ზაქარიას წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

       მხ. 1. ‘დარიოსის მეორე წლის მერვე თვეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერექიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტყველისა".
ხსენებული მეფე დარიოს I გისტასპია. იგი 521/485 წლებში მეფობდა. შესაბამისად, წინასწარმეტყველი ასპარეზზე 520 წელს გამოდის. მხ. 2-6. ზაქარია ხალხს უფლის სახელით უზენაესის აღიარებისკენ უხმობს: ‘უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: მოიქეცით ჩემკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და მეც მოვიქცევი თქვენკენ, ამბობს ცაბაოთ უფალი".
ხილვა პირველი (წითელ ცხენზე მჯდომარე ადამიანი):
მხ. 89. ‘ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია წითლები, ზერდაგები და თეთრები".
       წინასწარმეტყველი გამოცხადებას ღამე ღებულობს. აღნიშნული მოვლენა ზაქარიას გამუდმებულ ფიქრს მოჰყვა რჩეული ერის ბედის თაობაზე. იგი ხედავს ადამიანს, რომელიც წითელ ცხენზეა ამხედრებული ‘მურტის ხეთა შორის". ებრაულისგან განსხვავებულ წაკითხვას გვთავაზობს სეპტანტა: …ეი(სტჰ`კეი ა) (შდრ. ‘…დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა"). მხედრის უკან ცხენები დგანან წითლები, ზერდაგები (ჭრელები) და თეთრები.
       მე-11 მუხლიდან ირკევევა, რომ მურტის ხეთა შორის მდგომი მხედრის უკან განლაგებულ ცხენებსაც ჰყავდათ თავიანთი მხედრები. მათი ფერები სიმბოლური მნიშვნელობისაა, რითიც მინიშნებაა იმ განსაცდელებზე, რომლებითაც ღვთისადმი კრძალვის არმქონე და უგულისხმო ხალხები შეირისხებიან. მხედარი უფლის ანგელოზია, ვისაც მის უკან მდგომი ცხენები (მხედრებითურთ) დაკისრებული საქმეების წილ ანგარიშს აბარებენ. განსხავავებუილი ფერის ცხენები ანგელოზური ძალები არიან (ნეტარი თეოდორიტე).
ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ მან გამოცხადება ღამით იხილა და არა დღისით, როგორც ეს მოსეს, ისაიას… შემთხვევაში მოხდა. წინარე წინასწარმეტყველნი ხილვას იუდასა და იერუსალიმის დაქცევამდე ღებულობდნენ და სწორედ ამ თავისუფლების დროს განასახიერებს დღის სინათლე. ზაქარია ჩვენებას ღამე ხედავს, რაც სამშობლოში დაბრუნებული იუდეველი ერის მდგომარეობის გამომხატველია, ერისა, რომელიც აღთქმულ მიწაზე დაბრუნების მიუხედავად, მონობის უღელს კვლავაც ატარებს. წითელ ცხენზე ამხედრებული უცნობი ზოგიერთის თქმით, მიქაელ მთავარანგელოზია, ხოლო ჩვენ კი ვიტყვით, რომ ის ჩვენი მხსნელი უფალია, სამების მეორე ჰიპოსტასი, რომელმაც ჩვენი გამოხსნის განგებულების აღმსრულებელმა, ესაიას წინასწარმეტყველებისამებრ, მოისმინა: ‘რატომაა შენი სამოსი მეწამული?" . მურტის ხე პალესტინაში იზრდება. ამბობენ, მას ისეთი სურნელი აქვს, შორიდან იზიდავს ადამიანს. ხსენებული ხეები წმინდანებს განასახიერებენ, რომელთა შორისაც მიმოიქცევა უფალი.
ცხენების ფერთა სიმრავლე ხალხთა და სახელმწიფოთა სიმრავლეზე მიუთითებს, სადაც ისინი იგზავნებიან. თეთრი ფერი სიხარულისაა. ამიტომაც თეთრი ცხენები მიდიელებსა და სპარსელებს განასახიერებს, რადგან მათ იუდეველებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს: გაათავისუფლეს ტყვეობიდან და ტაძრის მშენებლობის ნებაც დართეს. ჭრელი ცხენები მაკედონელთა სიმბოლოა. მათი მმართველების ნაწილი იუდეველებისადმი მეგობრულად იყო განწყობილი, სხვანი კი სასტიკად მტრობდნენ. წითელი ცხენები რომის იმპერიის სიმბოლოა, რომელმაც საბოლოოდ დააქცია იუდეა).
       მხ. 9-10. ‘ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი. ხმა გაიღო კაცმა, მდგარმა მურტის ხეთა შორის, და თქვა: ესენი არიან, რომლებიც მოავლინა უფალმა ქვეყნის შემოსავლელად".
ზაქარია ნანახით გაოცებული კითხულობს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყოველივე, რაზეც პასუხს წითელი ცხენის მხედარი იძლევა. მისი თქმით, ამ ცხენებმა უფლის განჩინებით მთელი ქვეყანა უნდა შემოიარონ.
მხ. 11. ‘მიუგეს უფლის ანგელოზს, მურტის ხეთა შორის მდგარს, და უთხრეს: შემოვიარეთ ქვეყანა და, აჰა, მშვიდად განისვენებს მთელი ქვეყანა".
       ხეთა შორის მდგომ უფლის ანგელოზსქვეყნიერების შემოვლის შემდეგ მხედრები მიუგებენ, რომ მთელი ქვეყანა განისვენებს. ამაში წარმართული სახელმწიფოების კეთილდეღეობა იგულისხმება, ხოლო მათი კეთილდღეობა იუდეველებს არ აძლევს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას ანუ ‘უფალი არ კეთილნებობს ხალხისადმი" (რჩეული ერისადმი).
ნეტარი იერონიმე: მთელი სამყარო მშვიდადაა, ყოველი ხალხი თავის ქვეყანაში განისვენებს, მაგრამ იუდეველთა ყოფა განსხვავებულია; მათი უდიდესი ნაწილი კვლავაც სპარსეთშია).
მხ. 12. ‘მიუგო უფლის ანგელოზმა და თქვა: ცაბაოთ უფალო! როდემდის არ მოიღებ მოწყალებას იერუსალიმზე და იუდას ქალაქებზე, რომლებიც აგერ სამოცდაათი წელია შერისხული გყავს?"
უფლის ანგელოზი უზენაესს იუდასთვის წყალობის დაბრუნების თხოვნით მიმართავს.
       მხ. 16-17. ‘ამიტომ ასე ამბობს უფალი: მოწყალებით მოვბრუნდი იერუსალიმისკენ; მასში აიგება ჩემი სახლი, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ლარი გადაიჭიმება იერუსალიმზე. კიდევ მოუწოდე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით და კვლავ შეიწყალებს უფალი სიონს და კვლავ აირჩევს იერუსალიმს".
უფალი პასუხობს, რომ რჩეული ერის განსაცდელები მალე დასრულდება; იერუსალიმში კვლავ აიგება ტაძარი, განახლდება დედაქალაქი, გარდასრული უბედურებანიც დავიწყებას მიეცემა.
ხილვა მეორე (ოთხი რქა და ოთხი მჭედელი):
       მხ. 18-19. ‘ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი".
წინასწარმეტყველი ოთხ რქას ხედავს. რქა ბიბლიური სიმბოლოების თანახმად, ძალის და ძლიერების სახეა.
ნეტარი იერონიმე ოთხ რქაში იუდეისადმი მტრულად დამოკიდებულ ოთხ სახელმწიფოს ბაბილონის, სპარსეთის, საბერძნეთისა და რომის იმპერიებს მოიაზრებს. თეოდორიტე კვირელი შენიშნავს, რომ აღნიშნული ოთხი ძალა რჩეული ერისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სახითაა წარმოდგენილი მაშინ, როდესაც ამ ჟამისთვის ბაბილონის იმპერია არ არსებობს, სპარსეთი პირიქით, არათუ ემტერება, არამედ ყველანაირად მხარში უდგას ებრაელებს. ამიტომაც, ნეტარი თეოდორიტეს აზრით, ოთხ რქაში, ზოგადად, ქვეყნის ოთხივე კუთხიდან იუდეველთა წინააღმდეგ მიმართული ძალა იგულისხმება: ეგვიპტე, ფილისტიმელები, ასურეთი, ბაბილონი, მოაბი, ამონი, ედომი…
აღნიშნული ადგილი სიმბოლურადაც განიმარტება და ამ შემთხვევაში იუდეა ქრისტეს ეკლესიას განასახიერებს, ხოლო ოთხი რქა ეკლესიასთან დაპირისპირებული უკეთური ძალაა.
       მხ. 20-21. ‘და დამანახა უფალმა ოთხი მჭედელი. ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად, იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად".
წინასწარმეტყველი ოთხ მჭედელს ხედავს, რომლებიც იუდას წიანააღმდეგ აღმართული რქების დასამხობად მოდიან. პირველ ხილვაში ნათქვამი, რომ წარმართული სახელმწიფოების კეთილდღეობა იუდეველი ერის თავისუფლების შემზღუდველეია, ხოლო მეორე ხილვის თანახმად, წარმართები იუდეველთა მისამართით გამოჩენილი სისასტიკის გამო დაისჯებიან.
ნეტარი თეოდორიტე: მჭედლები უხილავი ძალები არიან, რომლებიც იუდასადმი მტრულად აღძრულ ძალებს ერთურთის საპირისპიროდ აღძრავენ, რომ ურთიერთის ხელით განგმირონ ერთმანეთი).
ნეტარი იერონიმე: ჩვენ მჭედლებში ანგელოზებს მოვიაზრებთ. ისინი ღმერთს მორჩილებენ და ზოგიერთ ერს განამტკიცებენ, ზოგსაც მუსრს ავლებენ).

თავი 2
ხილვა მესამე (ადამიანი მიწის საზომი ლარით ხელში)


       მხ. 1-2. ‘ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში. ვკითხე: სად მიდიხარ-მეთქი? მითხრა: იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე".
ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველი ხედავს ადამიანს, რომელსაც ხელში გამზომი ლარი უჭირავს. აღნიშნული ხელსაწყო თოკია, რომელსაც ძველ დროში ადამიანები მიწის გასაზომად იყენებდნენ. ხილვის მიზანი ზაქარიას დარწმუნებაა, რომ მისი მშობლიური ქალაქი აღდგება, განახლდება, თუმცა იგივე ადგილი სულიერი იერუსალიმის, ახალი აღტქმის ეკლესიის სესახებ გვაუწყებს).
       მხ. 3-5. ‘აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად. უთხრა მას: გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის. მე ვიქნები მისთვის, ამბობს უფალი, ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში".
კედლების არარსებობის მიუხედავად მოსახლეობა დაცული იქნება, რადგან თავად უზენაესი დაიფარავს და დაიცავს ამ ქალაქს, თითქოსდა ცეცხლოვანი სვეტით შემოსაზღვრავს მას. წმინდა კირილე ალესქსანდრიელი წინამდებარე მუხლის განმარტებისას აღნიშნულ მოვლენას ქრისტეს ეკლესიას განუკუთვნებს.
ნეტარი იერონიმე: წარმოდგენილი ცნობები ორნაირად შეიძლება გვესმოდეს: როგორც საკუთრივ იერუსალიმთან დაკავშირებული მოვლენა და წინასწარმეტყველება ახალი აღთქმის ეკლესიის შესახე. უკანასკნელის თანახმად, დადგება ჟამი, როდესაც ქრისტეს ეკლესიის წიაღში ადამიანთა სიმრავლე დაიმკვიდრებს. იერუსალიმში დავანებულ ხალხად განღმრთობის გზაზე მდგომი მართალნი მოიაზრებიან, ხოლო პირუტყვებში ხორციელი ვნებებს დამონებული ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში მრავლად არიან).
მხ. 6. ‘ჰოი, ჰოი, ილტოლეთ ჩრდილოეთის ქვეყნიდან, ამბობს უფალი, რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, ამბობს უფალი".
მესამე ჩვენებაში იერუსალიმის სანახების გაფართოებაზეა საუბარი, რაც მოსახლეობის ზრდის შედეგად იქნება განპირობებული; მაგრამ საიდან მოვა ესოდენი სიმრავლე ხალხისა მაშინ, როდესაც ტყვეობიდან სამშობლოში იუდეველთა საკმაოდ მცირე რაოდენობა დაბრუნდა? საქმე ისაა, რომ მსოფლიოში მიმოფანტულ იუდველებს თავად უზენაესი მოიხმობს, განსაკუთრებით ჩრდილოეთის ქვეყნიდან ანუ ბაბილონიდან.
       მხ. 7. ‘ჰოი, სიონო, თავს-უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!"
ბაბილონში ცხოვრება მასზე მოწევნადი განსაცდელების მიზეზით, განსხვავებით ძველი დროებისგან, ამჟამად საფრთხეს შეიცავს და წარმართთა შორის დარჩენილი იუდეველები შესაძლოა, მათი ბედის თანაზიარნი გახდნენ.მხ. 11. ‘მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს იმ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან". ღვთის მოწყალება გარდა იუდეველი ხალხზე მზრუნველობისა იმ წარმართებზეც გამოვლინდება, რომლებიც რჩეულ ერს შეუერთდებიან და მათ ღმერთს აღიარებენ.


თავი 3


       ხილვა მეოთხე (უფლის ანგელოზის წინაშე მდგომი ისუ მღვდელმთავრი):
წინამდებარე თავში გადმოცემულია რიგით მეოთხე ხილვა. მისი საერთო შინაარსი ასეთია: რჩეულ ერს აღთქმული წყალობა უეჭველად მიემადლება, მხოლოდ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ისინი ცოდვებისგან განიწმენდენ საკუთარ თავს. ამ ხილვაში ზაქარია ხედავს, თუ როგორ შეუნდობს უზენაესი ხალხს ცოდვებს, თუმცა ამას თავად ხალხის ძალისხმევა და სურვილი სჭირდება.
       მხ. 1. ‘დამანახა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად".
საიდუმოებით მოცული პირი, რომელიც ზაქარიას იესო მღვდელმთავარს წარუდგენს, სავარაუდოდ, თავად უზენაესია. სწორედ ასე ესმოდათ აღნიშნული ადგილი ბიბლიის ბერძნული და ლათინური ტექსტის მთარგმნელებს.
       ზაქარია ხედავს მღვდემთავარ იესოს, რომელიც, მსგავსად ბრალდებულისა, უფლის ანგელოზის წინაშე დგას. მღვდელმთავრის მარჯვენა მხარეს სატანა განთავსებულა. იგი უზენაესის განაზრახს, რჩეული ერისთვის წყალობის მინიჭებას, ეწინააღმდეგება. ხილვაში იესო მღვდელმთავარი მთელი ერის წარმომადგენელია და არა კერძო პირი, რომელიც საკუთარი დანაშაულებებისთვის აგებს პასუხს. სატანა ძალმომრეობს; მას ჰსურს, პირველმღვდლისა და მისი შესვარული (წვირიანი) სამოსის სახით წარმოდგენილი იუდეველი ერი საღვთო წყალობის გარეშე დარჩეს, რადგან ამგვარი მზრუნველობას ეს ერი არ იმსახურებს. მხ. 2. ‘უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი, რომელმაც იერუსალიმი ამოარჩია! გან ეს ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალი არ არის?"
       იუდეველი ერის შეცოდებანი მართლაც დიდი იყო, მაგრამ იმავე ხალხმა ამ მიზეზით მრავალი შეჭირვება დაითმინა. ეს განსაცდელები ისეთი მძლავრი იყო, რომ ლამის მთელი ერი დაიღუპა და განადგურდა; ახლა კი იგი როგორც ცეცხლიდან მოწყვეტილი მუგუზალია და სასჯელების გახანგრძლივება დიდი უსამართლობა და სისასტიკე იქნებოდა.
მხ. 3-4. ‘იესოს წვირიანი სამოსელი ეცვა და იდგა ანგელოზის წინაშე. მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ წვირიანი სამოსელი! უთხრა მას: აჰა, წარგხოცე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსავ".
ღვთის მართლმსაჯულება აღსრულებულია. ამიერიდან ჟამია წყალობისა და სწორედ ამის ნიშნადუფლის ანგელოზს დამორჩილებული ანგელოზები მღვდელმთავარს შესვარულ სამოსელს გახდიან. თავად იესოს განემარტება, რომ ეს მოქმედება ცოდვათა შენდობას გულისხმობს. იმავე უფლის ანგელოზის მითითებით პირველმღვდელს ‘საზეიმო სამოსით" მოსავენ. ღადგან იესო მთელი ერის სახეა, მისთვის მინიჭებული გამართლებაც ერის გამართლებას გულისხმობს.წინამდებარე თავის ბოლო მუხლებში მღვდელმთავარსა და მის თვისტომთ აღთქმა ეძლევათ, რომლის თანახმადაც, მათთან მორჩილი მორჩი მიივლინება. აღნიშნულ სახელში მესია იგულისხმება .

თავი 4
ხილვა მეხუთე (ოქროს სასანთლე)


       მხ. 1-2. ‘მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარ: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ".
       უფლის ანგელოზი ზაქარიას მორიგ ხილვას უცხადებს. წინასწარმეტყველი ხედავს ოქროს სასანთლეს, რომლის თავზეც ლამპარი და შვიდი საწრეტია. განმარტების თანახმად, შვიდი ლამპარი რჩეული ერის სახეა, ერისა, რომელიც ღვთისშემეცნების ნათლით ბრწყინავს და წარმართულ წყვდიადს განანათლებს. ზეთი, რომელიც იწვის და ნათელს ჰფენს, სიმბოლურად ღვთის სულს განასახიერებს. ზაქარიას მიერ ნანახ სასანთლეს ისეთი მოწყობილობა აქვს, რომლის საშუალებითაც მას ზეთი არასოდეს მოაკლდება და, შესაბამისად, არც არასოდეს ჩაქრება.
ეფრემ ასური: ოქროს სასანთლე სამეფო პატივს ნიშნავს, რომელზეც დამყარებულია ყოველივე. მის მაღლა მდებარე ლამპარი სამღვდელოების სახეა. ორი ჯამი, რომელთაგანაც ერთი სასანთლის მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ არის განთავსებული, იუდეველი ერის ორი მმართველის ზორუბაბელისა და იესო მღდელმთავრის სიმბოლოა. მათგან ერთი ერთი მეფობისთვის არის ცხებული, მეორეკი მღვდელმთავრობისთვის).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ოქროს სასანთლე, სადაც შვიდი ლამპარია დამაგრებული, მახარაებლებსა და ეკლესიის მოძღვართ განასახიერებს, რომელთა გული და გონება ქრისტეს მიერაა განათლებული. ორი ჯამი ქრისტე ღმერთის სიმბოლოა. იგი თავადაა ნათელი. ორი ზეთისხილის ხე, ლამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომნი, ქრისტესთან მყოფ ორ ხალის სახეა: ერთნი იუდეველთაგან შემოკრებილი მისი მორწმუნეები და მეორე წარმართთა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული სიმრავლე).
ნეტარი იერონიმე: ოქროს სასანთლე ეკლესიის სიმბოლოა. ასევე შეიძლება ვთქვათ, რომ იგი ქრისტე ღმერთს განასახიერებს, რომელმაც საკუთარ თავზე ბრძანა: ‘არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ჴჳმირსა", ანუ რჯულის ქვეშ, არამედ ‘სასანთლესა ზედა" , ანუ სახარებისეულ მოძღვრებაზე. შვიდი ლამპარი სულიწმინდის შვიდი ნიჭია. ორი ზეთისხილის ხე ზოგის თქმით, მოსე და ელია წინასწარმეტყველების სიმბოლოა; სხვანი ძველსა და ახალ აღთქმას მოიაზრებენ).
ეპისკოპოსო პალადი: სასანთლე ლამპრებით ძველი აღთქმის იერუსალიმის ტაძარს განასახიერებს, რომელსაც ზორუბაბელი აშენებდა, ხოლო იყო რა იგი წინასახე ახალი აღთქმის ეკლესიისა, ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე სასანთლე ქრისტეს მიერ დაფუძნებული ტაძრის სიმბოლოა).
მხ. 6-10. წინამდებარე მუხლებში წარმოდგენილი ხილვა არა ზაქარიას თანამედროვე ძველაღთქმისეული ეკლესიის სიმბოლოდ წარმოგვიდგება, არამედ მომავალში, გარკვეული დროის შემდეგ იუდაური ეკლესიის ხელაახალ დიდებას წარმოაჩენს, როდესაც ტაძრის შენება განსრულდება და ღვთისმსახურება კვლავ მოსეს რჯულთან შესაბამისობაში აღესრულება. უფალი ამიერიდან ძალთა გამოვლინების არა გარეგნულ ფორმას გამოიყენებს, როგორც ხდებოდა ეს ეგვიპტიდან გამოსვლის ჟამს, არამედ სულის ძალას, რითიც ყოველივეს მოაწესრიგებს. ზორუბაბელის წინაშე თითქოს დიდი მთა აღმართულა გადაულახავ წინაღობად , მაგრამ ეს მთა ვაკედ იქცევა ანუ ზორუბაბელი დაიწყებს და ბოლომდე მიიყვანს საქმეს. ამიტომაც, ვინც ყოველივე ზემოთქმულის წარმატებაში ორჭოფობს, ან ახლადაგებული ტაძრის დიდებას ძველთან შედარებით ეჭვის თვალით შესცქერის, თავიანთი ორგულობა დაუტეონ და დარწმუნდნენ, რომ განსაკუთრებული დიდება იმ ტაძრის ხვედრია, რომელიც გარეგნულად არც თუ დიდი კეთილმშვენიერებით გამოირჩევა.
მხ. 11-14. ზაქარია ორი ზეთისხილის ხეს ხედავს და კითხულობს, თუ რას განასახიერებენ ისინი. ანგელოზის პასუხით, ‘ორნი ცხებულნი არიან ესინი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი". ორი ცხებული იესო მღვდელმთავარი და ზორუბაბელია, სამეფო და სამღვდელო მოდგმის წარმომადგენელნი.

თავი 5
ხილვა მეექვსე (მფრინავი გრაგნილი)


       მხ. 1-2. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი მე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით - ათი წყრთა".
მორიგ ხილვაში წინასწარმეტყველი აფრიალებულ გრაგნილს ხედავს, რომლის ზომაც საკმაოდ დიდია, სიგრძით 20 წყრთა (9 მეტრი), სიგანით 10 წყრთა (4.5 მეტრი).
წმ. კირილე ალექსანდრიელეი: ტყუილი და ქურდობა სწორედ ეს ორი მოვლენაა ასახული გრაგნილზე და ამის ჩამდენი მკაცრად დაისჯება. საქმე ისაა, რომ ზაქარიას მოღვაწეობისას უკეთურებათა შორის ხსენებული ორი ცოდვა სჭარბობდა. ქურდობაში დარიოსისა და სპარსეთში მცხოვრები ებრაელების მიერ ტაძრის მშენებლობისთის გამოყოფილი თანხების მითვისება, ეკლესიის ასაგებად დაგროვებული მასალის მისაკუთრება და მსგავსი უზნეობანი იგულისხმება.
       მეექვსე ხილვიდან მცირეოდენი დროის შემდეგ ზაქარიას კვლავ ეცხადება ანგელოზი და ახალი ხილვისთვის განამზადებს.
ხილვა მეშვიდე (საწყაულში მჯდომარე ქალი):
მხ. 5-6. ‘გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს. ვუთხარი: რა არის-მეთქი? მითხრა: ეს საწყაული ჩანს. და თქვა: ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე". წინასწარმეტყველი ხედავს საწყაულს. იუდეველთა შორის ეფა ყველაზე დიდი საზომი ხელსაწყოა მარცვლოვანი მოსავლის ასაწონად. ანგელოზის განმარტებით, საწყაული ნიშნავს იმას, რომ შეუნანებელი ცოდვები ყველანაირ საზღვარსა და ჩარჩოებს გადასცდა.
მხ. 7-8. ‘აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში. თქვა: ეს არის ბოროტებაო და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედა".
       წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ ამოიწია ტყვიის ნაჭერი და გახსნილი ეფის სივრციდან დედაკაცი გამოჩნდა. იგი უკეთურებას განასახიერებდა და მაშინვა ღია სივრცე კვლავ იმავე ტყვიის ნაჭრით დაიფარა.
მხ. 9. ამის შემდეგ ორი ფრთიანი დედაკაცი გამოჩნდა, რომლებიც დიდ მანძილს ფრთების საშუალებით სწრაფად ფარავდნენ. ეს იყო წეროს ფრთები. დედაკაცებმა საწყაული ასწიეს და ცასა და დედამიწას შორის სენაარის ქვეყნისგენ გადაადგილეს.
ეპისკოპოსი პალადი: განმმარტებელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საწყაულში მჯდომი ქალის სენაარის ქვეყანაში გადაყვანა ცოდვისა და მადლის საბოლოო განყოფის მომასწავლებელია. ცოდვილნი მარადიულ სამკვიდროს სენაარში, ბაბილონში ჰპოვებენ, რაც სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს.  მხ. 10-11. ‘ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული? მითხრა: შინყარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ; და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი".

თავი 6
ხილვა მერვე (ოთხი ეტლი):


       მხ. 1. ‘კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, ოთხი ეტლი, ორ მთას შორის გამომავალი; მთები კი სპილენძისა იყო".
წარმოდგენილი ხილვა სიმბოლურად იერუსალიმში ხდება. ზაქარია ხედავს ოთხ ეტლს, რომლებიც ორ მთას შორის გამოდიან, მთები კი სპილენძისაა. ისინი რომ სპილენძისანი არიან, ამით იმ ადგილის სიმტკიცეზეა მითითება, სადაც უფალი მკვიდრობს.
       მხ. 2-3. პირველი ეტლი წითელი ცხენებით, მეორე ეტლი შავი ცხენებით, მესამე თეთრით და მეოთხე ეტლი ნისლისფერი ულაყებით შეეკაზმათ.
მხ. 4-5. ‘ხმა გავიღე და ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მომიგო ანგელოზმა და მითხრა: ცის ოთხი სულია ესენი, იმ ადგილიდან გამომავალნი, სადაც მთელი ქვეყნის უფლის წინაშე დგანან".
       წინამდებარე რიგით ბოლო ხილვა პირველთანაა კავშირში. პირველში განსხავავებული ფერის ცხენები მთელს ქვეყნიერებას შემოივლიან, რომ შეიტყონ, თუ რა მდგომარეობაში არიან სახელმწიფოები და ხალხები. ამჯერად კი ეტლები იმავე ფერის ფერის ცხენებით გაეწყობიან და ქვეყნიერების ყველა კუთხეში წარმართებზე ღვთის მსჯავრის აღსასრულებლად მიემართებიან. სამხედრო ეტლებით წარმოდგენილი ზეციური ძალები დამღუპველ ლაშქრობებს მიუვლენენ წარმართულ სახელმწიფოებს. მერვე ხილვის მთავარი არსი ისაა, რომ წარმართი ხალხები თავიანთი უღმერთობისა და უკეთურებების გამო უზენაესისგან საშინელ სამსჯავროს განიკუთვნებენ.
       მხ. 6-7. ‘მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. მათგან შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყნისკენ არიან გამოსულნი, თეთრები მათ უკან გამოვიდნენ და ამლაყები სამხრეთის ქვეყნისკენ მიდიან. ნისლისფერნი გამოვიდნენ და ქვეყნის შემოვლა მოინდომეს. უთხრა: წადით, მოიარეთ ქვეყანა! და მოიარეს ქვეყანა".
       შავი ცხენები ჩრდილოეთის ქვეყანაში გაემართნენ, ხოლო თეთრები სამხრეთისკენ. წინამდებარე მუხლებში ძირითადი ყურადღება ჩრდილოეთისა და სამხრეთის ქვეყანებიკენაა მიმართული. პირველში ბაბილონი მოიაზრება, მეორეში კი ეგვიპტე. დანარჩენი ეტლები სხვა წარმართულ სახელმწიფოებში იგზავნებიან.
მხ. 8. ‘დამიყვირა და ასე და ელაპარაკა: შეხედე, ჩრდილოეთის ქვეყნისკენ გასულებმა დააცხრეს ჩემი სული ჩრდილოეთის ქვეყანაში".
ბაბილონი, რომელიც ძველი აღთქმის რჩეულ ერს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა, ღვთის რისხვას აღმატებულ ხარისხში დაექვემდებარება. მხ. 9-10. ‘იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: აიღე ძღვენი გადასახლებულთაგან - ხელდაისგან, ტობიასგან, და იედაყიასგან და წადი დღესვე და შედი იოშია ცეფანიას ძის სახლში, სადაც ისინი მივიდნენ ბაბილონიდან".
       მე-6 თავის მეორე ნახევარი კომენტატორთა მიერ არაერთგვაროვნად განიმარტება. მასში ნათქვამია, რომ ბაბილონში დარჩენილმა იუდეველებმა, რომლეთაც სამშობლოში დაბრუნებული თანატომელების დახმარება განიზრახეს ტაძრის მშენებლობის საქმეში, იმპერიაში მცხოვრებ ებრაელთა შორის რჩეული სამი პირი წარმოგზავნეს (ხელდაი, ტობია და იედაი) ოქროთი და ვერცხლით. ზაქარია უფლისგან ღებულობს განჩინებას, რომ ბაბილონიდან ელჩების ჩამოსვლისთანავე ვინმე იოსიასთან მივიდეს სახლში, სადაც სტუმრები ბინას დაიდებენ.
       მხ. 11. ‘გამოართვი ვერცხლი და ოქრო, გააკეთე გვირგვინი და დაადგი თავზე იესო დეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს".
წინასწარმეტყველმა მას შემდეგ, რაც ჩამოსულებს ოქროსა და ვერცხლს გამოართმევს, გვირგვინი უნდა გააკეთოს და მღვდელმთავარ იესოს თავზე დაადგას. ტექსტში გვირგვინი მრავლობითი რიცხვითაა გადმოცემული, ამიტომაც ერთ-ერთი განმმარტებელი მიიჩნევს, რომ ზაქარიას ორი გვირგვინი უნდა მოემზადებინა და ერთი იესოს და ერთიც ზორუბაბელისთვის დაედგა.
       მხ. 12-13. ‘უთხარი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს. ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის".
       გვირგვინის თავზე დადგმა, რისი უფლებაც მღვდელმთავარს კანონის თანახმად არ გააჩნდა, მხოლოდ სიმბოლური შინაარსის უნდა იყოს. ‘აჰა, კაცი - მორჩია მისი სახელი; თავისი ადგილიდან აღმოცენდება და ააშენებს უფლის ტაძარს" – წარმოდგენილ უწყებაში ისტორიული კუთხით ზორუბაბელი მოიაზრება, ხოლო სიმბოლურად – იესო ქრისტე, რომელიც თავის თავში მეფისა და მღვდელმთავრის ფუნქციებს აერთიანებს.
მხ. 14. ‘გვირგვინი ჰქონდეს ხელემს, გობიას, იედაყიას და ხენ ცეფენიას ძეს სამახსოვროდ უფლის ტაძარში". გვირგვინი ტაძარში უნდა განათავსონ შემომწირველთა სამახსოვროდ. იუდაურ გადმოცემაში მართლაც არის შემორჩენილი ცნობები ზაქარიას მიერ დამზადებული გვირგვინის ტაძარში შენახვის თაობაზე.  მხ. 15. ‘შორსმყოფნი მოვლენ და ააშენებენ უფლის ტაძარს, მიხვდებით, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა თქვენთან. ეს მოხდება, თუ გაგონებით გაიგონებთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას".
ბაბილონში დარჩენილთაგან შემოწირულობები არ იქნება ერთჯერადი მოვლენა და ასეთი რამ მრავალგზის აღესრულება.

თავი 7


       მხ. 1-3. ‘დარიოს მეფის მეოთხე წელს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ მეცხრე თვის, ქისლესის, ოთხში. გაგზავნა ბეთელის ხალხმა შარეცერი და რეგემ-მელექი მათი კაცებითურთ სამხვეწროდ უფლის წინაშე და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?"
       იერუსალიმის დაცემისა და განადგურების მოსაგონებლად განთესილ იუდეველთა შორის მარხვის დღეები დაწესდა, რაც ტყვეობის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. არსებობდა ოთხი სახის მითითებული მარხვა: 1. მეათვე თვის მარხვა (მეათვე თვის მეათე დღე. სწორედ ამ დროს მოექცა იერუსალიმი ალყაში ნაბუქპდონოსორის მიერ). 2. მეოთხე თვის მარხვა (მეოთხე თვის მეცხრე დღეს იერუსალიმის ჩრდილოეთი კედელი ჩამოიქცა და მტერი დედაქალაქში შეიჭრა); 3. მეხუთე თვის მარხვა (იერუსალიმის ტაძრისა და ქალაქის გარშემომზღუდავი კედლის დაქცევის დღე, რასაც იუდეველნი განსაკუთრებული გულისტკივილით იგონებდნენ); 4. მეშვიდე თვის მარხვა (აღნიშნული მოვლენა გოთოლიას მკვლელობას უკავშირდებოდა).
       დარიოსის მეფობის მეოთხე წელს ტაძრის მშენებლობის საქმე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მთელი ძალით წარიმართა, რამაც ხალხის ნაწილში ორჭოფობა გამოიწვია: იყო თუ არა საჭირო მეხუთე თვის ტაძრის დაქცევასთან დაკავშირებული მარხვის შენახვა მაშინ, როდესაც წარსული უბედურების კვალი ახალი ტაძრის სახით ფაქტობრივად წარხოცილია. უფალი ზაქარიას ეცხადება და ავალებს, რომ იგი ბეთილში წავიდეს და ხსენებული საკითხის თაობაზე ღვთის ნება განაცხადოს. კომენტატორთა ნაწილი ბეთილში ტაძარს მოიაზრებს (ბეთილი – სახლი ღვთისა), მეორენი კი ბეთილს ქალაქად მიიჩნევენ. იუდეის მკვიდრი მოსახლეობა ელჩებს აგზავნის იერუსალიმში, რომ მღვდელმთავრისა და მღვდლების მიერ პასუხი გაეცეს მარხვასთან დაკავშირებულ საკითხს.
მხ. 4. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:"
სამრვდელოება დასმული კითხვის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ამიტომაც სწორედ ზაქარიას ბაგეებით უფალი თავის ნებას განუცხადებს მოსულ ელცებს.
       მხ. 5-6. ‘უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით? როცა ჭამთ და როცა სვამთ, განა თქვენთვის არა ჭამთ და თქვენთვის არა სვამთ?"
გაცემული პასუხით ცნაურდება, რომ შემკითხველები რჯულით დადგენილი მარხვების შემდეგ, მოგვინებით შემოღებულ თავშეკავებას განსაკუთრებულ ზნეობრივ დატვირთვას სძენდნენ. ზაქარია არა მარტო საეროებს, არამედ სამღვდელოებასაც მიმართავს. ტყვეობის პერიოდში მღდლებმა ხსენებული მარხვები დაადგინეს, ხოლო ერი კი საკმოდ დიდი დროის მანძილზე აღასრულებდა მათ, მაგრამ ჰქონდა კი ამას რაიმე ზნეობრივი დატვირთვა? ღმერთს მითითებული თავშეკევებანი არ დაუდგენია და, შესაბამისად, არც არანაირ შეხებაშია მათთან. ადამიანი ჭამს და სვამს საკუთარი თავისთვის. მარხვას თავისთავად პიროვნება არ მიჰყავს ზნეობრივ სრულყოფამდე. თუკი რომელიმე მარხვა მისთვის შეუფერებელი მოლოდინებით დაიტვირთა, ასეთ თავშეკავებას ძალუძს უფლის მიერ გაცხადებული მცნებებისა და დადგენილებებისგან მიდრიკოს ადამიანის გონება.
ზაქარია ამხელს არასწორ დამოკიდებულებას, რომლის თანახმადაც ხალხმა ძირითადი საუფლო დადგენილებები უარყო, დაივიწყა და მთელი ყურადღება მეათეხარისხოვან მოვლენებზე გადაიტანა. წინასწარმეტყველი მსმენელს შეაგონებს, თუ რისი კეთებაა საჭირო: ‘ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ქმენით ჭეშმარიტი სამართალი, სიკეთით და მოწყალებით მოექეცით ერთმანეთს; ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის" (მხ. 9).

თავი 8


       მხ. 1-2. ‘იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ნათქვამი. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დიდი შურითა და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის მიმართ".
უფალი სიონის მიმართ საკუთარ გრძნობებზე საუბრობს, თუ როგორ უყვარს ის. სიონში ძველი აღთქმის რჩეული ერი მოიაზრება, ხოლო რისხვა კი წარმართებს მიემართება, რომლებმაც მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს იუდეველებს.
მხ. 3… ‘ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა".
       უფალი სიონში დაბრუნდება და იერუსალიმში დამკვიდრდება, ტაძარში, რომელიც მან თავის დროზე დატოვა. უფლის წყალობა არა მარტო იერუსალიმში მყოფ ადამიანებს მიემადლებათ, არამედ მთელს მსოფლიოში გაბნეული რჩეული ერის წარმომადგენელთ. ისინი შეძლებენ ქვეყნიერების ყველა კუთხიდან (აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე) დაუბრუნდნენ საკუთარ სამშობლოს. ისრაელის ძეთა რაოდენობა ისე განივრცობა, რომ იერუსალიმი სავსე იქნება ყველა ასაკის ადამიანით.
წარმოდგენილი თხრობა გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა სიმბოლურადაც განიმარტება. იერუსალიმში ახალი აღთქმის ეკლესია მოიზრება, რომლის წიაღშიც, ეროვნების, სქესის, ასაკის განურჩევლად ნებისმიერ ადამინს ძალუძს დამკვიდრდეს.

თავი 9


       მხ. 1. ‘განაჩენი, სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს)".
წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი წარმართული სახელმწიფოების შესახებ წინასწარმეტყველებებს ეთმობა, რომლის თავშიც ხადრაქის ქვეყანაა ნახსენები. რას ნიშნავს ხადრაქის ქვეყანა? ამასთან დაკავშირებით ბიბლიური ტექსტის მკვლევართა შორის მრავალი მოსაზრება გამოითქვა. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხადრაქის მიწა აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი ემათსა და დამასკოს ესაზღვრებოდა. თეოდორიტე კვირელი: ხადრაქი ერთ-ერთი არავიული ქალაქია. ნეტარი იერონიმე: ‘ამ სიტყვების ზუსატი შინაარსი ასეთია: ღვთის სიტყვა აღსრულდება, რაც შემზარავი იქნება ცოდვილთათვის და სიმშვიდის მიმნიჭებელი – მართალთათვის, რადგან სწორედ ასე განიმარტება სიტყვა ხადრაქი (Aდრაცჰ), რომელიც ორი სიტყვისგან შედგება: ად – ნიშნავს ‘მკაცრს, მწვავეს" და რაცჰ – ‘ფაქიზს, სათუთს" . აქვეა ნახსენები დამასკოც.
მხ. 2. ‘და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ".
       განაჩენი ხამათსაც განეკუთვნა. იგი სირიული ქალაქია. სირიის ორი მთავარი ქალაქის დამასკოსა და ხამათის შემდეგ წინასწარმეტყველი ფინიკიელთა უმნიშვნელოვანეს ქალაქებს ტვიროსსა და სიდონს ასახელებს. მათი დასჯის მიზეზად საკუთარი თავის მეტისმეტად განბრძნობა სახელდება.
მხ. 3-4. ‘აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით. აჰა, უფალი ცარიელზე დასტოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება".
საუბარია ახალ ტვიროსზე, რომელიც კინძულზე იყო განლაგებული და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქს წარმოადგენდა.
       მხ. 5-6. ‘იხილავს აშკელონი და შეეშინდება, ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი; გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი. უცხოთესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტავნობას".
წინამდებარე მუხლებში ფილისტიმელთა ქალაქებია ჩამოთვლილი. ზაქარიას მითითებით რისხვა, რომელიც მათზე მოიწევა, გამანადგურებელი იქნება.
მხ. 7. ‘პირიდან გამოვგლეჯ სისხლს და სისაძაგლეებს კბილებს შორიდან; ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი ებუსეველის მსგავსად შეირაცხება".
       ფილისტიმელები მთლიანად განადგურდებიან. აღნიშნული წინასწარმეტყველების აღსრულებას განმმარტებლები მაკაბელთა ეპოქას უკავშირებენ. სწორედ ამ უკანასკნელებმა დაიპყრეს დასავლელი მეზობლები. მაცხოვრის ქვეყნიური მოღვაწეობისას ფილისტიმელთა სახელმწიფო იუდეის შემადგენლობაში შედიოდა. ადგილობრივმა ფილისტიმურმა მოსახლეობამ მოგვიანებით ქრისტიანული სარწმუნოება მიიღო. ამ რეგიონის ეპისკოპოსები IV, V, VI საუკუნეებში გამართულ საეკლესიო კრებებში მონაწილეობდნენ.
მხ. 9. ‘იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართლი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე".
წარმართული სახელმწიფოებიდან ზაქარიას ყურადღება სიონის ასულისკენ იერუსალიმისკენ გადააქვს. წინასწარმეტყველი ხედავს, როგორ მიემართება იუდეველთა დედაქალაქში მესია-მეფე და ეს მსვლელობა ხსენებული მეუფის მშივიდობისმოყვარებასა და სიმდაბლეზე მიუთითებს. ერთ-ერთი განმმარტებელი შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში სახედარზე ამხედრებული ადამიანი ჩვეული მოვლენა იყო და დასაცინად არ მიიჩნეოდა, თუმცა მიუხედავად ამისა არც მეფეები, არც ცნობილი პირები სამგზავროდ მას არ იყენებდნენ. მოხმობილი წინასწამრეტყველება მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლისას აღესრულა. განსაკუთრებული თანხმობაა ზაქარიასა უწყებასა და მათე მახარებლის შესაბამის ცნობებს შორის, სადაც მდედრი სახედარი და ჩოჩორია ნახსენები . განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მაცხოვრის მიერ დედაქალაქში შესასვლელად გამოყენებული ხერხიიუდეველთა ხორციელი, ვნებიანი მოლოდინების მკაცრ მხილებას ემსახურებოდა.


თავი 10


       მხ. 1. ‘შესთხოვეთ უფალს წვიმა გვიანი წვიმობის ჟამს; უფალი მოიღებს ღრუბელს და მისცემს მათ წვიმის ღვარს, ჯეჯილს ყველასთვის ყანაში. რადგან თერაფიმები ამაოდ ლაპარაკობენ, მისნები ტყუილს ხედავენ და ცრუ სიზმრებს ყვებიან; ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი".
უფალი წარმოდგენილია როგორც ერთადერთი არსი, რომელსაც ადამიანი თხოვნით უნდა მიმართავდეს, ხოლო იგივე სახის ვედრება თერაფიმებისადმი უსარგებლოა. საკითხი კერპების შესახებ ტყვეობის შემდეგ პერიოდშიც აქტუალურია. მართალია, ამ ეპოქის იუდეველთა შორის კერპმსახურებისადმი პირდაპირი მიდრეკილებანი ნაკლებად გვხვდება, მაგრამ ღვთისმბრძოლი და ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომილების სული არ აღმოფხვრილა და ძველი ინერციით კვლავაც ცოცხლობდა. ერთ-ერთი კომენტატორი შენიშნავს: ზაქარიას დროისთვის, ეჭვი არაა, იუდეველთა შორის თერაფიმები აღარ არსებობენ, მაგრამ კერპმსახურების სული ბოლომდე არ აღმოფხვრილა ისევე, როგორც ნეემიასთან დაპირისპირებული ფსევდო წინასწარმეტყველები მაკაბელთა მოღვაწეობისას ასპარეზსს ტოვებენ, მაგრამ ცრუ მოძღვრებსა და ცრუ მესიებს უთმობენ ადგილს, რომლებშიც იგივე მზაკვრობის სული მკვიდრობს. ფაქტობრივი გარემოებები იცვლება, მაგრამ შინაარსი იგივეა. დანარჩენ მუხლებში საუბარია იმის შესახებ, თუ როგორ დააბრუნებს უფალი მსოფლიოში გაბნეულ იუდეველებს საკუთარ სამშობლოში.


თავი 11


       მხ. 1-3. ‘გააღე, ლიბანო, შენი კარი, რომ ცეცხლმა შეგიჭამოს ნაძვები! ივალალე, ალვავ, რადგან დაეცა ნაძვი, რადგან გაიძარცვნენ ძლევამოსილნი! ივალალეთ, ბაშანის მუხებო, რადგან დაემხო გაუვალი მაღნარი! გაისმის მწყემსთა ვალალების ხმა, რადგან გაიძარცვა მათი მშვენება! ლომთა ბრდღვინვის ხმა, რადგან გაიძარცვა იორდანეს დიდება!"
წინამდებარე მუხლები იუდეველების თავს გადამხდარი მოვლენების შესახებ გვამცნობენ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზაქარია ებრაელთა მიერ ქრისტეს უარყოფაზე საუბრობს და სწორედ ამ მიზეზით მოიწევა იუდეაზე უდიდესი განსაცდელები, რაც რომაელთა ხელით აღსრულდა ტიტესა და ვესპასიანეს ლაშქრობებისას).
       მხ. 4-5. უფლისგან განსჯილი რჩეული ერი დასაკლავად განწირულ ცხვრის ფარას უდარდება, რომლის მიმართაც არავინ განიცდის სინანულს.
მხ. 11-13. ‘გატყდება იმ დღეს და მიხვდებიან ჩემი შემყურე დაბეჩავებული ცხვრები, რომ ეს უფლის სიტყვაა. ვეტყვი მათ: თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და ნუ მომცემთ; და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს. მითხრა უფალმა: ჩაყარე ისინი საგანძურში - საუკეთესო საფასურია, როგორც დავფასდი მათგან. მეც ავიღე ოცდაათი ვერცხლი და ჩავყარე უფლის სახლის საგანძურში".
ეკლესიის მამები წინამდებარე მუხლების განმარტებისას მათში აღნიშნულ მოვლენებს სახარებისეულ ამბავს უკავშირებენ, სადაც იუდას ქმედებაა აღწერილი ოცდაათ ვერცხლთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათე მახარებელი წინასწარმეტყველების ავტორად იერემიას ასახელებს . ამ საკითხის განსამარტად მრავალი მოსაზრება იქნა გამოთქმული. ზოგი თვლიდა, რომ მახარებელმა შეცდომა დაუშვა, ზეპირად, მეხსიერებაზე დაყრდნობით ციტირებისას მან ზაქარიას სიტყვები უნებურად იერემიას განუკუთვნა.

       სხვანი მიიჩნევენ, რომ მათე მახარებელმა ციტირება იერემიას ერთ-ერთი უცნობი წინასწარმეტყველებიდან მოახდინა. ნეტარი იერონიმეს თქმით, მას ნაზორეველთა სექტის წარმომადგენელმა იუდეველმა იერემიას სახელთან დაკავშირებული აპოკრიფი მიუტანა, რომელსაც ზედმიწევნით თანხვდებოდა მახარებლის მიერ ციტირებული სიტყვები. ზოგიერთის აზრით, უძველეს დროს იერემიას წიგნი საწინასწარმეტყველო წიგნების თავში მდებარეობდა, ამიტომაც რიგ შემთხვევაში საწინასწარმეტყველო წიგნების კორპუსი სწორედაც რომ იერემიას სახელს ატარებდა და მახარებელი, ახსენბეს რა იერემიას, სინამდვილეში ზაქარიას გულისხმობს. სხვების ვარაუდით, ზაქარიას წიგნის მე-9, მე-10, მე-11 თავებში გადმოცემული მოძღვრება გაცილებით ადრე წარმოთქვა იერემიამ, რაც ზეპირსიტყვიერად შემდგომ თაობებს გადაეცემოდა, ხოლო ზაქარიამ კი საბოლოოდ საკუთარ წიგნში წერილობით დააფიქსირა. მორიგი ვერსიის თანახმად, თავდაპირველად მახარებელთან არა იერემია, არამედ ზაქარია ეწერა, ხოლო ცვლილება ერთ-ერთი გვიანდელი გადამწერის შეცდომამ გამოიწვია, რაც სხვა ხელნაწერებშიც აისახა.
მხ. 14-16. აღნიშნული ქმედების შედეგად მწყემსი კეთილი ხელს აიღებს რჩეული ერის წინამძღვრობაზე, მაგრამ რადგან შეუძლებელია კეთილ მოძღვარზე უარის თქმის შედეგად ისინი წინამძღვრის გარეშე დარჩნენ, ამიტომ უგუნურ და სასტიკ მწყემსს გადაეცემიან.

თავი 12


       მხ. 1-9. წინამდებარე თავის ძირითადი უწყება წარმართი ხალხების რჩეულ ერთან ბრშძოლას უკავშირდება, რაც ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფი იუდეველებისთვის უსაფრთხო იქნება. სწორედ მაშინ გახდება საცნაური უფლის შემწეობა. ზეგარდამო ძალით განმტკიცებულ იუდეველთა შორის თვით ყველაზე უძლურნიც კი შეიქმნებიან ვითარცა დავითი.
მხ. 10. ‘გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან".
ეკლესიის მამები ზაქარიას უწყებაში მაცხოვრის მოკვდინების შესახებ უწყებას ხედავენ.
       მხ. 11. ‘იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში".
გლოვა ისეთი იქნება, როგორც თავის დროზე ჰადადრიმონში მომხდარ მოვლენებს ახლდა. აქ იუდეველთა ერთ-ერთ უღირსეულეს მეფე იოშიას შესახებაა საუბარი. ძვ. წ. აღ.-ის 609 წელს მეგიდოს ველზე ეგვიპტელებთან გამართული ბრძოლისას ფარაონმა ნეხაობ იუდეველთა მეფე სასიკვდილოდ დაჭრა. იოშია სასწრაფოდ იერუსალიმში გადაიყვანეს, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა, რასაც რიგით მოსახლეობაში ენით გამოუთქმელი მწუხარება და გლოვა მოჰყვა . ღირსეული მეფე, როგორც ერთ-ერთი განნმარტებელი შენიშნავს, იუდეველთა უკეთურების მიზეზით თავსდატეხილ უდიდეს რისხვას შეეწირა და არა საკუთარ ცოდვებს.


თავი 13


       წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი ცრუ წინასწარმეტყველთა აღმოფხვრის შესახებ გვაუწყებს.
მხ. 7. ‘მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი. დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს" .
მოცემულ მუხლში გადმოცემული სიტყვები წინასწარმეტყველებაა მესიანური მომავლის სესახებ და ახალ აღთქმაში მეორდება . განნმარტებელთა თქმით, აქაა უწყება მაცხოვრის შეპყრობისას მოციქულთა მიმოფანტვის შესახებ და ასევე, ზოგადად, ქრისტიანთა დევნიასას არსებული მდგომარეობის თაობაზე.  მხ. 8-9. ყველა, ვინც მწყემსის მოკვდინებაში მიიღებს მონაწილეობას, სათანადოდ დაისჯება.


თავი 14


       მხ. 1-2. იერუსალიმი დაპყრობილი იქნება, ხალხის ნახევარი დაიღუპება, მეორე ნახევარი ტყვეობაში აღმოჩნდება, ნაწილი კი გადარჩება.
მხ. 3-5. ‘გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად".
       სწორედ ამ დიდი შეჭირვებისას უფალი თავისი რჩეული ერის დასაცავად გამოვა და მის მტრებს შეებრძოლება, როგორც წარსულშიც მომხდარა მრავალგზის და ისრაელის წინააღმდეგ აღმართული ძალები სასწაულებრივად დაუმარცხებია. იერუსალიმის მკვიდრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაქცევით უშველონ თავს. უფალი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე ელეონის მთაზე დადგება, მთა ორად გაიყოფა, დასავლეთიდან ვიდრე აღმოსავლეთამდე და ვისაც ჰსურს, საფრთხეს გაექცეს, ამ შუალედური გზით ძალუძს გაქცევა.
       მხ. 6-7. ‘იმ დღეს აღარ იქნება ნათელი, არამედ, სიცივე და ყინვა. იქნება ერთი დღე, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე; მხოლოდ საღამოჟამს იქნება ნათელი". სწორედ ამ დროს შეიცვლება სამყაროს წესრიგი. აღარ იქნება განსხვავება დღესა და ღამეს შორის, მნათობები ნათებას შეწყვეტენ. წარმოდგენილ მუხლებთან დაკავშირებით ეკლესიის მამები განსხვავებულ კომენტარებს გვთავაზობენ. თეოდორიტე კვირელი აღნიშნულ უწყებას მაცხოვრის ჯვარცმის დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. ნეტარი იერონიმე სინათლისა და სიბნელის აღრევას, სიცივესა და ყინვას მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ კაცობრიობაში არსებული სულიერი მდგომარეობის სახედ აღიქვამს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი სიცივესა და ყინვაზე საუბრით ღამეზე მიუთითებს, როდესაც უფალი დედამიწაზე მოვა და ყოველივეს სასიკეთოდ გარდაქმნის. სწორედ მაშინ აღარ იქნება არც ღამე, არც დღე.
       მხ. 8. იერუსალიმიდან იმ დღეს სიცოცხლის წყალი დაიწყებს აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.  მხ. 10-11. იერუსალიმი, როგორც ღვთის სამკვიდრებელი, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება და მთელი ქვეყნიერების ცენტრი გახდება. მაშინ სრული მყუდროების ჟამი დადგება. მხ. 20-21. წიგნის დასასრულს წინასწარმეტყველი საუბრობს დროზე, როდესაც აღარ იქნება სხვაობა წმინდასა და არაწმინდას შორის, როდესაც დადგება ჟამი საყოველთაო განწმენდისა და უკეთურების მარადიული დამარცხებისა. მაშინ ისეთ ნივთებზე, როგორიცაა ცხენის ზანზალაკები, შესაძლებელი გახდება მღდელმთავრის სამოსელზე ამოტვიფრული სიტყვები დაიწეროს: ‘სიწმინდე უფლისა". უფლის სახლში არსებული ქვაბები, სადაც სამსხვერპლო ხორცი იხარშებოდა, არანაკლები სიწმინდის იქნება, ვიდრე საკურთხეველში განთავსებული თასები. და საერთოდ, იერუსალიმსა და იუდაში არსებული ყველანაირი ნივთი წმინდა იქნება და ღვთისმსახურებისას გამოყენებას დაექვემდებარება. ამრიგად, 20-21 მუხლებში ლევიტური მსახურების დასრულებაზეა მითითება, რომლის მიხედვითაც ყველაფერი წმინდა და არაწმინდა ურთიერთისგან განიყოფებოდა. ზაქარია იმ დროის შესახებ გვაუწყებს, როდესაც მოსეს რჯულით გათვალისწინებული განსაზღვრებანი თავიანთ მნიშვნელობას დაკარგავენ.

♦ წინასწარმეტყველი ზაქარია 

ნახვა: 951

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters