ხორხე ლუის ბორხესი -  ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი

I


   უქბარის აღმოჩენას სარკისა და ენციკლოპედიის ურთიერთგადაკვეთას ვუმადლი. სარკით მთავრდებოდა დერეფნის შორეული ბოლო სოფლის დიდი სახლისა კალე გაონაში (რამოს მეია), ხოლო ენციკლოპედია შეცდომით ჰქვია „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიას“ (ნიუ-იორკი, 1917 წ.) და წარმოადგენს „ენციკლოპედია ბრიტანიკის“ 1902 წლის გამოცემის სიტყვასიტყვით, თუმცა, იმავდროულად, ნაკლები ხარისხის გადამღერებას.
იმ საღამოს სადილზე მეწვია ბიოი კასარესი და ჩვენ ყოველგვარი დროის შეგრძნება დავკარგეთ იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ შეიძლება შეითხზას პირველ პირში გადმოცემული რომანი, რომლის მთხრობელი გამოტოვებდა ან დაამახინჯებდა რაღაც-რაღაცებს და ისეთ წინააღმდეგობაში ჩავარდებოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე - სულ თითო-ოროლა მკითხველი - თუ ამოიცნობდა თავზარდამცემ ან ბანალურ ჭეშმარიტებას. დერეფნის შორეულ ბოლოში ჩვენს თავებს ზემოთ სარკე ეკიდა და გვჩრდილავდა. აღმოვაჩინეთ (გვიან ღამეში ასეთი აღმოჩენა, უბრალოდ, გარდაუვალია), რომ სარკეები რაღაც საშინელებას მალავენ. ეს მაშინ მოხდა, რაც ბიოიმ უქბარის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერეტიკოსის გამონათქვამი გაიხსენა: „გულისამრევია სარკეები და კოპულაცია, რადგან ისინი კაცობრიობას ამრავლებენ“. ვკითხე, როდის გადაეყარე ამ სამახსოვრო ეპიგრამას-მეთქი. „ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიაში“ წავიკითხე უქბარზე დაწერილ სტატიაშიო, მითხრა.
ამ დიდ, ავეჯით გაწყობილ ძველ სახლში ზემოხსენებული ენციკლოპედიის ასლი მოიპოვებოდა. XLVI ტომის ბოლო გვერდებზე ვიპოვეთ უპსალაზე დაწერილი სტატია, ხოლო XLVII ტომის დასაწყისში - „ურალ-ალტაური ენები“, მაგრამ არსად ახსენებდნენ უქბარს. შეცბუნებულმა ბიოიმ საძიებელი გადაათვალიერა, „უქბარის“ ყველა შესაძლებელი მართლწერა მოსინჯა. ამაოდ. სანამ წავიდოდა, მითხრა: ეს ერაყის ან მცირე აზიის რეგიონიაო. ვაღიარებ, ცოტა არ იყოს უხერხულად დავუქნიე თავი: ეჭვი შემეპარა, რომ ეს დაუდგენელი ქვეყანა და მისი ერეტიკული მოძრაობის ანონიმური ფუძემდებელი თვით ბიოის მეყსეული, მორიდებულობით ნაკარნახევი გამონაგონი იყო, შეთხზული მისივე დახვეწილი ეპიგრამის გასამართლებლად. უშედეგო ძებნამ იუსტუს პერთესის მიერ შედგენილ ერთ-ერთ ატლასში ეს ეჭვი გამიძლიერა.
   მომდევნო დღეს ბიოიმ ბუენოს-აირესიდან დამირეკა: წინ მიდევს უქბარზე დაწერილი სტატია ენციკლოპედიის XLVI ტომშიო. ერეტიკული მოძრაობის დამფუძნებლის სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ შესავალში წარმოდგენილი იყო მისი მოძღვრება თითქმის ზუსტად იმავე სიტყვებით, რომლებიც ბიოიმ ჩემამდე მოიტანა, თუმცა - ლიტერატურული თვალსაზრისით - ნაკლებად დახვეწილით. ჩემთან ყოფნისას ბიოიმ გაიხსენა „გულისამრევი სარკეები და კოპულაცია“, ენციკლოპედიის ტექსტში კი ეწერა: „ამ გნოსტიკოსთაგან ერთ-ერთისთვის ხილული სამყარო ილუზიაა ან, უფრო ზუსტად, სოფიზმი. სარკეები და მამობა საძაგლობაა, რადგან ისინი ამრავლებენ და განადიდებენ ამ სოფიზმს“. სავსებით გულმართლად ვუთხარი ბიოის, მაგ სტატიის ნახვა მსურს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მომიტანა და გამაოცა კიდეც, რადგან რიტერის „გეოგრაფიის“ სკრუპულოზურ კარტოგრაფიულ საძიებლებში არსად ფიგურირებდა სახელი „უქბარი“.
   ბიოის მიერ მოტანილი წიგნი ნამდვილად „ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ XLVI ტომი გახლდათ. ყდასაც და ყუასაც იგივე ანბანური მაჩვენებელი ეწერა, რაც ჩვენს ანალოგიურ ტომს (Tor-Upps), მაგრამ ამ უკანასკნელის 917 გვერდისგან განსხვავებით, ბიოის ტომი 921 გვერდს შეიცავდა. ეს დამატებითი ოთხი გვერდი ეჭირა უქბარზე დაწერილ სტატიას, რომლის საწყისი ასოები, როგორც მკითხველი შეამჩნევს, უკვე სცილდებოდა მოცემული ტომის ანბანური მაჩვენებლის ფარგლებს. მოგვიანებით ჩვენ შევუდარეთ ერთმანეთს ეს ორი ტომი და ვერანაირი სხვაობა ვერ აღმოვაჩინეთ, ზემოთ დასახელებულის გარდა. ორივე (როგორც, მე მგონი, უკვე ვთქვი) „ენციკლოპედია ბრიტანიკას“ მეათე გამოცემის ასლია. ბიოიმ ის ერთ-ერთი თავისი მრავალრიცხოვანი სეილების დროს შეიძინა.
სტატია ყურადღებით წავიკითხეთ. ბიოის მიერ ჩემთვის ციტირებული პასაჟი იყო ალბათ ერთადერთი, რომელიც მკითხველს წარბს აუწევდა. სხვა ყველაფერი სავსებით მართლმაგვარი ჩანდა, ნაშრომის ძირითად ტონში თავსდებოდა და, ბუნებრივია, ცოტათი მოსაწყენიც იყო. თუმცა განმეორებით წაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ მკაცრი ნაწერის უკან არსობრივი ბუნდოვანება იდგა. თოთხმეტი სახელიდან, რომლებიც ფიგურირებდა გეოგრაფიის სექციაში, სულ სამი გვეცნო (ხორასანი, სომხეთი, ერზერუმი), ორაზროვნად ჩართული მთელ დანარჩენ ტექსტში. ისტორიული სახელებიდან კი ერთადერთი - თვითმარქვია ჯადოქარი სმერდისი, რომელიც, რეალურად, მეტაფორის დანიშნულებას ასრულებდა. სტატიაში თითქოს მონიშნული იყო უქბარის საზღვრები, თუმცა მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნებდა ამ რეგიონის მდინარეებს, კრატერებსა და მთაგრეხილებს. მაგალითად, ამოვიკითხეთ, რომ სამხრეთ საზღვრის ორიენტირებს წარმოადგენს აქსა დელტა და ცაი ხალდუნი, ხოლო დელტას კუნძულებზე ველური ცხენები მრავლდებიან. ეს 918-ე გვერდის დასაწყისში ეწერა. უქბარის ისტორიის შემცველი ნაწილიდან (გვ. 920) შევიტყვეთ, რომ რელიგიურმა დევნამ XIII საუკუნეში იძულებული გახადა მართლმორწმუნეები, გახიზნულიყვნენ იმავე კუნძულებზე, სადაც დღემდე დგას ობელისკები და, დროდადრო, მათეული ქვის სარკეებიც ამოაქვთ ხოლმე მიწიდან. სექცია, რომელსაც ერქვა „ენა და ლიტერატურა“, მოკლე იყო. ერთი სამახსოვრო შტრიხი: სტატია ამბობდა, რომ უქბარის ლიტერატურა ფანტაზიის ლიტერატურაა, მისი ეპოსი და ლეგენდები არასდროს შეესატყვისება რეალობას, არამედ, უწინარესად, მლეხნასა და ტლონის ორ წარმოსახვით საუფლოს... ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილი იყო ოთხი ტომი, რომლებიც მოსაძებნი გვქონდა, თუმცა მათგან მესამე - სილას ჰასლამის „უქბარად წოდებული ქვეყნის ისტორია“ (1874) - ფიგურირებს წიგნით მოვაჭრე ბერნარდ კარტიჩის კატალოგებში. პირველი ტომი, „შენიშვნები მცირე აზიის ქვეყანა უქბარზე“, გამოცემულია 1641 წელს და ეკუთვნის იოჰანეს ვალენტინუს ანდრეას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ორი თუ სამი წლის შემდეგ ისევ წავაწყდი ამ სახელს დე ქუინსის მოულოდნელ ჩანაწერებში („ნაწერები“, ტომი XIII), საიდანაც შევიტყვე, რომ ეს სახელი ეკუთვნის გერმანელ თეოლოგს, რომელმაც XVII საუკუნის დასაწყისში აღწერა წარმოსახვითი საზოგადოება „როზი კროსი“, რომელიც შემდგომში დააფუძნეს სხვა ადამიანებმა ამ წინასწარი აღწერილობის საფუძველზე.
   იმ ღამეს მე და ბიოი ვეწვიეთ სახელმწიფო ბიბლიოთეკას, სადაც ამაოდ ვათვალიერეთ ატლასები, კატალოგები, გეოგრაფიულ საზოგადოებათა მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საძიებლები, მოგზაურებისა და ისტორიკოსთა მემუარები. არავის არასოდეს ენახა უქბარი. ეს სახელი არ ფიგურირებდა არც ენციკლოპედიის ბიოისეული ეგზემპლარის საძიებელში. მომდევნო დღეს, კარლოს მასტრონარდიმ (რომლისთვისაც ნაამბობი მქონდა ეს ყველაფერი), თვალი მოჰკრა „ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის“ შავ-ოქროსფერ ყუებს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში კორიენტესისა და ტალკაჰუანოს ქუჩების გადაკვეთაზე. შევიდა და XLVI ტომი გადაფურცლა, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, უქბარის ხსენებასაც კი ვერსად მიაგნო.

II


   სამხრეთის რკინიგზის ინჟინრის, ჰერბერტ ეშის შეზღუდული და კლებაში წასული მეხსიერება ჯერაც ყოვნდება ადროგეს სასტუმროში, უხვად გაბარდულ ცხრატყავებსა და სარკეების ილუზორულ სიღრმეებში. სხვა უამრავი ინგლისელივით, ეშიც შეეპყრო არარეალობას და, მომაკვდავისგან, ჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო იმისა, რასაც სიცოცხლეში წარმოადგენდა. მაღალი იყო, ფლეგმატური, მართკუთხა წვერით - ოდესღაც წითურით. მესმის: ის ქვრივი იყო და არც შთამომავალი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდა ინგლისში მზის საათისა და მუხების ტევრის მოსანახულებლად. მამაჩემმა ახლო ინგლისური მეგობრობა გააბა მასთან (პირველი ზედსართავი ალბათ გადაჭარბებულია), მეგობრობა, რომელიც ნდობის გამორიცხვით დაიწყო და მალე საუბარიც შეუძლებელი გახადა. ერთმანეთს წიგნებს და გაზეთებს უცვლიდნენ, უსიტყვოდ ეპაექრებოდნენ ჭადრაკში... მახსოვს ეში სასტუმროს აივანზე: მათემატიკის წიგნი ეჭირა და, დროდადრო, უცვლელი ფერის ცას აჰყურებდა. ერთ საღამოს ვილაპარაკეთ მეთორმეტედ რიცხვთა სისტემაზე, რომელშიც თორმეტის აღმნიშვნელი რიცხვია 10. ეშის თქმით, სრულიად შემთხვევით, რომელიღაც მეთორმეტედი ტაბულა სწორედ ახლა გადაჰყავდა მეექვსედ ტაბულაში, რომელშიც ექვსის აღმნიშვნელია 10. ისიც თქვა, ეს საქმე ნორვეგიელმა კაცმა დამავალაო... რიო გრანდე დო სულში. მე და ეში ერთმანეთს უკვე რვა წელიწადი ვიცნობდით და აქამდე არასოდეს ეხსენებინა ბრაზილიაში თავისი ყოფნის ამბავი. საუბარში შევეხეთ სოფლის ბუკოლიკურ ცხოვრებას, იქ მომუშავე კაპანგებს, ბრაზილიურ ეტიმოლოგიას სიტყვისა „გაუჩო“ (რომელსაც ზოგიერთი მოხუცი ურუგვაელი დღემდე ასე წარმოთქვამს: „გო-უჩო“), და - ღმერთო, მაპატიე! - აღარაფერი გვითქვამს მეთორმეტედებზე. 1937 წლის სექტემბერში (ამ დროს ჩემი ოჯახი და მე სასტუმროში აღარ ვცხოვრობდით) ჰერბერტ ეში ანევრიზმის შეტევამ იმსხვერპლა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ბრაზილიიდან მიიღო დაბეჭდილ-დაზღვეული პაკეტი, რომელშიც თაბახის ფურცლის ერთი მერვედი ფორმატის წიგნი იდო. ეშმა ეს გზავნილი დატოვა ბარში, სადაც თვეების შემდეგ მე ვიპოვე. ფურცვლა დავიწყე და უცებ მსუბუქი თავბრუსხვევისა და გაოგნების განცდა მომაწვა. არ აღვწერ ამ შეგრძნებას, რადგან საქმე ეხება არა ჩემს ემოციებს, არამედ უქბარს, ტლონსა და ორბის ტერტიუსს (ერთ გამორჩეულ ისლამურ ღამეს, სახელად ღამეთა ღამეს, ზეცის საიდუმლო პორტალი ყურთამდე იღება და წყალიც წყლის დოქებში უფრო ტკბილია, ვიდრე სხვა ღამეებში. აი, ის კარიბჭე რომ გაღებულიყო, მაინც ვერ ვიგრძნობდი იმას, რასაც იმ საღამოს ვგრძნობდი). წიგნი ინგლისურად იყო დაწერილი და 1001 გვერდისგან შედგებოდა. ტყავგადაკრული წიგნის ყვითელ ყუაზე წავიკითხე ეს საგულისხმო სიტყვები, რომლებიც მეორდებოდა სატიტულო გვერდზე: „ტლონის პირველი ენციკლოპედია. ტომი XI“. არსად ჩანდა გამოშვების თარიღი ან ადგილი. პირველ გვერდზე და - განმეორებით - პერგამენტის თხელ ფურცელზე, რომელიც ფარავდა ერთ-ერთ ფერად ილუსტრაციას, დაბეჭდილი იყო ცისფერი ოვალი წარწერით ორბის ტერტიუს. ორი წლით ადრე პირატული ენციკლოპედიის ერთ-ერთ ტომში არარსებული ქვეყნის მოკლე აღწერილობას წავაწყდი. ამჯერად ბედმა გაცილებით ძვირფასი და სიღრმისეული რამ მარგუნა: ხელში მეჭირა ვრცელი, სისტემატიზებული ფრაგმენტი უცნობი პლანეტისა მისი არქიტექტურითა და ბანქოს ქაღალდებით, მისი მითოლოგიების საშინელებითა და მისი ენების ჩურჩულით, მისი იმპერატორებითა და ზღვებით, მისი მინერალებით, ჩიტებითა და თევზებით, მისი ალგებრითა და ცეცხლით, მისი თეოლოგიური და მეტაფიზიკური დავა-კამათით. ეს ყველაფერი იყო მწყობრი, შეერთებულ-შეკავშირებული, მკაფიოდ გამოკვეთილი, არავითარი შესამჩნევი მიზნით თუ პაროდიაზე მინიშნებით.
   მეთერთმეტე ტომში, რომელზეც ვლაპარაკობ, არის მინიშნებები წინმსწრებ და მომდევნო ტომებზე. ნესტორ იბარამ თავის წერილში ცალსახად უარყო ასეთი ურთიერთდაკავშირებული ტომების არსებობა, თუმცა ეზეკიელ მარტინეს ესტრადამ და დრიე ლა როშელმა უკუაგდეს ეს ეჭვი, ალბათ - წარმატებით. ფაქტია, რომ ყველაზე გულმოდგინე კვლევებიც კი ჯერჯერობით ფუჭი აღმოჩნდა. ამაოდ ვქექეთ ორი ამერიკისა და ევროპის ბიბლიოთეკები. „დეტექტიური ტიპის ამ მეორეხარისხოვანი გარჯით“ დაღლილი ალფონსო რეიესი გვთავაზობს, ჩვენ შორის აღვადგინოთ მრავალი მასიური ტომი, რომლებიც გვაკლია: ex urgu leonem. ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით რეიესს წარმოუდგენია, რომ ტლონისტების თაობა საკმარისი იქნება. ეს თამამი შეფასება თავდაპირველ პრობლემასთან გვაბრუნებს: ვინ - ერთმა თუ მრავალმა - გამოიგონა ტლონი? ვფიქრობ, მრავალი გარდაუვალია, რადგან ჰიპოთეზა ერთადერთი გამომგონებლისა - წყვდიადში და თავდავიწყებაში მოქმედი ვინმე უსასრულო ლაიბნიცის - ერთსულოვნად უკუაგდეს. სავარაუდოა, რომ ეს „ჩინებული ახალი სამყარო“ შექმნა ასტრონომების, ბიოლოგების, ინჟინრების, მეტაფიზიკოსების, პოეტების, ქიმიკოსების, ალგებრისტების, მორალისტების, მხატვრების, გეომეტრების და ა.შ. საზოგადოებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ჩრდილში შეყუჟული მავანი გენიოსი. ბევრი ადამიანია გაწაფული ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა დისციპლინაში, მაგრამ ცოტას აქვს წარმოსახვის უნარი, კიდევ უფრო ცოტას შეუძლია, რომ ეს წარმოსახვა დაუქვემდებაროს მკაცრ, სისტემატურ გეგმას, რომელიც იმდენად მრავლისმომცველია, რომ თითოეული მწერლის მიერ შეტანილი წვლილი უსასრულოდ მცირეა.
   თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ტლონი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსი, წარმოსახვითი თავნებობის შეურაცხადი აქტი. სადღეისოდ ვიცით, რომ ეს კოსმოსია და რომ მისი წარმმართველი უშინაგანესი კანონები წინდაწინ ჩამოყალიბდა. ვაკმაროთ მკითხველს ამის შეხსენება: მეთერთმეტე ტომის მოჩვენებითი წინააღმდეგობები ქვაკუთხედია მტკიცებულებისა, რომ, ფაქტობრივად, სხვა ტომებიც არსებობს, - იმდენად ნათელი, იმდენად კანონზომიერია მეთერთმეტეს შინაგანი წესრიგი. პოპულარული ჟურნალები მისატევებელი გადაჭარბებებით გვამცნობდნენ ტლონის ზოოლოგიასა და ტოპოგრაფიას. ჩემი აზრით, მისი გამჭვირვალე ვეფხვები და სისხლის კოშკები, შესაძლოა, არც იმსახურებს მთელი კაცობრიობის მუდმივ ყურადღებას. თუმცა შემეძლო ისე გავთამამებულიყავი, რომ რამდენიმე წამი მეთხოვა სამყაროს მისეული კონცეფციის მოსახაზად.
ჰიუმმა ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა: თუ ბერკლის არგუმენტები უმცირეს უარყოფასაც ვერ იტანს, ვერც უმცირეს რწმენას შთაგვაგონებსო. ეს გამონათქვამი სრული სიმართლეა დედამიწასთან და სრული სიცრუე ტლონთან დაკავშირებით. ამ პლანეტის ბინადარი ერები დაბადებით იდეალისტები არიან. მათ ენას და ამ ენიდან გამომდინარე საგნების - რელიგიის, ლიტერატურის, მეტაფიზიკის - წინა პირობა იდეალიზმია. ტლონის მკვიდრთათვის ქვეყნიერება სივრცეში არსებული ობიექტების ამალგამა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელ მოქმედებათა არაერთგვაროვანი მწკრივი; ქვეყნიერება თანმიმდევრულია, წარმავალი, თუმცა არა სივრცობრივი. ტლონის სავარაუდო თაურ-ენაში არ არსებობს არსებითი სახელები, საიდანაც სათავეს იღებს მისი დღევანდელი ენები და დიალექტები. არის უპიროვნო ზმნები, მოდიფიცირებული ერთმარცვლიანი ბოლოსართებით (ან თავსართებით), რომლებიც ზმნიზედის ფუნქციას ასრულებენ. მაგალითად, არ გააჩნიათ სიტყვა, რომელიც შეესატყვისებოდა ჩვენეულ „მთვარეს“, არამედ აქვთ ზმნა, რომელიც ინგლისურად იჟღერებდა, როგორც „მთვარობა“ ან „გამთვარება“. „მთვარე აცურდა მდინარის ზემოთ“ ასეა: hlör u fang axaxaxas mlö, ან ქსულ სოლარის შემოკლებული თარგმანით: „მაღლა, მდინარეების უკან გამთვარდა“.
ეს პრინციპი მიესადაგება სამხრეთ ნახევარსფეროს ენებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენებში (რომელთა თაურ-ენაზე მეთერთმეტე ტომში ძალზე ცოტა რამ წერია) პირველხარისხოვან ერთეულს წარმოადგენს არა ზმნა, არამედ ერთმარცვლიანი ზედსართავი. სახელები იქმნება ზედსართავების ერთმანეთზე გადაბმით. არ ამბობენ „მთვარე“, არამედ „საჰაერო-ნათელი ბნელ-მრგვალის ზემოთ“ ან „რბილ-ქარვისებრ-ციური“, ან სხვა ამდაგვარ ასხმულას. ამ შემთხვევაში, ზედსართავების წყება რეალურ ობიექტს შეესაბამება, თუმცა ეს სრულებით შემთხვევითია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიტერატურა სავსეა იდეალური საგნებით, მეყსეულად გამოხმობილითა და გამქრალით, როგორც პოეზია მოითხოვს. ზოგჯერ სიტყვებს, უბრალოდ, თანადროულობა ქმნის. არის ორნაწილიანი სიტყვები: ერთი ნაწილი ვიზუალურია, მეორე - სმენითი: ამომავალი მზის ფერი და შორეული ფრინველის ჩხავილი. არის მრავალი ნაწილისგან შედგენილი სიტყვებიც: მოცურავის მკერდზე შეხლილი მზე და წყალი; ბუნდოვან-ვარდისფერი ციმციმი, რომელსაც ვხედავთ, როცა თვალები დახუჭული გვაქვს; განცდა, რომ მდინარე მიგვაქანებს, სხვა დროს კი - მორფეუსი. ეს მეორეხარისხოვანი ობიექტები შეიძლება დაწყვილდეს სხვა ობიექტებთან. პროცესი, რომელიც იყენებს ერთგვარ შემოკლებებს, პოტენციურად უსასრულოა. არის სახელგანთქმული ლექსები, რომლებიც შედგება ერთადერთი ვეებერთელა სიტყვისგან. ეს სიტყვა „პოეტური საგანია“ და მას პოეტი ქმნის. ის ფაქტი, რომ არავის სჯერა არსებითი სახელებით გამოხატული რეალობის, პარადოქსულად ნიშნავს, რომ ასეთი სახელების რაოდენობა უსასრულოა. ტლონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენები მთელი ინდოევროპული ენების სიტყვებსაც მოიცავს და უამრავ სხვასაც.
გაზვიადება არ იქნება იმის თქმა, რომ ტლონის კლასიკური კულტურა შედგება ერთადერთი დისციპლინის - ფსიქოლოგიისგან, რომელსაც ექვემდებარება ყველა სხვა დისციპლინა. უკვე ვთქვი, რომ ამ პლანეტის ბინადრებს სამყარო ესმით, როგორც მენტალური პროცესების სერია, რომელიც ხდება არა სივრცეში, არამედ დროში, თანმიმდევრულად. სპინოზა თავის ამოუწურავ ღვთაებას მიაწერს სივრცობრივი გაფართოებისა და აზრის ატრიბუტებს. ვერც ერთი ტლონელი ვერ გაიგებდა პირველს, რომელიც ტიპურია მხოლოდ ზოგიერთი მდგომარეობისთვის, და მეორეს, რომელიც კოსმოსის სრულყოფილი სინონიმია. ანუ, სხვა სიტყვებით: მათ სივრცე არ ესმით, როგორც ისეთი რამ, რაც დროში გრძელდება. ჯერ კვამლის აღქმა ჰორიზონტზე, მერე ცეცხლმოდებული სოფლის, მერე კი ნახევრად ჩამქრალი სიგარეტის, რომელმაც გამოიწვია ნიადაგის ამოწვა: აი, იდეების ასოციაციური დაკავშირების მაგალითი.
   რადიკალური მონიზმი თუ იდეალიზმი აუქმებს მეცნიერებას. მოვლენის ახსნა (ან მასზე გადაწყვეტილების მიღება) ნიშნავს მის დაკავშირებას სხვა მოვლენასთან. პლანეტა ტლონზე, გაერთიანება სუბიექტის მომდევნო მდგომარეობაა: ის ვერ ხელყოფს და ვერ გააცისკროვნებს წინა მდგომარეობას. ყოველი მენტალური მდგომარეობა დაუმცრობელია: მისთვის სახელის მინიჭების (ანუ კლასიფიცირების) უბრალო აქტს მოჰყვება დეფორმაცია, „გადახრა“ თუ „დაქანება“. აქედან შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ ტლონზე არ არსებობს არავითარი მეცნიერება, თვით „აზრის სისტემაც“ კი. მაგრამ პარადოქსული სიმართლეა, რომ აზრის სისტემები არსებობს, თითქმის უთვალავი სისტემა. იქაური ფილოსოფიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არსებით სახელებს ჰგავს. იმ ფაქტს, რომ თითოეული ფილოსოფია, არსებითად, დიალექტიკური თამაშია, შედეგად მოჰყვა მათი გამრავლება. არის სისტემები სისტემებზე - განსაცვიფრებლები, თუმცა შეპყრობილები საამური არქიტექტურით ან ერთგვარი სასიამოვნო სენსუალობით. ტლონელი მეტაფიზიკოსები ჭეშმარიტებას არ ეძებენ, თვით დამაჯერებლობასაც კი, არამედ გაკვირვებასა და გაოგნებას. მათ თვალთახედვაში, მეტაფიზიკა ფანტაზიის ლიტერატურის ერთ-ერთი განშტოებაა. იციან, რომ სისტემა სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს ყველა ასპექტის დაქვემდებარება რომელიმე ერთისადმი, - ნებისმიერისადმი. გვერდს უვლიან თვით ფრაზას „ყველა ასპექტი“, რადგან ეს გულისხმობს მოცემული წამის და ყველა გარდასული წამის შეუძლებელ დამატებას. არც მრავლობითი „ყველა გარდასული წამია“ ლეგიტიმური, რადგან ის კიდევ ერთ შეუძლებელ ოპერაციას გულისხმობს... ტლონის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა იქამდეც კი მიდის, რომ დროის არსებობას უარყოფს. ამბობს, რომ აწმყო განუსაზღვრელი და დაუდგენელია, მომავალს არავითარი რეალობა არა აქვს, გარდა აწმყოში არსებული იმედის, ხოლო წარსულის ერთადერთი რეალობა აწმყოში გამოყოლილი მოგონებაა (რასელის მტკიცებით, სულ რამდენიმე წამის წინ შექმნილი ქვეყნიერება სავსეა ადამიანებით, რომლებიც „იხსენებენ“ ილუზორულ წარსულს). სხვა სკოლა ამტკიცებს, რომ მთელმა დრომ უკვე ჩაიარა და ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც უკანდაუბრუნებელი პროცესის ბინდით მოცული, თვალნათლივ გამრუდებულ-დეფორმირებული ხსოვნა თუ ანარეკლია. კიდევ სხვა სკოლა აცხადებს, რომ სამყაროს ისტორია (მასთან ერთად კი - ჩვენი ცხოვრებისა და მისი თანმდევი უმცირესი დეტალების ისტორიაც) არის ხელნაწერი რომელიღაც მეორეხარისხოვანი ღმერთისა, რომელიც დემონთან დაკავშირებას ცდილობს. სხვა სკოლის მიხედვით, სამყარო შეიძლება შევადაროთ იმ კრიპტოგრამებს, რომლებშიც ყველა სიმბოლო არ მოქმედებს, არამედ მხოლოდ ისაა ნამდვილად რეალური, რაც სამას ღამეში ერთხელ ხდება. ერთ-ერთი სკოლის თქმით, სანამ აქ გვძინავს, სადღაც სხვაგან გვღვიძავს, ისე, რომ თითოეული ადამიანი, ფაქტობრივად, ორი ადამიანია.
   ტლონის ყველა მოძღვრებას შორის არც ერთს არ გამოუწვევია იმდენი ალიაქოთი, რამდენიც მატერიალიზმს. ზოგიერთმა მოაზროვნემ ისეთი ფორმულირება მისცა ამ ფილოსოფიას (რომელშიც, საერთოდ, მონდომება აღემატება სიცხადეს), თითქოს პარადოქსი წამოეყენებინოს. იმისათვის, რომ უფრო ადვილი გასაგები გაეხადა ეს წარმოუდგენელი თეზისი, XI საუკუნის ერეტიკოსთა ლიდერმა მოიფიქრა სპილენძის ცხრა მონეტის სოფიზმი, რომელიც ისევე სკანდალურად სახელგავარდნილია ტლონზე, როგორც ელეური პარადოქსი - ჩვენთვის. არსებობს ამ „მართლმაგვარი არგუმენტის“ ბევრი ვერსია, რომლებშიც იცვლება მონეტებისა და აღმოჩენების რიცხვი. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ვერსია: სამშაბათს x მიუყვება უკაცრიელ გზას და სპილენძის ცხრა მონეტას კარგავს. ხუთშაბათს, იმავე გზაზე, y პოულობს ოთხ მონეტას, რომელთა ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან. პარასკევს z სამ მონეტას პოულობს გზაზე. პარასკევ დილით x თავისი სახლის აივანზე ორ მონეტას პოულობს.
ამ ისტორიიდან ერეტიკოსთა პატრიარქს სურდა გამოეყვანა ცხრა დაბრუნებული მონეტის რეალობა, ანუ დროის უწყვეტობა. „აბსურდი იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ ოთხი მონეტა არ არსებობდა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე, სამი - სამშაბათიდან პარასკევის ნაშუადღევამდე, ორი კი - სამშაბათიდან პარასკევ დილამდე, - თქვა მან, - ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ, ფაქტობრივად, მონეტები არსებობდნენ (თუნდაც რაღაცნაირად ფარულად, რისი გაგებაც ჩვენ გვეკრძალება) დროის იმ სამი პერიოდის თითოეულ მომენტში“.
   ტლონის ენა ეწინააღმდეგებოდა ამ პარადოქსის ფორმულირებას და ადამიანთა დიდ ნაწილს არ ესმოდა ის. „საღი აზრის“ სკოლამ თავდაპირველად, უბრალოდ, უარყო ამ ამბის უტყუარობა. ამბობდა: ეს მხოლოდ სიტყვიერი ხდომილებაა, რომელიც ეყრდნობა ორი ახალი ნეოლოგიზმის უგუნურ გამოყენებას, სიტყვების, რომლებსაც არასტანდარტულად იყენებენ და მკაცრ აზრს არ უქვემდებარებენ: ესაა ორი ზმნა „პოვნა“ და „დაკარგვა“, რომლებიც, რაკიღა წინდაწინ გულისხმობენ თავდაპირველი ცხრა მონეტისა და შემდგომი მონეტების იდენტობას, საბოლოოდ, მთლიანი სურათის დეფორმირებას იწვევენ. ამ კრიტიკოსებმა შეახსენეს თავიანთ მსმენელებს, რომ ყველა არსებით სახელს (ადამიანი, მონეტა, ხუთშაბათი, ოთხშაბათი, წვიმა) მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორული ღირებულება აქვს. ამხილეს შეცდომაში შემყვანი დეტალი, რომ „[მონეტების] ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა ოთხშაბათის წვიმისგან“, რისი მეშვეობითაც უნდა დამტკიცებულიყო ოთხი მონეტის არსებობა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე. ისინი განმარტავდნენ, რომ „თანაბრობა“ ერთია, „იდენტობა“ - მეორე, და ჩამოაყალიბეს ერთგვარი reduction ad absurdum - ჰიპოთეტური შემთხვევა ცხრა კაცისა, რომლებიც ცხრა თანმიმდევრულ ღამეს ერთიმეორის მიყოლებით განიცდიან მძაფრ ტკივილს. „განა აბსურდი არ იქნებოდა იმის დაშვება, რომ ცხრა კაცი ერთი და იმავე ტკივილით იტანჯებოდა?“ - იკითხეს მათ. ამტკიცებდნენ, რომ ერეტიკოსთა წინამძღვარი მოტივირებული იყო მკრეხელური სურვილით - მიეკუთვნებინა არსებობის ღვთაებრივი კატეგორია ერთი მუჭა მონეტებისთვის, და რომ ის ზოგჯერ უარყოფდა მრავლობითობას, ზოგჯერ - არა. ამბობდნენ: თუ ერთნაირობას იდენტობა მოჰყვება, მაშინ ცხრა მონეტა ერთი მონეტა არისო.
საოცარია, მაგრამ ზემოაღნიშნულ უარყოფას წერტილი არ დაუსვამს ამ ისტორიისთვის. პრობლემის წამოჭრიდან ასი წლის შემდეგ ერეტიკოსთა წინამძღვარზე არანაკლებ ბრწყინვალე, ოღონდაც ორთოდოქსული ტრადიციის მქონე მოაზროვნემ ყველაზე გაბედული ჰიპოთეზა შექმნა. მისი ბედნიერი ვარაუდით, არსებობს მხოლოდ ერთი საგანი; ეს განუყოფელი საგანი სამყაროს თითოეული არსებაა; სამყაროს არსებები ღვთაების ნიღბები და ორგანოები არიან. X არის Y და აგრეთვე Z. Z პოულობს სამ მონეტას, რადგანაც ახსოვს, რომ X-მა ისინი დაკარგა. ეს უკანასკნელი პოულობს ორ მონეტას თავისი სახლის აივანზე, რადგანაც ახსოვს, რომ სხვა მონეტები იპოვეს... XI ტომი ამბობს, რომ ამ იდეალისტურმა პანთეიზმმა აზრის ყველა სხვა სკოლა დაჯაბნა სამი მიზეზით: 1) რადგან მან უარი თქვა სოლიფსიზმზე; 2) ხელუხლებელი დატოვა მეცნიერებათა ფსიქოლოგიური საფუძველი; 3) შეინარჩუნა რელიგიის შესაძლებლობა. შოპენჰაუერი - მხურვალე და თან გონებანათელი - ძალზე მსგავს მოძღვრებას აყალიბებს თავისი „პარერგა და პარალიპომენას“ პირველ ტომში.
ტლონის გეომეტრია ორი განსხვავებული დისციპლინისგან შედგება: ვიზუალური გეომეტრია და ტაქტილური გეომეტრია. ეს უკანასკნელი შეესატყვისება ჩვენს გეომეტრიას და ექვემდებარება ვიზუალურს, რომელიც ეყრდნობა არა წერტილს, არამედ ზედაპირს; არ აქვს პარალელური ხაზები და ამტკიცებს, რომ სივრცეში მოძრაობისას სხეული ასხვაფერებს მის გარემომცველ ფორმებს. ტლონური არითმეტიკის საფუძველს შეადგენს განუსაზღვრელი რიცხვების ცნება. იგი ხაზს უსვამს მნიშვნელობას ისეთი წარმოდგენებისა, როგორიცაა „უფრო მეტი“ და „უფრო ნაკლები“, რომლებსაც ჩვენი მათემატიკოსები გამოხატავენ სიმბოლოებით > და < . ტლონელებს ასწავლეს, რომ დათვლის აქტი ცვლის დასათვლელ საგანთა რაოდენობას, განუსაზღვრელებს განსაზღვრულებად აქცევს. ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე რაოდენობის დამთვლელი რამდენიმე ადამიანი ერთ შედეგამდე მიდის, ტლონელი ფსიქოლოგებისთვის იდეების გაერთიანების ან დამახსოვრების პროცესის მაგალითია. უნდა გვახსოვდეს, რომ ტლონზე ცოდნის საგანი ერთადერთია და მარადიული.
   ლიტერატურის სფეროშიც ყოვლისმძლეველია ერთადერთი საგნის იდეა. წიგნებს იშვიათად თუ აწერია ავტორის გვარი და არც პლაგიატობის ცნება არსებობს. გადაწყდა, რომ ყველა წიგნი დაწერილია ერთადერთი ავტორის მიერ, რომელიც მარადიულია და ანონიმური. ლიტერატურული კრიტიკა ხშირად იგონებს ავტორებს: იღებს ორ განსხვავებულ თხზულებას (მაგალითად, „დაო დე ძინს“ და „ათას ერთ ღამეს“), ერთ ავტორს მიაწერს, მერე კი სუფთა სინდისით განსაზღვრავს ამ ყოვლად საინტერესო homme des letters-ის ფსიქოლოგიას...
   მათი წიგნებიც განსხვავდება ჩვენეულისგან. მათ ფიქციას ერთადერთი სიუჟეტი აქვს ყველა შესაძლებელი გადანაცვლებით. მათი ფილოსოფიური ნაშრომები უცვლელად ინარჩუნებს თეზისს და ანტითეზისს, თითოეული არგუმენტის მკაცრ pro-ს და contra-ს. წიგნი, რომელიც არ შეიცავს საპირისპირო წიგნს, დაუმთავრებლად მიიჩნევა.
   საუკუნიდან საუკუნემდე გაგრძელებულ იდეალიზმს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა რეალობაზე. ტლონის უძველეს რეგიონებში არცთუ იშვიათად ნახავდით დაკარგული ნივთის ორეულს. ორი ადამიანი ეძებს ფანქარს, პირველი პოულობს, მაგრამ არაფერს ამბობს. მეორე პოულობს მეორე ფანქარს, არანაკლებ ნამდვილს, თუმცა უფრო შესატყვისს მისი მოლოდინისთვის. ამ ნივთ-ორეულებს ჰქვია brönir და მათ, თუნდაც ეს მოუხერხებელი იყოს, პირველზე ოდნავ უფრო მეტი სიგრძე აქვთ. ბოლო დრომდე brönir დაბნეულობისა და გულმავიწყობის შემთხვევით პირმშოს წარმოადგენდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ნივთები სისტემატურად იქმნებოდა მხოლოდ ასამდე წლის განმავლობაში, არადა, სწორედ ამას გვეუბნება XI ტომი. პირველმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, თუმცა კი ღირს, რომ მოქმედების წესი გავიხსენოთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ციხის ზედამხედველმა თავის პატიმრებს ამცნო: აქვე ახლოს, მდინარის ძველ კალაპოტში, საფლავებია, ვინც მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებს, ციხიდან გავუშვებო, - პირობა მისცა. გათხრებამდე რამდენიმე თვით ადრე ტუსაღებს უჩვენეს ფოტოსურათები, თუ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ. პირველმა მცდელობებმა უჩვენა, რომ იმედი და სიხარბე შეიძლება შემაფერხებელი იყოს. წერაქვითა და ნიჩბით ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ მიწიდან ამოღებული ერთადერთი brön აღმოჩნდა დაჟანგული ბორბალი, რომელიც რამდენადმე უფრო გვიანდელი დროით თარიღდებოდა ექსპერიმენტის დაწყების დროსთან შედარებით. როგორც ასეთი, ექსპერიმენტი საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა შემდგომში განმეორდა ოთხ უმაღლეს სასწავლებელში. სამ მათგანში, არსებითად, სრული წარუმატებლობით დამთავრდა. მეოთხეში (რომლის დირექტორი პირველი გათხრების დროს გარდაიცვალა) სტუდენტებმა ამოთხარეს - ან შექმნეს - ოქროს ნიღაბი, არქაული ხმალი, ორი თუ სამი თიხის ამფორა, ჟანგაროთი დაფარული და დეფორმირებული მეფის ტორსი მკერდზე წარწერით, რომელიც ჯერ კიდევ გასაშიფრი იყო. ეს ყველაფერი ისე აღმოაჩინეს, რომ გათხრების ადგილზე არ დაუშვიათ არც ერთი მოწმე, რომელიც იცნობდა ამ ძიების ექსპერიმენტულ ხასიათს... ჯგუფურ საკვლევ პროექტებს კონფლიქტური აღმოჩენები მოჰყვება. ამჟამად ამჯობინებენ ინდივიდუალურ, მოცემული მომენტით ნაკარნახევ პროექტებს. brönir-ის სისტემატური წარმოქმნა არქეოლოგებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა, რაკი შესაძლებლობას აძლევდა არათუ მხოლოდ შეკითხვები დაესვათ, არამედ შეეცვალათ კიდეც წარსული, რომელიც ახლა არანაკლებ პლასტიკურია და არანაკლებ დამთმობი, ვიდრე მომავალი. ერთი საგულისხმო ინფორმაცია: მეორე ან მესამე თაობის brönir-ში (რომელიც სხვა brön-იდან ან brön-ის brön-იდან მოდის) უფრო მეტია პირველი brönir-ის აბერაციები; მეხუთის აბერაციები თითქმის ერთმანეთს თანხვდება; მეცხრის შეიძლება აგვერიოს მეორისაში; ხოლო მეთერთმეტე თაობის brönir-ს ისეთი დახვეწილი ხაზი აქვს, რომ თვით ორიგინალსაც კი ჩრდილავს. პროცესი პერიოდულია: მეთორმეტე თაობის brönir დეგრადირებას იწყებს. ზოგჯერ ნებისმიერ brön-ზე უფრო უცნაური და წმინდაა ur - ნივთი, რომელსაც ქმნის მინიშნება და რომელსაც წინ წამოსწევს იმედი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩემ მიერ ნახსენები დიდებული ოქროს ნიღაბი.
   ტლონზე საგნებს ორეულები უჩნდებათ. ამასთანავე, აქვთ მიდრეკილება გაბუნდოვანების, „სქემატურად“ ქცევისა და დეტალების კარგვისკენ იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა მათ დავიწყებას იწყებენ. ამის კლასიკური მაგალითია შესასვლელი კარი, რომელიც განაგრძობდა არსებობას, სანამ მავანი მათხოვარი იქ დადიოდა, მაგრამ რომელიც აღარ ჩანს მისი სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე ჩიტს ან ერთ ცხენს ამფითეატრის ნანგრევები გადაურჩენია.
სალტო ორიენტალი, 1940

ნახვა: 2823

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters