნე, - დაიძახა მონპარნასმა.

აიხედეს. ოდნავ წინ წამოეწია ტენარდიეს თავი.

- აბა, ჩქარა! - თქვა მონპარნასმა, - თოკი შენა გაქვს, ბრუჟონ?

- ჰო.

- ეგეც ზედ მიაბი, ავისროლოთ, დაიჭერს, კედელს მიაბამს და ჩამოცურდება.

ახლა კი გაბედა ხმის ამოღება ტენარდიემ: - გაფიჩხებული ვარ.

- გაგათბობთ.

- ვეღარ ვიძვრი.

- ჩამოცურდი, აქ ჩვენ დაგიჭერთ.

- ხელს ვეღარ ვანძრევ.

- ეს თოკი გამოაბი კედელს.

- აღარც ეგ შემიძლია.

- ჩვენგანი უნდა ავიდეს ვინმე, - თქვა მონპარნასმა.

- ამ სიმაღლეზე? - იკითხა ბრუჟონმა.

კედელს პატარა ძველი სახლი ეკრა და ამ სახლის საკვამური ასდევდა ბოლომდე, იმ ალაგამდე, სადაც ტენარდიე იწვა. დახეთქილი იყო ეს საკვამური, დასერილი და ძალიან ვიწროც. - მალეც დაინგრა შემდეგში.

- ამ საკვამურით ავძვრეთ, - თქვა მონპარნასმა.

- ამ დანგრეულით? - შეჰყვირა ბაბეტმა, - ამით კაცი ვერ ავა. აქ ბავშვია საჭირო.

- პატარა გვინდა ვინმე, - დაეთანხმა ბრუჟონი.

- მერე ვინ სად ვიპოვოთ ამ ბნელში?

- მომითმინეთ, - უთხრა მონპარნასმა, - ახლავე მოვიყვან.

ფრთხილად გააღო კარი, დარწმუნდა, რომ არავინ იყო ქუჩაში, ჩუმად გავიდა, კარი გაიხურა და სირბილით წავიდა ბასტილიისაკენ.

შვიდი თუ რვა წუთი გავიდა - რვა ათასი საუკუნე ტენარდიესთვის. ხმას არ იღებდნენ ბაბეტი, ბრუჟონი და გელმერი. ხელახლა გაიღო კარი და მონპარნასი შევიდა ეზოში, დაღლილ-დაქანცული. თან გავროში მოსდევდა. ისევ წვიმდა, არავინ ჩანდა ქუჩაში.

შევიდა ეზოში პატარა გავროში, დამშვიდებული სახით შეაცქერდა ავაზაკებს. წყალი ჩამოსდიოდა თავიდან. გელმერმა მიმართა კითხვით: - კაცი ხარ, ბალღო?

მხრები აიჩეჩა გავროშმა და უპასუხა: - ჩემისთანა ბალღი ყოველთვის კაცია, და ემანდ თქვენისთანა კაცები ბალღები არიან.

- ძაან პასუხი მოგცა ბალღმა! - დაიძახა ბაბეტმა.

- დამბალი ჩალისა როდია პარიზელი ბიჭი! - დაუმატა ბრუჟონმა.

- და მაინც რაზე დაგჭირდით? - ჰკითხა გავროშმა.

პასუხი მონპარნასმა გასცა: - ამ საკვამურზე უნდა აძვრე.

- აი, ამ მახრჩობელით, - განუმარტა ბაბეტმა.

- აძვრე და კედელს გამოაბა ეს თოკი, - უთხრა ბრუჟონმა.

- იქ, ზემოდან, - დაუძახა ბაბეტმა.

- აი იმ ფანჯარაში, - მიუთითა ბრუჟონმა.

- მერე? - ჰკითხა გავროშმა.

- მერე აღარაფერი, - აუხსნა გელმერმა.

თვალი გადაავლო გავროშმა კედელს, შიგ დაყოლილ ფანჯარას, თოკს, საკვამურს, მერე ტუჩი აიბზუა და დაცინვით წამოიძახა: - სხვა არაფერი?

- ერთი კაცია კედელზე. იმას გადაარჩენ, - უთხრა მონპარნასმა.

- ჰო, აძვრები? გინდა?

- ვაიმე, ვაიმე! - წამოიძახა წყენით გავროშმა, - მაგას როგორა მკითხავთო, - და წაღები გაიხადა.

ცალი ხელით აიტაცა გელერმა გავროში და პატარა სახლის ბანზე შესვა, რომლის დამპალი ჭერი ამ ბიჭის სიმძიმისაგანაც კი იზნიქებოდა, და მიაწოდა დახვეული თოკი. მივიდა გავროში გამსკდარ საკვამურთან და შიგ შეძვრა. ბიჭი რომ საკვამურში ძვრებოდა, ტენარდიემ იგრძნო სიცოცხლისა და თავისუფლების მოახლოება და თავი გადმოყო კედლიდან. განთიადის პირველმა სხივმა ოდნავ გაანათა მისი ოფლიანი შუბლი, გაყვითლებული ლოყები, ველური წაწვეტებული ცხვირი, ჭაღარა, აწეწილი წვერი, გავროშმა იცნო თავისი მამა.

- ეჰე, ეს მამაჩემი ყოფილა!.. დაე, ვინც უნდა იყოს!

      თოკი კბილებით დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ცოცვას. აძვრა კედელზე, ზედ შეჯდა, როგორც ცხენზე, და მაგრა მოაბა თოკი ფანჯარაში დარჩენილ ჩარჩოს. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ძირს, ქუჩაში იყო ტენარდიე. როგორც კი ფეხი დაადგა მიწას, იგრძნო, რომ გადარჩა განსაცდელს, დაღლაც დაავიწყდა, სიცივეც, კანკალიც; ისე გადაავიწყდა იმოდენა საშინელება, თითქო კვამლი ყოფილიყო და ქარს გაეფანტა. მაშინვე მოიკრიბა თავისი მხეცური ჭკუა-გონება, თავისუფალ კაცად იგრძნო თავი, ავკაცობის მეტი არა ახსოვდა რა და აი, რით მიმართა თავის მხსნელ ამხანაგებს: - ახლა ვინ ვჭამოთ? საჭირო არ უნდა იყოს განმარტება ამ სიტყვების საზიზღარი მნიშვნელობისა, რომელიც ტენარდიემ წარმოთქვა. ამხანაგებსა ჰკითხავდა, ვინ მოვკლათ, ვინ ავიკლოთ, ვინ გავძარცვოთ?

- რაღა დროსია, - უპასუხა ბრუჟონმა. - საჩქაროდ, სამი სიტყვით გავათავოთ და წავიდ-წამოვიდეთ. ერთი კარგი საქმე იყო პლუმეს ქუჩაზე. მიყრუებული უბანია, განცალკევებული სახლი; ერთი ძველი, დამპალი ღობე და მარტო ქალები.

- ჰოდა, რატომ არა?

- შენმა გოგომ, ეპონინმა დაათვალიერა სახლი, - უპასუხა ბაბეტმა. - და ხელცარიელი დაბრუნდა, - ჩვენ იქ ვერაფერს გავარიგებთო.

- კაი თავი აქვს ჩემს გოგოს, - თქვა ტენარდიემ, - მაგრამ მაინც ვნახოთ.

- ჰო, ჰო, - დაემოწმა ბრუჟონი, - ჩვენი თვალითა ვნახოთ.

ლაპარაკობდნენ და აღარც კი ახსოვდათ გავროში, რომელიც ამ ბაასის დროს ღობეზე ჩამომჯდარიყო. ცოტა ხანს იჯდა ასე, ელოდა - ჩემსკენ მოიხედავს მამაჩემიო, - მერე წაღები ჩაიცვა და ჰკითხა: - ჰა, გათავდა? აღარ გესაჭიროებით, კაცებო? ხომ გაირიგეთ თქვენი საქმე! მივდივარ. უნდა მივხედო ჩემს პაწიებს. - და წავიდა.

ფრთხილად გავიდა ქუჩაში ხუთი კაცი.

გავროშმა რომ ბალეს ქუჩაში შეუხვია და მიიმალა, ბაბეტმა ცალკე გაიყვანა ტენარდიე და ჰკითხა: - იცანი ის ბიჭი?

- ვინ ბიჭი?

- პატარა ბიჭი, კედელზე რომ ამოძვრა. თოკი რომ ამოგიტანა.

- ვერა, რა იყო?

- მგონი, შენი შვილი იყო.

- რას ამბობ! - წამოიძახა ტენარდიემ, - შენ ასე გგონია?

5

       1839 წ. აჯანყების დროს 12 მაისს, სენ მარტენის ქუჩაზე ერთ ჩია ბებერ კაცს გაეკეთებინა მკლავზე პატარა სამფეროვანი ნაკუწი, ხელურმით სასმელი დაჰქონდა და ჰყიდდა; ხან ბარიკადთან მივიდოდა, ხან იქიდან მთავრობის ჯართან, და ორთავეს განურჩევლად სთავაზობდა თავის სასმელებს, ხან მთავრობას, ხან ანარქიას. არაფერი იქნება ამაზე უცნაური; ეს არის დამახასიათებელი თვისება საკუთრივ პარიზის ამბოხებისა და სხვაგან, სხვა სახელმწიფოების დედაქალაქში, ამას ვერსად ნახავთ. ამისთვის ორი რამ არის საჭირო; იშვიათი სიდიდე პარიზისა და იმისი მხიარულება. საჭიროა ქალაქი ვოლტერისა და ქალაქი ნაპოლეონისა. ამ აჯანყებაში კი, 1832 წლის 5 ივნისს რომ იარაღი აისხა ხალხმა, რაღაც იგრძნო დიდებულმა ქალაქმა, ალბათ უფრო ძლიერი, ვიდრე თვით იყო. შიში მოერია. ყველგან, საცა კი გაივლიდა ადამიანი, თვით იმ უბანშიც კი, რომლებიც არ იყვნენ „დაინტერესებულნი“, დღე და ღამე დაკეტილი ჰქონდა ყველას კარი, ფანჯარა, ფანჯრის დარაბა. ვაჟკაცი იარაღს ეძებდა, ლაჩარი იმალებოდა. გამვლელი აღარსად იყო, აღარც უზრუნველი და არც საქმეზე მიმავალი. ბევრი ქუჩა იყო ისე დაცარიელებული, როგორც დილის ოთხ საათზე არის ხოლმე. საშინელი ხმები ტრიალებდა. საბედისწერო ამბები ვრცელდებოდა: - ბანკი „იმათ“ ხელში არის: მარტო სენმერის მონასტერში ექვსასი კაცი არის გამაგრებული, საყდარში ჩასაფრებული; ჯარი არ არის საიმედო; არმან კარელი ყოფილა მარშალი კლოზელის სანახავად და იმას უბრძანებია, ჯერ საიმედო რაზმი შეიგულეთო. - ლაფაიეტი ავად არის, მაგრამ მაინც გამოუცხადებია აჯანყებულებისთვის, - თქვენი ვარ და ყველგან მოგყვებით, საცა კი ჩემი ჯალამბარისთვის ადგილი მექნებაო. - დიდი სიფრთხილე გვმართებს; ღამე ქურდებით გაივსება ქუჩები და აიკლებენ, საცა კი განცალკევებულ სახლს ნახავენ ქალაქის მიყრუებულ ქუჩებშიო. აქ ცხადადა ჩანდა პოლიციის წარმოსახვა, ამ მთავრობის ანა რატკლიფისა. ზარბაზნები დაულაგებიათ ობრი-ლე-ბუშეს ქუჩაზეო; შეთანხმებულან ლობო და ბუჟო, და შუაღამისას, ან სულ გვიანი რომ ვთქვათ, გათენებისას, ოთხივ მხრიდან შემოესევა აჯანყებულთა ცენტრის ჯარი, - პირველი ბასტილიიდან, მეორე სენმარტენის კარიდან, მესამე - გრევიდან, მეოთხე ბაზრიდან; შეიძლება ჯარები გავიდნენ პარიზიდან და მარსის მოედანზე შეკრბნენო. არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ძველებური ხუმრობა არ არის ეს ამბოხებაო. - სალაპარაკოდ გაეხადათ აგრეთვე ყოყმანი მარშალ სულთისა; რა მიზეზი იყო, რომ აყოვნებდა შეტევას? ეტყობოდა, ძალიან უჭირდა რისამე გადაწყვეტა. ბებერ ლომს ამ საქმეში რაღაც საზარელი, გამოუცნობი ურჩხულის ლანდი აშინებდა. დაბინდდა. თეატრები არ გაუღიათ. გააფთრებული მოდარაჯე რაზმები ტრიალებდნენ ყველგან, ჩხრეკავდნენ გამვლელთ, აპატიმრებდნენ საეჭვოებს. ცხრა საათზე რვაას კაცზე მეტი იყო დაჭერილი; გატენილი იყო დაჭერილებით პოლიციის სამმართველო, კონსიერჟერის და ლაფორსის საპატიმროები; მეტადრე ბევრი მიეყვანათ კონსიერჟერში, სადაც მიწის ქვედა ტალანში, რომელსაც სახელად „პარიზის ქუჩა“ ერქვა, დაეყარათ ჩალის კონები და ზედ ეყარნენ დაჭერილები, ლიონელი ლაგრანჟის მზრუნველი მეთვალყურეების ქვეშ. იმოდენ ხალხის მიერ აშრიალებული ჩალა შხაპუნა წვიმის შთაბეჭდილებას ქმნიდა. სხვაგან დაჭერილებს გარეთ ეძინათ, ცის ქვეშ, ეზოში, ცარიელ მიწაზე. შიში მორეოდა ყველას და თრთოლა, რაც მეტად უჩვეულო იყო პარიზისთვის. სახლებს ბარიკადებად იყენებდნენ, მოუსვენრად იყვნენ ქალები და დედები. ერთი და იგივე ისმოდა ყველგან: - ოჰ, ღმერთო ჩემო! სად არის აქამდე? რატომ არ მოდის? - ოდნავღა ისმოდა ეტლების სიარულის ხმა. მიკეტილ კარებთან იდგა ყველა და ყურს უგდებდა ქუჩის ყვირილს, ჩაყრუებულ განურჩეველ ხმაურობას და იძახდა: - ეს ცხენოსანი ჯარი არის - ან კიდევ, - არტილერია მიაჭენებს. ისმოდა ბუკის ხმა, ნაღარისა, თოფის სროლისა და მეტადრე გულის გამწყალებელი განგაშის ზარი სენ-მერისა. პირველ სროლასღა ელოდნენ ზარბაზნისას. უცბად გამოჩნდებოდა ვინმე ქუჩაში და უცბადვე ქრებოდა ყვირილით: - შინ შედით! - და ყველა იმას ცდილობდა, მაგრად ჩაეკეტა თავისი ბინის კარები. რით გათავდებოდა ეს უბედურება? და რაც ხანი გადიოდა და ღამე ეფინებოდა ქალაქს, უფრო და უფრო გულსაკლავად ედებოდა პარიზს ავბედითი ალი მრისხანე ამბოხებისა. არსენალს რომ მიაღწია მიცვალებული ლამარკის ბალდახინმა და ჯარის შემოტევისა გამო იძულებული იყო უკან დაეხია, საშინელი ალიაქოთი ატყდა ხალხში, რომელიც ბალდახინს მიჰყვებოდა და ბულვარების მთელი სიგრძით აწვებოდა თავის წინ მიმავალ ნაწილს. წინიდან რომ უკან მოაწვნენ, აირია ხალხი, დაიშალა მწყობრი და ყველა იმასა ცდილობდა, ფეხქვეშ არ მოჰყოლოდა გამოქცეულთ; გამორბოდნენ. აქეთ-იქით ქუჩებში შერბოდნენ და თან ყვიროდნენ: ზოგი იერიშის მრისხანე ყვირილით, ზოგი გამოქცეულის გულსაკლავი ხმით. ის დიდი მდინარე ხალხისა, ბულვარებს რომ ფარავდა, თვალის დახამხამების უმალ გაიფანტა მარჯვნივ თუ მარცხნივ და მოვარდნილი წყალივით მოედო ორას ქუჩას, თითქო კაშხალი გადმოენგრიოს დაგუბებულ წყალს და ქვეყანას მოსდებოდეს. ერთი პატარა ბიჭი მოდიოდა ამ დროს მენილმონტანის ქუჩით, დაგლეჯილი ტანისამოსი ეცვა, ხელში კურდღლისცოცხას ტოტი ეჭირა აყვავებული; ბელვილის მაღლობზე ყოფილიყო და იქ მოეგლიჯა. ერთი მეჯღანის დუქანში დაინახა ძველებური დამბაჩა, უნაგირზე რომ იკიდებდნენ ცხენოსნები. ყვავილიანი ტოტი იქვე მიაგდო, აიღო დამბაჩა და შესძახა დუქნის პატრონ დედაკაცს: - დედავ-ქალო! ე, რა გჰქვია, მიმაქვს ნისიად. და მოჰკურცხლა. ამ დროს გულგახეთქილი ბურჟუები გარბოდნენ ამელოს და ბასის ქუჩებით; წინ შეხვდათ პატარა ბიჭი, ხელში დამბაჩას ათამაშებდა და მღეროდა: ღამით ჭირს - ვინმეს გზა გაუკვალო, დღისით შუქია წყალობით მზისა. ყოველი ლექსი, თუნდ სულ უბრალო ბურჟუას გულში ესობა ისრად. ეს პატარა გავროში იყო და ომში მიბრძანდებოდა. ბულვარზე რომ ჩავიდა, იქ შენიშნა, რომ ჩახმახი არა ჰქონდა იმის დამბაჩას. ვისი იყო ეს სიმღერა, რომელსაც ასე კოხტად აყოლებდა ფეხს, ან ვისი იყო სხვა ყველა იმისი სიმღერა, რომლებსაც სიამოვნებით მღეროდა, როცა კარგ გუნებაზე იყო, ესე იგი, ყოველთვის? არ ვიცით. ან ვინ იცის? იქნებ თავისიც იყო. ეს კია, რომ გავროშმა კარგად იცოდა ხალხში გავრცელებული სიმღერები და, რომ მღეროდა, თავის საკუთარ ჭიკჭიკსაც შიგ ურევდა. ქუჩის ბიჭი იყო, ყველგან დაწრიალებდა და ბუნების და პარიზის ხმების შეერთებით ჰქმნიდა პოპურის; ფრინველების გალობას უგუებდა სახელოსნოების სიმღერებს. მხატვრების შეგირდებს იცნობდა, თავისავით ქუჩის ბიჭებს. მგონი სამი თვე ყოფილიყო შეგირდად სტამბაში. ერთხელ პოეტს, ბაურ-ლორმიანს, ორმოციდან ერთ-ერთ უკვდავთაგანს, გაეგზავნა სადღაც. მაშასადამე, მწერლობის მცოდნე ბიჭი იყო გავროში. რას წარმოიდგენდა გავროში, რომ იმ საძაგელ, ცივ, წვიმიან ღამეს, როდესაც ისე კარგად გაუმასპინძლდა ორ პატარა ბავშვს თავის სპილოში, თავის ძმებს უწევდა განგების მფარველობას. საღამოზე თავის ძმებს უშველა, დილით თავის მამას; აი, როგორ გაატარა პატარამ ის ღამე. ის იყო თენდებოდა, შინ რომ მივიდა, სირბილით, რომ ბავშვებისთვის მიეხედა. ოსტატურად ჩამოსხა ძირს თავისი სტუმრები, ცოტა რამ უშოვა საუზმედ, აჭამა და წავიდა. ბავშვები ქუჩას მიანდო. იმ კეთილ ქუჩას, რომელმაც დედობა გაუწია თვით იმასაც. გამოთხოვებისას პატარა სიტყვით მიმართა: - მე კარსა ვკეტავ, ანუ სხვაფრივ რომა ვთქვათ, სადღაც ვქრები, ანუ როგორც სასახლეში ბრძანებენ, მე უნდა მოვკურცხლო. ჩიტუნებო, თუ ვერ იპოვეთ თქვენი დედიკო, ან მამიკო, აქეთ მოდით საღამოზე. ვახშამსაც ერთად შევექცევით და დაძინებითაც ტკბილად დავიძინებთ. აღარ მოვიდნენ ჩიტუნები, - ან პოლიციელი წაასხამდა, როგორც დაკარგულებს და ბავშვების თავშესაფარში მიიყვანდა, ან ცირკის მასხარა მოიტაცებდა, ან სადმე დაწიალებდნენ და გავროშის სასახლისთვის ვეღარ მიეგნოთ. თანამედროვე ჩვენი საზოგადოებრივი წესწყობილების ქვედაძირი სავსე არის ასე დაკარგულთა კვალით. შემდეგში ისინი ვეღარსადა ნახა გავროშმა. ათი-თორმეტი თვე გავიდა იმ ღამის შემდეგ. ხშირად მოაგონდებოდა ხოლმე პატარა ბავშვები, თავს მოიფხანდა და იტყოდა: - ნეტავ სად ეშმაკებში დაიკარგა ის ჩემი ორი ბალღი? მიდიოდა თავის დამბაჩით ხელში და პონტ-ო-შუს ქუჩაში შევიდა; თვალი გადაავლო, ერთის მეტი მაღაზია არსად იყო ღია და ის ერთიც, გარემოება მეტად საგულისხმო, ტკბილ-ნამცხვრის მაღაზია იყო. სწორედ ღვთის განგებით იყო, რომ შემთხვევა ეძლეოდა, ერთხელ კიდევ ეგემა ვაშლის ღვეზელი, ვიდრე უცნობ მომავალს მიეცემოდა. იქვე დადგა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, მოსინჯა ტანისამოსი, ჯიბეები და ვერა იპოვა რა, ერთი სუც კი არსადა ჰქონდა, და წამოიყვირა: - მიშველეთ! ხუმრობა კი არ არის ტკბილი ღვეზელის დაკარგვა! მაგრამ მაინც თავის გზას გაუდგა. ერთი ათი წუთის შემდეგ სენ-ლუის ქუჩაზე ამოყო თავი. პარ-კროიალის ქუჩაში რომ შევიდა, თეატრის აფიშები ჩამოფხრიწა, საცა კი ნახა, და ამით ამოიყარა ტკბილი ნამცხვრის დაკარგვის ჯავრი. არა, რა მსუქნად არიან ეს რენტის პატრონები! ძღომა არ იციან, იმდენსა სჭამენ! სულ ტორტებით იღმუძლებიან! აბა ჰკითხეთ, რას უშვრებიან თავის ფულს! თვითონაც არ იციან. სჭამენ და სჭამენ! მუცლის მეტი არა ახსოვთ რა!

6

      სასახელო საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნიშანი არის ხალხით სავსე ქუჩაში უჩახმახო დამბაჩის ხელში თამაში, ასე რომ საზღვარი არა ჰქონდა გავროშის აღტაცებას, მარსელიოზას მღეროდა, მაგრამ ენის წვერზე ადგა თავისი ვარამი და შეწყვეტდა ხოლმე სიმღერას, რომ თავისი წამოეყვირა: - კარგად მიდის საქმე! ძალიან მაწუხებს ჩემი მარცხენა ფეხი. ქარები მქონდა და მოვიშორე. ძლივს გამიღიმა ბედმა, მოქალაქენო. ჭკვიანად იყვნენ ბურჟუები, თორემ ისეთს შემოვძახებ, რომ ღვთის რისხვად ეჩვენოთ, ცხვირს რომ დავაცემინებ. რა არის ჯაშუში? რა არის და ძაღლია! მაგრამ არა, ნურც ასე შეურაცხვყოფთ ძაღლებს. ტყუილად კი არ დაარქვეს ჩახმახს ძაღლი. აჰ, ნეტავი მეცა მქონდეს ერთი ამ დამბაჩაზე! ბულვარიდან მოვდივარ, მეგობრებო. ცხარდება საქმე, დუღს და გადადის, დრო არის, ქაფი მოვხადოთ ქვაბ-ქოთანს. მაშ ყოჩაღად, ძმებო! რომ უწმინდურთ სისხლმა მორწყოს ჩვენი ყანა. სამშობლოსათვის შემიწირავს ჩემი სიცოცხლე! ვეღარა ვნახავ ჩემს საყვარელს, ვერც წინანდელს და ვერც ადელს. მაგრამ ჯანდაბას! გაუმარჯოს სიხარულს, გაუმარჯოს ბრძოლას! გული გამიწყალეს ამ მტარვალებმა! ამ დროს ცხენი წაექცა ერთ გვარდიელს. გავროშმა მიწაზე დადო თავისი დამბაჩა, წამოაყენა კაცი, უშველა ცხენის აყენებაც, მერე თავის დამბაჩა აიღო და გზას გაუდგა. მიჩუმებული იყო და დამშვიდებული ტორინის ქუჩა. უცნაურ კონტრასტს წარმოადგენდა ეს მარეს უბნისთვის დამახასიათებელი უგრძნობლობა გარშემო ქუჩების ხმაურობაში. ოთხი დედაკაცი იდგა ერთ კართან და ჭორიკანობდა. შოტლანდიას სამ-სამი კუდიანი სჩვევია, პარიზს ოთხ-ოთხი ჭორიკანა. შეიძლება ისევე საბედისწეროდ ესროლა ვინმეს ბონაპარტისთვის „შენ, ...რომელს მეფობა გელის“, - როგორც მაკბეტს უთხრეს არმუიერის ჭალაში. ესეც იგივე დაჩხავლება იქნებოდა. ტორინის ქუჩის დედაკაცებს თავიანთი გაჭირვების მეტი არა აწუხებდათ რა. სამი მეკარე იყო და ერთი მეძონძე თავის კალათით და კავით. იდგნენ და ლაპარაკობდნენ ოთხივე, სიბერის ოთხივ თვისებით აღჭურვილნი, - უძლურებით, ჭკნობით, მიხრწნილობით და მწუხარებით. თავმდაბალი დედაკაცი იყო მეძონძე. ამ ღია ცის ქვეშ მყოფ ქვეყანაზე მეძონძე ქედს იხრის და მეკარე მფარველობს; ეს დამოკიდებული არის ეზოს იმ კუნჭულზე, სადაც სანაგვე ყუთია გამართული, და მეკარის სურვილისამებრ ხან ძალიან მსუქანია და ხან ძალიან მჭლე. შეიძლება ცოცხის გასმაშიც კი მოიპოვებოდეს გულკეთილობა. მადლიერი დედაკაცი იყო მეძონძე და ტკბილად უცინოდა. რა სიცილი იყო! - სამ მეკარეს ამგვარი ლაპარაკი ჰქონდა: - მართლა! ისევ ისე იფხაჭნება თქვენი კატა?

- ღმერთო ჩემო! - კატა, მოგეხსენებათ, ბუნებითაც ძაღლის მტერია. თუ ჩივის ვინმე, ისევ ძაღლები!

- და ადამიანებიც.

- მართალია, მაგრამ კატისაგან რწყილი არავის შეაჯდებაო.

- არც ძაღლისაგან, ოღონდ საშიში არის ძაღლის შენახვა. ერთ წელიწადს ისე გამრავლდა, მახსოვს, ძაღლი, რომ გაზეთებშიც კი გამოაცხადეს. ეს იმ დროს, როდესაც ტუილრის სასახლეში დიდრონი ცხვრები ჰყავდათ, პატარა ბატონიშვილის ეტლში შებმულნი, გახსოვთ? რომის მეფისა...

- მე ბორდოს დუკი უფრო მიყვარდა.

- მე ლუი მეჩვიდმეტე ვნახე. ლუი მეჩვიდმეტე ყველას მირჩევნია.

- ძალიან გაძვირდა ხორცი, ჰა, პატაგონ-ქალებო?

- აჰ! ნუღარ მომაგონებთ, საშინელებაა ჩვენი საყასბო! საზარელი საშინელება! ეჰ, რაღაც დანაწონების მეტს ვერას წაეკარები.

აქ კი მენაგვე ჩაერია საუბარში: - აღარა იშოვება რა, ქალებო, ვაჭრობაც ძალიან გაძნელდა, ყველაფერს ფასი დაადეს, უვარგისსაც კი. აღარაფერს იმეტებენ გადასაყრელად, სულ თვითონვე სჭამენ.

- ეჰ, გაჭირვებამ იცის, ჩემო ვარგულემ.

- ეგ მართალია, - მიუგო პატივისცემით მეძონძემ, - კიდევ კარგი, რომ მე ჩემი ხელობა მაინცა მაქვს.

ცოტა ხანს მიჩუმდნენ, მეძონძე აიყოლია თავის გამოჩენის სურვილმა, რაც ძირითადი თვისება არის ადამიანისა, და განაგრძო: - შინ რომ მივალ ხოლმე დილით, ჯერ კალათს დავცლი, ვარჩევ ნაპოვარს. რამდენიმე გროვად მიყრია იატაკზე. მჩვრებს ერთ კალათაში ჩავყრი, კურკას და ნაფცქვენს მეორე კალათში. საცვლის ნაფხრეწს - განჯინაში, ქაღალდს - ფანჯრის კუთხეში, თუ საჭმელი არის რამე, ჩემ ბადიაში. შუშების ნამტვრევს ბუხარში, ძველ ფეხსაცმელს კარს უკან და ძვლებს ჩემი ტახტის ქვეშ.

გავროში უკან მისდგომოდა და ყურს უგდებდა.

- ბებრუცუნებო, რასა ბრძანებთ პოლიტიკისას?

უცბად შეუტიეს, ერთხმად ოთხივემ: - შენ ვინა გკითხავს, შე არამზადავ, შენა?!

- ეგ რა გიჭირავს მაგ დასამიწებელ ხელში? დამბაჩა?

- ამას უყურეთ ერთი! ჯერ მიწას არ ასცილებია!

- როგორ მოისვენებს, მანამ მთავრობას არ დაამხობს?

პასუხის ღირსად არა სცნო გავროშმა. ზიზღით გადახედა, ცერი მიიდო ცხვირზე და ფართოდ გაშალა თითები.

მეძონძემ შეუტია: - გასწი, გაგვეცალე, შე ფეხშიშველა მაწანწალავ!

პატაგონ-ქალს რომ ეძახდნენ, შეურაცხყოფილის ბრაზით ხელები გაასავსავა: - უბედურება მოგველის, რაღა თქმა უნდა! ჩემ გვერდით რომ ბიჭი დგას, აი, ესპანურად წვერშეკრეჭილი, ისე ჩამოივლიდა ხოლმე ყოველ დილით, რომ ერთი ვარდისფერქუდიანი ლამაზი უნდა ჰყოლოდა თან, ხელიხელჩაკიდებული, და ამ დილით კი რომ ჩამოიარა, იმ გოგოს მაგივრად თოფი ეჭირა ხელში. მადამ ბაშემა თქვა, წარსულ კვირას რევოლუცია მოხდა, ღმერთო, შენ მომაგონე. აი, საცა ხბორებსა ჰყიდიან! დიახ, პონტუაზში, და ეგეც რომ არ იყოს, ამას ხედავთ, თავის დამბაჩით, ამ უტიფარ მურტალს! ამბობენ, სულესტინი სავსეა ზარბაზნებითაო. რა უნდა გააწყოს მთავრობამ, როცა ქვეყანას იკლებენ ეს მაწანწალა ყაჩაღები, რომლებმაც არ იციან, რა მოიგონონ, რომ ქვეყანა არიონ და ხელი მოითბონ. ის არ გვეყოფოდა, რაც ჩვენ ვაი-ვაგლახი ვნახეთ, რომ ახლა ეს არ გამომტვრალიყო! მოსვენება კი აღარ არის და! ღმერთო დიდებულო! მე რომ დედოფალი ვნახე თავისი ეტლით! ახლა ბურნუთი როგორ გაძვირდება! საშინელებაა! მეც იქ ვიქნები, იცოდე, გილიოტინაზე რომ აგაბრძანებენ, შე ბედასლო, შენა!

- რას დუდღუნებ, ძველისძველო? ეგა სჯობს, რომ ხორთუმი მოიხოცო, - შესძახა გავროშმა და გაქუსლა.

პავეს ქუჩაში რომ გავიდა, იქაც მოაგონდა მეძონძე და ამ მონოლოგით მიმართა, თუმცა ის იქ აღარა ჰყავდა: - სცდები, რომ აგრე ლანძღავ რევოლუციონერებს, ქალბატონო ნაგვისყუთო, შენ საშველად არის ეს დამბაჩა, რომ ნაგავი კი არა, კარგი საჭმელი-სასმელი გქონდეს სუფრაზე.

და რაღაც ხმაური მოესმა უკნიდან; მეკარე პატაგონი თურმე მოსდევდა, შორიდანვე უღერებდა მუშტს და უყვიროდა: - შე ნაბიჭვარო, შენა!

- ახლა მაგის დარდი ამიშალე, რა მენაღვლება?!

ცოტა ხანს უკან, ლამუანონის სახლთან რომ მივიდა, დაიყვირა: - ბრძოლისკენ, ხალხო!

მაგრამ დაღონდა უცბად: დახედა თავის დამბაჩას და საყვედურით უთხრა, თითქოს ცდილობს გული მოუგოსო!

- მე მივდივარ და შენ კი ადგილიდან ვერ დაიძვრი!

ძაღლსაც შეუძლია ძაღლად წოდებული ჩახმახი დაავიწყოს კაცს. პატარა ფინია დაინახა გამხდარი, დამშეული და შეებრალა: - ნუთუ მთელი კასრი ჩაყლაპე, შე საწყალო, რომ აგრე გიჩანს მთელი მისი გვერგვები?

მერე ლ-ორმ-სენ-ჟერვესკენ მიაშურა.

7

       სენ-ჟანის მოედანზე, სადაც უკვე იარაღი ჩამოერთმიათ ერთ სამხედრო სადარაჯოსთვის, გავროში გაერია ხალხში, რომელსაც წინ მიუძღვოდა ანჟოლრასი, კურფეირაკი, კონბფერი და ფეილი. თითქმის შეიარაღებულნი იყვნენ ყველანი. ახლა ბაორელი და ჟან პრუვერი შეუერთდათ და უფრო იმატა ხალხმა. ანჟოლრასს სანადირო თოფი ჰქონდა: ორლულიანი, ჯონბფერს - ეროვნული გვარდიის თოფი, რაზმის ნომრით, და ქამარში ორი დამბაჩა; სერთუკის ღილები გახსნილი ჰქონდა და კარგად მოუჩანდა დამბაჩები; ჟან პრუვერს ძველი ჯაზაირი ჰქონდა, ცხენოსანი ჯარისა; ბაორელს - მოკლე შაშხანა; კურფეირაკი იქნევდა ჯოხს; ფეილისაც ამოღებული ხმალი ეჭირა, წინ მიუძღოდა და ყვიროდა: - პოლონეთს გაუმარჯოს!

მორლანის ქუჩიდან მოდიოდნენ. ზოგს ყელსახვევი დავიწყებოდა, ზოგს ქუდი. დაღლილები იყვნენ, წვიმით დასველებულები, მაგრამ მოელვარე მზერა ჰქონდათ.

მივიდა წინამძღოლთან გავროში და დინჯად ჰკითხა: - სად მივდივართ?

- წამოდი, - უთხრა კურფეირაკმა.

ფეილის უკან ბაორელი მოდიოდა, უფრო მოკუნტრუშობდა, თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში. ჟოლოსფერი ჟილეტი ეცვა. ყველაფრის შემმუსვრელი ენა ჰქონდა. ერთ ბებერ კაცს გული გაუხეთქა იმისმა ჟილეტმა და ყვირილი მორთო: - წითლები მოდიან!

- წითლები, წითლები! - შეაყენა ბაორელმა. - სირცხვილია ასე შიში, ბურჟუავ, ისე როგორ წავხდები, რომ კანკალი დამაწყებინოს წითელმა ყაყაჩომ, ან წითელქუდა გოგომ. მერწმუნეთ, ბურჟუავ, სჯობია წითელი ფერის შიში რქიან საქონელს დავუთმოთ.

კედელზე ერთი მშვიდობის მაუწყებელი ქაღალდი დაინახა გაკრული, - არქიეპისკოპოსი ნებას აძლევდა თავის „სამწყსოს“, კვერცხი ეჭამათ იმ მარხვაში.

გაბრაზდა ბაორელი: - რაო? სამწყსოო? ზრდილობიანი ხსენებაა ბატებისა!

და ჩამოგლიჯა კედლიდან ეს წმინდა ნებართვა. ამით დაიმორჩილა გავროში; თვალს აღარ აშორებდა ბიჭი და აკვირდებოდა.

- სცდები, ბაორელ, - უთხრა ანჟოლრასმა, - რა გენაღვლება, იყოს თავისთვის ეს ქაღალდი! ჩვენ მაგის მოსასპობად კი არ გამოვსულვართ. უსარგებლოდა ხარჯავ შენს ცეცხლს. მომარაგებულის გაფრთხილებაც უნდა ვიცოდეთ. თუ მწყობრში ხარ, ცალკე ნუ ისვრი თოფის ტყვიას და ნურც მრისხანებას.

- კაცია და გუნებაო, ანჟოლრას, - უპასუხა ბაორელმა. მარცხვენს ეს ეპისკოპოსის პროზა. მე მინდა, ჩემინებისად ვჭამო კვერცხი და არა ვიღაცის ნებართვით. შენ ცივი გონების კაცი ხარ, მე კი გართობაც მიყვარს. და გარდა ამისა, ჩემს მარაგს კი არა ვფლანგავ, პირიქით, მინდა ისე ვისკუპო, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო, ვვარჯიშობ. ის ეპისკოპოსი ჩამოვხიე? ჰერკულესის მზემ, იმიტომ ჩამოვხიე, რომ მინდა მადაზე მოვიდე!

ყურში ეცა გავროშს ეს სიტყვა „ჰერკულესი!“ ყოველგვარ შემთხვევას ეძებდა, რომ განვითარებულიყო. ბიჭი პატივისცემით შეჰყურებდა ამ აფიშების ჩამოხევას და ჰკითხა: - ეს ჰერკულესი ვიღა არის?

განუმარტა ბაორელმა: - აი, დასწყევლოს ღმერთმა ძაღლიცა და იმის გამჩენიცაო, ლათინურად.

ამ დროს ერთი სახლის ფანჯარაში ყმაწვილი კაცი დაინახა ბაორელმა, ფერმკრთალი, შავწვერიანი, რომელიც ზემოდან უყურებდა ამ ხალხს. ალბათ, წევრი იქნებოდა ანბანის საზოგადოებისა. და ახლა იმას მიმართა ბაორელმა: - ჩქარა ვაზნები! Para bellum.[6]

- Bel homme! მართლა! - წამოიძახა გავროშმა, რომელიც დარწმუნდა, რომ ახლა კი კარგად ესმოდა ლათინური.

ამ ყმაწვილებს მრავალი ხალხი მოსდევდა მხიარული ხმაურით, - სტუდენტები, არტისტები, ეკსის კუგურდის მომხმარე ყმაწვილები, მუშები, ნავსადგურლები, შეიარაღებული ჯოხებით და ხიშტებით. ზოგს კონბფერივით დამბაჩა ედო შარვლის ჯიბეში. ერთი მოხუცებული კაცი ჩარეულიყო ამ ყმაწვილ ხალხში; მეტისმეტად მოხუცებულსა ჰგავდა, მაგრამ მაინც ამ ყმაწვილებთან იყო. იარაღი ჰქონდა და ჩქარობდა, უკან არ დარჩენილიყო, თუმცა ჩაფიქრებული ჩანდა.

თვალი მოჰკრა გავროშმა: - ეს ვიღაა? - ჰკითხა კურფეირაკს.

- ბებერი კაცია.

ეს მაბეფი იყო.

8

      ვნახოთ, რა მოხდა. ანჟოლრასი და იმისი ამხანაგები ბურდონის ბულვარზე იყვნენ იმ დროს, როდესაც დრაგუნები ხალხს მისცვივდნენ. ანჟოლრასმა, კურფეირაკმა და კონბფერმა სხვებთან ერთად ბასონპიერის ქუჩას მიაშურეს ყვირილით: - ბარიკადებზე! ლედიგიერის ქუჩაზე ერთი ღრმად მოხუცებული კაცი შეხვდათ. მაშინვე მიიპყრო იმათი ყურადღება, რადგან ისე ბარბაცებდა, თითქოს მთვრალი ყოფილიყო. გარდა ამისა, ქუდი ხელში ეჭირა, თუმცა მთელ დილას წვიმდა და წვიმდა მაშინაც, ამ ყმაწვილებს რომ შეხვდა. კურფეირაკმა იცნო მოხუცებული მაბეფი, იცნო, რადგან ბევრჯერ მიეცილებინა მარიუსი იმის სახლამდე. იცოდა კურფეირაკმა მაბეფის მშვიდობიანი ცხოვრება; იცოდა, რომ მორიდებული, თავმდაბალი კაცი იყო ეს ძველი მნათე, წიგნების მოყვარული; გაუკვირდა, იქ რომ დაინახა, იმ არეულობაში, ორი ნაბიჯის მანძილზე ზარბაზნებიდან, სწორედ იმ ადგილზე, რომელსაც მიზანში ამოიღებდა მთავრობის ჯარი, სროლა რომ ატეხილიყო. უქუდოდ მოდიოდა მოხუცი ავდარში, თითქო სასეირნოდ გამოსულიყო ამ არეულობაში. მიესალმა კურფეირაკი და ასეთი დიალოგით გამოელაპარაკნენ ერთმანეთს ოცდახუთი წლის აჯანყებული და სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცებული: - ბატონო მაბეფ, შინ წაბრძანდით.

- რადა?

- შეიძლება ბრძოლა ატყდეს.

- ძალიან კარგი.

- თოფის სროლა ატყდება, შეიძლება ხმალი და ხიშტი იხმარონ.

- ძალიან კარგი.

- ზარბაზნის სროლა...

- ძალიან კარგი, თქვენ საით მიხვალთ?

- ჩვენ მივდივართ, რომ ძირს დავცეთ ჩვენი მთავრობა.

- ძალიან კარგი.

და ისიც თან გაჰყვა. მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. უცბად გაუმაგრდა ფეხი. მუშებმა ხელი გაუწოდეს, - დაგეხმარებით, თუ დაღლილი ბრძანდებითო, - მაგრამ თავი გაიქნია, - არა, არ მინდაო. - თითქმის პირველ რიგში მოქცეულიყო და მოძრაობა იმ ადამიანისა ჰქონდა, რომელიც იძვრის, მიდის, და სახე კი იმ ადამიანისა, რომელსაც სძინავს.

- საწყალი კაცი! - დუდუნებდნენ სტუდენტები, - როგორი თავდადებულია!

და ხმა გავარდა, მაშინვე, - კონვენტის წევრი არის წინანდელი, ერთ-ერთი მეფის მკვლელთაგანიო.

ვერერის ქუჩით წავიდნენ. წინ გავროში მიუძღოდათ და, რაც შეეძლო, მაღალი ხმით მღეროდა, ისე რომ, ის ასრულებდა თავის სიმღერით ბუკის დანიშნულებას: აი უკვე ცაზე ამოცურდა მთვარე, უკვე ღამის თრთვილით იფარება არე.

- განა დრო არ არის? დრო არ არის განა? -

ეხვეწება ჟანი კერპ, თავნება ჟანას.

ზე, ზე, ზე, შატეზე.

ღმერთი, მეფე, ჯღანი, გახვრეტილი გროში - აი ამ სიმდიდრით ვცხოვრობ მე ჩვენს დროში!

მზე ჩავიდა უკვე, ღამე არის ბნელი, მიწურს გაზაფხულის სუნი ათრობს მწველი

მინდორში ბალახი ყვავის, ეძლევა ცეკვას და ხალისს, ზე, ზე, ზე, პასაზე.

ღმერთი, მეფე ჯღანი, გახვრეტილი გროში - აი ამ სიმდიდრით ვცხოვრობ მე ჩვენს დროში!

მგლის ლეკვებმა

ტყეში ისე იჩხუბეს

ბარტყი ჭილყვავისა

ისე ძლიერ დათვრა, -

რომ თვით ხაფანგშიც კი

გაიცინა დათვმა.

ზე, ზე, ზე, მედონზე.

ღმერთი, მეფე ჯღანი, გახვრეტილი გროში - აი ამ სიმდიდრით ვცხოვრობ მე ჩვენს დროში!

ირგვლივ ისმის მხოლოდ არეული ხმები, იფარება თრთვილით მინდვრები და მთები, განა დრო არ არის? დრო არ არის განა?

ეხვეწება ჟანი კერპ, თავნება ჟანას.

ზე, ზე, ზე, პანტენზე.

ღმერთი, მეფე ჯღანი, გახვრეტილი გროში - აი ამ სიმდიდრით ვცხოვრობ მე ჩვენს დროში!

ამასობაში გავროშს რამდენი რამ შეემთხვა. კეთილსინდისიერად რომ ჩააქვავა სანათი და ვიელ-ოდრიეტის ქუჩაზე გავიდა, სადაც „კატაც კი არსადა ჩანდა“, სწორად შესაფერად სცნო დროც და სიბნელეც, რომ თავისი სიმღერით დაეტკბო მძინარე ბურჟუები. სიმღერის ხმას აყოლებდა ფეხს და ამით უფრო აჩქარებდა სვლას. მიდიოდა, ხმამაღლა მღეროდა და ბურჟუებს უტოვებდა მემკვიდრეობად თავის სიმღერის ხანებს: ჩეროში შაშვი ამბობდა ლანძღვით; „წეღან აი იქ, რომ არის ნაძვი, ვიღაცა რუსი ერთ გოგონასთან“.

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

შენ, პიერო, აბა, ეს რას ჰგავს, დღე ერთია, სულ სხვადასხვა გყავს.

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ზოგჯერ საწამლავზე

საშიშია ტრფობა, ნაზი ხელი მახრჩობს, მაკარგვინებს გრძნობას, ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

სად ხარ ჟამო გართობისა, ჩემი გაპამპულება

ლიზონს გულით სურდა, მაგრამ

ჩაუმწარდა გუნება!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

როცა სიუზეტა - ღმერთო ჩემო -

მზერას მესროდა, სულ ვკანკალებდი, აზრს ვკარგავდი, თავბრუ მესხმეოდა.

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ღამე წიგნს ვშლი მშვიდად, მადლენი მყავს თანა, აბა რას დამაკლებს

ქაჯი და სატანა!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

როცა სიშიშვლით მიგიზიდავს ფეხი ლამაზი, ფეხი ლამაზი, საოცარი მაცდური, ნაზი, -

ფრთხილად, ადელო!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ცეკვიდან რომ ვბრუნდებოდი

მე ჩემი მზით სახლში, მის წრფელ შუბლზე ვარსკვლავები

ფერს ჰკარგავდნენ ცაში.

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

სიმღერით მიდიოდა, სიმღერას აყოლებდა ხელსა და ფეხს. ხელის ქნევა სიმღერის საყრდენია. მოძრავი სახე გავროშისა განსაცვიფრებლად იცვლიდა გამომეტყველებას, ისე იღრიჯებოდა და იღმიჭებოდა, უფრო კონვულსიურად და უცნაურად, ვიდრე გასაშრობად გაფენილი დახეული სარეცხი დიდ ქარში. სამწუხაროდ, მარტო იყო ქუჩაში და იმ სიბნელეში ვერ დატკბებოდა ვინმე მისი ხელოვნებით. რამდენი საუნჯე იკარგება ასე ამაოდ!

და უცბად გაჩერდა ბიჭი.

- შევწყვიტოთ რომანსი, - წარმოთქვა ჩუმად.

მგლის თვალი ჰქონდა ბიჭს და იქვე, ერთი ალაყაფის კარებთან, რაღაც დაინახა, რომელსაც „ერთადს“ ეძახიან, ესე იგი გაერთიანებული ცოცხალი კაცი და უსულო საგანი. საგანი პატარა ურიკა იყო და ცოცხალი კაცი, - ერთი ოვარნელი მთვრალი, რომელიც ზედ ხვრინავდა. ხელები ქუჩისკენ ჰქონდა, თავი კოფოსკენ მიედო მძინარეს, ფეხები მიწაზე ჩამოეშვა.

დიდი გამოცდილების მქონე გავროში მაშინვე მიხვდა, რომ ლოთთანა ჰქონდა საქმე.

მებარგულე იქნებოდა ამუბნელი, მაგრამ ისე დამთვრალიყო უბედური, რომ შინამდე ვეღარ მიეღწია.

„კარგი რამ არის და ხშირად სასარგებლოც ზაფხულის ღამე, - ფიქრობდა გავროში, - თავის ურიკაში ჩაეძინა ოვერნელს? ძალიან კარგი. მაშ ურიკა რესპუბლიკას და ოვერნელი მონარქიას“.

დაინახა თუ არა ურიკა, მაშინვე გაუელვა ბრწყინვალე მოსაზრებამ: „ეს ურიკაც გამოგვადგება ჩვენი ბარიკადის დასამშვენებლადო“.

ოვერნელი ხვრინავდა.

ფრთხილად წაავლო ხელები მძინარეს ფეხებში და ძირს დასწია. მერე უკან მოეჭიდა ურიკას, გასწია ნელ-ნელა და ისე ნაზად გაშხლართა მთვრალი მიწაზე, რომ მას ხელი არ გაუნძრევია.

ეხლა კი იმისი იყო ეს ურიკა.

დაჩვეული იყო ბიჭი: ცხოვრების ყოველი მოულოდნელი ავისთვის მზად ყოფილიყო ყოველგვარი საჭირო იარაღით, და ჯიბეში ედო, რაცა ჰქონდა. ხელი ჩაიყო ჯიბეში, პატარა ქაღალდი ამოიღო. მერე წითელი ფანქარი, ალბათ ასწაპნა ვისმე დურგალს, და დაწერა: „საფრანგეთის რესპუბლიკა

შენი ურიკა მიღებულია“.

და ხელი მოაწერა „გავროში“.

ეს ფრიად მნიშვნელოვანი საბუთი ჟილეტის ჯიბეში ჩაუდო მთვრალს, რომელიც ისევ გულიანად ხვრინავდა, ხელები წაავლო ხელნებს და ბაზრისკენ წავიდა. წინ ურიკას მიაქანებდა, გამარჯვების ზეიმური გრიალით. სწორედ ეს იყო საშიში. მეფის სტამბის კართან დროებითი სადარაჯო მოეწყოთ ეროვნული გვარდიისა. კარგა ხანი იყო ეს ხმაურობა აღვიძებდა ხალხს და დარაჯებსაც, რაღა თქმა უნდა, ხან ერთი წამოიწევდა, ხან მეორე. ზედიზედ ორი სანათის გატეხვა, ხმამაღლა სიმღერა შუაღამისას, მეტისმეტი იყო ყოველივე ეს მიძინებულ მშიშარა ქუჩისთვის, რომელიც სულ იმას ნატრობდა, - ნეტავი მზის ჩასვლისას შეიძლებოდეს დაწოლა, რომ ცოტა სანთელი დამეხარჯოსო. ამგვარ ხმაურს და წესიერების დარღვევას დღისითაც ვერსადა ნახავდა იმ მიყრუებულ უბანში მშვიდობიანი ბურჟუა, და იმ ღამეს კი ისეთი მოუსვენარი, შეუწყვეტელი ხმა აღვიძებდა, თითქო თავით ბოთლი უდგას, შიგ ბუზი ჩავარდნილა და ბზუილით უწყალებს გულსაო. დარაჯების ათისთავი გაფაციცებით უგდებდა ყურს და ელოდა. კეთილგონიერი კაცი იყო და არ უნდოდა საქმე წაეხდინა აჩქარებით. მაგრამ ისეთი გრიალი გაჰქონდათ ქვაფენილზე ურიკის თვლებს, რომ ათისთავის მოთმინების ფიალა აივსო, იძულებული გახდა გამოსულიყო და გამოეძია საქმე.

- მთელი ჯგუფი იქნება აჯანყებულებისა, - ფიქრობდა ათისთავი, - სიფრთხილე არის საჭირო...

ცხადი იყო, რომ ანარქიის გველეშაპი გადმოვარდნილიყო თავის ბუნაგიდან და ახლა მთელ უბანში დათარეშობდა.

ფეხაკრეფით, თითის წვერებზე გავიდა ათისთავი ქუჩაში.

და უცბად, ეს იყო ვიეილ-ოდრიეტის ქუჩისკენ უნდა ჩაექანებინა გავროშს „რესპუბლიკის“ ურიკა, რომ წინ აეტუზა ერთი მაღალი ფორმის ტანისამოსი - სამხედრო ქუდი და თოფი.

იქაც ისევ უცბად შეჩერდა.

- ბიჭოს, - წამოიძახა გავროშმა, - ისა ყოფილა. ოჰ, გამარჯობა, საზოგადოებრივო წესწყობილებავ!

ხანგრძლივი გაკვირვებისა არა იცოდა რა ბიჭმა.

- სად მიხვალ, შე საძაგელო?

- მოქალაქევ, - მიუგო გავროშმა, - მე თქვენთვის ჯერ ბურჟუა არ მიკადრებია. რად მაყენებთ მაგ შეურაცხყოფას?

- სად მიხვალ ამ დროს, შე მაწანწალავ?

- იქნება გუშინ ძალიან ჭკვიანი კაცი ბრძანდებოდით, მაგრამ დღეს კი საიმისო არა გეტყობათ რა.

- სად მიხვალ-მეთქი, გეკითხები, შე არამზადავ, შენა!

გავროშმა უპასუხა: - რა თავაზიანი ლაპარაკი გცოდნიათ! ძნელი წარმოსადგენია, გარწმუნებთ, რომ ემაგრე ხნიერი ხართ. მე რომ თქვენი ვიყო, სულ ცალ-ცალად გავყიდდი მაგ ჭაღარა თმას, თითოს ას ფრანკად. ხუთას ფრანკს ჩავიჩხრიალებდი ჯიბეში.

- სად მიხვალ, შე ქურდბაცაცავ, შენა? სად მიხვალ, სად?

ისევ დარბაისლურად უპასუხა გავროშმა: - საზიზღარი სიტყვები შეგრჩენიათ პირში, ჩემო ბატონო. ძუძუს რომ მოგაწოვებენ, სთხოვეთ, კარგად გამოგირეცხონ პირი.

ათისთავმა ხიშტი მოიმარჯვა.

- ბიჭო, მეტყვი თუ არა, სად მიხვალ, შე სალახანავ, შენა?

- თქვენო აღმატებულებავ, - მიუგო გავროშმა, - მშობიარედ მიწევს ცოლი და ექიმის წასაყვანად გიახლებით.

- მაშ აგრე?! - შეჰყვირა ათისთავმა.

გულმაგარი ჭკვიანი კაცი იმით დაამტკიცებს თავის ღირსებას, რომ სწორედ იმას გამოიყენებს გაჭირვებიდან თავის დასაღწევად, რამაც ეს გაჭირვება მიაყენა. ურიკამ ჩააგდო ამ განსაცდელში და ურიკა უნდა დახმარებოდა გავროშს.

სწორედ იმ დროს, როდესაც ათისთავმა ჩახმახი დაუშვა თავის თოფს, ურიკა უცბად სასროლ ყუმბარად იქცა, დიდი ძალით გაექანა ათისთავისკენ, ცოფიანივით ეტაკა შიგ მუხლებში და პირაღმა ჩააგდო თხრილში წესიერების დამცველი. თოფი გავარდა, მაგრამ ზევით წავიდა ტყვია.

ათისთავმა ყვირილი დაიწყო, დარაჯები გამოვიდნენ ნელ-ნელა, დიდი სიფრთხილით, რაკი ერთხელ გავარდა თოფი, მეორედაც უნდა გავარდნილიყო და ერთ სროლად დასცალეს დარაჯებმა თავიანთი თოფები. დასცალეს, ხელახლა გადატენეს და სიბნელეში ისროლეს. იდგნენ და ისროდნენ.

თხუთმეტ წუთამდე გაგრძელდა ეს სროლა. ბავშვების თამაშს მოგაგონებდათ, თვალახვეული რომ დასდევს ამხანაგებს, იქნება დავიჭირო ვინმეო. - თხუთმეტ წუთამდე გაგრძელდა და მრავალი შუშა გატეხა ფანჯრებში.

ისე გარბოდა გავროში, თითქოს ფრთები შეისხაო. ხუთი-ექვსი ქუჩა გაირბინა, სუნთქვა ეკვროდა და, ანფან-რუჟის ქუჩის კუთხესთან რომ მივიდა, ქვაზე ჩამოჯდა სულის მოსაბრუნებლად.

თან ყურს უგდებდა.

ცოტა ხანი ასე იჯდა, მერე, რაკი თავისუფლად ამოისუნთქა, უკან მიიხედა, საიდანაც საზარელი სროლის ხმა ისმოდა, მარცხენა ხელი გაშალა და ცხვირზე მიიდო, სამჯერ აჩვენა ცხვირი, მარჯვენა ხელი კი სამჯერ ჩაიკრა კეფაში. ამგვარად ცხვირის ჩვენებით გამოხატავდა პარიზელი გამენი მთელ თავის დაცინვას და ეტყობოდა, კარგადაც ჰხატავდა, რადგან ეს ცხვირის ჩვენება, აგერ ნახევარი საუკუნეა, ისევე გავრცელებულია, როგორც წინათ.

ამ გამარჯვებას და სიხარულს მწარე ფიქრიც ჩაერია: - ძალიან კარგი, ვიცინი და დავცინი, ვერთობი, მაგრამ გზა რომ ასე გავიგრძელე? საიდან სად მოვუარე და! ახლა საქმე ის არის, დროზე მივიდე ბარიკადზე.

და ისევ მოჰკურცხლა.

მაგრამ აქ შიში აღარა ჰქონდა და შემოსძახა: დრომ თქვენ მოგთიბათ ბალახის დარად, მაგრამ ბასტილია მტკიცეა მარად!

ძმებო! ძირს დამპალი რეჟიმი!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

კეგლის თამაშში შეიბნენ ცხარედ, აბა ბურთულა? ხელმარჯვე დარტყმით

მთლად დაიმსხვრევა ბურბონთა ტახტი.

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ლუვრში შემკრთალნი მსჯავრს მოელიან...

მონარქიის ნაგავი

რკინის ცოცხით გავგავოთ, ხალხო, ძირს მონარქია!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ვერ შეიკავებს მესერი ვულკანს, შენ, შარლ მეათევ, კარების უკან, თვით ტალახში უნდა იგორო!

ჩემო ლამაზებო, ლამაზებო სწორეთ, ფერად-ფერად მწკრივად საით გაიქროლეთ?

ამაოდ არ ჩაუარა სადარაჯოს ამოდენა სროლამ: ურიკა დაატყვევეს, მთვრალი ციხეში ჩააგდეს; ერთი შეშის საწყობში გაგზავნეს, მეორე სამხედრო სასამართლოში, როგორც აჯანყებულთა მომხრე და დამხმარე. დიდი უნარი გამოიჩინა მთავრობამ ამ შემთხვევაში და დაამტკიცა, რა გულმოდგინედ და თავგანწირვით იცავს საზოგადოებრივ მშვიდობიანობას.

გავროშის ეს თავგადასავალი ტანპლის უბნის მცხოვრებლების მეხსიერებაში დარჩენილა; დღესაც შიშის ზარსა სცემს ბებერ ბურჟუებს, და იმათ მოგონებათა სიაში ამ სათაურით არის აღნიშნული: „აჯანყებულების იერიში ღამით მეფის სტამბის სადარაჯოზე“.

9

...და მართლაც ერთი ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა სცენაზე, მეორე ზარბაზანი ბარიკადის დასანგრევად.

არტილერისტებმა სწრაფად დააყენეს ეს ზარბაზანი და ბარიკადისკენ უყვეს პირი.

ეს უნდა ყოფილიყო დასაწყისი დასასრულისა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ორი ზარბაზნის სროლა გაისმა ერთად. ზარბაზნის სროლას თან მოჰყვა ჯარის და გვარდიელების თოფის ტყვია.

პატარა მანძილით დაშორებულ უბნიდანაც ისმოდა ზარბაზნის სროლა. ორი ზარბაზანი რომ ცეცხლს აყრიდა შანვრერის ბარიკადს, ორი კიდევ სხვა სენ-მერის ბარიკადს ესროდა ფინდიხს, ერთი სენდენის და მეორე ობრი-ლე-ბუშეს ქუჩიდან. საზარელ ბანს აძლევდნენ ერთმანეთს ეს ზარბაზნები.

ომის შავბნელი ძაღლების ყეფა იყო აქაც და იქაც.

შანვრერის ქუჩის ბარიკადს ერთი ზარბაზანი ყუმბარით სცემდა, მეორე ფინდიხით.

ყუმბარას რომ ისროდა, პირი ცოტა ზევით ჰქონდა აწეული და ისე იყო მომართული, რომ ბარიკადის ქვაყრილს ზემოდან დასცემოდა, დაენგრია, ძირს ჩამოეშალა და ბარიკადში მყოფთ მოხვედროდა ეს ნანგრევი.

ამგვარად სროლის მიზანი იყო ქვაყრილის ზემოდან ძირს ჩაერეკა აჯანყებულები, რომ ზემოდან სროლა აღარ შეძლებოდათ და, მაშასადამე, უზიანოდ მისულიყო ჯარი ბარიკადზე იერიშით.

ყუმბარას ბარიკადის კედლიდან უნდა გაერეკა აჯანყებულები, ფინდიხს - დუქნის ფანჯრებიდან. მერე კი მიეპარებოდნენ, აძვრებოდნენ ქვაყრილზე და ხელთ იგდებდნენ ბარიკადს.

- უნდა შევამციროთ როგორმე ამ ზარბაზნების ძალა, - თქვა ანჟოლრასმა და დაიყვირა.

- ცეცხლი არტილერიას!

მხოლოდ ამ ბრძანებას ელოდნენ. დიდი ხანი იყო პასუხს არ აძლევდა ბარიკადი, ახლა კი ზედიზედ მოჰყვა შვიდი თუ რვა სროლა, სიხარულით და ცოფით მიძღვნილი. კვამლით აივსო ქუჩა, ორ ნაბიჯზე აღარაფერი ჩანდა, და ცოტა ხანს უკან, როდესაც გაიფანტა კვამლი და მტრის ბუნაგი გამოჩნდა, დაინახეს ბარიკადიდან, რომ ზარბაზნის მსროლელების ორი მესამედი მაინც მიწაზე ეყარა; ვინც დარჩენილიყო, ზარბაზნებს სტენიდა სასროლად.

- ძალიან მოვცხეთ, - უთხრა ბოსუემ ანჟოლრასს, - სრული გამარჯვებაა!

თავი დაღუნა ანჟოლრასმა და უპასუხა: - ერთი თხუთმეტი წუთი კიდევ ამისთანა გამარჯვებისა და ათი ვაზნა აღარ გვექნება მთელ ბარიკადში.

ეტყობა გავროშმა ყური მოჰკრა ამ სიტყვას.

10

       კურფეირაკმა ქუჩაში ვიღაც დაინახა, იქვე, ბარიკადის იქით, სადაც ზუზუნი გაჰქონდა ტყვიას. ბოთლების საზიდი კალათი გამოეტანა დუქნიდან გავროშს, ქუჩაში გავარდნილიყო და უშიშრად, დამშვიდებით აგროვებდა თავის კალათში მოკლული გვარდიელების ვაზნით სავსე ჩანთებს.

- მანდ რა გინდა, ბიჭო? - შეჰყვირა კურფეირაკმა.

ცხვირი აიწია გავროშმა: - კალათს ვავსებ, მოქალაქევ.

- ზარბაზნის სროლა არ გეყურება?

გავროშმაც კითხვით უპასუხა: - დიახ, ძალიან წვიმს, მერე რა?

კურფეირაკმა ბრძანებით დაუყვირა: - დაბრუნდი!

- ახლავე, ახლავე, - უპასუხა გავროშმა დასამშვიდებლად და სწრაფი ნახტომით შუა ქუჩაზე აღმოჩნდა.

      მკითხველს ეხსომება, რომ ფანიკოს რაზმმა, უკან რომ მიდიოდა, მრავალი მკვდარი და დაჭრილი დატოვა ქუჩაში. ოცამდე მკვდარი კაცი ეგდო მიწაზე, ოცამდე ვაზნით სავსე ჩანთა. ამაზე უკეთეს მარაგს სად იშოვნიდნენ ამ გასაჭირში? სქელი ღრუბელივით იდგა ქუჩაში კვამლი. ვინც მთაში ყოფილა და უნახავს სადმე ვიწრო ხეობაში ორ მაღალ ციცაბო მთის მწვერვალს შუა რომ ჩაიჭედება ღრუბელი, ადვილად წარმოიდგენს იმ კვამლს, მრავალსართულიან მაღალ სახლებს შუა მოგროვილს და შესქელებულს, რომელიც ნელ-ნელა იწევდა ზევით ცისკენ, მაგრამ ძირიდან ახალ-ახალი ემატებოდა და ამიტომ იყო, რომ თანდათან იკრიბებოდა და უფრო და უფრო აბნელებდა ქუჩას. ხომ მოკლე იყო შანვრერის ქუჩა, და ძლივძლივობით ხედავდნენ ერთმანეთს ბარიკადი და ზარბაზანი. ალბათ სასურველი იყო ეს სიბნელე ჯარის უფროსთათვის, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ბარიკადის აღება, რომ განზრახ ნაგულისხმევით ცდილობდნენ კვამლის შესქელებას. გავროშისთვისაც ხელსაყრელი იყო ასეთი სიბნელე. ბნელში იყო ჩამძვრალი და ისე მიფოფხავდა. თვითონაც ტანდაბალი იყო პატარა ბიჭი და ისე მიიწევდა იმ ჩანთებისკენ, რომ ძნელი იყო მისი დანახვა. შვიდი თუ რვა ჩანთა დაცალა თავის კალათში ისე, რომ შიში არ განუცდია. გულდაღმა იწვა და ისე მიხოხავდა ოთხი ფეხით. კალათს კბილებით მიათრევდა. იკრუნჩხებოდა, მიცურავდა, მიცოცავდა, მიგორავდა. ერთი მკვდრისაგან მეორესკენ გადადიოდა და ისე სცლიდა ჩანთებს, როგორც მაიმუნი, კაკალს რომ შეექცევა. ჯერ ახლო იყო ბარიკადთან, მაგრამ იქიდან ყვირილს ვერა ბედავდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყო, რადგან მტერი გაიგონებდა და ახლა იმას აუტეხდა სროლას. ერთ მკვდარ ათისთავს თოფისწამლით სავსე პარკი უპოვა.

- გაჭირვებისას გამომადგება, - წამოიძახა სიხარულით და ჯიბეში ჩაიდო.

ასე მიჰყვა ქუჩას და იქ აღმოჩნდა, სადაც ნაკლებად ტრიალებდა კვამლი.

დაინახა ჯარმა, დაინახეს მსროლელებმა, რომლებიც თავიანთი ქვაყრილის უკან ჩასაფრებულიყვნენ და იქიდან ისროდნენ; დაინახეს გვარდიელებმა, ქუჩის კუთხეში რომ იდგნენ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: - რა არის იმ სიბნელეში რომ დაცოცავსო.

ერთ ათისთავთან მიცოცდა გავროში, ჩაცალა კალათში მისი ვაზნები და ტყვიაც მოხვდა მკვდარ ათისთავს.

- აი, ეშმაკმა დალახვროს! - შეჰყვირა გავროშმა. - მკვდრებს მიხოცავენ!

მეორე ტყვია ქვას ეცა, იქვე, იმის გვერდით. მესამემ კალათი გადაუბრუნა. გადაიხედა გავროშმა, გადახედა ჯარს და ზარბაზნებს, წელში გასწორდა. თმას ქარი უთამაშებდა, დოინჯი შემოიყარა, გადახედა მთავრობის ძალებს, რომლებიც ისევ ისროდნენ, და დასძახა: მახინჯად იქცნენ ნანტერის მკვიდრნი, ვოლტერის ბრალია, გამოთაყვანდნენ პოლესოს მკვიდრნი, სულ რუსოს ბრალია. მერე აიღო თავისი კალათი, შიგ ჩააწყო დაბნეული ვაზნები ისე, რომ ერთი არ დავიწყებია, წინ წაიწია ზარბაზნებისაკენ და ახლა იქ დასწვდა ჩანთას. აქაც დაუმიზნეს, მაგრამ არც ეს მეოთხე მოხვდა და მხიარულად შესძახა: ვერაფრით წინ ვერ წავედი, ესეც ვოლტერის ბრალია, ჩემს ბედს გაუტყდა ბორბალი, ესეც სულ რუსოს ბრალია. მეხუთე ტყვიაც ასცდა და მესამე ხანა ამღერა: გაბღენძილებს რომ სულაც ვერ ვბაძავ, ვოლტერის ბრალია, სიღარიბე რომ ბურთად მაგორებს, სულ რუსოს ბრალია. გავროში მღეროდა, ისინი ესროდნენ. საშინელი იყო ეს სურათი და თანაც მომხიბლავი. გავროში დასახვრეტად ჰყავდათ მიზანში ამოღებული და ის კი მხიარულად აღიზიანებდა თავის დამხვრეტელებს. ეტყობოდა, ძალიან სასიამოვნოდ ეჩვენებოდა ეს ბრძოლა, ხარობდა ბიჭი. ბეღურა ჩიტი იყო, რომელიც აკენკვას უქადდა მონადირეებს. როგორც კი ესროდნენ, მაშინვე სიმღერით უპასუხებდა. სულ იმას უმიზნებდნენ და სულ აცდენდნენ. ჯარისკაცები და გვარდიელები იცინოდნენ და ისე სტენავდნენ თოფს. ისიც დაეცემოდა ხოლმე მიწაზე, მერე ისევ წამოვარდებოდა, სადმე ალაყაფის კარებთან მიიკუნჭებოდა, ისევ ქუჩაში ჩახტებოდა, სადღაც გაქრებოდა, ისევ გაჩნდებოდა, მიიმალებოდა, ფინდიხით სროლას ცხვირს უჩვენებდა, ოღონდ ხელის მაგივრად ფეხს უქნევდა, და ამასობაში აგროვებდა ვაზნას და ავსებდა თავის კალათს. ბარიკადიდან შეჰყურებდნენ აჯანყებულები და გული უწუხდებოდათ შიშით. ბარიკადი კანკალებდა, გავროში კი მღეროდა. ეს არ იყო პატარა ბიჭი, ეს არც კაცი იყო, უცნაური გამენი იყო, ქაჯი; იტყოდით, ქონდრის კაცია ბრძოლაში ტყვიისთვის მიუწვდომელიო. ტყვია დასდევდა პატარას, მაგრამ ის უფრო ცქვიტი იყო და გაურბოდა. საშინელ ძალასაც ეთამაშებოდა, სიკვდილს, - თუ ბიჭი ხარ, დამეწევიო! - და როგორც კი მიუახლოვდებოდა ცხვირჩაჭყლეტილი პირისახე სიკვდილისა, გამენი წკიპურტსა ჰკრავდა შიგ გულში. ერთი ტყვია კი, უფრო უკეთ დამიზნებული, ან უფრო ვერაგი, მაინც მოხვდა პატარა ბიჭს, ამ ცთომილ ვარსკვლავს. დაბარბაცდა გავროში, ძირს დაეშვა. ერთად შეჰყვირა მთელმა ბარიკადმა, მაგრამ დევგმირი ანტეოსი იყო ეს ჯუჯა პიგმეი, გამენი რომ ქვაფენილს შეეხება, ისე გამოცოცხლდება, როგორც ბუმბერაზი, მიწას რომ შეეხება. გავროში იმისთვის წაიქცა მხოლოდ, რომ უფრო მარჯვედ ამდგარიყო. იქვე წამოდგა ფილაქანზე, თავიდან სისხლი სდიოდა. ორივე ხელი ზევით აიწია, გაიხედა იქით, საიდანაც ეს ტყვია ეწვია, და ისევ სიმღერა დასძახა: მე რომ უმწეო ჩიტი ვარ, ესეც ვოლტერის ბრალია, ყველა ადვილად დამიჭერს, ესეც სულ... ვეღარ გაათავა. მეორე ტყვია მოხვდა, ალბათ იმავე მსროლელისა, და ხმა ჩააწყვეტინა საწყალ ბიჭს. ახლა კი წაიქცა, პირაღმა დაეშვა მიწაზე და აღარც კი გაინძრა. ზეცას გაფრინდა ეს პატარა დიდებული სული.

ნახვა: 1391

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters