ფრანსუა რენე შატობრიანი - დაკრძალვა

← დასაწყისი

„ოჰ, რენე, დღეს ვერ გამოვხატავ იმ სასოწარკვეთილებას, რომელმაც ჩემი სული შეიპყრო, როცა ატალას უკანასკნელი სუნთქვა აღმოხდა. ამისთვის იმაზე უფრო მეტი მგზნებარება იქნებოდა საჭირო, ვიდრე ახლა მაქვს. საჭირო იქნებოდა ჩემს დავსილ თვალებს მზის ხილვა შესძლებოდა, რათა მზისათვის ანგარიში მომეთხოვა მის სინათლეზე დაღვრილი ცრემლისათვის. დიახ, ეს მთვარე, ახლა თავზე რომ დაგვკაშკაშებს, უფრო ადრე კენტუკის უდაბნოების გაშუქებით მიაცურებს, დიახ, ეს მდინარე, რომელიც ახლა ჩვენს პიროგებს მიაცურებს, უფრო ადრე თავის წყალთა სრბოლას შეაჩერებს, ვიდრე მე ატალასთან ცრემლის ფრქვევას შევწყვეტდე! მთელი ორი დღე განდეგილის სიტყვების მიმართ უგრძნობი ვიყავი. ჩემი მწუხარების დასამშვიდებლად ეს შესანიშნავი ადამიანი სრულიად არ იყენებდა ამქვეყნიური ამაო მოსაზრებებს, მხოლოდ მეუბნებოდა: „ჩემო შვილო, ასეთია ნება უფლისა“, და მკერდში“ მიკრავდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, ეს რომ ჩემს თავზე არ განმეცადა, თუ ბედის მორჩილი ქრისტიანის ამ რამდენიმე სიტყვაში ამდენი ნუგეში იქნებოდა.

„ღვთის მოხუცი მსახურის სინაზემ, გულჩვილობამ, შეურყევლობამ სულგრძელობამ ჩემი მწუხარება დასძლია. შემრცხვა ცრემლისა, რომელსაც მას ვაღვრევინებდი. „მამავ, - ვუთხარი, - ეს კი უკვე მეტისმეტია: დაე, ახალგაზრდა ადამიანის ვნებებმა შენი დღეების სიმშვიდე აღარ შეაშფოთოს. ნება მომეცი, ჩემი ცოლის ცხედარი წავასვენო. მაშ სადმე უდაბნოს კუთხეში დავკრძალავ, და თუ მე კიდევ სიცოცხლე მაქვს მოსჯილი, ვეცდები ღირსი გავხედე იმ მარადი ქორწინებისა, რომელიც ატალამ აღმითქვა“. ამ მოულოდნელი მხნეობის დაბრუნების გამო, კეთილი მამა სიხარულით აკანკალდა: „ოჰ, იესო ქრისტეს სისხლო, ჩემი ღვთიური მასწავლებლის სისხლი, მე ვცნობ შენს ღვაწლს! ამ ჭაბუკს შენ უეჭველი იხსნი. ღმერთო, დაასრულე შენი საქმე. ამ მშფოთვარე სულს სიმშვიდე მოჰფინე და თავისი უბედურებისაგან მხოლოდ წყნარი და სასარგებლო მოგონება დაუტოვე!“

„მართალმა კაცმა უარი მითხრა, ლოპესის ასულის ცხედარი ჩემთვის დაეთმო, მაგრამ წინადადება მომცა, ახლა მოქცეულები მოგვეწვია და ატალა ქრისტიანული ზეიმით დაგვეკრძალა. უარი ვუთხარი: „ატალას უბედურება და სათნოება ადამიანთათვის უცნობი იყო, დაე, ჩვენი ხელებით ფარულად გათხრილმა სამარემ გაინაწილოს ეს უცნობელობა“. შევთანხმდით, რომ მეორე დღეს გარიჟრაჟზე წავსულიყავით ბუნებრივი ხიდის მალის ქვეშ, რათა ატალა დაგვეკრძალა სიკვდილის ჭალის შესასვლელთან. აგრეთვე გადავწყვიტეთ, ღამე ლოცვაში გაგვეტარებინა ამ წმინდანის ცხედართან.

„საღამო ხანს ძვირფასი ნეშტი გადავასვენეთ გამოქვაბულის ღია მხარეს, რომელსაც პირი ჩრდილოეთისაკენ ჰქონდა. განდეგილმა ცხედარი ევროპული ტილოს ნაჭერში შეახვია. ეს ტილო განდეგილის დედის მოქსოვილი ყოფილა და ბერს სამშობლოდან ჩამოტანილი ერთადერთი სიმდიდრე ეს შერჩენოდა. დიდი ხნის განმავლობაში ამ ტილოს საკუთარი საფლავისათვის ინახავდა. ატალა მორცხვი მიმოზების მდელოზე იყო დასვენებული. ფეხები, თავი, მხრები და მკერდის ნაწილი დაუფარავი ჰქონდა. თმაში მაგნოლიის დამჭკნარი ყვავილი შერჩენოდა... სწორედ ის, რომელიც სარეცელზე დავუდე ქალწულს, რათა ნაყოფიერი გამხდარიყო. ტუჩები ორი დღის მოწყვეტილი ვარდის კოკორივით თითქოს მოთენთილად უღიმოდა. თვალისმომჭრელად თეთრ ლოყებზე რამდენიმე ლურჯი ვენა ემჩნეოდა. მშვენიერი თვალები დახუჭული ჰქონდა, მოკრძალებული ფეხები ერთმანეთს მიჰკვროდა, ალაბასტრის ხელები აბანოზის ჯვარზე დაეკრიფა. ყელზე თავისი აღთქმის სამხრეული ჰქონდა გაკეთებული. თითქოს სევდას ანგელოზსა და უმანკოებისა და სამარის ორმაგ ძილს მოეჯადოებინა. ამაზე უფრო ციური არაფერი მინახავს. თუ არ გცოდნოდათ, რომ ამ ახალგაზრდა ასულს ოდესმე მზის სინათლე ეხილა, შეიძლება ატალა მიძინებული უმანკოების ქანდაკებად მიგეღოთ.

„ბერს მთელი ღამე ლოცვა არ შეუწყვეტია.

„მე მდუმარედ ვიჯექი ჩემი ატალას სამგლოვიარო სარეცელის სასთუმალთან. მისი ძილის დროს ეს მშვენიერი თავი ჩემს მუხლებზე რამდენჯერმე მედო. რამდენჯერმე დავხრილვარ მისი სუნთქვის მოსასმენად. მაგრამ ახლა მისი მკერდი არავითარ ხმას არ გამოსცემდა, და მშვენიერების გაღვიძებას ამაოდ ველოდი.

„მთვარე ამ სამგლოვიარო ღამისთევაში მკრთალ ჩირაღდნად მოგვევლინა. შუაღამისას ამოვიდა, როგორც მეგობარი ქალის კუბოზე დასატირებლად მოსული თეთრი ქალაქური ვესტასი. მალე მთვარემ ტყეებს მოჰფინა სევდის ის დიდი საიდუმლო, რომლის ამბის მოყოლა მას უყვარს ზღვების ძველი ნაპირებისა და ბებერი შტოს ნაკურთხ წყალში ავლებდა, მერე არხევდა და ღამეს ციური ბალზამის სურნელებით ავსებდა.

„ზოგჯერ იობად წოდებული ძველი პოეტის რამდენიმე ლექსს იმეორებდა ძველებურ ჰანგზე. ის ამბობდა: „ყვავილივით დავიღუპე, მინდვრის ბალახივით დავჭკნი.

„რად მიეცით სინათლე უბედურთ და სიცოცხლე მათ, რომელთა გული სიმწარეს მოუცავს?“

„ასე მღეროდა მოხუცი. მისი მძიმე და ოდნავ მთრთოლვარე ხმა უდაბნოთა სიჩუმეს ეფინებოდა. ყველა ტყე, ნიაღვარი, ყველა გამოძახილი იმეორებდა ღვთისა და სამარის სახელს. ამ სამგლოვიარო სიმღერას ერთვოდა ვირჟინის მტრედის ღუღუნი, მთის ნიაღვრის ხმაურობა, მგზავრთა მხმობი ზარის რეკვა. გეგონებოდა, თითქო სიკვდილის ჭალაში მიცვალებულთა შორეული გუნდის გალობა ისმოდა და განდეგილის სიმღერას ეხმაურებოდა.

„ამასობაში აღმოსავლეთს ოქროს ზოლი მოედო. კლდეებზე მიმინოები კიპკიპებდნენ. კვერნები თელების ღრუბლებში იმალებოდნენ. ეს იყო ნიშანი ატალას დაკრძალვისა. გვარი მხრებზე დავიდე, განდეგილი ბარით ხელში ჩემ წინ მიდიოდა. კლდიდან კლდეზე ჩავდიოდით. მოხუცებულობა და სიკვდილი ჩვენს ნაბიჯს თანაბრად ანელებდა. იმ ძაღლის დანახვამ, რომელმაც ტყეში გვიპოვა, ახლა კი მხიარული ხტუნვით სულ სხვა გზას გვიკვლევდა, ცრემლი დამაფრქვევინა. ატალას გრძელი თმა, დილის ნიავის თავშესაქცევი, ოქროს რიდედ თვალებზე მედებოდა, ტვირთით დაუძლურებული იძულებული ვიყავი, ცხედარი ხავსზე დამესვენებინა და მის მახლობლად დავმჯდარიყავი ძალის მოსაკრებად, ბოლოს იმ ადგილს მივაღწიეთ, რომელიც ჩემმა მწუხარებამ ამოირჩია. ხიდის მალის ქვეშ დავეშვით. ოჰ, ჩემო შვილო! უნდა გენახათ ველური ახალგაზრდა და მოხუცი განდეგილი, უდაბნოში ერთმანეთის წინ დაჩოქილნი, როგორ უთხრიდნენ საფლავს საბრალო ასულს, რომლის ცხედარი იქვე მახლობლად იყო დასვენებული წვიმის ნიაღვრის გამშრალ კალაპოტში.

„სამუშაო რომ დავასრულეთ, მშვენიერება ჩავასვენეთ თიხის საწოლში. ვაიმე! მე კი ვფიქრობდი, მისთვის სხვა სარეცელი მომემზადებინა! მაშინ პეშვით მიწა ავიღე და საშინელ დუმილში ატალას სახეს თვალი უკანასკნელად მივაპყარი, მერე ძილის მიწა თვრამეტი გაზაფხულის შუბლს დავაყარე. ვუცქეროდი, როგორ ქრებოდა თანდათან ჩემი დის სხეული და როგორ იმალებოდა მისი მშვენება მარადისობის დარდით. მისი მკერდი ცოტა ხანს შავ თიხაში ამოსული მთის თეთრი შროშანივით მოჩანდა. „ლოპეს, იხილე მარხავს შენი ვაჟი შენს ასულს“ წამოვიძახე და მე დავასრულე ძილის მიწით ატალას დაფარვა.

„გამოქვაბულში დავბრუნდით, მისიონერს ვუთხარი, რომ მასთან დარჩენა მქონდა გადაწყვეტილი. წმინდანი, რომელიც ადამიანის გულს კარგად იცნობდა, ჩემს აზრს ჩასწვდა, მწუხარებით ნაკარნახევ ხერხს მიმიხვდა. მითხრა: „შაქტას, უტალისის შვილო, როდესაც ატალა ცოცხალი იყო, თვითონ შეიცვალა. შენ მოვალეობა გაქვს სამშობლოს წინაშე. მერწმუნე, ჩემო შვილო, მწუხარება არ არის მარადი, ადრე თუ გვიან, უნდა დასრულდეს, რადგან ადამიანის გული შეზღუდულია. ეს ერთ-ერთი ჩვენი დიდი უბედურებაა. იმის უნარიც არა გვაქვს, რომ დიდხანს ვიყოთ უბედური. დაუბრუნდი მეშასებეს. ანუგეშე დედაშენი, რომელიც ყოველდღე შენზე ტირის და შენს დახმარებას საჭიროებს. შენი ატალას სარწმუნოება შეისწავლე. როდესაც ამის შემთხვევა მოგეცემა, და გახსოვდეს, რომ მას აღუთქვი, იყო სათნო და ქრისტიანი. მე კი აქ მოუვლიდი მის საფლავს. გაემგზავრე, ჩემო შვილო. შენი თანამგზავრი იქნება ღმერთი, დის სული და მოხუცი მეგობრის გული.

„ასეთი იყო კლდეში მცხოვრები ადამიანის სიტყვები. იმდენად დიდი გავლენა, იმდენად ღრმა სიბრძნე ჰქონდა რომ არ შეიძლებოდა არ დავმორჩილებოდი. მეორე დღეს დარბაისელი მასპინძელი დავტოვე, მან მკერდში ჩამიკრა, საბოლოო რჩევა-დარიგება მომცა, დამლოცა და ცრემლი უკანასკნელად დამაფრქვია. საფლავზე წავედი. გაოცებული დავრჩი, როდესაც ზედ აღმართული პატარა ჯვარი დავინახე, ჯვარი დაღუპული გემის ანძასავით მოჩანდა. მივხვდი. განდეგილი ღამით მისულიყო საფლავზე სალოცავად. მეგობრებისა და სარწმუნოების ამ გამოხატულებამ უხვად დამაღვრევინა ცრემლი. სურვილმა შემიპყრო საფლავი გამეთხარა და სატრფო ერთხელ კიდევ მენახა. სარწმუნოებრივმა შიშმა შემაჩერა. ახალნაყარ მიწაზე დავჯექი, მუხლზე ნიდაყვით დაბჯენილ ხელზე თავით დავეყრდენი და დიდხანს ვიყავი ფიქრში ჩაფლული. ოჰ, რენე! სწორედ მაშინ დავფიქრდი ღრმად სიცოცხლის ამაოებაზე და ჩვენი განზრახვების კიდევ უფრო მეტ ამაოებაზე. ეჰ, ჩემო შვილო, გათეთრებული ბებერი ირემი ვარ, ჩემი წლები ყორანის ასაკს ედავება პირველობაში. მიუხედავად ჩემ თავზე გარდავლილ დღეთა სიმრავლისა, ჯერ კიდევ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ბედნიერებაზე ოცნება არ გასცრუებოდეს, არც გული, რომელსაც დაფარული ჭრილობა არ ეტარებინოს. უსეპტაკესი გულიც კი ალაუშას ტრამალს ბუნებრივ ჭას ჰგავს: მისი ზედაპირი წყნარი და კამკამა გვეჩვენება, მაგრამ როდესაც აუზის სიღრმეში ჩაიხედავ, შენიშნავ დიდ ნიანგს, რომელსაც ჭა ასაზრდოებს.

„იმის შემდეგ, რაც ამ მწუხარების ადგილზე მზის ამოსვლა და ჩასვლა ვიხილე, მეორე დღეს, როგორც კი გაისმა ყარყატის პირველი ძახილი, მოვემზადე წმინდა საფლავის მისატოვებლად. იქიდან წავედი, როგორც სამანიდან, რომლიდანაც მსურდა სათნოების გზას დავდგომოდი. ატალას სულს სამჯერ მოვუხმე, ჩემს ძახილზე უდაბნოს სულმა სამჯერ მიპასუხა სამგლოვიარო მალის ქვეშ. მერე სალამი მივეცი აღმოსავლეთს და შორს, მთების ბილიკებში, შევნიშნე განდეგილი, რომელიც ვიღაც უბედურების ქოხში მიდიოდა. დავიჩოქე, საფლავს ჩავეკარი და წამოვიძახე: „მშვიდად იძინე ამ უცხო მიწაში, უბედურო ასულო! შენი სიყვარულის, გარდახვეწისა და შენი სიკვდილის ჯილდოდ შაქტასიც კი გტოვებს!“ აქ ზღვა ცრემლი დავღვარე და ლოპესის ასულს გავშორდი. ასე მოვწყდი ამ ადგილებს და ბუნების ძეგლის ძირას დავტოვე უფრო დიდებული ძეგლი: სათნოების მოკრძალებული საფლავი“.

 

ეპილოგი

შაქტასი, უტალისის ვაჟმა, ნატჩემა, ეს ამბავი მოუთხრო ევროპელ რენეს. მამებმა ეს შვილებს უამბეს, და მე, შორეულ ქვეყანაში მოგზაურმა, ზუსტად გადმოგეცით ის, რაც ინდიელებისაგან გავიგონე. ამ ნაამბობში ვნახე მონადირე ხალხისა და მიწის მუშა ხალხის ცხოვრების სურათი. რელიგია - ადამიანთა პირველი კანონმდებელი. უვიცობითა და სარწმუნოებრივი აღტაცებით გამოწვეული საფრთხე, რომელიც დაპირისპირებული იყო ცოდნასთან, მოწყალებასა და სახარების ჭეშმარიტ სულთან. ვნებათა და სათნოებათა ბრძოლა ალალ-მართალ გულში. ბოლოს ვნახე ქრისტიანობის გამარჯვება ყველაზე უფრო მგზნებარე გრძნობისა და ყველაზე უფრო საზარელ შიშზე: სიყვარულსა და სიკვდილზე.

როდესაც ერთმა სიმინოლმა ეს ამბავი მიამბო, მომეწონა, როგორც ძალიან ჭკუის სასწავლი და უზადოდ მშვენიერი ამბავი, რადგან მან ეს მოთხრობა მწუხარებაზე შეამკო. უდაბნოს ყვავილთ, ქოხის მშვენებითა და სისადავით, რისი შენარჩუნებაც მე ვერ შევძელი. მაგრამ ერთი რამ დამრჩა გასაგები. ვკითხულობდი, მამა ობრის მოუვიდა-მეთქი, და ამის მთქმელი არავინ იყო. ეს გაუგებარი დამრჩებოდა, რომ განგებას, რომლის ნების გარეშე არაფერი ხდებოდა, ჩემთვის გზა არ გაეკვლია იმისაკენ, რასაც ვეძებდი. აი როგორ მოხდა ეს: მე დავიარე ნაპირები მეშასებესი, რომელიც ოდესღაც ახალი საფრანგეთის სამხრეთ საზღვრად ითვლებოდა, და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო მენახა ჩრდილოეთში ამ იმპერიის მეორე სასწაული, ნიაგარის ჩანჩქერი. სულ ახლოს მივედი ამ ჩანჩქერთან აგანონსიონების ყოფილ ქვეყანაში, და ერთ დილას, ველს რომ გადავდიოდი, ხის ქვეშ მჯდომარე ქალი დავინახე. მას მუხლებზე მკვდარი ბავშვი ესვენა. ჩუმად მივუახლოვდი ახალგაზრდა დედას და მოვისმინე, რასაც ამბობდა: „ჩვენთან რომ დარჩენილიყავი, ძვირფასო ბავშვო, შენი ხელი რა მოხდენილად მოსჭიმავდა მშვილდს! მძვინვარე დათვს მოათვინიერებდი. მთის მწვერვალზე შველს რბენაში არ ჩამორჩებოდი. კლდის თეთრო ყარყუმო, ასე ნორჩი რად გაემგზავრე სულითა ქვეყანაში? იქ როგორ იცხოვრებ? მამა იქ არა გყავს, რომ ნანადირევით გამოკვებოს. შეგცივდება, და არც ერთი სული არ მოგცემს ტყავს დასახურავად. ოჰ! უნდა ავჩქარდე შენთან მოსასვლელად, რათა გიმღერო და ძუძუ მოგაწოვო!’

ინდიელთა ჩვეულების მიხედვით, ქალს სურდა თავისი ვაჟის გვამი ხის ტოტზე გაეხმო, რათა მერე წინაპართა საფლავებში დასაკრძალავად წაესვენებინა. ამიტომ დედამ ახალშობილს ტანთ გახადა, პირმშოს ტუჩებს შეუბერა და თქვა: „ჩემი ვაჟის სულო, მშვენიერო სულო, მამაშენმა ოდესღაც ჩემს ტუჩებზე კოცნით გაგაჩინა. ვაიმე! ჩემს კოცნას არ შეუძლია მეორედ გაგაჩინოს“. მერე მკერდი გადაიღეღა და ჩაიკრა გაყინული ცხედარი, რომელსაც დედის გულის ცეცხლი გააცოცხლებდა, ღმერთს რომ სიცოცხლის მიმნიჭებელი სუნთქვა გაემეტებინა.

ქალი ადგა და თვალით შეარჩია ხე, რომლის ტოტებზე შესძლებდა ბავშვის დასვენებას. ეს იყო წითელყვავილებიანი ნეკერჩხალი, რომელსაც მიწის თხილის გირლანდები ეკიდა და ყველაზე უფრო საამო სურნელებას ჰფენდა. ერთი ხელით ბავშვის ცხედარი დაასვენა. მეორე ხელით ხის ქვედა ტოტები დასწია, მეორეთი კი ზედ ბავშვის ცხედარი დაასვენა. მერე ხელი გაუშვა ტოტს, რომელიც თავის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, თან წაიღო სურნელოვან ფოთლებში ჩამალული უმანკოების ნეშტი. ოჰ, რა ამაღელვებელია ინდიელთა ეს ჩვეულება! მინახავხართ, კარასუსებისა და კეისრების ძეგლებო, თქვენს დაცარიელებულ მინდვრებში, და უპირატესობას მაინც ვანიჭებ ველურთა ჰაეროვან საფლავებს, ყვავილებსა და მცენარეულობის მავზოლეუმებს, რომლებსაც ნიავი არხევს და ფუტკარი სურნელებით ავსებს. იქ ბულბული ბუდეს იკეთებს და სევდიანად გალობს, თუ ეს ახალგაზრდა ასულის ცხედარია, რომელიც სიკვდილის ხეზე შეყვარებულის ხელმა ჩამოჰკიდა, თუ ეს ძვირფასი ბავშვის ცხედარია, რომელიც დედამ პატარა ჩიტების ბინაში მოათავსა, მაშინ ამ საფლავების მომხიბლაობა ორკეცდება. მივუახლოვდი ქალს, რომელიც ნეკერჩხლის ძირში კვნესოდა. თავზე ხელები დავადე და სამჯერ ვაი დავიძახე. მერე უსიტყვოდ ტოტი ავიღე და ისე, როგორც დედა შვრებოდა, ბავშვის ცხედარს გარშემო მოზუზუნე მწერები მოვუგერიე, მაგრამ ფრთხილად, რათა, მახლობლად ჩამომჯდარი მტრედი არ დამეფრთხო. ინდიელი ქალი ფრინველს ეუბნებოდა: „მტრედო, თუ შენ სული არა ხარ ჩემი ვაჟისა, რომელიც გამიფრინდა, მაშ სული, უეჭველად დედა ხარ, რომელიც ბუდის გასაკეთებლად რაღაცას დაეძებ. წაიღე ჩემი ბიჭის თმა, რომელსაც აწ ვეღარ დავბან ქინაქინის წყალში, წაიღე თმა, რათა ზედ შენი ბარტყები დააწვინო. დიდმა სულმა შეგინარჩუნოს ისინი!“

დედა სიხარულისაგან ტიროდა, უცხოელის თავაზიანობას რომ ხედავდა. ამ დროს ახალგაზრდა კაცი მოგვიახლოვდა: „სელუტას ასულო, ჩამოიყვანე ჩვენი ბავშვი, აქ დიდხანს აღარ დავრჩებით და მზის ამოსვლისთანავე გავემგზავრებით“. მაშინ მე ვუთხარი: „ძმაო, გისურვებ ლაჟვარდ ცას, მრავალ შველს, წავის მოსასხამსა და იმედს, მაშ, შენ ამ უდაბნოს მცხოვრები არა ხარ?“ „არა, - მიპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - ჩვენ გაძევებული ვართ და ახალი სამშობლოს საძებრად მივდივართ“. ეს რომ თქვა, მეომარმა თავი დახარა; დავინახე, რომ ის მშვილდის ბოლოთი ყვავილებს თავს წყვეტდა. დავინახე, რომ ამ ამბის სიღრმეში ცრემლი იფარებოდა, და დავდუმდი. ქალმა ხის ტოტებიდან ბავშვი ჩამოასვენა და ქმარს გადასცა წასაღებად. მაშინ ვუთხარი: „ნებას ხომ არ მომცემთ, რომ ამაღამ, - მიპასუხა მეომარმა, - თუ გსურთ გამოგყვეთ, ჩვენ ჩანჩქერს ჩრდილოეთით ვართ დაბანაკებული“. „ძალიან მინდა“, - ვუპასუხე და ერთად წავედით.

მალე მივაღწიეთ ჩანჩქერის ნაპირს, წყალი საშინელი ღრიალით შემოგვეგება. ამ ჩანჩქერს ქმნის მდინარე ნიაგარა, რომელიც ერის ტბიდან გამოდის და ონტარიოს ტბაში ვარდება. ჩანჩქერის სიმაღლე ორას ორმოცდაოთხი ფუტია. ნიაგარა, რომელიც ერის ტბიდან გამოსვლის შემდეგ ციცაბო დაღმართზე მიჰქრის და როცა ძირს ვარდება, ის უფრო ზღვაა, ვიდრე მდინარე, რომლის ნიაღვრები უფსკრულის პირდაღებულ ხახაში იჭრება. ორ ჩანჩქერს შორის გამოწეულია კუნძული, ქვემოდან გამოთხრილი, რომელიც ზედ ამოსულა ხეებით ტალღების ქაოსზეა დაკიდებული. ულევი წყალი, რომელიც სამხრეთისაკენ ისწრაფვის, ფართო ცილინდრად მრგვალდება, მერე თოვლის სუფრად იშლება და მზეზე ათასფრად ბრწყინავს. წყალი, რომელიც აღმოსავლეთისაკენ ვარდება, საშინელ წყვდიადში ინთქება, ის მნახველს წარღვნის წყლის სვეტი ეგონება. უფსკრულის თავზე ათასობით ცისარტყელა ირკალება და ჯვარედინდება, წყალი შერყეულ კლდეს ეხეთქება და სხლტება ქაფის მბრუნავ სვეტებად, რომლებიც ტყეებს თავზე დიდი ხანძრის კვამლად აღიმართება, ფიჭვები, ველური კაკლის ხეებია, აჩრდილთა მსგავსად გამოკვეთილი კლდეები ამკობენ ამ სანახაობას. ჰაერის ტალღით გატაცებული არწივები ტრიალ-ტრიალით ეშვებიან უფსკრულის სიღრმეში. ამერიკული მაჩვები მოქნილი კუდებით ტოტების ბოლოებს ეკიდებიან ცხენირმების და დათვების დაფლეთილი ლეშების დასაჭერად.

როდესაც ამ სანახაობას ვუცქეროდი და შიშნარევ სიამოვნებას განვიცდიდი, ინდიელმა ქალმა და მისმა ქმარმა მიმატოვეს. ჩანჩქერის ზევით მდინარეს ავყევი მათ მოსანახად. ისინი მათი მგლოვიარების შესაფერ ადგილას ვიპოვე. მოხუცებთან ერთად ბალახებზე დაწოლილიყვნენ, ნადირის ტყავებში გახვეულ ადამიანთა ძვლების მახლობლად. გაკვირვებული ყოველივე იმით, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში ვნახე, ახალგაზრდა დედის მახლობლად დავჯექი და ვკითხე: „რა არის ყველაფერი ეს, ჩემო დაო?“ ქალმა მიპასუხა: „ჩემო ძმაო, ეს ჩემი სამშობლოს მიწაა, ეს ჩვენი წინაპრების ნეშტია, რომელიც გარდახვეწაში მოგყვება“. „როგორ ჩავარდით ასეთ უბედურებაში?“ წამოვიძახე. სელუტას ასულმა განაგრძო: „ჩვენ ნატჩესების ნაშთი ვართ. მას შემდეგ, რაც ფრანგებმა ჩვენი ტომი გაჟლიტეს, რათა თავიანთი ძმებისთვის შური ეძიათ, ვინც მათ გადაურჩა, თავშესაფარი მეზობელ შიკასებთან ჰპოვა. საკმაოდ დიდხანს ვიყავით იქ მშვიდად. ვირჟინელმა თეთრკანიანებმა ჩვენი მიწები დაიპყრეს. გვითხრეს, ეს მიწები ევროპელმა მეფემ გვიბოძო. თვალი ცას მივაპყარით და, წინაპრების ნეშტებით დატვირთულნი, უდაბნოს გზას გავუდექით. მგზავრობის დროს მოვლოგინდი, და რადგან დარდის გამო ცუდი რძე მქონდა, ბავშვი მომიკვდა“. ახალგაზრდა დედამ ეს მითხრა და თმით თვალი შეიმშრალა. მეც ვტიროდი.

ცოტა ხნის შემდეგ ვუთხარი: „ჩემო დაო, დიდ სულს შევევედროთ. ყოველივე მისი ნებით ხდება, ჩვენ, ყველანი, მოგზაურნი ვართ, მამებიც ჩვენსავით მოგზაურნი იყვნენ. მაგრამ არის ადგილი, სადაც მოვისვენებთ. მეშინია, რომ თეთრკანიანსავით ენატარტალა არ გამოვდგე, თორემ გკითხავდი, ხომ არ გაგიგონია რაიმე ნატჩეს შაქტასზე?“ ეს რომ ვთქვი, ინდიელმა ქალმა შემომხედა და მითხრა: „ვინ გელაპარაკათ ნატჩეს შაქტასზე?“ ვუპასუხე: „სიბრძნე“. ინდიელმა ქალმა განაგრძო: „გეტყვით ყველაფერს, რაც ვიცი, რადგან თქვენ ჩემი ბავშვის გვამს ბუზები მოუგერიეთ და დიდ სულზე ისეთი მშვენიერი სიტყვები წარმოთქვით. მე ვარ შაქტასი, რომელიც მოინათლა, და რენე, უბედური პაპაჩემი ომში ერთად დაიღუპნენ“. „მწუხარება ყოველთვის მწუხარებას სდევს, - ვუთხარი თავდახრით. - იქნებ შესძლებდით მამა ობრის ამბავი გეთქვათ?“ „ისიც არ იყო შაქტასზე ბედნიერი, - თქვა ინდიელმა ქალმა, - ფრანგების მტრები იროკეზები სამისიონეროში შეეჭრნენ. იქ მივიდნენ იმ ზარის ხმაზე, რომელიც მგზავრებისათვის დახმარების აღმოსაჩენად ირეკებოდა. მამა ობერის შეეძლო ეშველა თავისათვის, მაგრამ შვილების მიტოვება არ მოისურვა და დარჩა, რათა ისინი სიკვდილის დროს თავისი მაგალითით გაემხნევებინა. იგი საშინელ წამებაში დასწვეს. მაგრამ ვერ მიაღწიეს იმას, რომ კვნესა გაეგონათ, რაც ქრისტიანთა ღვთის შერცხვენა და წამებულის სამშობლოს სახელის გატეხა იქნებოდა. თავისი ჯალათებისათვის მამა ობრი განუწყვეტლად ლოცულობდა, მსხვერპლთა ბედისადმი კი თანაგრძნობას გამოხატავდა. როგორმე მისი სისუსტის ნიშანი რომ დაენახათ, იორკეზებმა ფეხებთან მიუყვანეს საშინლად ნაწამები ველური ქრისტიანი. მაგრამ გაოცებული დარჩნენ, როდესაც ნახეს, რომ ახალგაზრდა ადამიანი მუხლებზე დაეცა და მოხუცი განდეგილის წყლულებს ემთხვია. მოხუცი კი მას მიმართავდა: „ჩემო ბავშვებო, ჩვენ ანგელოზებისა და ადამიანების განსახიერება ვართ“. გაცოფებულმა ინდიელმა მოხუცს ყელში რკინის შანთი გაუყარეს, რათა მას აღარ ელაპარაკა. როდესაც, განდეგილს უკვე აღარ შეეძლო ადამიანთა ნუგეშისცემა, მან სული განუტევა.

„თუმცა იორკეზები დაჩვეული არიან იმის ნახვას, თუ ველურები ტანჯვას როგორი სიმტკიცით იტანენ, როგორც ამბობენ, მშვიდ გულადობაში ვერ შესძლეს მათთვის უცნობი რაღაც, რაც ამქვეყნიური ყოველგვარ გულადობას აღემატებოდა. ამ სიკვდილმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მრავალი მათგანი გაქრისტიანდა.

„რამდენიმე წლის შემდეგ თეთრკანიანთა ქვეყნიდან დაბრუნებულმა შაქტასმა ლოცვის უხუცესის უბედურება რომ გაიგო, მისი და ატალას ნეშტის შესაგროვებლად გაემგზავრა. იმ ადგილას მივიდა, სადაც სამისიონერო მდებარეობდა, მაგრამ იქაურობა ძლივს იცნო. ტბა ნაპირებზე გადასულიყო და ტრამალი ჭაობად ექცია. ჩამოქცეულ ბუნებრივ ხიდს ატალას საფლავი და სიკვდილის ჭალა ნანგრევებქვეშ მოეყოლებინა. შაქტასმა დიდხანს იხეტიალა ამ ადგილას. ეწვია განდეგილის გამოქვაბულსაც, რომელიც მაყვლისა და ჟოლოს ბუჩქებს დაეფარა. იქ ახლა ფურირემი ნუკრს ძუძუს აწოვებდა. შაქტასი ჩამოჯდა სიკვდილის ღამისთევის კლდეზე, სადაც ნახა მხოლოდ მძლევარის ფრთიდან დაცვენილი რამდენიმე ნაკრტენი.

შაქტასი ტიროდა. ამ დროს მისიონერის მოშინაურებული გველი მახლობელი ბუჩქნარიდან გამოძვრა და მის ფეხთან რგოლივით დაეხვია. ნანგრევებს შორის დარჩენილი ეს ერთგული მეგობარი შაქტასმა თავის მკერდზე გაათბო. უტალისის შვილი გვიამბობდა, საღამო ჟამს ბევრჯერ მეგონა, რომ შებინდებისას ანაორთქლში ატალას და მამა ობერის აჩრდილებს ვხედავდიო. ამ მოჩვენებებს სარწმუნოებრივი შიშითა და სევდანარევი სიხარულით აღევსო იგი.

თავის დისა და განდეგილის საფლავების ამაო ძებნის შემდეგ, შაქტასი ამ ადგილების დასატოვებლად ემზადებოდა, როცა გამოქვაბულის ფურ-ირემმა შაქტასის წინ კუნტრუში დაიწყო და სამისიონეროს ჯვართან გაჩერდა. ჯვარს ნახევრად წყალი შემოსდგომოდა, ხე ხავსს შეეჭამა, ამ ჭიით დარკილულ ჯვარს ტოტებზე უდაბნოს ვარხვს უყვარდა შემოჯდომა. შაქტასმა გადაწყვიტა, მადლიერმა ირემმა თავისი პატრონის საფლავთან მიმიყვანაო, და თხრა დაიწყო იმ კლდის ქვეშ, რომელსაც საკურთხევლად იყენებდნენ. იქ მამაკაცისა და ქალის ნეშტი იპოვა. შაქტასი არ დაეჭვებულა, რომ ეს იყო მღვდლისა და ქალწულის ნეშტები, რომლებიც აქ, ალბათ, ანგელოზებმა დაკრძალეს. ნეშტები, დათვის ტყავებში შეახვია და თავის სამშობლოს გზას გაუდგა, თან წამოიღო ეს მტვერი თვით და. ოჰ, უცხოელო, აქ შეგიძლია იხილო ეს მტვერი თვით შაქტასის მტვერთან ერთად.“

როგორც კი ინდიელმა ქალმა ამბავი დაასრულა, წამოვდექი, წმინდა ნეშტებს მივუახლოვდი და მათ წინაშე მდუმარედ განვერთხე, მერე ჩქარი ნაბიჯით მოვშორდი და წამოვიძახე: „ასე წარმავალია ამქვეყნად ყველაფერი, რაც კარგი, სათნო და გრძნობით სავსე იყო! ადამიანო, შენ ხარ მხოლოდ სწრაფწარმავალი სიზმარი, ავადმყოფური ოცნება, შენ არსებობ მხოლოდ უბედურებით, ოცნება, შენ მხოლოდ სულის მწუხარებისა დაა ფიქრის მარადი სევდის გამო წარმოადგენ რაღაცას“.

მთელი ღამე ამ ფიქრებით ვიყავი შეპყრობილი. მეორე დღეს, ალიონზე, ჩემმა მასპინძლებმა მიმატოვეს. ახალგაზრდა მეომრები წინ მიდიოდნენ, სულ ბოლოს მათი ცოლები მიაბიჯებდნენ, პირველნი იყვნენ დატვირთულნი წმინდა ნეშტებით, ქალებს კი ახალშობილი ბავშვები ეკავათ. გზას ნელა მიჰყვებოდნენ შუაში მიმავალი მოხუცები, თავიანთ წინაპრებსა და ჩამომავლობას შორის, მოგონებებსა და იმედს შორის, დაკარგულ სამშობლოსა და მომავალ სამშობლოს შორის.

ოჰ! რამდენი ცრემლი იღვრება, როდესაც ეს ადამიანები სამშობლო მიწას სტოვებენ, როდესაც გაძევების გორაკის მაღლობიდან უკანასკნელად ხედავენ სახურავს, რომლის ქვეშ იზრდებოდნენ, ხოლო ქოხის გვერდით მდინარეს, რომელიც სევდიანად განაგრძობს დენას სამშობლოს განმარტოებულ ველებში.

უბედურო ინდიელებო, რომლებიც წინაპრების ნეშტებით მოხეტიალე მინახავხართ ახალი ქვეყნის უდაბნოებში და რომლებმაც, თქვენი სიღარიბის მიუხედავად, მასპინძლობა გამიწიეთ! თქვენთვის სამაგიეროს გადახდას, ახლა ვერ შევძლებდი, რადგან მეც თქვენსავით დავეხეტები ბედის ანაბარა მიტოვებული და ნაკლებ ბედნიერს ექსორიაში ჩემი წინაპრების ძვლები თან არ წამიღია.

დასასრული 

ნახვა: 212

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters