აბაკუმის წინასწარმეტყველება - განმარტება

თავი 1


       მხ. 1. განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა.
მსგავსად ნაუმის წიგნისა, ამბაკუმიც საკუთარ წინასწარმეტყველებას იწყებს ებრაული სიტყვით მასსა. ბერძნულ ტექსტში მითითებულ ადგილზე გვხვდება ტერმინი ლჰმმა . უნდა აღინიშნოს, რომ ნაუმისგან განსხვავებით, ამბაკუმი საკუთარ საწინასწარმეტყველო სიტყვაში შემაძრწუნებელი სასჯელის შესახებ მოძღვრებას ხშირად მანუგეშებელ და იმედისმომცემ სწავლებას ანაცვლებს.
თეოდორიტე კვირელი: განაჩენს" (ბერძ. ლჰმმა) წინასწარმეტყველი გონების აღტაცებას და კაცობრივი საქმეებიდან საღვთო გამოცხადებასთან მიახლებს უწოდებს).  ამბაკუმის საკუთარ სახელს ებრაულ ბიბლიაში ემატება ტერმინი ნაბი . ამით წინასწარმეტყველი მიანიშნებს, რომ წარმოთქმული მოძღვრება მისი პირადი კუთვნილება როდია, არამედ ღვთისგან ნაუწყებს განაცხადებს.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამბაკუმი საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს და ამით მიუთითებს, რომ, ის, რაზეც სურს ისაუბროს, არათუ მისია, არცთუ საკუთარი გონებისა და აზრების ნაყოფია, არამედ სულიწმინდით აქვს ნაუწყები და ღვთის სიტყვას გამოთქვამს).
        მხ. 2-4. 'როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე? რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი. ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.
ნეტარი იერონიმე: ამბაკუმი უზენაესს უდიდესი გულისტკივილით მიმართავს, რადგან ვითარცა წინასწარმეტყველი ხედავს მომავალში მოსახდენ მოვლენებს და ეკითხება მას, თუ რატომ გაანადგურებს ნაბუქოდონოსორი ტაძარსა და იუდეის სამეფოს, რისთვის გადაიწვება იერუსალიმი, ღვთის ქალაქი. ვერ გაუგია, რატომ ხდება, რომ ღმერთი არ ისმენს გამწარებულთა ღაღადისს. წინასწარმეტყველი სულიერი ხილვაში ქალდეველთაგან ძლიერ შევიწროებული ესაუბრება ღმერთს, მაგრამ არსაიდანაა ნუგეში, შემწეობა. წინასწამრტყველი ამას სულიერი განცდების შედეგად გამოთქვამს, რადგან ჯერ არ იცის, ოქრო რომ ცეცხლში გამოიბრძნობა, რომ ცეცხლის ღუმელში შესული სამი ყრმა უწინდელზე განმტკიცებული და განწმედილი უკან ბრუნდება . ხშირად ყოვლისმცოდნე და მომავლის განმჭვრეტი ღმერთი ადამინის თხოვნას არ იწყნარებს, რომ მეტად აღძრას, სულიერად განამტკიცოს და ბრძოლა ასწავლოს მვედრებელს).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: აბაკუმი იუდეველთა მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ ნამოქმედარი უსამართლობის გამო უდიდეს გულისტკივილს განიცდის. სიცრუე, ძალადობა, სიავე, ძარცვა-გლეჯა, მტრობა, შუღლი... წინასწარმეტყველი ჩამოთვლის უკეთურებათა სახეებს, რაც მის ირგვლივ ყოველდღიურ ყოფაში აღესრულებოდა, 'ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი", ამბობს იგი).
       მხ. 5. 'შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ. რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.
უზენაესისგან მიღებულ პასუხს არა მარტო ამბაკუმი, არამედ ყველა მისი თანატომელი უნდა დაერწმუნებინა, რომ ადამინთა შორის არსებული უსამართლობისადმი საღვთო გულგრილობა მხოლოდ მოჩვენებითია და მალე დადგება ჟამი, როდესაც რჩეული ერის უღირსი წარმომადგენლები სასჯელს დაექვემდებარებიან.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ამჯერად ამბაკუმი მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ საუბრობს. დაუჯერებელი რამ მოხდება. მართლაც ვის შეეძლო, ეფიქრა ღვთის რჩეულ ისრაელზე, პირმშოზე, რომელიც უფალმა ეგვიპტელთა მონობიდან გამოიყვანა უდიდესი სასწაულების შედეგად, ორმოცი წელი უწინამძღვრა და უდაბნოს გავლით აღთქმულ ქვეყანაში მიიყვანა ისინი, ქანაანში მცხოვრები ტომები ამოძირკვა პირისაგან მიწისა, ხოლო ეს ადგილი რჩეულ ერს უწილადა; ზრუნვა და შემწეობა არ მოაკლო საკუთარ პირმშოს... ყოველივეს შემდეგ ვინ ელოდა იმას, რაც მოხდა. ვინ გაიაზრებდა, რა დღეში აღმოჩნდებოდა იერუსალიმი, მისი მოსახლეობა. ეს რომ ამბად გაგონილი მოესმინათ, გაიცინებდნენ და იტყოდენენ: შეუძლებელია, ასეთი რამ არასოდეს მოხდება. სწორედ ამაზე საუბრობს ამბაკუმი და სხვა წინასწარმეტყველებთან ერთად მომავალ უმძიმეს ჟამზე მიანიშნებს).
ნეტარი იერონიმე: უფალი დასმული კითხვების შემდეგ ამბაკუმს ჰპასუხობს, რომ მან ირგვლივ მიმოიხედოს და ხალხში არსებული უკეთურება დაინახოს, რისთვისაც არა მარტო იუდა, არამედ მეზობლი სახელმწიფოებიც ქალდეველებს გადაეცემათ).
       მხ. 6. 'რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.
სახელით 'ქალდეველი" წინასწარმეტყველთა წიგნებში იხსენიება ტომი, მოდგმა, რომელსაც ლურსმნისებრი წარწერების თანახმად, კალდუ ეწოდებოდა. ამ ხალხის თავდაპირველი საცხოვრისი ბიბლიური მესოპოტამიის სამხრეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარეობდა. ისინი ძვ. წ. აღ.-ის VII საუკუნეში საკმაოდ მომძლავრდნენ და დაპყრობითი ომებით ჩრდილოეთისკენ გაიკაფეს გზა. 626 წ. ქალდეველთა ბელადმა ნაბოპასალარმა დაშლის პირას მყოფი ასურეთის იმპერიის ნანგრევებზე ახალი, ქალდეურ-ბაბილონური სამეფო ჩამოაყალიბა. ქალდეველები სემიტები იყვნენ. სწორედ ეს ხალხია წარმოდგენილი იუდეველთა დამსჯელ ძალად. თუმცა უფალი იქვე უთითებს, რომ მათ ძლიერება არათუ საკუთარ თავს, არამედ ღმერთს უნდა განუკუთვნონ, ვინც გამოირჩია და აამაღლა ისინი. წარმოდგენილ მუხლებში უზენაესის მიერ წინასწარმეტყველისთვის გაცემული პასუხი უფლის პირველი მიმართვაა ამბაკუმისადმი.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: აბაკუმი პირდაპირ და დაუფარავად საუბრობს, რომ სასჯელი ქალდეველთაგან მოვა. ისინი სასტიკნი და ფიცხელნი არიან და მთელს დედამიწას მოივლიან. მათ არ იცოდნენ გამარჯვებით დაკმაყოფილება. მიუხედავად წარმატებისა, ახალსა და უფრო მნიშვნელოვან შედეგებს ელტვოდნენ. ყოველი მოგებული ბრძოლა ახალი ომისთვის მზადებით გრძელდებოდა. ფაქტია, ბაბილონის იმპერია ძვ. წ. აღ. VII საუკუნის დასასრულს მსოფლიო მონარქიად ჩამოყალიბდა. მისი სახელმწიფო საზღვრები უკიდეგანოდ იყო გადაჭიმული).
მხ. 7. 'საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: აღნიშნული უწყება ნაბუქოდონოსორს მიემართება და მის შესახებ გვატყობინებს. აქაა მითითება ბაბილონში არსებული სამეფო უფლებების შესახებ. თუკი სხვა სახელმწიფოში რიგი გადაწყვეტილებები უმაღლეს თანამდებობაზე დანიშნული პირების მიერ მიიღებოდა, ბაბილონი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა. ყველა და ყველაფერი უშუალოდ მეფის ნება-სურვილით იმართებოდა. ის ერთპიროვნული მბრძანებელი და ყოველი საქმის მოთავე იყო).
მხ. 10. 'ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს. დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: კვლავ ქალდეველთა ძლიერებაზეა მითითება. სასაცილოდ იქნებიან აგდებული მეფეები და ხალხი, განადგურდება ყოველი ციხე-სიმაგრე. ჩვენ შესაბამისი მოვლენებიც შეგვიძლია გავიხსენოთ. ნაბუქოდონოსორი იერუსალიმში პირველად 605 წელს ესტუმრა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, წარჩინებული, დიდგვაროვანი ოჯახის შვილები ბაბილონში გადაასახლა. ამ დროს იუდაში იოაკიმე მეფობდა. მორიგ ჯერზე ქალდეველი ხელმწიფე იუდას დედაქალაქში 597 წელს გამოცხადდა და ამჯერად დაახლოებით 10 000 ადამიანი და ტაძრის ძვირფასი ჭურჭლის ნაწილი ბაბილონში წაასხა, ტყვედ წაიყვანა მეფე იექონია, ხოლო ქალდეველი მონარქის მესამე ვიზიტი 586 წელს ტრაგიკული აღმოჩნდა იუდეის სამეფოს ისტორიაში).
ნეტარი იერინიმე: უფალი ამბაკუმს ნაბუქოდონოსორის შესახებ ესაუბრბა (მხ. 6-11). ‘მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას". აღნიშნული სიტყვები დანიელის წინასწარმეტყველებას ეხმიანება, სადაც მოთხრობილია, თუ რა შეემთხვა ძლევამოსილ მხედარმთავარს, როდესაც უზენაესისგან ბოძებული ძლევამოსილება საკუთარ თავს განუკუთვნა და ღმერთობა მოინდომა .
‘მისი ძალა კი მის ღმერთშია!" აღნიშნული სიტყვები ირონიულადაა ნათქვამი. ბაბილონში მთავარ ‘ღვთაებად" ბელი მიიჩნეოდა. უფალი ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი უსულო კერპს ჰსასოებს და მასში ხედავს შემწესა და თანამდგომს.
       აღნიშნული ადგილი (მხ. 6-11) ჩვენ დაცემულ სულებსაც შეგვიძლია განვუკუთნოთ. წმ. წერილი რიგ შემთხვევაში ნაბუქოდონოსორს დემონის სიმბოლოდ, ხოლო ქალდეველებს მის მსახურ სულებად წარმოგვიდგენს).
მხ. 12-17. 'შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი. საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული! სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?...
ქალდეველთათვის იუდეის აღმოფხვრა პირისაგან მიწისა არაფერს წარმოადგენდა, მაგრმა ამბაკუმი რჩეული ერის განადგურებას, ვისთანაც უფალი აღთქმის გზით შევიდა კავშირში, აზრადაც ვერ დაუშვებს. წინასწარმეტყველის იმედი საღვთო ბუნების უცვლელობას ემყარება, მაგრამ ამავდროულად ისიც იცის, რომ არცერთი ცოდვა არ დარჩება განკითხვისა და შურისგების გარეშე. ამიტომაც ამას უფალი საკუთარი ხალხის განადგურების მიზნით როდი იზამს, არამედ საღვთო სამართლიანობისთვის. წინასწარმეტყველი იმედიანადაა და ამბობს: 'ჩვენ არ მოვკვდებით". ამის შემდეგ ამბაკუმი ცდილობს გაიგოს, აბსოლუტური სიწმინდის მფლობელი ღმერთი, რჩეული ერის განსწავლის მიზნით, რატომ მაინცდამაინც უკეთურებით გამორჩეულ ქალდეველებს იყენებს? იუდეველთა უკუღმართობა ქალდეველთა კაცთმოძულეობასთან განა მოსატანია? ნუთუ ებრაელები მათზე უკეთესები არ არიან?

თავი 2


        მხ. 1. 'ჩემს სადარაჯოზე დავდგები და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე.
ამბაკუმი კვლავაც არ ცხრება. იგი შეუპოვარია და სურს, უზენაესისგან მოისმინოს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
ნეტარი იერონიმე: სადარაჯოზე დგომა საწინასწარმეტყველო სულის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ნიშნავს, კლდეზე ასვლა კი ქრისტეზე დასაფუძვლებას გულისხმობს, სადაც დასაძირკვლებული მოღვაწე არასოდეს შეირყევა).
        მხ. 2-4. 'მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა და ფიქალებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება. აჰა, გაამაყდა, არ გასწორდა მასში სული, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.
პასუხი არ დააყოვნებს. ესაა ამბაკუმის მისამართით წარმოთქმული მეორე სიტყვა. უფალი წინასწარმეტყველს მიმართავს, რომ მან ქვის დაფები მოამზადოს და ხილვა მასზე დაწეროს. ხსენებული დაფები მოსეს მიერ სინას მთაზე დამზადებული ფიქალების მსგავსი უნდა ყოფილიყო. მკვლევართა ვარაუდით, ასეთ დაფებს, რაზეც ღვთისაგან განცხადებული მოვლენები იწერებოდა, ხალხისთვის შინაარსის გაცნობის შემდეგ ტაძარში ინახავდნენ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: უფალი ამბაკუმს წინასწარმეტყველების ჩაწერას ავალებს. მიუთითებს, რომ აიღოს დაფა და ღვთისგან ნაუწყები მასზე დაწეროს. ჩვენ მსგავსი სახის ცნობას სხვა წინასწარმეტყველებთან არ ვხვდებით. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყოველი სიტყვა, რაც საწინასწარმეტყველო წიგნებშია გაჟღერებული, სულიწმინდის მადლით იწერებოდა და კაცობრივი განაზრახი მას არ შეჰხებია).
'თუ დაიგვიანებს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება". აღნიშნული სიტყვები კიროსს კამბიზის ძეს მიემართება. იგი აუცილებლად დაამხობს ბაბილონს და ამიტომაც არავინ დარჩეს შეწევნის იმედის გარეშე. მითითებული უწყება სულიერადაც შეიძლება განიმარტოს და ამ შემთხვევაში ის, ვისი ლოდინიც ამბაკუმს დაევალა, განკაცებული უფალია. სწორედ მის შესახებ წინასწარმეტყველებს წერილი.
ნეტარი იერონიმე: უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვები ‘მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს" სეპტანტაში განსხვავებულად იკითახება: ‘ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებით იცოცხლებს" . აღნიშნულ ციტატას პავლე მოციქულის რომაელებისადმი მიწერილი ეპისტოლეში ვხვდებით . წინამდებარე მუხლები, ერთი მხრივ, ნაბუქოდონოსორის თაობაზე გვაუწყებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ახალი აღთქმის შესახებ წინასწარმეტყველებს. ის, ვისაც უნდა დაელოდონ, ვინც უეჭველად მოვა, განკაცებული უფალი იესო ქრისტეა).
მორიგი მუხლები ქალდეველთა მომავალი უბედურების შესახებ გვამცნობენ. 'ვაი მას" . მხ. 5-15 მსგავსი სახის 5 უწყებას ვხვდებით.
მხ. 6-8. 'ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებს - როდემდისო? - და მონახვეჭით იმძიმებს თავს! ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ ათ კერძად იქცე? რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ.
პირველი ვაება იუდეველებისადმი მტრულად განწყობილ ქალდეველებს განეკუთვნება. სასჯელის მიზეზი ქალდეველთა მიერ აღსრულებული ძარცვა-გლეჯა, სიმდიდრის დაგროვების სურვილი იქნება, მაგრამ მოვა დრო, როდესაც შემოკრებელი ქონება დაიკარგება.
        მხ. 9-11. 'ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! სირცხვილი გადაუწყვიტე შენს სახლს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ხის კოჭები ეპასუხებიან.
მეორე ვაება ბაბილონს აღსრულებული უსამართლობების გამო განეკუთვნება. ქალდეველები დაპყრობითი ომებისას ხალხის წინააღმდეგ გამოჩენილ სისასტიკეს შესაძლო საფრთხის თავიდან არიდების სურვილით ამართლებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ დამორჩილებული ქვეყნების მიმართ გამოჩენილი დაუნდობლობა იმპერიაში სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურებოდა, რომ მათ საფრთხე არ შეექმნათ სახელმწიფოსთვის.
მხ. 12-14. 'ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს... 
მხ. 15-17. 'ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს! 
მეოთხე ვაებაში წინასწარმეტყველი ბაბილონს ცბიერებაში ადანაშაულებს. ისინი მზაკვარ ადამიანს ემსგავსებიან, რომელიც მეგობარსა და ნაცნობს ღვინოს შეასმევს, ხოლო შემდეგ კი მისი სიმთვრალის მხილველი თავად იხალისებს და დასაცინად გაიხდის.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წინასწარმეტყველი გარკვეულ ბრალდებებს ჩამოთვლის და სასმელის დაძალების შესახებ საუბრობს. ლხინის წარმართვისას ნაბუქოდონოსორის ბრძანებით დარბაზში მონები შემოჰყავდათ და მათ ღვინოს ასმევდნენ, შემდეგ კი უგონოდ მთვრალ ადამიანებს ცეკვას აიძულებნენ, თავად ქალდეველი იერარქები კი მობარბაცე და მიწაზე დანარცხებული ადამიანების ხილვისას უდიდეს სიხარულს განიცდიდნენ. ასე ერთობოდა დიდი მეფე. აღნიშნული თხრობა იუდაურ გადმოცემებს ემყარება. ამბაკუმი კერპებსა და მასზე მინდობილი ბაბილონელების უგუნურებაზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ოქროსა და ვერცხლში ჩასმულ გამოსახულებას ადამიანის შემწეობის უნარი არ გააჩნია).
ნეტარი იერონიმე: ლიდიაში ერთ ებრაელს შევხვდი. იგი იუდაური გადმოცემის უბადლო მცოდნედ მიიჩნეოდა და თანატომელნი ბრძენს უწოდებდნენ. ამ ადამიანმა შემდეგი ისტორია მიამბო: ქალდეველებმა იუდეველთა უკანასკნელი მეფე სედეკია შეიპყრეს და ქალაქ რიბლაში თვალები დასთხარეს, შემდეგ ბაბილონში გადაასახლეს. ნაბუქოდონოსორი გარკვეულ დღეებში ლხინს მართავდა და ბრძანებდა, ღვინო ბრმა სედეკიასაც, თუნდაც იძულების წესით, დაელია. დამახინჯებული, ჯამრთელობაშერყეული მეფე სასმელს ვერ იტანდა და კუჭი ეშლებოდა. სწორედ ამ დროს ქალდეველი ხელმწიფის დავალებით იგი სტუმრებით სავსე დარბაზში შეჰყავდათ. სედეკია კუჭის ალილობას ვერ იკავებდა და ხალხის წინაშე უწმინდურდებოდა. ასეთ მძიმე დღეში იყო ოდესღაც მეფედყოფილი იუდეველი ტყვე. უფალი ამბაკუმის ბაგეებით ამბობს, რომ შურს იძიებს ეგზომი კაცთმოძულეობის გამო).
       მხ. 18-20. 'რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს, მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა მუნჯებია მისი შექმნილი ღმერთები... 
მეხუთე ვაება ქალდეველების კერპმსახურების მიზეზით მიემართება. წინასწარმეტყველის თქმით, ვაი იმ ადამიანს, ვინც წინამძღვრად, მოძღვრად, მრჩევლად ხისგან გამოთლილ ნივთებს იყენებს. 'ეს არის მოძღვარი?" სვამს კითხვას ამბაკუმი.
მხ. 20. 'უფალი კი თავის წმინდა ტაძარშია, დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე".

თავი 3


        აბაკუმის წინასწარმეტყველების კულმინაცია წიგნის მესამე თავია. სტილისტური განსხვავებისა და ცალკე გამოყოფილი სათაურის მიზეზით ზოგიერთი განმმარტებელი მიიჩნევდა, რომ ეს ნაწილი მოგვიანებით უცნობმა ამბაკუმმა დაწერა, ხოლო შემდგომ სახელთა აღრევის შედეგად ორმა დამოუკიდებელმა მანუსკრიპტმა ერთმთლიანი სახე მიიღო. როდესაც მკვდარი ზღვის სანაპიროზე, ე. წ. კუმრანის ხელნაწერების აღმოჩენისას, ამბაკუმის წინასწარმეტყველებასაც მიაკვლიეს და მასში მხოლოდ პირველი ორი თავი იყო აღწერილი, ზემოთხსენებული მეცნიერები თავიანთი არგუმენტის მართებულობას მეტი დამაჯერებლობით ამტკიცებდნენ, მაგრამ წარმოდგენილი აზრის საპირსპიროდ უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ანალიზის ფონზე წიგნის ორგანული ერთმთლიანობა უდაოა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ბაბილონზე ისაუბრა და იუდეველები ანუგეშა, ერთი კონკრეტული ერის გამოხსნის შესახებ უწყებას ამჯერად კაცობრიობის გადარჩენის თაობაზე ხარება მოჰყვება. ღვთის ძის განკაცების მხილველი ამბაკუმი გაოგნებულია ამ მოვლენით და გალობას აღუვლენს უზენაესს).
წიგნის მესამე თავს ეწოდება 'ამბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად" . ამბაკუმის ვედრება იუდაური ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკაში მალევე დამკვიდრდა, ხოლო შესავალ ნაწილში მითითებული დასათაურება სამუდამოდ დარჩა სხვა საღვთიმსახურო საგალობელთაგან მისი გამორჩევის მიზეზით. ახალი აღთქმის ეკლესია, რომელიც ეხმიანება ძველი აღთქმის ეკლესიას, მეოთხე საცისკრო გალობაში ამოკითხულ ამბაკუმის ლოცვას ამ კავშირის ნათელ დასტურად წარმოგვიდგენს .
        მხ. 2. 'უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება"
ებრაული ტექსტი იწყება სახელით იაჰვე.
ნეტარი იერონიმე: სეპტანტის შესაბამისი ადგილი სხვაობს ებრაულისგან . იუდეველები ამ ადგილის განმარტებისას ამბობენ, რომ ამბაკუმმა იხილა, თუ როგორ დაისჯებოდა ნაბუქოდონოსორი აღსრულებული უკეთურებების მიზეზით და სწორედ მოსალოდნელი უბედურებების სიმძიმემ შეაშინა. ჩვენ, ქრსიტიანები, კი ვიტყვით, წინასწარმეტყველმა წუთისოფლად მომავალი მესია იხილალირ გააოგნა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: აღნიშნული სტყვები მამა ღმერთისკენაა მიმართული. ისინი წინასწარმეტყველს ძის შესახებ სწავლებას უცხადებს. ამბაკუმის სიტყვების პერიფრაზი ასეთი იქნება: ყოველთა ზედა ღმერთო! გაოგნებული ვარ მონიჭებული გამოცხადებითა და შენი ძის თაობაზე მოსმენილით, რადგან გამოუთქმელი და შემაძრწუნებელია ეს სიტყვები, გამოხსნის განგებულება კი ყოველგვარ კანონზომიერებას აღემატება.
თუ მითითებული მიმართვა ძეს განეკუთვნება, მას ასეთნაირად გამოვთქვამთ: ყოვლისმპყრობელო ღმერთო! მართალია, შენ განხორციელდი (განკაცდი), მაგრამ რაჟამს მე შენს შესახებ მოვისმინე და შევიტყვე, ძლიერ შემეშინდა (შდრ. ძვ. ქართ. 'მესმა სასმენელი შენი და შემეშინა"). შეძრწუნებული ვარ და სამართლიანადაც, რადგან გავიგე, რომ შენ, მამის ხატად მყოფი და ყოველივეში მისი თანასწორი, საკუთარი ნებით დაიმდაბლებ თავს და დედაკაცისგან შობილი ჩვენი მსგავსი ადამიანი გახდები, მონის ხატს მიიღებ და ჩვენ შორის შენ, ღმერთი, დამკვიდრდები.
ძვ. ქართ. 'საშუალ ორთა ცხოველთასა იცნობე". ზოგიერთი ამბობს, რომ ორ ცოცხალში სულიწმინდა და ძე იგულისხმება და სწორედ მათ შორის ცნაურდება მამა. თუმცა მე ამგვარ განმარტებას არ ვემხრობი, რადგან არაგონივრულია, მამას ძესა და სულიწმინდას შორის განვუკუთნოთ ადგილი, რადგან ის (მამა), ჭეშმარიტი აღმსარებლობის შესაბამისად, ყოვლადწმინდა სამებაში პირველ ადგილზე სახელდება. თუმცა ამით იმას როდი ვამტკიცებთ, რომ მამა ძესა და სულზე ადრე არსებობდა... ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა იყოს ის საშუალ ძისა და სულისა.
სხვები ფიქრობენ, რომ ორი ცხოველი (ცოცხალი) ძველი და ახალი აღთქმაა, რომლის გზაგასაყარზეც განცხადდა ქრისტე. ამ აზრთა სხვაობაში ყველამ იმ მიმართულებით ისრბოლოს, რომელიც აურჩევია, ხოლო ჩვენ ამ სიტყვებს ქრისტეს ვაკუთვნებთ და განვმარტავთ მათ.
        ძველ აღთქმაში გამოყენებული სახეები დაფარულად წინასწარმეტყველებენ იმის შესახებ, რაც უნდა მომხდარიყო მომავალში. სწორედ ასეთი რამ ხდებოდა აღთქმის კარავში, ის (კარავი) ძეზე მიუთითებდა, ვითარცა მამის მიერ შეწირულ მსხვერპლზე. ღმერთმა განაჩინა, რომ კარვის წმინდაში დადგმულიყო ტრაპეზი, კანდელი, სამსხვერპლო, წმინდათა წმინდაში კიდობანი, ოქროსგან გამოქანდაკებული ორი ქერუბიმი, რომლებიც კიდობნის სახურავზე, კიდეებში განალაგეს, სახით ურთიერთისკენ, მეტად კი კიდობნისკენ მზირალნი. სწორედ ქერუბიმები მოიაზრებიან ორ ცოცხალში, ხოლო მათ შორის განსაწმენდელი, კიდობნის თავსახური, მდებარეობდა, რაც ქრისტეს სიმბოლო და წინასახეა).
ნეტარი თეოდორიტე: ორი ცოცხალი არსების შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ზოგიერთი თვლის, რომ ისინი ანგელოზები და ადამიანები არიან, სხვანი ქერუბიმებსა და სერაფიმებზე მიუთითებენ. ჩემი აზრით, მოცემულ შემთხვევაში ამბაკუმი დროის ორ მონაკვეთს აღნიშნავს, აწმყოსა და მომავალს, რომელთა შორის განცხადდა ქვეყნიერების მეუფე ).
ტერტულიანე: მათში ელია და მოსე იგულისხმებიან, რომლებიც ფერისცვალების ჟამს უფლის მარჯვნივ და მარცხნივ იმყოფებოდნენ).
ნეტარი იერონიმე: აქ ორი ავაზაკის შესახებაა უწყება).
        მხ. 3. 'თემანიდან მოდის ღმერთი და წმინდა ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წარმოდგენილი სიტყვები ორმაგი მნიშვნელობისაა, რაზეც თანმიმდევრობით ვისაუბრებთ. თემანი ნიშნავს სამხრეთს, სადაც, როგორც ამბობენ, ქორების მთა მდებარეობს, მთა, რომელზეც მოსე წინასწარმეტყველი ავიდა და იუდეველთათვის განკუთვნილი რჯულდება მიიღო. ასე რომ, როდესაც წერილი ამბობს, ღმერთი თემანიდან მოვა ანუ მოვა სამხრეთიდან, ხოლო სამხრეთით ქორების მთა ანუ იგივე ფარანის მთა მდებარეობდა, საიდუმლოს გაგვანდობს. კერძედ გვემეტყველება იმაზე, ვინც ადრეულ წარსულში მამებს გამოეცხადა უდაბნოს სამხრეთ ნაწილში, ქორების მთასთან, მოელვარე ცეცხლის სახით , ანუ მოვა ის, ვინც რჯული განუწესა იუდეველთ, განკაცდება და ჩვენი მსგავსი მოევლინება წუთისოფელს, ვითარცა წინასწარმეტყველი და შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, როგორიც, ეჭვგარეშეა, ღვთაებრივი მოსე იყო. სწორედ მოსეს ეუწყა: ’შენნაირ წინასწარმეტყველს აღვუდგენ მათ ძმათა წიაღიდან, შენს მსგავსს, და ჩავუდებ ჩემს სიტყვას ბაგეებში, და ის ეტყვის მათ ყველაფერს, რასაც ვუბრძანებ" . აღნიშნული ადგილი მეორენაირადაც შეიძლება განვმარტოთ: თემანი, როგორც ვთქვით, სამხრეთს აღნიშნავს, ხოლო იუდეის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ბეთლემი მდებარეობს. შესაბამისად, ღმერთი თემანიდან მოვა ნიშნავს, რომ უფალი ბეთლემიდან უნდა მოვიდეს, რადგან განკაცებული ძე ღვთისა ყოვლადწმინდა ქალწულისგან სწორედ ბეთლემში იშვა, ხოლო ფარანის მთა ანუ ქორები მოცემულ შემთხვევაში, მსგავსად რიგი სხვა ადგილებისა, იუდაურ სინაგოგას განასახიერებს, რომლის წიაღშიც ჭეშმარიტი ღმერთის მადიდებელი მრავალი ადამიანი იყო გაერთიანებული. ამიტომაც მართალთა საკრებულოს წმ. წერილი რიგ შემთხვევაში ქორების მთად ანუ ფარანად მოიხსენიებს. უფალიც ხომ სწორედ ასეთი წმინდა ადამიანების ჩამომავლობაში განკაცდა).
თეოდორიტე კვირელი: ამბაკუმი წინასწარმეტყველებს ჩვენი მხსნელი ღმერთის განკაცების შესახებ ბეთლემში, რომელიც იუდეის დედაქალაქიდან სამხრეთით მდებარეობდა, ხოლო ფარანად უძველესი დროიდან ზეციური მეუფის მზრუნველობის ქვეშ მყოფ მადლიან იერუსალიმს მოიხსენიებს.
       მხ. 4-5. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი".
ნეტარი იერონიმე: წინასწარმეტყველება მაცხოვარს უკავშირდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ებრაული და ბერძნული ბიბლიების შესაბამის ადგილებს შორის კვლავაც განსხვავებაა. იქ, სადაც ებრაულის თანახმად, შავი ჭირი იკითხება, სეპტანტაში გვხვდება სიტყვა (ბერძ. ლო`გოჯ) . ებრაულ ბიბლიის თანახმად წინადადების მეორე ნაწილში ვკითხულობთ: ‘…დემონი აღიმართება ფეხთა წინაშე" ,  (შდრ. ძვ. ქართ. ‘განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი"). სიმაქოსი, თეოდოტიანე და კიდევ ერთი რედაქცია ნაცვლად დემონისა იყენებენ ტერმინს ‘მფრინავი", რასაც ებრაულად გამოთქვამენ როგორც რესეპჰ. იუდეველები ყვებიან, რომ როგორც სახარების თანახმად დემონთა მბრძანებელს ეწოდა ბელზებული, ასევე დაცემული სულის სახელია რეზეფიცი, რომელიც სხვა სულებზე ხელმწიფებს, ხოლო სისწრაფისა და შეუპოვრობის გამო ფრინველსა და მფრინავსაც უწოდებენ. სწორედ ის მივიდა ევასთან სამოთხის ბაღში გველად გარდასახული და, აცდუნა რა პირველქმნილი ადამიანები, სახელი ღვთისაგან გამოტანილი განაჩენის შესაბამისად განეკუთვნა, რადგან ეტიმოლოგიურად რეფეზ მუცელზე მხოხავს ნიშნავს. ყოველივე თქმული შემდეგნაირად შეიძლება გვესმოდეს: რაჟამს უფალი მოვა და ნათელსიღებს, მტრედი გარდამოვა და მამის ხმა გაისმება, წყლიდან ამოსვლისთანავე მის შესახვედრად დემონი გამოვა, ხოლო ფერხთით სიკვდილი ჩასაფრდება და არქაული გველი ორმოცი დღე უდაბნოში გამოსცდის).
       მხ. 6. 'შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი".
წმ. კირილე ალექსანდრიელი: ზმნით ’დადგა" წმ. წერილი ხშირ შემთხვევაში მომხდარ მოვლენას გადმოგვცემს. როდესაც ცეფორამ, მოსეს მეუღლემ, საკუთარ ძეს წინადასცვითა, თქვა: 'დადგა (ანუ მოხდა) წინადაცვეთა ძისა ჩემისა , და ამით მოქმედების დასრულებაზე მიუთითა. მოცემულ შემთხვევაში 'დადგა ნიშნავს, რომ ძე ღვთისა განკაცდა, მოევლინა წუთისოფელს და ამბაკუმი ამას ხედავს, როგორც მომხდარ მოვლენას. მეორე სიტყვა 'შეიძრა ქუეყანა" ნიშნავს, რომ ღვთაებრივმა მოძღვრებამ, რომელიც სოფელში მაცხოვარმა მოიტანა, მრავალი ადამიანის გული შეძრა და მათში ძველი, უკეთური მიდრეკილებანი აღმოფხვრა).
       მხ. 8-9. 'ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მოცემულ მუხლებში ამბაკუმი საუბრობს იმის შესახებ, თუ რაოდენ აღმატებულია ახალი აღთქმა ძველთან შედარებით. ოდესღაც ენით აღუწერელი რაოდენობის სასწაულები აღესრულებოდა იუდეველი ხალხის წიაღში, მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყოველივე ეს მხოლოდ აჩრდილი იქნება იმ დიადი მოვლენებისა, რაც ჯერ-არს განხორციელდეს.  შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი . ვინ არიან ეს ცხენები? მახარებლები, მოციქულები, ქრისტეს მიმდევრები, მისი ნების აღმსრულებლები. ისინი, ვინც საკუთარ გულში ქრისტეს ატარებენ და მარადის მის ნებას მორჩილებენ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი პავლე მოციქულია. სწორედ მასზე იუწყება თავად უფალი და ამბობს: 'წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე" ).
       მხ. 11. ‘მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე" .
ნეტარი იერონიმე: თუკი აღნიშნულ ადგილს მარტივად განვმარტავთ, მივხვდებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მთვარისა და მზის განდიდებაზეა საუბარი, რადგან ესაიას სიტყვის თანახმად, მომავალ საუკუნეში მზე შვიდგზის უფრო მეტად გაბრწყინდება, ხოლო მთავრე ვითარცა მზე იელვარებს , ვინაიდან საუკუნეების დასასრულს ქმნილება ხრწნილებისგან გათავისუფლდება. მაგრამ ცის მნათობში თუ სიმართლის მზეს, ქრისტეს, მოვიაზრებთ, ხოლო მთვარეში, რომელიც მზის სინათლით ანათებს, - ეკლსიას, ვიტყვით, რომ საუკუნეების დასასრულამდე ‘მნათობნი" ზოგჯერ განდიდდებიან და ზოგჯერაც დაიმცრობიან გარშემო არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. როდესაც მზე ამაღლდება და, მოციქულის სიტყვისამებრ, ყოველი სული მას აღიარებს , წუთისოფელში ამაქვეყნიური ქარტეხილებისაგან მიმოქცეული ეკლესიაც წესზა ზედა თვისსა დამყარდება და აღარასოდეს გარდავა მას).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: მზეში ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, განკაცებული ღმერთი იგულისხმება. მისი ამაღლება ჯვარცმისას მოხდა და ამით კაცობრიობა ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლდა, ხოლო მთვარეში ახალი აღთქმის ეკლესია მოიაზრება. ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ 'დადგა წესსა ზედა თვისსა" ანუ ადამიანთათვის დედამიწაზე დამყარდა და მაცხოვნებელი მოძღვრების მიმნიჭებელი შეიქმნა).
        მხ. 16. 'გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.
აბაკუმი წიგნის დასასრულს საკუთარ განცდას გადმოგვცებს, რაც მას მიღებული გამოცხადების შედეგად დაეუფლა.
წმ. კირილე ალექსანდრიელი: 'გავიგონე და შემეძრა შიგნეული..." ამბაკუმი, მსგავსად მე-3 თავის დასაწყისში წარმოთქმული სიტყვებისა, კვლავ ამბობს, რომ მოისმინა ისეთი რამ, რამაც ძლიერ შეაძრწუნა. განსხვავებით პირველისგან, მეორე შემთხვევა იუდეველი ერის მომავალს უკავშირდება. წინასწარმეტყველი ხედავს ყველა უბედურებას, რაც მის ხალხს მოელის და სწორედ ამითია შეძრული).
       მხ.17-19. 'თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი. მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).
ამბაკუმი ცოცხალი რწმენის მაგალითს იძლევა. მოსალოდნელი განსაცდელების ფონზე, ის თანამემამულეებს ეუბნება, რომ როგორი შემაძრწუნებელიც არ უნდა იყოს შეჭირვება, მთავარი იმედი, ჭეშმარიტი თანამდგომი და ნუგეში უზენაესია.
თეოდორიტე კვირელი: ამბაკუმი წარმოდგენილ თხრობაში სახე-სიმბოლოებს მიმართავს. ლეღვში იერუსალი იგულისხმება. ამგვარი განმარტება თავად უფალმა გვასწავლა, წარმოთქვა რა იგავი უნაყოფო ლეღვის ხის შესახებ, რომელსაც მიწისმოქმედი მოკვეთას უპირებდა. თუმცა თხოვნის შედეგად ნაყოფის გამოსაღებად გარკვეული დრო მაინც ეძლევა. ვენახი წმ. წერილის თანახმად, ღვთის რჩეულ ერს ეწოდება. ამის დასამოწმებლად ესაიაც კმარა: ‘რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი" , ხოლო უნაყოფო ზეთისხილში სიმბოლურად ფარისევლები და სადუკეველები იგულისხმებიან, რომლებიც საკუთარ თავს უდიდესი სიმართლის მფლობელებად მიიჩნევდნენ, თუმცა სულიერი ნაყოფი არასოდეს მოუსხამთ. ყანებად წინასწარმეტყველი იმ ადამინებს მოიხსენიებს, რომლებიც სიცრუის მოძღვართ ემორჩილებიან, როგორც იერემია იტყვის: ‘რადგან ასე უთხრა უფალმა იუდას ხალხს და იერუსალიმს: გატეხე ყამირი და ეკალბარდებში ნუ დათესავ!" ფარეხის ცხვრებსაც უკეთურების ბრმა მორჩილებაში მყოფებს უწოდებს. ბოსელში მყოფ საქონლად კერპთა ქურუმებს სახელდებს, როელთა გარეშეც დარჩა მათი სამსხვერპლოები. ჩემთვის ცნობილია, რომ ზოგიერთი ამბაკუმის ლოცვას იუდეველთა ბაბილონური ტყვეობდან სამშობლოში დაბრუნების შესახებ წინასწარმეტყველებად მიიჩნევს. ამგვარ განმარტებას ნაწილობრივ მეც ვეთანხმები, რადგან ხშირ შემთხვევაში ძველ აღთქმაში განვითარებული მოვლენა მომავალში მოსახდენი დიადი საქმეების წინასახეა).
არქიეპის. იოანე სმირნოვი: ამბაკუმის მიერ წიგნის დასასრულს დასმული ხელმოწერა (შდრ. ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე") მის (საგალობლის) საღვთისმსახურო გამოყენებაზე მიუთითებს. იგი შემდეგნაირად იკითხება: ‘ქოროს ხელმძღვანელს სიმებიან საკრავზე ჩემი დაკვრის თანხლებით", ანუ იგულისხმება, რომ წინასწარმეტყველს გალობა საკრავის დაკვრის ფონზე უნდა წარმოეთქვა).
წმ. კირილე ალექსანდრიელი: წიგნის ბოლო სამი მუხლი საღვთისმეტყველო მოძღვრების მწვერვალია. წინასწარმეტყველი მარტივი სიტყვებით შეაგონებს მსმენელს, თუ რა უნდა იყოს მთავარი და ძირითადი ადამიანისთვის, ის აღმატებული მიზანი, რასაც ყოველი ადამიანი უნდა ეშურებოდეს).

ნახვა: 552

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters