ნაუმის წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1

       მხ. 1. ნინევეს განაჩენი. ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი" . ნაუმის წიგნის დასაწყისში წარმოდგენილი პირველი სიტყვა მრავალენოვან უძველეს ბიბლიურ რედაქციებში განსხვავებული მნიშვნელობის მქონე ტერმინებითაა გადმოცემული. მაგალითად, 70 მთარგმნელი ებრაულ მასსა-ს გადმოგვცემს ტერმინით ლ§მმა, რაც მიღებას, მოგებას, შემოსავალს ნიშნავს. თარგუმი იმავე ებრაულ სიტყვას სიმძიმედ, ტვირთად წარმოგვიდგენს. მასსა ლათინურ ბიბლიაში თარგმნილია როგორც ონუს, რაც ასევე სიმძიმეს, ტვირთს გულისხმობს.

ნეტარი იერონიმე: აღნიშნული ტერმინი წინასწარმწტყველების დასაწყებად გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადმოსაცემი მოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია და სიმძიმითაა აღსავსე ანუ მოცემულ შემთხვევაში წიგნში გაჟღერებული მუქარის სირთულის ხარისხზე მიუთითებს). ამავე ებრაულ ტერმინს თანამედროვე ბიბლეისტები აღიქვამენ როგორც გამონათქვამს, თქმულს (ე. ი. მასსა-გამოთქმას). თუკი ყურადღებას იმ ადგილებს მივაპყრობთ, სადაც მითითებული ტერმინია გამოყენებული (განსაკუთრებით ესაიას წინასწარმეტყველებას), ვნახავთ, რომ მასსა მრისხანე, შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებებს გულისხმობს, რომლებიც წარმართულ სახელმწიფოებს მიემართება . ნაუმის წიგნი ნინევიის დაღუპვას გვამცნობს, ამიტომაც მას შეიძლება ვუწოდოთ მძიმე საწინასწარმეტყველო სიტყვა ნინევიის შესახებ" ან ’მრისხანე წინასწარმეტყველება".

       წიგნის დასაწყისში გვხვდება მითითება: ელკოშელი ნაუმის წიგნი. ხაზგასმული ტერმინის შესახებ ორი მოსაზრება არსებობს:

1). ელკოშელში წინასწარმეტყველის მამის სახელი მოიაზრება – ელკოშეთი.

2). ელკოშეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი ტერმინია და ნაუმის საცხოვრებელ ადგილს ეწოდებოდა.

წარმოდგენილი ორი მოსაზრებიდან პირველის საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილის ებრაულსა და ბერძნულ ტექსტებში ყველგან, სადაც მსგავსი შემთხვევაა, ყოველთვის წარმოდგენილი წოდების გვერდით გვხვდება ტერმინი ძე. მაგალითად, ხილკიას ძე, ბუზის ძე, ამოსის ძე და ა. შ. (შდრ. ელკოშელი ნაუმი). ამასთანავე ნაუმის მამა არ იხსენიება არც ბიბლიაში, არც საეკლესიო გადმოცემაში.

ნეტარი იერონიმე: "ელკოშელი ნაუმი" ამ სიტყვებთან დაკავშირებით ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ელკოშეთი ნაუმის მამა იყო და რომ ის, იუდაური გადმოცემის თანახმად, მსგავსად შვილისა, თავადაც წინასწარმეტყველად იწოდებოდა. ამასთანავე, გალილეაში ჩვენს დრომდე არსებობს სოფელი ელკოშეთი, თუმცა ის საკმაოდ მცირე ზომისაა, აქ არსებული ნანგრევები ძველ დროებაზე მიუთითებენ. იუდეველებმა იციან მისი სიძველის შესახებ, რაზეც ჩემმა მეგზურმაც მიმითითა).

მსგავსადვე, წმინდა კირილე ალექსანდრიელი, ნეტარი თეოფილაქტე და სხვანი ელკოშეთს წინასწარმეტყველის მშობლიური ქალაქის სახელად მიიჩნევენ. მათ შორის სხვაობა ისაა, რომ ზოგიერთის ვარაუდით, ელკოშეთი მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობდა და ნაუმი სიმონის შტოს განეკუთვნებოდა. პირველი მუხლის მეორე ნაწილი ’წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისა" თავად ამ წიგნის ავტორზე მიგვითითებს და წინასწარმეტყველების წარმომავლობას გვამცნობს. ხილვა, ებრაული ხაზონ, ნიშნავს, რომ ადამიანი სულიწმინდის შთაგონების შედეგად გამოთქვამს მოძღვრებას.

მიტროპოლიტი მიტროფანე: ნაუმის წიგნის ზედწერილი (მხ. 1) ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი, ‘ნინევეს განაჩენი", წინასწსარმეტყველის მიერ გამოთქმული მოძღვრების შემადგენლობასა და მსჯელობის ობიექტს განსაზღვრავს, ხოლო მეორე ნაწილი, ‘ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი", გამოთქმული სწავლების წყაროს (ხილვის წიგნი) და გამომთქმელის ვინაობას წაროგვიდგენს.

I. ‘ნინევეს განაჩენი". ებრაულ ბიბლიაში ხაზგასმულ ადგილზე გამოყენებული ტერმინი საწინასწარმეტყველო წიგნების ზედწერილებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. სეპტუაგინტის ავტორები მას განსხვავებულად თარგმნიან:  რამა, რ§მა, ლ§მმა. სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინია გამოყენებული ნაუმის წიგნის ბერძნულ რედაქციაში და იგი ‘მიღებულს", ‘აღებულს" ნიშნავს (მომდინარეობს ბერძნული ზმნისაგან ლამბა ). მაგრამ აღნიშნული ებრაული სიტყვის მანიშვნელობა მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როდესაც მის ფუძეს დავაკვირდებით და ბიბლიის შესაბამის მუხლებში წარმოდგენილ კონტექსტებს გავითვალისწინებთ. იგი მომდინარეობს ებრაული ზმნიდან, რომელსაც რამდენიმე შესატყისი გააჩნია: 1. ამაღლება, აწევა (მაგ., ხმის აწევა); 2. ტარება; 3. აღება. თუკი მითითებული ზმნის ყველა წარმოდგენილ განმარტებას შევაჯამებთ, ის საწინასწარმეტყველო წიგნებში ასეთ შინაარსს შეიძენს: შეტყობინება, უწყება მაღალი ხმით იმისა, რაც ვიღაცისგან არის მიღებული სხვისთვის გადაცემის ვალდებულებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა ღვთის ნების გაჟღერება, რაც კონკრეტულ მოღვაწეს აქვს განკუთვნილი, განდობილი სხვათათვის სათქმელად, ან მოკლედ ვთქვათ - წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველების გახმოვანება. მოხმობილი მნიშვნელობით ებრაული ტერმინი არა მარტო წინასწარმეტყველებთან დაკავშირებით გამოიყენება, არამედ თავად ღმერთთან მიმართებითაც. როდესაც იეჰუმ მეფე იორამი მოკლა, ერთ-ერთ მხლებელს – ბიდეკარს უბრძანა: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეელელის ყანაში. გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა". შესაბამისად, დასკვნა ასეთია: მითითებული ებრაული ტერმინი საწინასწარმეტყველო წიგნებში მომავლის გაცხადებას, წინასწარმეტყველებას გულისხმობს. მაგრამ ყველა სახის წინასწარმეტყველება იწოდება ამ ტერმინით? დასმულ კითხვაზე პასუხი წმინდა წერილის ყურადღებიანი ანალიზის შედეგად გაიცემა. არაერთგზის ხსენებული ებრაული ტერმინი ბიბლიაში ოთხი მნიშვნელობით გამოიყენება: 1. სიმძიმე, ტვირთი მატერიალური გაგებით (სლავ. Бремя); 2. სიმძიმე, ტვირთი ზნეობრივი მნიშვნელობით; 3. ზნეობრივი დამოძღვრა, განსწავლა; 4. გადაწყვეტილება, განსაზღვრა, განაჩენის გამოტანა. ყველა მათგანის შეჯამების შედეგად სიტყვის ასეთ შინაარსს ვღებულობთ: წინასწარმეტყველის მიერ ღვთის სახელით გამოთქმული ისეთი განაჩენი, რომელიც საკუთარ თავში გარკვეულ სიმძიმეს და ამავდროულად განსასწავლ მოძღვრებას აერთიანებს, ესაა მრისხანე წინასწარმეტყველება უკეთურთა დასჯის თაობაზე. სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება იგი საწინასწარმეტყველო წიგნების ზედწერილებში. თუმცა ამავდროულად თავად წინასწარმეტყველბაც სიმძიმეა, ტვირთია იმ ადამიანისთვის, ვისზეც უფლის არჩევანი შეჩერდება და საღვთო ხელი დაეშვება. მაგრამ აღნიშნული ტვირთის სიმძიმეს ხშირად ის ართულებდა, რომ უფლის განჩინებით, ხშირ შემთხვევაში, ურჯულოებით აღსავსე ადამიანებთან იყო საჭირო მისი მიტანა და სწორედ ასეთი ადამიანების დასჯის შესახებ იუწყებოდა, რომლებიც გასასტიკებული გულით ისმენდნენ და დასცინოდნენ მათთან მოსულ მოღვაწეებსა თუ თავად შემოქმედს, რადგან ღვთის სიტყვა უსარგებლო, ზედმეტ სიმძიმედ მიაჩნდათ. ასეთი მძიმე ტვირთის ქვეშ აღმოჩენილი იერემია საკუთარი დაბადების დღეს წყევლიდა, ვინაიდან დიდად უჭირდა დაკისრებული საქმის აღსრულება უშჯულოებაში ფესვგადგმული ადამიანების გარემოცვაში).

ნეტარი თეოდორიტე: წინასწარმერყველთა შორის სულიწმინდის მადლი განსხვავებულად მოქმედებდა. ზოგიერთები სულიერი თვალით პირდაპირ ხედავდნენ ამა თუ იმ მოვლენას. მაგ., ესაია, მიქა, დანიელი, ეზეკიელი, ზაქარია. სხვანი საღვთო უწყების შედეგად, სიტყვიერად გებულობდნენ ღვთის განაზრახს. მათ ესმოდათ, თუ როგორ ემეტყველებოდა სულიწმინდა; ნაწილი შთაგონების გზით წინასწარმეტყველებდა და საღვთო სული სათქმელს სწორედ ასეთი სახით გამოთქვამდა წინასწარმეტყველური მადლი მეყსეულად მოიცავდა მათ გონებას და მოსწყვეტდა რა ყოველივე ადამიანურსა და მიწიერს, როგორც რამ იარაღს იყენებდა საწინასწარმეტყველო სიტყვების გადასაცემად). პირველ მუხლში წარმოდგენილი ტერმინი ‘წიგნი" ერთ-ერთი განმმარტებლის თანახმად, მიგვითითებს იმაზე, რომ თავად ნაუმი ნინევში იონასგან განსხვავებით არ ჩასულა და მხოლოდ ჩაწერილი მოძღვრება გააგზავნა ასურეთის დედაქალაქში. თუმცა აღნიშნულის დამოწმება ცნობების არარსებობის ფონზე შეუძლებელია.

მიტროპოლიტი მიტროფანე: როდის გამოდის ასპარეზზე წინასწარმეტყველი ნაუმი? იუდას სამეფოს მძიმე დროება დაუდგა. მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის ბოლოსთვის უკეთურებით განთქმული მეფე მანასე ასურელებმა დაატყვევეს და გადაასახლეს. რჩეული ხალხი, რომელიც შემწეობას ვერსაიდან ხედავდა, საკუთარი მეფის დატყვევებაში წინასწარმეტყველთა მხრიდან მრავალგზის ნაუწყები მოვლენის, ბაბილონური ტყვეობის, დასაწყისს ხედავდა და ყოველდღიურად შიშით მოელოდა ასურული ჯარის დაბრუნებას. მაგრამ წინასწარმეტყველები ერთხმად მიუთითებდნენ, რომ იუდა არათუ ასურელთა ხელით, არამედ ქალდეველთა ძალისხმევით დაეცემოდა. სწორედ ამ დროს გაისმა ნაუმის (მანუგეშებელის) იმედით აღსავსე სიტყვები: სამხრეთის სამეფოს ვერაფერს ავნებდა ასურეთი, რადგან ძალიან მალე თავად აღმოჩნდებოდა უდიდეს განსაცდელში. თითქოსდა ნაუმის სიტყვების დასტურად სამშობლოში მეფე მანასეც დაბრუნდა, რომელმაც შეინანა ღვთის წინაშე ჩადენილი უკეთურებანი და ნაუმის იმედისმომცემი სიტყვებით შეძრული, სასოებით აღსავსე იუდეველი ხალხი კვლავ უფლისკენ მიიქცა (თუმცა მართალია, ოდენ გარეგნულად). მაგრამ სანამ ებრაელები საკუთარ თავზე გამოსცდიდნენ ღვთისაგან განწესებულ უმძიმეს სასჯელს, მანამ საღვთო განგებით, თავიანთ შემაჭირვებელთა უბედურება და დაღუპვა უნდა ეხილათ).

       მხ. 2-3. ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთია უფალი; შურისმგებელია უფალი და რისხვიანი; შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს. სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის გაუშვებს; გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი; ღრუბელი მის ფერხთა მტვერია". ნაუმი მთავარი მოვლენების უწყებაზე შესავალი სიტყვის გარეშე გადადის. პირველი, რასაც ის აკეთებს, ღვთის თვისებების განცხადებაა. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის ეჭვიანი, მოშურნე , მრავალმოწყალე . აღნიშნულ ტერმინებს ნაუმი მოსეს ხუთწიგნეულიდან მოიხმობს და ზედმიწევნით გადმოსცემს უზენაესის შესახებ სწავლებას.

ნეტარი თეოდორიტე: სულგრძელია უფალი, რაც ნინეველებს საკუთარ თავზე ჰქონდათ გამოცდილი, რაჟამს მათთან ჩასული წინასწარმეტყველის ბაგეებიდან ქალაქის აღსასრულის შესახებ მოისმინეს, თუმცა შემდეგ თავად ნახეს საოცარი ლმობიერება, რითიც გადარჩნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით ნაუმის თანამედროვე ნინეველები არც სინანულს განიცდიან, არც სინდისის ქენჯა გააჩნიათ უკეთური ცხოვრების წესის გამო და ამიტომაც მიუთითებს წინასწარმეტყველი, რომ ღმერთი ამავდროულად მოშურნეცაა და გარკვეულ ჟამს ცოდვებისთვის პასუხს მოითხოვს).

მიტროპოლიტი მიტროფანე: ნაუმი საკუთარ სიტყვას ღვთის თვისებათა გაცხადებით იწყებს. აზრთა წყობა ასეთია: ღმერთი მართმსაჯულია, შესაბამისად, მისი განაჩენი უეჭველად უნდა არსრულდეს; სულგრძელია – ე. ი. განაჩენი ნინეველთა უკიდურესი ურჯულოების შედეგია. ყოვლადძლიერია – ვერაფერი აღუდგება მის საშინელ რისხვას. ღვთის თვისების შესაფასებლად გამოყენებული ტერმინი ‘ეჭვიანი" . აღნიშნული ბერძნული ტერმინი ბიბლიაში წარმოდგენილი ფორმით მხოლოდ ორგზისაა გამოყენებული: ნაუმის წიგნი და ისუ ნავესი, 24.19) ებრაულ ბიბლიაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. იგი მომდინარეობს ზმნისაგან, რომელიც ნიშნავს ‘ძლიერ გაწითლებას", ნერვიულობას მრისხანების, ეჭვიანობის, სიყვარულის მიზეზით და ძირითადად ცოლის ერთგულებაში დაეჭვებული ქმრის მდგომარეობას გადმოგვცემს. თუკი ბიბლიაში გადმოცემულ მოძღვრებას ღმერთისა და რჩეული ერის ურთიერთმიმართების შესახებ დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ ისინი სიძე-სძლის სახით არიან წარმოჩენილი და თავად სიანური კანონმდებლობა სიმბოლურად ორ მხარეს შორის შემდგარ შეუღლებად აღიქმება. ამ ფონზე ღვთისთვის ‘ეჭვიანის" წოდება სავსებით გასაგებია. ერთი მხრივ, საღვთო ეჭვიანობა ზეგარდამო მიღებული აღთქმების შემდეგ ებრაელთა მიერ მომწოდებლის დატევებამ და სხვა ‘ღმერთებისკენ" სწრაფვამ განაპირობა. მაგრამ მეორე მხრივ, ეჭვიანია იგივე ღმერთი, ვინაიდან მსგავსად მოსიყვარულე სიძისა, არ გააჩნია სურვილი ისრაელს უცხოტომელები ამდაბლებდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. ამრიგად, უფლის ეჭვიანობა ვლინდება როგორც რჩეული ხალხისადმი სიყვარულში, ასევე ამ სიყვარულის ხელისშემშლელი საოზგადოებების წინააღმდეგ მიმართულ შურისგებაში. ებრაულ ტექსტში ტერმინი ‘შურისმგებელი" სამჯერაა მოხმობილი და განმმარტებელთა ნაწილი ამაში ასურელთაგან სამგზის რჩეული ერის დატყვევების წილ ღვთისაგან იმავე რაოდენობის სასჯელის განსაზღვრას ხედავს, სხვები კი ყოვლადწმინდა სამების შესახებ მითითებას ხედავდნენ.

       მას შემდეგ, რაც მკითხველი პირველი თავის მე-2 მუხლს გაეცნობოდა, ბუნებრივად კითხვა გაუჩნდებოდა მას: თუკი ესოდენ შურისმგებელია უფალი, რატომ დატოვე დაუსჯელად ნინეველნი? ნაუმი პასუხობს: დიდად მოშურნეა ღმერთი, მაგრამ ამავდროულად მოთმინებაშიც სულგრძელია. ამიტომაც უკეთური საქმეების წილ განა მყისიერად აღესრულება მისი შურისგება და ვინმეს რომ არ ეფიქრა, თითქოს სულგრძელება სისუსტის მიმანიშნებელია, წინასწარმეტყველმა იქვე დასძინა: დიდძალოვანია უფალი, ე. ი. ნეტარი თეოდორიტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანური ურჯულოების მომთმენს, შეუნანებელთა დასჯაც ხელეწიფება, ანაც ეკლესიასტეს სწავლებისდამებრ: ‘არ მიეგებათ მადლი ბოროტეულთ და ლანდივით დღემოკლე იქნება ყველა, ვისაც ღვთისა არ ეშინია". ‘სურვილის შემთხვევაში ერთ წამში ძალუძდა უკეთურთა დაღუპვა, - ბრძანებს ნეტარი იერონიმე, - რადგან უდიადეს ძალას ფლობს, მაგრამ სასჯელს იმ უმთავრესი მიზეზით აკავებს, რომ დრო მიანიჭოს შესანანებლად"). ნაუმი ხედავს, თუ როგორ გარდამოდის უფალი ზეციდან ქვეყნად, რათა ნინევზე წარმოთქმული განაჩენი აღასრულოს. ’გრიგალშია უფალი და ქარბორბალშია მისი სავალი". იქ, სადაც წმინდა წერილი უზენაესის ზეციდან გარდამოსვლის შესახებ გვაუწყებს, ამავდროულად მიგვითითებს იმ უდიდესი მღელვარებისა და ძალთაქმედების შესახებ, რაც მსგავს მოვლენას ახლავს თან. ამის ნათელი მაგალითია სინასა და ქორების მთაზე განვითარებული მოვლენები: გრიგალი, დიდი ღრუბელი, აელვარებული ცეცხლი…

       წარმოდგენილი მოძღვრების მთავარი არსი ისაა, რომ ღმერთი ენითგამოუთქმელ მოშურნეობას იჩენს საკუთარი ქმნილებებისადმი. წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი სულგრძელია. Aსურის დედაქალაქში მომხდარი იონას დროინდელი ამბები ნაუმის თანამედროვე ნინეველებმაც იცოდნენ, რადგან ეს ისეთი მოვლენა იყო, რაც ზეპირსიტყვიერად თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მაგრამ საღვთო სულგრძელებას საღვთო მომოშურნეობაც ახლავს, რადგან ასურეთმა არაერთგზის შეურაცხყო ღვთის რჩეული ერი და მრავალგზის დაგმო უფალი. სწორედ ამიტომ დაისჯება ნინევია. წინასწარმეტყველი ცდილობს მსმენელს უზენაესის გამოუთქმელი ძლიერების შესახებ აუწყოს: ‘მის ქვეშ იდრიკებიან მთები, ლღვებიან ბორცვები ... ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას?"

მიტროპოლიტი მიტროფანე: ზემოთ ჩამოთვლილ საღვთო თვისებებს არსებითად ყოვლისშემძლეობა აერთიანებს, რასაც წინასწარმეტყველი მორიგ მუხლებში (მხ. 4-6) საოცარი სურათის სახით აღგვიწერს: სამსჯავროსკენ მიმავალი ძლევამოსილი უფლის თანმხლებია ხილულ ბუნებაში ჩენილი საშინელი, დამანგრეველი შედეგები. მის წინაშე ზღვები და მდინარეები წამისყოფაში შრებიან, ხენი და მცენარენი ხმებიან, ძრწოლითა და კანკალით ზეცას წვდებიან დედამიწა და ყოველი მკვიდრი მისი, ვერაფერი წინააღუდგება რისხვას იმისას, ვინც საკუთარი ძალით კლდეებსაც განანქრევს. ნაუმის მიერ აღწერილი სურათი ნაცნობი იყო იუდეველთათვის: სინას მთაზე სწორედ მათ მამებს საზარელი ღრუბლით მოცული ეცხადებოდა იგი და რაჟამს რჯულს აუწყებდა გარშემომყოფთ, ცეცხლში იყო გახვეული მთა, გამოცხადების ადგილი).

       მხ. 4. დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი". განნმარტებელთა ნაწილი თვლიდა, რომ ნაუმი, რომელსაც ღვთისგან ნინევის შესახებ წინასწარმეტყველება დაევალა, მსგავსად იონასი, ასურეთის დედაქალაქში მოღვაწეობდა. სხვების ვარაუდით, ტექსტში ნახსენები გეოგრაფიული ადგილები საპირისპიროს მიუთითბეს. კერძოდ, ნაუმი იუდეის სამეფოს ბუნებას ისეთ ცოცხალ ფერებში აღწერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა სამშობლოდან განშორებულს მხოლოდ მეხსიერებაზე დაყრდნობით მოეხმო წარმოდგენილი მაგალითები. როგორც ჩანს, ის თავლწინ გადაშლილ სილამაზეს უცქერდა და შემდგომ ხილულს წერილობით გარდასახავდა.

ნეტარი იერონიმე: ბასანი, ქარმელი და ლიბანი აღთქმულ მიწაზე სიმწვანით გამორჩეული მთები იყო. მოცემულ შემთხვევაში ისინი სიმბოლურად მოიხმობა, რადგან ძლევამოსილ ასურეთს განასახიერებენ. ნაუმის სიტყვით, დადგება ჟამი, როდესაც ხსენებული მთები გადახმებიან ანუ ასურეთის ძლევამოსილი იმპერია დიდებას დაკარგავს და ტრამალს დაემსგავსება. თუმცა აღნიშნული ადგილი განსხვავებულადაც განიმარტება: ამაქვეყნის ძლიერი, სიმდიდრის მოყვარული ადამიანები სამყაროს აღსასრულისას მოისმენენ: ‘უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს: ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი?" და საუკუნოდ დაიღუპებიან).

მიტროპოლიტი მიტროფანე: საღვთო სულით განათლებული ნაუმი უფლის დიდებას იუდეველი ერის წარსულში განვითარებულ მოვლებში განჭვრეტს და მტკიცებულების სახით მოაქვს ის, რაც ოდესღაც აღესრულა. წინასწარმეტყველის მზერის წინაშე რჩეული ერის ეგვიპტური კირთებიდან გამოხსნის ჟამი ცოცხლდება, მეწამული ზღვა, მრავალი სასწაული. ამასთან, წინასწარმეტყველი გეოგრაფიულ ადგილებს აღგვიწერს, რასაც, ბუნებრივია, საკუთარი თვალით აღიქვამს. სწორედ ეს მიუთითებს თვალნათლივ, რომ პალესტინაში ცხოვრობდა ნაუმი და არა შორეული ასურეთის მიწა-წყალზე, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ.

       მხ. 5-6. მის ქვეშ იდრიკებიან მთები და ლღვებიან ბორცვები; წამოიმართება მის წინაშე დედამიწა, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი. ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან".

ნეტარი იერონიმე: სამყაროს აღსასრულს, როდესაც დიდებით მობრძანდება მაცხოვარი, მთები, ბორცვები, მიწა და ყოველი მისი მკვიდრი შეირყევა. ჯვარცმისას მზე დაბნელდა, მიწა იძრა და საფლავები გაიხსნა, მისი დიდებისას კი ყოველივე შეძრწუნდება).

       მხ. 7-8. კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ. მოვარდნილი ნიაღვარივით წალეკავს მის ადგილს და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში".

ეპისკოპ. პალადი: ნაუმის აქამდე თქმული სიტყვები ერთგვარი შესავალია, რომლითაც წინასწარმეტყველი ცდილობდა მკითხველისთვის ეჩვენებინა, რომ ღმერთი სწორედ მართლმსაჯულების მიზეზით დასჯის ეგზომ მკაცრად ასურელებს, რამდენადაც მოწყალეა იგი მისდამი მსასოებელთა მიმართ, იმდენად მკაცრია სასტიკი და შეუნანებელი ადამიანების განსჯისას. ამჯერად ნაუმი ამბობს, რომ ნინევის წინააღმდეგ საღვთო მართლმსაჯულების სიმკაცრე ტიგროსის მდინარით გამოწვეული ძლიერი წყალდიდობით იქნება განპირობებული).

მიტროპოლიტი მიტროფანე: წმინდა წერილის ენაზე, რაჟამს ნიაღვარზეა საუბარი, ხშირ შემთხვევაში მტერის თავდასხმა იგულისხმება. ზოგიერთები კი იმავე ცნობაში, ნინევის დაცემის მიზეზებს ხედავენ და დიოდორე სიცილიელზე მიუთითებენ, რომელიც გვაუწყებს, რომ ასურელთა დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სამწლიანი უშედეგო ალყის ბოლოს უიმედობაში ჩავარდნილმა მტერმა დაწყებული საქმის შეწყვეტა განიზრახა, ვინაიდან უზარმაზარი გალავნის შიგნით მოქცეულებს არც საკვები აკლდათ და არც წყალი. ამასთან, მოსახლეობა ერთ-ერთ უძველ წინასწარმეტყველებას დიდი იმედით სასოებდა, რომლის თანახმადაც ნინევს ვერასოდეს დაიპყრობდა მომხდური ძალისმიერი ხერხებით, სანამ მდინარე არ გაუწევდა დახმარებას ავისმზრახველთ. ასურეთის მეფემ, ხედავდა რა მტრის უძლურებას, სრულ უზრუნველობას მისცემოდა, ქალაქის დაცემის ღამეს მან საკუთარ ჯარს კერპებისადმი შეწირული პირუტყვის ხორცი და დიდი რაოდენობით ღვინო დაურიგა. ლხინსა და სიმთვრალეს მოეცვა მთელი ნინევი და სწორედ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, შეუჩერებელი წვიმების შედეგად წარმოუდგენელ ზომებამდე მომატებულმა მდინარე კოსარმა (ხსენებული მდინარე საკმაოდ მცირე ზომის იყო და ნინევის შუაგულში მიედინებოდა) გადაულახავი კედელი ოთხი კილომეტრის სიგრძეზე ჩამოაქცია. იხილა რა მეფემ წინასწარმეტყველების აღსრულება, სამეფო სასახლეს ცეცხლი წაუკიდა და მთელი თავისი სიმდიდრე, ხარჭები, საჭურისები და საკუთარი თავი ცოცხლად დაწვა).

       მხ. 9. რა განუზრახავთ უფლის წინააღმდეგ? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი".

ეპისკოპ. პალადი: მას შემდეგ, რაც ნაუმმა დედაქალაქის დაღუპვის შესახებ არსებული საღვთო განაჩენი გვაუწყა, ამჯერად ამგვარი განაჩენის მიზეზებს აკონკრეტებს: იმიტომ დაისჯებით, ამბობს წინასწარმეტყველი, რომ არაჯეროვანს იზრახავდით ღმერთის შესახებ. ცნობილია, როგორ შეურაცხყოდა იუდეველთა უფალს იერუსალიმის კედლებთან მისული ასურელი მხედართმთავარი რაბშაკე და უძლურს უწოდებდა მას, რომელსაც არაფრით ძალუძს რჩეული ერის შეწევნა. ამასთან, ასურელებს ებრაელთა სამკვიდრებლის დაპატრონება და სრული განადგურება განეზრახათ. შესაბამისად, ღვთის საკუთრების მითვისებას ლამობდნენ ისინი. ამგვარი უკეთური და წინააღმდგომი ქმედებების გამო ისეთ დარტყმას მიიღებთს, ამბობს ნაუმი, რომ აღარ იქნება საჭირო განმეორება. მიდიელთა და ბაბილონელთა თავდასხმის შედეგად ჭეშმარიტად დაეცა ასურეთი და აღნიშნული დაცემა ეგზომ დიდი აღმოჩნდა, რომ აღარასოდეს უარსებია მეტად ხსენებული სახელმწიფოს).

       მხ. 10. რადგან ეკალბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით გალეშილნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით".

ნაუმი ასურეთის დედაქალაქის განადგურების ორ მიზეზს ასახელებს:

1). სისასტიკე. ნინევი ეკალ-ბარდებს უდარდება, რაშიც რჩეული ერისადმი მათი დაუნდობელი დამოკიდებულება მოიაზრება.

2). მემთვრალეობა. მემთვრალეობაში განმმარტებელთა ნაწილი ყველა ცოდვისადმი მოურიდებელ სწრაფვას გულისხმობს. სხვანი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ბრალდება ასურელთა სასმელისადმი დამოკიდებულების მანიშნებელია. ეს იყო სახელმწიფო, სადაც ყოველი დღის ბოლოს ადამიანები თავაშვებულ ლხენასა და ღვინი სმას ეძლეოდნენ.

        მხ. 11. შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი". წინასწარმეტყველი სენნახირიმის შესახებ საუბრობს. სწორედ ის არის უფლის წინააღმდგომი, რომელიც უზარმაზარი ასურული ჯარით იუდეისკენ დაიძრა, რომ ხელში ჩაეგდო იგი. მისი მიზანი არა მარტო ებრაელების დაპყრობა იყო, არამედ რჩეული ერის ძირფესვიანად განადგურება. სწორედ ამიტომ დაატყდა ასურულ ჯარს იერუსალიმის კედლებთან საშინელი რისხვა. ტექსტში გამოყენებულია ტერმინი ‘ბელიარი" (ბერძ. ბელიალ ან ბელიარ). წმინდა წერილის ენაზე აღნიშნული სიტყვა ღვთის მიერ გაცხადებული მოძღვრების საწინააღმდეგო მოქმედებას გულისხმობს, რაც ამავდროულად იმ ადამიანებსაც მიემართება, ვინც უზენაესის წესებით ცხოვრებაზე უარს ამბობს. მოგვიანებით, ახალი აღთქმის ეპოქაში, აღნიშნული სახელი დემონს განეკუთვნა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ნაუმი ამჯერად უშუალოდ ნინევს მიმართავს და მის ბრალეულობას წარმოაჩენს. შემცოდე ისრაელი დასჯის მიზნით უფალმა უძლურ სახელმწიფოდ აქცია, რომ მტერს ადვილად დაემორჩილებინა. ასურეთი, რომელსაც დაეკისრა ეს ფუნქცია, საღვთო განგებულებას სხვაგვარად აღიქვამდა. მათ მიაჩნდათ, რომ ებრაელები თავიანთი ღმერთის (იაჰვეს) სურვილის წინააღმდეგ დაიმონეს. ამას ნათლად წარმოაჩენს იერუსალიმის კედლებთან რაბშაკეს მიერ წარმოთქმული სიტყვები).

ნეტრაი იერონიმე: სიტყვები უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი რაბშაკეს მიემართება. სწორედ მან, ასურელთაგან გამოსულმა, დაგმო იუდეველთა ღმერთი, შეეცადა, რჩეული ერი უბრძოლველად დაემორჩილებინა და კერპმსახურების წყვდიადში დაენთქა ისინი).

ეპისკოპ. პალადი: ნაუმი განმარტავს, თუ რა იქნება ასურეთის ასეთი ძლევამოსილი განადგურების მიზეზი: ეს ყოველივე იმითაა განპირობებული, ამბობს წინასწარმეტყველი, რომ ნინევიიდან გამოსულმა ადამიამა ღვთის ნების წინააღმდეგ განიზრახა იუდეველი ერის დაღუპვა, იუდეის სამეფოს იავარქმნა, ხოლო ერთიც და მეორეც ღმერთის კუთვნილებაა. იუდეველთა წინააღმდეგ ესოდენ უკეთურების ჩაფიქრება იგივე ღმერთთან დაპირისპირებაა, იმ ღმერთთან, რომელიც წმინდა წერილის თანახმად, რჩეული ერის მმართველია, სრულუფლებიანი მეუფეა მისი და მხოლოდ მას, და სხვას არავის, ეკუთვნის ხსენებული ერის ბედის განგება. ნინევიდან გამოსულ ავისმზრახველ ადამიაინში ან იუდეველთა მისამართით მტრულად განწყობილი ყველა მეფე (ფული, სალმანასარი, სარგონი და ა. შ.) იგულისხმება, ანაც საკუთრივ სენნახირიმი, რომელიც ასურული არმიით იუდეაში შეიჭრა მრავალი ქალაქი დაიპყრო და იერუსალიმის დალაშქვრასაც აპირებდა. მან იუდეველთა ღმერთი უძლურად მიიჩნია და რაბშაკეს შუამავლობით შეურაცხყო იგი, ამიტომაც თავად საკუთარი შვილების მიერ მოიკლა, ხოლო მისი მემკვიდრეების ზეობისას იმპერიამაც დაასრულა არსებობა).

მიტროპოლიტი მიტროფანე: წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ნინევიდან გამოვიდა ის, ვინც ავს იზრახავდა რჩეული ერის წინააღმდეგ, ღვთის მზრუნველობის ქვეშ მყოფი სამეფოს განადგურებას ლამობდა და ყოველთა შემოქმედს უპირისპირდებოდა. ნაუმი, რა თქმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში სენნახირიმის შესახებ საუბრობს, რომელიც ნინევიდან ძლევამოსილი ასურული ჯარით წინააზიური სახელმწიფოებისკენ გამოემართა, რომ სხვათა შორის იუდასაც დაუფლებოდა, ან უკეთ რომ ვთქვათ, სენნახირიმის პიროვნებაში წინასწარმეტყველმა სისასტიკით განთქმული ყველა დროის ასურელი მეფეები გააერთიანა, რომლებსაც რჩეული ერის დასათრგუნად უმოქმედიათ ოდესმე და უკეთურების ქმნისას ჭეშმარიტი ღმერთის მსახურთა გასანადგურებლად თითქოსდა იარაღი ყოფილან დემონის ხელში).

       მხ. 12. ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიან. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავ".

ეპისკოპ. პალადი: მდიდარი და ძლევამოსილი ასურეთის დაცემა რომ არავინ მიიჩნიოს საეჭვოდ, ნაუმს თავად უზენაესი ღმერთი შემოყავს მოსაუბრედ, რომელიც ზოგჯერ ასურელებს ემუქრება, ზოგჯერაც იუდეველებს ამშვიდებს. ასე ბრძანებს იგი: მართალია, ნინევო, მრავალ ადამიანსა და სამეფოს აერთიენებ, მაგრამ მთელი შენი სამკვიდრო მტრებს დარჩება და მათ შორის განაწილდება, წარსული დიდება სამარადჟამოდ დასრულდება, თავად კი დავიწყებას მიეცემი უკუნისამდე).

       მხ. 13. ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებს".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოცემულ შემთხვევაში ნაუმი იუდეველებს მიმართავს და უფლის სახელით მათი მძლეველი ძალის დათრგუნვის ჟამის დადგომას ჰპირდება. მაგრამ იგივე ადგილი სხვანაირადაც შეიძლება გავიგოთ. იუდეველ ერში, რომელსაც ნაუმი ესაუბრება, მთელი კაცობრიობა მოიაზრება, კაცობრიობა, რომელსაც კისერზე დემონის უღელი ჰქონდა დადგმული და ხელ-ფეხი უკეთური ძალის ბორკილებით შეკვროდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებისას მომხდარი მოვლენის მსგავსად, ცოდვის საკვრელთა გახსნას ჰპირდება უფალი ადამის მოდგმას, რაც მაცხოვრის განკაცებისას აღესრულა).

ეპისკოპ. პალადი: ამჯერად უფალი იუდეველებს მიმართავს, რომ დაამშვიდოს ისინი. ასურელები ღვთის ხელში დამსჯელი კვერთხის ფუნქციას ასრულებდნენ, რომელსაც საჭიროებისამებრ იუდეველებთან მიმართებაში გამოიყენებდა ქვეყნიერების მეუფე. მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს კვერთხი ღვთის განგებულების მიღმა აღმოჩნდა და ნაცვლად რჩეული ერის დასჯისა, მისი ძირფესვიანი ამოგდება მოინდომა. ამიტომაც შესაბამის ჟამს თავად ასურელებს უნდა ეგემათ საღვთო სასჯელი. და სწორედ ამას აუწყებს ღმერთი იუდეველთ, რომ ასურეთის დაცემით ებრაელებზე არსებული მათი ძალმომრეობაც სამუდამოდ დასრულდება, რჩეული ერი კი თავისუფლებას მოიპოვებს).

მიტროპოლიტი მიტროფანე: უფალი იუდეველებს ჰპირდება, რომ ამიერიდან აღარასოდეს მოელით საფრთხე ასურელთაგან, რომლებიც აქაზის დროიდან მოყოლებული უმძიმეს ყოფას უქმნიან რჩეულ ერს და მათი სისასტიკე იმ დონემდეა მისული, დავითის სახლის უკანასკნელი წარმომადგენელი, მეფე მანასე, მომავალი მესიის წინაპარი, რკინის ჯაჭვებით შეკრული გადაასახლეს სამშობლოდან და უეჭველად მონობაში გარდაიცვლებოდა იგი, ღვთის ყოვლადძლიერი ხელის შემწეობით რომ გამოხსნილიყო).

       მხ. 14. ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ მოშენდება შენი სახელი; გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ".

ეპისკოპ. პალადი: ნაუმი ასურეთს ასეთი განაჩენით მიმართავს: აი, უფალმა ღმერთმა რა განგისაზღვრა: ვეღარავინ გამრავლდება შენი სახელით, სამარადისოდ აღმოიფხვრება შენი შთამომავლობა და აღარასოდეს არავის გაახსენდები. წინასწარმეტყველის სიტყვა ჭეშმარიტად აღესრულა. ასურეთის დაცემის შემდეგ, ოდესღაც ძლევამოსილი სახელმწიფოს სახელი ისტორიიდან გაქრა და არც ერთი ერი ასურელებად აღარ წოდებულა მას შემდეგ, თვალსაწიერზე კი სხვა ხალხები გამოჩნდნენ: სპარსელები, ბერძნები, რომაელები… ამავდროულად უფალი ყველა კერპის აღმოფხვრას პირდება, რაც ნინევისა და სხვა ქალდეური ქალაქების დაცემისას აღსრულდა კიდეც. ასურელები გამძვინვარებული წარმართები იყვნენ და კერპების სიმრავლით შორს ჰქონდათ სახელი განთქმული. გარდა ბაალისა და ასტარტასი, მრავალი სხვა კერპიც გააჩნდათ, უამრავი მოგვი თუ ჯადოქარი იყრიდა თავს მათთან. ბაბილონი და ნინევი თავიანთი დასაბამიდან ვიდრე დაცემამდე სოდომისა და გომორის ღირსეული მემკვიდრენი იყვნენ და ხსენებული ქალაქების მსგავსად უძველესი სამყაროს განგრენოზულ წყლულს წარმოადგენდნენ, რომელიც თუნდაც მცირეოდენ შეხებაში მყოფ მეზობელ სახელმწიფოებს ასნეულებდა და ხალხებს რყვნიდა. ამ რელიგიის აღმსარებელნი (ქალდეური-ასირიული-საბეიზმი) უგუნური ცხოველების კრებულს წარმოადგენდნენ, რომელთა ცხოვრებისეული კეთილდღეობა ჭამაში, სმასა და სხვა გრძნობისმიერ სიამოვნებაში მდგომარეობდა).

მიტროპოლიტი მიტროფანე: ძველი ასურელები საკმაოდ ძლიერები იყვნენ ფიზიკურად. ძეგლებზე აღმოჩენილი გამოსახულებების თანახმად, ისინი არ გაოირჩევიან განსაკუთრებული სიმაღლით, მაგრამ კუნთმაგარი და ძალმოსილი სხეული გააჩნიათ. ყოველი მოძრაობა დაუშრეტელ ძალასა და ენერგიაზე, შეუძრავ სიმშვიდეზე, საკუთარი ღირსების სრულ გაცნობიერებასა და შეურყეველ თავდაჯერებულობაზე მიუთითებს.

ასურელთა კულტურა მათ თანამედროვე მსოფლიოსთან შედარებით განსაკუთრებულ სიმაღლეს აღწევდა, ისე რომ, მრავალგზის ნაქები ეგვიპტური კულტურაც კი ჩამორჩება მას. უკიდურეს დეტალებში, გონიერად იყო გათვლილი ასურული სახელმწიფოს ადმინისტრირება, ბრწყინვალედ შეეძლოთ მიწის დამუშავება და სპეციფიური არხებისა და წყალსაქაჩი მანქანების საშუალებით ეუფრატ-ტიგროსის ადიდებისას გამოწვეულ წყალდიდობას ზიანის გარეშე ხვდებოდნენ. მართალია, ასურელთა სამშენებლო კულტურა განვითარების საკმაოდ დაბალ სააფეხურზე იყო და საკუთარი სილამაზითა და სიმეტრიულობით დიდად ჩამორჩებოდა ბერძნულს, მიუხედავად ამისა, ისინი რაღაც განსაკუთრებულად ცოცხალ ენერგიასა და ძალას ასხივებენ, საპირისპიროდ ეგვიპტური ტაძრებისა და სასხლეებისა, რომლებიც მძიმე, სამარისებრ ელფერს ატარებენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ასურელები სამკერვალო საქმიანოთ და, ზოგადად, ჩაცმულობით).

თავი 2

       პირველ თავში ასურეთის წინააღმდეგ უზენაესის მიერ გამოტანილი მსჯავრის შესახებ ზოგადი საუბრის შემდეგ, ამჯერად ნაუმი კონკრეტიკას მიმართავს. ამავდროულად, დასაწყისში წარმოდგენილ მშვიდსა და აუღელვებელ მსჯელობას ემოციური და განცდიანი პათოსი ენაცვლება.

მხ. 1. აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაცნედ! გამართე დღესასწაულები, იუდა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი; საბოლოოდ განადგურდა".

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მახარებელთა მოსვლასა და ხარებაში კიროსის მიერ ძვ. წ. აღ. 538 წელს გამოცემული ბრძანება იგულისხმება, რომლითაც დატყვევებულ იუდეველებს უფლება ეძლეოდათ, სახლში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ არავინ შეცდება, თუკი ამ სიტყვებს ახალი აღთქმის უდიდეს მახარებელს იოანე ნათლისმცემელს განუკუთვნებს, რადგან იგი არ ცხრებოდა და ქრისტეს ქადაგებდა. ასე რომ, გაისმა მახარებლის ფეხის ხმა, რომელიც ამბობს: ‘განმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი". გამართე დღესასწაულები იუდა, აღთქმები შეასრულე". გადასახლებული იუდეველნი ბაბილონში მსხვერპლშეწირვებსა და რჯულით დადგენილ საეკლესიო მსახურებას ვერ ასრულებდნენ. ნაუმი სწორედ ამის შესახებ იუწყება, დადგება ჟამი, როდესაც მათ კვლავ მოუწევთ დღესასწაულების განახლება და მოსეს რჯულში დადგენილი კანონების აღსრულება. აღნიშნული ადგილი მეორენაირადაც გაიგება. ეს მიმართვა არა ხორციელი, არამედ სულიერი იუდას მისამართით გამოითქვა. დადგება დრო, როდესაც ღმერთს განშორებულ კაცობრიობას კვლავ მიეცემა კავშირის აღდგენის შასაძლებლობა. უზენაესის ყოვლადმოწყალე ზრახვით განკაცებული ღმერთი ‘ბელიარს" საბოლოოდ განგმირავს და ადამის მოდგმას ჯოჯოხეთის ტყვეობიდან დაიხსნის).

ნეტარი იერონიმე: აღნიშნული ადგილი შემდეგნაირად განიმარტება: სენნახირიმის თავდასხმის შედეგად, როგორც ნეშტთა წიგნებში ვკითხულობთ, იერუსალიმში გამომწყვდეულმა იუდეველებმა ვერ მოახერხე რჯულის თანახმად პასექის აღსრულება. მაგრამ საღვთო შეწევნის შედეგად ასურული ჯარის განადგურების შემდეგ, მეორე თვეს, გამოტოვებული დღესასწაული დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. ნინევში დაბრუნებული სენნახერიმი საკუთარმა შვილებმა მოკლეს, როდესაც ასურელი ხელმწიფე კერპ ნისქორის სახლში იმყოფებოდა. სწორეედ ის არის ბელიარი, ვისაც არასოდეს მიეცემა შესაძლებლობა იუდეველთა წინააღმდეგ გაილაშქროს. ამავდროულად აღნიშნული ადგილი ეკლესიისა და მორწმუნე ადამიანების შესახებ გვაუწყებს. კერძოდ, დადგება ჟამი, როდესაც ადამიანთა დამატყვევებელი დემონი (ბელიარი) ხელმწიფებას დაკარგავს და საბოლოოდ განადგურდება, რაც ღმერთის განკაცებით აღესრულა).

ეპისკოპ. პალადი: ნეტარი თეოდორიტეს, იერონიმეს და სხვა განმმარტებელთა აზრით, ნაუმი მოცემულ შემთხვევაში იერუსალიმის კედლებთან ასურელთა სასწაულებრივი მარცხის შესახებ გვაუწყებს. აღნიშნული ძლევის ცნობამ არაჩვეულებრივი სისწრაფით მოიარა აღთქმული ქვეყნის მიდამოები. მაგრამ მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ, რომ წინასწარმეტყველი ესაია თითქმის მსგავსივე სიტყვებით საუბრობს მშვიდობის მახარებელთა თაობაზე: ‘რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!" ხოლო მოციქული პავლე ესაიას აღნიშნულ სიტყვებს პირდაპირ მახარებლებსა და მოციქულებს განუკუთვნებს, რადგან ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველების ძირითადი მოძღვრება ძე ღმერთის მიერ სამყაროს გადარჩენას უკავშირდება, რასაც პეტრე მოციქულიც გვასწავლის ‘საქმე მოციქულთას" წიგნში. ‘ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, - ბრძანებს მოციქული პავლე, - ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან… მაგრამ როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად? და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: @რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი! (მოხმობილი წინადადების ბოლო ნაწილი ესაიას ზემოთციტირებული წინასწარმეტყველებაა, ი. ო.)". შესაბამისად, ნაუმის სიტყვაშიც, მსგფავსად ესაიასი, სულიერი მნიშვნელობით არა მხოლოდ იუდეველთათვის ასურული ძალმომრეობისგან მოპოვებული მშვიდობის მაუწყებელი ადამიანები, არამედ იესო ქრისტეს რწმენით მქადაგებელი მოციქულები და მახარებლები მოიაზრებიან).

       მხ. 2-3. შემართულია შენს თავზე ურო, ნინევე! დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე! რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს".

ნეტარი იერონიმე: წინამდებარე მუხლები ებრაულსა და ბერძნულენოვან ბიბლიებში განსხვავებულად იკითხება . სეპტანტის თანახმად იუდას სამი დავალება ეძლევა: 1. ‘გზისკენ იყურე"; 2. ‘წელი გაიმაგრე"; 3. ‘ძალა მოიკრიფე".

       იუდა გულმოდგინედ უნდა აკვირდებოდეს გზას, რომელზეც დადის, თანახმად იერემიასი: ‘ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ". მას შემდეგ, რაც მრავალი მცდელობა გვქონია, სწორი გზა გვეპოვა, მივეახლოთ იმას, ვინც ამბობს: ‘მე ვარ გზა". შემდეგ წელის გამაგრებას არიგებს, ანუ გზის ამორჩევას ხორციელი ბუნების, სხეულის დათრგუნვა უნდა სდევდეს, რომ სხვისი მქადაგებელი თავად უარყოფილი არ აღმოჩნდეს. მესამე მითითება ძალების მოკრეფას უკავშირდება, რაც ღვთისვსათნო საქმის საკეთებლად ღვაწლს შედგომილი ადამინის მაქსიმალურ მობილიზებს გულისხმობს).

ეპისკოპ. პალადი: მას შემდეგ, რაც ნაუმმა ნინევის შესახებ არსებული ზოგადი განაჩენი გამოთქვა, ამჯერად აღნიშნულ უწყებაზე როგორც აწმყოში მიმდინარე მოვლენაზე საუბრობს. წინასწარმეტყველი ირონიულად საუბრობს და ასურეთისკენ მიმართული დამღუპველი საფრთხის ფონზე იმავე ასურელებს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდებს: ‘დაიცავი ციხე-სიმაგრე, გზისკენ იყურე, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიფე!", თუმცა ვეღარაფერი უშველის მათ, რადგან ასეთია საღვთო განაჩენი. აქვე იმასაც განმარტვას, თუ რატომ იქნება უნაყოფო ყველა სახის სამხედრო მოქმედება. თითქოს ასე მიმართავს: ამაო თქვენი ყველა ძალისხმევა, ნინეველნო! მტრებისგან რომ მოგსურვებიათ თავის დაღწევა. თავად უფალ ღმერთს განუმწესებია იუდევეთათვის დიდების დაბრუნება და თქვენი სამეფოს დასჯა-განკითხვა, დამდაბლება, განადგურება. რადგან როგორც მძარცველნი შეიჭერით აღთქმულ მიწაზე და განიზრახეთ, ძირფესვიანად შეგემუსრათ რჩეული ერი).

მიტროპოლიტი მიტროფანე: იაკობის დიდების დაბრუნებაში სწორედ ნაუმისგან გამოთქმული მოძღვრების მესიანური ხასიათი დასტურდება, რადგან ასურეთის დაცემას იუდას დიდების დაბრუნება არ მოჰყოლია. პირიქით, რამდენიმე ათეული წელი გავიდა და მსგავსად ისრაელისა, ორტომიანი სამეფოც დაეცა და ბაბილონური მონობის სამოცდაათწლიან უღელს დაემორჩილა, რასაც ვერავინ უწოდებს დიდების დაბრუნებას. ნაუმი წინამდებარე სიტყვებით (‘დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება") საიდუმლოდ აუწყებს მსმენელსა და მკითხველს, რომ გამოთქმული მოძღვრება მესიანურ დროებას უკავშირდება, როდესაც მამათავართათვის მიცემული აღთქმები ჭეშმარიტად აღესრულა და რჩეულობა სულიერ ისრაელს განეკუთვნა).

       მხ. 4-5. წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები. დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ". ნაუმი მეორე თავის დასაწყის ნაწილში კვლავ ნინევის დაცემის შესახებ საუბრობს. ის ხედავს, როგორ მიემართებიან მოწინააღმდეგეთა აღურიცხავი რაოდენობის ჯარისკაცები და ეტლები ასურელთა დედაქალაქის დასამხობად. ’წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს". წინასწარმეტყველი მომხვდურთა სამოსლისა და საბრძოლო ფარების ფერზე ამახვილებს ყურადღებას. წითელი ბაბილონელთა საყვარელი ფერი იყო. ამგვარად მოსილი ჯარისკაცების სიმრავლე შიშის ზარს სცემდა მტერს. მთლიანად გაწითლებული ფალანგა, რომელიც მზის შუქზე კიდევ უფრო ელვარებდა, შორიდან საზარელ შესახედაობას იძენდა და მოწინააღმდეგეს ფსიქოლოგიურად თრგუნავდა. ეს ბაბილონელთა საომარი ტაქტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ერთი შეხევით, ადამიანს ეგონებოდა, თითქოს უზარმაზარი მზის დისკო უახლოვდებოდა.

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ნაუმი ქალდეველთა მარცხის შესახებ წინასწარმეტყველებს. იგი საოცარი სიცხადით ხედავს ამ მოვლენას, სულიერი თვალით ჭვრეტს ცეცხლოვან ეტლებს, რომლებიც ნინევის ქუჩებში დაქრიან და ანადგურებენ მას. მიუხედავად სიძლიერისა, მან ვერაფერი დაუპირისპირა მომხდურს, რადგან ის, ვისზეც უფლის ხელი აღიმართება, დაღუპვისთვისაა განწირული. ნაუმი ისეთ დეტალებზეც კი საუბრობს, თუ როგორ ძარცვავენ დამპყრობლები ნინევს, როგორ იტაცებენ მის ვერცხლსა და ოქროს. ასურთა დედაქალაქი ლომთა ბუნაგსა და ბოკვერთა სანავარდოსაა შედარებული, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და ბოკვერი. თუმცა დგება ჟამი, როდესაც ძლევამოსილება სრული კრახით სრულდება).

ეპისკოპ. პალადი: წინასწარმეტყველი დიდი სიცხადით აღწერს მტრების ჯარს, რომლებიც ნინევს ალყაში აქცევენ და ავიწროებენ. ნაუმი ბრწყინვალედ შეიარაღებულ ქვეითებს, მხედრებს, ეტლებს, მეეტლეებს ხედავს, აღგვიწერს, თუ როგორ აკვესებენ ცეცხლს მწობრად მომავალი ეს ეტლები ქვაფენილთან შეხების შედეგად, რა ფერისაა მეომართა სამოსი, როგორია იარაღი. მეცნიერთა მტკიცებით, ასურელებსა და ბაბილონელებს უზარმაზარი და საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარები ჰყავდათ, რომლები ქვეითებად, მხედრებად და ეტლებად იყოფოდა. მსუბუქად შეიარაღებულებს ჰქონდათ ფარი, მშვილდ-ისარი, შუბი. მძიმედშეიარაღებულენი გარდა ხსენებული საჭურველისა აბჯარს, ფოლადის სამკერდულსა და მრგვალ ფარებს ატარებდნენ. ალყისას სწორე დეს უკანასკნელნი მიდიოდნენ ყველაზე წინ. არმიის მძლავრ ნაწილს მხედრები წარმოადგენდნენ, რომლებსაც საუკეთესოდ მოვლილი და შეკაზმული ცხენები ჰყავდათ. ხოლო საუკეთესო მეომრებად მეეტლები მიიჩნეოდნენ. მათ გარდა ზემოხსენებულისა მრავალი განსხვავებული იარაღიც გააცნდათ და მტერთან შეტაკებისას შიშირს ზარს სცემდნენ მოწინააღმდეგეებს).

მიტროპოლიტი მიტროფანე: წინასწარმეტყველი თითქოს ხორცილეი თვალებით ჭვრეტს მიდიელებისა და ბაბილონელების მწყობრად მოძრავ ჯარებს, რომლებიც ღვთის ხელში ნინევის დასასჯელ იარაღს წარმოადგენენ. ამიტომაც უფლის მეომრებად იწოდებიან ისინი და უშუალოდ მისი მმართველობის ქვეშ იმყოფებიან. ნაუმის მზერას პირველად მეომართა ხელებში აპყრობილი ფარები შემოეგებნენ. ფარების მეწამული ფერი ბრძოლაში გამობრძმედილი ჯარისკაცების სიმამაცეზე მიუთითებს, რომლებსაც მტრის სისხლში არაერთხელ ამოუსვრიათ ისინი. შორიდან შეხედვაც კი საკმარისია, რომ შიშის ზარი დასცეს მაყურებელს. მაგრამ ამ უმამაცეს მეომართა შორის წინასწარმეტყველი სხვებზე გამორჩეულ მრავალ მებრძოლს ხედავს. ისინი გვერდზე მყოფი მეგობრებისგან გარდა განსაკუთრებული ძალისა და საომარი მოქმედებების ცოდნისა, ენითგამოუთქმელი უმამაცესი სულითაც განსხვავდებიან. მეწამული სამოსი მოსავთ მათ, როგორც ზოგიერთი აღმოსავლელი ერების ჩვეულებაა, განსაკუთრებით მიდიელებისა და სპარსების, რომ თითქოსდა სისხლით შეღებილი სამოსის ფერით საკუთარი თავი სისხლისღვრისთვის გაამზადონ და ამავდროულად, შიშის ზარი დასცენ მტრებს. წითლადმოსილი მეომრები მტრის თვალში უშიშარი, მოუდრეკელი საბრძოლო მანქანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომელთა რიგები ცეცხლმოდებული, აელვარებული მანათობელი დისკოს დარად ასხივებს.

       ნაუმის წიგნის შემდეგი ნაწილი (მხ. 6-11) ნინევის დაპყრობის, გაძარცვისა და მტერთაგან განადგურების შესახებ გვაუწყებს). მხ. 6. გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ".

ეპისკოპ. პალადი: ნაუმმა მკითხველს აუწყა, თუ როგორი გარეგნობა, ენერიგია ექნება ნინევზე თავდამსხმელ ხალხს, ამჯერად კი თავად დედაქალაქის დაცვის შესახებ საუბრობს: რაჟამს მომხდური თავს დაესხმევა ნინევს, მაშინ ასურელი მეფე მხედართმთავართა შორის ყველაზე მამაცებსა და გამოცდილებს მოიხმობს. მყისვე შეეცდებიან ისინი თავინთი მეფის სურვილის აღსრულებას და დედქალაქის გადრჩენას, თუმცა ამ დროისთვის მთელი ნინევი საალყო მანქანებით იქნება გარემოცული).

       მოცემულ შემთხვევაში ასურელებისა და ბაბილონელთა ეპოქის ცნობილი ხის საბრძოლო მანქანა მოიაზრება, რომელსაც უზარმაზარი კოშკის შეხედულება ჰქონდა და 4 ან 6 ბორბალზე იდგა. ბორბლის ქვეშ კედლების სანგრევი ტარანი იყო განლაგებული. მშვილდოსნები, რომლებიც ხსენებული მანქანის ზედა და გვერდით ნაწილებში განლაგდებოდნენ, ელვის სისწრაფით სტყორცნიდნენ ისრებს, ხოლო თავად ისინი გარეშე საფრთხისგან მანქანის კეთილმოწყობის მიზეზით დაცულნი იყვნენ. მხ. 7. გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე".

ეპისკოპ. პალადი: ამაოა ყველა მცდელობა. აი, უკვე ქალაქის კარიბჭენიც განხსნილა, მეფეთა სასახლენი დამხობილა, მოსახლეობა გაძარცვულა. რაც უწინ დაფარულად ინახებოდა და მრავალი დაბრკოლებით იყო დაცული, ყველასათვის ღია შეიქმნა). მხ. 8-10. გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ. წყლისგან დაიცალა ნინევე - წყალსატევი; ისინი კი გარბიან. დადექით! დადექით! მაგრამ არავინ ბრუნდება უკან. დაიტაცეთ ოქრო, დაიტაცეთ ვერცხლი! არ დაილევა მდიდრული ნახელავი, ძვირფასი ნივთები".

       წინამდებარე თავში ნაუმის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება გარკვეული მოვლენების განვითარების შესახებ გვაუწყებს. ნაუმი თავიდან ნინევიისკენ მიმართულ ჯარსა და მათ შეიარაღებაზე მოგვითხრობს, შემდეგ ხედავს, როგორ მოექცა ასურის დედაქალაქი ალყაში. მოგვიანებით კი ქალაქის დაცემის თაობაზე გვიყვება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ნაგროვები სიმდიდრისგან იძარცვება.

ეპისკოპ. პალადი: აქამდე ნაუმი ნინევის დაპყრობის შესახებ საუბრობდა, ამჯერად კი შემდგომ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას. წინასწარმეტყველი ნინევის (ნინეველთა) გადასახლებაში წაყვანას დედოფლის დატყვევებას ადარებს, ხოლო ასურეთის ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობას დედოფლის მხევლებად წარმოგვიდგენს, რომლებიც ისეთი შეძრწუნებით ივლიან დამპყრობელთა წინაშე, რომ ხმამაღალ ტირილსა და გოდებას ვეღარ შეძლებენ და გულამოსკვნით მოტირალებს მხოლოდ მცირეოდენი კვნესა თუ აღმოხდებათ. აი, ნინევი – ეს ამაყი დედოფალი, გაშიშვლებული და შერცხვენილი მიემართება უცხო მხარეში, უკან კი მის მორჩილებაში მყოფი დასახლებების მკვიდრნი მიუყვებიან და ვერაფერი გადაარჩენდა მათ, ამბობს ნაუმი. ასურელთა დედაქალაქი წყალსატევს ემსგავსება, რაშიც ყველა სახის კეთილდღეობა იგულისხმება, რასაც ფლობდა ხსენებული ქალაქი. თუმცა რისხვის საშინელ დღეს ვერაფერი შეეწევა მას. ასურელთა მთავარი პოლისის დასაცავად გამოსულ ხალხს ისეთი შეძრწუნება მოიცავს, რომ გაქცეულნი უკან მოხედვასაც ვერ გაბედავენ. ნინევის მკვიდრნი, ხელისუფალნი და მეთაურნი შესძახებენ მათ: შეჩერდით! შეჩერდით! მაგრამ არავინ დაბრუნდება უკან. ასეთი იქნება შიში, რასაც ბაბილონელებისა და მიდიელების თავდასხმა განაპირობებს. რაჟამს მტერი ქალაქს აიღებს, არნახულსა და გაუგონარ სიმდიდრეს იხილავს, მაგრამ რაც მტეცებლურად იქნა შემოკრებილი, მტაცებლურადვე წაერთმევა მათ). მხ. 11. გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოწყდათ წელი, ფერი წაუვიდათ".

ეპისკოპ. პალადი: ნაუმი კვლავაც ქალაქის დაცემის შედეგებზე საუბრობს. ნინევის მკვიდრებს შეძრწუნების მიზეზით მრავალი დაავადება შეეყრებათ. განცდებისა და შიშის გამო გული დაუდნებათ და მუხლები აუკანკალდებათ. რაც ძლიერი მიწისძვრის დროს მოსდის მოსახლეობას, როდესაც არნახული სიმძლავრით ირყევა დედამიწის საფუძვლები, სწორედ იმავე ვითარებაში აღმოჩნდებიან ნინეველნი. ყველა მათგანი ტკივილებისგან გამწარებული მშობარე ქალის სახეს მიიღებს და ქვაბის იმ მხარეს დაემსგავსება, რომელიც მუდმივად ცეცხლისკენ არის შებრუნებული).

მიტროპოლიტი მიტროფანე: ნაუმის მიერ ნინევის მოსახლეობის შეძრწუნების შესახებ ცნობა მსგავს სხვა მოვლენას გვაგონებს დანიელის წიგნიდან, სადაც ნადიმისას კედელზე გამოჩელი ხელის მხილველი მეფე ვალტასარის შეძრწუნებაა აღწერილი: ‘მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა").

       მხ. 12. სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი, ძუ ლომი და მათი ლეკვი, და არავინ იყო დამაფრთხობელი? ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის და აღრჩობს თავისი ძუსთვის; ნატაცებით ავსებს თავის ბუნაგს და გამოქვაბულს - დაგლეჯილი ნადავლით". ნაუმი ნინევს ლომების სამკვიდროს ადარებს და ამბობს, რომ იგი ცეცხლითა და მახვილით განადგურდება, მსგავსად მონადირეთა წესისა, როდესაც ისინი რომელიმე მხეცს ბუნაგში მიიმწყდევენ და მხეცი გარეთ არ გამოდის, შესასვლელში ცეცხლს დაანთებენ, რათა ბუნაგი კვამლით აივსოს, ხოლო თავად შუბებით სადარაჯოზე დგანან და როგორც კი მხეცი ბუნაგიდან გამოსვლას შეეცდება, ადგილზე განგმირავენ.

ნეტარი იერონიმე: ნინევი, დასაწყისშიც აღვნიშნავდით, სამყაროს სიმბოლოა. მას შემდეგ, რაც ქვეყნიერება არსებობას დაასრულებს, აღარსად იქნება ლომთა ბუნაგი, ხოლო ლომში დემონი მოიაზრება, რადგან მოციქული ბრძანებს: ‘იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს". ბოკვერი კი ანტიქრისტე და ღვთის სიტყვის საპირისპირო მოძღვრებაა. როდესაც ჩვენი უფალი წუთისოფლად, ნინევიაში, მოვიდა და ზეციდან გარდამოვარდნილი სატანა იხილა, იგი, ჭეშმარიტი სამსონი, რაც მზეს ნიშნავს, ქალაქ თამნათისკენ წარმართებთან გაემართა, თამნათი კი ითარგმნება როგორც ‘მისი აღსასრული", რომ დალილაზე, წარმართთა შორის ყველაზე ღარიბ დედაკაცზე, დაწინდულიყო. გზაში ლომი მოკლა, შემდეგ კი ტკბილი თაფლი იგემა).

ეპისკოპ. პალადი: წინასწარმეტყველი ლომებად ასურელ მეფეებს, ბუნაგად ნინევს, ხოლო ლომის ბოკვერებად ყველა მორჩილებაში მყოფ ქალაქებს მოიხსენიებს). მხ. 14. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვერებს; შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენს მოციქულთა ხმა". და ბოლოს. წინასწარმწტყველი წარმოთქმული სიტყვების გარდაუვალობას ადასტურებს. წინარე ნაწილში გადმოცემული თხრობა ისეთი დინამიკითაა წარმოდგენილი, რომ ნაუმი ხაზგასმით მიუთითებს: ნათქვამი მომავალში უნდა აღსრულდეს, რადგან შესაძლოა, ვინმეს ეფიქრა, წინასწარმეტყველი უკვე მომხდარის შესახებ ყვებოდა.

ეპისკოპ. პალადი: ნაუმი აღწერილი მოვლენების უეჭველობის დასადასტურებლად ამჯერადაც უზენაესი ღმერთი შემოჰყავს მსჯელობაში, რომელიც, რა თქმა უნდა, იგივეს იუწყება. აი, მე შენკენ მოვემართები, ნინევო, ბრძანებს ის, როგორც შენ მიერ აღსრულებული უკეთურების მიზეზით შურისმგებელი. ბაბილონელთა და მიდიელთა შუამავლობით დავწვავ და გავანადგურებ ქალაქებსა და საცხოვრისებს, შენი მეფენი თუ მხადართმთავარნი მახვილით აღესრულებიან, აღარავინ მოსმენს შენ შესახებ, არაფერი დარჩება ძველი დიდებიდან).

თავი 3

       წინა თავში წარმოდგენილი მძლავრი ემოციური მუხტი კვლავ გრძელდება, თუმცა ამჯერდ ნინევის დასჯის შესახებ ნაუწყებ მოვლენებს სასჯელის მიზეზებზე საუბარი ენაცვლება.

მიტროპოლიტი მიტროფანე: ზოგიერთი განმმარტებელი ამაოდ ცდილობს წინამდებარე თავის დანარჩენ ორთაგან გამოყოფას და გარკვეული ცნობების საფუძველზე, თითქოს ნინევი ორგზის დაეცა, იმის მტკიცებას, რომ პირველ ორ თავში ქალაქის ადრინდელი, პირველი დატყვევების შესახებაა საუბარი, ხოლო წიგნის ბოლო ნაწილი, მეორე, საბოლოო დაპყრობას გვაუწყებს).

       მხ. 1. ვაი სისხლიან ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას". ასურელი ჯარისკაცების სისასტიკეს ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ. ისინი ტყვედ ჩავარდნილ მოწინააღმდეგეებს უსასტიკესი ხერხებით აწამებდნენ. ჯერ ხელებს, შემდეგ ფეხებს ჰკვეთდნენ, აჭრიდნენ ცხვირსა და ყორებს, სთხრიდნენ თვალებს, სარზე სვამდნენ ცოცხალ ადამიანებს, მოკვეთილ თავებს ქალაქის გალავანზე ყველას დასანახად გამოჰფენდნენ...

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ნაუმი ნინევიას სისხლიან ქალაქად მოიხსენიებს, რადგან მისი მეფეები სისასტიკითა და ძალადობით გამოირჩეოდნენ. აღნიშნული მოვლენა მეფეთა წიგნებითაც დასტურდება: სედეკიას დასჯა, მისი შემდგომი გადასახლება, იუდაში ნაბუზარდანის მიერ შეკრებილი წარჩინებულების აღსასრული და ა.შ. სიცრუით სავსეა ქალაქი, რადგან ნინევი, ასურეთი, მსოფლიო იმპერიას წარმოადგენდა. მისი დედაქალაქი კი აურაცხელი რაოდენობის კერპს უყრიდა თავს. იგი განთქმული იყო შავი მაგიით, მკითხაობით, ჯადოქრებით და ვინ მოთვლის რამდენი გაუკუღმართება სუფევდა მასში).

მიტროპოლიტი მიტროფანე: სისხლის ქალაქი – ასე უწოდა ასურელთა დედაქალაქს ნაუმმა და ზუსტად გადმოსცა ადგილობბრივი ხელისუფლების სისასტიკე. მოგვიანებით აღმოჩენილი ნინევის უამრავ სტელაზე ისეთი შემზარავი სისხლიანი სცენებია ასახული, თმები ყალყზე დაუდგება ადამიანს).

        მხ. 2-3. შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი. მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა, უამრავი დახოცილი გვამების გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორხილობენ მათ ცხედრებზე".

ეპისკოპ. პალადი: რადგანაც შენ, ნინევო, სიცრუისა და ძარცვის შემოქმედი იყავი, მაშ, სასჯელიც ახლოსაა: შენს საზღვრებში მარავლრიცხოვანი და საზარელი ჯარი შემოიჭრა. აი, მესმის მათი შოლტის ხმა, ეტლების ხმაური, ცხენების ჭიხვინი, ვხედავ ხმლებით შეიარაღებულ მხედრებს, ქვეით მეომრებს, რომლებიც ყიჟინით მოემართებიან. სამწუხაროდ, მრავალ მოკლულ ასურელსაც ვხედავ, რომელთა სიმრავლემ გზები ჩახერგა). მხ. 4. ბოზი დიაცის უზომო ბოზობის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავის ბოზობით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით - ტომებს".

ეპისკოპ. პალადი: წინასწარმეტყველი ამჯერად ასურელთა დედქალაქის დაცემის სხვა მიზეზებს მიუთითებს. ესაა განსაკუთრებული გარყვნილება, რაშიც არა მხოლოდ სიძვა-მრუშობა, არამედ კერპების თაყვანისცემაც მოიაზრება. ნინევი მსოფლიოს უდიდესი მეძავი ქალაქი იყო როგორც ხორციელი, ასევე სულიერი მნიშვნელობით და განსაკუთრებულ ხიფათს წარმოადგენდა სხვა, მასთან დამეგობრებული ხალხებისთვის, რდაგან ენითუთქმელი მშვენიერების, ძლევამოსილების, შენობა-ნაგებობათა კეთილაღნაგობით, ჯადოქრებისა და შემლოცველების სიმრავლის მიზეზით მრავალ მნახველს იზიდავდა და საკუთარ წიაღში აღმოჩენილებს ბოლომდე რყვნიდა. ამიტომაც ბაბილონი და მიდია უკეთურების გამანადგურებელი იარაღია ღვთის ხელში). მხ. 5-6. აჰა, მითქვამს შენთვის, ამბობს ცაბაოთ უფალი, ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს - შენი სირცხვილი. მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი".

ეპისკოპ. პალადი: რამდენადაც უკეთური ხარ, ამბობს უფალი, იმდენად დაისჯები. ხალხების წინაშე საძულველად გაქცევ და ისეთ სასჯელს მოგივლენ, წარმართთა შორის ანდაზად იქცევა. ყველას გაუკვირდება და იტყვის: ესოდენ სახელგანთქმული ქალაქი ასე როგორ დაეცა? მაგრამ არავის შეეცოდები შენი სისასტიკის მიზეზით). მხ. 8. რითი ჯობიხარ ნო-ამონს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა გარშემო? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?" ისტორიული წაყაროების თანახმად, ზემო ეგვიპტის მთავარი ქალაქი იყო ნო, სადაც წარმართული ეგვიპტური ღვთაების – ამონის ბომონი მდებარეობდა. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელი ნო-ამონი, სამეცნიერო წრეებში თებედ წოდებული. ნო-ამონი ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი თებეა, რომელზეც ნაუმი წარსულ დროში საუბრობს, რადგან ამ დროისთვის ხსენებული ეგვიპტური ქალაქი სენნახირიმის ვაჟმა - მეფე ასარგადონმა დაიპყრო და დაანგრია. საწინასწარმეტყველო სიტყვის თანახმად, ნინევსაც მსგავსი რისხვა დაატყდება თავს, ვინაიდან ნინევი არაფრით სჯობია ნო-ამონს. 612 წელს ბაბილონელ-მიდიელთა გაერთიანებულმა ჯარმა ქალაქი ნინევი აიღო და ამით მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს, ასურეთის, არსებობას წერტილი დაესვა. ამიერიდან ასპარეზზე ახალი ძლევამოსილი იმპერია ბაბილონი გამოჩნდა.

მიტროპოლიტი მიტროფანე: ნო-ამონის შესახებ მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ: 1. ერთნი სამოცდაათა თარგმანის გათვალისწინებითა და ნო-ამონის ფილოლოგიური ანალიზის შედეგად, რაც ნაწილს ან ამონისთვის განკუთვნილ ნაწილს ნიშნავს, ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ სახლში წინასწარმეტყველი მთელს ეგვიპტეს გულისხმობდა და ამგვარად იწოდება ის, რდაგან მიკუთვნებული იყო დემონისთვის სახელად ამონი. მოხმობილი მოსაზრება პირველად თეოდორიტე კვირელმა გამოთქვა, რაც მოგვიანებით არაერთმა განმმარტებელმა გაიმეორა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ნაუმი ნო-ამონს ნინევს ადარებს. შესაბამისად, მასში ნინევის მსგავსად გამაგრებული ქალქი უნდა ვიგულისხმოთ და არა მთელი ქვეყანა. იმავე მოსაზრებას ამყარებს წინასწარმეტყველის მიერ მოტანილი ნო-ამონის აღწერილობა, სადაც აშკარად ქალაქის შესახებაა მსჯელობა. 2. სხვები, მათ შორის იერონიმე, ხსენებულ ქალაქში ალექსანდრიას მოიაზრებენ. ამ ვარაუდის გამზიარებელნი ამბობენ, რომ ნაუმმა წინდაწინ განჭვრიტა მოგვიანებით მაკედონელის მიერ, ოთხი საუკუნის შემდეგ, დაარსებული ქალაქი. მაგრამ სიტყვის წარმოთქმისას წინასწარმეტყველს სურდა არსებული მაგალითის საშუალებით მოეხდინა ზეგავლენა მსმენელებზე, რასაც არარსებულ ქალაქზე საუბრით ვერასგზით მოახერხებდა.

        ნო-ამონში გვიანდელ განნმარტებელთა დიდი ნაწილი ზედა ეგვიპტეში მდებარე ქალაქ თებეს მოიაზრებს. ფილოლოგიური, არქეოლოგიურ-ისტორიული მონაცემები და თავად ნაუმის ტექსტი აღნიშნულ ვარაუდს სავსებით ადასტურებს. სახელწოდება მომდინარეობს კოპტური ნოჰ-დან, რაც საზომ თოკს, მოგვიანებით კი მოზომილ ნაწილს, მონაკვეთს ნიშნავდა. ამიტომაც ნო-ამონი განიმარტება როგორც მთავარი ეგვიპტური ღვათების - ამონისთვის აზომილი სამკვიდრებელი, ამონის ნაკვეთი. ხსენებული ღვთაების სამისნო თებეში მდებარეობდა. საუკეთესო ეგვიპტოლოგების აზრით, თებეს ბერძნული სახელი ქბაი ეგვიპტური ტარ ან ტარე-დან იწარმოება, რაც მთავარს ანაც დედაქალქს ნიშნავდა. ასე იწოდებოდა ქალაქის ცენტრში მდებარე ამონის ცნობილი ტაძარი და ეს სახელი მოგვიანებით ქალაქსაც განეკუთვნა, რომელსაც სრული სამართლიანობით შეიძლებოდა ამონის სამკვიდრო, ამონის საცხოვრისი წოდებოდა. ხოლო ვინაიდან ეგვიპტურ მითოლოგიაში მთავარი ღვთაება ზევსს შეესაბამება, მის მთავარ ადგილსამყოფელს, თებეს, ბერძენი მწერლები ხშირად დიოჯ პო`ლიჯ - ზევსის ქალაქს უწოდებდნენ. დიოდორე სიცილიელის ცნობით, იგი ‘პირველია მსოფლიოს ქალაქებს შორის, უმშვენიერესი მზისქვეშეთში". თებე ზემო ეგვიპტის მთავარი დედაქალაქი იყო, მსგავსად მემფისისა ქვედა ეგვიპტეში. ჯერ კიდევ ჰომეროსის დროს ის სამყაროს მთავარ ქალაქად მიიჩნეოდა, არსად არსებობდა ისეთი სიმდიდრე, როგორსაც თებეში იხილავდა ადამიანი. ორივე მხარეს ნილოსის სანაპიროზე გაეშენებინათ იგი. ხსენებული მდინარე ორი მხრიდან ზღვასავით ეკვროდა გარშემო, ხოლო ნილოსისთვის განკუთვნილი უზარმაზარი არხების გზით ქალაქის სხვა მხარეც მიუვალ, მოუხელთებელ სივრცედ ქცეულიყო, ასე რომ, ვერავინ შეძლებდა მასთან მიახლოვებას. თუკი ბოლომდე ვერ ვენდობით ეგვიპტელი ქურუმების ცნობას, რომლის თანახმადაც ქალაქს 20 000 საომარი ეტლისა და 700 000 მეომრის გამოყვანა ძალუძდა, გარკვეულ წარმოდგენას მაინც გვიქმნის, როგორი მაშტაბებზეა საუბარი. ნინევზე მსჯელობისას სავსებით ლოგიკურად შეეძლო ნაუმს თებეს გახსენება, რადგან მიუხედავად ასურელთა დედაქალაქში არსებული არნახული ზღუდეებისა, ნო-ამონი მასზე გაცილებით დაცული იყო. საღვთო ყოვლისშემძლეობით დაეცა ერთი, იგივე ელის მეორესაც. ზედა ეგვიპტის დედაქალაქის დაცემის თაობაზე მრავალი განსხვავებული მოსაზრება გამოიტქვა. ზოგი საღვთო მსჯავრის აღსრულებას ასურეთს უკავშირებს, სხვანი სხვა ხალხებს ასახელებენ. არსებული მასალების გაანალიზებით, თებს აღსასრული ასურელთა ხელით, კერძოდ, ასარგადონის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაუდგა).

       მხ. 1213. ‘შენი ციხე-კოშკები მწიფენაყოფიანი ლეღვის ხეა - თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს. აჰა, შენი ერი საქალეთია შენს წიაღში! ფართედ გაეღება შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს ურდულებს". ნაუმი წიგნის დასასრულს კვლავ ნინევს მიმართავს და მას ხან მწიფე ლეღვის ხეს ადარებს, რომელსაც შერხევისას ადვილად სცვივა ნაყოფი, ხან დედათა სამკვიდრებელს უწოდებს, რითიც წარმოაჩენს, რომ დაცემის ჟამს უძლიერესი ვაჟკაცებიც კი მსგავსად დიაცებისა უძლურნი აღმოჩნდებიან, რამე იღონონ.

ნეტარი იერონიმე: წმინდა წერილი, განსაკუთრებით საწინასწარმეტყველო წიგნები, მრავალ საიდუმლოს მოიცავს და ხშირ შემთხვევაში გამოსათქმელი ღრმა აზრი რთულად გასაგებ წინადადებად ფორმირდება. ამგვარი სიძნელის მიზეზი ისაა, რომ სიწმინდეს ძაღლები არ დაეუფლონ, მარგალიტები ღორებმა არ გათელონ და წმინდათა წმინდა უგუნურებმა არ შეურაცხყონ).

ეპისკოპ. პალადი: ფუჭად გეიმედება, აგრძელებს წინასწარმეტყველი, შენი ციხე-სიმაგრეები, რადგან ღვთისა წინაშე მწიფე ლეღვს ემსგავსებიან ისინი, რომლის ნაყოფიც თავისთვად წყდება ხეს და მსურველის ხელში აღმოჩნდება. საკმარისია მტერი მხოლოდ შეგეხოს, რომ მაშინვე მის ხელში აღმოჩნდები. ამაოდ სასოებ, ნინევო, შენს მოსახლეობას, მეომრებსა და მრჩეველებს, ვერც ისინი გისველიან, რადგან ფრიად უძლურნი აღმოჩნდებიან ალყის დღეს და პირიქით, მტერს თავად გაუხსნიან კარიბჭეებს.

       მხ. 14. მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა". წმ. კირილე ალექსანდრიელი: ასე მიმართავს ნაუმი ნინევს. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ასურელებმა, ოდესღაც მსოფლიოს უძლიერესმა დამპყრობლებმა, მტრების გაძლიერების შესახებ გაიგეს, შეეცადნენ თავი დაეზღვიათ და ქალაქს უზარმაზარი თხრილები შემოავლეს, სადაც მდინარის წყალი მიუშვეს და ამ გზით ქალაქის გარშემო მისადგომი ადგილები ჭაობად აქციეს, რაც, რა თქმა უნდა, მომხვდურს ერთი-ორად გაურთულებდა საქმეს. სწორედ ამ მოვლენის შესახებ უნდა იყოს მინიშნება).

არქიეპის. იოანე სმირნოვი: ჰეროდოტესა და დიოდორე სიცილიელის თანახმად, ასურელებთან ომის წამომწყები მიდიელი მეფე ფრაორტი ორთაბრძოლისას მოიკლა. მამის დაწყებული საქმე შურისძიების მიზნით მისმა ვაჟმა კიაკსარმა განაგრძო. იგი ბრძოლით ნინევამდე მივიდა, ქალაქი ალყაში მოაქცია, მაგრამ მოულოდნელად უკან დაიხია, რადგან აზიაში სკვითებად წოდებული თურქისტანის მომთაბარე ტომების ჩრდილოეთიდან შემოჭრის შესახებ შეიტყო. კიაკსარს მცირე დრო დასჭირდა, რომ მოულოდნელად გამოჩელი ურდოების მძლავრი დარტყმა მოეშუშებინა. მიდიელთა მეფემ ახალი საომარი მოქმედებები ამჯერად ლიდიელ მეფე ალიოტის წინააღმდეგ წამოიწყო. დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მხოლოდ მეექვსე წელს დასრულდა, მას შემდეგ, რაც მზის სრულ დაბნელებას ჰქონდა ადგილი. საქმე ისაა, რომ ხსენებული მოვლენისას ორივე ქვეყნის ჯარი ურთიერთთან დასაპირისპირებლად ემზადებოდა, ბრძოლა რამდენიმე წუთში უნდა დაწყებულიყო და ამ ფონზე უეცრად მთელი სამყარო წყვდიადმა მოიცვა. შიშმა და შეძრწუნებამ დარია ხელი ლიდიელ და მიდიელ ჯარისკაცებს, რამაც კიაკსარი და ალიოტი იძულებული გახადა, საზავო ხელშეკრულება დაედოთ. ორ მხარეს შორის შუამავლი ბაბილონელი მეფისნაცვალი ლაბინეტი იყო, ვისაც ბაბილონის ცნობილ მეფე ნაბონალასართან აიგივებენ. ამავდროულად ასურეთის წინააღმდეგ ერთობლივი საომარი მოქმედებების წარმოების მიზნით კავშირი დაიდო მიდიისა და ბაბილონის მმართველებს შორისაც. აღნიშნული კავშირი ოჯახური ურთიერთობებით გამყარდა, კიაკსარის ქალიშვილი ნაბოპალასარის ვაჟმა ნაბუქოდონოსორმა შეირთო. ორმა მეფემ ერთობლივად ასურეთს შეუტია და სამწლიანი ალყის დასასრულს ნინევი დაეცა. როდესაც მოხვდური ქალაქში შეიჭრა, ასურელი მეფე შარაცოს ან დიოდორე სიცილიელის თანახმად, სარდანაპალი მტრებს ცოცხლად არ ჩაბარდა და საკუთარი თავი სამეფო სასახლესთან ერთად დაიწვა).

ეპისკოპ. პალადი: ნაუიმი, ხედავს რა ნინევის გარდაუვალ დაცემას, თავდასაცავად გამოყენებული ყველა შესაძლო ხერხის უსარგებლობაზე მიუთითებს. საალყო წყალი ესაა მარაგი, რაც მტრების ზემოქმედების შედეგად ასურელთა დედაქალაქის გარესამყაროსთან მოწყვეტის შემთხვევაში გამოიყენებდა ქალაქის მოსახლეობა, წყურვილის მოსაკლავად თუ დაზიანებული კედლების გასამაგრებელი აგურების დასამზადებლად. მართალია, ნინევი ტიგროსის სანაპიროზე იყო გაშენებული, მაგრამ ალყის შემთხვევაში ყოველთვის შეიძლებოდა, მტერს წყლის კალაპოტი შეეცვალა და მოსახლეობა უმძიმეს დღეში აღმოცენილიყო. ნაუმი ირონიიით მიმართავს მსმენელს: მიდით, გაამაგრეთ, გაამაგრეთ თქვენი ციხე-სიმაგრეები, ამაოა ყოველივე).

       მხ. 15-16. ‘იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით! მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია - კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება".

ეპისკოპ. პალადი: გამაგრებულ სადგომებში დაიღუპებით, აბობს წინასწარმეტყველი, სადაც მტრების მანქანებიდან ნასროლი ცეცხლი მოგწვდებათ. გაიხსნება კარიბჭეები და დანარჩენებს მახვილი შეგჭამთ, ვერც სიმდიდრე გადაგარცენს, ნინევო. ასურელთა დედაქალაქი საუკუნეების მანძილზე აზიური ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა, სადაც აურაცხელი რაოდენობის საქონელი იყრიდა თავს, შემდეგ კი მსოფლიოს ყველა კუთხეში ნაწილდებოდა. ქალაქში აზიელი მოვაჭრენი მსგავსად ცის ვარსკვლვთა სიმრავლისა იყრიდნენ თავს. ვერავინ და ვერაფერი გადაარჩენს ნინევს, როგორც კი საფრთხის შესახებ შეიტყობენ უცხოელები, კალიის დარად გაიბნევიან და გაიფანტებიან თავიანთი სინდიდრითურთ სხვადასხვა კუთხეში).

       მხ. 17-18.  შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს. ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები".

ეპისკოპ. პალადი: ვერც მხედართმთავარნი შეგეწევიან, რომლებიც ზარმაც მწყემსებს დამსგავსებიან და ისეთ დროს იძინებენ, რაჟამს სიფხიზლეა საჭირო). მხ. 19.  არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე?"

ეპისკოპ. პალადი: ნინევო, უეჭველად დაიღუპები, რადგან სასიკვდილოა შენი სნეულება და არ არსებობს ექიმობა, რომელიც განგკურნავდა. ბუნებრია, წინასწარმეტყველი სულიერ უძლურებებს გულისხმობს. ნინეველნი ძვლებამდე და გონებამდე გარყვნილიყვნენ და აღარ ძალუძდათ ამ ზნეორივი ბოროტებიდან უკუმიქცევა. საბოლოო სიტყვაში ნაუმი აფრთხილებს ასურელებს, რომ მათი დაცემა ყველა ხალხისთხის ზეიმი იქნება, რადგან ეგზომ სიავის ჩამდენი სამეფოს დასასრული მსმენელებში ისეთ სიხარულს გამოიწვევს, რომ ტაშს დასცემენ და ცეკვას მოჰყვებიან. არავის დაენანები, აგრძელებს წინასწარმეტყველი, რადგან არ არსებობს ხალხი, ვისაც შენი ბოროტება არ უგემია).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: ნინევში მართებული იქნება, დაცემული სული (დემონი) მოვიაზროთ და ნაუმის სიტყვები, გარდა პირდაპირი მნიშვნელობისა, სიმბოლურადაც აღვიქვათ. ამასაც ვიტყოდი, რომ ცოდვის შემნივთებელი, ანუ სატანა, საკუთარი უკეთური ბადის ყველგან გამავრცელებელი და ადამიანთა დაღუპვისთვის მარადჟამ დამაშვრალი, აწ ქრისტეს მიერ შემუსვრილი, სამართლიანად მოისმენს: ,,ვინც გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?").

მიტროპოლიტი მიტროფანე: მაშ ასე, ნინევი უნდა დაეცეს! ეს სწორედ ის დიდი ქალაქია, რომელიც ხუთასი წლის მანძილზე შიშის ზარს სცემდა მთელს დასავლეთ აზიას. თაობები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, რომ წარმოუდგენელი სიძლიერის ნაგებობებით გაემაგრებინათ იგი. მას შემდეგ, რაც ნაუმის სიტყვები გაისმა, წინასწარმეტყველების აღსასრულებლად საკმაოდ მცირე დრომ განვლო. ასურეთიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით იმ დროს, როდესაც რომაელები ტიბრის სანაპიროზე საკუთარ ქალაქსა და მომავალი მსოფლიოს ცენტრს უყრიდნენ საფუძველს, ზოგიერთ არიულ ტომებს დამოუკიდებლობის სურვილი გაუჩნდათ და მოუძლურებული სემინტების ხელიდან აზიის მმართველობის სადავეთა ჩამორთმევა განიზრახეს. ისინი მიდიელები და სპარსელები იყვნენ. დიდი დროის მანძილზე ძრწოდნენ ძლევამოსილი ასურეთის წინაშე ხსენებული ხალხები და სავარაუდოდ სენნახირიმის ზეობისას მათ მორჩილებაში იმყოფებოდნენ, მაგრამ სიონის კედლებთან განცდილმა სასწაულებრივმა მარცხმა ზუსტად ერთი წლის თავზე მიდიელ მეფე დეიოკს ზლევამოსილი მონარქის მორჩილებაზე უარის თქმა გადააწყვეტინა. მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმთან მარცხის შემდეგ, ასურული წყაროების თანახმად, სენნახირიმმა არაერთი გამარჯვება მოიპოვა, იოსებ ფლავიოსის თქმით, ეს ასურეთის იმპერიის დაცემის დასაწყისი აღმოჩნდა. განდგომილი მიდიელები კვლავაც დამოუკიდებლად მართავდნენ საკუთარ სახელმწიფოს. მართალია, სენნახერიმის ვაჟი, ასარგადონი, მიდიელთა მეფედაც იწოდება, მაგრამ რეალურად მის მორჩილებაში მიდიელთა მიწაზე მცხოვრები მხოლოდ ერთი, თითქმის ყველსთვის უცნობი ტომი – ბინკები იმყოფებიან და სწორედ ამის საფუძველზე უწოდებს ასარგადონი საკუთარ თავს მიდიელთა მმართველს. ეს მხოლოდ ტიტულატურაში გაჟღერებული ფუჭი დიდებაა, რის უკანაც განსხვავებული სინამდვილეა. და მიუხედავად ყველაფრისა, ნაუმის მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველება ნინევის დაცემის შესახებ აშკარად საღვთო განცხადების შედეგია, რადგან ადამიანური უნარშესაძლებლობებით მოცემულ ვითარებაში მსგავსს ვერავინ განჭვრეტდა. ელკოშელი წინასწარმეტყველის ასპარეზზე გამოჩენიდან დაახლოებით ორმოცი წელი გავიდა და მისი სიტყვების აღსრულებაც დაიწყო. ფრაორტი (656-635 წწ.), მიდიელთა სამეფო ტახტზე დეიოკის მემკვიდრემ, ასურული სახლმწიფოს შემადგენლობაში შემავალი მნიშვნელოვანი მიწების მიერთებას შეუდგა და ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონში შეჭრაც განიზრახა, თუმცა რიგანის ველზე ასურელებთან გამართულ ბრძოლაში მარცხი იწვნია და მტრის ხელით მოიკლა. სამხრეთითად გამუდმებული სამხედრო მოქმედებები ეგვიმტემაც წამოიწყო და აზიაში ძალისმიერი ხერხებით შემოჭრას უმატა. ფრაორტის მემკვიდრე ციაკსარმა (635-595 წწ.), როგორც კი მიდიური სამხედრო ძალა წესრიგში მოიყვანა, საკუთარი მამის მოკვდინებისთვის შურისძიება განიზრახა: იგი მთელი მიდიური არმიით ნინევისკენ გაემართა, ერთ-ერთ ბრძოლაში სძლია ასურულ ჯარს და მათი დედაქალაქი ალყაში მოაქცია. მაგრამ სწორედ ამ დროს კავკასიისა და კასპიის ზღვის გავლით აზიაში ველური მომთაბარე ტომები - სკვითები შემოიჭრნენ. ასურელმა მეფემ მოიხმო ისინი დასახმარებლად თავისთან თუ თავად ბედი შეეწია ნინეველებს, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ უცხოტომელთა გამოჩენა ასურელთათვის სასარგებლო აღმოჩნდა, როგორც კი შეიტყო ციაკსარმა უსიამოვნო სიახლე, მაშინვე მოხსნა ალყა და საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად გაეშურა. სკვითებთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ მიდიელები. სკვითები ერთიმეორეს მიყოლებით იმორჩილებდნენ წინააზიურ სახელმწიფოებს: დაიპყრეს სიარია და პალესტინის გავლით თვით ეგვიპტემდე მიაღწიეს, წვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც კი გზაში ხვდებოდათ. აზიაში სკვითების მმართველობა არ ყოფილა ხანგრძლივი, ეს პროცესი დაახლოებით 28 წელი გაგრძელდა. ნინეველთა საუბედუროდ სწორედ მიდიელები გათვაისუფლდნენ პირველები მათი მონობის უღლედიან, სკვითების თავდასხმამ მხოლოდ მცირეოდენ დროით შეაყოვნა ასურეთის იმპერიის საბოლოო დაცემა.

       მიდიელთა მფარველობის ქვეშ ასურელებისადმი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულების მქონე კიდევ ერთი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. ეს იყო ბაბილონი, რომელსაც, მართალია, ნინევამდე ჰქონდა წინა აზიაზე გავლენა მოპოვებული, მაგრამ ასურული სახლმწიფოს გაძლიერების შემდეგ სხვა ქვეყნების დარად მისი მეუფების ქვეშ აღმოჩნდა. ბაბილონელები ხედავდნენ, რომ დადგა დამოუკიდებლობის მოპოვების ჟამი. როდესაც ციაკსარი თანდათანობითი გამარჯვებების გზით ნინვს სამი მხრიდან მიუახლოვდა, ასურელმა მაღალჩინოსანმა ნაბოპალასარმა, რომელიც ბაბილონის სკვითთაგან დასაცავად იყო გაგზავნილი, ხელსაყრელი დროის გამოყენებით ასურეთის მორჩილებაზე უარის თქმა და დამოუკიდებლობის გამოცხადება განიზრახა. მხოლოდ ასურეთის იმპერიის სრული კრახი იქნებოდა პირობა იმ სახელმწიფოს არსებობისა, რომლის შექმნასაც აპირებდა ნაბოპალასარი. აღნიშნულის მისაღწევად მას მიდიელთა დახმარება ესაჭიროებოდა. მაგრამ ამ კონკრეტული დროისთვის ციაკსარი ლიდიაში აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. უკვე ექვსი წელი გასულიყო, თუმცა არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა დაპირისპირება, რომ სრულიად მოულოდნელმა მოვლენამ ნაბოპალასარის გეგმებს ფრთები შეასხა. ჰეროდოტეს ცნობით, როდესაც მიდიური და ლიდიური ჯარები მორიგი ბრძოლის საწარმოებლად ერთურთის პირისპირ განლაგდნენ, უეცრად დღე ღამედ იქცა. ორივე მხარე შეძრწუნებამ მოიცვა. მეფეებმა ერთმანეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყეს და შეთანხმდნენ, რომ მიდიური და ლიდიური სამეფო სახლები დანათესავდებოდნენ. ამის შემდეგ ციაკსარი ნაბოპალასარსაც დაემოყვრა, რომლის ძესაც, ნაბუქოდონოსორს, საკუთარი ასული - ამუჰეა მიათხოვა. ამგვარად ძალამოკრებილი ციაკსარი კვლავ ნინევისკენ დაიძრა. მოვლენების ამგვარი განვითარება კოალიციაში მყოფ ყველა მხარეს ხელს აძლევდა. ასურეთში სარდანაპალ IV-ის ძე, ასურ-იდილილი ან სარაკი მეფობდა. სამი წელი გაგრძელდა ალყა. სამგზის გამოვიდნენ ასურელები ქალაქიდან და საკამაოდ მძიმე დარტყმა მიაყენს მოიერიშე მტერს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მომხდურთა დასუსტების მიზეზით ასურულმა არმიამ ქალაქს გარეთ, ნინევის კედლებთან დაიდო ბინა და მტერს გახსნილ ბრძოლაში უწევდა წინააღმდეგობას. მიდიურ-ბაბილონურ-ლიდიური კოალიციური ჯარი ქალაქის შორიახლოს დაბანაკდა და საომარი მოქმედებების წარმოება დღითი დღე უმძიმდა. ასურელები თითქმის უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, რადგან ხანგრძლივი, დამქანცავი დრო მათ სასრგებლოდ გადიოდა. შედეგად, ქალაქის გარეთ გამაგრებულმა ნინეველმა მეომრებმა ნელნელა ყურადღება მოადუნეს, ქეიფსა და დროსტარებას უმატეს, მაგრამ ერთ ღამეს მტერი მოულოდნელად დაესხა თავს ქალაქის მცველებს, მრავალი ბაბილონელი მეომარი იქნა მოკლული, დანარჩენებს კი ქალაქამდე მისდიეს. მოვლენების მოულოდნელი განვითარებით დაბნეულმა ასურელმა მეფემ უმაღლესი მხედართმთავრობა საუკეთესო სტრატეგს საკუთარ სიძეს – სალაემენესს გადასცა, მაგრამ ომის ფორტუნა ამ შემთხვევაშიც მომხდურთა მხარეს აღმოჩნდა. მტერმა ნინევიის დაბლობებში განლაგება მოასწრო და ზედიზედ ორ ბრძოლაში დაამარცხა ასურელები, სალაემენესი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ჯარის ნაწილი, რომელიც გაქცევით ცდილობდა თავის გადარჩენას, დაუნდობლად იკაფებოდა, ყველა გაზა მოჭრილი იყო მათთვის და ნინევიელი მეომრები ტიგროსში ხტებოდნენ. მოკლულთა რაოდენობა ისეთ რიცხვს აღწევდა, რომ მიუხედავად სწრაფი დინებისა, მდინარე ტიგროსი დიდ მანძილზე მეწამულ ფერებში მიაპობდა კალაპოტს. ქალაქის უზარმაზარი გალავანი კვლავაც გადაულახავ დაბრკოლებად აღმართულიყო მომხდურთა წინაშე, მეფემაც უწყოდა ძველი თქმულება, რომ ვერავინ დაიპყრობდა ნინევს ძალით, თუკი ქალაქს მდინარე არ გაუხდებოდა მტრად, და სწორედ ამის ეიმედებოდა. ამასობაში მესამე წლის შემოდგომა დადგა და ნინეველთა წინააღმდეგ, მსგავსად ძველი წინასწარმეტყველებისა, ამჯერად სხვა მტერი შეიარაღდა. უეცრად მოვარდნილმა წყლის ღვარცოფმა, რომლის დარიც უწინარეს დროს არავის ენახა, ერთ ღამეში ჩამოაქცია კედლის საკმაოდ დიდი ნაწილი. ამით, ფაქტობრივად ყველაფერი დასრულდა, ნინევის მეფე მიხვდა, რომ ძველი თქმულება აღსრულდა და ხსნა არსაიდან იქნება, ამიტომაც საკუთარი სასახლეში შეაგროვებინა მთელი ოქრო, ვერცხლი, სამეფო სამოსი, მხევლები, საჭურისები და მათთან ერთად საკუთარი თავიც ცეცხლს მისცა. ასე აღესრულა წინასწარმეტყველის სიტყვა. პირწმინდად გაძარცვული ქალაქი კი მთლიანად ცეცხლმა შთანთქა).

ნახვა: 684

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters