6 ივლისი, ორშაბათი

      დილის 6 საათზე ზარის რეკვამ გამაღვიძა. სამწუხაროდ, სანამ ჩავიცვამდი, ღვთისმსახურება უკვე დაწყებულიყო. ეკლესიაში ბევრი ხნიერი ქალი იყო. არ მინდოდა, ხალხის ყურადღება მიმეპყრო და ამიტომ იქვე, შესასვლელთან დავდექი, რადგან ეკლესიიდან წასვლას ღვთისმსახურების დასრულებამდე ვაპირებდი.

      ჩემ გვერდით რამდენიმე ქალი იდგა. ერთს მარჯვენა ხელი არ ჰქონდა და პირჯვარს მარცხენით იწერდა. მეორე ბლითებით სავსე კალათი ეჭირა, იქ მყოფ ქალებს თითო-თითოს ურიგებდა და სთხოვდა, რომ ორი სულისთვის, ალბათ, მისი ოჯახის წევრების ან ნათესავთა სულებისთვის ელოცათ. ცალხელა ქალმა ორი სულისთვის სალოცავად ორი ბლითი მოსთხოვა. ბლითი მეც მივიღე და მადლობა თავაზიანად გადავუხადე რუსულად. „lsh ti, tak khoroso govorit po russki“[1] - თქვა მან. ალბათ, ბერძენი ვეგონე და პატრიოტული გრძნობით აღვსილმა, მეორე ბლითიც მაჩუქა.

      ნასაუზმევს ერთ მორჩილთა ერთად სადგურში წავედი ჩემოდნის წამოსაღებად. შემდეგ მისი უწმინდესობის, იერუსალიმის პატრიარქის, სანახავად ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ ტაძარში, უფლის საფლავის ეკლესიაში[2] წასვლას და შუადღისას სადილობაზე დაბრუნებას ვაპირებდი.

      უფლის საფლავის ეკლესია გალავნით გარშემორტყმული ძველი ქალაქის ცენტრში დგას. ახალი იერუსალიმი ფართო ქუჩებით, მაღალი და ლამაზი შენობებით და ევროპული ყაიდის მაღაზიებით გალავნის მიღმაა. რუსული წარმომადგენლობის შენობა ახალ რაიონშია და ძვირადღირებულია, რადგან მიწის დიდ ნაკვეთსაც ფლობს. შენობებში, სადაც ადრე რუსეთიდან ჩამოსული მრავალი მომლოცველი თავშესაფარს პოულობდა, ახლა პალესტინის მთავრობაა განთავსებული. ბერებს ამ შენობების ძალზე მცირე ნაწილი უჭირავთ.

      უფლის საფლავის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მრავალი ძველი მონასტერი. მათგან სამმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და ისტორიის მონაკვეთი გამახსენდა, როცა იქ ჩასული ქართველნი, მარტოსულნი, მიუსაფარნი და ყველასთვის უცხონი არ იყვნენ. იერუსალიმში ჩემსავით აქეთ-იქით არ დაეხეტებოდნენ ტაძრების საძებნელად. იმ დროს ქართველები იერუსალიმში ჩამოდიოდნენ, როგორც აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს შვილები. შემოდიოდნენ დროშების ფრიალით, მხიარულ სიმღრებს და ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ. სხვებისგან როდი ითხოვდნენ შემწეობას ან მფარველობას. პირიქით, სხვებს მათგან სჭირდებოდათ დახმარება. მრავალი მონასტერი ჰქონდათ, სადაც ყველას შეეძლო თავშესაფრის პოვნა. ძველი ისტორია და ამ მონასტრების წვლილი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში კიდევ უფრო ზრდიდა ენთუზიაზმს და სურვილს, რომ მათთვის მიებაძათ.

      რამდენიმე ასეთი მონასტრის გვერდით უნდა ჩამევლო. პირველი ქუჩა მარცხნივ, პატარა ბორცვზე გადადის და ფრანცისკელთა "Casa Nova"-დან[3] ფრანცისკელთა მონასტრისკენ მივყავართ, რომელიც იერუსალიმში კათოლიკეთა ციტადელს წარმოადგენს. ამ მონასტერს „სან სალვადორეს“[4] ეძახიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონასტერი ერთობ სახელგანთქმულია, მისი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. ფრანცისკელები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ იგი ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდა. სავარაუდოა, რომ ეს არის ყველაზე ძველი ქართული მონასტერი, დაარსებული მე-5 საუკუნეში პეტრე იბერის[5] მიერ.

      ფრანცისკელი მამები წერენ და ყვებიან, თუ როგორ მიჰყიუდეს მათ ქართველებმა ეს მონასტერი 1551 წელს; თუმცა ფრანცისკელთა საბუთებში ოდნავ განსხვავებული ამბავია მოთხრობილი.[6] ეკლესია, რომელიც ქართველთა დროს არსებობდა, 1889 წელს დაანგრიეს (ძალიან მცირე ზომისა იყო დ აკათლიკური ქვეყნებიდან ჩამოსულ უამრავ მომლოცველს ვერ იტევდა) და მის ნაცვლად ახლანდელი უზარმაზარი, თუმცა არცთუ ისე ლამაზი ეკლესია აღმართეს. საკათედრო ტაძრის შენობას ქართული სტილის გავალენა ოდნავ ატყვია. წამიკითხავს, რომ მშენებლობის დროს უპოვიათ რამდენიმე ძველი ქართული წარწერაც, რომელიც მონასტრის მუზეუმში უნდა ინახებოდეს. ცხადია, მათ ნახვა მინდა. როგორმე მცველისგან[7] შუამდგომლობის წერილი უნდა მივიღო და მონასტერი დაწვრილებით შევისწავლო.

      ამ მონასტერის გარდა, უფლის საფლავის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, ქუჩის მარცხენა მხარეს, წმ. ბასილის დედათა მონასტერს შეხვდებით, ხოლო ქუჩის მარჯვენა მხარეს - წმ. თევდორეს მონასტერს. ორივე ქართული მონასტერია. ეს ნაგებობებიც რაც შეიძლება დაწვრილებით უნდა შევისწავლო.

      შუადღე ახლოვდებოდა, მაგრამ უფლის საფლავის ეკლესია ჯერ კიდევ ბინდბუნდით იყო მოცული. თუმცა ბევრი წამიკითხავს ამ ეკლესიაზე და მისი მრავალი ფოტოსურათიც მინახავს, იგი ჩემთვის მაინც სრულიად ახალი და უცნობი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მინახავს ამაზე უფრო დიდი ტაძრებიც, მაგრამ ამ ეკლესიამ მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სიძველისა და განსაკუთრებულობის გამო. ეს ეკლესია მრავალი თაობის მიერ წარმოთქმული ურიცხვი ლოცვისა და ვედრების მოწმეა და აქ მათი უხილავი, მაგრამ მაინც შესამჩნევი ძალა იგრძნობა. ეს ძალა ერთდოულად ამაფორიაქებელიც არის და დამამშვიდებელიც. ეკლესიაში დრო სწრაფმავალია. ეს ეკლესია ისტორიისა და მრავალი თაობის ცხოვრების წარმომსახველია.

      ეს ყოველივე მხოლოდ ჩემთვის არ გახლდათ უცხო. თავად მეც უცხო ვიყავი დღედაღამ აქ მყოფი ბერებისთვის. ყველანი ერთპირად მე მიყურებდნენ. რამდენიმე ერისკაცმა დახმარება შემომთავაზა. მე ყველა შემოთავაზებაზე უყოყმანოდ უარი ვთქვი და ვიკითხე, ვინმეს ხომ არ შეეძლო, საპატრიარქოსკენ გამძღოლოდა. ერთი კაცი მაჩვენეს და ისიც მითხრეს, რომ იგი ვალდებული არ იყო, გამომყოლოდა. „რა თქმა უნდა, ეს ვიცი, - მივუგე მე, - გასამრჯელოს მივცემ“. როცა ტაძრიდან გამოვდიოდი, თურქი კლიტეთმპყრობელი ჩემი სადაურობით დაინტერესდა. როცა შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, თქვა: „ჩვენი არაბული წიგნებიდან ვიცი, რომ თქვენებურები აქ უწინ მრავლად იყვნენ და ძალაც შესწევდათ“

      იერუსალიმის პატრიარქმა ტიმოთემ[8] დაუყოვნებლივ მიმიღო. მისი მზერიდან და მიმოხვრიდან უბრალოება გამოსჭვიოდა, რაც ასე ახასიათებთ აღმოსავლელ ეპისკოპოსებს. ხელი გამომიწოდა და მოწიწებით ვემთხვიე. შემდეგ გვერდით დამისვა. მე თან მქონდა რუსულ ენაზე დაწერილი შუამდგომლობის წერილი, რომელიც მასთან ჩემმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა დიონისიმ[9] გამატანა; აგრეთვე ერთი წერილი ბერძნულ ენაზე, პარიზის ქართული მრევლის მეთაურის, არქიეპისკოპოს გერმანოსის[10] გამოგზავნილი. ჩვენ ინგლისურად ვსაუბრობდით და პოლონეთში მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობაზე ვბჭობდით. საუბრის დროს პატრიარქთან ერთი არქიმანდრიტი შემოვიდა. როცა შეიტყო, რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე მითხრა: „თქვენი და ჩვენი ეკლესიები ძველად დაახლოებულნი იყვნენ“. „ეს ახლაც გრძელდება, - მივუგე მე, - იერუსალიმის წმინდა საკათედრო ტაძარი დიდი ყურადღებას იჩენს საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების მიმართ. აღსანიშნავია, რომ მან პირველმა აღიარა საქართველოს ეკლესიის აღდგენა“.[11]

      ისინი ძალიან წუხდნენ საქართველოში იერუსალიმის საპატრიარქოს საკუთრების ბედზე და აინტერესებდათ, ოდესმე თუ შეძლებდნენ მის დაბრუნებას. „ჩვენ კი ძალიან გვადარდებს ბედი ძველი ქართული მონასტრებისა, რომლებიც ახლა საპატრიარქოს ხელშია და გვაინტერესებს, ოდესმე თუ დავიბრუნებთ მათ“ - მივუგე მე.

      არქიმანდრიტს ნარცისი ერქვა. იგი საპატრიარქოს სამეცნიერო ჟურნალის, „ნეა სიონის“ ერთ-ერთი გამომცემელი გახლდათ. შემდგომში რამდენჯერმე შევხვდი მას და ყოველთვის ძალიან თავაზიანად მეპყრობოდა.

      მისმა უწმინდესობამ ყველა თხოვნა დიდსულოვნად შემისრულა. მე კი ბევრი რამ მსურდა, სახელდობრ: 1) შესაძლებლობა უნდა მქონოდა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში ოფიციალურ საათებში მემუშავა; 2) უფლება მქონოდა, სამ დღეს მეცხოვრა წმინდა ჯვრის მონასტერში და მათი მასპინძლობით მესარგებლა. ეს მონასტერი ქართველთა აშენებული იყო და მას ისინი ყველაზე დიდხანს ფლობდნენ. უკანასკნელი ქართველი ბერი იქ მე-19 საუკუნის შა წლებში კიდევ ცხოვრობდა. შუა საუკუნეებში ეს მონასტერი ქართული კულტურის ცენტრს წარმოადგენდა და ჩვენი უდიდესი პოეტი, შოთა რუსთაველი, იქ ბერად იყო აღკვეცილი. წელს მისი უკვდავი ეპიკური ქმნილების, „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 750 წლისთავი აღინიშნება. პოეტი მონასტრის ეკლესიაშია გამოსახული. ამაოდ მქონდა იმედი, რომ ბედი გამიღიმებდა და იქ მის საფლავს აღმოვაჩენდი.

      იმის ნებართვა დამრთეს, რომ მსოფლიოს ერთ ყველაზე ასკეტურ მონასტერში, იუდეის უდაბნოში მდებარე წმინდა საბას დიდ ლავრაში რამდენიმე დღე გამეტარებინა. ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ უფლება მომცეს, მთელი თვის მანძლზე საპატრიარქოს ნებისმიერ მონასტერსა და ეკლესიაში, სადაც ვისურვებდი, ღვთისმსახურებაში მიმეღო მონაწილეობა.

      მისმა უწმინდესობამ არქიმანდრიტი მამა კალიქსტი მომიჩინა გამყოლად და შუამავლად. მას კიევის თეოლოგიური აკადემია ჰქონდა დამთავრებული და იმ დროისთვის ბევრი აკადემიური ნაშრომის ავტორი იყო. იგი ჩვენს მიტროპოლიტს, დიონისისა და ვოლონიის არქიეპისკოპოსს ალექსისაც მასპინძლობდა, როცა ისინი წმინდა მიწას ესტუმრნენ.

      წარმომადგენლობაშ კმაყოფილი დავბრუნდი, რადგან ჩემს მიზნებს მივაღწიე. შუადღე ახლოვდებოდა. ჩვენს მონასტრებში პუნქტუალობას მიჩვეულნი არ ვართ, ბერებს არ აქვთ დროის განრიგი. აქ კი ყველაფერი საათბრივად არის განსაზღვრული. სიამოვნებით აღვნიშნავ ამ გარემოებას, რადგან იგი წინამძღვრის წესრიგიანობის მაჩვენებელია.

      სადილი, ჩვეულებრივ წარიმართა, ისევე, როგორც სხვა მონასტრებში. წინამძღვარს ველოდით და ვლოცულობდით. სადილობისას ერთი მორჩილი იმ დღისთვის განკუთვნილ წმინდანის „ცხოვრებას“ კითხულობდა, ორი დიაკონი კი სუფრას ემსახურებოდა. ნასადილევს ისევ ვილოცეთ. შევიტყვე, რომ რამდენიმე ბერი „ზემო“ მონასტერში (ენ კერემში) აპირებდა წასვლას. მომდევნო დღეს, ძველი კალენდრით 24 ივნისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღე იყო და ღვთისმსახურება აღსრულდებოდა წმინდა ზაქარიას სახლში, რომელიც წარმომადგენლობის საკუთრება იყო. ღვთსმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად მეც მიმიწვიეს. გაფიცხვის გამო მონასტრისკენ ავტობუსები არ მიდიოდა და გზის დიდი ნაწილი ფეხით უნდა გაგვევლო, თუმცა მე სიარული არ გამიძნელდებოდა.

      დაახლოებით სამ საათზე გავემგზავრეთ. ჩავსხედით ავტობუსში, რომელიც ებრაელთა კოლონიამდე მიგვიყვანდა, ანუ თითქმის ნახევარ გზას გაგვატარებდა და შემდეგ ასე, ხუთი კილომეტრი ფეხით უნდა გაგვევლო. უნებურად გამახსენდა გუშინდელი დღე და ქალი, ელისაბედს რომ მივამგვანე, მთები, რომელთა ხილვისას ღვთისმშობლის მოგზაურობა ზაქარიას სახლამდე წარმომესახა და მისი ტკბილი ჰიმნის ჰანგები ჩამესმა.

      მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. მოასფალტებულ გზას აღმართ-აღმართ მივუყვებოდით, თითქოს უდაბნოში მივაბიჯებდით, სადაც შებინდებისას მზის ოქროსფერი ანარეკლი მეწამულად იფერება. საქართველოში ასეთ ნათებას „მკვდრის მზეს“ ეძახიან. გარემო გასაოცრად ჩაწყნარებულია. გზად არავინ შეგვხვედრია. ამბობენ, ეს გზა სახიფათოაო. თუმცა მე გული ხიფათს არ მიგრძნობდა. ვიღაცამ გალობა წამოიწყო და მე ეს მკრეხელობად მეჩვენა.

      როგორც იქნა, გამოჩნდა სოფელი ენ კერემი, სადაც მონასტრის შენობა და ფრანცისკელთა ეკლესიის კოშკებია. გადმოცემის მიხედვით, იოანე ნათისმცემელი აქ უნდა იყოს დაბადებული. ფრანცისკელთა სხვა ეკლესია, ზაქარიასა და ელისაბედის საზაფხულო სახლი, მარცხნივ, მოპირდაპირე მთაზეა. მონასტრის გვერდით მიწის დიდი ნაკვეთი, მთელი ფერდობი მართლმადიდებლური მონასტრის საკუთრებაა. ამ მონასტერს თავისი ეკლესია აქვს, სადაც ებრაელი მღვდლის ოჯახი ცხოვრობდა. გულისწუხილი მეუფლება იმის გამო, რომ ოდესღაც აქ იყო მღვდელმსახური, ერთდროულად სამ სახლს რომ ფლობდა, რად უნდოდა? აქ მთებში ცხოვრობდა წმინდა ოჯახი, ამ ჰაერს სუნთქავდა, აქ იშვა და სიჭაბუკე გაატარა იმან, ვისზე უმეტესი „დედისაგან შობილი არავინ აღმდგარა“.[12] აქ ესტუმრა ღვთისმშობელი ელისაბედს; ეს არის წყარო, სადაც მან წყალი შესვა. ეს უკვე საკმარისია ღვთისმოსავის წარმოსახვისთვის.

      სოფლის განაპირას ახალი, ყვავილებით დაფარული საფლავია. აქ ახალი დროის გმირი, რევოლუციის დროს მოკლული არაბი განისვენებს. ერთი მოხუცი ქალი რუსულად მოგვესალმა. უკვე ორმოცი წელია, რაც ეს ქალი იერუსალიმელ ბერებს თხის რძით ამარაგებს. აქედან უკვე მოჩანდნენ მონაზვნები, რომელნიც მონასტრიდან ჩვენ შესაგებებლად მოეშრებოდნენ. მონასტრის შენობა რამდენიმესართლიანია. სართლებს ტერასების ფორმა აქვს. იღმენია და რამდენიმე მონაზონი კარიბჭესთან დაგხვდნენ. ზარები რეკავდა, როცა შევედით ბაღში, სადაც სამსართლიანი სასტუმრო სახლი იდგა. ჯერ ჩაი დავლიეთ, მერე ცოტა დავისვენეთ, შემდეგ კი საღამოს საგანგებო ღვთისმსახურება გაიმართა. აკათისტოთა[13] (ლიტანია) თანხლებით მხოლოდ მონაზვნები გალობდნენ, ჩვენ კი იკოსებს[14] ვკითხულობდით. არქიმანდრიტს თავზე ჯვრიანი მიტრა ეხურა, ჩვენ მიტრის გარეშე ვიყავით. საგანგებო ღვთისმსახურებაზე Magnificat იგალობეს. გულისფანცქალით ველოდი ამ წუთს. ბაღში ვიდექი, მთის ძირას. ეკლესია იმხელა არ იყო, რომ ყველა დატეულიყო. იმჟამად იქ ასზე მეტი მონაზონი და კიდევ მრავალი სტუმარი იმყოფებოდა. ჰაერი არ იძვროდა, ჯერ არ დაბინდულიყო. ერთ კაცს თავზე შემოდებული ახალი გამომცხვარი პური სახაბაზოდან საერთო სასადილოში მიჰქონდა, რომელიც შემაღლებულ ადგილას, ზედა ტერასაზე იყო. ახლადგამომცხვარი პურის სუნი ეკლესიიდან მომდინარე საკმვევლისა და მცხუნვარე ზაფხულის მყუიდრო საღამოს გაფურჩქნულ ყვავილთა სურნელს ერწყმოდა. ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი და დიდებული საგალობელი ეკლესიიდან ზეცისკენ მიემართებოდა.

გრიგოლ ფერაძე, იერიქონის ვარდები, ენ კერემი, წირვა, იოანე ნათლისმცემელი, ქველი, ლიტერატურა, qwelly

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] „შეხედეთ, რა კარგად ლაპარაკობს რუსულად“(რუს.).

[2] წმინდა საფლავის ბაზილიკა, იგივე ანასტასისის (ბერძნ. „აღდგომის“) ბაზილიკა - მდებარეობს იერუსალიმის ძველი ქალაქის ქრისტიანულ ნაწილში, იმ ადგილზე, სადაც აღმოაჩინეს იესო ქრისტეს საფლავი.

[3] Casa Nova (იტალ. „ახალი სახლი“) - სასტუმრო სახლი პილიგრიმებისთვის, რომელიც 1866 წელს ააშენეს ფრანცისკელებმა (წმ. ფრანცისკე ასიზელის კათლიკური ორდენის წევრებმა).

[4] San Salvador (იტალ. „წმინდა მხსნელი“) - მაცხოვრის სახელზე აგებული მონასტერი იერუსალიმშ, ძველ ქალაქში.

[5] პეტრე იბერი (დაახლ. 417-491 წწ.) - ქართვლი უფლისწული, ცნობილი ბერ-მონაზონი. მის სახელთანაა დაკავშრებული პირველი ქართული მონასტრის დაარსება წმინდა მიწაზე.

[6] E. Horn, Ichnographiae Locurum et Monumentorum Veterum Terrae Sanctae, accurate delineatae et descriptae, ed. G. Golubovich., Rome, 1902. Ichnographiae Locurum et Monumentorum Veterum Terrae Sanctae, ed. and trans. E. Hoade and Bagatti, SBF. Coll. Maj., vol XI.,Jerusalem, 1962.

[7] ფრანცისკელთა მცველი (მზრუნველი) - ამ ტიტულით მოიხსენიება წმ. მიწაზე მოღვაწე ფრანცისკელების მეთაური. მცველს ნიშნავს წმ. ფრანცისკის კათოლიკური ორდენი რომის პაპის თანხმობით.

[8] ტიმოთე I (პითაგორას თელმესი, 1878-1955) - იერუსალიმის პატრიარქი 1935 წლიდან.

[9] დიონისი (კონსტანტინე ვალედინსკი, 1876-1960) - 1923 წლიდან ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტი. 1933 წელს მან პოლონეთში მიიწვია მამა გრ. ფერაძე, როგორც პოლონეთის ქართული კოლონიის მეურვე და ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური თეოლოგიის კათედრის პროდუსერი.

[10] არქიეპისკოპოსი გერმანოსი (სტრინოპულოსი, 1872-1951). მან 1931 წელს წმ. გრიგოლ ფერაძე აკურთხა მღვდლად.

[11] იგულისხმება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მხარდაჭერა.

[12] მათე 11,11.

[13] აკათისტოს (ბერძნ. „დაუჯდომელი“) - ლიტურგიკული ჰიმნი, რომელიც 12 საგალობლისგან შედგება, აღესრულება ფეხზე დგომით.

[14] იკოსი - დაუჯდომელი საგალობლიდან ერთი სტროფი.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 433

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters