8 ივლისი, ოთხშაბათი

      მთელი ღამე საშინლად მეძინა. თავი მტკიოდა, მაგრამ უნდა მომეთმინა. როცა პირს ვიბანდი, ვესტიბიულში დიდი ქვა შევნიშნე ლათინური წარწერით. როგორმე ამ წარწერის ფოტოსურათი უნდა გადამეღო. ჯვაროსნების დროს ამ მიწას ფრანცისკელები ფლობდნენ. ეს წარწერაც, სავარაუდოდ, იმჟამინდელია. ჩემი აზრით, ბევრი ძველი წარწერის ნახვა სხვა რუსულ მონასტრებსა და სახლებშიც არის შესაძლებელი. ეს წარწერები ჯერჯერობით შესწავლილი არ არის და მათი გამოკვლევა შეავსებს წმინდა მიწის ისტორიას. ამის გაკეთება, წესით, ჩემი ვალია, რადგან მონაზვნები სხვა სარწმუნოების მიმდევრებს არ ენდობიან და მათ ყველაფერს არ აჩვენებენ. ვნანობდი, რომ ფოტოაპარატი თან არ მქონდა. აქ მერე აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი. წირვა დასრულებული არ იყო, როცა ეკლესიაში მყოფნი აჩოჩქოლდნენ. ვიგრძენი: მონაზვნები ვიღაცას გზას უთმობდნენ. თვალი ირგვლივ მოვატარე და ეთიოპიის იმპერატორის მეუღლე[1] დავინახე. მას ორი ქალბატონი და ამალა ახლდა, რომელშიც რამდენიმე სასულიერო პირიც ერია. სასულიერო პირები ფეხშიშველები იყვნენ. იმპერატორის მეუღლეს და ტანმაღალ ქალბატონებს, რომელნიც მას ახლდნენ, ფეხზე მხოლოდ აბრეშუმის წინდები ეცვათ. მათ პრივილეგიით არ უსარგებლიათ - არ დამსხდარან და მოკრძალებით ფეხზე იდგნენ.

      ღვთისმსახურების შემდეგ იმპერატორის მეუღლე და მისი ამალა ჩაიზე მიიწვიეს. ერთმა სამხედრომ, რომელიც ფრანგულად საკმაოდ კარგად ლაპარაკობდა, მითხრა, რომ იმპერატორის მეუღლის თანმხლებთაგან ერთი ნეგუსის (ეთიოპიის იმპერატორის) ქალიშვილი იყო. იგი ოთხი წლის წინ რას დესტაზე გათხოვილა,[2] მეორე ქალბატონი კი ტახტის მემკვიდრის მეუღლე გახლდათ.[3] მე წილად მხვდა პატივი, ჩაის სმისას თარჯიმნობა გამეწია. ტახტის მემ კვიდრის მეუღლის გვერდით ვიჯექი, მისგან ხელმარჯვნივ რას დესტას მეუღლე იჯდა, ჩვენ წინ - იმპერატორის მეუღლე, მის უკან - აბისინიის არქიმანდრიტი. სხვები ცოტა მოშორებით ისხდნენ. მონაზვნებს უნდოდათ, სამხედრო ჩემ გვერდით დაესვათ, რათა საუბარი გაადვილებულიყო, მაგრმა იმპერატორის მეუღლემ მას საპატიო ადგილზე დაჯდომის ნება არ დართო. ალბათ, კარის ეტიკეტი ამის უფლებას არ აძლევდა. იმპერატორის მეუღლეს ძალიან ნაზი და სასიამოვნო, მეტყველი სახელი ჰქონდა, საამოდ იღმებოდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. არც ტახტის მემკვიდრის მეუღლე ჩანდა საუბრის მოყვარული, თუმცა ეტყობოდა, რომ უცხო ენა იცოდა. მას ძალიან ლამაზი, პატარა ჯვარი ჰქონდა ამოტვიფრული მარჯვენა მკლავზე, იდაყვთან; თითზე ვერცხლის ბეჭედი ეკეთა. როცა მონაზონმა წვინიანი ჩამოატარა, რას დესტას მეუღლემ ფრანგულად მკითხა, ამ საჭმელში კარაქი ან კვერცხი ხომ არ არისო. ალბათ, ისინიც მარხულობდნენ. მონაზვნები თვალს არ აშორებდნენ, როცა მელაპარაკებოდა. უჩვეულო სიჩუმე იყო და დიდი სატრაპეზოს ყველაზე შორეულ კუთხეშიც ყოველი სიტყვის გაგონება შეიძლებოდა. მონაზვნებს ვუთხარი, რაც იმ ქალბატონს აინტერესებდა. როცა გაიგეს, რას მეკითხებოდა, გამხიარულდნენ. მთხოვეს, პატივცემული სტუმრები დამერწმუნებინა, რომ ამ დღეს მართლმადიდებლური ეკლესიას მარხვას ითვალისწინებდა და ყველაფერი წმინდა მამების მიერ დადგენილი წესისამებრ იყო მომზადებული. ამ განმარტების მიუხედავად, ქალბატონი რას დესტა ყოველ ჯერზე, როცა ახალი კერძი შემოჰქონდათ, იმავე შეკითხვას იმეორებდა (ხან იმპერატორის მეუღლის თხოვნით, ხანაც თავისით) და მეც ყოველ ჯერზე უნდა მეთარგმნა. მონაზვნები ისევ ისე მხიარულად არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. სადილის ბოლოს ხილი შემოიტანეს. რადგან იქ ყველაფერი ძვირი იყო და მონასტერს იმ დროს საკმაოდ უჭირდა, დესერტად მხოლოდ მონასტრის ბაღში დაკრეფილი გარგარი მოგვართვეს. გარგარი ჯერ კიდევ მთლად მწიფე არ იყო და ქალბატონმა რას დესტამ ეს აღნიშნა, როცა მე მას ხილი თავაზიანად შევთავაზე. „ეჭვი ხომ არ ეპარება, რომ ხილი სამარხვოა“ - გავიგონე უკნიდან ვიღაცის ხუმრობა. მადლობა ღმერთს, არავის გაუგია.

      ოფიციალური სადილის შემდეგ საპატიო სტუმრები გავასეირნეთ. ოფიცერმა თავისი სავიზიტო ბარათი მომცა და მე მოვალე ვიყავი, იგი სტუმრად მიმეწვია. სატრაპეზოში დავბრუნდით და ისევ სუფრას მივუსხედით. ამ უხვი, ორნაწილიანი სადილის შემდეგ ჩაი სასტუმრო ოთახებში მოგვართვეს. ორი საათი იყო და ჩაის შემდეგ შინ უნდა წავსულიყავით. ჩაისთვის მასპინძლებს მადლობა გადავუხადე და ფრანცისკელთა მახლობელი მონასტრის სანახავად გავეშურე. სამწუხაროდ, მონასტერი იმჟამად დაკეტილი დამხვდა. ამას აღარაფერი ეშველებოდა. ახლა წმინდა იონეს სენაკის მონახულება დავაპირე. ეს სენაკი დაახლოებით საათ-ნახევრის სავალზე იყო იმ ადგილიდან. წმინდა იოანე ჰეროდემ ამ მღვიმეში ჩაამწყვდია. აქედან გაგზავნა იოანემ თავისი მიმდევრები იესოსთან, რომ ეკითხათ: „შენ ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდოთ?“[4] შუა საუკუნეებში ეს სენაკი მომლოცველებს დიდად აღაფრთოვანებდა. სამწუხაროდ, არ ვიცოდი, იქ როგორ მივსულიყავი. უფრო გამოცდილი თანამგზავრები უნდა მეპოვა. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, სადაც სტუმრები ჩაის კიდევ სვამდნენ და შევთავაზე, რომ გამომყოლოდნენ. ბერები და მონაზვნები შეშფოთდნენ. ეს გზა თურმე ძალიან სახიფათო ყოფილა და, დიდი ხანია, სენაკს არავინ სტუმრებია, მაგრამ ორი, ინგლისური წარმოშობის ბერი არ შეშინდა და დამთანხმდა გამოყოლას. ამ ბერებს მართლმადიდებლობა რამდენიმე წლის წინ მიეღოთ. ერთი მათგანი, წინამძღვარი ნიკოლას ჯიბსი,[5] იმ დროს უკვე ჭარმაგი, ყოველმხრივ გამოცდილი კაცი, ადრე რუსეთის ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო და რუსეთის მეფის ოჯახში ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა. მეორე იყო ახალგაზრდა, გრძელი, წითრი თმა-წვერით შემოსილი მღვდელ-მონაზონი. კიდევ ერთი ბერი, ახალგაზრდა მორჩილიც შემოგვიერთდა. ერთ მონაზონს უთხრეს, რომ ჩვენთვის სენაკამდე მიმავალი უმოკლესი გზა ეჩვენებინა.

      მონასტრის მიწები გავიარეთ. გზა ძალიან ცუდი იყო, უფრო სწორედ, გზა არც ეთქმოდა. მაღლა რაღაც ნანგრევები მოჩანდა. ამ ადგილას ომამდე დიდი საკათედრო ტაძრის მშენებლობა იყო დაწყებული. მონასტრის ტერიტორიას გალავანი არ ჰქონდა, ყაჩაღები ღამით ხშირად თავს ესხმოდნენ, მონაზვნებს აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ. ალბათ, ძველ, კარგ დროში გალავანი არც სჭირდებოდათ, ახლა კი მისი აშენება ძალიან ძნელი გახლდათ. მონაზონმა გზა მშვიდობისა გვისურვა. სულ მარჯვნივ უნდა გვევლო. საკმაოდ დიდხანს ვიარეთ, მაგრამ ვერანაირი ბილიკი, რომელიც მარჯვნივ მიერმართებოდა, ვერ შევამჩნიეთ. ალბათ, ავცდით. ბოლოს ერთი არაბი შეგვხვდა. ჩიქორთული არაბულით ვკითხე, წმინდა იოანეს სენაკისკენ მიმავალ გზას ხომ ვერ მიგვასწავლი-მეთქი. მან სამუშაოს თავი დიდსულოვნად მიანება (თხებისთვის გომურს აშენებდა), უკან გაგვაბრუნდა და მარჯვნივ მიმავალ ბილიკზე დაგვაყენა. ბილიკი სოფელზე გადიოდა. ძეხორციელი არსად შეგვხვედრიეა. პატარა ხიდზე გადავედით. იქ რამდენიმე არაბი იჯდა. როცა მათ შორის მყოფმა ხნიერმა კაცმა დაგვინახა, რუსულად გვკითხა: „წმინდა იოანეს სენაკისკენ მიდიხართო?“ და გზა მიგვასწავლა. რამდენიმე ბიჭი აგვედევნა, საჩუქარს გვთხოვდნენ. ხნიერმა არაბმა არაბულად დატუქსა და თავი დაგვანებეს.

      მონასტრის კარი დაკეტილი იყო, თვით შენობას ქვითკირის გალავანი ჰქონდა შემოვლებული. აქ კათოლიკე ბერები ცხოვრობდნენ, რომელნიც მართლმადიდებლებზე პრაქტიკუნი იყვნენ. ამ ქვეყანაში ჯერ გალავანი უნდა ააგო, და მხოლოდ ამის მერე დადგა რაიმე შენობა ან გააშენო ბაღი. გალავანი ერთადერთი მოწმობა იყო მაშინ, როცა რაიმე წერილობით საბუთ არ ჰქონდათ, რაც ამ ქონებაზე მათ უფლებას დაადასტურებდა. რამდენიმე ქონება დაკარგა ბერძნულმა საპატრიარქომ მხოლოდ იმის გამო, რომ მამული გალავანით არ ჰქონდა შემოზღუდული?! კარიბჭის მცველი, ქრისტიანი რომ ჩანდა, ხელზე გვემთხვია. ნაზარეთელი იყო. ძმა ავგუსტინი არ გამოჩნდა, ასე რომ თავად გავუყევით გზას ყმაწვილკაცის თანხლებით. იქ განსაკუთრებული არაფერი აღმოჩნდა - პატარა მღვიმეში სამლოცველო იყო მოწყობილი; თუმცა ყველა აღგვაფრთოვანა ხედმა, ამ ადგილიდან თვალწინ რომ გადაგვეშალა.

      კარიბჭესთან შავკანიანი მამაკაცი გველოდა. იგი მონაზვნებთან დარაჯად მუშაობდა და ჩვენთან მეგზურად გამოეგზავნათ. როცა მონასტრიდან წამოვედი, იქ არ ყოფილა. ცოტა რუსული იცოდა, თუმცა გზაში უმეტესად დუმდა. როცა არაბულ სოფელს კვლავ მივუახლოვდით, პატარა ბიჭები თავს დაგვესხნენ, ქვები დაგვიშინეს. ჩვენი მეგზური მათ მამაცურად იგერიებდა, ქვებს ესროდა და არაბულად უყვიროდა. ღვთის მადლით, ეს სახიფათო მონაკვეთი მოკლე გამოდგა. ბიჭებმა ვერ გაბედეს იმ ადგილის იქით, თავიანთ ეზო-ყურის მოშორებით გამოგვკიდებოდნენ. ასე იქცევიან ძაღლები: ისინი თავს არასოდეს ესხმიან უცხოებს იმ ადგილას, რომელიც მათ პატრონს არ ეკუთვნის.

      ნასაუზმევს არქიმანდრიტ კალიქსტს ვეწვიე. ძალიან გულთბილად მიმიღო და წმინდა კონსტანტინესა და წმინდა ელენეს ბერძნული, პალესტინის უდიდესი მონასტერი დამათვალიერებინა. აქ იყო იერუსალიმის საპატრიარქოს ცენტრი და თავად პატრიარქიც აქ ცხოვრობდა.

      მონასტერი უფლის საფლავის ეკლესიის გვერდით, მიწის დიდ ნაკვეთზეა გაშენებული. იგი ყოფილი ქართული მონასტრების - წმინდა დემეტრესა და წმინდა თეკლას მონასტრების მიწებსაც ფლობდა. მონასტრების ძველი ეკლესიები ჯერ კიდევ იდგა, თუმცა ქართული კვალი იქ აღარსად ჩანდა. წმინდა თეკლას მონასტრის საგანძურის მცველს ახსოვდა ეს ამბავი, რომელიც სრულებით უცხო აღმოჩნდა წმინდა დემეტრეს მონასტრის ბერისათვის. ჩვენ ბიბლიოთეკაში შევედით. არქიმანდრიტმა წარმადგინა ბიბლიოთეკის გამგესთან, არქიეპისკოპოს მელიტონ მადაბელთა, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოში იერარქიით მეორეა იერუსალიმის პატრიარქის შემდეგ. მანაც ძალიან გულთბილად მიმიღო და ნება დამრთო, ბიბლიოთეკით მესარგებლა ოფიციალურ საათებში. ანუ ყოველდღე ცხრის ნახევრიდან თორმეტის ნახევრამდე. ეს დრო საკმაო არ იყო. მუშაობა შემდგომი კვირიდანვე უნდა დამეწყო. არქიმანდრიტს ვთხოვე, ჩემთვის უფლის საფლავის ბაზილიკა ეჩვენებინა, რაზედაც სიამოვნებით დამთანხმდა. დიდი ხნის წინ თვით გოლგოთაც ქართველებს ეკუთვნოდა. ალექსანდრე ცაგარელის[6] დროსაც კი არსებობდა ქართული წარწერა იმ ადგილას, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს. სამწუხაროდ, ეს წარწერა მოაშლევინა და რუსული წარწერით შეაცვლევინა დიდი მთავრის მეუღლემ ელიზავეტა ფიოდოროვნამ,[7] რომელმაც, თავის დიდგვაროვან მეუღლესთან ერთად, დიდი ამაგი დასდო წმინდა მიწას. მისი ქმარი ერთხანს რუსეთის საიმპერატორო მართლმადიდებლური პალესტინური საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

      მადლობა ღმერთს, რომ ალექსანდრე ცაგარელმა ამ წარწერის ფოტოსურათი დაგვიტოვა. იქ მრავალი სამლოცველო და დერეფანია. მართლმადიდებლებს, ფრანცისკელებს, სომხებს, სირიელებსა და კოპტებს თავთავიანთი დიდი თუ პატარა სამლოცველო აქვთ. წმინდა სახარების მთელი ტრაგეიდია და დიდება სწორედ ამ ადგილას აღსრულდა. აქ, ამ სახურავქვეშ, იყო გოლგოთა, სადაც ჩვენი მაცხოვარი ჯვარს აცვეს, სადაც დედამისი, წმინდა იოანე, მორწმუნე ასისთავი და ხალხის ბრბო იყო შეკრებილი. ცოტა მოშორებით იყო ადგილი, სადაც იგი დაკრძალეს და სადაც აღდგა; სადაც ნიკოდემოსისა და იოსებ არიმათიელის საფლავები იყო; სადაც მისი სამოსი გაიყვეს და სადაც მოგვიანებით წმინდა კონსტატინემ[8] და წმინდა ელენემ[9] სამი ჯვარი იპოვეს. შუა საუკუნეებში სწამდათ, რომ აქ იყო ადამისა და მელქისედეკის[10] საფლავები და აქ უნდა ყოფილიყო მთელი სამყაროს ცენტრიც. აქვე იყო პირველი ლათნი მეფეების საფლავებიც. სამწუხაროდ, ამ საფლავებზე წარწერები განადგურებულია. ქართველთა უსახელოვანესი მეფე თამარი,[11], რომლის საფლავსაც ამაოდ ეძებდნენ საქართველოში, შესაძოა, აქ იყოს დაკრძალული. რამდენიმე სამლოცველო და თვით გოლგოთაც ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდა. არ ვიცოდი, ენითგამოუთქმელი მადლიერება როგორ გამომეხატა ფრანცისკელთა მცველის მიმართ. მან არქიმანდრიტს თავი ძალიან თავაზიანად დაუკრა და ბევრი სიძველე მაჩვენა. „უმთავრესია, - მითხრა მან ფრანგულად, - საკუთარი შინაგანი ბუნების სრუყოფას ცდილობდე“. მისი ნათქვამი ტაძრის სიწმინდით შთაგონებულ დალოცვად მივიღე და იქაურობა გამხნევებულმა დავტოვე.

      არქიმანდრიტს დავემშვიდობე და პოლონეთის გენერალურ კონსულთან, ბატონ ზდისლავ კურნიკოვსკისთან[12] შესახვედრად გავეშურე. უკვე კარგა ხანი იყო გასული, რაც იერუსალიმში ვიყავი და ჩემი მოქალაქეობრივი ვალი ჯერაც არ მქონდა აღსრულებული. იქ ცნობილი იეზუიტის, მამა ფრანც ზორელის[13] რომიდან გამოგზავნილი წერილი მელოდა. ჩვენ, როგორც მკვლევარებს, ერთმანეთთან კავშირი გვქონდა. ეს იყო სარეკომენდაციო წერილი პაპის ბიბლიური ინსტიტუტის დირექტორთან, ინსტიტუტს იეზუიტები მართავდნენ. წერილში უმნიშვნელოვანესი ცნობა იყო: რომის სომხურ ხელნაწერებში ძველი ქართული ხელნაწერები აღმოჩენილიყო. შესაძლოა, მათში მნიშვნელოვანი ძველი ქრისტიანული პატრისტიკული ლიტერატურული საბუთებიც ყოფილიყო. ამ ცნობამ ძალიან გამახარა.

      ნასადილევს გეთსიმანიაში წავედი მამა ნიკოლას ჯიბსის სანახავად. ჩვენ ერთმანეთს მანამდე ენ კერემში შევხვდით და წმინდა იოანეს სენაკში ერთად წავედით.

      საშინელი სიცხე იყო. იერუსალიმის კარგად შემონახული ძველი გალავნის ძირას მივაბიჯებდი. დამასკოს კარიბჭის მარცხნივ პალესტინის მუზეუმი[14] იყო - ძალიან ლამაზი, პალესტინური სტილის შენობა. როგორც ჩანდა, დამთვალიერებელთა მისაღებად ჯერ არ გაეღოთ. კარიბჭეს როცა გავცდებოდი, ქვემოთ უნდა დავშვებულიყავი და შემდეგ მარჯვნივ შემეხვია. კარგად მოასფალტებულ გზასა და გალავანს შორის დანგრეული სახლები მოჩანდა. ამბობენ, რომ აქ კრაკოვის პარკისნაირი პარკის გაშენებას აპირებენ. წმინდა სტეფანეს კარიბჭის უკან (რომელსაც წმინდა მარიამის კარიბჭესაც უწოდებენ) გზა დაღმართზე ჩადიოდა, მარცხნივ უხვევდა და ხეობის გავლით ზეთისხილის მთისკენ, „მცირე გალილეისკენ“ მიემართებოდა. იმ ადგილს ჩავუარე, სადაც წმინდა სტეფანე ჩაქოლეს. იქ ახლა პატარა ბერძნული მონასტერია, რომელსაც მარცხნიდან სომხური გეთსიმანია ესაზღვრება, მის გვერდით კი ბაზილიკაა, სადაც ღმრთისმშბლის საფლავია. ბაზილიკისკენ მიმავალი გზა ორად იყოფოდა: ერთი გზა ზეთისხილის მთისკენ, მცირე გალილეისკენ მიდიოდა, მეორე კი, ფრანცისკელთა გეთსიმანიისა და სოფელ სილოამის გავლით, ბეთანიისკენ მიემართებოდა და მერე იერიქონის მიმართლებით გრძელდებოდა. რუსულ გეთსიმანიამდე მისასვლელად გზას ჯერ ზეთისხილის მთისკენ უნდა გაუყვეთ. იქ კი, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, მარჯვნივ შეუხვიოთ.

გრიგოლ ფერაძე, ლიტერატურა, იერიქონის ვარდები, ქველი, Qwelly, literature, ieriqonis vardebi, roses, ebooks, book, PDF

      მამა ნიკოლას ჯიბსი შინ იყო. იგი მონასტრის ყველაზე მაღალ ადგილას, მომცრო შენობაში ცხოვრობდა, რომელიც ვილას წააგავდა. გემოვნებით მოწყობილი ვილა ერთ მდიდარ და ღვთისმოსავ, მართლმადიდებლური ეკლესიით დიდად დაინტერესებულ ინგლისელ ქალს დაექირავებინა, რამდენიმე თვის წინ კი ინგლისში წასულიყო და სახლი მამა ნიკოლასისთვის დაეტოვებინა.

      ვილა აივანი ჰქონდა, საიდანაც თვალწინ დიდებული ხედი გადამეშალა. განტოტვილი კვიპაროსის მიღმა არა მარტო ყველაზე დიდი სამონასტრო ეკლესიის - წმინდა მარიამ მაგდალინელის ოქროსფერ გუმბათებს ვხედავდი, არამედ ფრანცისკელთა გეთსიმანიაში აღმართული ეკლესიის გუმბათებსაც და, მათ უკან, იერუსალიმის გალავანსა და ოქროს კარიბჭეს, რომელიც არაბთა ხანის შემდგომ დაკეტილია. კარიბჭის უკან ომარის მეჩეთია. წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესიაში, რომელსაც გულმოდგინედ ასუფთავებდა რამდენიმე მონაზონი, ხელოვნების ნიმუშები აღარ იყო. ყველაფერი წარმომადგენლობის მთავარ ეკლესიაში გადაუტანიათ. მხოლოდ ვერეშჩაგინის[15] ნახატები იყო დარჩენილი. ერთ-ერთი მათგანი მეხსიერებაში ჩამებეჭდა: დილით უფლის საფლავთან მისულმა წმინდა ქალებმა ლოდზე ჩამომჯდარი ანგელოზი იხილეს და მას გაესაუბრნენ. ფოტოსურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკლესიაში უკვე ბნელოდა. აქ, აკლდამაში დაკრძალულია დიდი მთავრის მეუღლე ელიზავეტა ფიოდოროვნა. რომელიც წმინდა მართასა და მარიამის მონასტრის იღუმენია იყო მოსკოვში და ბოლშევიკებმა მოკლეს. იგი მაღაროში ჩააგდეს, საიდანაც ერთმა ბერმა ამოასვენა და, მთელ რუსეთში ძნელი და ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ჩამოასვენა და დაკრძალა იმ ეკლესიაში, რომელიც მისი აშენებული იყო. ეს ბერი, მამა სერაფიმე, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. გადავწყვიტე, უახლოეს ხანში ვწვეოდი. წმინდა მარიამ მაგდალინელის მონასტერი ამჟამად ინგლისის მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის, რომელსაც აქ, ბეთანიაში მცირერიცხოვანი მრევლი ჰყავს.

      მამა ნიკოლასი მართალი იყო, როცა დაჟინებით იმეორებდა, რომ იერუსალიმი რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სამთავრობო და სავაჭრო დაწესებულებები (ასევე უნივერსიტეტები, გარდა სამონასტრო უმაღლესი სასწავლებლებისა) სადმე სხვაგან უნდა გადაეტანათ. როცა უკან ვბრუნდებოდი, გამომაცილა და ერთი ძველი ბილიკი და დიდი ლოდი მაჩვენა. აქა-იქ ძველ სასაფლაოთა ნაშთები მოჩანდა. ლოდთან ყვავილები იყო დარგული. მამა ნიკოლასს სწამდა, რომ ქრისტემ თავისი ბოლო ლოცვა სწორედ ამ ადგილას წარმოთქვა. „იქ, ქვემოთ, სადაც ფრანცისკანელთა მონასტერია, - მითხრა მან, - გზა ძალიან ახლოს იყო, აქ კი უფრო სიწყნარე იქნებოდა. აქეთ მომავალი ებრაელები და იუდა აქედან უკეთ გამოჩდებოდნენ“. „მართლაც, სახარება გვამცნობს, რომ ისინი შორიდანვე მოჩანდნენ“, - დავუმოწმე მეც.

      რაკიღა ცოტა დრო კიდევ მქონდა, ზეთისხილის მთაზე ავედი, რათა სახელმგანთქმული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი მენახა. 808 წლის "Commemoratorium"-ის[16] თანახმად, ამ ადგილას მამათა და დედათა მონასტრები უძველეს დროშივე არსებობდა. როცა რუსებმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, მრავალი საინტერესო მოზაიკა აღმოაჩინეს სომხური წარწერებით, რომლებიც მე-5 - მე-7 საუკუნეებით თარიღდება. ომის დროს რუსული სასულიერო წარმომადგენლობიდან მუზეუმი ამ მონასტერში გადმოუტანიათ. ცნობილი არქეულოგის, მიხეილ როსტოვცევის[17] მოწმობით, მუზეუმი საკმაოდ საინტერესო იყო.

      გზა საშინელი გამოდგა. მამა ნიკოლასის ვილის უკან, მარჯვნივ ცხოვრობდა არაბული ოჯახი, რომელიც ერთ დროს მთელ გეთსიმანიას ფლობდა, რუსებისა და ფრანცისკელების კუთვნილი მიწების ჩათვლით. ამბობენ, რომ მათ სახლის სარდაფში ახლაც არის მოზაიკა, რომელზეც იერუსალიმში სახედარზე მჯდომი ქრისტეს დიდებით შესვლაა გამოსახული, თუმცა ოჯახი ამ მოზაიკას არავის აჩვენებს. ამ სახლის უკან კიდევ ერთ კათოლიკური მონასტერი, მარცხნივ - ძველი მონასტრის ნანგრევები. ქრისტემ, ალბათ, ამ ადგილას იწინასწარმეტყველა იერუსალიმის დანგრევა.[18] მონასტერი ბერძნებს ეკუთვნოდათ. ნანგრევებში შევედი და ქვა-ღორღში კარგა ხანს ვხეტიალებდი. ერთმა მოზრდილმა ხვლიკმა დამინახა და ქვის ქვეშ შეიმალა. სულ მაღლა, მთაზე, პატარა არაბული სოფელი გამოჩნდა. ერთ-ერთი პირველი სახლის კედელზე გაკეთებულმა წარწერამ შემაცდინა და იმის ნაცვლად, რომ მარცხნივ გამეხვია, პირდაპირ წავედი. იმ წარწერის მიხედვით, ეს გზა ზეთისხილის მთაზე, მონასტრისკენ მიდიოდა. თუმცაღა, მონასტრის კარიბჭე დაკეტილი დამხვდა და მთელი არაბული სოფლის გავლა მომიხდა, შესასვლელი კარი რომ მომენახა. როცა იქაურ ბინადართა სახლებს, ან უფრო სწორედ, საცოდავ ქოხმახებს ვათვალიერებდი, ვფიქრობდი, რომ აქაურნი ან მონასტრის ნანგრევებზე იყვნენ დამკვიდრებულნი, ანდა დიდ საკათედრო ტაძარს მიკედლებულნი. სამწუხაროდ, მონასტრის მუზეუმში მდიდარი კოლექცია აღარ იყო. უბირ მონაზვნებს თურმე ერთმა ცბიერმა და თაღლითმა სომეხმა ყველაზე ფასეული ნივთები დასცინცლა, ალექსანდრიაში გაყიდა და გამდიდრდა. როცა ხელოვნების ნიმუშები სასულიერო წარმომადგენლობიდან მოიტანეს და გახსნეს, მონაზვნები ანტიკურ, წარმართულ ქანდაკებათა - შიშველი ჰერმესის, ადონისის და აფროდიტეს - ხილვამ შეაძრწუნა. სომეხმა ვაჭარმა ეს ამბავი შეიტყო და მონასტერს საჩოთირო ნივთები თავიდან მოაშორა.

      მუზეუმის მოზაიკა კარგად არის ცნობილი; მისი ფოტოსურათები მრავალჯერაა გამოქვეყნებული. მე უფრო მაინტერესებდა იუდეველთა მეფის ეზეკიას[19] საფლავის ქვა, რომელიც პალესტინაში, რუსულ ტერიტორიაზე მშენებლობისას აღმოაჩინეს. მონაზონმა, რომელიც იქაურობას მათვალიერებინებდა, მითხრა, ებრაელები ამ ქვის აღმოჩენამ ძალიან აღაფრთოვანა, გვეშინია, არ მოიპარონ და ამიტომ საგანგებო ყუთში გვაქვს მოთავსებული და ჩაკეტილიო. გასაღები ვიღაც სხვას ჰქონდა. მე არავის შეწუხება არ მინდოდა, თანაც მაგვიანდებოდა. შინისკენ იმავე გზით გამოვბრუნდი. ჯერ კიდევ მთაზე ვიყავი, როცა ერთმა არაბმა, მეჩეთთან რომ იჯდა, რუსულად შემომთავაზა შევსულიყავი და მენახა ამაღლებამდე დატოვებული ანფეხური ჩვენი მაცხოვრისა. იმ დღეს საკმაოდ ბევრი რამ ვნახე და ამიტომ თავაზიანად მადლობა ვუთხარი.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] ვოიზერო მენენ ასტავი (1889-1962) - იმპერატორ ჰაილე სელასი I-ის პირველი მიუღლე.

[2] პრინცესა ტენაგრე ვორკი (1912-2003) - იმპერატორ ჰაილე სელასი I-ის (1892-1975) უფროსი ქალიშვილი, არისტოკრატი გენერლის რას დესტა დამტეუს (1892-1937) მეუღლე.

[3] ვოიზერო ვალატა ისრაელი (1906-1945) - ტახტის მემკვიდრის, პრინც მერიდაზმას ასფავ ვოსენის პირველი ცოლი.

[4] მათე 11,3.

[5] ჩარლზ სიდნეი ჯიბსი (1876-1963) - რუსეთის იმპერაოტირ ნიკოლოზ II-ის შვილების აღმზრდელი 1908-1918 წლებში. 1934 წელს მართლმადიდებლობა აღიარა და ბერად აღკვეცა (მას ნიკოლოზი უწოდეს). 1937 წელს დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა.

[6] ალექსანდრე ცაგარელი (1844-1929) - ცნობილი ქართველი მეცნიერი, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი. გრიგოლ ფერაძე მის შესახებ წერდა: „სახელგანთქმული ქართველი მკვლევარი ჩემთვის ნიმუში იყო სამეცნიერო მუშაობისას. იგი იყო პირველი, ვინც მთელს მსოფლიოში მოიძია ქართული ხელნაწერები, დაიწყო მათი აღნუსხვა და კატალოგების შექმნა. იგი იყო ძველი ქართული ხელნაწერების სამეცნიერო კვლევის ფუძემდებელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დიდი ხნის მანძლზე. 1929 წელს გარდაიცვალა თბილისში. მის ნაკვალევს დავადექი და მინდოდა მენახა ის, რაც მისთვის მიუწვდომელი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს“ (წმინდა გრიგოლ ფერაძე, თხზულებათა კრებული, წიგნი პირველი, ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში, ქართული ეკლესიის უძველესი ისტორია, გამოსაცემად მოამზადა დ. ყოლბაიამ, ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავა, 2012, გვ. 74)

[7] ელიზავეტა ფიოდოროვნა (1864-1918) - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის მეუღლის, ალექსანდრა ფიოდორვნას და; დიდი მთავრის, სერგეი ალექსანდროვიჩის მეუღლე. მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე 1905 წელს რევოლუციონერებმა მოკლეს, მოსკოვში დავრდომილთა თავშესაფარი დააარსა. ბოლშევიკებმა იგი ცოცხლად ჩააგდეს მაღაროში. 1992 წელს ელიზავეტა ფიოდოროვნა წმინდანად შერაცხა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

[8] კონსტანტინე დიდი - რომის იმპერატორი 306 წლიდან, გარდაიცვალა 337 წელს.

[9] ელენე დედოფალი - იმპერატორ კონსტანტინე დიდის დედა (255-330). კონსტანტინე დიდის დავალებით, ელენე დედოფალი წმინდა მიწაზე გაემგზავრა ქრისტიანული სიწმინდეების მოსაძიებლად. იერუსალიმშ ელენე დედოფლის ბრძანებით ჩატარებული გათხრების შედეგად, სხვა სიწმინდეებთან ერთად, იპოვეს სამი ჯვარი, რომლებზედაც აცვეს მაცხოვარი და ორი ავაზაკი.

[10] მელქისედეკი - ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც მოიხსენიება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში (დაბადება, 14: 18-20; ფსალმ. 109:4; პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, 6:11; 6:20; 7:28). წმინდა წერილის თანახმად, მელქისედეკი იყო ქალაქ სალემის (იერუსალიმის) მეფე და უზენაესი მღვდელმსახური.

[11] თამარ მეფე - საქართველოს მეფე 1184-1215 წლებში.

[12] კაზიმეჟ ზდისლავ კურნიკოვსკი (1885-1965) - პოლონელი დიპლომატი, 1932-1936 წლებში პოლონეთის გენერალური კონსული იერუსალიმში.

[13] ფრანც ზორელი (1836-1947) - გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე, იეზუიტების ორდენის წევრი, სხვა ნაშრომებთან ერთად ძველი ქართული ენის გრამატიკის ავტორი.

[14] დღევანდელი როკფელერის მუზეუმი, დაარსდა 1930 წელს.

[15] ვასილ ვასილიევიჩ ვერეშჩაგინი (1842-1904) - რუსი მხატვარი.

[16] Commemoratorium (ლათ. „სამახსოვრო ჩანაწერები“) - ქრისტიანული პილიგრიმული ლიტერატურის ერთ-ერთი საყურადღბო ძეგლი, რომელიც 808 წლით თარიღდება.

[17] მიხეილ ივანოვიჩ როსტოვცევი (1870-1952) - ცნობილი რუსი არქეოლოგი და სიძველეთმცოდნე.

[18] მათე, 24. 2-22.

[19] ეზეკია - იუდეის მეფე ძვ.წ. 715-686 წლებში.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 496

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters