1968, francoise sagan, fransuaza sagan, literatura, mfarveli angelozi, novel, qwelly, romani, ანგელოზი, ლიტერატურა, მოთხრობა, მფარველი, მფარველი ანგელოზი, მფარველობა, რომანი, ფრანსუაზ საგანი, ფრანსუაზ_საგანი, ცნობილი ავტორი

← დასაწყისი

VIII თავი

      "როლსი" საშინელი სიდიდის გამოდგა, მოთეთრო-მოვერცხლისფრო, შავი სავარძლებით, გადახსნილი სახურავით და სპილენძის უამრავი მოქლონით. სულ ცოტა, 1925 წელს მაინც უნდა ყოფილიყო გამოშვებული. მოკლედ, ნამდვილი გიგანტი იყო. და რადგან მანქანის სადგომი მხოლოდ ერთადგილიანი მქონდა, იძულებული გავხდით "როლსი" უამისოდაც ერთი ციცქნა ბაღში დაგვეყენებინა. მანქანის აქეთ-იქით, ორივე მხარეს ცოტა ბალახი დარჩა, რაც რომანტიკულ იერს აძლევდა აქაურობას. ლუისი ჭკუაზე არ იყო, მანქანის ირგვლივ დახტოდა და ჩემს ვერანდაზე მდგარი თავისი საყვარელი სავარძელიც კი გაცვალა ამ საოცრების უკანა სავარძელზე. თანდათან "როლსში" გადაზიდა ყველაფერი, წიგნები, სიგარეტები, ბოთლები, გადაღებებიდან დაბრუნებისთანავე შიგ ჩაჯდებოდა ხოლმე, ფეხებს კარზე გადმოაწყობდა და ტკბებოდა ღამისა და ობის სურნელით, ძველისძველ სავარძლებს რომ ასდიოდათ. მადლობა ღმერთს, "როლსით" ქუჩაში სიარულს მაინც არ აპირებდა. საერთოდ ვერაფრით ვერ მივხვდი, ეს რაღაც როგორ მოაგორეს სახლამდე.

      შევთანხმდით, მანქანა ყოველ კვირას უნდა გაგვერეცხა. იმას, ვისაც კვირა დილით თავის გაუბედურებულ ბაღში ძეგლივით ერთ ადგილას მდგარი 1925 წლის "როლს-როისი" არ გაურეცხავს, ძალიან ბევრი დაუკარგავს ცხოვრებაში. საათ-ნახევრის განმავლობაში გარედან ვრეცხავდით ხოლმე მანქანას, ნახევარ საათსაც შიგნიდან. თავიდან ლუისს ვშველოდი, ვწმენდდით ფარებს, რადიატორს, მოკლედ, მთელ წინა მხარეს, შემდეგ უკვე მარტო დავეძგერებოდი სავარძლებს, საკუთარი სახლი არ დამილაგებია არასოდეს ასეთი შემართებით, თხლად წავუსვამდი ცვილს და მერე ნატის ნაჭრით ვასუფთავებდი, ისე ვაპრიალებდი ხის ტორპედოს, სულ ლაპლაპი გაუდიოდა, მერე დავაორთქლებდი ციფერბლატს, მტვერს ვაცლიდი და წამონთებული თვალებთ ვუყურებდი სპიდომეტრს, ამასობაში ლუისს უკვე მაისური გადაეცვა და ბორბლები, სალტეები და ბამპერი მოჰყავდა წესრიგში. პირველის ნახევრისთვის "როლსი" მთელი თავისი დიდებული ბრწყინვალებით წარმოგვიდგებოდა ხოლმე. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, მანქანას გარშემო ვუვლიდით, თან კოქტეილს ვსვამდით და ასეთი მშვენიერი დღის გათენებას ვულოცავდით ერთმანეთს. ვიცი რატომაც: რასაც ვაკეთებდით, სულ ამაო იყო, ერთი შვიდი დღე კიდევ ჩაივლიდა, ამ მანქანით კი, ცხადია, არავინ აპირებდა სიარულს. "როლსს" მაყვლის ბუჩქები გადაფარავდნენ, მაგრამ კვირის თავზე ყველაფერი ისევ განმეორდებოდა. ამიტომაც ბავშვებივით ძლიერად, ღრმად და გულწრფელად გვიხაროდა ეს ამბავი. ხვალ ორშაბათია, ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას დავუბრუნდებით, დავუბრუნდებით საჭირო და შემოსავლიან სამუშაოს, ჭამის, სმისა და ძილის საშუალებას რომ გვაძლევს და უმტკიცებს გარშემომყოფებს - ჩვენ ვარსებობთ, მაგრამ ღმერთო, როგორ მძულს უამრავი მზაკვრობით სავსე ამგვარი ცხოვრება. რა საინტერესოა - ზოგჯერ იქნებ ღირდეს, თქვენც ჩემსავით შეიძულოთ სიცოცხლე, რომ მერე მისი ნებისმიერი გამოვლინების განუმეორებელი ხიბლი დააფასოთ.

      სექტემბრის ერთ დარიან საღამოს ვერანდაზე ვიჯექი, ლუისის ჯემპრში ვიყავი ჩაფუთნული, ფართხუნა, ხორკლიანი და ძალიან თბილი იყო, ზუსტად ისეთი, მე რომ მიყვარს. ცოტა ხნის წინ დიდი ძალისხმევის შემდეგ ძლივს დავითანხმე ლუისი მაღაზიაში წამომყოლოდა და მან, როგორც იქნა, თავისი ბრწყინვალე ხელფასის წყალობით, მთლიანად განაახლა თავისი არარსებული გარდერობი. ჯემპრი მაშინვე მივისაკუთრე, ყოველთვის ჩემს ნებაზე ვექცეოდი იმათ ნივთებს, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი. ვაღიარებ, ეს ერთადერთი ცოდვაა, რომელშიც მართლა შეიძლება ჩემი დადანაშაულება. მოკლედ, ვთვლემდი, თან დროდადრო არაჩვეულებრივად სულელურ სცენარს ჩავხედავდი ხოლმე, სამ კვირაში ამისთვის დიალოგები უნდა დამეწერა. მგონი ვიღაც გოგო-ბიჭის ამბავი იყო, როგორ გაიცნო ერთმა ჩერჩეტმა გოგომ ერთი ჭკვიანი ბიჭი და როგორ აქცია ამ შეხვედრამ ჭეშმარიტ სრულყოფილებად, თუ რაღაც ამის მსგავსი. ერთადერთ სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ ეს ჩერჩეტი გოგო მე იმ ჭკვიან ბიჭზე უფრო ჭკვიანად მეჩვენებოდა. მაგრამ წიგნი ბესტსელერი გახლდათ და ცვლილებების შეტანა არაფრით არ გამოდიოდა. ვამთქნარებდი და მოუთმენლად ველოდი ლუისის დაბრუნებას. არადა, ვინ დავინახე?! არცთუ ძვირფას ინგლისურ შავი ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილი, გადანაკეცზე ვეებერთელა გულსაბნევდაბნეული - სახელგანთქმული, შეუდარებელი, ჩინეჩიტადან ახლახან დაბრუნებული ლუელა შრიმპი!

      იგი ჩემს ღარიბულ სახლთან გადმოვიდა მანქანიდან, რაღაც გადაულაპარაკა თავის ანტილიელ მძღოლს, ჭიშკარი გააღო და ბაღში შემოვიდა, შემოუარა "როლსს" და ჩემ დანახვაზე, მგონი, გაოცებისგან გაუფართოვდა შავი თვალები. შუბლზე ჩამოყრილი თმით, უზარმაზარ ჯემპრში ჩაფუთნული, მოწნულ შეზლონგზე მხართეძოზე წამოწოლილი, წინ სკოჩის ბოთლით - ტენესი უილიამსის რომელიღაც გმირებს ვგავდი, მუდამ მთვრალებსა და მარტოსულებს. სწორედ ამიტომაც მიყვარს ისინი. ლუელას კიბეზე სამი საფეხურიღა ჰქონდა ამოსავლელი, როცა გაჩერდა და მისუსტებული ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი: "დოროთი... დოროთი...". მე მას გაოცებული შევყურებდი, ლუელა შრიმპი ეროვნული სიამაყეა, იგი არსად ჩნდება პირადი მცველის, საყვარლისა და თხუთმეტიოდე ფოტოგრაფის გარეშე. კი მაგრამ, რას აკეთებს ეს ქალი ჩემს ბაღში? ჩვენ ერთიმეორეს ჭოტებივით შევაცქერდით და არ შემეძლო არ აღმენიშნა, რომ იგი გადასარევად ებრძოდა წლებს, 43 წლის ასაკში ჯერაც შემორჩენოდა გარეგნული სილამაზე და ოცი წლის გოგოს უზადო კანი. მან კიდევ გაიმეორა: "დოროთი", მეც ძალისძალად წამოვიწიე სავარძლიდან და ძლივს გასაგონი ხმით წარმოვთქვი "ლუელა". მერე იგი უკვე აჩქარდა, ახალგაზრდა ფურ-ირემივით ამოირბინა დარჩენილი საფეხურები, დავინახე, პიჯაკის ქვეშ როგორ უხტოდა მკერდი, და პირდაპირ მკლავებში ჩამივარდა. იმ წუთას თავში გამიელვა, ორივენი ფრენკის ქვრივები ვართ-მეთქი.

      -ღმერთო ჩემო, დოროთი, როცა ვფიქრობ, რომ აქ არ ვიყავი... რომ თქვენ ყველაფერს მარტო მოერიეთ... დიახ, ვიცი... თავი დიდებულად ეჭირაო... უნდა მოვსულიყავი თქვენთან... უნდა...

      მას უკვე ხუთი წელი იყო, აღარ აინტერესებდა ფრენკი და ამ ხუთი წლის მანძილზე ერთხელაც არ უნახავს იგი.

      ამიტომაც ვივარაუდე, ან არ იცის, დღეს საღამოს რა აკეთოს, ანდა ახალი საყვარელი მის სექსუალურ მადას ვერ აკმაყოფილებს-მეთქი. ლუელა იმ ჯურის ქალი იყო, რომელსაც სრული უფლება ჰქონდა, მსგავსი საფიქრალით აეტკივებინა თავი. ამიტომაც ფილოსოფიური სახით მივუჩოჩე სავარძელიც, ჭიქაც და ჩვენ ორივე ერთხმად შევუდექით ფრენკის ქებას. ლუელამ პირველ რიგში ბოდიში მომიხადა, მაპატიეთ, ფრენკი რომ წაგართვითო. ვნება იყო, გასაგებია. მეც მაშინვე ვაპატიე, დრო ყველაფერს კურნავს და ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ. სულის სიღრმეში ეს ამბავი ძალიანაც მართობდა. იგი ლაპარაკობდა გაცვეთილი ფრაზებით, გულწრფელად იშვიათად იტყოდა რამეს, ოღონდ მაშინაც საოცარ სისასტიკეს იჩენდა. ლუისი რომ გამოჩნდა, უკვე ორმოცდაცხრამეტის ზაფხულს ვიგონებდით.

      იგი "როლსის" ბუფერის ქვეშიდან გამოძვრა. იღიმებოდა. ისეთი ტანადი და მოხდენილი იყო, როგორც არასდროს. ძველი ზედა ეცვა, ტილოს შარვალი, შავი თმები თვალებში ეყრებოდა. მე ჩვეულებრივად, ძველებურად შევხვდი, მაგრამ უცებ ყველაფერს ლუელას თვალით შევხედე და კინაღამ გამეცინა - იგი დაიძაბა, დაიძაბა, როგორც ცხენი იძაბება დაბრკოლების გადალახვისას, როგორც ქალი იძაბება კაცთან, რომელიც უცებ სიგიჟემდე მოუნდა. ლუისს ღიმილი სახეზე შეაშრა - ვერ იტანდა უცნობებს. მე თავაზიანად წარვადგინე, ლუელა კი უკვე კბილებამდე იყო შეიარაღებული.

      ჩვენ წინ არც სულელი ქალი იჯდა, არც ვამპირი, არამედ მაღალი წრის გონიერი ქალბატონი, თავის საქმის ჭეშმარიტი მცოდნე. აღტაცებული ვადევნებდი თვალს მის გამოსვლას. ერთი წამით არ ცდილა ან ეცდუნებინა, ან აღეგზნო ლუისი. მაშინვე მაღალი წრის საუბარი წამოიწყო, ლაპარაკობდა მანქანაზე, დაუდევრად აიღო ხელში ვისკიანი ჭიქა, უგულისყუროდ გამოჰკითხა ლუისს მომავლის გეგმები, ერთი სიტყვით, კეთილ და უბრალო ქალს თამაშობდა. ღმერთო, რა შორს იყო ეს ყველაფერი ჭეშმარიტებისგან. თუმცა რას ვიზამთ, ეს ხომ ჰოლივუდია. ლუელას მზერაში ამოვიკითხე, რომ ლუისი ჩემს საყვარლად ჩათვალა და გადაწყვიტა, აუცილებლად წავართმევო.

      ეს უკვე მეტისმეტი იყო, ჯერ საბრალო ფრენკი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს... თუმცა, ვაღიარებ, ცოტა არ იყოს, გული მომივიდა. მარტო ლუისს რომ გათამაშებოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ჩემი დაცინვაც გადაწყვიტა, ეს კი ნურას უკაცრავად... მან ჩემი თავმოყვარეობა შეურაცხყო, მეც ავდექი და სისულელე ჩავიდინე. მთელი ექვსი თვის მანძილზე პირველად მოვექეცი ლუისს, როგორც ჩემს საკუთრებას. იგი იატაკზე იჯდა, ჩვენ შემოგვყურებდა და თითქმის არ ლაპარაკობდა. მე ხელი გავუწოდე: - ჩემს სავარძელს მოეყრდენით, ლუის, თორემ, იმდენს იზამთ, ზურგი გეტკინებათ.

      იგი ახლოს მოიწია, მე თითები დაუდევრად შევუცურე თმაში. მან მაშინვე უკან გადმოსწია თავი, მოულოდნელად მუხლზე დამადო, თვალები დახუჭა და ძალიან ბედნიერი სახით გაიღიმა, დამდუღრულივით გამოვწიე ხელი.

      ლუელა გაფითრდა, მაგრამ ეს უკვე სულაც აღარ მსიამოვნებდა: მრცხვენოდა საკუთარი თავის. ლუელა, მარცხის მიუხედავად, ერთხანს კიდევ აგრძელებდა ლაპარაკს, ნამდვილად შესაშური თავშეკავება ჰქონდა, იმიტომ რომ ლუისს თავი არ აუწევია და ეტყობოდა, საერთოდ არ აინტერესებდა ჩვენი საუბარი.

      ბედნიერ შეყვარებულ წყვილს ვგავდით და როცა შეცბუნებამ გამიარა, ვიგრძენი, ერთი გადახარხარება ქვეყანას მერჩია. ბოლოს ლუელასაც გამოელია ძალ-ღონე და წამოდგა. მეც წამოვდექი, ამან აშკარად შეაწუხა ლუისი, ისიც წამოდგა, ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და თან ისეთი ცივი, ისეთი ნაღვლიანი, ისეთი გაწამებული თვალებით შეხედა ლუელას, თითქოს ეკითხებოდა, წასვლას აღარ აპირებთო? აი მაშინ ლუელამაც თავის მხრივ ისე გადახედა, თითქოს იგი ადამიანი კი არა, უსულო საგანი ყოფილიყოს.

  - მივდივარ, დოროთი, მგონი ხელი შეგიშალეთ. მაგრამ თქვენ თანამოსაუბრე კიდევ გრჩებათ, თუ კარგი არა, ყოველ შემთხვევაში, ლამაზი მაინც.

      ლუისმა არაფერი შეიმჩნია. არც მე. ანტილიელ მძღოლს უკვე გაეღო კარი. მაშინ კი იფეთქა ლუელამ: - არ იცით, ახალგაზრდავ, რომ ქალბატონი, წესით, მანქანამდე უნდა მიაცილოთ?

      იგი ლუისს მიუბრუნდა და მე დავინახე ცხოვრებაში პირველად როგორ უღალატა თავისმა ცნობილმა თავშეკავებამ.

  - ქალბატონი კი, - მშვიდად უპასუხა ლუისმა. მე არ გავნძრეულვარ.

      მაშინ ლუელამ ხელი ისე ასწია, თითქოს სილის გარტყმას უპირებსო, მე თვალები მოვჭუტე. ლუელას სახელი თავისი ცნობილი სილებითაც ჰქონდა განთქმული, როგორც ეკრანზე, ისე ცხოვრებაში. ძალიან ოსტატურად აკეთებდა ამას - ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ მარცხნიდან, თან ოდნავადაც არ გაატოკებდა მხრებს, მაგრამ ამჯერად უცებ გაშეშდა. მეც, ჩემი მხრივ, შევხედე ლუისს. იდგა, არ ინძრეოდა, არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს ხედავდა, ასეთი უკვე მენახა ერთხელ, ნელა სუნთქავდა და ზედა ტუჩი ოფლით დასცვაროდა. ლუელამ ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, მერე მეორე, თითქოს უხიფათო მანძილზე გაცლას ცდილობსო. ლუელას შეეშინდა, მეც.

  - ლუის! - დავუძახე და ხელები მკლავებში ჩავავლე. თითქოს გამოფხიზლდა და ლუელას ძველმოდურად დაუკრა თავი. იგი კი თვალს არ გვაცილებდა არც ერთს.

  - აჯობებდა, ვინმე უფრო ასაკოვანი მოგეძებნათ, დოროთი, და უფრო თავაზიანიც.

      ხმა არ ამომიღია. მხოლოდ ტანში გამცრა. გაოგნებული ვიყავი. ხვალ ამას მთელი ჰოლივუდი გაიგებს. ლუელა აუცილებლად იძიებს შურს, რაც, სულ ცოტა, ორ კვირის მანძილზე გაუთავებელ უსიამოვნებებს ნიშნავდა. ლუელა თვალს მიეფარა თუ არა, ვერ მოვითმინე, რომ ლუისისთვის საყვედური არ მეთქვა. პასუხად სიბრალულით სავსე მზერა დავიმსახურე.

  - მართლა გაწუხებთ ეგ ამბავი?

  - დიახ. მითქმა-მოთქმას ვერ ვიტან.

  - მაგას მოვაგვარებ, - მიპასუხა მშვიდად. მაგრამ უკვე გვიან იყო.

      მეორე დილით სტუდიისკენ მიმავალ გზაზე ლუელას კაბრიოლეტი მოსახვევში ცუდად შევიდა და ასიოდე მეტრით ქვევით, სან-ფერნანდოს ხეობაში გადაიჩეხა.

IX თავი

      დაკრძალვა მდიდრულად ჩატარდა. ბოლო ორ თვეში, ჯერი ბოლტონს თუ არ ჩავთვლით, უკვე მეორე ცნობილი ჰოლივუდელი ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას. თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილების ზღვაში ჩაიკარგა საფლავი. იქ პოლთან და ლუისთან ერთად მივედი. ჩემთვის ლუელა მესამე მიცვალებული იყო, ამის წინ - ბოლტონი, უფრო ადრე - ფრენკი. და აი მე კვლავ მივდივარ სასაფლაოს მოვლილ ხეივანში. ვიგონებ სამივეს, ასე განსხვავებულებს და მაინც ერთნაირად სუსტებსა და შეუბრალებლებს, ხარბებსა და უპრინციპოებს. სამივეს, სხვებისა და საკუთარი თავისთვისაც ერთნაირად გაუგებარი გაშმაგებით რომ იბრძოდნენ რაღაცისათვის. მტანჯველი ფიქრია. ნეტავ რა კედელი ჰყოფს ადამიანთა ცხოვრებასა და მათ ყველაზე გულწრფელ სურვილებს, მათ დაუძლეველ სურვილს, ბედნიერები იყვნენ? იქნებ ბედნიერება ის ხატია, რომელსაც თვითონვე ქმნიან და რომელიც არასდროს არ ეთავსება მათ ცხოვრებას, იქნებ ქიმერაა მხოლოდ? იქნებ ეს მეტისმეტი მოცლილობის ბრალია ანდა პირიქით მოუცლელობისა? იქნებ ბავშვობიდან გამოყოლილი სევდაა?

      შინ დაბრუნებული კვლავ ჩემს კაცებს შორის ჩავჯექი და დიდხანს ვაჯამებდი შედეგებს, ხან ამათ ვკითხავდი რამეს, ხან ვარსკვლავებს, მაგრამ არც ერთი არ მპასუხობდა. ბოლოს დავასკვენი, ჩემს მსჯელობაში უამრავი რამაა გაუგებარი-მეთქი. "ტრავიატა" ჩავრთე, ეს რომანტიკული მუსიკა ყოველთვის საფიქრელად განმაწყობს ხოლმე. მომბეზრდა სიჩუმე: - ლუის, ბედნიერი ხართ?

  - დიახ.

      პასუხის სიმოკლემ სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. გავჯიუტდი: - შეგიძლიათ მითხრათ, რატომ?

  - არა.

      ახლა პოლს მივუბრუნდი: - თქვენ, პოლ?

  - იმედი მაქვს, მალე ვიქნები.

      ქორწინებაზე გადამიკრა სიტყვა, სისხლი გამეყინა ძარღვებში. სასწრაფოდ შევცვალე თემა.

  - მომაქციეთ ყურადღება, ბოლოს და ბოლოს. აი, ვსხედვართ აქ სამნი, თბილა, დედამიწა ბრუნავს, ჯანმრთელები ვართ, ბედნიერები... მაგრამ რატომღაც ჩვენს ურთიერთობას თან სდევს რაღაც საშინელი... რაშია საქმე?

  - შეგვიბრალეთ, დოროთი - გაღიზიანებული ხმით მითხრა პოლმა, - წარმოდგენა არ მაქვს, რაშია საქმე. გაზეთები წაიკითხეთ, სავსეა მასეთი გამოკვლევებით.

  - რატომ არასდროს არავინ არ მელაპარაკება სერიოზულად? - გავბრაზდი. - მე რა, რეგვენს ვგავარ თუ იდიოტს?

  - აბა, რა აზრი აქვს თქვენთან ბედნიერებაზე ლაპარაკს? - მიპასუხა პოლმა, - თქვენ თვითონ ხომ ხორცშესხმული პასუხი ხართ. ღმერთს ხომ არ ვკითხავ, არსებობ თუ არაო?

  - ეს იმიტომ, რომ - წამოიწყო ხმამაღლა ლუისმა და მერე ჩურჩულით განაგრძო, - თქვენ, უბრალოდ, კეთილი ხართ, იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ხართ.

      უცებ წამოდგა. პირდაპირ სახეში სცემდა სასტუმრო ოთახიდან შემოსული შუქი, უცნაური გამომეტყველება ჰქონდა და წინასწარმეტყველივით ასწია ხელი.

  - შეიგნეთ... შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს... თქვენ კეთილი ხართ. ადამიანები კი, როგორც წესი, არ არიან კეთილები... მმ... საკუთარი თავის მიმართაც კი არ არიან...

  - ღმერთო ჩემო, - ჩაერია პოლი, - დასალევად ხომ არ წავსულიყავით? სადმე უფრო მხიარულ ადგილას. რას იტყვით, ლუის?

      პოლმა პირველად დაპატიჟა იგი და ჩემდა გასაოცრად, ლუისი დათანხმდა.

      ცუდად გვეცვა, ამიტომ გადავწყვიტეთ მალიბუსთან ახლოს, ბიტნიკების ბარში შეგვევლო. ყველანი პოლის "იაგუარში" ჩავსხედით. მე სიცილით შევნიშნე, ლუისი ახლა უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი პირველი შეხვედრისას-მეთქი. ამ მოსწრებული ხუმრობის შემდეგ გზას გავუყევით. მანქანას სახურავი გადახდილი ჰქონდა, პირდაპირ ცხვირ-პირში გვცემდა ქარი. თავს საოცრად კარგად ვგრძნობდი, ჩაჭეჭყილი ვიყავი ჩემს საყვარელსა და უმცროს ძმას (ვაჟიშვილს რომ უფრო ჰგავდა), შორის. ორივე ლამაზი, კეთილშობილი, თავაზიანი, ორივე მიყვარს. მიწაში დამარხული ლუელა გამახსენდა და კიდევ ერთხელ გავიფიქრე: ბედმა გამიღიმა, სიცოცხლე მშვენიერია-მეთქი. ბარი, სადაც ჩვენ შევედით, თმა-წვერმოშვებული ახალგაზრდებით იყო სავსე. რის ვაი-ვაგლახით ვიპოვეთ ცარიელი მაგიდა. თუ პოლს მართლა ჩვენი საუბრის შეწყვეტა სურდა, მაშინ დიდებულად გამოუვიდა ყველაფერი: მუსიკას ისეთ ხმაზე უკრავდნენ, არც ერთი სიტყვა არ ისმოდა. გამხიარულებული ბრბო დაუღალავად ცეკვავდა ჯერკის ხმაზე, და ვისკიც ნორმალური იყო. ლუისი გვერდით რომ აღარ გვახლდა, უცებ ვერც შევნიშნე. მოგვიანებით მაგიდასთან მობრუნებულს მზერა გაყინული ჰქონდა და გამიკვირდა - ბევრი არასდროს დაულევია.

      უფრო ნელი მუსიკა დაუკრეს და მე პოლთან ერთად საცეკვაოდ გავედი. უკანა გზაზე კი ვიღაც გაოფლილი წვეროსანი დამეჯახა, იქვე მაგიდასთან. მე მექანიკურად ჩავიბუტბუტე: მაპატიეთ-მეთქი. იგი მოტრიალდა და ისე ბოროტად მომაშტერდა, რომ შევცბი. ალბათ თვრამეტის იყო, მეტის არა, ქუჩაში ალბათ უზარმაზარი მოტოციკლეტი უცდიდა და უკვე კარგად გალეშილიყო. შეიძლება იმ ცნობილ შავქურთუკიანებსაც ეკუთვნოდა, რომლებზე ლაპარაკითაც თავის დროზე გაზეთებმა ყურები გამოგვიჭედეს. ზუსტად ასე დამიღრინა: - შენ რაღა გინდა, ბებერო?

      აღშფოთებული უკვე პასუხის გაცემას ვაპირებდი, რომ უცებ ვიღაცამ ტყვიასავით ჩამიქროლა გვერდით და ყელში ეცა ნაძირალას. ლუისი იყო! ისინი საშინელი ბრახუნით გაგორდნენ იატაკზე, მაგიდები ააყირავეს და პირდაპირ მოცეკვავეებს შეუცვივდნენ ფეხებში. მე გულის გამგმირავი ხმით ვიკივლე: "პოლ!" და თვალი მოვკარი, ჩემგან სულ რაღაც ორ ნაბიჯში როგორ ცდილობდა იგი გაერღვია ბრბო, მაგრამ აღგზნებული ახალგაზრდები გარს შემოხვეოდნენ მოჩხუბრებს და არ უშვებდნენ. ისევ დავიკივლე: "ლუის! ლუის!" მაგრამ იგი ყრუ ბრდღვინვით განაგრძობდა ძირს გორაობას და თან ჩემს წვერიანს ყელში უჭერდა ხელს. ამ მდგომარეობამ სულ ერთ წუთს გასტანა, ერთ საშინელ წუთს, მეტს არა. მოულოდნელად ორივენი გაშეშდნენ. ბნელოდა და თითქმის ვერაფერს ვარჩევდი, მაგრამ ეს უეცარი უმოძრაობა ჩხუბზე უფრო საზარელად მეჩვენა. ვიღაცამ იყვირა: - გააშველეთ, გააშველეთ.

      პოლმა, როგორც იქნა, მოაღწია ჩემამდე. მისწი-მოსწია მაყურებლები, როგორც უკვე გითხარით, და მომვარდა. ახლა მხოლოდ ლუისის ხელს ვხედავდი. ეს გამხდარი, გრძელი ხელი ძველებურად უჭერდა ყელში იატაკზე გაუნძრევლად გაწოლილ ბიჭს. დავინახე, პოლი როგორ სწვდა ამ ხელს და სათითაოდ როგორ გააშლევინა თითები. მერე ვიღაცები დამეჯახნენ და მეც უღონოდ დავენარცხე სკამზე.

      დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს: ერთ კუთხეში ლუისი ეჭირათ, მეორეში შავქურთუკიანს ასულიერებდნენ. პოლიციის გამოძახებას აშკარად არავინ აპირებდა, ჩვენც საჩქაროდ გამოვძვერით ქუჩაში, გაჩეჩილები ძლივს ვითქვამდით სულს. ლუისს უკვე თითქმის დამშვიდებული, გულგრილი სახე ჰქონდა. უხმოდ ჩავსხედით "იაგუარში". პოლმა ღრმად ამოისუნთქა, სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და მე გამომიწოდა, მერე მეორე ღერს მოუკიდა თავისთვის. მანქანა არ დაუქოქავს. მე მივუბრუნდი და რაც შეიძლებოდა მხიარულად ვთქვი: - ჰოო... რა საღამოა...

      პოლს არაფერი უთქვამს, წინ გადაიხარა და ყურადღებით გადახედა ლუისს.

  - რა დალიეთ? LSD?

      ლუისმა არ უპასუხა. მე სკამზე შევხტი და მისკენ შევტრიალდი. იგი იჯდა, თავი უკან გადაეწია და გაშტერებული სახით მისჩერებოდა ზეცას.

  - დაანებეთ თავი, - ჩუმად მითხრა პოლმა - ის ტიპი კინაღამ მოკლა... დოროთი, შეგიძლიათ ამიხსნათ, რა მოხდა?

      შევყოყმანდი. არც ისე იოლი ასახსნელი იყო.

  - იმ ბიჭმა მიმანიშნა, რომ მე... მმ... ცოტა არ იყოს, ხანში ვარ შესული ასეთი ადგილებისთვის.

      ველოდი, პოლი ან იყვირებს, ან უბრალოდ აღშფოთდება მაინც-მეთქი, მაგრამ მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ნელა დაძრა მანქანა. სახლში მისვლამდე კრინტი არ დაგვიძრავს. ლუისს მგონი ეძინა და ოდნავი ზიზღით გავიფიქრე, ნამდვილად თავისი LSD-თია გათიშული-მეთქი. სხვათა შორის, ნარკოტიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, მე ალკოჰოლიც მყოფნის, დანარჩენი კი მაშინებს. კიდევ თვითმფრინავების მეშინია, წყალქვეშ აკვალანგით ცურვის და ფსიქიატრიის. მშვიდად თავს მხოლოდ მიწაზე ვგრძნობ, რამდენ სიბინძურესაც არ უნდა იტევდეს იგი. როცა შინ მივედით, ლუისი პირველი გადმოვიდა, რაღაც ჩაიბურტყუნა და სახლში გაუჩინარდა. პოლი "იაგუარიდან" გადმოსვლაში მომეხმარა და ვერანდამდე მიმაცილა.

  - დოროთი... გახსოვთ, რა გითხარით ლუისზე თავდაპირველად?

  - დიახ, მახსოვს, პოლ, მაგრამ ახლა თქვენც ხომ მოგწონთ იგი, თუ ვცდები?

  - არა, რა თქმა უნდა. მე...

      რაღაც ჩაილაპარაკა გაუგებრად, ასეთი რამ იშვიათად მოსდიოდა ხოლმე. შემდეგ ხელზე ხელი მომკიდა, ამომიტრიალა და მაკოცა.

  - იცით, არა მგონია, სრულ ჭკუაზე იყოს, კინაღამ მართლა მოკლა ის ტიპი.

  - ვერავინ ვერ დარჩება სრულ ჭკუაზე, იმ წყეულ საზიზღრობას თუ დალევს, - შევეწინააღმდეგე სამართლიანად.

  - მიუხედავად ამისა, რაც გააკეთა, ძალადობაა და სულაც არ მსიამოვნებს, რომ თქვენთან ერთად ცხოვრობს.

  - გულწრფელად გითხრათ, მგონი, ძალიან ვუყვარვარ და არასდროს არაფერს დამიშავებს.

  - ყოველ შემთხვევაში, - მითხრა პოლმა, - იგი მალე ვარსკვლავი გახდება და თქვენც გათავისუფლდებით მისგან. გრანტი მელაპარაკა, დიდ იმედებს ვამყარებთ ლუისზეო, თან ნიჭიერიცაა. დოროთი, როდის გამომყვებით ცოლად?

  - მალე, - ვუპასუხე მოკლედ, - ძალიან მალე. გადავიხარე და მსუბუქად ვაკოცე ტუჩებში. მან ამოიოხრა. მე გამოვემშვიდობე და შინ შევედი, რომ მენახა, რას აკეთებდა ჩვენი ამომავალი ვარსკვლავი. იგი ძირს იწვა, მექსიკურ ხალიჩაზე. სამზარეულოში გავედი, ყავა მოვადუღე და ლუისს დავუსხი, თან გულში სიტყვას ვთხზავდი ნარკოტიკების მავნებლობაზე. მერე დავბრუნდი სასტუმრო ოთახში, გვერდით მივუჯექი და მხარზე მაგრად დავარტყი ხელი. ამაოდ.

  - ლუის, დალიეთ ყავა.

      არ განძრეულა.

      ოდნავ შევანჯღრიე, ახლა იგი ალბათ ჩინურ დრაკონებსა და ფერადი გველების რაზმებს ებრძოდა. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, ამ ყმაწვილმა ხომ ერთი საათის წინ ჩემი ღირსება მუშტებით დაიცვა-მეთქი, ეს კი ისეთი რამაა, ნებისმიერ ქალს მოულბობს გულს. ჩავჩურჩულე: - ლუის... ძვირფასო...

      იგი მოტრიალდა, მომეყრდნო. ერთიანად ცახცახებდა, ცალკე ქვითინისა და ცალკე ნერვიული დაძაბულობისაგან, სიმართლე გითხრათ, შემეშინდა. მკერდში ჩამეკრო და ძვირფასი ყავა ხალიჩაზე დამაქცევინა. მე კი ერთსა და იმავე დროს შეძრწუნებულიც და გულაჩუყებულიც, გაუნძრევლად ვიდექი და ყურს ვუგდებდი უცნაურზე უცნაურ ლოცვას, ჩემს თმებში ჩამალული ტუჩები რომ მეჩურჩულებოდნენ.

  - შეიძლებოდა მომეკლა... ოჰ! უნდა მომეკლა... რაღაც უნდა გითხრათ... აჰ... აქამდე საიდუმლოდ ვინახავდი... საიდუმლოდ...

  - მისმინეთ, ლუის, არ შეიძლება რაღაც წვრილმანის გამო ყელში სწვდეთ კაცს, სისულელეა და მეტი არაფერი.

  - ღორი... ნამდვილი ღორი... თვალებიც ნადირის ჰქონდა. ზუსტად ისეთი, როგორიც ყველას აქვს ირგვლივ... თქვენ მართლა ვერ ამჩნევთ?.. ოდესმე ისინი ჩვენც მოგვწვდებიან, აი ნახავთ... დაგვაშორებენ. ისინი თქვენც მოგწვდებიან... თქვენც... თქვენც, დოროთი...

      თავზე ხელი გადავუსვი, თმა ავუჩეჩე და საფეთქლები დავუკოცნე, როგორღაც დამანაღვლიანა ამ ბავშვურმა სევდამ. ჩემს მხარზე პატარა ბიჭი ქვითინებდა, ბიჭი, რომელიც ცხოვრებას შეეჯახა. მე დაახლოებით ამგვარი რამ ჩავიბუტბუტე: "დამშვიდდით, დამშვიდით, ყველაფერი კარგად იქნება". მისი სხეულის სიმძიმისაგან კანჭები დამიბრუჟდა, მუხლები მეკეცებოდა, საკუთარ თავს ვუთხარი: არა, ჩემს ასაკში ამგვარი სცენები აღარ შემეფერება-მეთქი. აქ ახალგაზრდა ქალია საჭირო, ის კი დაუბრუნებდა ამ ვაჟბატონს სიცოცხლის ხალისს. რაც შემეხება მე, უკვე მეტისმეტად კარგად ვიცი, რომ ცხოვრებასთან ხუმრობა არ ვარგა.

      ფრთხილად გავითავისუფლე თავი მისი მკლავებისგან, ხალიჩაზე გადავაწვინე, პლედი გადავაფარე, და რადგან დაღლილობისგან ძლივს ვიდექი ფეხზე, პირდაპირ დასაძინებლად წავედი.

X თავი

      შუაღამისას გამომეღვიძა, ჩემი ახალი აღმოჩენის გადამკიდეს სისხლი მქონდა ძარღვებში გაყინული. ალბათ მთელ საათს ვიწექი სიბნელეში ბუსავით, ფაქტებს ვაჯამებდი. მერე სამზარეულოში ჩავედი, ციებიანივით მაკანკალებდა, დავისხი ერთი ჭიქა ყავა, ცოტა კონიაკი ჩავამატე და გადავკარი. ინათა. ვერანდაზე გავედი, მაღლა ავიხედე, აღმოსავლეთით თეთრად შეფერილიყო ცის კიდური. "როლსსაც" შევავლე მზერა, პარასკევი იყო უკვე და მაყვლის ბუჩქებს ისევ შემოეტიათ მისთვის. ლუისის საყვარელი სავარძელიც შევათვალიერე. მერე ჩამოვეყრდენი აივნის მოაჯირს, ხელები მაინც მიკანკალებდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიდექი ასე გაოგნებული, ერთი-ორჯერ სავარძელში ჩაჯდომაც ვცადე, მაგრამ იმ ძველმა ფიქრმა შეშინებული თოჯინასავით მაშინვე ზეზე წამომაგდო. ერთი ღერიც კი არ მომიწევია.

      დილით, რვა საათზე, ჩემს ზემოთ, ლუისის ოთახში ფანჯარა გაიღო, გამაჟრჟოლა, გავიგონე სტვენა-სტვენით როგორ დაუყვა კიბეს სამზარეულოსაკენ და როგორ დაადგა წყალი. LSD-ის ზემოქმედებამ, ეტყობა, ძილში გაუარა, ღრმად ჩავისუნთქე დილის ჰაერი და მეც სამზარეულოში შევედი. შევატყვე, გაუკვირდა. მე კი წამით ენა ჩამივარდა გაოცებისგან, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ახალგაზრდა, ისეთი გაჩეჩილი, ისეთი ნამძინარევი.

  - გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდით, - მითხრა მაშინვე, - აღარასოდეს აღარ დავლევ ამ საზიზღრობას.

  - რა თქმა უნდა, - ვუპასუხე მოღუშულმა და სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი. საოცარია, მაგრამ თანამოსაუბრის გამოჩენამ დამამშვიდა. თავიდან იგი უჩვეულო ყურადღებით შესცქეროდა ყავადანში მოთუხთუხე წყალს, თუმცა, ჩემმა კილომ აიძულა, აქეთაც გამოეხედა.

  - მოხდა რამე?

      ისეთი უმანკო სახე ჰქონდა ხალათმოსხმულს, გაოცებისგან ისე აეწია წარბები, წმინდანს ჰგავდა, წამით შევყოყმანდი კიდეც. საეჭვო დამთხვევათა, არაპირდაპირ მტკიცებულებათა და გაურკვეველ ნიშანთა გრძელი ჯაჭვი, რომელსაც მთელი ღამე ვჭედდი, თვალს და ხელს შუა ჩამომეშალა. ჩავისისინე: - ლუის, ისინი თქვენ არ მოგიკლავთ, ხომ მართალია?

  - ვინ ისინი?

      ამ პასუხმა, მე პირადად, თავზარი დამცა. შეხედვასაც ვერ ვბედავდი: - ყველა: ფრენკი, ბოლტონი, ლუელა.

  - მე მოვკალი.

      ჩუმად დავიკვნესე და სკამის საზურგეზე გადავწექი. მან იმავე კილოთი განაგრძო: - მაგრამ თქვენ ნუ იღელვებთ. სამხილები არ არსებობს. ის სამნი თავს აღარ მოგაბეზრებენ.

      მან ცოტა წყალი ჩაამატა ყავადანში. მე გაშტერებული ვუყურებდი: - კი მაგრამ, ლუის... გაგიჟდით? ადამიანები ასე არ უნდა დახოცოთ, ასე არავინ არ შვრება.

      არცთუ კარგად გამოვხატე ჩემი აზრები, მაგრამ იმდენად ვიყავი გაოგნებული, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ამგვარ ტრაგიკულ სიტუაციებში არ დაგიდევთ, მონაზონივით ვლაპარაკობ თუ ჩვეულებრივი თანამედროვე ადამიანივით, ყურადღებას არ ვაქცევ რატომღაც.

  - რომ იცოდეთ, რამდენი რამ არ შეიძლება, ადამიანები კი მაინც აკეთებენ... თაღლითობენ, ერთმანეთს ქრთამავენ, ამცირებენ, ღალატობენ...

  - მაგრამ არ კლავენ, - ვუთხარი მტკიცედ.

      მან მხრები აიჩეჩა. მე ტრაგიკულ სცენას ველოდი და ამ მშვიდმა საუბარმა ძალიან შემაშფოთა. იგი მომიბრუნდა: - როგორ მიხვდით?

  - ვფიქრობდი. მთელი ღამე ვფიქრობდი.

  - ალბათ დაღლილობისგან კვდებით. ყავას არ დალევთ?

  - არა. მე სწორედაც რომ არ ვკვდები, - ვუთხარი გესლიანად. - ლუის... ახლა რას აპირებთ?

  - არაფერს. ერთმა თავი მოიკლა, მეორე გაძარცვის მიზნით მოკლეს, მაგრამ მოწმეები არ არსებობენ, მესამე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ყველაფერი კარგადაა.

  - კი მაგრამ, მე? - ვიფეთქე მოთმინებადაკარგულმა, - კი მაგრამ, მე? მკვლელთან ერთად ერთ ჭერქვეშ უნდა ვიცხოვრო? და ნება უნდა მოგცეთ, ასე განურჩევლად ხოცოთ ხალხი და თითი არ გავანძრიო?

  - განურჩევლად? კი მაგრამ, დოროთი, მე მხოლოდ ისინი დავხოცე, ვინც ტკივილი მოგაყენათ, განურჩევლად არავინ მომიკლავს.

  - თავი ვინ გგონიათ? ჩემი პირადი მცველი? მე გთხოვეთ, დამიცავით-მეთქი?

      მან როგორც იქნა დადგა თავისი ყავადანი და მშვიდად მომიტრიალდა: - არა, - მითხრა მშვიდად, - მაგრამ მე თქვენ მიყვარხართ.

      ამის გაგონებაზე, ერთი მკვეთრად შემოვბრუნდი, უძილობამაც თავისი ქნა, სკამზე ვეღარ შევიმაგრე თავი და ცხოვრებაში პირველად წამივიდა გული.

      გონს კანაპეზე მწოლიარე მოვედი, პირველ რიგში ლუისის შეშფოთებული სახე მეცა თვალში. ცოტა ხანს უხმოდ ვუცქირეთ ერთმანეთს, მერე ლუისმა სკოჩის ბოთლი გამომიწოდა. ჯერ ერთი ყლუპი მოვსვი, ისე რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია, მერე - მეორე. გულისცემა დამიწყნარდა თუ არა, მაშინვე ახალი ძალით შემომიტია სიბრაზემ: - აჰ! ე.ი. გიყვარვართ, არა? მართლა? არ მატყუებთ? ის საბრალო ფრენკიც ამიტომ მოკალით? ან ის უბედური ლუელა! კი მაგრამ, პოლს რატომ არ კლავთ? ის ხომ ჩემი საყვარელია?

  - იმიტომ, რომ თქვენ გიყვართ პოლი. მაგრამ თუ იგი თქვენს მიტოვებას შეეცდება ან გულს გატკენთ, მასაც მოვკლავ.

  - ღმერთო ჩემო, გიჟი ხართ. ადრეც ხოცავდით ხალხს?

  - თქვენს გაცნობამდე, არა. არასოდეს. არ დამჭირვებია, არავინ არ მიყვარდა და იმიტომ. იგი უცებ წამოდგა და გაიარ-გამოიარა ოთახში, თან ნიკაპს ისრესდა. ასე მეგონა, საშინელ სიზმარში ვარ-მეთქი.

  - იცით, თექვსმეტ წლამდე არავინ მაქცევდა ყურადღებას. არავის არასდროს არაფერი მოუცია ჩემთვის. აი თექვსმეტის მერე ყველას უკვე რაღაც უნდოდა ჩემგან, კაცებს, ქალებს და ა.შ. მაგრამ ერთი პირობით, რომ... მმ...

      და აქ მკვლელმა დაიმორცხვა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. გავაწყვეტინე: - დიახ მესმის.

  - უანგაროდ არავინ არასდროს დამხმარებია, თქვენ გარდა. ყოველ დღე ვფიქრობდი, აი, ზემოთ რომ ვიწექი, მაშინ, თითქოს ერთ დღესაც მოდიხართ... მმ...

      იგი გაწითლდა. მგონი, მეც გავწითლდი. პირდაპირ დ. ჰ. ჩეიზისა და დელის რომანებში მეგონა თავი. განადგურებული ვიყავი.

  - როცა მივხვდი, რომ კეთილი ხართ და მხოლოდ ამიტომ დამეხმარეთ, შემიყვარდით. მეტი არაფერი. მშვენივრად ვიცი, რომ ჯერ ისევ ბავშვად მთვლით, რომ პოლ ბრეტი გირჩევნიათ და მე სულაც არ მოგწონვართ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თქვენი დაცვა ხომ მაინც შემიძლია. სულ ესაა.

      რა კარგი სათქმელია, სულ ესაა! თან როგორ ამბობს. საშინელ ხათაბალაში გავები. არაფრის გაკეთება არ შემეძლო. დავიღუპე. გზისპირა თხრილიდან შეშლილი, მკვლელი, მანიაკი ამომიყვანია. პოლი მართალი იყო, მართალი იყო, როგორც ყოველთვის.

  - მიბრაზდებით?

      რა უნდა მეპასუხა. თქვენ გაუბრაზდებით კაცს, რომელმაც სამი ადამიანი მოკლა თქვენი გულისთვის? მგონი, თვითონ სიტყვაც "მიბრაზდებით" სკოლის მოსწავლესავით თქვა. თავი მოვაჩვენე, ვფიქრობ-მეთქი, თუმცა თავში არანაირი აზრი არ მომდიოდა.

  - ხომ იცით, ლუის, რომ ჩემი მოვალეობაა, პოლიციას ჩაგაბაროთ?

  - თუ ასე გინდათ, - მითხრა მშვიდად.

  - აჯობებს, ახლავე დავურეკო, - ვთქვი ჩუმად.

      მან წინ დამიდო ტელეფონი და ორივენი ისეთი უმწეო სახეებით დავაშტერდით აპარატს, თითქოს ბოლოში მავთული არ ჰქონოდეს.

  - როგორ მოხდა ყველაფერი? - ვკითხე მე.

  - ფრენკს თქვენი სახელით დავუნიშნე შეხვედრა სასტუმროში, ნომერი ტელეფონით დავიქირავე. თვითონ ფანჯრიდან გადავძვერი. ბოლტონს მალევე მივუხვდი, რაც უნდოდა, თავი მოვაჩვენე, ვითომ თანახმა ვარ-მეთქი. მან მაშინვე საეჭვო სასტუმროში დამინიშნა შეხვედრა. აღტაცებული იყო. ოთახის გასაღები თავის ხელით მომცა. არავის დავუნახივარ. ლუელას შემთხვევაში მთელი ღამე მისი მანქანის ჭანჭიკებს ვხსნიდი. სულ ეს იყო.

  - საკმარისია, - გავაწყვეტინე მკაცრად, - მე რა ვქნა ახლა?

      შემეძლო არაფერი გამემხილა და უბრალოდ გამეგდო ლუისი სახლიდან. მაგრამ ეს მტაცებელი ცხოველის პირდაპირ ქუჩაში გაშვებას ნიშნავდა. იგი შორიდან გააგრძელებდა თვალთვალს და მექანიკურად დაიწყებდა ჩემი გარშემომყოფების ხოცვას. შემეძლო მისთვის ქალაქის სასწრაფოდ დატოვება მომეთხოვა, მაგრამ რამდენიმეწლიან ხელშეკრულებაზე ჰქონდა ხელი მოწერილი და მაშინვე მოძებნიდნენ. მისი პოლიციაში დასმენა ნამდვილად არ შემეძლო. საერთოდ ვერასდროს ვერავის დავასმენ პოლიციაში. ჩიხში აღმოვჩნდი.

  - იცით, - მითხრა ლუისმა, - არც ერთს არ უწვალია. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

  - რა ბედნიერებაა, - წავკბინე გესლიანად. - ხომ შეიძლებოდა ჯიბის დანით აგეკუწათ.

  - მშვენივრად იცით, რომ არ შეიძლებოდა, - მითხრა ნაზად და ხელზე ხელი მომკიდა. ისე დავიბენი, წინააღმდეგობა არ გამიწევია. მერე ვიფიქრე, ამ თბილ და თხელ ხელს, ჩემი მტევანი რომ ეჭირა ახლა, სამი კაცი ჰყავდა მოკლული და ნეტავ ეს ფიქრი წარმოუდგენელ საშინელებად რატომ აღარ მეჩვენება-მეთქი. როგორც იქნა, განვთავისუფლდი.

  - გუშინ იმ ბიჭის მოკვლაც გინდოდათ, არა?

  - დიახ. მაგრამ ეგ უნებურად მომივიდა, LSD-თი ვიყავი გათიშული და ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი.

  - მაშინ, როდესაც ის ბიჭი... ლუის, ხვდებით რა ჩაიდინეთ?

      შემომხედა. მე თვალი შევავლე მის მწვანე გუგებს, ლამაზად მოხატულ ტუჩებს, შავ თმას, სწორ ნაკვთებს და შევეცადე, სინანულის ან სადიზმის კვალი მაინც მეპოვა, მაგრამ ამაოდ. ვერაფერი ვნახე, ჩემდამი უსაზღვრო სინაზის გარდა. ისე მიყურებდა, როგორც პატარა ჭირვეულ ბავშვს, არაფრის გულისთვის რომ ერთ ამბავს ატეხს. დავიფიცებ, რაღაცნაირი შემწყნარებლური მზერა ჰქონდა. ამან სულ მომიღო ბოლო: ავქვითინდი. ლუისმა მკლავებში მომიქცია და თმაზე გადამისვა ხელი, დავემორჩილე.

  - აბა, - ჩამჩურჩულა მან, - ახლა რაღა გატირებთ?

XI თავი

      რაღა თქმა უნდა, ისე მოხდა, როგორც ველოდი და მეტისმეტად ამტკივდა ღვიძლი. დიდი უსიამოვნებების დროს, ჩვეულებრივ, ღვიძლის შეტევა მეწყება ხოლმე. ამჯერად შეტევა ორ დღეს გაგრძელდა, კარგი კი ამ ამბავში მხოლოდ ის გახლდათ, რომ მთელი ორმოცდარვა საათი სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ტკივილმა გამიარა თუ არა, მტკიცედ გადავწყვიტე, ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებ-მეთქი. იქნებ ორი დღე არც იყოს საკმარისი სამი გვამის დასავიწყებლად, მაგრამ პირველმა დაე მან მესროლოს ქვა, ვისაც არასდროს ასტკივებია ღვიძლი.

      როცა საწოლიდან წამოვდექი, სისუსტისაგან ფეხები მეკეცებოდა და სიტყვის გაგონებაც არ მინდოდა წარსულ უსიამოვნებებზე, მეტი არაფერი. მკვლელობების გამო იმაზე მეტს როდი ვფიქრობდი, რამდენსაც საგადასახადო დეკლარაციების გამო ვფიქრობ ხოლმე. თან საბრალო ლუისმა მთელი ორი დღე ჩემს საწოლთან გაატარა, საფენები, ტაშტები და გვირილის ნაყენი დაჰქონდა აქეთ-იქით. ეტყობოდა, ძალიან ღელავდა, მე კი ასეთ თავგანწირულ მომვლელს ვერაფრით ვერ ვკრავდი ხელს.

      თუმცა გადავწყვიტე, სერიოზულად დავლაპარაკებოდი. როგორც კი ერთი ნაჭერი სტეიკის ჭამა და ერთი ყლუპი ვისკის დალევა მოვახერხე, სასტუმრო ოთახში გამოვიძახე და ულტიმატუმი წავუყენე: 1. ფორმალურად, ჩემი თანხმობის გარეშე, მას სასტიკად ეკრძალებოდა ნებისმიერი ადამიანის მოკვლა, ვინც არ უნდა ყოფილიყო. თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ამ თანხმობას არასდროს მივცემდი, მაგრამ უფრო ჭკვიანურად მივიჩნიე, იმედი მაინც დამეტოვებინა.

      2. შეწყვეტდა LSD-ის მიღებას.

      3. რაც შეიძლება მალე მონახავდა სხვა საცხოვრებელს.

      მესამე პირობის შესრულების ნაკლებად მჯეროდა. მაგრამ ლუისმა უაღრესად სერიოზული სახით მიიღო ყველა პირობა. ვინ იცის, იქნებ მართლა მანიაკია ან სადისტი? ვცადე, ეშმაკურად გამომეკითხა, როგორი გავლენა მოახდინა მასზე ჩადენილმა დანაშაულმა. პასუხმა ცოტა დამამშვიდა. ბოლომდე არა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. აღმოჩნდა, რომ ამ საშინელ ამბავს მასზე ოდნავადაც არ უმოქმედია. ალბათ იმიტომ არ შეეშინდა, რომ თავის არც ერთ მსხვერპლს არ იცნობდა. მაგრამ არც სიამოვნება მიუღია. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. მეორე მხრივ, არც სინდისი ქენჯნიდა, არც სირცხვილის გრძნობა აწუხებდა და არც საშინელი სიზმრები ღამღამობით. უკვე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ეს ყველაფერი ნამდვილად ხდება თუ მეჩვენება-მეთქი.

      ჩემი ავადმყოფობის განმავლობაში პოლმა ორჯერ შემომიარა, მაგრამ მე არ დავენახე. შეტევის დროს უბრალოდ საშინელი შესახედავი ვარ. ის აზრი, რომ საყვარელს ჭუჭყიანი თავით, ჩაცვენილი თვალებით და გაყვითლებული კანით უნდა დავხვედროდი, პირდაპირ მზარავდა. სამაგიეროდ, ლუისის გვერდით ყოფნა ოდნავადაც არ მაცბუნებდა. ჩვენ შორის ხომ არაფერი ხდებოდა. თან იმ სამახსოვრო დღეს, სიყვარულში ისეთი ხმით გამომიტყდა, კეთრიც რომ მჭირვებოდა, მაინც ვერ შეაჩერებდა ეგ ამბავი. რაც თან მსიამოვნებდა და თან მწყინდა კიდეც. შევეცადე, ჩემი შეგრძნება პოლისთვის ამეხსნა, როცა გამოჯანმრთელების შემდეგ საყვედურით მითხრა: - ლუისი გივლიდათ, მე კი თქვენი ნახვაც აკრძალული მქონდა.

  - ნამდვილი სიმახინჯის განსახიერება ვიყავი, მაშინ რომ გენახეთ, მეორედ აღარც გამოიხედავდით ჩემკენ.

  - სისულელეა. იცით, დოროთი, დიდხანს ვფიქრობდი, თქვენსა და ლუისს შორის ხომ არაფერი ხდება-მეთქი, მაგრამ ახლა მშვიდად ვარ. ოღონდ, აბა ვისთან წევს ეს ბიჭი?

      იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, რომ თვითონაც არაფერი ვიცოდი. ორი-სამი ღამე შინ არ გაუთევია და ჩავთვალე, რომელიმე მსახიობი გოგოს მკლავებში ნებივრობს-მეთქი. მაგრამ თურმე მან სწორედ იმ ღამეს ან ბოლტონი მოკლა, ან კიდევ ვიღაც-ვიღაცები.

      თუმცა გლორია ნეშმა, ძალიან სწრაფად ამომავალმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა, განსაკუთრებით ახლა, როცა საბრალო ლუელა უკვე ცოცხლებში აღარ ეწერა, შენიშნა იგი და წვეულების მოსაწვევიც კი გამოუგზავნა, სხვაგვარად არ გამოდიოდა, ამიტომ ჩემმა დაპატიჟებამაც მოუწია. პოლს ვკითხე, წამოხვალთ თუ არა-მეთქი. მან თავი დამიქნია.

  - ორივეს შემოგივლით. იმედი მაქვს, ამჯერად ჩვენი სამეულის ეს პატარა ერთობლივი გასეირნება წინაზე უკეთ დასრულდება.

      მეც ამის იმედი მქონდა.

  - და მაინც მიკვირს, რომ იმ უბრალო შეხლა-შემოხლამ თქვენზე ამდენად იმოქმედა. თქვენი შეტევები, დოროთი, მთელი ჰოლივუდისთვისაა ცნობილი. პირველი მაშინ გქონდათ, როცა ფრენკი ლუელასთან ერთად გაემგზავრა, მეორე - როცა ჯერის ბინძური წუწურაქი ხარო, მიახალეთ, მან კი ქუჩაში გამოგაგდოთ, მესამე - როცა თქვენი ძვირფასი მდივანი ფანჯრიდან გადმოვარდა. მაგრამ მგონი ამჯერად სერიოზული არაფერი მომხდარა.

  - რას იზამთ, პოლ, ეტყობა ვბერდები. სერიოზული არაფერი მომხდარაო... რომ იცოდეს, ღმერთო, რომ იცოდეს! წამით მისი სახე წარმოვიდგინე და სიცილი ამიტყდა. სათქმელად საძაგლობაა, მაგრამ მთელი ხუთი წუთი სიცილისგან ცრემლად ვიღვრებოდი, უბრალოდ, როგორც ჩანს, ნერვები ცოტა დაძაბული მაქვს. პოლმა ლმობიერი, მომთმენი, მზრუნველი, ჭეშმარიტად ამერიკული, ვაჟკაცური გამომეტყველება მიიღო, ცხვირსახოციც კი გამომიწოდა ჩამოღვენთილი ტუშის მოსაწმენდად. როგორც იქნა, დავწყნარდი, რაღაც სისულელე წავიბურტყუნე და ვაკოცე, რომ ხმა აღარ ამოეღო. ჩემს კაბინეტში ვისხედით, კენდი გავიდა და პოლი სინაზის განსახიერებად იქცა. სათუთად მომხვია ხელი, შევთანხმდით, საღამოს მასთან გაგვევლო. ლუისს დავურეკე, გავაფრთხილე, უჩემოდ ესადილა.

      იმ კვირას გადაღებები არ ჰქონდა. შესანიშნავ ხასიათზე ბრძანდებოდა და "როლსთან" ფუსფუსებდა. ვურჩიე, კარგად მოიქეცი-მეთქი და კინაღამ ისევ ამიტყდა სიცილი. შემომფიცა, ხვალ დილამდე ფეხს არსად გავადგამო.

      მე ადრინდელივით მქონდა იმის შეგრძნება, თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა. პოლთან ერთად "რომანოვებში" ვისადილე, შევხვდი უამრავ ადამიანს, რომლებიც საერთოდ არ მიცნობდნენ. ფიქრმა ცოტა მომადუნა. მხოლოდ ღამით, როცა მძინარე პოლთან ჩახუტებული ვიწექი, მას, როგორც ყოველთვის, ლოყა ჩემს მხარზე ჩამოედო, ხოლო მარჯვენა ხელი მკერდზე გადმოეხვია, უცნაურად საზარელი მარტოობა და შიში ვიგრძენი. მე საიდუმლო მქონდა, საშინელი საიდუმლო! არადა, ვერასდროს ვინახავდი საიდუმლოებს. განთიადამდე სულ ამ ფიქრებში ვიყავი. აქედან ხუთ კილომეტრში კი თავის საკუთარ ლოგინში უშფოთველად ეძინა ჩემს საყვარელ მკვლელს და დარწმუნებული ვარ, ყვავილები და ჩიტები ესიზმრებოდა.

XII თავი

      გლორია ნეშის სახელგანთქმული წვეულებისთვის საფუძვლიანად გამოვიპრანჭეთ. მე შავი, ბრჭყვიალა, პარიზში არანორმალურ ფასად ნაყიდი კაბა ჩავიცვი. ძალიან მოხდენილად მიშიშვლებდა ზურგს, რაც დღემდე ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა. ლუისი სმოკინგითა და შავი, კარგად აპრიალებული თმით შეუდარებელი იყო: ახალგაზრდა პრინცს ჰგავდა, თან თითქოს მხეცისაც ეცხო რაღაც. პოლი - ორმოციოდე წლის თავისუფალი ქცევების მქონე, ელეგანტური, საფეთქლებში ჭაღარაშეპარული და დამცინავთვალებიანი მამაკაცი. უკვე ბედს ვიყავი შერიგებული, ჩემი ბრჭყვიალები უიმედოდ ჩაიფერფლება ამათ სმოკინგებს შორის-მეთქი, როცა ლუისმა საზეიმოდ ასწია ხელი: - თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, დოროთი.

      გამაჟრჟოლა. მაგრამ აქ პოლმაც გადაიხარხარა, გაიცინა შეთქმულივით.

  - ნამდვილი სიურპრიზია, დოროთი. წავიდეთ.

      ლუისი ბაღში ჩავიდა, "როლსში" შეძვრა და რაღაცას დააჭირა თითი. "როლსმაც" ძლივს გასაგონად, თანაბრად დაიბრდღვინა, დაიძრა და ზუსტად ჩემ წინ გაჩერდა. ლუისი გადმოხტა, მანქანას შემოუარა და დიდი მოწიწებით გამიღო კარი. განცვიფრებული ვიყავი.

  - ყოველ შემთხვევაში, აქამდე მაინც მოვიდა, - სიცილით თქვა პოლმა, - ნურც ასე ძალიან გაიკვირვებთ. ჩაჯექით, დოროთი. მძღოლო, ჩვენ სახელგანთქმულ გლორია ნეშთან მივდივართ, ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავთან, სან-სეტ ბულვარში. ლუისმა მანქანა დაძრა, ტიხარს იქით, სარკეში მის აღფრთოვანებულ, ბავშვურ თვალებს ვხედავდი, ისინი შეშფოთებული შემომყურებდნენ, ვასიამოვნე თუ ვერაო. მან შემომხედა და ჩემი კმაყოფილი ღიმილის პასუხად თვითონაც გაიბადრა. იყო წუთები, როცა მეჩვენებოდა, ყველაფერი მესიზმრება-მეთქი.

      ამ უშველებელ გალიაში ძველი ტელეფონის მილაკი მოვსინჯე და ვკითხე: - მძღოლო, "როლსი" როგორ დადის?

  - მთელი კვირა ამის შეკეთებას მოვუნდი, არცთუ ტყუილად.

      პოლს გადავხედე. მან გამიღიმა.

  - უკვე მესამე დღეა, ამას მიმტკიცებს. ხანდახან მგონია, თორმეტი წლისაა-მეთქი, - მიჩურჩულა.

      და ისევ ლუისს მიუბრუნდა: - მძღოლო, გირჩევთ, დღეს საღამოს ეარშიყოთ დიასახლისს. თქვენი გულგრილობა შეიძლება არასწორად გაიგონ.

      პასუხად ლუისმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მე კი სასოწარკვეთილი ვიმედოვნებდი, რომ იმ საღამოს ყველანი განსაკუთრებით თავაზიანად მომექცეოდნენ და ჩემს დამნაშავესაც ცუდი არაფერი მოუვლიდა თავში. ათი დღის მანძილზე მარტო იმას ვაკეთებდი, რომ ლუისს იდეალურ ფერებში ავუწერდი ადამიანებს, ცაში ავიყვანე ყველა ჩემი თანამშრომელი, ყველა მეგობარი, ჰოლივუდი კი, ეს ბინძური ჯუნგლები, აყვავებულ, უმანკო ამურებით სავსე სამოთხედ გადავაქციე. საკმარისი იყო, ვინმე გესლიანად მეხსენებინა, მაშინვე ამ ადამიანის მიერ სამი წლის წინ ვითომდა ჩემთვის გაწეული უდიდესი დახმარება მაგონდებოდა. მოკლედ, მალე ალბათ ნამდვილ იდიოტად გადავიქცეოდი, ან ჩამოყალიბებულ კრეტინად, თუ, რა თქმა უნდა, უკვე არ ვიყავი.

      გლორია ნეში თავისი პატარა, 32-ოთახიანი სახლის კართან შემოგვეგება. უკვე ყველაფერი მოემზადებინათ: პროჟექტორები ბაღში, განათებული აუზი, უზარმაზარი მაყალები და საღამოს კაბები. გლორია ნეში ლამაზი ქერა გაღებილი გოგო იყო. იგი, სამწუხაროდ, ჩემზე სულ ცოტა 10 წლით გვიან დაიბადა და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, ეს არ გაეხსენებინა, თან მეტისმეტად ალერსიანად აკეთებდა ამას. დროდადრო იგი აღტაცებული წამოიძახებდა: "კი მაგრამ, სახის კანს ასეთ ფერს როგორ უნარჩუნებთ, დოროთი! ოდესმე, სხვა დროს აუცილებლად გამიმხილეთ თქვენი საიდუმლო..." ან ზოგჯერ განსაცვიფრებელი აღფრთოვანებით შემომაცქერდებოდა, თითქოს განსაკუთრებული სასწაული იყოს, თუ ორმოცდახუთი წლის ასაკში ჯერ კიდევ ფეხზე დგახარ. ამჯერად მან სხვა გზა აირჩია. ისეთი გაოცებული თვალებით დამიწყო ყურება, წუთით წვეულებაზე შემთხვევით მოხვედრილ ტუტანხამონად ვიგრძენი თავი. მან მაშინვე წამიყვანა ვარცხნილობის შესასწორებლად, თუმცა მაინცდამაინც ვერ ვგრძნობდი საამისო საჭიროებას. მაგრამ ეს ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და თან ხელშეუხებელი რიტუალია. ყველა ქალს თითქოს მანია სჭირს, ყოველ ათ წუთში თმის გასასწორებლად ან შესაპუდრად უნდა გავიდნენ. სინამდვილეში გლორიას ცნობისმოყვარეობა კლავდა და მაშინვე ლუისზე დამაყარა შეკითხვები, რომლებსაც მექანიკურად ვარიდებდი თავს. იგი გაცეცხლდა და რამდენჯერმე სიტყვაც გადმომკრა, არ ავყევი. როცა მისი ბუდუარიდან გამოვდიოდით, სასოწარკვეთილმა უკანასკნელი შეტევა წამოიწყო: - ხომ იცით, დოროთი, როგორ მიყვარხართ, დიახ, დიახ, სულ პატარაობიდან, როცა პირველად იმ ფილმში გნახეთ... აჰ... მოკლედ, აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ. ლუისზე უამრავი ჭორი დადის.

  - რაო?

      სისხლი გამეყინა. ეტყობა, ჩემი ბუნდოვანი წამოძახილი შეკითხვად მიიღო, რადგან პასუხად გაიღიმა: - როგორ ღელავთ! ვაღიარებ, გაგიჟება შეიძლება, ისეთი მაცდურია.

  - ჩვენ შორის არაფერი არ ხდება, - მივუგე, - და რა ჭორები დადის?

  - .... ამბობენ... ხომ იცით, აქ რა ხალხიც ცხოვრობს, ამბობენ, რომ პოლი, თქვენ და ლუისი...

  - რა? პოლი, მე და ლუისი?

  - თქვენ სულ ერთად ხართ და ძალაუნებურად...

      ყველაფერს მივხვდი და შვებით ამოვისუნთქე.

  - ეს ის არ არის, რასაც ფიქრობთ, - ვუთხარი მხიარულად, თითქოს ბავშვურ გასართობზე ვლაპარაკობდით, თუმცა საშინელ სიმართლესთან შედარებით სამთა სიყვარული მართლა უწყინარ თამაშს ჰგავდა. - ოჰ, ეს ის არ არის... სერიოზული არაფერი ხდება.

      როცა გლორიას საბოლოოდ ავუბნიე თავგზა, ბაღში ჩავედი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ლუისმა დრო არ იხელთა და სადმე ბნელ კუთხეში არ აჩეხა ვიღაც, ვისაც ჩემი კაბის ბრჭყვიალები არ მოეწონა. არა. იგი კეთილგონივრულად ესაუბრებოდა ერთ-ერთ ჰოლივუდელ ჭორიკანას. საღამო ხომ უნდა შემდგარიყო და მეც ყველა აფრა ავუშვი. უამრავ ძველ თაყვანისმცემელს გამოველაპარაკე. მათ ძალიან გამაოცეს თავიანთი საქციელით, ჩემს კაბასა და სახის კანს ერთხმად ასხამდნენ ხოტბას. ჰოდა, დავასკვენი, ღვიძლის ერთი კარგი შეტევა გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებაა-მეთქი. უნდა ვაღიარო, ყოველთვის ვინარჩუნებდი მეგობრულ ურთიერთობებს ყოფილ საყვარლებთან. ჩემს დანახვაზე მათ სინანული იპყრობთ, ჩამჩურჩულებენ: "ოჰ, დოროთი, თქვენ რომ მოგენდომებინათ..." და ფრთხილად გადამიკრავენ სიტყვას მოგონებებზე, რომლებსაც ყოველთვის ვერ ვარჩევ ხოლმე ერთმანეთისგან. მეხსიერება, რაც დრო გადის, მით უფრო მისუსტდება.

      პოლი შორიდან მადევნებდა თვალს, ჩემი მხიარულების დანახვაზე ეღიმებოდა, ერთი-ორჯერ ლუისის მზერაც დავიჭირე, ეტყობოდა, გლორიამ სერიოზულად შემოუტია. მაგრამ მათთან აბა რა მესაქმებოდა. გართობა მინდოდა, ბოლო დროს ისედაც ბევრი ვინერვიულე. მშვენიერია: შამპანური, კალიფორნიული ღამის სურნელი, წარმოსადეგი, მამაცი და მომხიბვლელი ჰოლივუდელი მამაკაცების უდარდელი სიცილი, რომლებსაც, მადლობა ღმერთს, მხოლოდ ფილმებში ხოცავენ.

      დაახლოებით ერთი საათის შემდეგ პოლი ჩემთან მოვიდა. მთელი გულით ვმხიარულობდი და უკვე ცოტა ნასვამიც გახლდით. ვესტერნების მეფე როი დარდრიჯი შესაბრალისი ხმით მეწუწუნებოდა, ოთხი თუ ხუთი წლის წინ ცხოვრება დამინგრიეთო. მოზღვავებული გრძნობებისა და ადრევე გადაკრული მარტინის ბრალი იყო, რომ როიმ პოლი მტრულად შეათვალიერა. ამ უკანასკნელმა არაფერი შეიმჩნია, მკლავში მომკიდა ხელი და გვერდზე გამიხმო: - კარგად ერთობით?

  - გადასარევად. თქვენ?

  - როცა თქვენი სიცილი მესმის, დიახ, მეც.

      მართლაც რა არაჩვეულებრივი კაცია! გადავწყვიტე, მეორე დღესვე გავყოლოდი ცოლად. მერედა, როგორ ოცნებობს ამაზე. ერთი ურყევი წესი მაქვს, მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსგავსი საღამოების დროს ხმამაღლა არ ვლაპარაკობ, მაგიტომაც შევიკავე თავი და პოლისთვის არაფერი მითქვამს. ოღონდ მაგნოლიების ჩრდილით ვისარგებლე და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.

  - ჩვენი ბიჭი როგორაა?

      პოლს გაეცია: - გლორია ზრუნავს მასზე, როგორც ძაღლი ძვალს, ისე უთვალთვალებს, ერთი ნაბიჯითაც არ შორდება. გამოდის, მისი კარიერა უკვე უზრუნველყოფილია.

      "ოღონდ თუ მეტრდოტელის მოკვლას არ გადაწყვეტს", - გამიელვა თავში და გადავწყვიტე, წავალ, დავხედავ, რას აკეთებს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი: აუზთან ვიღაცამ დაიკივლა. ვიგრძენი, როგორც რომანებშია ხოლმე, ზედ წასმული ლაქის მიუხედავად, ყალყზე როგორ დამიდგა თმა.

  - რა მოხდა? - ჩავილაპარაკე მისუსტებული ხმით. მაგრამ პოლი უკვე ბრბოსკენ მირბოდა. მე თვალები დავხუჭე და როცა გავახილე, გვერდით სრულიად დამშვიდებული ლუისი მედგა.

  - რენა კუპერი გარდაიცვალა, - თქვა მან უბრალოდ. რენა კუპერი - ის ჭორიკანა, ერთი საათის წინ ლუისს რომ ელაპარაკებოდა. შეძრწუნებული შევყურებდი. რენაზე, ხორცშესხმული სათნოებააო, რა თქმა უნდა, ვერ იტყოდით, მაგრამ ნაძირალების ამ საზიზღარ ბანდას მაინც სჯობდა.

  - თქვენ ხომ დამპირდით, - ვუთხარი მე, - ხომ დამპირდით.

  - რას დაგპირდით? - გაუკვირდა.

  - დამპირდით, თქვენი ნებართვის გარეშე არავის მოვკლავო. სალახანა და არაკაცი ხართ, მკვლელი ხართ, ცივსისხლიანი მკვლელი, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია, ლუის, თქვენ მე მაშინებთ.

  - კი მაგრამ, - მითხრა მშვიდად, - მე არ მომიკლავს.

  - ვინმე სხვას უამბეთ ეგ ზღაპარი, - გამწარებულმა ხელი ჩავიქნიე, - ვისაც გინდათ, იმას უამბეთ.

      პოლი მობრუნდა. ზიზღნარევი გამომეტყველება ჰქონდა, მკლავი მკლავში გამიყარა და მკითხა, გაფითრებული რატომ ხართო. ლუისი არ განძრეულა, გვიყურებდა და ძლივს შესამჩნევად იღიმებოდა. მომინდა, სილა გამერტყა მისთვის.

  - საწყალ რენას გულის შეტევა ჰქონდა. წელს უკვე მეათედ. ექიმმა ვერაფერი მოახერხა: გაფრთხილებით ადრევე გაუფრთხილებიათ, მაგრამ რენა მაინც ძალიან ბევრს სვამდა.

      ლუისმა ხელები გაშალა და ტყუილ-უბრალოდ დადანაშაულებული კაცივით დამცინავად გაიღიმა. შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მაშინვე ისიც გავივლე გუნებაში, ამიერიდან სიკვდილის ყველა ცნობას, სულერთია გაზეთში წავიკითხავ თუ საუბარში მოვკრავ ყურს, ეჭვის გარეშე ვეღარ შევხედავ-მეთქი.

      წვეულების ბოლო დარჩენილი ნაწილი აშკარად ჩავარდა. საბრალო რენა სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს, ხალხიც მალე გაიკრიფა. საზიზღარ ხასიათზე დავდექით და მე ლუისთან ერთად დავბრუნდი შინ. მან მზრუნველი სახით გამომიწოდა ალკა-ზელცერის აბი და მირჩია, დაწექით, დაიძინეთო. დავუჯერე. უცნაურია, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი! საერთოდაც მორალი ძალიან თავისებური რამაა, ყოველგვარ ცვლილებას იოლად ემორჩილება, გააჩნია, საკითხს რომელი კუთხიდან შევხედავთ, თუმცა მე ჩემს კუთხეს, ალბათ სიკვდილამდე ვერ მივაგნებ, სიკვდილით კი გულის შეტევით მოვკვდები, რაღა თქმა უნდა.

XIII თავი

      მერე სიმშვიდის დიდებული პერიოდი დადგა. სამმა მშვენიერმა კვირამ ისე ჩაიარა, ერთი უსიამოვნო ამბავიც არ მომხდარა. ლუისი მუშაობდა, პოლიც, მეც, საღამოობით ხშირად ვსადილობდით შინ. შაბათ-კვირას გადასარევი ამინდი დაიჭირა და სანაპიროზე, ქალაქიდან 50 კილომეტრით დაშორებულ, მიტოვებულ ბუნგალოში წავედით, პოლს დაუთმო ვიღაცამ. იგი ზღვასთან ძალიან ახლოს, პატარა კლდის წვერზე იდგა და საბანაოდ საცალფეხო ბილიკით უნდა დავშვებულიყავით ქვემოთ. იმ დღეს ზღვა ღელავდა, მე და ლუისს საშინლად გვეზარებოდა განძრევა, ტერასაზე ვისხედით და იშვიათად თუ გადავხედავდით მარტოდმარტო მობანავე პოლს. მასაც, როგორც ორმოციოდე წლის ყველა კარგად შენახულ მამაკაცს, სპორტსმენად მოჰქონდა თავი და ამან კინაღამ დაღუპა.

      პოლი ლამაზი კროლით მიცურავდა ნაპირიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით, როცა უცებ რაღაც დაემართა. ხალათებში შეფუთნული მე და ლუისი ტერასაზე ვისხედით, ზუსტად რვა მეტრზე ვიყავით ზღვის დონიდან და სადღეგრძელოებს ვსვამდით. მოულოდნელად პოლის მისუსტებულ ძახილს მოვკარი ყური, დავინახე, როგორ აიშვირა მაღლა ხელი და როგორ გადაუარა თავზე ტალღამ. ყვირილით წამოვხტი და ბილიკისკენ გავიქეცი, მაგრამ ლუისს უკვე გაეძრო ხალათი, კლდეზე დამტვრევას არ მოერიდა და პირდაპირ ტერასიდან გადაეშვა წყალში. მიცურა პოლთან და ორ წუთში ნაპირზე გამოიყვანა. პოლს წყალი ჰქონდა ნაყლაპი, რის გამოც ერთხანს სულელურად ვუტყაპუნებდი ხელებს ზურგზე. როცა ამონთხევას მორჩა, თავი ავწიე და ჩემ წინ სრულიად შიშველი ლუისი დავინახე. ღმერთმა იცის, ცხოვრებაში რამდენი შიშველი კაცი მინახავს, მაგრამ მაშინ ვიგრძენი, რომ ვწითლდებოდი. ლუისმა დაიჭირა ჩემი მზერა, გვერდზე გახტა და სახლისკენ გაიქცა.

      "ძველო, - უთხრა პოლმა მოგვიანებით, როცა ოდნავ გათბა და გროგიც დალია - ძველო, მამაცი ყოფილხართ. აი, მესმის ნახტომი. მგონი, თქვენ რომ არა, ახლა აქ არ ვიჯდებოდი".

      ლუისმა მორცხვად ჩაიბურტყუნა რაღაც. გახარებულმა გავიფიქრე, ეს ბიჭი ხალხის ხოცვისა და გადარჩენის მეტს არაფერს აკეთებს-მეთქი. მე იგი ამ ახალ როლში უფრო მომწონდა, ვიდრე წინაში. თავი ვერ შევიკავე, წამოვდექი და ლოყაზე ვაკოცე. ვინ იცის, იქნებ მომეხერხებინა კიდეც და მისგან კარგი ბიჭი გამოსულიყო. რა თქმა უნდა, ცოტა კი დაგვაგვიანდა, თუ საბრალო ფრენკს, ლუელას და სხვებს გავიხსენებთ, მაგრამ იმედი მაინც მქონდა.

      მოგვიანებით, როცა პოლის არყოფნით ვისარგებლე და ლუისს გმირული საქციელი შევუქე, ჩემი ოპტიმიზმი ოდნავ ჩაცხრა.

  - იცით, - მითხრა ცივად, - ჩემთვის სულ ერთია, პოლი ცოცხალი იქნება თუ მკვდარი.

      გაოცებული დავრჩი.

  - აბა, მისთვის თავი რატომღა გაწირეთ?

  - იმიტომ, რომ თქვენ იგი მოგწონთ და მისი სიკვდილი ძალიან დაგამწუხრებდათ.

  - თუ სწორად გავიგე, პოლი ჩემი საყვარელი რომ არ ყოფილიყო, თითსაც არ გაანძრევდით?

  - არა.

      გავიფიქრე, სიყვარულზე საკმაოდ უცნაური შეხედულება აქვს-მეთქი. აქამდე მსგავსი არაფერი აღმიძრავს ადამიანებში, ეს არ ჰგავდა ვნებას, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და რომელსაც განსაკუთრებულობის მსუბუქი ელფერი დაჰკრავს.

  - საერთოდ არ მოგწონთ პოლი? უკვე სამი თვეა იცნობთ.

  - მე მარტო თქვენ მიყვარხართ, - მითხრა ჩვეული სერიოზულობით - დანარჩენები არ მაინტერესებენ.

  - მერე, - განვაგრძე მე - როგორ გგონიათ, ეს ნორმალურია? თქვენი ასაკის მამაკაცს, რომელიც მოსწონთ ქალებს, დროდადრო სჭირდება... .მმმ... არ ვიცი...

  - გინდათ, გლორია ნეშთან დავიჭირო საქმე?

  - მასთან ან სხვასთან. ჯანმრთელობის კუთხითაც კი... მე მგონი... ახალგაზრდა კაცისთვის სასარგებლოა... რომ... რომ... ენა დამება. რა მჭირს? ვინ მთხოვა, გინდა თუ არა, ოჯახის დიასახლისის როლი ითამაშეო? ლუისმა მკაცრად შემომხედა: - ვფიქრობ, ადამიანები მეტისმეტად ბევრ დროს უთმობენ ამას, დოროთი.

  - თუმცა, ეს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა. სუსტად შევეწინააღმდეგე, თან გულში გავივლე, თვითონ საკუთარი დროისა და ფიქრების სამი მეოთხედი ამას შევწირე-მეთქი.

  - ოღონდ, არა ჩემთვის, - მითხრა ლუისმა.

      წამით მან ამღვრეული მზერა შემავლო და კვლავ დაბრმავებულ ნადირს დაემსგავსა. დავფრთხი და სიტყვა ბანზე ავუგდე. სხვა მხრივ ეს გრძელი შაბათ-კვირა ძალიან კარგად გავატარეთ. გავირუჯეთ, დავისვენეთ და შესანიშნავ ხასიათზე დავბრუნდით ლოს-ანჟელესში.

      მერედა, როგორ გამომადგა დასვენება! სამი დღის შემდეგ კოვბოებზე ლუისის ცნობილი ფილმის გადაღება უნდა დასრულებულიყო და რეჟისორმა ბილი მაკლეიმ წვეულებისთვის მაგიდები პირდაპირ გადასაღებ მოედანზე დაადგმევინა, ყველაფერი იმ გამოგონილი სოფლის დეკორაციებს, შენობებსა და ფასადებს შორის ხდებოდა, სადაც მთელ ზაფხულს დაეხეტებოდა ლუისი. ცოტა ადრე მივედი, ექვსი ხდებოდა, ბილი ტყუილ სალონში, ფასადის უკან, გამოგონილი უზარმაზარი ქუჩის შუაგულში ვიპოვე. ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, დაღლილი და როგორც ყოველთვის - უხეში. ასისტენტები მოედანს უკანასკნელი სცენის გადასაღებად ამზადებდნენ, თვითონ კი მარტოდმარტო პირქუში გამომეტყველებით უჯდა მაგიდას. ბოლო დროს ბევრს სვამდა, ამიტომაც მხოლოდ მეორეხარისხოვან ფილმებს ანდობდნენ, რაც კიდევ უფრო აცოფებდა. თვალი მომკრა და იძულებული გავხდი, მოკლე და ვიწრო კიბით სალონში ავსულიყავი. გადაიხარხარა: - რაო, დოროთი? თქვენი ჟიგოლოს სანახავად მოხვედით? დღეს დიდი სცენა აქვს. ისე, ყოჩაღ - ლამაზი ბიჭია და ძვირიც არ გიჯდებათ.

      გათიშული მთვრალი იყო, ფეხზე ვერ დგებოდა. მე კი ბუნებით მომთმენი ქალი როდი ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ჰოდა, საკმაოდ თავაზიანად განვუცხადე, ბინძური ნაბიჭვარი ხართ-მეთქი, მან ჩაიბურტყუნა, ქალი არ იყოთ, ცხვირ-პირს დაგინაყავდითო. მე მადლობა გადავუხადე, გმადლობთ, მართალია მოგვიანებით, მაგრამ მაინც გაგახსენდათ, თქვენ წინაშე სწორედ ქალი რომ დგას-მეთქი.

  - ყოველი შემთხვევისთვის მინდა გაცნობოთ, პოლ ბრეტზე დავინიშნე, - ვუთხარი ცივად.

  - ვიცი. მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, იმას სამივენი ერთად აკეთებენო.

      და კმაყოფილმა გადაიხარხარა, გავიფიქრე, თავში რამეს გავუქანებ-მეთქი, ხელჩანთას მაგალითად. კარებში ჩრდილი გაკრთა. ლუისი იყო. იმ წუთშივე ბოდიშებად დავიღვარე.

  - ბილ, ძვირფასო, მაპატიეთ. ხომ იცით, როგორ მიყვარხართ. ბოლო დროს უბრალოდ განერვიულებული ვარ.

      მიუხედავად მისი მდგომარეობისა, იგი საკმაოდ გაუკვირვებული დარჩა, მაგრამ მაშინვე მიპასუხა: - ყველაფერი თქვენი ირლანდიული სისხლის ბრალია. მაგრამ თქვენთვის, ძველო, ეს ხომ ახალი ამბავი არ არის.

      მან მხარზე ხელი დაარტყა ლუისს და გავიდა. ნერვიული სიცილი ამივარდა.

  - კეთილი ბებერი ბილი... მთლად სანიმუშოდ ვერ იქცევა ხოლმე, მაგრამ ოქროს გული აქვს...

      ლუისს ხმა არ ამოუღია. კოვბოის კოსტიუმი ეცვა, ყელზე ცხვირსახოცი ეკეთა, გაუპარსავი და დაბნეული იყო.

  - თან, - განვაგრძე მე, - ბილი კარგი მეგობარია. რა სცენას იღებთ?

  - მკვლელობას, - წყნარად თქვა ლუისმა - ერთ ტიპს ვკლავ, რომელმაც ჩემი და გააუპატიურა. თუმცა გარწმუნებთ, დიდი ყოჩაღობა დასჭირდა.

      ჩვენ გადასაღები მოედნისკენ გავემართეთ. ლუისმა ათიოდე წუთით დამტოვა, სცენისთვის უნდა მომზადებულიყო. მე ირგვლივ მიმოვიხედე. ბილის ასისტენტებს ყველაფერი უნაკლოდ მოემზადებინათ, ის კი მაინც შეურაცხმყოფელ შენიშვნებს ისროდა. თავს აშკარად ვეღარ იჭერდა. ბილს ჰოლივუდმა მოუღო ბოლო, სასმელმა და ჰოლივუდმა. კოქტეილის მაგიდები გაეწყოთ და ყველაზე სულწასულებს უკვე ჭიქებიც ეჭირათ ხელში. ასამდე კაცმა მოვიყარეთ თავი დეკორაციებს შორის და ჯგუფ-ჯგუფად ვიდექით კამერის გარშემო.

  - მსხვილი პლანი. მაილზ, - დაიყვირა ბილმა, - სად არის?

      ლუისი მშვიდად მიუახლოვდა, ხელში ვინჩესტერი ეჭირა, დაბნეული ჩანდა, როგორც ყოველთვის, როცა თავს აბეზრებდნენ.

      ბილი დაიხარა, კამერაში ჩაიხედა და ჩხუბი დაიწყო: - ცუდია, ძალიან ცუდია. ლუის, ჩამოიღეთ თოფი, ჩამოიღეთ, დამიმიზნეთ... მე მრისხანება მჭირდება, გესმით? მრისხანება... ღვთის გულისათვის, ნუ გაქვთ ასეთი გამოშტერებული სახე: თქვენ ხომ ნაძირალას კლავთ, რომელმაც თქვენი და გააუპატიურა... აი, ასე უკეთესია... ძალიან კარგი... ახლა გაისროლეთ... გა...

      ლუისი არ დამინახავს, ჩემკენ ზურგით იდგა, მან გაისროლა, ბილმა მუცელზე იტაცა ორივე ხელი, სისხლმა იფეთქა და იგი წაიქცა. წუთით ყველა გაქვავდა, მერე დაიფანტნენ. ლუისი სულელური სახით ათვალიერებდა იარაღს. მე შევბრუნდი, დეკორაციის კედელს ობის სუნი ასდიოდა, და ვაღებინე.

      პოლიციის ლეიტენანტი ძალიან თავაზიანი კაცი გამოდგა, თან ლოგიკურადაც მსჯელობდა. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ ფუჭი ვაზნები ნამდვილით შეცვალა, აშკარა იყო, რომ ეს ვიღაც იმ ურიცხვი ადამიანიდან ერთ-ერთი გახლდათ, რომლებიც დასანახად ვერ იტანდნენ ბილ მაკლეის, და ასევე შეუძლებელია ის ვიღაც ლუისი ყოფილიყო, იგი ხომ ბილს თითქმის არ იცნობდა, თან იმდენად კეთილგონიერი კი ჩანდა, მკვლელობა ასიოდე ადამიანის თვალწინ არ ჩაედინა. ლუისი შეებრალათ კიდეც, მისი დუმილი და პირქუში გამომეტყველება ელდას მიაწერეს: რა სასიამოვნოა, დამნაშავის ხელში იარაღად იქცე. პოლიციის განყოფილება, სხვა მოწმეებთან ერთად, დაახლოებით საღამოს ათ საათზე დავტოვეთ, ვიღაცამ შემოგვთავაზა, დასალევად წავიდეთო, წვეულებაზე ხომ დალევა ვერ მოვასწარით. მე უარი ვუთხარი, ლუისმაც. უკანა გზაზე არც ერთს სიტყვა არ დაგვცდენია, გაბრაზების თავიც კი აღარ მქონდა. "ყველაფერი გავიგონე", - მითხრა ლუისმა, როცა კიბესთან მივედით. არ მიპასუხია. მარტო მხრები ავიჩეჩე, სამი აბი ძილის წამალი დავლიე და მაშინვე დამეძინა.

XIV თავი

      პოლიციის ლეიტენანტი ძალიან მოწყენილი სახით იჯდა ჩემს სასტუმრო ოთახში. ლამაზი მამაკაცი იყო - წაბლისფერი თვალები, სავსე ტუჩები - ოღონდ ცოტა გამხდარი.

  - ხომ გესმით, ეს წმინდაწყლის ფორმალობაა, - წამოიწყო მან, - მაგრამ მეტი მართლა არაფერი იცით ამ ბიჭზე?

  - არაფერი, - ვუთხარი მე.

  - და იგი უკვე სამი თვეა აქ ცხოვრობს?

  - დიახ.

      რაღაცნაირად დამნაშავესავით ვლაპარაკობდი: - თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ცნობისმოყვარე არ ვარ.

      მან ასწია თავისი შავი წარბები და ზუსტად იმგვარივე გამომეტყველება მიიღო, როგორსაც ხშირად ვამჩნევდი პოლს: - ძალიან რბილად არის ნათქვამი.

  - ხომ გესმით, - შევედავე, - მე მგონია, რომ ადამიანებმა უამისოდაც ძალიან ბევრი ვიცით ერთმანეთზე, მოსაბეზრებელია, სხვა თუ არაფერი. ვიცით, ვინ ვისთან ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს, ვის ვისთან სძინავს, ვინ რას ფიქრობს საკუთარ თავზე... ეჰ... და ასე შემდეგ. ცოტა მეტი საიდუმლოება მგონი არ გვაწყენდა, არა? არ მეთანხმებით? აშკარად არ მეთანხმებოდა.

  - გააჩნია, როგორ შევხედავთ, - მითხრა ცივად, - ეს აზრი ჩემს გამოძიებას ნამდვილად არგებს. ცხადია, არ ვფიქრობ, რომ მან განზრახ მოკლა მაკლეი. როგორც გავარკვიე, იგი ერთადერთი იყო, ვისაც მაკლეი შედარებით ნორმალურად ექცეოდა. თუმცა, ტყვია სწორედ მან ისროლა და მისი კარიერისთვისვე იქნება უკეთესი, თუ სასამართლოში ფრთიან ანგელოზად გამოვიყვან.

  - თავად დაკითხეთ, - დავრთე ნება, - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ვერმონტში დაიბადა. მეტი არაფერი. გინდათ, გავაღვიძო, თუ კიდევ ინებებთ ყავას?

      ეს ამბავი მკვლელობის მეორე დღეს მოხდა. ლეიტენანტმა პირსონმა დილის რვა საათზე წამომაგდო ლოგინიდან. ლუისს ჯერ კიდევ ეძინა.

  - გმადლობთ, დიდი სიამოვნებით, - მითხრა მან, - მადამ სეიმურ, მაპატიეთ, მაგრამ საჩოთირო კითხვა უნდა დაგისვათ. როგორი ურთიერთობა გაქვთ ლუის მაილზთან?

  - არავითარი, - მივუგე მე, - ისეთი არაფერი ხდება, რაც თქვენ იგულისხმეთ. როგორც ბავშვს, ისე ვუყურებ.

      პირსონმა შემომხედა და მოულოდნელად გაიღიმა.

  - კარგა ხანია აღარ მნდომებია, ქალისთვის დამეჯერებინა.

      მე პირფერულად გავიცინე. სინამდვილეში უბრალოდ მრცხვენოდა - არაფრით არ ვეხმარებოდი ამ საბრალოს, იგი კი ჩემი ქვეყნის კანონს წარმოადგენდა და საშინლად დახლართულ ისტორიაში იქექებოდა. თან, ვფიქრობდი, იგი რომ მსუქანი, მელოტი და უხეში პოლიციელი ყოფილიყო, ჩემი მოქალაქეობრივი სინდისის ქენჯნა გაცილებით სუსტი იქნებოდა-მეთქი. ყველაფერთან ერთად ძილის წამალი ჯერ კიდევ მოქმედებდა და თვალები მეხუჭებოდა.

  - ამ ბიჭს წინ ბრწყინვალე კარიერა ელოდება, - თქვა პირსონმა, - შესანიშნავი მსახიობია.

      მე ყავადანის წინ გავშეშდი.

  - თქვენ საიდან იცით?

  - გუშინ გადაღებულ ფირს ვუყურეთ, დამეთანხმეთ, ძალიან მოსახერხებელია პოლიციისთვის პირდაპირ გადაღებული მკვლელობა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება აღარც არის საჭირო.

      კარი ღია იყო და იგი სასტუმრო ოთახიდან სამზარეულოში მელაპარაკებოდა. მე სულელურად გავიცინე და მდუღარე წყლით თითები დავიფუფქე. მან განაგრძო: - ლუისის სახე იქ მსხვილი პლანითაა გადაღებული, ვაღიარებ, ისე იყურება, კაცს ტანში გაგაჟრჟოლებს.

  - ვფიქრობ, ლუისი დიდი მსახიობი გახდება, - მივუგე მე - ყველა ამას ამბობს.

      მაცივარზე მდგარ ვისკის ბოთლს ვტაცე ხელი და პირდაპირ მოვიყუდე. თვალები ცრემლებით ამევსო, სამაგიეროდ, ხელები ხმელი ფოთლებივით აღარ მიკანკალებდა. სასტუმრო ოთახში დავბრუნდი და ლეიტენატს ძალიან თავაზიანად გავუწოდე ყავა.

  - როგორ გგონიათ, ახალგაზრდა მაილზს მაკლეის მოკვლის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა?

  - არავითარი, - მტკიცედ ვუპასუხე. აი, მეც თანამონაწილე გავხდი, თან მარტო საკუთარ თვალში კი არა, კანონის კუთხითაც. ქვეყნის ნებისმიერი ციხე სიხარულით გამიღებდა კარს. რას ვიზამ, მით უკეთესი: ჩავჯდები ციხეში და მოვისვენებ. უცებ წარმოვიდგინე, ხომ შეიძლება ლუისმა დანაშაული აღიაროს, მაშინ ხალხის თვალში მე არა მარტო თანამონაწილე, არამედ ყველა მისი დანაშაულის წამქეზებელიც ვიქნები. ელექტროსკამი არ ამცდება. წამით თვალები დავხუჭე: გავიფიქრე, თავად ბედისწერაა ჩემს წინააღმდეგ-მეთქი.

  - სამწუხაროდ, ჩვენც მასე ვფიქრობთ, - გავიგონე პირსონის ხმა, - მაპატიეთ, მინდოდა მეთქვა ჩვენთვის, პოლიციისთვის სამწუხაროდ. ეს მაკლეი, ეტყობა, ნამდვილი მხეცი იყო, ნებისმიერს შეეძლო შესულიყო სარეკვიზიტოროში და ტყვიები შეეცვალა. იქ დაცვაც არ დგას. ამ ამბავს ალბათ დიდი თავის ტეხა დასჭირდება. მე კი ახლა თქვენთან ვკარგავ დროს. არადა, იმდენი საქმეა, წელში ვწყდები.

      მერე წუწუნს მოჰყვა, მაგრამ არ გამკვირვებია. ყველა მამაკაცი, ვისაც ვიცნობ - სულერთია, პოლიციელები არიან, ფოსტალიონები თუ მწერლები - ყოველთვის მიყვებიან თავიანთ უსიამოვნებებზე. ერთგვარი ნიჭი მაქვს. საგადასახადოს ინსპექტორიც კი ამიწერს ხოლმე ცოლთან ოჯახური კინკლაობის ამბებს.

  - რომელი საათია? - იკითხა ნამძინარევმა ხმამ და კიბეზე ხალათმოსხმული ლუისი გამოჩნდა, თვალებს იფშვნეტდა.

      ეტყობოდა, კარგად გამოეძინა, გავბრაზდი. რამდენიც უნდა, იმდენი ადამიანი მოკლას, მაგრამ მაშინ, კეთილი ინებოს, ნუღარ ხვრინავს ლოგინში და თვითონ დახვდეს დილაუთენია მოსულ პოლიციელებს.

      მოკლედ წარვადგინე. ლუისს გაკვირვება ოდნავადაც არ დასტყობია. ხელი ჩამოართვა პირსონს, დაბნეული სახით ითხოვა ნებართვა, ყავას დავისხამო და თავისებურად, ოდნავ გამიღიმა. გავიფიქრე, ახალგაღვიძებულზე არ მკითხოს, გუშინდელის გამო ისევ ხომ არ მიბრაზდებითო. საკმარისია. მე თვითონ დავუსხი ყავა, იგი პირსონის წინ მოკალათდა და დაკითხვაც დაიწყო. თურმე, ჩვენი მომხიბვლელი მკვლელი ძალიან კარგ ოჯახში დაბადებულა, მშვენივრად უსწავლია, მასწავლებლები აღფრთოვანებული ყოფილან მისით და მხოლოდ მოხეტიალე ცხოვრებისა და ცვლილებების სიყვარულმა შეუშალა ხელი, ბრწყინვალე კარიერა გაეკეთებინა. პირდაღებული ვუსმენდი. გამოდის, რომ ეს ყმაწვილი ღირსეული მოქალაქე იყო, სანამ დოროთი სემურის არ ჩაუვარდა ხელში, ნომერ პირველ საბედისწერო ქალს, რომელმაც ოთხჯერ უბიძგა დანაშაულისკენ. რაღაც ვერ გავიგე: ცხოვრებაში გულგრილად ჭიანჭველასთვისაც არ დამიდგამს ფეხი, არადა, ყველაფერში მე ვყოფილვარ დამნაშავე.

      ლუისმა მშვიდად აუხსნა პოლიციელს, რომ მან, როგორც ყოველთვის, სარეკვიზიტოროში მაგიდიდან აიღო ვინჩესტერი, სადაც ჩვეულებრივ იდო ხოლმე და შემოწმება აზრადაც არ მოსვლია, რადგან აგერ უკვე მერვე კვირა იყო, გადაღებებზე ყველა ამ თოფიდან ისროდა და აქამდე არაფერი მომხდარა.

  - და მაკლეიზე რას ფიქრობთ? - ჰკითხა უცებ პირსონმა.

  - ლოთი იყო, უბედური ლოთი.

  - რა იგრძენით, როცა ძირს დაეცა?

  - არაფერი, - ცივად უპასუხა ლუისმა, - გამიკვირდა.

  - ახლა რას გრძნობთ?

  - ახლაც არაფერს.

  - და ძილს არ გიფრთხობთ ის აზრი, რომ ადამიანი მოკალით?

      ლუისმა თავი ასწია და ჯიქურ შეაცქერდა პირსონს. ვიგრძენი, ოფლმა როგორ დამიცვარა შუბლი. ლუისმა ნუნა მოიჭამა და ხელები გაშალა.

  - არ ვფიქრობ მაგაზე.

      ვიცოდი, სრული სიმართლე თქვა და ჩემდა გასაკვირად, მგონი ყველაზე უკეთ სწორედ ამ პასუხმა დაარწმუნა პირსონი მის უდანაშაულობაში. იგი წამოდგა, ამოიოხრა და ბლოკნოტი დახურა.

  - ყველაფერი, რაც ახლა მითხარით, უკვე შევამოწმეთ წუხელ, მისტერ მაილზ. ბოდიშს გიხდით, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ წესი წესია. მადამ, უღრმესი მადლობა.

      ჭიშკრამდე გავაცილე. მან რაღაც ჩაიბუტბუტა, დაახლოებით, იქნებ როგორმე ჩვენ ორს კოქტეილი დაგველიაო, მე საჩქაროდ დავთანხმდი. გამომშვიდობებისას ისე გავუღიმე, პირი კინაღამ ყურებამდე გამეხა. შინ აკანკალებული შევბრუნდი. საკუთარი თავით უაღრესად კმაყოფილი ლუისი ყლუპ-ყლუპით სვამდა ყავას. შიში სიბრაზედ მექცა.

      ბალიშს დავავლე ხელი და თავში ვესროლე, მერე რაღაც იაფფასიანი ჭიქა მომხვდა ხელში, რატომღაც ჩემს სასტუმრო ოთახში რომ იდო და ისიც გავუქანე. ჩქარ-ჩქარა ვესროდი, დაუმიზნებლად, მაგრამ ჭიქა პირდაპირ შუბლში მოვარტყი. სისხლი წასკდა, ისევ ამივარდა ქვითინი. უკვე მეორედ ამ თვეში და ბოლო ათ წელიწადშიც.

      ტახტზე დავემხე...

      ლუისმა თავი ხელებზე დამადო, ვიგრძენი, თითებს შორის როგორ გამოჟონა სისხლმა. საკუთარ თავს ვკითხე, რატომ არავითარი წინათგრძნობა არ გამიჩნდა მაშინ, ექვსი თვის წინ, როცა ფარებით განათებულ უკაცრიელ გზაზე სწორედ ეს თავი მეჭირა ხელში და როცა სისხლიც სწორედ ასევე მოჟონავდა ჩემს თითებს შორის-მეთქი? იქვე უნდა დაგვეტოვებინა და გავქცეულიყავით ან იქვე მოგვეღო ბოლო. ტირილ-ტირილით ავიყვანე ლუისი სააბაზანოში, სპირტით გავუწმინდე ჭრილობა და პლასტირი დავაკარი. ხმა არ ამოუღია. მეტისმეტად შეცბუნებული სახე ჰქონდა.

  - შეგეშინდათ? - მკითხა გაოცებულმა, - კი მაგრამ, სულ ტყუილად.

  - სულ ტყუილად, - ვთქვი მწარედ, - ჩემს ჭერქვეშ ცხოვრობს ტიპი, რომელმაც ხუთი ადამიანი მოკლა.

  - ოთხი, - შემისწორა მორიდებით.

  - ოთხი იყოს... რა მნიშვნელობა აქვს... მერე პოლიციელი მოდის და დილის რვა საათზე მაღვიძებს. თქვენ კიდევ მეუბნებით, სულ ტყუილად შეგეშინდათო. კმარა.

  - მაგრამ ასაღელვებელი არაფერი გაქვთ,- მხიარულად მითხრა, - ხომ თვითონ ნახეთ.

  - გარდა ამისა... - განვაგრძე მე, - გარდა ამისა... გამოდის, რომ თურმე სანიმუშო ბავშვი ყოფილხართ, კარგი მოსწავლე, კარგი თანამშრომელი, ყველაფერში კარგი. მეშლება რამე? და მე ვინ გამოვდივარ? მატა ჰარი?

      გაეცინა: - ხომ გითხარით, დოროთი. თქვენს გაცნობამდე არავინ მყავდა, სულ მარტო ვიყავი, ახლა, როცა ჩემიც მაქვს რაღაც, ვიცავ. სულ ესაა.

  - არაფერიც არ გაქვთ, - წამოვისროლე განრისხებულმა, - მე არც თქვენი ნივთი ვარ და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც თქვენი საყვარელი. და თქვენ გადასარევად მოგეხსენებათ, რომ თუ მანამდე ელექტროსკამსაც გადავრჩით და ჩამოხრჩობასაც, გადაწყვეტილი მაქვს, უახლოეს მომავალში პოლ ბრეტს გავყვე ცოლად.

      უცებ მკვეთრად მიბრუნდა და ზურგი შემაქცია.

  - თქვენ ფიქრობთ, - რაღაცნაირი შორეული ხმით წარმოთქვა მან, - როცა პოლს გაჰყვებით ცოლად, მე თქვენთან ვეღარ ვიცხოვრებ?

  - არა მგონია, ეს პოლის გეგმებში შედიოდეს, - წამოვიწყე მე, - რა თქმა უნდა, მას ძალიან უყვარხართ, მაგრამ...

      მოულოდნელად ენა დამება. იგი შემოტრიალდა და თავისი, უკვე კარგად ნაცნობი საზარელი გამომეტყველებით შემომხედა. ბრმის მზერით. მთელი ხმით ვიყვირე: - არა, ლუის, არა. თუ თითს მაინც დააკარებთ პოლს, ვეღარასოდეს მნახავთ. ვეღარასოდეს. მე თქვენ შეგიძულებთ, ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდება. სამუდამოდ დასრულდება.

      "რა დასრულდება?" - ვკითხე საკუთარ თავს. მან შუბლზე გადაისვა ხელი და გამოფხიზლდა.

  - პოლს არ გავეკარები, - თქვა მან, - უბრალოდ, მინდა მთელი ცხოვრება თქვენ გვერდით ვიყო.

      იგი ნელა აუყვა კიბეს, თითქოს წელს ქვემოთ მიიღო დარტყმაო. მე ოთახიდან გამოვედი. მზე მხიარულად დაჰნათოდა ძველ ბაღს, "როლსს", ძველებურად ძეგლის როლს რომ ასრულებდა, ჰორიზონტზე აღმართულ მთებს, ამ პატარა სამყაროს, რომელსაც ოდესღაც ასეთი მშვიდი და მხიარული იერი ედო ჩემთვის. მე ჩემს დანგრეულ ცხოვრებაზე წავიტირე ცოტა და შინ შევბრუნდი. ტანსაცმელი უნდა გამომეცვალა. მგონი, ეს ლეიტენანტი პირსონი მართლა ლამაზი მამაკაცია.

XV თავი

      მესამე დღეს, ორი საშინელი დღის შემდეგ, როცა ძირითადად ასპირინს ვხრავდი და როცა ცხოვრებაში პირველად ტრანკვილიზატორსაც გავუსინჯე გემო, რამაც სულიერად საშინლად გამომფიტა, უკვე თვითმკვლელობაზეც დავიწყე ფიქრი, უბედურებიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა-მეთქი, მეჩვენებოდა. მესამე დღეს ქარიშხალი ამოვარდა, უფრო სწორად - ტორნადო. ტაიფუნმა ანამ, - რა მშვენიერი ჩვეულებაა, რომ სტიქიურ უბედურებებს პატარა მომხიბვლელი ლამაზმანების სახელებს არქმევენ, - ჩვენს სანაპიროსაც მოაღწია, გამთენიისას საწოლის რყევამ და წყლის ხმაურმა გამომაღვიძა. რაღაცნაირი მწარე შვება ვიგრძენი, ყველაფერი ერთმანეთში აირია; კართან მაკბეტი მიცდის, სამყაროს აღსასრული დადგა. ფანჯარასთან მივედი და დავინახე, მდინარედ ქცეულ ქუჩაზე როგორ მოცურავდა რამდენიმე ცარიელი მანქანა და კიდევ რაღაც ნაყარ-ნუყარი. მერე მთელი სახლი შემოვიარე და ეზოშიც გადავიხედე, ბაღში ტალღებზე მეთევზის ნავივით ირწეოდა "როლსი". წყალს თითქმის ვერანდამდე ამოეღწია. მე კიდევ ერთხელ მივულოცე საკუთარ თავს, რომ ბაღს მაინცდამაინც დიდი სიყვარულით არ ვუვლიდი ხოლმე: მისგან ალბათ აღარაფერი დარჩა.

      დაბლა ჩავედი. ლუისი მეტისმეტად აღფრთოვანებული სახით იდგა ფანჯარასთან. საჩქაროდ დამისხა ყავა. თვალებში ისევ მაკლეის მოკვლის შემდეგ გაჩენილი მავედრებელი მზერა ჩასდგომოდა: ბავშვის მზერა, რომელსაც სურს, რომ საძაგელი ანცობა აპატიონ. მე მაშინვე უკარება გამომეტყველება მივიღე.

  - დღეს სტუდიაში ვერ წავალთ, - თქვა მან მხიარულად, - ყველა გზა დაკეტილია, ტელეფონიც არ მუშაობს.

  - შესანიშნავია.

  - საბედნიეროდ, გუშინ ტოჯისთან ორი სტეიკი და რამდენიმე კექსი ვიყიდე, თქვენ რომ გიყვართ ისეთი, ხილით.

  - გმადლობთ, - ვუთხარი საკუთარი ღირსების შეგრძნებით. მაგრამ სინამდვილეში მეც კმაყოფილი ვიყავი. თუ გინდა, ნუ წახვალ სამსახურში, იბორიალე ხალათმოსხმულმა და ტოჯის უგემრიელეს ღვეზელი ჭამე... არც ისე ცუდია. თან მაშინ სულისშემძვრელ წიგნს ვკითხულობდი არისტოკრატების მდიდრულ ცხოვრებასა და დელიკატესებზე. შემეძლო, მკვლელობებსა და ამინდზე აღარ მეფიქრა.

  - პოლი ალბათ გაბრაზდა, - მითხრა ლუისმა, - შაბათ-კვირას თქვენი ლას-ვეგასში წაყვანა უნდოდა.

  - ეგ არსად გაგვექცევა, - ვუპასუხე მე, - თან წიგნიც დასამთავრებელი მაქვს. თქვენ რის გაკეთებას აპირებთ?

  - მუსიკას დავუკრავ, - მითხრა მან, - მერე საჭმელს მოგიმზადებთ, რამის დალევაც შეიძლება, არა?

      სიხარულისაგან ჭკუაზე აღარ იყო. მთელი დღის მანძილზე მხოლოდ მას ვეკუთვნოდი და ამიტომ დილიდანვე ზეიმობდა.

      თავი ვერ შევიკავე და გავუღიმე.

  - ჯერ დაუკარით, სანამ მე ვკითხულობ, რადიო და ტელევიზორი, სულერთია, მაინც არ მუშაობს.

      დამავიწყდა მეთქვა, ლუისი ხშირად აიღებდა გიტარას და საკმაოდ უცნაურ, ნელ და სევდიან მელოდიებს უკრავდა ხოლმე, რომლებსაც მგონი თვითონვე იგონებდა. იმიტომ გადამავიწყდა, რომ საერთოდ არ ვგიჟდები მუსიკაზე.

      მან აიღო გიტარა და დაკვრა დაიწყო, გარეთ ქარიშხალი მძვინვარებდა, მე კი ცხელ ყავას ვსვამდი ჩემი საყვარელი მკვლელის გვერდით. ავღიღინდი. საშინელებაა პირდაპირ, რა ცოტა რამაა საჭირო ბედნიერებისთვის! ფუსფუსებ, იბრძვი, თავს იცავ, ფიქრებს ვერ იშორებ და უცებ ბედნიერება პირდაპირ შუბლში გხვდება რიყის ქვასავით ანდა მზის სხივივით, შენც ივიწყებ წარსულს და ყოველი წვრილმანით ხარობ.

      ასე გავიდა დღე. ლუისმა ჯინის თხუთმეტი დოლარი მე გამომართვა - მადლობა ღმერთს, საჭმლის მომზადების ნება დამრთო, თვითონ გიტარაზე უკრავდა, მე ვკითხულობდი. მასთან სულაც არ მომწყენია, კატასავით ალერსიანი იყო. მხრებგანიერი პოლი კი ხანდახან ოდნავ მაღიზიანებდა. წარმოდგენასაც ვერ ვბედავდი, რას დაემსგავსებოდა დღევანდელი დღე, ლუისის ნაცვლად აქ პოლი რომ ყოფილიყო. ალბათ, აუცილებლად ტელეფონის შეკეთებას მოინდომებდა, "როლსს" დაამაგრებდა, დარაბებს დახურავდა, სცენარის დამთავრებაში მომეხმარებოდა, ნაცნობებზე ილაპარაკებდა, სიყვარულით დაკავდებოდა ან კიდევ რამეს მოიგონებდა... ერთი სიტყვით, იმოქმედებდა. ლუისს კი ეს საერთოდ არ აინტერესებდა. სახლი ნოეს კიდობანივით რომ წაეღო წყალს, იგი მაინც მოდუნებული, ბედნიერი სახით გააგრძელებდა გიტარაზე დაკვრას. თუ დავუფიქრდები, ტაიფუნ ანას შუაგულში გატარებული ეს დღე სრულიად არაჩვეულებრივი გამოვიდა.

      ღამით ქარიშხალმა გაორმაგებული ძალით განაგრძო თავისი ბოროტი ხუმრობა. ერთმანეთის მიყოლებით ავად ჯახუნობდნენ დარაბები. ირგვლივ არაფერი ჩანდა, არ მახსოვს, ჩვენს მხარეში ამგვარი რამ ადრე მომხდარიყოს. "როლსი" ხან კარებს ეხეთქებოდა, ხან კედელს, გარეთ დარჩენილი უზარმაზარი გამძვინვარებული ძაღლივით. შემეშინდა. დავასკვენი, ღმერთი უსაზღვრო სიკეთე კია, მაგრამ ბოლო დროს მის მორჩილ მსახურს ძალიან მკაცრად მექცევა-მეთქი. ლუისი, რაღა თქმა უნდა, აღფრთოვანებული იყო, ჩემი შეშინებული სახეც ართობდა აშკარად და ტრაბახობდა. ოდნავ გაღიზიანებული ადრე წავედი ჩემს ოთახში, დავლიე, ეს უკვე ჩვეულებად მექცა, ძილის წამალი, არადა, აქამდე მთელი ცხოვრება უწამლოდ გავატარე და ვცადე დამეძინა. ამაოდ. ქარიშხალი ხროვის მშიერი ბელადივით ყმუოდა, სახლს სულ ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა, ნაშუაღამევს კი უბრალოდ რწევა დაიწყო, პირდაპირ ჩემ ზემოთ სახურავი გასკდა და წყალი თავზე გადმომეღვარა.

      დავიკივლე და უნებურად სისულელე ვქენი, თავზე ზეწარი წავიფარე, მერე წამოვხტი, გამოვვარდი ოთახიდან და ლუისს ჩავუვარდი მკლავებში. ბნელოდა. მან თავისთან წამიყვანა, მეც ხელისცეცებით წავყევი, აქ სახურავი რაღაც სასწაულის ძალით ჯერ კიდევ მრთელი იყო. ქარიშხალს სახლისთვის სახურავი სანახევროდ გადაეხადა და ბუნებრივია, წყალიც ჩამოვიდა.

      ლუისმა გადასაფარებელი გადააძრო საწოლს და ისე დამიწყო გამშრალება, თითქოს ბებერი ჯაგლაგი ვყოფილიყავი, თან იმ მეეტლის კილოთი მებურტყუნებოდა, შეშინებულ ოთხფეხს რომ ამშვიდებს: "აბა... აბა... არა უშავს... ყველაფერი კარგად იქნება", მერე სანთებელა აიღო, სამზარეულოში ჩავიდა ვისკის მოსაძებნად და მუხლებამდე სველი მობრუნდა.

  - სამზარეულო წყლითაა სავსე, - მაცნობა მხიარულად, - სასტუმრო ოთახში ტახტი და სავარძლები დაცურავენ. ეს წყეული ბოთლიც დაცურავდა და სულ შემთხვევით დავიჭირე. ავეჯი ძალიან სასაცილო სანახავია. ეს უშველებელი, გამოშტერებული მაცივარიც კი ბოთლის საცობს დამსგავსებოდა.

      სულ არ მეჩვენა სასაცილოდ ეს ამბავი, მაგრამ მესმოდა, რომ ყველაფერს ჩემს გასამხნევებლად აკეთებდა. ზეწარში გახვეულები ვისხედით მის საწოლზე, ვკანკალებდით და პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდით, ბნელოდა.

  - რა ვქნათ? - ვკითხე მე.

  - გათენებას დავუცადოთ, - თქვა ლუისმა მშვიდად, - კედლები მყარია. თქვენ ჩემს ლოგინში უნდა დაწვეთ, ჩათბეთ და დაიძინოთ.

      დავიძინო... სულ გაგიჟდა ეს ბიჭი. მაგრამ შიშისა და სასმელისგან თავბრუ დამეხვა და საწოლზე გავიჭიმე. იგი ჩემ გვერდით იჯდა, ფანჯრის ფონზე, რომლის მიღმაც ღრუბლის ნაგლეჯები მიქროდნენ, ვხედავდი მის პროფილს. უკვე მეჩვენებოდა, ეს ღამე აღარასდროს დამთავრდება, მე კი მალე მოვკვდები-მეთქი, სევდა მომერია და რაღაც ბურთივით მომაწვა ყელში, პატარა გოგო ვიყავი თითქოს.

  - ლუის, მეშინია, გთხოვთ, გვერდზე მომიწექით, - ვუჩურჩულე.

      მან არაფერი მიპასუხა, მაგრამ მაშინვე ადგა, შემოუარა საწოლს და გვერდით მომიწვა. ორივენი ზურგზე ვიწექით, იგი უხმოდ ეწეოდა სიგარეტს.

      მოულოდნელად განსაკუთრებით ძლიერი ტალღისაგან ატაცებული "როლსი" იმ კედელს მოეხეთქა, რომლის შიდა მხარესაც ჩვენ ვიმყოფებოდით. კედელი საზარელი გრუხუნით შეყანყალდა, მე ლუისის მკლავებში აღმოვჩნდი. ყველაფერი გაუცნობიერებლად მოხდა, აუცილებლად მჭირდებოდა მამაკაცი, რომელიც მომხვევდა ხელს და მაგრად ჩამიხუტებდა. ლუისი ასეც მოიქცა. მაგრამ ამავე დროს იგი დაიხარა ჩემკენ და უჩვეულო სინაზით დამიწყო კოცნა შუბლზე, თმებზე, ტუჩებზე. თან სასიყვარულო შელოცვასავით იმეორებდა ჩემს სახელს, რომელიც მის თმებში ჩაფლულს ცუდად მესმოდა. "დოროთი, დოროთი, დოროთი..." - ლუისის ხმა ვერ ფარავდა ქარიშხლის ღრიალს, მე არ გავნძრეულვარ, მისი მხურვალე სხეულის გვერდით თავს თბილად ვგრძნობდი და ერთადერთი ბუნდოვანი ფიქრი მიტრიალებდა, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც უნდა მომხდარიყო და არც იმხელა საშინელებაა-მეთქი.

      მაგრამ არა, მაინც არ უნდა მომხდარიყო. ამას უცებ მივხვდი და იმავე წამს ლუისზეც ყველაფერი გავიგე - რას ნიშნავდა ეს მკვლელობები, ეს სულელური პლატონური სიყვარული ჩემ მიმართ. მე სწრაფად, ძალიან სწრაფად გავუძალიანდი და მანაც მაშინვე გამიშვა. წამით ორივენი ისე გავქვავდით, თითქოს გველი გამსხლტარიყოს ჩვენ შორის. მე აღარ მესმოდა ქარის ღრიალი, მის ხმას ჩემი გულისცემა ახშობდა და იმიტომ.

  - აი, უკვე ყველაფერი იცით, - ნელა წარმოთქვა ლუისმა და სანთებელა აანთო. ალის შუქზე არაჩვეულებრივად ლამაზი ჩანდა... ოღონდ მარტო, სრულიად მარტო... ოჰ, ეს სრული, საშინელი მარტოობა... ხელი გავუწოდე საზარელი სიბრალულით ატანილმა. მაგრამ მას კვლავ დაებინდა მზერა, უკვე ვეღარ მხედავდა, სანთებელა ჩააქრო და ორივე ხელი ნელა წამიჭირა ყელში.

      მე ოდნავადაც არ ვარ მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ, მაგრამ წამით გამიჩნდა სურვილი წინააღმდეგობა არ გამეწია. არც კი ვიცი, რატომ. სიბრალულსა და სინაზეს, რასაც მე მისდამი ვგრძნობდი, ისე მივყავდი სიკვდილისკენ, თითქოს იგი თავშესაფარი ყოფილიყოს. შეიძლება სწორედ ამან მიშველა. ერთ წამსაც არ მიყოყმანია. ყელში წაჭერილმა თითებმა გამახსენეს, რომ ამქვეყნად სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია და მე მშვიდად ავლაპარაკდი, თან ყოველ წამს შეიძლებოდა სული ამომხდომოდა: - თუკი ასე გსურთ, ლუის... მაგრამ მტკივა... იცით, ყოველთვის მიყვარდა სიცოცხლე. მზეც ძალიან მიყვარს, მეგობრებიც და თქვენც, ლუის.

      თითები უფრო და უფრო მაგრად მიჭერდნენ. უკვე სული მეხუთებოდა.

  - რა გეშველებათ უჩემოდ, ლუის... ხომ იცით, მოიწყენთ... ლუის, ძვირფასო, გთხოვთ, გამიშვით.

      უცებ მან თითები გაშალა და აქვითინებული დაემხო ლოგინზე. მე მხარზე მოხერხებულად ჩამოვადებინე თავი და დიდხანს უხმოდ ვეფერებოდი თმაზე. ცხოვრებაში ჩემ გვერდით სულ რამდენიმე მამაკაცს უტირია და ისე არც არაფერი მიჩუყებს გულს და არც არაფერი მხიბლავს, როგორც უცხო და მოულოდნელი მამაკაცური სევდა. მაგრამ აქამდე არავის მიმართ არ მიგრძნია ამხელა სინაზე და სიყვარული, როგორიც ამ ბიჭისადმი ვიგრძენი, წუთის წინ კინაღამ რომ დამახრჩო. მადლობა ღმერთს, კარგა ხანია ხელი ჩავიქნიე ლოგიკაზე.

      ლუისს მალევე ჩაეძინა. ქარიშხალიც დაცხრა. მთელი ღამე მხარზე მედო მისი თავი. ვდარაჯობდი, თან მოწმენდილ ცასა და მიმქროლავ ღრუბლებს ვადევნებდი თვალს. ბოლოს, როგორც იქნა, თავხედურად ამოვიდა მზე და განადგურებულ დედამიწას გადმოხედა. ასე დასრულდა ჩემს სიცოცხლეში საუკეთესო სასიყვარულო ღამე.

XVI თავი

      თუმცა ყველაზე უარესი ის იყო, რომ მეორე დღეს ყელზე საეჭვო ლაქები გამიჩნდა. შეფიქრიანებული სახით ვიყურებოდი სარკეში. ცხოვრებაში პირველად, როცა პოლმა დარეკა, ვუთხარი, თანახმა ვარ, ცოლად გამოგყვე-მეთქი, ის ბედნიერებისგან მგონი კინაღამ გადაირია. მერე ლუისს ვაცნობე, პოლს ცოლად მივყვები, საქორწინო მოგზაურობით ევროპაში მივდივართ და ჩემს არყოფნაში სახლს თქვენ გიტოვებთ-მეთქი.

      ქორწილი ათ წუთში, მოწმეებად ლუისი და კენდი იყვნენ. მერე ბარგი შევკარი, ლუისს მოვეხვიე, მალე დაბრუნებას დავპირდი. მანაც, თავის მხრივ, სიტყვა მომცა, რომ კარგად მოიქცეოდა, ბეჯითად იმუშავებდა და ყოველ კვირა გაწმენდდა "როლსს" ბალახ-ბულახისაგან. ორიოდე საათის შემდეგ უკვე პარიზისკენ მივფრინავდი და ილუმინატორიდან გავცქეროდი თვითმფრინავის ვერცხლისფერ ფრთებს, მუქ-ლურჯ ღრუბლებს რომ მიაპობდა. მეჩვენებოდა, თითქოს საშინელი სიზმარი მესიზმრა და ახლაღა გამოვფხიზლდი. პოლი თავის თბილ და ძლიერ ხელს ხელზე მიჭერდა. პარიზში ერთ თვეზე მეტხანს დარჩენას არ ვაპირებდით, მაგრამ ჯეისგან დეპეშა მივიღე: იტალიაში ერთ ჩემს უბედურ კოლეგას თავი ვერ მოება სცენარისათვის და დაეხმარეო. თავის მხრივ პოლსაც უნდა ენახა ვიღაცები ლონდონში, სადაც RKB საწარმოო სახლის გახსნას აპირებდა. ამიტომ ჩვენ მთელი ექვს თვეს შეუსვენებლივ დავქროდით ლონდონს, პარიზსა და რომს შორის. აღფრთოვანებული ვიყავი: უამრავი ადამიანი გავიცანი, ძალიან ხშირად ვნახულობდი ქალიშვილს, ვბანაობდი იტალიაში, გართობით კი პარიზსა და ლონდონში ვერთობოდი. თავიდან ფეხებამდე ახლებში გამოვეწყვე. პოლს ბადალი არ ჰყავდა და მეც ძველებურად ვაღმერთებდი ევროპას. დროდადრო ლუისისგან წერილებს ვიღებდი. პატარა ბავშვივით მწერდა ბაღზე, სახლზე, "როლსზე" და მორცხვად, მორიდებით ჩიოდა, აღარ ჩამოდიხართო? მაკლეის სიკვდილის გამო საზოგადოებამ ყურადღება მიაქცია ლუისის პირველ ფილმს და გადაღებები განახლდა. ამჯერად ჩარლზ ფოტს, ძალიან კარგ რეჟისორს მიანდეს საქმე, მან ჩათვალა, ზოგიერთი სცენა არაფრად ვარგა და თავიდან უნდა გადავიღოთო, ჰოდა, ლუისმაც კვლავ მოირგო კოვბოური ტანისამოსი. მგონი, როლი გაეზარდა კიდეც. მაგრამ ამაზე ისე იწერებოდა, იფიქრებდით, წუწუნებსო, ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა ამერიკაში დაბრუნებამდე სამი კვირით ადრე გავიგე, ფილმი შესანიშნავი გამოსულიყო და ახალგაზრდა ლუის მაილზს იქნებ ოსკარისთვისაც კი გამოეკრა ხელი, იმდენად ბრწყინვალედ ეთამაშა თავისი როლი.

      სიურპრიზები ამით არ დასრულებულა. როცა ლოს-ანჯელესში ჩავფრინდით, ლუისი აეროპორტში დაგვხვდა. ჯერ მე გადამეხვია პატარა ბავშვივით, შემდეგ პოლს და აწუწუნდა. "ისინი" სულ თან დამდევენ, "ისინი" გამუდმებით მთავაზობენ კონტრაქტებს, რომლებსაც თავს და ბოლოს ვერ ვუგებ, "მათ" უზარმაზარი აუზიანი სახლი დამიქირავეს, "ისინი" განუწყვეტლივ მირეკავენო. ეტყობოდა, დაბნეული და გაღიზიანებული იყო. იმ დღესაც რომ არ ჩამოვსულიყავით, ნამდვილად გაიქცეოდა. პოლი გულიანად იცინოდა, მე კი დავასკვენი, ლუისი გამხდარა და ცუდად გამოიყურება-მეთქი.

      მეორე დღისთვის "ოსკარების" გადაცემის ცერემონიალი უნდა გამართულიყო. მთელი ჰოლივუდი ესწრებოდა, მორთული, მოკაზმული, ელვარე, ლუისმა მიიღო "ოსკარი". სცენაზე დაბნეული გამოვიდა, მე კი ფილოსოფიურად გავიფიქრე, რომ სამი ათასი კაცი მკვლელს უკრავდა ტაშს. მაგრამ მე რაღა გამაკვირვებს.

      "ოსკარების" გადაცემის შემდეგ ჯეი გრანტმა ლუისის ახალ სახლში წვეულება მოაწყო. ჯეის ემჩნეოდა ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით და ყველაფერი დამათვალიერებინა: ლუისის ახალი ტანსაცმლით გამოვსებული კარადები, ახალი მანქანებით სავსე სადგომი, ძვირფასი ოთახები, სადაც ლუისს უნდა დაეძინა და სტუმრები მიეღო.

      ლუისი ბურტყუნ-ბურტყუნით დაგვდევდა. მე ხელსაყრელი მომენტი შევურჩიე, მივუბრუნდი და ვკითხე: - უკვე გადმოიტანეთ აქეთ თქვენი ძველი ჯინსები?

      მან უარის ნიშნად შეშინებული გამომეტყველებით გადააქნია თავი. საღამოს გმირის როლისთვის ლუისი უცნაურად მარტოსული ჩანდა. იგი კმაყოფილდებოდა იმით, რომ ფეხდაფეხ დამდევდა, და მიუხედავად ჩემი არაერთი მცდელობისა, უარს ამბობდა, მეტი ყურადღება მიექცია თავისი სტუმრებისათვის. მოკლედ, ზურგს უკან უკვე ვგრძნობდი ზოგიერთების მრავალმნიშვნელოვან მზერას, რამაც მაიძულა მალე წამოვსულიყავი შინ. ვისარგებლე იმით, რომ ლუისი ვიღაცას ელაპარაკებოდა, პოლს ხელი გავუყარე და ვუჩურჩულე, ძალიან დავიღალე-მეთქი.

      ადრევე გადავწყვიტეთ ჩემთან გავჩერებულიყავით, დროებით მაინც, რადგან პოლის ბინა ცენტრში მდებარეობდა, მე კი ქალაქგარეთ მიყვარს ცხოვრება. დაახლოებით ღამის სამი საათი იყო. ჩვენ შეუმჩნევლად გამოვიპარეთ და მანქანისკენ წავედით. უზარმაზარ, გაბრდღვიალებულ სახლს, აუზში მოელვარე წყალს, ხოლო ფანჯრებში ადამიანთა ჩრდილებს რომ ვუყურებდი, გავიფიქრე, ერთი წლის წინ ზუსტად ამ გზაზე მოვდიოდით, როცა ვიღაც ბიჭი ბორბლებში ჩაგვივარდა-მეთქი. მთელი წელი გავიდა... თან როგორი წელი!

      თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფრენკის, ლუელას, ბოლტონისა და მაკლეისათვის.

      პოლმა უკუსვლით ოსტატურად გააძვრინა მანქანა ორ ახალთახალ "როლსს" შორის და მერე ნელა დაძრა წინ. ფრთხილად ავუარეთ გვერდი "როლს-როისებს" და გზაზე გამოვედით. და, როგორც ერთი წლის წინ, ახლაც ფარების შუქზე ახალგაზრდა ხელებგაშლილი მამაკაცის ფიგურამ გაიელვა. მე შიშისაგან დავიკივლე. ლუისმა მანქანასთან მოირბინა, კარი გამოაღო და ორივე ხელი დამიჭირა. სულ ერთიანად ცახცახებდა.

  - შინ წამიყვანეთ, - შემევედრა იგი, - წამიყვანეთ, დოროთი, არ მინდა აქ დარჩენა. მან თავი მხარზე დამადო, მერე ასწია და დაჭრილი კაცივით ამოიოხრა. მე ჩავიბურტყუნე: - კი მაგრამ, მისმინეთ, ლუის, თქვენი სახლი ხომ აქ არის. ამდენი ადამიანი გელოდებათ და...

  - მე სახლში მინდა, - მითხრა ჯიუტად.

      პოლს გადავხედე. ჩუმად იცინოდა. უკანასკნელად ვცადე გაბრძოლება: - საბრალო ჯეიზეც იფიქრეთ, მან ხომ ამდენი რამ გააკეთა თქვენთვის... გაცოფდება, თქვენ რომ ასე გაიქცეთ.

  - ჰოდა, მოვკლავ, - თქვა ლუისმა და მე შევხტი, მივხვდი, თუ სასწრაფოდ არ დავთანხმდებოდი, ძალიან მალე ჯეი გრანტის დაკრძალვაზე მომიწევდა წასვლა, იგი ან სატვირთოს ჩაუვარდებოდა თავისივე სახლის წინ, ან შემთხვევით სტრიხინით მოწამლულ სენდვიჩს შეჭამდა. სასწრაფოდ მივიწიე და ძალაგამოცლილი ლუისი ჩემ გვერდით სავარძელში ჩაენარცხა. პოლმა დაძრა მანქანა. ისევ სამნი მივქროდით წინ; გაშტერებული ვიჯექი. მაგრამ ლუისს ზნეობაზე პატარა ლექცია მაინც ჩავუტარე, თან ვუხსნიდი, ახლა ჩვენთან იმიტომ მოდის, რომ აღელვებულია და გასაგებიცაა რატომ, მაგრამ ორ-სამ დღეში ისევ შინ უნდა დაბრუნდეს. ადამიანები ვერ გაუგებენ, თუკი იგი ასეთ ბრწყინვალე სახლში ცხოვრებაზე უარს იტყვის და ა.შ.

  - მე შემეძლო თქვენთან მეცხოვრა, აქ კი ყველანი ერთად ვივლიდით საბანაოდ, - მითხრა საქმიანად.

      მერე მხარზე ჩამომადო თავი და ჩაიძინა. ჩვენ გადმოვიყვანეთ იგი მანქანიდან, თავის ძველ პატარა ოთახში ავიყვანეთ და დავაწვინეთ. მან თვალები გაახილა, შემომხედა, გამიღიმა და კვლავ ღრმა ძილს მისცა თავი. მე და პოლი ჩვენთან ავედით, გახდა დავიწყე და პოლს მივუბრუნდი: - როგორ გგონია, დიდხანს გაგრძელდება ასე?

  - მთელი ცხოვრება, - დაუდევრად მითხრა პოლმა, - და მგონი, ეს შენც მშვენივრად მოგეხსენება.

      გამიღიმა. ვცადე, წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ გამაწყვეტინა: - შენ რა, ბედნიერი არ იქნები მაგით?

  - ვიქნები, - მივუგე მე, - ძალიან ბედნიერი ვიქნები.

      სიმართლე ვუთხარი. ცხადია, იოლი არ იქნება ჩემთვის, დროდადრო ლუისს ვინმეს მოკვლაში შევუშალო ხელი, მაგრამ თუ კარგად ვადევნებ თვალს და თუ გაგვიმართლებს... ვნახოთ. როგორც ყოველთვის, ამ წყეულმა სიტყვამ კვლავაც დამამშვიდა და მეც სასმელის წრუპვა-წრუპვით გავემართე სააბაზანოსკენ.

ფრანსუაზ საგანი

ტეგები: 1968, Qwelly, ლიტერატურა, ნოველები, საგანი, ქველი

ნახვა: 666

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters