*ნაწილი პირველი *

დადგა ნადიმის დღეც. წინა ღამეს ხოაკინს თვალი არ მოუხუჭავს.

- საომრად მივდივარ, ანტონია, - უთხრა წასვლის წინ ცოლს.

- ღმერთმა ხელი მოგიმართოს და დაგიფაროს.

- ერთს დავხედავ ჩემს ქალიშვილს, ჩემს საბრალო ხოაკინიტას...

- მიდი, დახედე... სძინავს...

- საბრალო, ჯერ არ ესმის, რა არის ეშმაკეული! მაგრამ, გეფიცები, ანტონია, ამ ეშმას გულგვამიდან ამოვიგლეჯ, განვდევნი, დავახრჩობ და აბელის ფერხთით დავანარცხებ... რა სიამოვნებით ვაკოცებდი, მაგრამ მეშინია, არ გავაღვიძო!...

- ნუ გეშინია, ხოაკინ აკოცე!

მამა დაიხარა და მძინარე ბავშვს აკოცა, ბავშვმა კი ტკბილი ღიმილით უპასუხა კოცნაზე.

- ხედავ, ხოაკინ, ისიც გლოცავს.

- ნახვამდის, ჩემო მეუღლევ! - მან ცოლსაც აკოცა, კარგა ხანს ვერ მოსწყდა მას.

წავიდა თუ არა ხოაკინი, ანტონიამ ღვთისმშობლის ხატის წინ დაიჩოქა.

ნადიმზე ჩვეულებრივი საუბარი გაიმართა. მაგრამ ამის მიღმა ავის მომასწავებელი მოლოდინი იგრძნობოდა. ხოაკინი აბელის მარჯვენა მხარეს იჯდა; იგი ფერმიხდილი იყო, არც არაფერს ჭამდა და არც ლაპარაკობდა. თვითონ აბელიც ნელ-ნელა გაურკვეველმა შიშმა აიტანა. დესერტის შემდეგ სუფრაზე „სუ-სუ-სუ-ს!“ ძახილი გაისმა და სიჩუმე ჩამოვარდა. ვიღაცამ თქვა: „ახლა სიტყვა უნდა მოვისმინოთ!“ ხოაკინი წამოდგა. პირველად ყრუდ ლაპარაკობდა, ხმა უკანკალებდა, მერე ნელ-ნელა ძალა მიეცა და რაღაც სრულიად ახალი, მოულოდნელი ჟღერადობა შეიძინა. დარბაზში გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ მისი ხმა ისმოდა. უკლებლივ ყველა გაოცებული უსმენდა; აქამდე არავის გაეგონა ესოდენ მგზნებარე, მხურვალე, შემოქმედისა და მისი შემოქმედების მიმართ ამგვარი აღტაცებითა და სიყვარულით წარმოთქმული სიტყვა. ხოლო როცა ხოაკინმა გაიხსენა აბელთან ერთად გატარებული ბავშვობის წლები, წლები, როცა არც ერთმა არ იცოდა, რას უმზადებდა მომავალი, ბევრს თვალზე ცრემლიც კი მოადგა.

- ჩემზე უკეთ აბელს არავინ იცნობს, - ამბობდა ხოაკინი, - ასე მგონია, მას უფრო ღრმად ჩავწვდი, ვიდრე საკუთარ თავს და ჩავწვდი მეტი სიწმინდით, რამეთუ ჩვენს თავში რომ ვიხედებით, მხოლოდ უწმინდურს ვამჩნევთ, რისგანაც ვართ შექმნილი; სხვაში კი გვინდა ის საუკეთესო დავინახოთ, რაც ჩვენს არსებაშია მიჩქმალული და კიდეც შევიყვაროთ ამისთვის. ეს კი მისადმი აღტაცებით გამოიხატება. აბელმა თავისი ხელოვნებით იმას მიაღწია, რის მიღწევასაც თავადვე ვცდილობდი ჩემს სფეროში; მარტო ესეც კმარა, რომ მაგალითად მივიჩნიო იგი; მისი დიდება ძალასა და ნუგეშს მაძლევს, როცა ვფიქრობ სახელზე, რაც თავად ვერ მოვიპოვე... აბელი ყველა ჩვენთაგანს ეკუთვნის და ყველაზე მეტად კი მე; როცა ასე აღტაცებული ვარ მისი სურათით, ეს იმას ნიშნავს, რომ სურათი იმდენად მეკუთვნის მე, რამდენადაც მის შემქმნელს და ამაში ვხედავ ნუგეშსაც, როდესაც საკუთარ უფერულობაზე დავფიქრდები...“ დროდადრო ხოაკინის ხმა კვნესასავით ისმოდა. დამსწრენი დათრგუნვილი იყვნენ, რადგან ბუნდოვნად შეიგრძნობდნენ მისი სულის დრამას, სულისას, დემონს რომ შებმოდა.

- შეხედეთ კაინის ფიგურას, - განაგრძობდა ხოაკინი და თითქოს წვეთ-წვეთად ღვრიდა მდუღარე სიტყვებს, - შეხედეთ, ტრაგიკულ კაინს, მოხეტიალე მუშას ქუეყანისას, ქალაქების მშენებელს, ყოველი ხელობის მამამთავარს, შურისა და სამოქალაქო ცხოვრების დამფუძნებელს! შეხედეთ! რა სინაზით, ამ ბედუკუღმართისადმი რა თანაგრძნობით და სიყვარულითაა შექმნილი, საბრალო კაინი! ჩვენი აბელ სანჩესი ისევე ტკბება თავისი კაინის მზერით, როგორც მილტონი ტკბებოდა თავისი სატანის მზერით, ისევე უყვარს თავისი კაინი, როგორც მილტონს - თავისი სატანა, რამეთუ ტკბობა ნიშნავს სიყვარულს, ხოლო სიყვარული - თანაგრძნობას. ჩვენი აბელი კარგად სწვდება იმის დაუმსახურებელ ცოდვა-ბრალსა და უბედურებას, ვინც მოკლა პირველი აბელი. აკი ბიბლიური ლეგენდის თანახმად, აბელის სიკვდილთან ერთად დამკვიდრდა ამ მიწაზე სიკვდილი. ჩვენი აბელი მარტო კაინის დანაშაულზე როდი მიგვანიშნებს, რადგან იგი ნამდვილად იყო დამნაშავე, ამავე დროს მისადმი თანაგრძნობასაც გვიღვიძებს, გვაიძულებს შევიყვაროთ იგი... ეს სურათი დიდი სიყვარულის გამომხატველი აქტია! როცა ხოაკინმა სიტყვა დაასრულა, დარბაზში წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და მერე ტაშმა იგრიალა. და მაშინ წამოდგა გაფითრებული, შემკრთალი, აღელვებული აბელი და ცრემლმორეულმა მეგობარს ასე მიმართა:

- ხოაკინ, შენი სიტყვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თვით ჩემი სურათი. ყველა სურათიც კი, რაც აქამდე დამიხატავს და რასაც მომავალში დავხატავ... შენი სიტყვაა სწორედ ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუში, დიდებული სულის ქმნილება. აქამდე კარგად ვერ ვხვდებოდი, თურმე რა დამიხატავს, მე კი არა, შენა ხარ ამ სურათის ნამდვილი ავტორი, მხოლოდ შენ! გულითადი მეგობრები ქვითინით გადაეხვივნენ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ იგრიალა ტაშმა; გრძნობამორეული სტუმრები ხმამაღალი შეძახილებით წამოხტნენ; და როცა ასე ერთმანეთს გადაჭდობილი იდგნენ მეგობრები, სატანა ყურში ჩასჩურჩულებდა ხოაკინს: „ასე ხვევნა-კოცნაში რომ შეგეძლოს მისი მოხრჩობა!...“

- გასაოცარია! - გაისმოდა აქეთ-იქიდან, - მაინც რა ენამჭევრია! რა სიტყვა თქვა! ვინ იფიქრებდა! აფსუს, ნეტავ ვინმეს მოეფიქრებინა და სტენოგრაფისტი მოგვეწვია!

- წარმოუდგენელია! - გაიძახოდა ერთ-ერთი სტუმარი, - ალბათ, ჩემს დღეში ამისთანა სიტყვას ვეღარ მოვისმენ!

- ტანში სულ ჟრუანტელი მივლიდა! - ამბობდა მეორე.

- შეხედეთ, როგორ გაფითრდა!

ასეც იყო, ხოაკინმა ამ გამარჯვების შემდეგ დამარცხებულად იგრძნო თავი, იგრძნო, როგორ იძირებოდა კვლავ სევდის უფსკრულში. არა, სატანა ისევ ცოცხალი იყო. ასეთი წარმატება არც არასოდეს ჰქონია და, ალბათ, არც არასოდეს ექნებოდა. ამან კი მაცდური აზრი აღუძრა, იქნებ ორატორულ ხელოვნებას მივყვე და ამ ასპარეზზე მაინც მოვიპოვო სახელი, ამით მაინც დავჩრდილო ჩემი მეგობრის დიდება მხატვრობაშიო.

- დაინახე, როგორ ტიროდა აბელი? - იკითხა უკვე წასვლისას ერთ-ერთმა სტუმარმა.

- იმიტომ, რომ მთელი მისი სურათები ხოაკინის ამ ერთ სიტყვადაც არა ღირს. ეს სურათიც ხოაკინმა შექმნა თავისი სიტყვით. მე რომ მკითხოთ, ასეც დავარქმევდი - სურათი წარმოთქმული სიტყვის მოტივებზე. ეს სიტყვა რომ არა, სურათისგანაც არაფერი დარჩებოდა... სულ არაფერი, თუ პირველ პრემიას არ ჩავთვლით! ხოაკინი შინ რომ დაბრუნდა, ანტონია კარებშივე შეეგება და მოეხვია: - უკვე ყველაფერი ვიცი, მიამბეს, აკი გეუბნებოდი! ახლა მაინც გაიგე, ვის უფრო მეტ პატივს სცემენ! დაე, იმანაც გაიგოს, რომ მისი სურათი შენი სიტყვის წყალობით დააფასეს ასე.

- მართალი ხარ, ანტონია, მართალი, მაგრამ...

- მაგრამ, რა.. შენ ისევ...

- ჰო, ისევ... ვერ გეტყვი, რას ჩამჩურჩულებდა ბოროტი სული, ჩემი დემონი, როცა ერთმანეთს გადავეხვიეთ...

- არა, არა, ნუ მეტყვი, გაჩუმდი!

- მაშ, გამაჩუმე, დამიმუწე პირი!

და ანტონიამ ხანგძლივი კოცნით დაუმუწა პირი, თვალები კი ცრემლით ჰქონდა დაბინდული.

- იქნებ ასე მაინც განდევნო ჩემგან დემონი, იქნებ კოცნით მაინც შესვა იგი...

- მერე ჩემთან რომ გადმოსახლდეს, არა? - სცადა საბრალომ გახუმრება.

- ჰო, იქნებ სცადო და ასე მაინც ამომწოვო, შენ იგი ვერას გავნებს, შენს არსებაში უეჭველად მოკვდება. შენს სისხლში ჩაიხრჩობა, - ნაკურთხ წყალში... აბელი რომ შინ მივიდა და ელენასთან მარტო დარჩა, ქალმა უთხრა: - უკვე ყველაფერი ვიცი ხოაკინის სიტყვის შესახებ, კიდევ კარგი, რომ ზეიმი არ ჩაგიშალა, კინაღამ დაგჩრდილა, თურმე!...

- ასე რატომ ლაპარაკობ, შენ თვითონ ხომ არ მოგისმენია?

- არ მომისმენია, მაგრამ ყველაფერი ვიცი.

- ხოაკინმა ალალი გულით ილაპარაკა, სულ ერთიანად დამარეტიანა. გეფიცები, თვითონ არ ვიცოდი, რა დავხატე, ვიდრე მისი აზრი არ მოვისმინე...

- ნუ ენდობი ხოაკინს... ნუ ენდობი... როცა გაქებს, სულ სხვას ფიქრობს...

- რატომ გგონია, რომ ის არა თქვა, რასაც ფიქრობს!

- ვითომ ვერა ხვდები, რომ შენი შურით გული უსკდება!

- გაჩუმდი!

- ასეა, ასე, სწორედ რომ გული უსკდება, ბოღმა ახრჩობს.

- გაჩუმდი, ქალო, გაჩუმდი-მეთქი, გეუბნები!

- არა, ეს ეჭვიანობით კი არ მოსდის, მე მას უკვე აღარც ვუყვარვარ, თუკი მართლა ვუყვარდი ოდესმე... შურით... შურით...

- გაჩუმდი, გაჩუმდი-მეთქი, გეუბნები! - შეუბუზღუნა აბელმა.

- მე კი გავჩუმდები, მაგრამ შენ თვითონ ნახავ...

- მე უკვე ვნახე და მოვისმინე კიდეც, ასე რომ კმარა, გაჩუმდი, გეუბნები!

XV

საბრალო ხოაკინი ამ გამარჯვებამაც ვერ და ვერ განკურნა.

„სინანულმა შემიპყრო, - ჩაწერა „აღსარებაში“, - ასეთი სიტყვა რამ მათქმევინა-მეთქი. ვბრაზობდი, რატომ არ მივეცი გზა ჩემ სულში დაგუბებულ ავ ვნებას, რომ საბოლოოდ გავთავისუფლებულიყავი. ვნანობდი, ერთხელ და სამუდამოდ რატომ არ დავასამარე აბელი - მხატვარი, არ ავხადე ფარდა მის ყალბ ხელოვნებას, მის მიმბაძველობას, მის ცივსა და გაზეპირებულ ტექნიკას, მის უგრძნობლობას! ხომ შემეძლო, მისი დიდება ერთბაშად გამეცამტვერებინა, სიმართლე რომ მეთქვა, სათანადოდ რომ შემეფასებინა მისი ნამოღვაწარი, მეც ხომ გავთავისუფლდებოდი ამ გულისმღრღნელი სიძულვილისაგან. ვინ იცის, ეგებ იმ კაინს, ბიბლიურ კაინს, ძმის მკვლელს, სიყვარულიც კი აღეძრა ძმისადმი, როცა მიწაზე უსულოდ გართხმული დაინახა. მაგრამ ასე იყო თუ ისე, ნადიმზე წარმოთქმული სიტყვა გახდა ჩემი მოქცევის საბაბი, ამ დღიდან ჩემ სულში ჩაისახა რწმენა“. ხოაკინმა ამას მოქცევა კი დაარქვა და ასეც ჩაწერა თავის „აღსარებაში“, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა; ანტონიამ რომ დაინახა, ვერც ამან უშველა ხოაკინს ვერაფერიო, შიშმა აიტანა, ვაითუ, ვერც ვერასოდეს ვერაფერი ეშველოს და სხვა გზას მიმართა, იფიქრა, თუ გადასარჩენია, იქნებ ისევ რელიგიამ გადაარჩინოსო და ჩვენს მამა-პაპათა რწმენას, ჩემს საკუთარ რწმენას, ჩემი ქალიშვილის რწმენას მაინც ვაზიარებ, ეგებ ლოცვაში მაინც ჰპოვოს შვებაო.

- ადექი და აღსარება თქვი...

- განა არ იცი, ეკლესიაში რამდენი წელია ფეხიც კი არ შემიდგამს?..

- მით უმეტეს!...

- თუკი არა მწამს...

- გეჩვენება, რომ არა გწამს; აი, ამას წინათ ჩვენი მღვდელიც მეუბნებოდა, მეცნიერებს ასე ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში მათაც სწამთო. მჯერა, რომ რწმენა, რაც შენ დედაშენმა ჩაგინერგა ანდა რასაც მე ვუნერგავ ჩემს ქალიშვილს...

- კარგი, კარგი, თავი დამანებე!

- არ დაგანებებ, გემუდარები, წადი, აღსარება თქვი.

- მერე ხალხი რას იტყვის, ჩემი შეხედულებები ხომ იციან?

- აი, თურმე რა გაწუხებს, ხალხი რას იტყვისო, იმაზე ფიქრობ?

ასე იყო თუ ისე, ხოაკინს მაინც ჩაუვარდა გულში ეს საუბარი და იფიქრა, ნეტავ თუ მართლა არა მწამსო; მაშინ, რაკი მაინც არა მწამს, მოდი ვცდი, ეგებ ეკლესიაში ვპოვო შვებაო და დაიწყო იქ სიარული; ზოგჯერ არც იმათ ერიდებოდა, ვინც მისი რელიგიური შეხედულებები უწყოდა. ის კი არადა, მათთან თითქოს თავიც კი მოჰქონდა. ბოლოს აღსარების თქმაც გადაწყვიტა და სულიერ მამასთანაც მივიდა. და იქ, სააღმსარებლოში სულ ერთიანად გააშიშვლა თავისი სული.

- მე იგი მძულს, მამაო, მთელი არსებით მძულს და რწმენა, ანდა რწმენის სურვილი რომ არა, ნამდვილად მოვკლავდი...

- შვილო ჩემო, ეს ხომ სიძულვილიც არ არის, ეს მხოლოდ შურია და მეტი არაფერი.

- შური იგივე სიძულვილია, მამაო. ყოველგვარი სიძულვილი მხოლოდ შურია.

- ამისთვის კი საჭიროა შენს გულში კეთილშობილური შეჯიბრის სურვილი გააღვიძო, შენს საქმეში სრულყოფას მიაღწიო და მთელი მონდომებით ემსახურო ღმერთსა და მას.

- მუშაობა არ შემიძლია, არ შემიძლია! არა! მისი დიდება მოსვენებას არ მაძლევს!

- თავს უნდა მოერიო.. ამისთვის აქვს ბოძებული კაცს თავისუფლება...

- მე კი ნების თავისუფლებისა არაფერი მწამს, მამაო; მე ექიმი ვარ!

- და მაინც...

- რა ბრალი მიმიძღვის ღვთის წინაშე, რომ ასეთი გულღვარძლიანი, ბოროტი, შურიანი და საზიზღარი შემქმნა? მაინც რა მოწამლული სისხლი გადმომცა ასეთი მამაჩემმა?

- შვილო ჩემო... შვილო ჩემო....

- არა, თავისუფლების არაფერი მწამს, ხოლო თუ კაცს ეს არა სწამს, თავისუფალიც ვერ იქნება. არა, მე თავისუფალი არა ვარ! თავისუფლება ხომ იმას ნიშნავს, რომ გწამდეს შენი თავისუფლება!

- ასეთი ბოროტი იმიტომა ხართ, რომ ღმერთი არა გწამთ!

- მერედა ღმერთის ურწმუნობა განა ბოროტებაა, მამაო?

- მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თქვენი გაბოროტებული ვნების სათავე სწორედ ეს არის, ღმერთის ურწმუნობა...

- განა ღმერთის ურწმუნობაა ბოროტება? ისევ გეკითხებით.

- დიახ, ბოროტებაა!

- იმიტომ არა მწამს ღმერთი, რომ სწორედ მან შემქმნა ასეთი ბოროტი. აკი კაინიც მან შექმნა ასეთი ბოროტი, თვით ღმერთმა შემქმნა ურწმუნოც.

- მანვე მოგანიჭათ თავისუფლება...

- თავისუფლება ბოროტებისთვის!

- და კიდევ სიკეთისთვისაც!

- რატომ გავჩნდი, მამაო?

- უმჯობესია, მკითხოთ, რისთვის ცხოვრობთ...

XVI

აბელმა ღვთისმშობელი მარიამი დახატა ყრმასთან ერთად და ეს იყო ელენას, მისი ცოლის ზუსტი ასლი, გულზე რომ თავისი პირმშო, აბელიტო მიეხუტებინა. სურათს დიდი წარმატება ხვდა წილად, უმალ გააკეთეს ფოტორეპროდუქციები და ახლა ერთი ასეთი ბრწყინვალე ფოტორეპროდუქციის წინ დაჩოქილი ხოაკინი შეჰღაღადებდა წმინდა მარიამს „მიხსენი და შემიწყალე მე!“ იდგა ასე მუხლმოდრეკილი, ჩუმად ლოცულობდა და თითქოს თავისსავე სიტყვებს უსმენდა, მაგრამ საიდანღაც შიგნიდან სხვა ხმა უჩურჩულებდა: „რა იქნება, რომ მოკვდეს და გაგათავისუფლოს!’ და ამ ხმას მისი ღაღადი ვეღარ ახშობდა.

- ბნელეთის მოციქულობა ხომ არ დაგიპირებია? - ჰკითხა მას ერთხელ აბელმა.

- მე?

- ჰო, შენ! ყური მოვკარი, სულ ეკლესიის კარზე დგას, არც ერთ წირვა-ლოცვას არ აკლდებაო.. ჰოდა, რაკი კარგად მომეხსენება, როგორც გწამს ღმერთი თუ ეშმა, ვიფიქრე, ნამდვილად ბნელეთის მოციქული გამხდარა და ეგ არის-მეთქი; ასე უეცრად კაცის მოქცევა არ გამიგია!

- მერე შენ რა?

- მე არაფერი, კი არ გედავები, ოღონდ... ნამდვილად ირწმუნე?

- ჩემთვის აუცილებელია ვირწმუნო.

- ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ნამდვილად თუ გწამს!

- აკი გითხარი, ჩემთვის აუცილებელია, მწამდეს-მეთქი. მეტს ნუღარაფერს მკითხავ!

- მე, პირადად ჩემი ხელოვნებაც მყოფნის, ის არის ჩემი რელიგიაც.

- ამიტომ ხატავ ღვთისმშობლებს?

- არა, მე ელენა დავხატე.

- სწორედ ასეთია, ელენა...

- ჩემთვის ასეთია. იგი ჩემი შვილის დედაა...

- მეტი არაფერი?

- ყოველი დედა, რაკი იგი დედაა, უწმინდესი ქალწულიც არის...

- შენ კი თეოლოგიაში გადავარდნილხარ.

- არ ვიცი, მაგრამ ბნელეთის მოციქულობა და ფარისევლობა რომ მძულს, ეს კი ნამდვილად ვიცი. ჩემი აზრით, ყველაფერ ამას შური შობს და მართალი გითხრა, ძალიან მიკვირს, რომ შენ, ასეთი ნიჭიერი, ამ ბეჩავ ბრბოსაგან ასე გამორჩეული, მათსავით საერთო სამოსში გამოეწყვე.

- საყურადღებოა, საყურადღებო, ერთი კარგად გამაგებინე!

- რა არის გაუგებარი, ვულგარული, პრიმიტიული ადამიანები ხომ სხვათა წარმატებას ვერ იტანენ, ამიტომაა, რომ ცდილობენ მათაც საერთოდ მიღებული, ერთ თარგზე გამოჭრილი დოგმები მოახვიონ თავს, ოღონდ კი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ყოველგვარი ორთოდოქსიის - რელიგიაში იქნება ეს გამოვლენილი თუ ხელოვნებაში, - საფუძველი შურია. ჩვენ, ყველას ისე შეგვიძლია შევიმოსოთ, როგორც მოგვეპრიანება, მაგრამ ერთნი ცდილობენ სამოსი თავიანთი სხეულის ბუნებრივ სილამაზეს შეუფერონ და ამით ქალების ყურადღებაც მიიქციონ, მეორენი კი, ნამდვილად ვულგარულები და უგემოვნონი, მათი მიბაძვით რომ იცვამენ, სასაცილონი ჩანან. ამიტომ არის, რომ ასეთებმა, ვულგარულებმა, უნიჭოებმა და უგემოვნოებმა, მაშასადამე, მოშურნეებმა, გამოიგონეს რაღაც საერთო მუნდირის მსგავსი ერთფეროვანი მოდა. მოდა კი მოგეხსენება, ორთოდოქსიის ერთ-ერთი სახეა. არ მოტყუვდე, ხოაკინ, იმას, რასაც სახიფათოს ეძახიან, უღმერთოს, ცოდვილ აზრებს, გონებით მწირებისთვის არცაა მოგონილი, რადგან საკუთარი, გამორჩეული, განსხვავებული მათ არაფერი გააჩნიათ, საერთო აზრისა და ვულგარულობის მეტი, არაფერი. მერედა, როგორ სძულთ წარმოსახვა, სძულთ კი იმიტომ, რომ არ გააჩნიათ.

- დაე, ასე იყოს, - თქვა ხოაკინმა, - მაგრამ იმათ, ვისაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებთ, ვულგარულს, პრიმიტიულსა და ერთსახოვანს ეძახით, თავდაცვის უფლება მაინც უნდა ჰქონდეთ!

- გახსოვს, ამას წინათ, ჩემს სახლში, როგორ იცავდი კაინს, ამ უდიდეს მოშურნეს; სწორედ შენმა სიტყვამ, სიკვდილამდე რომ მემახსოვრება და ჩემს სახელსაც ამას უნდა ვუმადლოდე, გამაგებინა მეცა და სხვებსაც კაინის სულის ჭეშმარიტი არსი! კაინი ხომ არც პრიმიტიული იყო და არც ვულგარული თუ უფერული!...

- სამაგიეროდ, შურის მამამთავარი გახლდათ!

- ჰო, მაგრამ ეს ხომ სულ სხვანაირი შური იყო, ამ კაცუნების შურთან მისი შური რა სახსენებელია... მისი შური რაღაც დიდებული მაინც იყო. ფანატიკოსი ინკვიზიტორის შურში კი ნაძირალას უბადრუკობა და სიპატარავე ჩანს. ამიტომ მტკივა გული, შენც რომ მათ შორის გხედავ.

„ეს კაცი პირდაპირ ჩემს გულში ზის! - თქვა ხოაკინმა მისი წასვლის შემდეგ, - თან თითქოს ვერც ხედავს, რა ხდება ჩემს სულში. იგი ისევე ფიქრობს და ლაპარაკობს, როგორც ხატავს, არ იცის, რას ლაპარაკობს და რას ხატავს. თავით ფეხამდე გუმანია, მე კი სულ ვცდილობ, მისი სახით გონიერი ხელოსანი დავინახო...“

XVII

ხოაკინმა ყური მოჰკრა, აბელი ერთ თავის მენატურეს ეარშიყებაო და ამან უფრო განუმტკიცა აზრი, ელენა სიყვარულით სულაც არ შეურთავსო. „ისინი მხოლოდ ჩემი დამცირების მიზნით შეუღლდნენ, - დაასკნვა მან, - ცხადზე ცხადია, ელენას ის არ უყვარს, - ფიქრობდა იგი, - ანდა სადა აქვს სიყვარულის უნარი... საერთოდ არავინაც არ უყვარს, ასეთი ნაზი გრძნობების უნარიც არ გააჩნია; უბრალოდ პატივმოყვარეობის ლამაზი შალითაა და მეტი არაფერი... ცოლადაც პატივმოყვარეობისა და ჩემდამი სიძულვილის გამო გაჰყვა და ასევე პატივმოყვარეობისა და ახირების გამო შეუძლია უღალატოს კიდეც... ჩემზეც კი გაცვლიდა, ჩემზე, თუმცა კი ადრე ხელი მკრა...“ და მის გულში კვლავ იფეთქა ადრინდელმა გრძნობამ ელენასადმი, ფიქრობდა კი, დიდი ხნის წინ განელებული ფერფლის ქვეშ აღარც ბჟუტავს და სიძულვილის ყინულმა კარგა ხანია ჩააქროო. დიახ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც უყვარდა ეს სამეფო ფარშავანგი, პრანჭია და თავისი ქმრის მენატურე. რა თქმა უნდა, ანტონია გაცილებით უფრო ღირსეული იყო, მაგრამ ელენა მაინც სხვაა... თანაც შურისძიების გრძნობაც... განა შურისძიების სიტკბოებას რამე შეედრება? სხვა ვერაფერი გაათბობდა ხოაკინის გაყინულ გულს! და ერთ დღესაც დრო იხელთა, როცა აბელი შინ არ ეგულებოდა და მისი სახლისაკენ გასწია. იქ მარტო ელენა და ბავშვი დახვდნენ. კარებში შემოეგება ის, ვისი გაღმერთებული ხატების წინ ლოცულობდა ხოლმე და ამაოდ ევედრებოდა, დამიფარე და მიხსენიო.

- აბელმა მითხრა, ეკლესიას მიეკედლაო, - უთხრა ბიძაშვილმა, - ანტონიამ ხომ არ გადაგიბირა. თუ პირიქით, რელიგია გშველის თავი გაარიდო მას?

- არ მესმის!

- რა არის გაუგებარი, მამაკაცები ხომ ღვთისმოსაობის გზას ან ცოლების კარნახით ადგებიან ან მათგან თავის დაღწევის მიზნით...

- მაგრამ ისეთებიც ხომ არიან, მარტო ეკლესიაში სიარულის საბაბით რომ არ გაურბიან ცოლებს!

- არიან, მერე!

- მერე ის, რომ შენს ქმარს მეტი სალაპარაკო არა ჰქონდა? მე მარტო ეკლესიაში როდი ვლოცულობ...

- რასაკვირველია, ყოველი ღვთისმოსავი, უპირველეს ყოვლისა, შინ უნდა ლოცულობდეს!

- ჰოდა, შინაც ვლოცულობ, უწმინდესი ქალწულის წინაშე ვლოცულობ, სულ იმას ვევედრები, მიხსენი და გადამარჩინე-მეთქი...

- ძალიან კარგია...

- მერედა, არ იკითხავ, ვისი ხატის წინაშე ვლოცულობ?

- აბა, რა ვიცი...

- შენი ქმრის მიერ დახატული ხატის წინაშე...

ელენას ფერი ეცვალა და რაღაც შეშფოთებით გაჰხედა კაბინეტის კუთხეში მძინარე შვილს; ამ მოულოდნელმა შეტევამ ცოტა არ იყოს, დააბნია, მაგრამ მალევე მოეგო გონს და უპასუხა:

- იცი, რას გეტყვი, ხოაკინ, ასეთ საქციელს უსინდისობა ჰქვია და მარტო იმას ადასტურებს, რომ ეგ შენი ღვთისმოსაობა მხოლოდ ფარსია და ფარსზე უარესიც...

- გეფიცები, ელენა...

- გაიხსენე, არა ცილი ჰფუცო...

- მაინც ვფიცავ, ელენა, ჩემი მოქცევა ჭეშმარიტია. მთელი გულით მოვინდომე მერწმუნა, ვიფიქრე, ეგებ ჩემი მშთანთქმელი ვნებისაგან რწმენამ მიანც გადამარჩინოს-მეთქი....

- შენი ვნების ამბავიც კარგად ვიცი!

- არა, არ იცი!

- მშვენივრად ვიცი, უბრალოდ, აბელი გძულს.

- რატომ უნდა მძულდეს?

- შენ უკეთესად მოგეხსენება! ყოველთვის გძულდა, მანამდე გძულდა, სანამ ჩვენ ერთმანეთს გაგვაცნობდი!

- ტყუილია, ტყუილი!

- არა, მართალია, მართალი!

- და მაინც, რატომ გგონია, რომ მძულს?

- იმიტომ, რომ მან მიაღწია სახელსა და დიდებას... მაგრამ განა შენ არა გყავს პაციენტები? განა მათგან ნაკლები შემოსავალი გაქვს?

- ყური დამიგდე ელენა, სიმართლეს გეტყვი, სრულ სიმართლეს: მარტო ეს არ მაკმაყოფილებს! განა მე არ ვოცნებობდი ჭეშმარიტ დიდებაზე, მეცნიერებაზე, იმაზე, რომ ჩემი სახელიც ყოფილიყო დაკავშირებული არაჩვეულებრივ მეცნიერულ აღმოჩენებთან...

- მერე, შენც გაჰყოლოდი მეცნიერებას! რაც უნდა იყოს, ნიჭი მაინც არ გაკლია.

- გავყოლოდი მეცნიერებას, გავყოლოდი მეცნიერებას... ჰო, კიდეც გავყვებოდი, რომ მცოდნოდა, ამ სახელსა და დიდებას შენ გაგიფენდი ფერხთით.

- რატომ ანტონიას არა!...

- იმაზე ნუ ვილაპარაკებთ!

- აი, სადამდე მიხვედი! მაშასადამე, უთვალთვალებდი, როდის გავიდოდა ჩემი აბელი სახლიდან, - ელენამ განსაკუთრებული მახვილით წარმოთქვა „ჩემი“, - დრო იხელთე და მოხვედი... რომ ეს გეთქვა?

- შენი აბელი... შენი აბელი... მერე, როგორ გაფასებს ეგ შენი აბელი!

- რაო? ახლა ჭორიკნობაც დაიწყე, მაბეზღარა და ჯაშუშიც გახდი?

- იცი, რომ მაგ შენ აბელს სხვა მოდელებიც ჰყავს?

- მერე რა მოხდა? - აღშფოთებით შეჰყვირა ელენამ, - მერე რა მოხდა, თუ ჰყავს? მაშასადამე, მათი მოპოვება შეუძლია! იქნება ესეც გშურს! შენ, ალბათ, მეტი არაფერი დაგრჩენია... მარტო შენი ანტონიაც... აჰა, ახლა კი გასაგებია, რაკი მას სხვაცა ჰყავს, აღარც შენ დააყოვნე, რომ სხვა გეპოვა, არა? ეს ბინძური ჭორებიც იმიტომ მომირბენინე, ხომ? ნუთუ სულ დაკარგე სირცხვილის გრძნობა, ხოაკინ? წადი, წადი, შენი დანახვაც არ მინდა, გული მერევა!

- ღვთის გულისათვის, ელენა, შემიბრალე... ნუ გამწირავ!...

- წადი, წადი! წადი იმ შენს ეკლესიაში, შე საწყალო ფარისეველო, შურიანო, წადი იმ შენ ცოლთან, ეგებ იმან გიშველოს რამე, თუ ასე ცუდად ხარ!

- ელენა, ელენა! ჩემი შველა მარტო შენ შეგიძლია! რაც გინდა, ის მითხარი, მაგრამ იცოდე, სამუდამოდ კარგავ ადამიანს...

- აჰა, იქნებ გინდა, შენი გადარჩენის გულისთვის მე დავკარგო ჩემი?

- რაღა უნდა დაკარგო, დაკარგული გყავს და ეგ არის. ის შენგან აღარაფერს ელის, აღარც უყვარხარ. მე, მარტო მე მიყვარხარ, მთელი ჩემი სულით, მთელი სინაზით, ისე მიყვარხარ, რომ ოცნებითაც კი ვერასოდეს წარმოიდგენ!

ელენა წამოდგა, შვილის საწოლთან მივიდა, გააღვიძა, ხელში აიყვანა ბავშვი და ხოაკინს მიმართა:

- წადი! აბელის შვილი გიბრძანებს, ახლავე დატოვო ეს სახლი! წადი!

XVIII

ხოაკინი უარეს დღეში ჩავარდა, უფრო მეტი ბოღმით აევსო გული და უფრო აბორგდა, რადგან მთლად გააშიშვლა თავისი სული ელენას წინაშე; მერე როგორ მოიჭრა თავი! სახლიდანაც კი გამოაგდო და ცხადად აგრძნობინა, როგორ სძულდა იგი, ყოველთვის სძულდა. ხოაკინმა ახლაც შეძლო თავს მორეოდა და ისევ საკუთარ ცოლსა და შვილში ეძებნა ნუგეშიცა და წამალიც, მაგრამ ოჯახური კერა კიდევ უფრო დამთრგუნველი ეჩვენა და მეტად მოიღუშა. იმ ხანებში მათ ოჯახს ერთი მეტად ღვთისმოსავი ქალი ემსახურებოდა, წირვა-ლოცვას არასოდეს დააკლდებოდა და როგორც კი დროს იხელთებდა, შინაც გამუდმებით ლოცულობდა. სულ თავდახრილი დადიოდა და ყველა კითხვაზე არაჩვეულებრივად მორჩილი, ოდნავ დუდღუნა ხმით პასუხობდა. ხოაკინს რაღაც თვალში არ მოსდიოდა იგი და სულ შემთხვევას ეძებდა დაეტუქსა. ის კი ჩვეულებისამებრ პასუხობდა: „მართალი ბრძანდებით, ჩემო ბატონო!“

- რატომ ვარ მართალი? - იფეთქა ერთხელაც მოთმინებადაკარგულმა ბატონმა, - ამჯერად სულაც არა ვარ მართალი!

- კეთილი, სენიორ, ოღონდ არ გაბრაზდეთ და, არა ხართ მართალი.

- ეგ არის და ეგ?

- ვერ გავიგე, სენიორ!

- როგორ თუ ვერ გაიგე, შე მლიქვნელო და ფარისეველო! რატომ თავს არ იმართლებ? რატომ არ შემეპასუხები? რატომ არ აღშფოთდები?

- აღვშფოთდები? აკი უფალი ღმერთი და უწმინდესი ქალწული ამას კრძალავს, სენიორ!

- თუ შეცდომას აღიარებს, მეტი რა გინდა? - ჩაერია საუბარში ანტონია.

- მერედა, განა აღიარებს? ამისთანა ამპარტავანის მნახველი არა ვარ!

- მე და ამპარტავანი, სენიორ?

- აი, ხომ ხედავ! არ ტყდება, ამაზე მეტი ამპარტავნობა და ფარისევლობა გაგიგია? მოთმინებასა და თვინიერებაში გაწაფვას ჩემს ხარჯზე ტყუილად აპირებ, ჩემი უგუნებობა მარტო იმის საბაბს გაძლევს, რომ სათნოებისა და მორჩილების ფალასში გაეხვიო და გაწაფვის საშუალება ეძებო; მაგრამ არა, ჩემს ხარჯზე, ნურას უკაცრავად! ჩემს ხარჯზე არა! ჩემს ხარჯზე გინდა დადგე ღვთის მორჩილი მსახური, არა? ჩემი იმედი ტყუილად გაქვს, ზეცაზე ასვლა თუ გსურს, მე ხელს ვერ შეგაშველებ! ამას ჰქვია ფარისევლობა!

საბრალო ქალი ქვითინებდა და თან სლუკუნით თავისთვის ლოცულობდა.

- მართალია, ხოაკინ, - თქვა ანტონიამ, - სინამდვილეში მართლაც მოწიწებულია... წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, ეს ხომ უარესად გაგაბრაზებდა!

- არა, ამაზე მეტი უსინდისობა არ ვიცი, როცა სათნოებაში გაწაფვის მიზნით მოყვასის სისუსტით სარგებლობენ. სწორედ რომ უნდა შემედავოს, განა მორჩილებას არა სჯობია, პიროვნება იყოს... და არა მხოლოდ მოახლე...

- ეს უფრო მეტად გაგაბრაზებდა, ხოაკინ, დამიჯერე.

- არა, მე ის უფრო მაბრაზებს, უმაღლეს სრულქმნილებაზე რომ დებენ თავს.

- ცდებით, სენიორ, - თქვა მოახლემ თავაუღებლად, - მე ჩემი თავი სხვაზე უკეთესი არა მგონია!

- არა? აი, მე კი ჩემი თავი ყველაზე უკეთესი მგონია! და ვისაც თავისი თავი სხვაზე უკეთესად არ მიაჩნია, სწორედ ის არის უგუნურიც. ერთი ეს მითხარი, ნუთუ იმაზეც თავს დაუქნევდი, რომ ეთქვათ, ქალებში შენზე დიდი ცოდვილი არ მოიძებნებაო? აბა, მიპასუხე! - ამის კითხვა როგორ შეიძლება, სენიორ!

- მაინც მიპასუხე, აკი ამბობენ, წმინდა ლუიჯი გონზაგას მამაკაცებში ყველაზე ცოდვილად მიაჩნდა თავიო. აბა შენა თქვი, ქალებში ყველაზე ცოდვილად ჩათვლიდი თუ არა თავს?

- სხვათა ცოდვები რა ჩემი მოსაკითხია, სენიორ!

- იდიოტი ყოფილხარ და იდიოტზე უარესიც! მოშორდი აქედან!

- ღმერთმა შეგინდოთ, სენიორ, მე კი შეგინდობთ!

- რა? რას შემინდობ, მითხარი! ან უფალმა რა უნდა შემინდოს, თქვი!

- რა გაეწყობა, ბატონო, ძალიან კი მიმძიმს, მაგრამ ამ სახლში აღარ დამედგომება!

- ჰო, სწორედ აქედან უნდა დაგეწყო კიდეც, - დაასკვნა პატრონმა.

ცოლთან მარტო რომ დარჩა, მაშინ ხოაკინმა თქვა:

- ახლა ეს ეშმაკის კერძი მთელ ქვეყანას შემიყრის, ხოაკინი გაგიჟდაო, ან იქნებ მართლა გავგიჟდი, ანტონია, მითხარი, მართლა ხომ არ გავგიჟდი?

- ღვთის გულისათვის, ხოაკინ, მეტი არაფერი თქვა...

- ჰო, ჰო, ვიცი, რომ გავგიჟდი... მაშინ ჩამკეტე, ჩემი ბოლოც ეს არის...

- კმარა ხოაკინ!

XIX

ხოაკინმა მთელი თავისი ფიქრი და აზრი იმაზე გადაიტანა, როგორ აღეზარდა თავისი ქალიშვილი, როგორი განათლება მიეცა მისთვის და როგორ დაეცვა იგი ამა ქვეყნის ბიწისაგან.

- აბა, ერთი იფიქრე, - ხშირად ეტყოდა ხოლმე ცოლს, - განა ბედნიერება არ არის, ერთადერთი შვილი რომ გვყავს?

- ნუთუ ვაჟიშვილიც არ გინდა?

- არა, არა, ქალიშვილი ჯობია. თან უფრო ადვილიცაა ამქვეყნიურ სიბილწეს მოარიდო. ესეც რომ არ იყოს, ორი რომ გყავდეს, ერთმანეთის მიმართ შური აღეძვრებოდათ...

- ოჰ, რას ამბობ!

- ნამდვილად ასე იქნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავუნაწილებდით თანაბრად სიყვარულს, რასაც ერთს აძლევ, იმას ხომ მეორეს ართმევ. ყველა თავისას ითხოვს. არა, არა, უფალი ღმერთის დღეში ყოფნას არ ვისურვებდი...

- როგორ დღეში?

- ამდენი შვილი რომ მყოლოდა... აკი ამბობენ, ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართო.

- ამას რატომ ამბობ, ხოაკინ...

- ასეა, ერთი ყოველთვის მეორის ხარჯზეა ჯანსაღად... აბა, თვალი გადაავლე, როგორაა განაწილებული ავადმყოფობა და კარგადმყოფობა! ხოაკინმა არ ისურვა, მის ქალიშვილს სხვებთან ერთად ევლო სკოლაში; ამიტომ მასწავლებელი სახლში მოიწვია, ხოლო თავისუფალ დროს რომ იპოვიდა, თვითონვე ამეცადინებდა. საბრალო ხოაკინამაც უმალ ამოიცნო, მამამისი ტანჯული კაცი რომ იყო და მისგანვე გადაეცა ამ ცხოვრებისა და ამ სამყაროს შეცნობის სიმწარე.

- აკი გეუბნებოდი, - უჩიჩინებდა ცოლს: - ერთი შვილის ყოლა იმითაც ჯობს, რომ ჩვენი სიყვარული გასაყოფი არ იქნება-მეთქი...

- იმასაც ამბობენ, მეტს გაუყოფ, მეტს მოიმკიო...

- არა, არ დაიჯერო! ხომ გახსოვს, ის უბედური რამირესი, პროკურადორი რომ იყო? მამამისს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. ძალზე ხელმოკლედ კი ცხოვრობდა. ოჯახში მეორე თავი საჭმელი არასოდეს ჰქონდათ სადილად და, თუ ჰქონდათ, ისიც რამირეს - მამისთვის. ზოგჯერ ამ თავის ულუფას ან ერთ ქალიშვილს გაუყოფდა ან ერთ ვაჟიშვილს; თანაც ერთი და იგივე ჰყავდა ამოჩემებული. იშვიათად, მარტო დღესასწაულზე თუ ჩამოურიგებდნენ ხოლმე ყველას მეორე ულუფას, ისიც წვნიანს და ერთ ზედმეტს კიდევ მამას მიართმევდნენ საგანგებოდ. ოჯახის თავი ბრძანდებოდა და სხვებისგან რაღაცით მაინც ხომ უნდა გამოერჩიათ, თან იერარქიაც უნდა დაეცვათ. საღამოობით, ძილის წინ, რამირეს - მამა ყოველთვის იმავე ვაჟსა და იმავე ქალიშვილს აკოცებდა, ორ დანარჩენს კი არასოდეს ჰკოცნიდა.

- რა საშინელებაა! მერედა, რატომ?

- აბა, რა ვიცი... ეტყობა, უფრო ლამაზი ეჩვენებოდა, უკეთესი...

- კარვახალიც ხომ ასე იყო, თავისი უმცროსი ქალიშვილი თვალის დასანახად ეჯავრებოდა...

- ალბათ, იმიტომ, რომ ნაბოლარა იყო და თანაც წინაზე ექვსი წლის შემდეგ გაჩნდა, მაშინ საქმეც ცუდად წაუვიდა და ასე მოულოდნელად ახალი ტვირთი რომ დააწვა.... ამიტომ შეარქვეს ზედმეტია...

- ღმერთო, რა საშინელებაა!

- ასეთია ცხოვრება, ანტონია, ყველა საშინელებას ის თესავს ამ ქვეყანაზე. მაშ რაღა დაგვრჩენია, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ სიყვარული მაინც არა გვაქვს გასანაწილებელი.

- გაჩუმდი!

- მაშ გამაჩუმე!

და ცოლმა გააჩუმა იგი.

XX

აბელის შვილი მედიცინას გაჰყვა და აბელი ხშირად უყვებოდა ხოლმე ხოაკინს მისი წარმატებების ამბავს. ზოგჯერ თვითონ ხოაკინიც გაესაუბრებოდა ყმაწვილს, თითქოს რაღაც სითბოსაც კი გრძნობდა მის მიმართ, რადგან მეტად უსუსური ეჩვენებოდა.

- რატომ მოინდომე, მანცდამაინც მედიცინას გაჰყოლოდა და არა მხატვრობას? - ჰკითხა ერთხელ ამხანაგს.

- მე არ მომინდომებია, თვითონ აირჩია ეს გზა. უბრალოდ ხატვის ნიჭი არ დაჰყვა.

- გასაგებია, მედიცინის შესწავლას ნიჭი არა სჭირდება, არა?

- მე ეს არ მიგულისხმია, რა უკუღმართი აზრები მოგდის ხოლმე? ნიჭი კი არა, მხატვრობა ოდნავადაც არ იტაცებს, ისიც ბევრია, თუ ცალი თვალით მაინც შეხედავს ჩემს სურათებს; თავის დღეში არა მკითხავს, რას აკეთებო.

- ეგებ ასე სჯობს კიდეც...

- რატომ?

- იმიტომ, რომ მხატვრობას რომ გაჰყოლოდა, თქვენ ორთაგან რომელიმეს ხომ უნდა გეჯობნათ, თუ ის ვერ დადგებოდა კარგი მხატვარი, მაშინ აბელ სანჩეს - შვილს შეარქმევდნენ, მაშასადამე, აბელ სანჩეს - უვარგისს, ანდა სანჩეს - უვარგისს, ან კიდევ აბელ - უვარგისს, მერედა, ამის ატანა ასე იოლია?

- იმას რომ ეჯობნა ჩემთვის?

- მაშინ შენ ვერ აიტანდი.

- ყველაფერს საკუთარი საზომით ზომავ!

- დამიჯერე, ასე იქნებოდა. მე ვერ მომატყუებ, რომელ მხატვარს უხარია მეორის დიდება, მით უმეტეს, თუ ის მეორე ან შვილია ან ძმა. გარეშე კიდევ ჰო, მეტი რა გზაა, მაგრამ იმის გაფიქრება, რომ შენი სისხლი და ხორცი გჯობია... არა, ეს არა! რითი ახსნი? არა, შენ მართლა ჭკვიანურად მოიქეცი, რომ მედიცინისკენ უბიძგე.

- შემოსავლის თვალსაზრისითაც ასე სჯობია.

- ახლა მტკიცებასაც დამიწყებ, მხატვრობაში ხეირი არა ყრიაო!

- როგორ არა ყრია.

- თანაც სახელი!

- სახელი? სადამდე მეყოფა...

- ფული უფრო ცოტა ხანს გეყოფა...

- სამაგიეროდ, უფრო საიმედოა.

- ეს უკვე ნამდვილი ფარსია, აბელ, ისე გიჭირავს თავი, თითქოს სახელი სულ არ გენაღვლებოდეს.

- გეფიცები, ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ, შვილს მცირე ქონება მაინც დავუტოვო-მეთქი.

- შენ მას კარგ სახელს დაუტოვებ.

- ჩვენს დროში სახელს დიდი ფასი არა აქვს.

- შენს სახელს აქვს!

- ეგებ ჩემი ხელის მოწერას უფრო... სანჩესი! კიდევ კარგი, აბელ ს. პუიგის მოწერა არა მჭირდება!.

- სანჩესთა საგვარეულოს მარკიზი რომ არ ეგონოთ, არა? თან სახელი აბელი არ დაგაეჭვებს სანჩესთა გვარში, თანაც კარგად ჟღერს - აბელ სანჩესი!

XXI

ხოაკინი რომ ვერა და ვერ მოერია თავს ვერ ამოიგდო აბელის სახე, ერთი წამითაც რომ არ აძლევდა მოსვენებას და ვერ მოუნახა წამალი თავის ავადმყოფობას და ჩაღამებულ გონებას, ახლა კაზინოში დაიწყო სიარული, ერთ ჯგუფს მიეკედლა; იფიქრა, ეგებ მათთან ურთიერთობამ, უზრუნველმა საუბრებმა მაინც დამავიწყოს თავი და გამაბრუოსო. განა ცოტანი არიან ღვინოში რომ ეძებენ თავდავიწყებას, მტანჯველი ვნებისა და უიმედო სიყვარულის გაქარწყლებას! ხოაკინმაც გადაწყვიტა თავისი ვნება მათთან საუბარში გაენელებინა, თუმცა კი თავად ბევრს არ ლაპარაკობდა, უფრო უსმენდა, მაგრამ ვაი, რომ ეს წამალი თვით მის სენზე უარესი აღმოჩნდა! ხოაკინი მუდამ მტკიცე გადაწყვეტილებით მიდიოდა კაზინოში, უსიამოვნო განწყობილებას არ ავყვები, ვიცინებ, ვიხუმრებ, ჩემს სათქმელსაც ვიტყვი, სხვათა შორის, ჩავურთავ სიტყვას, ცხოვრების შორიდან მოთვალთვალე კაცის როლს ვითამაშებ. სხვა გულუბრყვილოთა და პროფესიულ სკეპტიკოსთა მსგავსად ვითომ მეც ვაღიარებ, რომ გაგება მიტევებას ნიშნავს; სხვა თუ არა, იმას მაინც არავის დავანახებ, რარიგად მიღრღნის სულსა და ნებას უკურნებელი კიბო! მაგრამ ავადმყოფობა მაინც იჩენდა თავს, ლამის ენის წვერზე მოადგებოდა ხოლმე და გამომჟღავნდებოდა, თანაც იმ დროს, როცა თავადაც არ ელოდა და ყოველი იქ მყოფი უმალ იყნოსავდა ამ მძიმე სენის მყრალ სუნს; და ხოაკინი ისევ საკუთარ თავზე გაბრაზებული ბრუნდებოდა შინ. ისევ ისე საყვედურობდა თავს, მხდალი ვარ და თავის დაჭერა არ ვიციო. მერე გადაწყვიტა, კაზინოს გზას სულ დავივიწყებ, იმ წრეს ახლოსაც არ გავეკარებიო: „არა, არა, ჩემი ფეხი იქ აღარ იქნება - ამბობდა იგი, - აღარ წავალ, მათთან საუბარი უფრო მეტად მაფორიაქებს და მტანჯავს; იქ მოწამლული ატმოსფეროა და ერთიანად გაჟღენთილია ავი ენებით; არა, აღარ წავალ, მე მხოლოდ მარტოობა თუ მიშველის, სხვა არაფერი, მარტოობა! მადლიანი მარტოობა!“

მაგრამ ხოაკინი კვლავ ბრუნდებოდა იქ. ბრუნდებოდა იმიტომ, რომ მარტოობასაც ვეღარ უძლებდა, რადგან მისი მარტოობა საკუთარ თავთან განმარტოებას როდი ნიშნავდა; ის, მეორე, მეორე არ ტოვებდა მარტოს, მეორე! ერთხელ, უეცრად მიხვდა, რომ მასთან, ნამდვილი დიალოგი ჰქონდა გამართული, მასთან, მეორესთან! და ის, მეორე ამ განცალკევებულ დიალოგებში, ამ დიალოგიზებულ მონოლოგებში სულ პატარა წვრილმანებზე, სულ უმნიშვნელო რამეებზეც კი ესაუბრებოდა, და თან, არცთუ მტრულად, „რატომ არ ვძულვარ მასაც, ღმერთო! - ეკითხებოდა ხოაკინი თავის თავს, - რატომ არ ვძულვარ!“ ერთხელ შეამჩნია, რაღაც შემზარავ, ნამდვილ ეშმაკეულ ლოცვას რომ წარმოთქვამდა, ღმერთს ევედრებოდა, რა იქნება, მის სულშიც ჩაასახლო სიძულვილი, ჩემდამი სიძულვილიო, მეორეჯერ კი - „ეეჰ, რა იქნება, მასაც აღეძვრებოდეს ჩემდამი შური... მასაც გაუჩნდებოდეს შურის გრძნობა!...“ ამ ფიქრმა ელვასავით გაჰკვეთა მისი სულის წყვდიადი და სიხარული მოჰგვარა, სულშიც თითქოს ყველაფერი გათბა და გალღვა; სიხარულისაგან მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა: „რა იქნება, რომ გულში შური ჩაუვარდებოდეს! შური ჩაუვარდებოდეს!“ „მაგრამ ვაითუ, სულ სხვაა ჩემი სატკივარი! - მაშინვე თქვა მან, - ვაითუ თვითონვე მძულს საკუთარი თავი და მშურს საკუთარი თავისა!...“ იგი კართან მივიდა, გასაღებით დაკეტა, ყველა კუთხე-კუნჭული მოათვალიერა და როცა დარწმუნდა სულ მარტო იყო, დაიჩოქა და გულამომჯდარმა მხურვალე ლოცვა დაიწყო, ჩუმად: „უფალო ღმერთო, შენ არ მასწავლე, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი? რატომ არ მიყვარს ჩემი მოყვასი, რატომ არ შემიძლია მისი სიყვარული, ვაითუ იმიტომ, რომ ჩემივე თავი არ მიყვარს და არ შემიძლია შევიყვარო, რამეთუ ეს უნარი არც გამაჩნია! ასეთი მაინც რა დამმართე, უფალო?“ მერე ბიბლია აიღო და იმ ადგილზე გადაშალა, სადაც წერია: „და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ ძმაი შენი?“ წიგნი ფრთხილად დახურა და ჩაიბუტბუტა: „სადა ვარ მე თვითონ?“ უეცრად გარედან რაღაც ხმაური შემოესმა და კარის გასაღებად გაეშურა. „მამა, მამიკო!“ - შესძახა გოგონამ და ოთახში შეირბინა. მისმა წკრიალა ბავშვურმა ხმამ სინათლისკენ შემოაბრუნა ხოაკინი, გოგონას აკოცა, მერე დაიხარა და ყურში ისე ჩუმად ჩასჩურჩულა, რომ ალბათ, ბავშვმა ვერც კი გაიგო: „ილოცე მამაშენისთვის, ჩემო შვილიკო!“

- მამა! მამა! - საწყალობლად წამოიძახა გოგონამ და კისერზე მოეხვია!

ხოაკინმა შვილს მხარზე თავი დაადო და აქვითინდა.

- რა დაგემართა მამა? ხომ არაფერი გტკივა?

- ჰო, მტკივა, ნუ მკითხავ!...

XXII

ხოაკინმა ისევ კაზინოს მიაშურა. უსარგებლო იყო გაჯიუტება. მაინც სულ საბაბს ეძებდა იქ წასასვლელად. ამ წრის წისქვილი კი ისევ ისე ბრუნავდა და მასაც ძვალრბილიანად ფქვავდა. ამ წრეში ტრიალებდა ენამწარე ფედერიკო კუადრადოც, რომელსაც სულ ყური ჰქონდა დაცქვეტილი და როგორც კი გაიგებდა, მავანი მავანს აქებსო, მაშინვე ასე იკითხავდა: „ეს ქება ვიღას წინააღმდეგაა მიმართული?“

- მე მაგალითად, ეჭვიც არ მეპარება, - იტყოდა ხოლმე ცივად და მჭახედ, - გამოქექილ კაცს იოლად ვერ გააცურებ, - რა ძნელი მისახვედრია, როცა ერთს აქებენ, მაშასადამე, ამ ქებით, სხვას, მეორეს ამცირებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განზრახ არ აქებენ... კეთილი სურვილებით არავინ არავის აქებს.

- ასეა, - აიტაცა მისი სიტყვა ლეონ გომესმა, რომელიც სულ ცდილობდა ამ ცინიკოსი კუადრადოსთვის ხმა შეეწყო, - აი, აქ ჩვენს შორის გახლავთ დონ ლეოვიხილდო, ვისგანაც სხვისი აუგად ხსენება არავის გაუგონია...

- კარგია, - ჩაერია საუბარში პროვინციის დეპუტატი, - მაგრამ საქმე ისაა, რომ დონ ლეოვიხილდო პოლიტიკოსია და ამდენად, იძულებულია, ყველასთან კეთილი ურთიერთობა დაამყაროს. აბა, შენ რაღას იტყვი, ფედერიკო?

- მე იმას ვიტყვი, რომ დონ ლეოვიხილდო, მართალია, არავიზე ცუდს არ იტყვის, მაგრამ არც არავიზე კარგს იფიქრებს... რასაკვირველია, თავის მოყვასს არასოდეს ხელს არა ჰკრავს და არ გადაჩეხავს, უფრო მეტიც, მაშინაც არა ჰკრავს, როცა იცის, რომ არავინ უყურებს, რამეთუ დონ ლეოვიხილდოს მართლმსაჯულების კოდექსის გარდა, ჯოჯოხეთის შიშიც დიდი აქვს, მაგრამ, თუ ვინმე თავისით გადაიჩეხება და თავპირს დაიმტვრევს, გულით გაიხარებს და მისი დამტვრეული თავ-პირის ხილვით უფრო მეტად დატკბება, პირველი გაიქცევა მის სანახავად და თანაგრძნობის გამოსაცხადებლად.

- არ მესმის, ასეთი აზრებით როგორ შეიძლება კაცმა იცხოვროს! - თქვა ხოაკინმა.

- მაინც როგორი აზრებით? - სიტყვის დამთავრება ძლივს აცალა ფედერიკომ, - როგორიც ჩვენა გვაქვს, ლეოვიხილდოს, მე და შენ?

- ჩემზე, მგონი, არავის არაფერი უთქვამს და არც მე წამომიწყია ეს საუბარი, - თქვა მან მკაცრი, მოღუშული სახით.

- სამაგიეროდ, მე ვამბობ, შვილო ჩემო, ჩვენ, ვინც აქა ვართ, ერთმანეთს ხომ მშვენივრად ვიცნობთ...

ხოაკინმა იგრძნო, ფერი დაკარგა. ამ ეშმაკის კერძის, ფედერიკოს სიტყვებმა „შვილო ჩემო“, რომელსაც მაშინ წარმოთქვამდა, როცა უნდოდა ვინმესთვის კლანჭი გაეკრა, ყინულის ხანჯალივით დაუარა მთელ გულ-გვამში.

- ვერ გამიგია, ასე რატომ გძულს ლეოვიხილდო, - თქვა ხოაკინმა და მაშინვე ენაზე იკბინა, რადგან მიხვდა, თვითონვე დაუსხა ცეცხლზე ნავთი.

- გძულსო? მე მძულს? ვინ, დონ ლეოვიხილდო?

- ჰო, ჰო, ვერ გამიგია, ამისთანა რა დაგიშავა?..

- ჯერ ერთი, შვილო ჩემო, სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანმა რამე დაგიშავოს და ამიტომ გძულდეს. საკმარისია იგი შეიძულო, რომ მაშინვე სრულიად ძალდაუტანებლად შეგიძლია წარმოიდგინო, რა შეეძლო დაეშავებინა... მე სხვაზე მეტად სულაც არა მძულს დონ ლეოვიხილდო. იგი ადამიანია და ესეც კმარა, თანაც წესიერი ადამიანი!

- შენთვის, შენისთანა პროფესიონალი მიზანთროპისთვის... - ის იყო წამოიწყო პროვინციის დეპუტატმა.

- მგონია, ასჯერ მაინც მითქვამს, რომ ამ ქვეყანაზე ადამიანისთანა უკეთური და წამხდარი არსება არ დადის-მეთქი, მით უმეტეს, წესიერი ადამიანისთანა.

- აბა, აბა! შენ რაღას იტყვი, ჰო, შენ, ამას წინათ პატიოსან პოლიტიკაზე რომ ქადაგებდი და დონ ლეოვიხილდო მოიყვანე მაგალითად? - მიუბრუნდა ლეონ გომესი დეპუტატს.

- პატიოსან პოლიტიკაზეო! - წამოიძახა ფედერიკომ, - აი, რაც არ არის, არ არის!

- მერედა, რატომ არ არის? - ერთხმად იკითხა სამმა კაცმა.

- როგორ თუ რატომ! იმიტომ, რომ ალბათ, გახსოვთ, მანვე უპასუხა ამ კითხვას; თვითონვე უწოდა სრულიად უსირცხვილოდ თავის თავს პატიოსანი. განა პატიოსნებაა, ასე რომ დაიწყებ საკუთარ თავზე კაცი ლაპარაკს? აკი სახარებაშია ნათქვამი, რომ ქრისტე, ჩვენი მაცხოვარი...

- ქრისტეს მაინც ნუღარ ახსენებთ ამისთანა საუბარში! - შეაწყვეტინა ხოაკინმა.

- რაო? არც ქრისტეს ხსენება გეამება, შვილო ჩემო?

ერთი წამით შავბნელი და ცივი დუმილი ჩამოწვა.

- ქრისტეს, ჩვენს მაცხოვარს, - განაგრძო ფედერიკომ, - უთქვამს, კეთილი არ მიწოდოთო, რამეთუ კეთილი მარტო ერთი უფალი არისო. თუმცა ქრისტიანებს შორის ბევრი ისეთი ღორიც მოიძებნება, ვინც უსირცხვილოდ აცხადებს, წესიერი ვარო.

- მაგრამ აკი წესიერება და სიკეთე ერთი და იგივე არ არის, - სიტყვა შეაშველა დონ ვისენტემ, თანამდებობის პირმა.

- კარგია, რომ ამას თქვენ ამბობთ, დონ ვისენტე, თანამდებობის პირი, მადლობა ღმერთს. ერთი თანამდებობის პირისგან მაინც მოვისმინე სამართლიანი და ჭკვიანური სიტყვა!

- მაშასადამე, - თქვა ხოაკინმა, - ადამიანმა ვერ უნდა აღიაროს, წესიერი ვარო? მაშ უსინდისობაღა...

- ამას რაღა აღიარება უნდა!

- სენიორ კუადრადოს, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, - ჩაურთო დონ ვისენტემ, თანამდებობის პირმა, - რომ ადამიანმა შეიძლება კი აღიაროს, თავისი უგვანობა, მაგრამ ის არ უნდა იფიქროს, უკეთესი გავხდებიო. ასე არ არის?

- ყოჩაღ! - წამოიძახა პროვინციის დეპუტატმა.

- მე კი ვიტყოდი, შვილო ჩემო, - სვენებ-სვენებით თქვა ფედერიკომ, რათა პასუხისათვის დრო მოეგო, - უნდა იცოდეთ, რითია ღირსშესანიშნავი აღსარების საიდუმლოება ჩვენს უუმეცნიერეს დედა ეკლესიაში...

- ჩვეულებრივი ბარბაროსობაა, - შეაწყვეტინა თანამდებობის პირმა.

- რატომ ბარბაროსობა? პირიქით, მეტისმეტად ბრძნული დაწესებულებაა. აკი აღსარება საშუალებას გვაძლევს გულდამშვიდებით შევცოდოთ, რამეთუ ვინც სცოდავს, იმან წინასწარ იცის, ცოდვა მაინც მიეტევება, მართალს არ ვამბობ?

- ცხადია, თუ კაცი არ მოინანიებს, მაშასადამე, არც...

- ჰო, შვილო ჩემო, ასეა, მოინანიებს და მერე ისევ შესცოდავს, ისევ მოინანიებს და ისევ შესცოდავს და რაკი იცის, რომ თუ შესცოდავს, მოინანიებს და თუ მოინანიებს, ისევ შესცოდავს, მაშინ მონანიებასაც და შეცოდებასაც ერთდროულად დაიწყებს. ასე არაა?

- ადამიანს ვერ ამოიცნობ, - თქვა ლეონ გომესმა.

- კეთილი ინებე და ამისთანა სისულელეების ლაპარაკს შეეშვი! - შეაწყვეტინა ფედერიკომ.

- რა ვთქვი მაინც ასეთი სისულელე?

- ყოველგვარი ფილოსოფიური სენტენცია, აქსიომა თუ გაფუყული განზოგადებული სიტყვა, მით უმეტეს, თუ აფორიზმის სახე აქვს, სისულელეა.

- მაშინ თვით ფილოსოფია რაღაა?

- არავითარი ფილოსოფია არ არსებობს, იმის მეტი, რასაც აქ, ჩვენ ვქმნით...

- და რაც მოყვასის ტყავის გაძრობას გულისხმობს?

- ზუსტად ასეა. ამაზე კარგად ადამიანზე არაფერი მოქმედებს.

წასვლის დრო რომ დადგა, ფედერიკო მიუახლოვდა ხოაკინს და უთხრა, თუ სახლისკენ მიდიხარ, შუა გზამდე მაინც გამოგყვებიო. ხოაკინმა მოიმიზეზა, აქვე ახლოს უნდა შევიაროო და ამაზე ფედერიკომ უპასუხა:

- ჰო, მესმის შენი, უბრალოდ თავიდან მიშორებ, მარტო დარჩენა გინდა, მესმის.

- რა გესმის?

- ის, რომ მარტოობას არაფერი სჯობს, მაგრამ როცა ძალიან გაგიჭირდება მარტოობა, მოდი ჩემთან, ჩემზე უკეთ ვერავინ შეგიმსუბუქებს დარდს.

- შენ რაღა გაქვს სადარდებელი? - სიტყვა გადაუკრა ხოაკინმა.

- ეეჰ, ეს ვიღას ახსოვს!

და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

XXIII

იმხანად ქალაქში ერთი საწყალზე საწყალი კაცი დაეხეტებოდა, არაგონელი იყო, ხუთი შვილის მამა; როგორც შეეძლო, ისე გაჰქონდა თავი, ხან გადამწერი იყო და ხან რა, არაფერს უკადრისობდა, ოღონდ კი რამე ეშოვა. საბრალო ხშირად აწუხებდა ნაცნობ-მეგობრებსაც, თუკი, რასაკვირველია, ამისთანა დღეში მყოფს შეიძლება ნაცნობ-მეგობრები ჰყავდეს და, სხვადასხვა საბაბით ორ-სამ დუროს ესესხებოდა; ანდა, უფრო სავალალო ის იყო, რომ ზოგჯერ შვილს გააგზავნიდა სათხოვნელად და ზოგჯერ ცოლსაც კი, თან ბარათს გაატანდა. ხოაკინს არა ერთხელ გაუმართავს მისთვის ხელი. როცა ამ ოჯახის რომელიმე წევრი ავად გახდებოდა და მიიწვევდნენ, მაშინ მიეცემოდა ხოლმე ამის საშუალება. ხოაკინს განსაკუთრებულ კმაყოფილებას ჰგვრიდა ამ უბედური კაცის დახმარება, მისი სახით ადამიანურ უსამართლობათა მსხვერპლს ხედავდა. ერთხელ აბელსაც ჩამოუგდო მასზე სიტყვა.

- ჰო, ვიცნობ, - უპასუხა აბელმა, - რამდენჯერმე მეც მივეცი სამუშაო. მაგრამ ნამდვილი უქნარაა და უსაქმური. თავისი მწუხარების გაქარწყლების საბაბით სულ კაფეებში დაეხეტება, სახლში კი ამ დროს ნამცეცი არ მოეპოვება; არც სიგარეტს იკლებს, ყოველდღე თითო კოლოფს ყიდულობს და ვითომ სიგარეტის ბოლს აყოლებს თავის დარდს, როცა რგოლებად უშვებს ხოლმე.

- ეს კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს, აბელ, ამას უფრო ღრმად უნდა ჩახედო, თვით არსს ჩასწვდე.

- მარტო ლამაზი სიტყვებია, მომბეზრდა მისი გაუთავებელი ტყუილები და მანჭვა-გრეხვა, ფულს რომ მთხოვს, თან არ შეიძლება არ დააყოლოს: „როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად დაგიბრუნებ....“ ამას ხომ მათხოვრობა სჯობია, უფრო პატიოსანიც გამოჩნდება და კეთილშობილიც. ამას წინათ სამი დური მესესხა, ავდექი და სამი პესეტი მივეცი, თან ვუთხარი, ნუ დამიბრუნებ-მეთქი. მართლა უსაქმურია!

- მერედა, რა მისი ბრალია!

- აბა, დაიწყე შენებურად, რა მისი ბრალია, რა დააშავა?...

- რაღა თქმა უნდა, სად არის დანაშაულის პირველი მიზეზი?

- კარგი, მოვეშვათ ამაზე ლაპარაკს, თუ გინდა დაეხმარე, ვინ გიშლის, არც მე ვკრავ ხელს, როცა დასჭირდება, ფულსაც მივცემ.

- ვიცი, შენ ხომ შინაგანად...

- ვინ რა ვართ შინაგანად, ამაზე ნუ ვიდავებთ: მე მხატვარი ვარ და სულაც არ მაინტერესებს, რა აქვს ადამიანს შიგნით, უფრო მეტსაც გეტყვი და პირდაპირ გეტყვი, ყველას სახეზე აწერია, რაც შიგნით არის.

- ასეა! ცხადია, შენთვის ადამიანი მხოლოდ მოდელია...

- მერედა, შენ ეს გეცოტავება? შენთვის რაღაა? აიღე და დაიღე, ავადმყოფი, მეტი რა? უნდა შეისწავლო, მოუსმინო, შინაგანი დაინახო და...

- მერე განა შესაშური არაა!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ადამიანის შინაგანი არსის ჩაწვდომას რომ ეცდები, მერე ნელ-ნელა საკუთარ თავსაც უფრო კარგად მოუსმენ და შეისწავლი...

- შენ ეს უპირატესობად მიგაჩნია, ხოლო მე თუ მკითხავ, ამისთვის უბრალოდ სარკეც საკმარისია.

- სარკეშიც იყურები ხოლმე?

- რასაკვირველია! არ იცი, რომ ავტოპორტრეტი დავხატე?

- უეჭველად შედევრი იქნება...

- არა, ურიგო მართლაც არ არის... შენ, შენ თუ შეისწავლე შენი თავი შინაგანად, როგორც ჯერ არს?

ამ საუბრის მეორე დღეს ხოაკინი ფედერიკოსთან ერთად გამოვიდა კაზინოდან, უნდოდა იმ უტიფარი მათხოვრის ამბავი გამოეკითხა მისთვის. „ოღონდ სიმართლე მითხარი, გთხოვ, შენებურად ნუ გაუტევ, სასტიკად ნუ განსჯი, ახლა ხომ მარტონი ვართ და არავინ გვისმენს“.

- იცი, რას გეტყვი, იმ მართლაცდა ეშმაკის კერძის ადგილი ციხეშია, უკეთესად მაინც აჭმევდნენ და თან მშვიდადაც იქნებოდა.

- საამისო მაინც რა ჩაიდინა?

- არაფერიც არ ჩაუდენია, მაგრამ ჩაიდენდა. ამიტომაც ვამბობ, მისი ადგილი ციხეშია-მეთქი.

- მაინც რას ჩაიდენდა?

- თავის საკუთარ ძმას მოკლავდა.

- ისევ შენებურად გაუტიე?

- არა, მართლა, ახლავე მოგიყვები. მოგეხსენება, ეგ ბეჩავი არაგონელი გახლავს; ისიც გეცოდინება, რომ იქ, არაგონში მემკვიდრეობითობის უფლების სრული თავისუფლება არსებობს. თავისდა საუბედუროდ პირველი შვილი იყო და, რა თქმა უნდა, პირველი მემკვიდრეც. მაგრამ ამ უიღბლოს თურმე ერთი ღარიბი ქალიშვილი შეუყვარდა. ძალზე ლამაზი კი ყოფილა და თან პატიოსანიც. მამამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, შვილს დაემუქრა, თუ შეირთავ, მემკვიდრეობას წაგართმევო. მაგრამ ის ისე იყო სიყვარულისაგან დაბრმავებული, რომ იფიქრა, ჩემს სატრფოს თუ შევაცდენ და სახელს გავუტეხავ, იქნება ამით მაინც ვაიძულო მამაჩემი თანხმობა მომცეს და სახლიდანაც გამოვეყოო... ასე ცხოვრობდა იმავე სოფელში თავის სიმამრ-სიდედრთან ერთად, მუშაობდა და იმედს არ კარგავდა, მამაჩემი ოდესმე გულს მოიბრუნებს და შემინდობსო. მამა კი ჯიუტად იდგა თავის სიტყვაზე, აბა სადაური არაგონელი იყო, წარბიც არ შეუხრია, მოკვდა და მთელი ქონება უმცროს ვაჟს დაუტოვა, კაი გვარიანი ქონება კი ჰქონდა. ცოტა ხანს არ გაუვლია და ამ ჩვენი მათხოვრის ცოლის მშობლებიც დაიხოცნენ თურმე. რა უნდა ექნა, ადგა და თავის ძმას მიადგა, ეგებ რამე სამუშაო მომცეს და ხელი გამიმართოსო. ძმამ ცივი უარით გამოისტუმრა: ეს საცოდავი შიშმა აიტანა, ნამდვილად შემომაკვდებაო, გულიც ამას ეუბნებოდა, ამიტომ აიბარგა და აქ გადმოსახლდა. ძმის მკვლელობას, ასე მათხოვრობითა და მოწყალებით ცხოვრება არჩია. ეს ამბავი, ალბათ, თავადვე ხედავ, კარგი გაკვეთილია.

- ჰო, მეტისმეტად კარგი გაკვეთილია...

- ასეა. ძმა რომ მოეკლა, იაკობის ეს ნაირსახეობა, რასაკვირველია, ბოროტება იქნებოდა, მაგრამ არც ისაა დიდი შეღავათი, რომ ვერ მოკლა...

- შეიძლება უარესიც კია...

- ამას ნუ იტყვი, ფედერიკო.

- ასეა, სწორედ ასეა, მთავარი ის კი არ არის, ასე ყველასგან მოძულებული სამარცხვინოდ, მათხოვარივით რომ ცხოვრობს, ამაზე უარესი ისაა, ძმის სიძულვილი რომ ასულდგმულებს...

- რომ მოეკლა?...

- მაშინ სიძულვილისაგან მაინც გათავისუფლდებოდა და ახლა დანაშაულის მონანიება მისი ხსოვნის სიყვარულს მაინც შეუნარჩუნებდა. მოქმედება ხომ ავი გრძნობებისაგან ათავისუფლებს კაცს, სულს კი სწორედ ეს ავი გრძნობები გვიშხამავს. დამიჯერე, ხოაკინ, ეს მაინც კარგად მომეხსენება...

ხოაკინმა დაჟინებით შეხედა მას და ჰკითხა:

- შენ რაღა გაწუხებს?

- შვილო ჩემო, სჯობია, არა მკითხო, ანდა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? მარტო ისიც კმარა, თუ გეტყვი, რომ ჩემი ცინიზმი მხოლოდ თავდაცვის საშუალებაა და ამის სათავე ისაა, რომ მე სულაც არა ვარ იმის შვილი, ვინც თქვენ მამაჩემი გგონიათ; მე ხომ დედაჩემმა სასიყვარულო კავშირის შედეგად გამაჩინა. ამიტომაა, მშობელ მამასავით ქვეყანაზე არავინ მძულს. სწორედ ის იყო ნამდვილი ჯალათი მეორისა, ვის წყეულ სახელსაც დღეს ვატარებ და, რომელიც სიმდაბლისა და სიმხდალის გამო მომცეს...

- განა მამა ის არ არის, ვინც გაგზარდა და არა ის, ვინც...

- შენ ვისაც გულისხმობ, იმას სულაც არ გავუზრდივარ, მხოლოდ სიძულვილის შხამით მომწამლა იმისადმი, ვინც მე სული ჩამიდგა, ვინც აიძულა, რომ დედაჩემი შეერთო ცოლად.

XXIV

აბელინმა, აბელის ვაჟმა, სწავლა რომ დაასრულა, მამამისმა მეგობარს სთხოვა, ასისტენტად აიყვანე და გვერდით იყოლიეო. ხოაკინი დაეთანხმა.

„მე იგი ავიყვანე რაღაც უცნაურ, აღრეულ გრძნობათა კარნახით, - ჩაწერა მოგვიანებით ხოაკინმა თავის ქალიშვილისადმი მიძღვნილ „აღსარებაში“, - ეს იყო ცნობისმოყვარეობაც, მისი მამისადმი სიძულვილიც, თავად ყმაწვილისადმი სიმპათიაც, რომელიც მაშინ ძალზე საშუალო მეჩვენებოდა და იმის სურვილიც, რომ ამ გზით გავთავისუფლებულიყავი ავი ვნებისაგან. სადღაც სულის სიღრმეში ბოროტი სული თავისას მიჩიჩინებდა, შვილის მარცხი მამის დიდებას გააბათილებსო. ერთი მხრივ, მინდოდა მამისადმი სიძულვილი შვილისადმი ყურადღებით გამომესყიდა, მეორე მხრივ კი - წინასწარ ვტკბებოდი აბელ სანჩეს მეორის მარცხით მედიცინაში და ეს დამარცხება მამამისის მხატვრობაში გამარჯვებას გაუთანაბრდებოდა. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ გავითვალისწინე, რა ღრმა სიყვარული გაიღვიძებდა ჩემს სულში იმის შვილის მიმართ, ვინც ასე დამიბნელა და მომიწამლა წუთისოფელი“. და მოხდა ისე, რომ ხოაკინი და აბელის პირმშო საოცარი ძალით მიეჯაჭვნენ ერთმანეთს. აბელინმა იშვიათი საზრიანობა და ღრმა ინტერესი გამოავლინა ხოაკინთან მეცადინეობის დროს და მცირე ხანს არ გაუვლია, უკვე მასწავლებელს უწოდებდა მას; და აი, მასწავლებელსაც გაუჩნდა მიზანი, იფიქრა, აბელინისგან ბრწყინვალე ექიმს გამოვიყვანო, რაც კი ამ კლინიკებში გამოცდილება დამიგროვებია, მისთვის არ დავიშურებო, „ხელს შევუწყობო, - ფიქრობდა ხოაკინი, - დაე, მან აღმოაჩინოს ის, რაც მე უნდა აღმომეჩინა და ამ ჩემმა წყეულმა ამღვრეულმა სულიერმა მდგომარეობამ არ დამანება“.

- მასწავლებელო, - უთხრა ერთხელ აბელინმა, - ხომ შეიძლება, რომ ყველაფერი ეს, რაც კი მაჩვენეთ, გაფანტული დაკვირვებები, მონაცემები, შენიშვნები და სხვა ასეთი, ერთად შეკრიბოთ და წიგნი დაწეროთ? ამაზე საინტერესოსა და სასარგებლოს რას გააკეთებდით? მერედა, რა გენიალური მიგნებები და რამოდენა მეცნიერული ალღო გაქვთ...

- არა, შვილო (ასე მიმართავდა აბელინს), - მიუგო ხოაკინმა, - არ შემიძლია, არ შემიძლია... არც საამისო გუნება-განწყობილება მაქვს და არც მიზანდასახულობა თუ გამბედაობა მყოფნის, გამძლეობა და რა ვიცი, კიდევ რა...

- ამისთვის თავი უნდა გადასდოთ...

- ჰო, შვილო, ჰო, რასაკვირველია, თავი უნდა გადავდო. მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ვერ და ვერ გადამიწყვეტია. წიგნის წერა რომ დავიწყო... აქ, ჩვენთან, ესპანეთში... თანაც მედიცინაზე... განა ღირს? ფუჭი გარჯაა...

- არა, მასწავლებელო, თქვენთვის არ იქნება ფუჭი, ეჭვიც არ მეპარება.

- სჯობია, ჩემი გასაკეთებელი შენ გააკეთო... დაანებე თავი ამ საძაგელ პაციენტებს და ნამდვილი მეცნიერული კვლევის გზას დაადექი, მთავარია კვლევა - ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, პათოლოგია და არა გასამრჯელოსთვის დიაგნოზის დასმა. შეძლება არ გაკლია, მამაშენის სურათებიც საკმაო შემოსავალს გაძლევს, ყველა პირობა გაქვს, რომ შენ გადასდო მეცნიერებისთვის თავი.

- იქნებ ასეც არის მასწავლებელო, მაგრამ თქვენი გასაკეთებელი თქვენვე უნდა გააკეთოთ, ვალდებულიც ხართ, კლინიკებში მუშაობის გამოცდილება ყველას გააცნოთ.

- ყური დამიგდე, თუ გინდა, ასე მოვიქცეთ, მოგცემ ჩემს შენიშვნებს, დავურთავ განმარტებებს, ჩემი მხრით ყოველნაირად დაგეხმარები და შენ გამოაქვეყნე წიგნი; თანახმა ხარ?

- ბრწყინვალეა, მასწავლებელო! მას შემდეგ, რაც მე თქვენი ხელმძღვანელობით ვმუშაობ, იმ დღიდან ვიწერ თითოეულ თქვენს სიტყვას, შენიშვნას...

- კარგი გიქნია, შვილო, ძალიან კარგი! - და აღელვებული ხოაკინი ყმაწვილს მოეხვია.

ამ საუბრის შემდეგ ხოაკინმა იფიქრა: „იგი იქნება ჩემი ჭეშმარიტი ქმნილება! ჩემი და არა თავისი მშობელი მამისა, იგი ჩემზე ილოცებს და ბოლოს, იმასაც მიხვდება, ვინ უფრო ძვირფასია მისთვის, მე თუ მამამისი, ჩემი სამედიცინო პრაქტიკა უფრო მეტი ხელოვნებაა თუ მამამისის ფერწერა. ეს კი იმით დამთავრდება, რომ მე მას წავართმევ შვილს... წავართმევ! მან მე ელენა წამართვა, მე კი შვილს წავართმევ! ის ჩემი იქნება და ვინ იცის... როცა მთელ მის ავ-კარგს საკმაოდ ჩასწვდება, გაიგებს, რა დღეში ჩამაგდო, იქნებ სულაც ზურგი აქციოს საკუთარ მშობელს...“

XXV

- ერთი ეს მითხარი, გეთაყვა, მაინც რატომ მოიწადინე მედიცინის შესწავლა? - ჰკითხა ერთხელ ხოაკინმა თავის მოწაფეს.

- მართალი გითხრათ, არც კი ვიცი...

- ჩემი აზრით, უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ფერწერას გაჰყოლოდი: როცა შვილები მამების პროფესიას ირჩევენ, აქ უფრო ხშირად თავს იჩენს ხოლმე მიბაძვის სურვილი... გარემო...

- მე კი მხატვრობა არასოდეს მიტაცებდა, მასწავლებელო.

- ვიცი, ვიცი, მამაშენიც შემომჩიოდა.

- მით უფრო, მამაჩემის მხატვრობა...

- საოცარია, საოცარია, მაინც რატომ?

- მე მას სულ ვერა ვგრძნობ და არცა მჯერა, რომ თავად იგი გრძნობს.

- ეს მეტისმეტია მგონი, აბა ერთი ამიხსენი, რატომ!

- აქ ჩვენ მარტონი ვართ, არავინ გვისმენს და გეტყვით: აი, თქვენ, მასწავლებელო, თითქოს ჩემი მამა ხართ.. მეორე მამა... ასეა... მით უფრო, რომ თქვენ მამაჩემის ყველაზე ძველი მეგობარი ხართ, მისგან გამიგონია, მთელი ცხოვრება მეგობრები ვიყავითო, ლამის აკვნიდან იცნობთ ერთმანეთს და ძმებივით ხართ...

- ჰო, ჰო, მართალია, მე და აბელი ძმებივით ვართ... მერე...

- ჰოდა, დღეს მინდა გული გადაგიშალოთ, მასწავლებელო.

- ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება, ჩვენი საუბრის შესახებ ვერა სულიერი ვერაფერს გაიგებს!

- იცით რა, ეჭვი მეპარება, რომ მამაჩემი საერთოდ გრძნობს ხელოვნებას. სულ მანქანასავით მუშაობს, უბრალოდ, ბუნებრივი ნიჭი აქვს მომადლებული, თორემ გრძნობით...

- მეც ამასვე ვფიქრობდი ყოველთვის...

- ამის გარდა, ამბობენ, ამოდენა სახელს თურმე თქვენ უნდა გიმადლოდეთ, მასწავლებელო. ხალხს დღემდე ახსოვს თქვენი სიტყვა, რომლის წყალობითაც გაითქვა სახელი.

- აბა, სხვა რა უნდა მეთქვა?

- არ ვიცი, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, მამაჩემს ნამდვილად არც ფერწერის გრძნობა აქვს და არც სხვა რამისა. ზოგჯერ ისიც კი მგონია, მასწავლებელო, მთლად უსულგულოა-მეთქი.

- არც ასეა, შვილო...

- ჰო, ჰო, სწორედ რომ უსულგულოა. დიდების მეტი არაფერი ხიბლავს ცხოვრებაში. თავი კი ისე უჭირავს, ვითომ ქებას არაფრად აგდებდეს, მაგრამ სულ მოჩვენებითია, ფარსია, სინამდვილეში ყური მარტო ტაშისკენ უჭირავს. ეგოისტია, წმინდა წყლის ეგოისტი. არავინ უყვარს.

- ვითომ არავინ?

- არა, არავინ, მასწავლებელო! ვერ გამიგია, დედაჩემი როგორღა შეირთო, ძლიან მეეჭვება, რომ სიყვარულით შეუღლდნენ...

ხოაკინი გაფითრდა.

- ჰო, - განაგრძო აბელინმა, - განა ერთი და ორი გატაცება და კავშირი ჰქონია თავის მენატურეებთან, მაგრამ ესეც ახირებაა და თავმომწონეობა... არავინაც არ უყვარს...

- მე კი მგონია, შენ მაინც უნდა...

- ყურადღებაც კი არასოდეს მოუქცევია ჩემთვის; რასაკვირველია მარჩენდა, სწავლის ქირას მიხდიდა, ფული არასოდეს დანანებია და ახლაც, საერთოდ, ფულის დანანება არ იცის, მაგრამ ჩემს არსებობას თითქოს ვერც ამჩნევსო. ზოგჯერ რაიმე თუ მიკითხავს, ისტორიაზე, ხელოვნებაზე თუ ტექნიკაზე, ან თუნდაც მის საკუთარ სურათებზე, მოგზაურობაზე, მუდამ ასე მპასუხობდა: „თავი დამანებე!“ ერთხელ კიდეც დამიყვირა: „აიღე წიგნი და წაიკითხე, მეც ასე ვსწავლობდი, წიგნები მაინც ხომ გაქვს!“ რომ იცოდეთ, რა განსხვავებაა თქევნს შორის, მასწავლებელო!

- ეგებ არ იცოდა, რასაც ეკითხებოდი, შვილო; ზოგჯერ განგებ იშორებენ ხოლმე მამები შვილებს, რათა მათ წინაშე თავი არ შეირცხვინონ და სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაცვივდნენ.

- არა, არა, ასე არ არის. მე უფრო უარესი მგონია.

- უარესი? ამაზე უარესი რა უნდა იყოს!

- უარესი, დიახ, უარესი! მაგალითად, რაც უნდ დამეშავებინა, მისგან საყვედური არ გამიგონია. მოქეიფე და ქარაფშუტა არა ვარ და არც არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ რომელ ახალგაზრდას არ გადახდენია თავს რაიმე ისეთი, არ წაუბორძიკებია, შეცდომა არ მოსვლია? ჩემი დანაშაული არც კი დაუნახავს და, თუ დაუნახავს, კრინტიც არასოდეს დაუძრავს.

- მაგრამ ეს ხომ შეიძლება შენი პიროვნებისადმი პატივისცემით აიხსნას; შენდამი ნდობის ნიშნად ჩაითვალოს... იქნება ასეთი თვალდახუჭული ნდობა არის კიდეც ვაჟიშვილის აღზრდის ყველაზე უფრო დიდსულოვანი და კეთიშობილური საშუალება...

- არა, მასწავლებელო, არც ასეა, მე ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გულგრილობაა.

- არა, ასე არ იქნება, მეტისმეტად აზვიადებ!.. ანდა რა უნდა ეთქვა ისეთი, რაც შენ თვითონ არ გეცოდინებოდა? მამა არც მსაჯულია...

- მაგრამ ამხანაგი, მრჩეველი, მეგობარი ხომ უნდა იყოს, თქვენსავით, მასწავლებელო...

- და მაინც არის კიდევ რაღაც ისეთი, რაზედაც მამაც კი ვერ დაელაპარაკება შვილს მორიდების გამო.

- ბუნებრივია, რომ იცავთ, მისი ძველი და ახლო მეგობარი ხართ, ლამის ძმა, მაგრამ...

- მაგრამ, რა?

- შემიძლია ყველაფერი ვთქვა?

- ჰო, თქვი, ყველაფერი თქვი!

- მაშ კარგი, არაერთხელ მსმენია მისი აზრიც თქვენს შესახებ, ყოველთვის კარგი, მეტისმეტად კარგი აზრიც, მაგრამ...

- მაგრამ რა?

- ყოველთვის მეტისმეტად კარგად გახსენებდათ ხოლმე.

- რას ნიშნავს მეტისმეტად კარგად?

- როგორ გითხრათ, სანამ გაგიცნობდით, სულ სხვანაირი წარმოდგენა მქონდა თქვენზე, მასწავლებელო.

- კარგად გამაგებინე.

- მამაჩემის აზრით, თქვენ ხართ რაღაც ტრაგიკული პერსონაჟი, ტანჯული სული. „ააჰ, რომ შემეძლოს ხოაკინის სულის დახატვა!“ ხშირად გამიგონია მისგან. ყოველთვის ისეთ კილოზე ლაპარაკობდა, თითქოს თქვენს შორის რაღაც საიდუმლოება იყო დამარხული...

- შენ, ალბათ, გეჩვენებოდა...

- არა, არ მეჩვენებოდა.

- დედაშენი?

- დედაჩემი...

XXVI

- იცი, ხოაკინ, - უთხრა ერთხელ ანტონიამ ქმარს, - მეშინია, ერთ მშვენიერი დღეს ჩვენმა ქალიშვილმა სულ არ დაგვტოვოს და ხელიდან არ გაგვისხლტეს...

- ხოაკინა? მერე სად უნდა წავიდეს?

- მონასტერში!

- შეუძლებელია!

- არა, შეუძლებელი არ არის, შენ ისე ხარ საკუთარ საქმეებში ჩაფლული, ისე ხარ იმ შენს აბელინზე გადაყოლილი, ლამის იშვილო კიდეც... კაცი იფიქრებს, საკუთარ შვილზე მეტად უყვარსო...

- იმიტომ, რომ მინდა როგორმე გადავარჩინო, თავისიანებისგან გადავარჩინო...

- მე კი მგონია, მარტო შურისგებაზე ფიქრობ, ისეთი ბოღმიანი ხარ, არაფრის დავიწყება და პატიება არ შეგიძლია! ძალიან მეშინია, ღმერთმა ამისთვის არ დაგსაჯოს შენცა და ჩვენც, ყველა...

- აჰა, ეგებ ხოაკინამაც ამიტომ გადაწყვიტა მონასტერს შეაფაროს თავი?

- მე ეს არ მითქვამს.

- სამაგიეროდ, მე ვამბობ, ვაითუ აბელინზე ეჭვიანობს და ამიტომ გარბის მონასტერში? ანდა შეეშინდა მამაჩემს აბელინი ჩემს თავს ურჩევნიაო? თუ ასეა....

- არა, ამიტომ არა...

- მაშ, რატომ?

- არ ვიცი... მე მითხრა, ასეთია ჩემი მოწოდება და ღვთის ნებაო...

- ღვთისაო... ღვთისაო... ეს სულ იმის ოინებია, იმისი, ვინ არის მაგისი მოძღვარი?

- მამა ეჩევარია...

- ის ეჩევარია, მეც რომ ვუთხარი აღსარება, არა?

- ჰო, ის.

ამ საუბრის შემდეგ ხოაკინი კიდევ კარგა ხანს იჯდა მოღუშული და თავჩაქინდრული, მეორე დღეს კი ცოლს მოუხმო და უთხრა:

- მგონია, ამოვიცანი მიზეზი, რისთვისაც ხოაკინამ მონაზვნად აღკვეცა აიხირა, უფრო სწორად, მივხვდი, რატომ აიკვიატა მამა ეჩევარიამ მისი მონასტერში წასვლის ამბავი. ხომ გახსოვს, მე თვითონაც რელიგიაში ვეძებდი ხსნასა და ნუგეშს, მეგონა, ის მაინც მიშველიდა რამეს, მიხსნიდა წყეული ცდუნებისაგან, ასე რომ შემოეგრაგნა ჩემს სულს, განმკურნავდა სასოწარკვეთილებისაგან, წლობით რომ ქვავდებოდა და სულ უფრო დაუძლეველი და დაუმორჩილებელი მეჩვენებოდა; ბევრი ვეცადე, ძალიან ბევრი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვერა, ვერ მანუგეშა მამა ეჩევარიამ, ვერავითარი იმედი ვერ მომცა. ჩანს, ასეთი ბოროტების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს, ერთადერთი...

ხოაკინი ერთი წუთით გაჩუმდა, ცოლისგან შეკითხვას ელოდა, მაგრამ რაკი იგი დუმდა, განაგრძო:

- ასეთი ბოროტების წინააღმდეგ ერთადერთი გზა არსებობს და ეს გზა არის სიკვდილი. ვინ იცის, ეგებ ისიც ჩემთან ერთად დაიბადა და ჩემთან ერთად უნდა მოკვდეს. ის საცოდავი მოძღვარია თუ ვიღაც, მე რომ ვერანაირი შეღავათი ვერ მომცა, ვერ შემიმსუბუქა ტანჯვა, ახლა დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს უბიძგებს მონასტრისკენ, შენს შვილს, ჩვენს შვილს, რომ იქ ჩემთვის ილოცოს და ასეთი მსხვერპლის ფასად გადამარჩინოს.

- მაგრამ ეს ხომ მსხვერპლიც არ არის... ჩემი მოწოდებააო, ამბობს.

- ტყუილია, ანტონია, დამიჯერე, მტკნარი სიცრუეა. მონაზვნად უმეტეს წილად ისინი მიდიან, ვისაც გარჯა ეზარება. დაე, მწირის ცხოვრებით იცხოვრონ, ოღონდ კი უზრუნველად იყვნენ, დაისვენონ, მისტიკურ ოცნებებს მიეცნენ... ზოგიერთები კი იქ იმიტომ გარბიან, რომ საკუთარი სახლი მობეზრებიათ და თავის დაღწევა უნდათ. ჩვენი შვილიც საკუთრი სახლიდან გარბის, ჩვენგან გარბის.

- შენგან გარბის...

- ჰო, ჩემგან გარბის! იმიტომ გარბის, რომ კარგად გამიგო!

- თან სხვაც, ახალი სიყვარული გაგიჩნდა...

- შენ გგონია, მისგანაც გარბის?

- არა, უბრალოდ, შენი ახალი ახირებაც...

- ახირება? ახირებაო, შენ ამბობ? ჩემზე ყველაფრის თქმა შეიძლება, ანტონია, მაგრამ ახირებულიაო, ვერ იტყვი. მე ხომ ყველაფერს მეტისმეტად სერიოზულად ვუყურებ, ანტონია, ყველაფერს!

- ჰო, მეტისმეტად სერიოზულადაც კი, - დაუმატა ცოლმა და ცრემლები გადმოსცვივდა.

- დამშვიდდი, ნუ ტირი, ანტონია, ჩემო წმინდანო, ჩემო კეთილო ანგელოზო... მაპატიე, თუ უნებურად გული გატკინე...

- არა, ხოაკინ, ასჯერ უფრო უარესია, ჩუმად რომ ხარ.

- ღვთის გულისათვის, ანტონია, ღვთის გულისათვის, რამე იღონე, რომ შვილი არ გაგვექცეს... მონასტერში რომ წავიდეს, ვერ გადავიტან, მოვკვდები, თუ არ წავა, რასაც მოისურვებს, ყველაფერს გავაკეთებ... თუ უნდა, აბელინზეც კი ხელს ავიღებ... მივატოვებ...

- მახსოვს, როგორ გიხაროდა, ერთი შვილი გვყავს და სიყვარულის გაყოფაც არა გვჭირდებაო...

- აკი არც ვუყოფ!...

- მაშინ უარესი არ არის...

- ჰო, ანტონია, ჩვენს შვილს თავის გაწირვა გადაუწყვეტია ჩემი გულისათვის და ის კი არ იცის, რა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდებს, მონასტერში რომ წავიდეს. აქ, ამ სახლშია მისი მონასტერი!

ნახვა: 1496

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters