ღვთაებრივი ვესპასიანე

caesar, divine vespasian, emperor, empire, gaius suetonius tranquillus, history, history of world, life of the twelve caesars, qwelly, rome, rome empire, twelve caesars, vespasian, გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი, ვესპასიანე, თორმეტი კეისრის ცხოვრება, თორმეტი კერისარი, იმპერატორი, იმპერია, ისტორია, კეისარი, მსოფლიო ისტორია, რომაელი კეისარი, რომი, რომის იმპერატორი, ტრანკვილუსი, ქველი, ღვთაებრივი ვესპასიანე

გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - თორმეტი კეისრის ცხოვრება

წიგნი მერვე - ღვთაებრივი ვესპასიანე

  • გვარეულობა და წინაპრები (1)
  • დაბადება, ახალგაზრდობა, სამსახური (2-4)
  • იმპერატორად გამოცხადება (5-7)
  • სახელმწიფო საქმეები: ჯარები და პროვინციები, დედაქალაქი, ფენები, სასამართლო, საზოგადოებრივი ზნეობა (8-11)
  • პირადი ქცევა: მოკრძალება და მოწყალება (12-15),
  • ვერცხლისმოყვარეობა და გულუხვობა (16-19)
  • გარეგნობა და ჯანმრთელობა (20)
  • ცხოვრების წესი, ხუმრობები (21-23)
  • სიკვდილი (24)
  • დასკვნა (25)

     1. სამი იმპერატორის აჯანყებისა და სიკვდილის შემდეგ შერყეული და უსაზღვრო იმპერია, ბოლოს და ბოლოს, ფლავიუსთა საგვარეულომ ჩაიბარა და გააძლიერა თავის ხელისუფლებაში. მართალია, ეს გვარი მდაბიო წარმოშობის იყო, წინაპართა პორტრეტები არ გააჩნდა, მაგრამ ეს იყო საგვარეული, რომლის გამო ჩვენს ქვეყანას არავითარი მიზეზი არ ჰქონია, შერცხვენოდა; თუმცა კი ითვლება, რომ დომიციანემ თავისი სიფიცხისა და სისატიკის გამო დამსახურებული სასჯელი მიიღო.

     ტიტუს ფლავიუს პეტრონი ქალაქ რეატედან პომპეუსთან იყო სამოქალაქო ომში, ცენტურიონად თუ ზევადიანი სამსახურის ჯარისკაცად; ფერსალასთან ბრძოლის შემდეგ გაიქცა და შინ დაბრუნდა, პატიებას და გადადგომას დაუცადა და ფულის დაგროვებას მიჰყო ხელი გადაყიდვებზე. იმისი შვილი, მეტსახელად საბინუსი ჯარში უკვე აღარ მსახურობდა; თუმცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ცენტურიონი იყო თუ სულაც უფროსი ცენტურიონი და ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს; აზიაში იყო მეორმოცედი წილის ამკრეფად, და მოგვიანებით იქ სტაუეტის ნახვაც შეიძლებოდა, ქალაქებმა რომ დაუდგეს პატივსაცემად, წარწერით: „გადასახადების სამართლიან ამკრეფს“.

     მერე მევახშე იყო ჰელვეტების მიწაზე; იქვე აღესრულა, დარჩა ცოლი, ვესპასია პოლა ორი შვილით, რომელთაგან უფროსი, საბინუსი მერე რომის პრეფექტი გახდა, ხოლო უმცროსი, ვესპასიანე - იმპერატორი. პოლა წარმოშობით ნურსიიდან იყო, სახელიანი გვარიდან; მამამისი ვესპასიუს პოლიონი სამჯერ იყო ჯარის ტრიბუნი და ბანაკის უფროსი, ხოლო ძმა - სენატორი პრეტორის წოდებით. ნურსიადან სპოლეციუმისკენ მიმავალი გზის მეექვსე მილზე, მთის მწვერვალზე არის ერთი ადგილი, სახელწოდებით ვესპასია; აქ ვესპასიანთა ბევრ ძეგლს ნახავთ, რაც ამ საგვარეულოს სიძველისა და სახელის ნათელი დადასტურებაა.

     აქვე უნდა დავამატო, რომ ზოგიერთი ამბობს, თითქოს პეტრონის მამა ტრანსპადანის მხარიდან გახლდათ და არტელებში მოიჯარე იყო; ყოველ წელს კი უმბრიიდან საბინას მხარეზე იარებოდა, სასოფლო სამუშაოებზე; მერე კი ქალაქ რეატეში დასახლდა და ცოლიც იქ შეირთო; მაგრამ მთელი ჩემი მონდომების მიუხედავად, ამის მტკიცებულებები ვერსად ვნახე.

     2. ვესპასიანე დაიბადა საბინების მხარეში, რეატეს მახლობლად, სოფელ ფალაკრინაში, მეთხუთმეტე დღეს დეკემბრის კალენდებამდე და კვინტუს სულპიციუს კამერინუსის და გაიუს პოპიუს საბინუსის კონსულობისას, ავგუსტუსის სიკვდილამდე ხუთი წლით ადრე. ტერტულა ზრდიდა, ბებია მამის მხრიდან, თავის მამულში, კოზას მახლობლად რომ არის. უკვე იმპერატორი რომ გახდა, ხშირად ნახულობდა თავისი ბავშვობის ალაგებს; ვილაც ძველებურად შემოინახა, რომ ყველაფერი, რასაც მისი მზერა შეჩვეოდა, ხელუხლებლად დარჩენილიყო. ხოლო თავისი ბებიის ხსოვნას ისეთ პატივს მიაგებდა, რომ ზეიმებზე და დღესასწაულებზე მხოლოდ ვერცხლის იმ მომცრო თასიდან სვამდა, რომელიც ტერტულას ეკუთვნოდა.

     სრულწლოვანებას მიღწეულს დიდხანს არ უნდოდა სენატორის ტოგის ჩაცმა, თუმცა მისი ძმა უკვე ატარებდა; მხოლოდ დედამ შეძლო მისი დათანხმება და უფრო სარკაზმით, ვიდრე თხოვნითა და მშობლის ძალაუფლებით, - სულ საყვედურობდა და ამტკიცებდა, რომ თავისი ძმის ხელის ბიჭად დარჩა.

     ჯარის ტრიბუნად მსახურობდა თრაკიაში, კვესტურის შემდეგ კენჭისყრით კრეტა და კირენას პროვინცია მიიღო; ედილის და პრეტორის თანამდებობების მაძიებლად რომ გამოვიდა, ერთი თანამდებობა წინააღმდეგობის გარეშე ვერ მიიღო და მხოლოდ მეექვსე იყო სიაში, სამაგიეროდ, მეორე - პირველსავე თხოვნაზე და პირველთა რიცხვში. პრეტორად ყოფნისას შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, რომ გაიუსისთვის არ ეამებინა, რომელიც მაშინ წინაარმდეგობაში იყო სენატთან. გაიუსის გერმანული გამარჯვების პატივსაცემდ მან მოითხოვა რიგგარეშე თამაშების მოწყობა, ხოლო მსჯავრდებულების დასჯისას დამატებით შესთავაზა, მათი გვამები დაუმარხავი დაეტოვებინათ. ხოლო გაიუსისგან სადილად დაპატიჟებულმა, სენატის წინაშე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

     3. ამ დროისათვის ცოლად შეირთო ფლავია დომიცილა, რომაელი მხედრის, სტატილუის კაპელას ყოფილი საყვარელი აფრიკის საბრატადან. ამ ქალს მხოლოდ ლათინური მოქალაქეობა ჰქონდა, მაგრამ მერე რეკუპერატორების სასამართლოზე გამოცხადდა თავისუფლად დაბადებულად და რომის მოქლაქედ, მამამისის, ფლავიუს ლიბერალის შუამდგომლობით, რომელიც წარმოშობით ფერენტინიდან იყო და მხოლოდ მწერლად მსახურობდა ხაზინაში. ფლავიასგან ჰყავდა ტიტუსი, დომიციანე და დომიცილა. ცოლზე და შვილზე მეტხანს იცოცხლა, ორივე ჯერ კიდევ უბრალო მოქალაქედ ყოფნისას დაკარგა. ცოლის სიკვდილის შემდეგ ურთიერთობა განაახლა თავის ყოფილ ხარჭა ცენიდასთან, აზატთან და ანტონიას მდივანთან; და ეს ქალი ცხოვრობდა მასთან, როგორც თითქმის კანონიერი ცოლი, მაშინაც, როცა იმპერატორი გახდა.

     4. კლავდიუსის მმართველობისას, ნარცისუსის მოწყალებით გერმანიაში გაიგზავნა ლეგიონის ლეგატად, მერე ბრიტანეთში გადაიყვანეს, სადაც მტრის წინააღმდეგ ოცდაათ ბრძოლაში მონაწილეობდა და დაიპყრო ორი ძლირი ტომი, ოც ქალაქზე მეტი და ბრიტანეთთან მიმდებარე კუნძული ვეტკისი. ნაწილობრივ ავლუს პლავტუსის, კონსულის წოდების ლეგატისა და ნაწილობრივ თავად იმპერატორ კლავდიუსის მეთაურობით;

     ამისათვის მიიღო ტრიუმფალური რეგალიები, შემდეგ მალევე - ქურუმის ორი თანამდებობა და, ბოლოს, - კონსულობა; ამ თანამდებობაზე წლის ბოლო ორ თვეს იყო. ამის შემდეგ თავის პროკონსულობამდე წყნარად და განმარტოებით ცხოვრობდა, - აგრიპინას ერიდებოდა, რომელსაც შვილის დროსაც ძალა გააჩნდა და უკვე გარდავლილი ნარცისუსის მეგობრები ეჯავრებოდა.

     კენჭისყრით საგამგებლოდ მიიღო აფრიკა და პატიოსნად და ღირსეულად მართავდა, თუკი იმას არ ჩავთვლით, რომ ერთხელ, ჰადრუმენტუმში აჯანყებისას თალგამებში ჩააგდეს. ყოველ შემთხვევაში, პროვინციიდან ისე დაბრუნდა, ოდნავადაც არ გამდიდრებულა, ვალის მიმცემების ნდობა დაკარგა და იძულებული შეიქმნა, მთელი თავისი ქონება ძმასთან ჩაედო, ხოლო მდგომარეობის გასამყარებლად ჯორებით ვაჭრობას მიჰყო ხელი; ამისათვის ხალხში „მეჯორეს“ უწოდებდნენ. იმასაც ამბობენ, რომ რომელიღაც ახალგაზრდას სენატორის სამოსი გაუხერხა ორასი ათას სესტერცად და იმ ახალგაზრდის მამის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, რისთვისაც სასტიკი საყვედური მიიღო.

     ხოლო საბერძნეთში ნერონის გამცილებლად ყოფნისას სასტიკად განარისხა იმპერატორი; ან ძალიან ხშირად გამოდიოდა მისი სიმღერისას, ანდა თავის ადგილზევე იძინებდა. მარტო იმპერატორის ამალაში ყოფნა კი არა, მისი მისალმებაც აეკრძალა, და გადაიკარგა შორეულ, პატარა ქალაქში, სადაც გამოუჩენლად და სიკვდილის შიშით ცხოვრობდა, ვიდრე მოულოდნელად პროვინცია და ჯარი არ მიიღო.

     აღმოსავლეთში გავრცლებული იყო ძველი და მტკიცე რწმენა, რომ ბედისწერით ამ პერიოდში იუდეადან გამოსულებს უწერიათ მსოფლიოს დაპყრობა. მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ ეს რომის იმპერატოს ეხებოდა; მაგრამ იუდევლებმა საკუთარ თავზე მიიღეს ეს წინასწარმეტყველება, აიშალნენ, ნაცვალი მოკლეს; კონსულის ლეგატი თავქუდმოჯლეჯილი გამოაქციეს, რომელიც სირიიდან მივიდა დასახმარებლად, თან არწივიც წაართვეს. აჯანყება რომ ჩაექროთ, დიდი ჯარი და ძლიერი მხედართმთავარი იყო საჭირო, რომელსაც უშიშრად მიანდობდნენ ამისთანა საქმეს; და ვესპასიანე ამოირჩიეს, როგორც გამოცდილი გულმოდგინების კაცი და არც საშიში თავისი მოკრძალებული გვარით, და სახელითაც.

     და აი, იქაური ჯარების დამატებად ორი ლეგიონი, ცხენოსნების რვა რაზმი, ათი კოჰორტა რომ მიიღო, და უფროსი შვილი ერთ-ერთ ლეგატად წაიყვანა, იუდეაში გამოცხადდა და მაშინვე მიიპყრო მეზობელი პროვინციების ყურადღება; ბანაკებში მალევე მოაწესრიგა, და პირველივე ბრძოლებში ისეთი სიმამაცე აჩვენა, რომ ერთი სიმაგრის ალყისას თავადაც დაიჭრა მუხლში მოხვედრილი ქვით, ხოლო იმის ფარში რამდენიმე ისარი ჩაესო.

     5. ნერონის შემდეგ, როცა ხელისუფლებისთვის იბრძოდნენ: გალბა, ოტონი და ვიტელიუსი, იმპერატორად გახდომის იმედი მიეცა. ეს იმედი ადრე ჰქონდა ჩაგონებული და აი, როგორი ნიშნებით.

     ფლავიუსების ქალაქგარეთა მამულში იყო ბერმუხა, მიძღვნილი მარსისთვის; და სამჯერვე, როცა ვესპასია აჩენდა, იმ მუხის ზროზე, მოულოდნელად, ახალი ტოტები ამოდიოდა, - ცხადი მინიშნება ყოველი მოზარდის ბედზე. პირველი სუსტი იყო და მალევე გახმა, - და, მართლაც, პირველად გაჩენილმა გოგონამ ერთ წლამდეც ვერ იცოცხლა; მეორე მაგარი და მაღალი გახლდათ, რაც მიუთითებდა დიდ ბედნიერებაზე; ხოლო მესამე იყო, როგორც ცალკე ხე. ამიტომ, როგორც ამბობენ, მამამისმა საბინუსმა, დამატებით მკითხაობითაც გამხნევებულმა, დედამისს პირდაპირ გამოუცხადა, რომ შვილიშვილი ეყოლა, რომელიც კეისარი გახდება; მაგრამ ტერტულამ მხოლოდ გადაიხარხარა ამაზე და გაუკვირდა, თავად რომ ისევ სრულ ჭკუაზე იყო და შვილი უკვე გაგიჟდა.

     მერე, როცა ედილი იყო, გაიუს კეისარი გაბრაზდა, რომ ქუჩების გასუფთავებაზე არ ზრუნავდა და ჯარისკაცებს უბრძანა, სენატორის ტოგის უბეში ტალახი ჩაესხათ; მაგრამ ამხსნელებიც გამოიძებნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ასევე მოხვდება ერთხელაც მის დასაცავად და თითქოსდა მოსახვევად მთელი სახელმწიფოც, მიტოვებული და გასვრილი ძმათაშორის სისხლისღვრით.

     ერთხელ, როცა საუზმობდა, მაწანწალა ძაღლმა გზაჯვარედინიდან ადამიანის ხელი მოუტანა და მაგიდის ქვეშ დაუგდო. მეორედ სადილზე სასადილოში ხარი შემოიჭრა, უღლიდან თავდაღწეული და მსახურების აქეთ-იქით დამფანტავი, მაგრამ უცებ ძალაგამოცლილი დაეცა ფეხებთან და კისერი დახარა მის წინაშე. მემკვიდრეობით მიღებულ თავის მინდორში კვიპაროსი, ყოველგვარი ქარიშხლის გარეშე, ამოტრიალდა ფესვებიანად, მაგრამ მეორე დღეს წაქცეული ხე ისევ ჩვეულებრივად იდგა, კიდევ მწვანედ და ღონივრად.

     აქაიაში ესიზმრა, რომ ბედნიერება მასთან და მის სახლში მაშინ მივა, როცა ნერონს კბილს ამოგლეჯენ; და მომდევნო დღეს მისაღებში მოვიდა ექიმი და ახლახანს ამოღებული კბილი აჩვენა.

     იუდეაში ღმერთი კარმელის ორაკულს მიმართა და მისმა პასუხებმა დააიმედა, აჩვენა, რომ მისი ყველა სურვილი და ჩანაფიქრი აღსრულდება, ყველაზე თამამიც კი. ხოლო ერთმა დიდგვაროვანმა ტყვემ, იოსეფუსმა, როცა ჯაჭვებს ადებდნენ, მტკიცედ დარწმუნებულმა განაცხადა, რომ მალევე გაათავისუფლებს იგივე კაცი, მაგრამ უკვე როგორც იმპერატორი.

     ცნობები და ნიშნები რომიდანაც მოდიოდა; ნერონს, სიკვდილისწინა დღეებში სიზმარში უბრძანეს, მოწყალე და დიდებული იუპიტერის წმინდა ეტლი წაეყვანა ტაძრიდან ვესპასიანეს სახლამდე და იქიდან - ცირკში; ცოტა ხნის შემდეგ, როცა გალბა ხსნიდა შეკრებას, რათა მეორე კონსულობა მიეღო, ღვთაებრივი იულიუსის სტატუეტი თავისით შეტრიალდა აღმოსავლეთისკენ; და ბეატრიკუმთან ომის დაწყებამდე, ყველას თვალწინ ორი არწივი ჰაერში ებრძოდა ერთმანეთს, და როცა ერთი უკვე დამარცხდა, მზის ამოსვლის მხრიდან მესამე მოფრინდა და გამარჯვებული გააძევა.

     6. მაგრამ ხელსაც არ ანძრევდა, თუმცა მისი ახლობლები ემხრობოდნენ და ურჩევდნენ, სანამ მოულოდნელად სულ უცნობმა და შორეულმა ადამიანებმა არ დაუჭირეს მხარი.

     მოესიას ჯარმა ოტონის დასახმარებლად ორ-ორი ათასი კაცი გააგზავნა თავისი სამი ლეგიონიდან. გზაში შეიტყვეს, რომ ოტონი დამარცხდა და თავი მოიკლა; ამის მიუხედავად, თითქოს არ დაუჯერეს ჭორს და აკვილეამდე მივიდნენ. იქ მათ შემთხვევითა და უსაქმურობით ისარგებლეს, ყაჩაღობას და ძარცვას მიჰყვეს ხელი; ხოლო მერე კი, იმით შეშინებულებმა, რომ უკან დაბრუნებისას პასუხის გაცემა და დასჯა მოუწევთ, გადაწყვიტეს ახალი იმპერატორი გამოეცხადებინათ; ესპანეთის ჯარმა იმპერატორად გალბა დააყენა; პრეტორიელებმა - ოტონი, გერმანულმა ჯარმა - ვიტელიუსი, და ესენი ვისზე რა ნაკლები იყვნენ.

     დასახელდა კონსულის ყველა ლეგატის სახელი, რამდენიც და ვინც სად იყო, და ყველა სხვადასხვა მიზეზით უარყოფილი იქნა. მაგრამ როცა მესამე ლეგიონის ჯარისკაცებმა, რომლებიც მოესიაში სირიიდან იყვნენ გადმოყვანილი ნერონის სიკვდილის წინ, ვესპასიანეს ქება დაიწყეს, ყველამ მათ დაუჭირა მხარი და მაშინათვე ყველა დროშაზე იმისი სახელი დააწერეს. მართალია, მაშინ ეს საქმე მიყრუვდა და ჯარისკაცები დროებით მორჩილებაში დაბრუნდნენ. თუმცა, ამაზე ხმა გავრცელდა, და ეგვიპტის პრეფექტმა, ტიბერიუს ალექსანდერმა პირველად მიიყვანა ლეგიონები ვესპასიანეს ერთგულებაზე დასაფიცებლად, ეს ივლისის კალენდებში მოხდა, და შემდეგში ეს დღე აღინიშნებოდა, როგორც მისი მმართველობის პირველი დღე. ხოლო მერე, ივლისის იდებამდე მეხუთე დღეს, იუდეის ჯარმა პირადად მას შეჰფიცა.

     წამოწყებას ბევრმა აღმოუჩინა მხარდაჭერა. ხელიდან ხელში გადადიოდა ვესპასიანესთან გამოგზავნილი წერილი მომაკვდავი ოტონის უკანასკნელი ნება-სურვილი, - არავინ იცის, ნამდვილი იყო თუ შემოგდებული, - სადაც ის ანდერძს უტოვებდა, შური ეძია მისთვის და ევედებოდა, გადაერჩინა სახელმწიფო. იმავდროულად ხმა გავრცელდა, თითქოს ვიტელიუსი, გამარჯვების მერე, აპირებდა, ლეგიონებისთვის სადგომები შეეცვლა და გერმანიის ჯარები გადაეყვანა აღმოსავლეთში, სადაც უფრო მშვიდია სამსახური. ბოლოს, პროვინციის ნაცვლებიდან ლიცინიუს მუციანუსმა დაივიწყა მეტოქეობა და უკვე დაუფარავი მტრობით, ვესპასიანეს სირიის ჯარი შესთავაზა, ხოლო პართიის მეფე ვოლოგეზმა - ორმოცი ათასი მოისარი.

     7. ასე დაიწყო სამოქალაქო ომი. ვესპასიანემ იტალიაში მოწინავე ჯარებით გააგზავნა მხედართმთავრები, თავად კი, ამასობაში ალექსანდრია დაიკავა, რათა ხელში სჭეროდა ეგვიპტის გასაღები. აქ თანამგზავრების გარეშე გაემართა სერაფისის ტაძარში, რათა მკითხაობით შეეტყო, მტკიცე იყო თუ არა მისი ძალაუფლება; და როცა დიდი ხნის ლოცვის შემდეგ შემოტრიალდა, დაინახა, რომ იქაური ჩვეულების მიხედვით, აზატი ბასილიდესი მოართმევს კვერებს, რტოებს და გვირგვინებს, - არადა, იცოდა, რომ ბასილიდესი შორს იყო და რევმატიზმის გამო სიარული არ შეეძლო, და არც არავინ შემოუშვებდა. და მაშინვე მოვიდა მოხსენება, რომ ვიტელიუსის ჯარი დამარცხებულია კრემონასთან, და თავად ვიტელიუსი მოკლულია რომში.

     ვესპასიანეს ჯერ კიდევ არა ჰყოფნიდა პრესტიჟი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ერთგვარი ღვთისმეტყველება, რაკი ახალი და მოულოდნელი იმპერატორი იყო; მაგრამ მალე ესეც მიეცა. სასამართლოს რომ უძღვებოდა, ხალხიდან ორი კაცი, ერთი ბრმა და მეორე კოჭლი, ერთდროულად მივიდა მასთან; და ევედებოდნენ, ემკურნალა მათთვის, როგორც სერაპისი დაჰპირდათ სიზმარში, - თვალები აეხილებათ, თუკი მიაფურთხებს; ფეხი გამოჯანმრთელდება, თუკი ქუსლით შეხებას ინებებს.

     ოდნავადაც არ სჯეროდა წარმატებისა, ცდასაც კი არ აპირებდა; ბოლოს, მეგობრების თხოვნას დაჰყვა, და უამრავი ხალხის წინაშე ბედი სცადა, და სრული წარმატებით. იმავე დროს, არკადიაში, წინასწარმეტყველთა მითითებით, ტეგეას წმინდა ადგილზე გათხრისას იპოვეს ძველი ოსტატების გაკეთებული ვაზები და ზედ აღმოჩნდა გამოსახულება, რომელიც სახით ვესპასიანეს ჰგავდა.

     8. ამისთანა მფარველობებითა და მოპოვებული დიდებით რომში დაბრუნებულმა ვესპასიანემ იუდეაზე ტრიუმფი გადაიხადა. ამის შემდეგ რვაჯერ იყო კონსული, ადრინდელს თუ არ ჩავთვლით; იყო ცენზორიც; და მთელი თავისი მმართველობისას არაფერზე ისე არა ზრუნავდა, როგორც იმაზე, რომ დასუსტებული და შერყეული სახელმწიფოსათვის ჯერ სიმტკიცე და მერე ბრწყინვალება დაებრუნებინა.

     ჯარები სრულ თავგასულობამდე და თავხედობამდე მივიდნენ; ერთნი - გამარჯვებით გაყოყოჩენულები, მეორენი - უღირსებობით გამწარებულები; პროვინციებიც, თავისუფალი ქალაქებიცა და ზოგიერთი სამეფოც მტრობდა ერთმანეთს. ამიტომ ვიტელიუსის ბევრი ჯარისკაცი დაითხოვა და დასაჯა, მაგრამ არც გამარჯვებულებს უთმობდა რამეს, რაც დასაშვებზე მეტი იქნებოდა.

     შემთხვევას არ გაუშვებდა ხოლმე ხელიდან, რომ წესრიგი დაემყარებინა. ერთი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა, რათა მადლობა გადაეხადა მაღალ თანამდებობაზე დანიშვნისთვის, ნელსურნელებების სურნელს აფრქვევდა, - ის ზიზღით შემოტრიალდა და მოღუშულმა თქვა: „აჯობებდა, ნივრის სუნი გქონოდა!“ - ხოლო დანიშვნის ბრძანება უკან გამოართვა. მეზღვაურები, რომლებიც ფეხით გადადიან რომში ხან ოსტიიდან, ხანაც პუტეოლადან, სთხოვდნენ, რამე გადაეხადათ ფეხსაცმელებისთვის; იმან კიდევ, თითქოს უპასუხოდ გაშვება არ ეყოფოდათ, უბრძანა, ამიერიდან ფეხშიშველებს ევლოთ, - ჰოდა, იმ დროიდან მოყოლებული, ახლაც ასე იარებიან.

     აქაიას, ლიკიას, როდოსს, ბიზანტიას, სამოსს თავისუფლება ჩამოართვა; თრაკიაში, მთიანი კილიკია და კომაგენა, ადრე მეფეთა ძალაუფლებაში მყოფნი, პროვინციებად გადააქცია; კაპადოკიაში, სადაც ბარბაროსების შემოსევები არა წყდებოდა, დამატებითი ლეგიონები დააყენა და რომაელი მხედრის ნაცვლად კონსულარი დანიშნა.

     დედაქალაქი გაუსახურებული იყო ძველი ხანძრებითა და ნანგრევებით. ნებისმიერს უფლება მისცა, დაეკავებინათ და აეშენებინათ დანგრეული ადგილები, თუკი ამას მფლობელები ვერ შეძლებდნენ. კაპიტოლიუმის აღდგენას რომ შეუდგა, თავისით პირველმა დაიწყო ნანგრევების გაწმენდა და საკუთარი ზურგით გამოტანა. ხანძარში გადნა სამი ათასი სპილენძის დაფა, მან იზრუნა აღდგენაზე, ყველა ადგილიდან მოიპოვა მათი ასლები: ეს იყო უძველესი და უმშვენიერესი სახელმწიფო საქმეების ანგარიშები; მათ შორის ინახებოდა ლამის რომის დაარსებიდან სენატისა და ხალხის დადგენილებები მოკავშირეობაზე, მეგობრობასა და ვინმესთვის ნაჩუქარ შეღავათებზე.

     9. დაიწყო ახალი მშენებლობებიც: მშვიდობის ტაძარი ფორუმის მახლობლად, ღვთაებრივი კლავდიუსის ცელიანის გორაკზე, ჯერ კიდევ აგრიპინასგან დაწყებული, მაგრამ საძირკვლამდე დანგრეული ნერონის მიერ; და, ბოლოს, ამფითეატრი შუა ქალაქში, ჩაფიქრებული, როგორც შეიტყო, ჯერ კიდევ ავგუსტუსის მიერ.

     უმაღლესი ფენები შეთხელდა გაუთავებელი დასჯებითა და დაცემამდე მივიდნენ დიდი ხნის გაუფრთხილებლობისგან. მათ გასასუფთავებლად და გასაწმენდად სენატისა და მხედრების დათვლიერება ჩაატარა, უღირსები მოიშორა და სიებში ჩართო ყველაზე ღირსეულები იტალიელებიდან და პროვინციელებიდან. და ცნობილი რომ ყოფილიყო, ეს ორი ფენა განირჩევა არა მხოლოდ თავისუფლებებით, რამდენადაც პატივისცემებით, ერთხელ, სენატორისა და მხედრის დავის გარჩევისას, განაცხადა: „არ ეგების სენატორებს ლანძღვა დაატეხო თავს, მაგრამ პასუხის გაცემა მათ შეუძლიათ და ეს კანონიერიც არის“.

     10. სასამართლო საქმეები ყველგან უზომოდ მომრავლდა; ძველები შეჩერდა სხდომების შეწყვეტის გამო, დაემატა ახლებიც არეული დროის მეოხებოთ. მან კენჭისყრით ის პირები ამოირჩია, ვისაც დაზარალებულებისთვის ომის დროს წართმეული ქონება უნდა დაებრუნებინათ; და რათა რიგგარეშე გადაეწყვიტა საქმეები, ცენტუმვირებს რომ ექვემდებარებოდა: ამ საქმეებს მალე სჭირდებოდა დასრულება, რაკი იმდენი დაგროვდა, რომ იქ მომჩივნებს, შეიძლებოდა, ვერც ეცოცხლათ მათ დასრულებამდე.

     11. უზნეობა და მფლანგველობა ჰყვაოდა შეუკავებლობით. სენატს შესთავაზა დადგენილება, რომ ქალი, რომელიც სხვის მონასთან იყო კავშირში, თავადაც მონად ჩათვლილიყო; და რომ მევახშეებს აკრძალვოდათ ვალის მოთხოვნა იმ შვილებისათვის, რომლებიც ჯერ არ გამოსულიყვნენ მამის ძალაუფლებიდან, მამის სიკვდილის შემდეგაც კი.

     12. ყველა დანარჩენში თავმდაბალი და მოწყალე იყო მმართველობის პირველი დღიდან სიკვდილამდე. არასოდეს ცდილობდა, თავისი ყოფილი მძიმე მდგომარეობა დაემალა და ხშირადაც გამოფენდა ხოლმე დასანახად. როცა ვიღაცამ სცადა, ფლავიუსების გვარის დასაწყისი რეატეს დამაარსებლებთან და ჰერკულესის იმ თანამგზავრთან დაეკავშირებინა, რომლის სასაფლაოს დღესაც უჩვენებენ სალარიას გზაზე, ამ ავადმყოფობას მან პირველმა დასცინა. მოსაჩვენებელი ბრწყინვალებისკენ სულაც არ ისწრაფოდა; და ტრიუმფის დღესაც, ნელი და დამღლელი მსვლელობით გაწამებულმა, თავი ვეღარ შეიკავა და თქვა: „ახია ჩემნაირ ბერიკაცზე. სულელივით მოვინდომე ტრიუმფი, გეგონება ჩემ წინაპრებს დაემსახურებინოთ ან მე შემძლებოდა ამაზე ოცნება!“ ტრიბუნის ხელისუფლება და სამშობლოს მამის წოდება დიდი ხნის მერე მიიღო; ხოლო დილით, მისალმებაზე მომსვლელების ჩხრეკას ჯერ კიდევ სამოქალაქო ომების პერიოდიდან დაანება თავი.

     13. მეგობრების ენამწარობა, დამცველების გესლიანობა, ფილოსოფოსების ჭირვეულობა ოდნავადაც არ აღელვებდა. ლიცინიუს მუციანი, ცნობილი გარყვნილი, თავის დამსახურებებს აღიარებდა, მას საკმაო პატივისცემით არ ეპყრობოდა, მაგრამ ვესპასიანე არასოდეს გალანძღავდა სხვების თანდასწრებით, და მხოლოდ საერთო მეგობართან დაჩივლებისას თქვა ბოლოს: „ბოლოს და ბოლოს, მეც კაცი ვარ!“ როცა სალვიუს ლიბერალისმა ვიღაც მდიდარის დაცვისას მოურიდებლად თქვა: „რა კეისრის საქმეა, თუკი ჰიპარქუსს ასი მილიონი აქვს?“ - მან პირველმა შეაქო. როცა გაძევებით მსჯავრდებული ცინიკოსი დემეტრიუსი უცხოეთში შეხვდა, არც წამოდგომა და არც მისალმება ინება და თანაც ზოგიერთი შეურაცხყოფაც მიაყენა, მხოლოდ „ავი ძაღლი“ უწოდა.

     14. წყენებს და მტრობას არ იმახსოვრებდა და შურს არ იძიებდა. თავისი მეტოქის, ვიტელიუსის ქალიშვილისათვის ბრწყინვალე ქმარი გამოძებნა, მზითევიც მისცა და სახლიც აუშენა. როცა ნერონის დროს სასახლიდან გამოაძევეს და ვესპასიანე შიშით კითხულობდა, რა ექნა და საით წასულიყო, ერთმა მიღებების მეთვალყურემ, რომელიც მიაცილებდა, უპასუხა: „ოთხივე მხარეს გზა ხსნილი გაქვს!“ მერე ამ კაცმა პატიება სთხოვა, ეს კი იმით დაკმაყოფილდა, რომ ზუსტად იგივე სიტყვები გაუმეორა. ეჭვი და შიში არასოდეს უბიძგებდა ანგარიშსწორებისაკენ; როცა მეგობრებმა ურჩიეს, მეთიუს პომპუზიანუსს გაფრთხილებოდა, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, იმპერატორის ჰოროსკოპი ჰქონდა, ამის მაგივრად კონსულად დანიშნა, რათა იმას თავის დროზე ეს მოწყალება გაეხსენებინა.

     15. ერთხელაც არ მომხდარა, რომ უდანაშაულო დასჯილიყოს, - ალბათ, მის არყოფნაში, მისთვის შეუტყობინებლად ანდა მისი ნების საპირისპიროდ. თუმცა ჰელვიდიუს პრისკუსი ერთადერთი იყო, ვინც სირიიდან დაბრუნებულს კერძო სახელით „ვესპასიანე“ მიესალმა, მერე კი ყველა თავის პრეტორის ედიქტებში ერთხელაც არ ახსენა, მაგრამ ვესპასიანე იმაზე ადრე არ განრისხებულა, სანამ იმან დაუნდობლად არ გამოლანძღა, როგორც პლებეი. მაგრამ აქაც, როცა უკვე გადაასახლა, როცა ბრძანა, მოეკლათ, მაინც მთელი ძალით ცდილობდა, გადაერჩინა, - მკვლელებს ხალხი დაადევნა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და გადაარჩენდა კიდეც, ცრუ მოხსენება რომ არა, - უკვე მკვდარიაო. ყოველ შემთხვევაში, არავისი სიკვდილი ახარებდა და, დამსახურებულ სასჯელზეც უდარდია და უტირია კიდევაც.

     16. ერთადერთი, რაშიც საყვედურობდნენ, ვერცხლისმოყვარეობა იყო. მარტო ის კი არა, რომ გალბასგან ნაპატიებელი ვალების დაბრუნება მოითხოვა, ახალი და მძიმე გადასახადები დააწესა, გაადიდა და ორმაგადაც კი გაზარდა პროვინციების ხარკი, - დაუფარავად აკეთებდა ისეთ საქმეებს, რომლებისაც კერძო კაცსაც კი შერცხვებოდა. მხოლოდ იმიტომ ყიდულობდა ნივთებს, რომ მერე მოგებით გაეყიდა;

     უყოყმანოდ მიჰყიდდა ხოლმე თანამდებობებს მაძიებლებს და გამართლებას - განსასჯელებს, დამნაშავეებს და უდანაშაულოებს, განურჩევლად; ყველაზე მტაცებელ მოხელეებს, როგორც ვარაუდობენ, საგანგებოდ აწინაურებდა სულ უფრო მაღალ თანამდებობებზე, რათა მოხვეჭის საშუალება მიეცა მათთვის, მერე კი გაესამართლებინა, - ამბობდნენ, რომ ისე სარგებლობს მათით, როგორც ღრუბლებით, მშრალებს დასველების საშუალებას აძლევს, ხოლო დასველებულს - გამოწურავსო.

     ერთნი ფიქრობენ, რომ ბუნებით იყო ქვაწვია; ამისთვის ლანძღავდა მოხუცი მწყემსი, რომელიც შეეხვეწა ახლად არჩეულ იმპერატორს, თავისუფლად გაეშვა, ფულის გადაუხდელად, მაგრამ უარი მიიღო და შესძახა: „მელიამ ბეწვი შეიცვალა, მაგრამ ზნე - ვერაო!“ სხვები, პირიქით, ვარაუდობენ, რომ უკიდურესმა გაჭირვებამ, - როგორც სახელმწიფო, ასევე საიმპერატორო ხაზინებში, - იძულებული გახადა, ფული ქონების ჩამორთმევითა და გაძარცვით მოეპოვებინა; ეს თავად აღიარა, როცა მმართველობის დასაწყისში განაცხადა, რომ ორმოცი მილიარდი სესტერცი სჭირდება სახელმწიფოს ფეხზე დასაყენებლად. და ეს მით უფრო ჰგავს სიმართლეს, რომ ცუდად ნაშოვნსაც საუკეთესო გზას მოუნახავდა ხოლმე.

     17. ყველა ფენის მიმართ გულუხვი იყო; სენატორებს სახსრები შეუვსო, გაჭირვებულ კონსულარებს ხუთას-ხუთასი ათასი სესტერცი დაუნიშნა წელიწადში; მთელ დედამიწაზე მრავალი ქალაქი უფრო უკეთესად ააშენა ხანძრებისა და მიწისძვრების შემდეგ; ტალანტებზე და ხელოვნებებზე დიდ ზრუნვას იჩენდა.

     18. ლათინ და ბერძენ რიტორებს პირველი უხდიდა ხაზინიდან ჯამაგირს ას-ასი ათასი სესტერცის რაოდენობით წელიწადში. გამოჩენილ პოეტებსა და მხატვრებს დიდი საჩუქრებით აჯილდოებდა, ისევე როგორც, მაგალითად, კოლოსის და ვენერა კოსის აღმდგენელი ინჟინერ-მექანიკოსს, რომელიც დაჰპირდა, დიდი დანახარჯების გარეშე კაპიტოლიუმზე აეტანა ვეებერთელა კოლონები, - გამოგონებისთვის დიდი ჯილდო უბოძა, მაგრამ იმისი მოწყობილობის გამოყენებისგან თავი შეიკავა და თქვა: „მე კი, ნება მიბოძეთ, ჩემი ხალხი გამოვკვებო“.

     19. სანახაობებზე, მარცელუსის თეატრის ახალი სცენის კურთხევისას აღადგინა ძველი მუსიკალური წარმოდგენები. ტრაგიკულ აქტიორს, აპელესს საჩუქრად ოთხასი ათასი სესტერცი მისცა; ლირაზე დამკვრელებს, ტერპნუსს და დიოდორუსს - ორას-ორასი ათასი; სხვებს - ას-ასი ათასი; ყველაზე ნაკლები - ორმოც-ორმოცი ათასი; რომ აღარაფერი ვთქვათ ოქროს უამრავ გვირგვინზე. დიდებულ ქეიფებსაც აწყობდა, კერძოებსა და მდიდრულებს, რათა მედუქნეებისთვის დაეჭირა მხარი. მარტის კალენდებში - ქალებს ურიგებდა საჩუქრებს, სატურნალიებზე - მამაკაცებს. მაგრამ თავისი ყოფილი ძუნწობის სირცხვილის გადაფარვა მაინც ვეღარ შეძლო.

     ალექსანდრიელები მუდამ ქაშაყის გამყიდველს ეძახდნენ, თავისი ერთი მეფის მეტსახელის მიხედვით, ბინძური წუწურაქისა. და მის დაკრძალვაზეც კი ფავორმა, მთავარი მიმიკოსმა, რომელიც, ჩვეულების მიხედვით, მიცვალებულის ნიღბით, საქმითა და სიტყვებით გამოჯავრებით გამოდიოდა, ყველას გასაგონად ჰკითხა მოხელეებს, თუ რა დაუჯდათ სამგლოვიარო პროცესია? და რომ მოისმინა, ათი მილიონიო, შესძახა: „ათი ათასი სესტერცი მომეცით და თუნდაც ტიბრში გადამაგდეთ!“

     20. კარგი სიმაღლის იყო, აგებულება მაგარი და ჩადგმული; სახე სულ დაძაბული გამომეტყველებით; ერთმა მახვილგონივრულად ზუსტად თქვა ამაზე, როცა იმპერატორმა სთხოვა, ეხუმრა მასზე: „ვიხუმრებ, როცა მოეშვები“. ჯანმრთელობა მშვენიერი ჰქონდა, თუმცა ამაზე ოდნავადაც არა ზრუნავდა, და მარტო იხეხავდა აბანოში ყელსა და ყველა ასოს; თვეში ერთ დღეს არაფერს ჭამდა.

     21. მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო. ხელისუფლებაში ყოფნისას ყოველთვის ადრე დგებოდა, განთიადამდე, და ყველა მოხელისგან გამოგზავნილ წერილებსა და მოხსენებებს კითხულობდა; მერე მეგობრებს შეუშვებდა და მათ მილოცვებს ღებულობდა, თავად კი ამ დროს იცვამდა ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. მიმდინარე საქმეებს რომ მორჩებოდა, გაისეირნებდა და რომელიმე ხარჭასთან დაისვენებდა; ცენიდას სიკვდილის შემდეგ ისინი ბევრი ჰყავდა. საძინებლიდან აბანოში მიდიოდა, მერე კი მაგიდასთან; ამ დროს, როგორც ამბობენ, ყველაზე კეთილი და რბილი იყო; და შინაურები ცდილობდნენ, ამით ესარგებლათ, თუკი რაიმე თხოვნა ჰქონდათ.

     22. სადილზე, როგორც ყველგან და ყოველთვის, გულკეთილი იყო და ხშირად ქილიკობდა; ძალიან დამცინავი იყო, მაგრამ მეტისმეტად მასხრული და უხამსობაში გადასული ხუმრობა იცოდა. ამის მიუხედავად, მისი ზოგიერთი ხუმრობა ძალიან მახვილგონივრულია. აი, ზოგიერთი მათგანი: კონსულარი მესტრიუს ფლორუსი არწმუნებდა, მართებულია ვთქვათ არა „პლოსტრა“, არამედ „პლაუსტრა“; მეორე დღეს მას მიესალმა არა როგორც „ფლორუსს“, არამედ როგორც „ფლავრუსს“. ერთი ქალი იფიცებოდა, რომ იმისი სიყვარულით კვდებოდა და მისი ყურადღებაც მიიპყრო; ვესპასიანემ იმ ქალთან გაატარა ღამე და აჩუქა ოთხასი ათასი სესტერცი; ხოლო მმართველის შეკითხვაზე, რომელი პარაგრაფით შევიტანო ეს ფულიო, მიუგო: „ვესპასიანეს მეტისმეტი სიყვარულისთვის“.

     23. თავის ადგილზე ბერძნული ლექსის თქმაც შეეძლო; მაგალითად, ვიღაც მაღალ და უჩვეულო გარეგნობის კაცზე თქვა: წინ მიდიოდა, შუბს მიიქნევდა, თავის გრძელ ჩრდილს მიმოარხევდა. აზატ კერილუსზე, რომელიც გამდიდრდა და არ უნდოდა, სიმდიდრე იმპერატორის ხაზინისთვის დაეტოვებინა, თავისუფლად დაბადებულად გამოიცხადა თავი და ლაქესი შეირქვა: ო, ლაქეს, ლაქეს, შენ ხომ მოკვდები - და ისევ კერილუსად გადაიქცევი. მაგრამ ყველაზე მეტად იცინოდა თავის არაკეთილშობილური შემოსავლებზე, რათა ქილიკით მაინც დაეშოშმინებინა უკმაყოფილება და ხუმრობად გადაექცია.

     ერთი მისი საყვარელი მოსამსახურე გამრიგის ადგილს სთხოვდა კაცისათვის, რომელსაც თავის ძმად ასაღებდა; ვესპასიანემ უბრძანა, დალოდებოდა, გამოიძახა ეს კაცი, თავად აიღო მისგან ფული, რაც შუამდგომლობისათვის იყო შეთანხმებული და მაშინვე დანიშნა სასურველ ადგილზე; ხოლო როცა კიდევ ჩაერია მსახური, უთხრა: „შენთვის სხვა ძმა ეძებე, ეს უკვე ჩემი ძმაა“. ერთხელ გზაში იეჭვა, რომ ჯორების გამრეკავი იმიტომ შედგა და ჯორებს იმიტომ დაუწყო ხელახლა დაჭედვა, რომ ერთი მთხოვნელისთვის დრო და საშუალება მიეცა იმპერატორთან სალაპარაკოდ; შეეკითხა, ბევრი ფული მოუტანა თუ არა ამ დაჭედვამ და მონაგებიდან თავისი წილი მოსთხოვა.

     ტიტუსი საყვედურობდა მამას, რომ საზოგადოებრივ ფეხსალაგებსაც კი გადასახადი დაუწესა; იმან ერთი მონეტა აიღო პირველი შემოსავლიდან, ცხვირთან მიუტანა და შეეკითხა, ყარს თუ არაო. „არა“, - მიუგო ტიტუსმა. „არადა, ეს ფული ფსელიდან არის“, - დასძინა ვესპასიანემ. როცა ელჩებმა მოახსენეს, რომ გადაწყვეტილია საზოგადოებრივი ხარჯით დაუდგან დიდი თანხის კოლოსალური სტატუეტი, მან ხელისგული გაუშვირა და მიუგო: „დაუყოვნებლივ დადგით, აი პოსტამენტი“.

     სიკვდილის წინათგრძნობისას და დიდი საფრთხის დროსაც ხუმრობდა; როცა სხვა წინასწარი ნიშნების რიცხვში მავზოლეუმის კარი უცებ გაიხსნა, ხოლო ცაში კუდიანი ვარსკვლავი გამოჩნდა, თქვა, რომ ერთი ნიშანი იუნიუს კანვინს ეკუთვნის, ავგუსტუსის გვარიდან, ხოლო მეორე პართიის მეფეს, რომელიც გრძელ თმას ატარებს; როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ჩაილაპარაკა: „რა სამწუხაროა, რომ ღმერთად უნდა გადავიქცე“.

     24. თავის მეცხრე კონსულობაში, კამპანიაში ყოფნისას, ციებ-ცხელების მსუბუქი შემოტევები იგრძნო. მაშინვე რომში დაბრუნდა, მერე კი კუტილიაში წავიდა და რეატის მამულებში, სადაც ყოველ ზაფხულს ატარებდა. აქ ავადობამ უმატა და დამატებით ცივი წყლითაც გაიცია მუცელი. ამის მიუხედავად, მაინც ჩვეულებრივ აგრძელებდა სახელმწიფო საქმეებს და, საწოლში წოლისას ელჩებიც კი მიიღო. როცა ლამის სიკვდილამდე მისუსტდა, გამოაცხადა, რომ იმპერატორი ფეხზე მდგომი უნდა მოკვდეს; და წამოდგომისა და გამართვის ცდაში დამჭერების ხელში მოკვდა ივლისის კალენდებამდე მეცხრე დღეს, დაბადებიდან გასული იყო სამოცდაცხრა წელი, ერთი თვე და შვიდი დღე.

     25. ყველასათვის ცნობილია, როგორ მტკიცედ სწამდა ყოველთვის, რომ დაიბადა და შვილებიც ბედნიერ ვარსკვლავზე ეყოლა; მიუხედავად შეუწყვეტელი შეთქმულებებისა, თამამად განუცხადა სენატს, რომ მემკვიდრეები ან მისი შვილები იქნებიან, ან - არავინ. ამბობენ, სიზმარში იხილა, რომ პალატინის სასახლის დერეფნებში იდგა სასწორი, რომლის ერთ პინაზე კლავდიუსი და ნერონი იყვნენ და მეორეზე - თვითონ შვილებით, და ვერც ერთი პინა ვერ სწონიდა. და თავისმა სიზმარმა არ მოატყუა, იმიტომ რომ ერთნიც და მეორენიც ერთნაირ დროს მართავდნენ - ზუსტად თანაბარ წლებში.

გამომცემლობა: პეგასი, თბილისი

გამოცემის წელი: 2011

ISBN: 9789941920615

ტეგები: qwelly, გაიუს_ტრანკვილუსი, ვესპასიანე, ისტორია, კეისარი, რომი, ტრანკვილუსი, ღვთაებრივი

ნახვა: 1057

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters