თორმეტი კეისრის ცხოვრება

წიგნი მეორე - ღვთაებრივი ავგუსტუსი

       ოქტავიუსების გვარი ადრე ველიტრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო: ამაზე ბევრი რამე მეტყველებს. იქ არის ერთი ქუჩა ქალაქის ყველაზე დასახლებულ ადგილში, რომელსაც ძველთაგან ოქტავიუსისა ჰქვია. იქ გაჩვენებენ საკურთხეველს, რომელიც ერთ-ერთ ოქტავიუსს ეძღვნება. ერთ საზღვრისპირა ომში მხედართმთავრად ყოფნისას, თურმე, მარსისთვის უნდა შეეწირა მსხვერპლი, რომ უცებ ცნობა მოვიდა მტრის თავდასხმაზე. მსხვერპლის გულ-ღვიძლი ცეცხლიდან გამოიღო, ნახევრადშემწვარი დაჭრა, წავიდა ომში და გამარჯვებით დაბრუნდა. არსებობდა საზოგადოებრივი დადგენილება, რომ ამის მერე მსხვერპლის შიგნეულობა მარსისთვის ამგვარადვე შეეწირათ, ხოლო მსხვერპლის ნარჩენები ოქტავიუსებს ეძლეოდათ. ეს ოჯახი სენატში შეიყვანა მეფე ტარკვინიუს პრისკუსმა უმცროს გვართა რიცხვში, მერე სერვიუს ტულიუსმა პატრიციებში ჩარიცხა; დროთა განმავლობაში ისევ პლებსში დაბრუნდა და დიდი ხნის მერე ღვთაებრივმა იულიუსმა დაუბრუნა პატრიციების ღირსება. ამ გვარიდან სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე პირველად აირჩიეს გაიუს რუფუსი. გაიუს რუფუსი კვესტორი იყო და ორი შვილი დარჩა, გნეუსი და გაიუსი, რომელთაგან ოქტავიუსების ორი, განსხვავებული ბედისწერის მქონე შტო წამოვიდა. სახელდობრ, გნეუსები და შემდეგში მისი შთამომავლები აღწევდნენ ყველაზე საპატიო თანამდებობებზე, როცა იმავდროულად გაიუსი და მისი შთამოამვლობა ბედისწერით ან საკუთარი სურვილით შედიოდა მხედართა ფენაში ავგუსტის მამის ჩათვლით. ავგუსტის დიდი პაპა სიცილიაში მსახურობდ ჯარის ტრიბუნად ემილიუს პაპუსის მეთაურობით. პაპამისი მუნიციპალური თანამდებობებით კმაყოფილდებოდა და, მშვიდად და მორჭმით ცხოვრობდა სიბერემდე.

 მაგრამ ასე აცხადებენ სხვები. თავად ავგუსტუსი მხოლოდ იმას წერს, რომ წარმოშობით არის ძველი და მდიდარი მხედრული ოჯახიდან, რომელშიც მამამისი გახდა პირველი სენატორი. ხოლო მარკუს ანტონიუსი დაუნდობლად ამხელს, რომ თითქოს მისი დიდი პაპა გააზატებული მებაგირე გახლდათ თურიის ოლქიდან, ხოლო პაპა - მევახშე. აი, ყველაფერი, რისი შეტყობაც მოვახერხე ავგუსტუსის წინაპრებზე მამის მხრიდან. მამამისი, გაიუს ოქტავიუსი ახალგაზრდობიდან მდიდარი იყო და პატივისცემით სარგებლობდა. შეიძლება, კაცი გაკვირვებას მოხვიდე, რაკიღა იმასაც მევახშედ აცხადებენ და ქრთამების დამრიგებლადაც კი მოიხსენიებენ საარჩევნო გარიგებებისას. საკმაო სიმდიდრეში გაზრდილი საპატიო თანამდებობებს უწვალებლად აღწევდა და კარგადაც მოერგებოდა ხოლმე. პრეტურის შემდეგ მაკედონია მიიღო კენჭისყრით. იქითკენ მიმავალმა სენატის განსაკუთრებული დავალება შეასრულა და გაანადგურა ფურიის ოლქის ხელში ჩამგდები გაქცეული მონები სპარტაკის და კატილინას რაზმებიდან.პროვინციის მართვისას იმდენივე სამართლიანობა გამოიჩინა, რამდენიც სიმამაცე. ბესები და თრაკიელები დიდ შეტაკებაში დაამარცხა, ხოლო მოკავშირე ტომებთან ისე ღირსეულად იქცეოდა, რომ მარკუს ციცერონი შემორჩენილ წერილებში, თავის ძმისადმი რომ არის მიწერილი, რომელიც იმხანად უნიათოდ მართავდა აზიის პროვინციას, მოუწოდებდა და ურჩევდა მოკავშირეებზე ზრუნვის მაგალითი მეზობელი ოქტავიუსისგან აეღო. მაკედონიიდან დაბრუნებული მალევე მოკვდა, თავისი კანდიდატურის წამოყენება კონსულის თანამდებობაზე ვეღარ მოასწრო. სამი შვილი დარჩა: ოქტავია უფროსი - ანქარიასგან, ოქტავია უმცროსი და ავგუსტი - ატიადან. ატია იყო მარკუს ატიუს ბალბუსის და გაიუს კეისრის დის, იულიას ქალიშვილი. ბალბუსი მამის მხრივ მოდიოდა არიციადან და მის წინაპრებს შორის საკმაო სენატორები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ახლო ნათესავად ერგებოდა პომპეუს დიდს. ბალბუსი იყო პრეტორი, მერე კი შედიოდა იმ ოც რწმუნებულში, ვინც კამპანის მიწებს უნაწილებდა მოქალაქეებს იულიუსის კანონის მიხედვით. თუმცა იგივე ანტონიუსი, ავგუსტის წინაპრებს დედის მხრიდანაც რომ არცხვენდა, იმასაც წამოაძახებდა, თითქოს იმისი დიდი პაპა აფრიკელი ყოფილიყოს და არციაში საპოხ-საცხების დუქანი თუ პურის საცხობი ჰქონოდეს. ხოლო კასიუს პარმელი ერთ წერილში ავგუსტუსს არა მხოლოდ მცხობელის შვილიშვილს ეძახის, არამედ მევახშისასაც. „დედაშენი ყველაზე ცუდად დაფქული არიციული როშიგან თუ ღერღილისგან არის გამოცხობილი, ხოლო მოზელვით იგი ნერულუმელმა მოზილა მევახშეობისგან გაბინძურრბული ხელებით“. ავგუსტუსი დაიბადა მარკუს ტულიუს ციცერონის კონსულობისას, მეცხრე დღეს ოქტომბრის კალენდამდე, განთიადამდე ცოტა ხნით ადრე, ხარის თავებში, პალატინის კვარტალში, სადაც ახლა დგას ტაძარი, მისი სიკვდილის შემდეგ დაარსებული. მართლაც, სენატის ანგარიშებში წერია, რომ ვიღაც გაიუს ლეტორიუსი, პატრიციული გვარის ყმაწვილი, მრუშობაში ბრალდებული, იმუდარებოდა, შეემსუბუქებინათ მისთვის ულმობელი შურისძიება მისი ახალგაზრდობის და დიდგვაროვნების ხათრით, თანაც სენატორებს იმაზეც მიუთითებდა, რომ სწორედ ის იყო მფლობელი და დამცველიც კი იმ მიწისა, რომელსაც შეეხო დაბადებისას ღვთაებრივი ავგუსტუსი, და შეწყალებას ითხოვდა ამ თავისი პირადი და მემკვიდრეობითი ღმერთის სახელით. სწორედ მაშინ დადგინდა, იმ სახლის ნაწილი ტაძრად გადაექციათ. იმის საბავშვო, პატარა ოთახს, საკუჭნაოს რომ მიაგავს, დღემდე აჩვენებენ პაპამისის ქალაქგარეთა აგარაკზე, ველიტრას მახლობლად; და იმ არე-მარეზე მცხოვრებნი დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ იქ დაიბადა. იქ შესვლა მიღებულია მხოლოდ აუცილებლობის გამო და განწმენდის წესის შესრულების შემდეგ, რაკი არის ასეთი ძველი თქმულება, რომ ყველას, ვინც იქ შევა პატივისცემის გარეშე, დაზაფრავს შიში და მოსვენებას დაუკარგავენ კოშმარები. ეს ამასწინათ დამტკიცდა, როცა აგარაკის ახალმა პატრონმა, შემთხვევით თუ ცნობისწადილით გადაწყვიტა, იქ ღამე გაეთია, მაგრამ რამდენიმე საათში, შუაღამისას, იქიდან უცაბედად გადმოაგდო უხილავმა ძალამ და თავისი საწოლიანად იპოვნეს ზღურბლს გადმოღმა, ცოცხალმკვდარი. ახალგაზრდობაში თურინუსი შეარქვეს წინაპრების წარმოშობის სამახსოვროდ, - შესაძლოა, იმ გამარჯვებისა, მისი დაბადებიდან მალევე რომ მოიპოვა მამამისმა ოქტავიუსმა თურიის ოლქში, გაქცეულ მონებზე. თურინუსი რომ შეერქვა, სრულიად დარწმუნებული ვაცხადებ. მე შევძელი, მეპოვა ერთი ძველი ნამუშევარი, ბრინჯაოს პატარა სტატუეტი, რომელზეც ბავშვად არის გამოსახული და ზედ ეწერა ეს სახელი, ლამის უკვე წაშლილი რკინის ასოებით. ეს პატარა ქანდაკება იმპერატორს მივართვი, რომელმაც კეთილგანწყობით მოათავსა თავის მოსასვენებლში დადგმულ ლარებთან. სხვათა შორის, მარკუს ანტონიუსიც ხშირად ეძახის თავის წერილებში თურიელს, - ამით მის განაწყენებას ცდილობს. მაგრამ პასუხად ავგუსტუსი მხოლოდ გაკვირვებას გამოთქვამს, თუ რატომ ახლიან სახეში თავისსავე ბავშვობის მეტსახელს. შემდეგში მიიღო სახელი გაიუს კეისრისა და მეტსახელი ავგუსტუსისა - პირველი დედისძმის ანდერძით, მეორე კი მუნაციუს პლანკუსის წინადადებით. სხვები მაშინ რომულუსის სახელს სთავაზობდნენ, როგორც რომის მეორე დამაარსებელს, მაგრამ გადაწყდა, რომ აჯობებდა ავგუსტუსად სახელდებულიყო. ეს არა მხოლოდ ახალი სახელი იყო, არამედ ამაღლებული და იმ საპატივცემო ალაგსაც, სადაც ავგურებმა განწმენდის წესი აღასრულეს, ეწოდება „უავგუსტესი“ აუგუსტა - ან სიტყვიდან „განდიდება“ აუცტუს, ანდა ჩიტების ფრენიდან და ჭმევიდან ავიუმ გესტუს გუსტუსვე; ამასვე გვიჩვენებს ენიუსის ლექსიც: უავგუსტესის მკითხაობით დაარსდა რომი სახელგანთქმული. ოთხი წლისამ მამა დაკარგა. თორმეტი წლისამ კრების წინაშე თავისი ბებიის, იულიას ქების სიტყვა თქვა. კიდევ ოთხი წლის შემდეგ, უკვე სრულწლოვანის ტოგა ეცვა, სამხედრო ჯილდოები მიიღო კეისრის აფრიკულ ტრიუმფში, თუმცა ასაკის გამო იმ ომში მონაწილეობა არ მიუღია. როცა ამის მერე მისი დედისძმა ესპანეთში გაეშურა პომპეუსის შვილების წინააღმდეგ საომრად, მაშინ მან, ჯერ კიდევ გამოუმჯობინებელმა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ცოტაოდენი თანამგზავრებით, მტრისგან დამუქრებული გზებით, გემის ჩაძირვის შემდეგაც არ დაიხია უკან და თან გაჰყვა. კეისრის კეთილგანწყობა დაიმსახურა ამ გადასვლისას, რომელსაც მალევე ჩამოუყალიბდა მაღალი აზრი მის ხასიათზე და ბუნებრივ ნიჭზე. მაშინ, როცა ესპანეთის დაპყრობის შემდეგ, ჯერ დაკიელებში და მერე პართელებში ლაშქრობა ჩაიფიქრა კეისარმა, თავისი დისშვილი წინდაწინ გააგზავნა აპოლონიაში, რათა ეს დრო სამეცადინოდ გამოეყენებინა. როგორც კი შეიტყო, რომ ბიძამისი მოკლულია, თავად კი მისი მემკვიდრეა, დიდხანს ყოყმანობდა, ხომ არ გამოეძახა მახლობლად მდგარი ლეგიონები, მაგრამ ეს იდეა უარყო, როგორც ნაჩქარევი და ნაადრევი. თუმცა წავიდა რომში და ჩაიბარა მემკვიდრეობა, მიუხედავად დედამისის ეჭვებისა თუ მამინაცვლის, კუნსულარ მარციუს ფილიპუსის ძლიერი წინააღმდეგობისა. და ამ დროიდან, რაკი ჯარი შეკრიბა, სახელმწიფოს მართვას შეუდგა. ჯერ თორმეტი წელიწადი - მარკუს ანტონიუსთან და მარკუს ლეპიდუსთან ერთად, მერე მხოლოდ მარკუს ანტონიუსთან და ბოლოს, ორმოცდაოთხი წელიწადი - ერთპიროვნულად. მის ცხოვრებას საერთო ხაზებში დავხატავ და შევჩერდები გარემოებებზე, მაგრამ არა დროის თანმიმდევრობით, არამედ საგნებისა, რათა ისინი უფრო ცხადად და გასაგებად წარმოვიდგინოთ. ხუთი სამოქალაქო ომი აწარმოა: მუტინისა, ფილიპიისა, პერუზიისა, სიცილიისა, აქტიისა. მათგან პირველი და საბოლოო - მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ, მეორე - ბრუტუსის და კასიუსისა, მესამე - ლუციუს ანტონიუსისა, ტრიუმვირის ძმისა; და მეოთხე - სექსტუს პომპეუსისა, გნეუსის შვილისა. ყველა ამ ომის დასაწყისი და მიზეზი ასეთი იყო. რაკი თავის უპირველეს მოვალეობად ბიძამისის სიკვდილის გამო შურისძიებასა და ყველაფერ იმის დაცვას თვლიდა, რაც მოკლულს გაეკეთებინა, აპოლონიიდან დაბრუნებისთანავე უნდოდა, მოულოდნელად თავს დასხმოდა ბრუტუსს და კასიუსს იარაღით ხელში. ხოლო მას შემდეგ, რაც იმათ საფრთხე იყნოსეს და მიიმალნენ, გადაწყვიტა კანონის ძალისათვის მიემართა და დაუსწრებლად დაედანაშაულებინა ისინი მკვლელობაში. მან თავად მოაწყო თამაშები კეისრის გამარჯვების პატივსაცემად, როცა იმათ, ვისაც ეს ჰქონდა დავალებული, ვერ გადაეწყვიტა ეს. კანონიერი და მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე არც ერთ ხალხს უცხადებდა ომს. იმდენად შორს იყო იმისგან, რომ თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა ან საბრძოლო დიდება მოემატებინა, რომ ზოგიერთი ბარბაროსი ბელადი აიძულა, შურისმაძიებლი მარსის ტაძარში დაეფიცათ იმ მშვიდობის ერთგულებაზე, რომელსაც თავად ითხოვდნენ. ხოლო ზოგიერთებისგან პირველად სცადა მძევლებად ქალები აეყვანა, რაკი ხედავდა, რომ მძევალ კაცებს არ უფრთხილდებოდნენ. სხვათაშორის, ყველას და ყოველთვის უბრუნებდა მძევლებს პირველსავე მოთხოვნაზე. ყველას, ვინც მეტისმეტად ხშირად და ვერაგულად აჯანყდებოდა ხოლმე, მხოლოდ იმით სჯიდა, რომ იმათ ტყვეებს მონებად ჰყიდდა იმ პირობით, რომ მონის სამსახური სამშობლოდან შორს უნდა მოეხადათ და თავისუფლება ოცდაათი წლის შემდეგ მიეღოთ. ამისთანა ღირსეული საქციელების დიდებამ ჩვენთვის ყურმოკვრით ცნობილ ინდიელებსაც და სკვითებსაც გაუჩინა იმის სურვილი, რომ თავიანთი ელჩების პირით ავგუსტუსთან და რომაელ ხალხთან მეგობრობა ეთხოვათ. ხოლო პართელებმა მის მოთხოვნაზე უსიტყვოდ დაუთმეს სომხეთი, და დაუბრუნეს დროშები, წართმეული მარკუს კრასუსისთვის და მარკუს ანტონიუსისთვის, და თავისი ნებით შესთავაზეს მძევლები, და თავის მეფედაც კი რამდენიმე მსურველიდან ის აირჩიეს, ვინც ავგუსტუსმა მოიწონა. იანუს კვირინუსის ტაძარი, რომელიც ქალაქის დაარსებიდან და იმის წინა დროიდან მხოლოდ ერთხელ თუ ორჯერ იყო დაკეტილი, იმან ძალიან მოკლე დროში დაკეტა სამჯერ, - ნიშნად მშვიდობისა ხმელეთსა და ზღვაზე. ორჯერ შევიდა ქალაქში ოვაციებით - ფილიპიის და სიცილიის ომების შემდეგ. ნამდვილი ტრიუმფი სამჯერ იზეიმა - დალმატიისა, აქტიისა და ალექსანდრიისა - სამი დღე მიყოლებით. უმძიმესი და სამარცხვინო დამარცხებები მხოლოდ ორჯერ მოუხდა და ორივეჯერ გერმანიაში. ესენი იყო ლოლიუსში და ვარუსში. პირველმა მეტი სირცხვილი მოუტანა, ვიდრე დანაკარგი, მაგრამ მეორე ლამის სასიკვდილო იყო, - განადგურებული აღმოჩნდა სამი ლეგიონი მეთაურიანად, ლეგატებიანად და მთელი დამხმარე ჯარიანად. ამ ცნობის მოსვლისთანავე ავგუსტუსმა ბრძანა, ქალაქში გუშაგები განელაგებინათ მღელვარების თავიდან ასარიდებლად. პროვინციის მმართველებს ძალაუფლება გაუგრძელა, რათა მოკავშირეები დაქვემდებარებული ჰყოლოდათ გამოცდილ და უკვე შეჩვეულ ადამიანებს. მოწყალე და დიდებულ იუპიტერს აღთქმა მისცა, ბრწყინვალე თამაშები გაემართა, თუკი სახელმწიფოში მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, როგორც ეს ოდესღაც, კიმბრიკებთან და მარსიკებთან ომისას იცოდნენ. და ამბობენ, ისეთმა ჭმუნვამ შეიპყრო, რომ რამდენიმე თვე მიყოლებით თმა-წვერს არ იჭრიდა, და არაერთხელ დაურტყამს წირთხლისთვის თავი და მწარედ ამოუოხრია: „კვინტილუის ვარუს, დამიბრუნე ჩემი ლეგიონები!“ ხოლო დამარცხების დღეს ყოველ წელს აღნიშნავდა ძაძით და ურვით. სამხედრო საქმეში ბევრი ცვლილება და სიახლე შეიტანა, ზოგიერთ რამეში კი ძველი წესები აღადგინა. დისციპლინას დიდი სიმკაცრით იცავდა. თავის ლეგატებსაც კი ცოლებთან შეხვედრების უფლებას ზამთრობით აძლევდა, იმასაც არცთუ დიდი ხალისით. რომაელი რაინდზე, რომელმაც თავის ორ ბიჭს ხელების დიდი თითები დააჭრა, რათა სამხედრო სამსახურიდან დაეხსნა, ბრძანა, რომ მთელი თავის ქონებიანად გაეყიდათ; მაგრამ რაკი დაინახა, რომ იმის საყიდლად მოიჯარეები მოისწრაფიან, თავის აზატს მისცა ის რაინდი იმ პირობით, რომ თავისუფლება კი მიეცა, მაგრამ ქვეყნის რომელიმე შორეულ მხარეში გაეგზავნა. დაუმორჩილებლობისათვის მთელი მეათე ლეგიონი სამარცხვინოდ დაშალა. სხვა ლეგიონები, რომლებიც უკუთვნელად ითხოვდნენ გადადგომას, დამსახურებული ჯილდოების გარეშე გაისტუმრა. კოჰორტებში, ვინც მტრისგან დაიხია, ყოველ მეათეს სჯიდა, დანარჩენები კი ქერის პურზე გადაჰყავდა. იმ ცენტურიონებს, ისევე, როგორც ჯარისკაცებს, ვინც მწყობრიდან გამოვიდა, სიკვდილით სჯიდა, სხვა დანარჩენი დანაშაულისთვის ნაირნაირ შემარცხვენელ სასჯელებს ადებდა. მაგალითად, უბრძანებდა, მთელი დღე მდგარიყვნენ პრეტორის კარვის წინ, ხანდახან - მხოლოდ პერანგით და სარტყელით, სხვა დროს - საჟენით ან მიწის ბელტით ხელში. სამოქალაქო ომების შემდეგ უკვე აღარც შეკრებაზე და აღარც ბრძანებებში აღარ ეძახდა ჯარისკაცებს „თანამებრძოლებს“, არამედ მხოლოდ „მეომრებს“, და სხვა მიმართვის ნებას არ აძლევდა არც შვილებს, არც გერებს, როცა ისინი მხედართმთავრები იყვნენ, - ეს მეტისმეტ მოლაქუცებად მიაჩნდა სამხედრო წესრიგის, მშვიდობიანი დროის, საკუთარი და თავისი ახლობლების ღირსებისათვის. გააზატებულებს ჯარში მხოლოდ რომის ხანძრების ანდა მღელვარებისგან პურის უკმარისობისას დასაცავად ღებულობდა, ხოლო სხვა შემთხვევაში მხოლოდ ორჯერ მიიღო: პირველად, კოლონიის გასამაგრებლად ილირიუმის საზღვარზე და მეორედ, რაინის ნაპირის დასაცავად. მაგრამ ესენიც დაქირავებული მაშინ ჰყავდა, როცა მონები იყვნენ უმდიდრეს ბატონებთან და ქალბატონებთან, და მაშინათვე ათავისუფლებდა, თუმცა ესენი ცალკე დროშასთან ჰყავდა დაყენებული, არ ურევდა თავისუფლად დაბადებულებში და სხვანაირად შეაიარაღებდა ხოლმე. სამხედრო ჯილდოებიდან უფრო გულუხვად არიგებდა ბალთებს, ძეწკვებს და ყველანაირ ოქროსა და ვერცხლის საგნებს, ვიდრე საპატიო გვირგვინებს კედლების და მიწაყრილების აღებაზე, - გვირგვინებზე ძუნწი იყო და მიუკერძოებლად არაერთხელ მიუნიჭებია უბრალო ჯარისკაცებისთვის. მარკუს აგრიპინას, სიცილიაში საზღვაო გამარჯვების შემდეგ, ცისფერი დროშა უბოძა. მხოლოდ ტრიუმფატორებისთვის, იმათთვისაც კი, ვინც ლაშქრობებში თან დაყვებოდა და გამარჯვებებში მონაწილეობდა, შესაძლებლად არა თვლიდა ჯილდოების მიცემას, რაკიღა იმათ თავად ჰქონდათ უფლება, თვითონ დაერიგებინათ საკუთარი შეხედულებისამებრ. სამაგალითო მხედართმთავარს, მისი შეხედულებით, ყველაზე ნაკლებად დაამშვენებდა აჩქარება და წინდაუხედაობა. ამიტომ ხშირად იმეორებდა ანდაზებს: „იჩქარე ნელა“, „ფრთხილი სარდალი უჭკუოზე უკეთესია“ და „სჯობს წარმატებულად გააკეთო, ვიდრე მოინდომო ჩქარა“. ამიტომ არასოდეს დაიწყებდა შეტაკებას ან ომს, თუ დარწმუნებული არ იყო, რომ გამარჯვებისას მეტს მოიგებს, ვიდრე დამარცხებისას დაკარგავს. იმათ, ვინც პატარა სარგებლობას ნახულობს დიდი საფრთხის ფასად, ადარებდა მეთევზეს, რომელიც ოქროს ანკესით თევზაობს, - თევზმა ანკესი რომ მოწყვიტოს, ვერანაირი ნადავლი ვერ აანაზღაურებს დანაკარგს. უმაღლეს და საპატიო სახელმწიფო თანამდებობებს ვადამდე იღებდა, მათ შორის, ზოგიერთ ახალს ანდა უცვლელს. კონსულობა ხელში ჩაიგდო მეოცე წელს, რომს რომ ლეგიონებით მიადგა, როგორც მტერი და ელჩების პირით მოითხოვა ეს თანამდებობა ჯარის სახელით. ხოლო როცა სენატი შეყოყმანდა, ცენტურიონმა კორნალიუსმა, ელჩების მეთაურმა, ლაბადა გადაიწია, მახვილის სახელურზე მიუთითა და ეგრე უთხრა სენატორებს: „აი, ეს აქცევს კონსულად, თუ თქვენ არ იზამთ!“ მეორე კონსულობა ცხრა წლის შემდეგ მიიღო; მესამე - ერთი წლის შემდეგ. მომდევნოები, თერთმეტამდე, - ყოველწლიურად. ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ შესთავაზეს კონსულის თანამდებობა, მაგრამ უარი თქვა და მეთორმეტედ მიიღო, დიდი შესვენების შემდეგ, ჩვიდმეტ წელში; ბოლოს, მეცამეტე კონსულობა თავადვე ითხოვა ორი წლის მერე, რათა ამ უმაღლესი თანამდებობით გამოეყვანა ხალხისთვის სრულწლოვანებად გახდომის დღეს თითოეული - გაიუსი და ლუციუსი, თავისი შვილები. ხუთი საშუალო კონსულობა, ექვსიდან მეათემდე, ეკავა ყოველ წელს, დანარჩენი - ცხრა, ექვსი, ოთხი ანდა სამი თვით, ხოლო მეორე - მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში: ახალი წლის დღეს კონსულის სავარძელში ჩაჯდა, იუპიტერის ტაძრის წინ და, დიდხანს არ მჯდარა, თანამდებობიდან გადადგა და შემცვლელი დანიშნა. თანამდებობა ყოველთვის რომში არ მიუღია, - მეოთხე კონსულობა აზიაში მიიღო, მეხუთე - კუნძულ სამოსზე, მერვე და მეცხრე - ტარაკონში. ტრიუმვირად სახელმწიფოს მოწყობის მიზნით ათი წელიწადი იყო. ამ თანამდებობაზე თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა კოლეგებს და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა პროსკრიპცია. მაგრამ როცა პროსკრიპცია მაინც გამოცხადდა, მან ორივეს გადააჭარბა სისასტიკით. იმათთვის გულის მოლბობა ხვეწნითა და მუდარით ბევრს შეეძლო, - ავგუსტუსი მაგრად იდგა იმაზე, რომ არავინ დაენდოთ. მსხვერპლთა სიაში თავისი მეურვე გაიუს ტორანიუსიც კი შეიყვანა, რომელიც მამამის ოქტავიუსის კოლეგა იყო ედილობისას. უფრო მეტიც, იულიუს სატურნინუსი აცხადებს, რომ პროსკრიპციის ჩატარების შემდეგ მარკუს ლეპიდუსი ბოდიშობდა სენატის წინაშე მომხდარის გამო და იმედს გამოთქვამდა, რომ დასჯა დამთავრებულია და ამიერიდან დადგება ჟამი გულმოწყალებისა. ოქტავიუსმა კი, პირიქით, გამოაცხადა, რომ თუმცა კი აჩერებს პროსკრიპციას, მაგრამ იტოვებს თავისუფლად მოქმედების უფლებას. მართალია, შემდეგში, თითქოსდა თავის სიჯიუტეს ინანიებსო, რაინდის ღირსება დაუბრუნა ტიტუს ვინიუს ფილოპემენს, რაკი იმაზე ამბობდნენ, რომ პროსკრიპციის დროს თავისი პატრონი შეიფარა და სიკვდილისგან იხსნა. ტრიუმვირად ყოფნისას მრავალი საქციელით დაიმსახურა საყოველთაო სიძულვილი. მაგალითად, პირანიუსი, რომაელი რაინდი რაღაცას იწერდა - მისი სიტყვით გამოსვლის დროს ჯარისკაცების წინაშე და მოქალაქეების ბრბოს თანდასწრებით; ეს რომ დაინახა, ბრძანა, იქვე მოეკლათ, ყველას თვალწინ, როგორც დამსმენი და მსტოვარი. ტედიუს აფერი, დანიშნული კონსული, რომელიც გესლიანად გამოეხმაურა მის რომელიღაც საქციელს, მუქარით იქამდე მიიყვანა, რომ თავი მოაკვლევინა. კვინტუს გალიუსი, პრეტორი, მისასალმებლად მივიდა მასთან ორმაგი ცხრილებით ტანსაცმლის ქვეშ. ოქტავიუსმა იეჭვა, რომ მახვილს მალავდა, თუმცა გაჩხრეკვა ვერ გადაწყვიტა, ეშინოდა, არ შემცდარიყო. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ცენტურიონებს და ჯარისკაცებს უბრძანა, ჩამოეგდოთ მოსამართლის სავარძლიდან, ეწამებინათ, როგორც მონა და, ვერაფერს რომ ვერ მიაღწია, ჯერ თავისი ხელით დასთხარა თვალები, მერე სიკვდილით დაასჯევინა. თუმცა თავად წერს, რომ გალიუსი საუბრის მომიზეზებით მოკვლას უპირებდა, რისთვისაც ციხეში ჩააგდო, მერე გადაასახლა რომიდან და გარდაიცვალა გემის ჩაძირვისას ანდა ავაზაკების თავდასხმისას. ტრიბუნის ძალაუფლება მიიღო მთელი სიცოცხლე, და ერთხელ თუ ორჯერ დაინიშნა ამხანაგი ხუთი წლით. მიიღო აგრეთვე ზედამხედველობა ზნეობაზე და კანონებზე მთელი სიცოცხლე. ამ რწმუნებების ძალით სამჯერ აწარმოა სახალხო აღწერა, თუმცა ცენზორი არა ყოფილა: პირველად და მესამედ - ამხანაგთან ერთად, შუალედში - მარტომ. რესპუბლიკის აღდგენაზე ორჯერ ფიქრობდა, პირველად - ანტონიუსზე გამარჯვებისთანავე, როცა მეხსიერებაში ცოცხლად ჰქონდა მისი კერძო ბრალდებები, თითქოსდა მხოლოდ ოქტავიუსის გამო არ არის აღდგენილი რესპუბლიკა; და მეორედ - გრძელი და მტანჯველი ავადმყოფობის შემდეგ, როცა სახლში სენატორები და თანამდებობის პირები გამოიძახა და სახელმწიფო საქმეების წიგნები გადასცა. თუმცა, რაკი განსაჯა, რომ კერძო კაცად ცხოვრება მისთვისაც საშიში და უგუნურება იქნებოდა, რესპუბლიკა მრავალი მმართველის თვითნებობისთვის მიენდო, უყომანოდ დაიტოვა ძალაუფლება თვითონ. და ძნელია თქმა, რა იქნებოდა უკეთესი, გადაწყვეტილება თუ მისი შედეგები. ამ გადაწყვეტილების შესახებ არაერთხელ განუცხადებია ხმამაღლა, ხოლო ერთ ედიქტში ამას ამოწმებს შემდეგი სიტყვებით: „დაე, მომეცეს დავადგინო სახელმწიფო მის საფუძველში მთლიანი და მტკიცე, რამეთუ მე, გამსინჯავი ამ სურვილის სასურველი ნაყოფისა, ჩავითვლებოდი შემოქმედად საუკეთესო სახელმწიფო მოწყობისა და აღსასრულისას თან წავიღებდი იმედს, რომ ჩემგან ჩაყრილი საფუძველი დარჩება შეურყეველი“. და შეასრულა თავის აღთქმა, მთელი ძალებით ცდილობდა, რომ არავის შეძლებოდა ჩივილი საგანთა ახალ წესრიგზე. დედაქალაქის სახე ჯერ კიდევ არ შეესატყვისებოდა იმპერიის დიდებულებას, რომი კიდევ იტანჯებოდა წყალდიდობებითა და ხანძრებით. ისე ააგო ქალაქი, რომ მართებულად ამაყობდა, - აგურის რომი ჩაიბარა და მარმარილოს რომს სტოვებს. და ყველაფერი გააკეთა, რაც კი ადამიანის ჭკუას შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს, ქალაქის უსაფრთხოებისათვის მომავალში. მრავალი საზოგადოებრივი შენობა ააგო; მათგან უმთავრესები - ფორუმი შურისმაძიებლი მარსის ტაძრით, აპოლონის ტაძარი პალატინზე, მეხისმტყორცნელ იუპიტერის ტაძარი კაპიტოლიუმზე. ფორუმის მშენებლობა მაშინ დაიწყო, როცა დაინახა, რომ ხალხის ბრბოს და მრავალ სასამართლო საქმეს უკვე აღარ ჰყოფნის ორი მოედანი და მესამეა საჭირო. ამიტომ იჩქარა ამ ფორუმის გახსნა, არ დაუცადა მარსის ტაძრის დასრულებას, და გამოყო იგი სისხლის სამართლის საქმეთა და მოსამართლეების არჩევნებისათვის. მარსის ტაძარზე აღთქმა დადო ფილიპიის ომისას, რომელშიც მამის შურს ძიობდა. და დაადგინა, რომ აქ მიეღო სენატს გადაწყვეტილება ომების და ტრიუმფების გამო, აქედან მიდიოდნენ პროვინციებში სამხედრო მეთაურები; აქ მოჰქონდათ ტრიუმფების სამშვენისები გამარჯვებით დაბრუნებულ მხედართმთავრებს. აპოლონის ტაძარი პალატინის სასახლის იმ ნაწილში აღმართა, რომელიც, მკითხავთა სიტყვით, ღმერთმა ელვის დარტყმით აირჩია, და ტაძარს მიუერთა პორტიკები ლათინური და ბერძნული ბიბლიოთეკებით; აქ, უკვე ასაკში შესული, ხშირად იწვევდა სენატს და ათვალიერებდა მოსამართლეთა სიებს. მეხისმტყორცნელ იუპიტერს მიუძღვნა ტაძარი ხიფათისგან გადარჩენის ნიშნად, როცა კანტაბრიის ომის დროს, ღამის ლაშქრობისას, მეხი დაეცა მისი ტახტრევნის წინ და მოკლა მონა, რომელიც მაშხალით მიდიოდა. ზოგიერთი შენობა სხვისი სახელით ააშენა, თავისი შვილიშვილებისა, ცოლისა და დისა, - მაგალითად, პორტიკი და ბაზილიკა გაიუსისა და ლუციუსისა, ლივიას და ოქტავიას პორტიკები, მარცელას თეატრი. თან სხვა ცნობილ მოქალაქეებს დაჟინებით ურჩევდა, დაეშვენებინათ ქალაქი შესაძლებლობების ფარგლებში, დაედგათ ახალი ძეგლები ანდა აღედგინათ და გაეუმჯობესებინათ ძველები. და მრავალი შენობა წამოიმართა ბევრი მოქალაქის დამსახურებით: მარციუს ფილიპუსის მიერ - ჰერკულეს მუსაგეტას ტაძარი, ლუციუს ცორნიფიციუსის მიერ - დიანას ტაძარი, ასინიუს პოლიოს მიერ - თავისუფლების დარბაზი, მუნაციუს პლანკუსის მიერ - სატურნის ტაძარი, კორნელიუს ბალბუსის მიერ - თეატრი, სტატილიუს ტავრუსის მიერ - ამფითეატრი, ხოლო მარკუს აგრიპას მიერ - სხვა მრავალი დიდებული შენობა. მთელი ქალაქი ოლქებად და კვარტლებად დაყო; დაადგინა, რომ ოლქებისთვის მიეხედათ ყოველ წელს კენჭისყრით არჩეულ თანამდებობის პირებს, ხოლო კვარტლებისთვის - მამასახლისებს, არჩეულებს იქაური გარეუბნის ობივატელების მიერ. ხანძრებისგან დასაცავად პოსტები განალაგა და ღამის დაცვა შემოიღო; წყალდიდობებისგან დასაცავად გააფართოვა და გაასუფთავა ტიბრის კალაპოტი, მრავალი წელი ნაგვით რომ იყო სავსე და შევიწროებული მშენებლობათა ნარჩენებით. ქალაქთან მისასვლელები რომ ყოველმხრივ იოლი ყოფილიყო, ხელი მოჰკიდა ფლამინიას გზის გამაგრებას თვით არიმინამდე, დანარჩენი გზები გაანაწილა ტრიუმფატორებში, რათა იმათ სამხედრო ალაფიდან შემოსული ფულით მიეხედათ მათთვის. წმინდა ნაგებობები, სიძველისგან ჩამონგრეული ანდა განადგურებული ხანძრებით, აღადგინა და სხვების თანაბრად დაამშვენა მდიდრული შემოწირულობებით. მაგალითად, ერთხელ კაპიტოლიუმის იუპიტერის ტაძარს თექვსმეტი ათასი ფუნტი ოქრო მიუძღვნა და ორმოცდაათი მილიონი სესტერცის მარგალიტი და სხვა ძვირფასი ქვები. დიდი პონტიფიკის ხარისხში - ეს წოდება მიიღო მხოლოდ ლეპიდუსის სიკვდილის შემდეგ, არ ისურვა, წაერთმია სიცოცხლეშივე, - ბრძანება გასცა, ყოველი მხრიდან შეეკრიბათ და დაეწვათ ყველა წინასწარმეტყველური წიგნი, ბერძნული თუ ლათინური, უსახელოდ მავალი ხალხში თუ საეჭვო სახელებით, რაოდენობით ორი ათასზე მეტი. შეინახა მხოლოდ სიბილას წიგნები, ისინიც შერჩევით და ორ მოოქროვილ სკივრში მოათავსა, პალატინის აპოლონის ტაძრის საძირკველში.

 ღვთაებრივი იულიუსის შემოღებული კალენდარი, მაგრამ მერე გაუფრთხილებლობით არეულ-დარეული, ადრინდელი სახით აღადგინა. ამ გარდაქმნის დროს ირჩია, თავისი სახელი დაერქმია არა თავისი დაბადების თვისთვის, სექსტილიისთვის, არამედ თავისი პირველი კონსულობის და სახელოვანი გამარჯვებების თვისათვის. გაზარდა ქურუმების რაოდენობა, მათ მიმართ პატივისცემაც, შეღავათებიც, განსაკუთრებით ვესტალებისთვის. როცა უნდა აერჩიათ ახალი ვესტალი გარდაცვლილის ადგილზე, ბევრი ცდილობდა, რომ მათ ქალიშვილებს არ მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა. ავგუსტმა საზეიმოდ დაიფიცა, რომ თუკი თუნდაც ერთი მისი შვილიშვილი გამოდგებოდა ამ ხარისხისათვის ასაკის მიხედვით, თავად შესთავაზებდა ვესტალობას. აღადგინა ზოგიერთი ძველი წესები, დავიწყებას მიცემული; მაგალითად, მკითხაობა სახელმწიფოს კეთილდღეობაზე, იუპიტერის ქურუმობა, თამაშები ლუპერკალიებზე, ასწლიანი ზეიმები, გზაჯვარედინის ფესტივალი. ლუპერკალიებზე უულვაშო ყმაწვილებს აუკრძალა სირბილში მონაწილეობა, მაგრამ ასწლიან თამაშებზე ორივე სქესის ახალგაზრდებს უფლება მისცა ყოფილიყვნენ ღამის სანახაობებზე, ოღონდ უფროსი ნათესავების თანხლებით. გზაჯვარედინის ლარები მისი ბრძანებით წელიწადში ორჯერ, გაზაფხულის და შემოდგომის ყვავილებით უნდა მორთულიყო. უკვდავი ღმერთების შემდეგ ყველაზე მეტად პატივს სცემდა იმ ბელადების ხსოვნას, რომლებმაც რომის იმპერია არარაობიდან დიდებამდე აიყვანეს. ამიტომ, მათი დატოვებული ძეგლები აღადგინა პირვანდელი წარწერებით, ხოლო თავისი ფორუმის ორივე პორტიკში დადგა ქანდაკებები ტრიუმფალური შესამოსელით, თან ედიქტებით გამოაცხადა, რომ ამას იმიტომ აკეთებს, რომ მასაც, სანამ ცოცხალია და ყველა მმართველს მის შემდეგ მოქალაქეები შეახსენებდნენ, რომ ამ მოღვაწეებისგან აეღოთ მაგალითი. ხოლო სამეფო პორტიკის პირდაპირ, პომპეას თეატრში რომ არის, მარმარილოს არკის ქვეშ იმ დარბაზიდან გადმოტანილი პომპეუსის ქანდაკება დადგა, სადაც იულიუს კეისარი მოკლეს. ბევრი დამღუპველი და ბოროტი ჩვეულება დამკვიდრდა სამოქალაქო ომების უკანონობისას თუ მშვიდობიან დროსაც. მრავალი ავაზაკი დაეხეტებოდა დღისით-მზისით, თითქოს თავის დასაცავად შეიარაღებული. მინდვრებში გამვლელბს იჭერდნენ, განურჩევლად იმისა, თავისუფალი იყო თუ მონა და მემამულეთა ერგასტულებში ამწყვდევდნენ. ახალი კოლეგიების საფარქვეშ იკრიბებოდნენ მრავალრიცხოვანი ბანდები, ნებისმიერ დანაშაულზე რომ მიდიოდნენ. ყაჩაღების წინააღმდეგ მოხერხებულ ადგილებზე გუშაგები განალაგა, ერგასტულები გაჩხრიკა, ყველა კოლეგია, ძველების და მიღებულის გარდა, გააუქმა. ხაზინის ძველი მევალეების სიები, რომლებიც შანტაჟის მიზეზი ხდებოდა, დაწვა. საკამათო სახაზინო უბნები დაუთმო მათ მფლობელებს. გაწელილი პროცესები, რომლებშიც ბრალდებულის დამცირება მხოლოდ აწყნარებდა ბრალმდებლებს, შეწყვიტა, თან დაემუქრა სამაგიერო ზღვევინებით სარჩელის განახლებისათვის. არც ერთი დანაშაული ანდა სასამართლო საქმე დაუსჯელი რომ არ დარჩენილიყო და არ გაწელილიყო, განხილვებისათვის დატოვა ის ოცდაათი და კიდევ რამდენიმე დღე, რომლებსაც მაგისტრატები თამაშებს უთმობდნენ. სასამართლოს სამ დეკურიას მეოთხეც დაამატა, მდაბალი შემადგენლობისა და ამ მოსამართლეებს „ორასიანები“ დაარქვა და მისცა მათ დავები პატარა თანხებზე. მოსამართლეებს მხოლოდ ოცდაათი წლიდან ნიშნავდა, ანუ ჩვეულებრივზე ხუთი წლით ადრე. და როცა ბევრმა დაიწყო თავის არიდება მოსამართლის მოვალეობიდან, ავგუსტი გულსუწადინოდ დაეთანხმა, რომ თითოეული დეკურია მორიგეობით წლის განმავლობაში თავისუფალი ყოფილიყო საქმეებიდან; და რომ ნოემბერში და დეკემბერში ჩვეულებრივი განხილვები, საერთოდ, არ ჩატარებულიყო. თავად მართავდა სასამართლოს დიდი გულმოდგინებით, ზოგჯერ ღამითაც; თუ ავად იყო - მაშინ ტახტრევნიდან, რომელსაც დგამდნენ მოსამართლის ადგილის მახლობლად, ანდა სახლიდანაც კი, საწოლში მწოლიარე. სასამართლოს წაყვანისას არა მარტო დიდ სიფხიზლეს ავლენდა, სილბოსაც. მაგალითად, უნდოდა ტომრისგან და დახრჩობისგან გადაერჩინა ერთი უეჭველი მამისმკვლელი - ხოლო ამისთანა სასჯელი ენიშნებოდათ მხოლოდ აღიარებისას, - ავგუსტუსმა, როგორც ამბობენ, ასე მიმართა იმას: „ესე იგი, მამაშენი შენ არ მოგიკლავს?“ ხოლო როცა განიხილებოდა ანდერძის გაყალბება და ყველა, ვისაც იქ ხელი ერია, ეს ექვემდებარებოდა დასჯას კორნელიანეს კანონით, ბრძანა, მოსამართლეებისთვის ხმის მისაცემად ორი ჩვეულებრივი დაფის, გამამართლებლისა და დამადანაშაულებლის გარდა, მესამეც მიეცათ, რომელიც შეწყალებას გამოუცხადებდა იმათ, ვინც თავისი ხელმოწერა წაქეზება-შეგულიანებით ან მოუფიქრებლობით მისცა. მოქალაქეებისგან აპელაციებს ყოველ წელს გადასცემდა ქალაქის პრეტორს, პროვინციალებისგან აპელაციებს - კონსულის წოდებასთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც ყოველი პროვინციიდან თითოს ნიშნავდა განსახილველად. გადახედა ძველ კანონებს და შემოიღო ზოგიერთი ახალი. მაგალითად, ფუფუნებაზე, მრუშობაზე და გარყვნილობაზე, მოსყიდვაზე, ქორწინების წესზე ყველა ფენისათვის. ეს ბოლო კანონი სხვებზე მკაცრად უნდოდა შეექმნა, მაგრამ მღელვარე წინააღმდეგობამ იძულებული გახადა შეეცვალა თუ შეემსუბუქებინა სასჯელი, უფლება მიეცა სამწლიანი ქვრივობისა და გაეზარდა საჩუქრები. მაგრამ ამის მერეც, ერთ სახალხო თამაშებზე რაინდებმა ჯიუტად დაუწყეს თხოვნა ამ კანონის შეცვლაზე. მაშინ გერმანიკუსის შვილებზე მიიტანა ეჭვი, ყველას დასანახად დააჩოქა ისინი თავისთან და იმათ მამასთან, ნიშნებით და გამოხედვებით არწმუნებდა ხალხს, არ ებუზღუნათ და მაგალითი აეღოთ ახალგარდა მამისგან. ხოლო როცა გაიგო, რომ ზოგიერთი გვერდს უვლის კანონს, არასრულწლოვანებზე ინიშნება ანდა ხშირად იცვლის ცოლებს, შეამცირა ნიშნობის ვადა და განსაზღვრა განშორებების რაოდენობა. კარგა ხანი იყო, სენატი გაიზარდა და გადაიქცა უხამს და უწესრიგო ბრბოდ - იქ იყო ათასზე მეტი წევრი, და მათ შორის ყველაზე უღირსი ხალხი, მიღებული კეისრის სიკვდილის შემდეგ ნაცნობობით ან ქრთამით, რომლებსაც ხალხში „საფლავის“ სენატორებს ეძახდნენ. ავგუსტუსმა დაუბრუნა სენატს წინანდელი რაოდენობა და ბრწყინვალება, ორჯერ გადახედა სიებს. პირველად არჩევანს თავად სენატორები აკეთებდნენ და ერთმანეთს ასახელებდნენ, მეორედ ეს გააკეთა თავად, აგრიპასთან ერთად. ამბობენ, ამ დროს თავმჯდომარის სავარძელში იჯდა ტანსაცმელს ქვეშ ჩაცმული ჯაჭვის პერანგით და იარაღით, ხოლო გარშემო ედგა ათი ყველაზე ძლიერი მეგობარი სენატიდან. კრემუციოს კორდუსი წერს, რომ სენატორებსაც მასთან სათითაოდ უშვებდნენ, გაჩხრეკის შემდეგ. ზოგიერთი ნამუსზე შეაგდო, - ასე რომ, თავადვე თქვეს უარი წოდებაზე, და გადაყენების მერეც კი შეუნარჩუნა სენატორების ტოგები, ადგილი ორქესტრაში სანახაობებზე და საერთო სადილზე მონაწილეობა. არჩეულ და დამტკიცებულ სენატორებს თავისი მოვალეობები რომ დიდი მოწიწებით შეესრულებინათ, თვითოუელს დაავალა სხდომის წინ მოეტანათ მსხვერპლი ღვინითა და საკმევლით იმ ღმერთის სამსხვერპლოზე, რომლის ტაძარშიც მიმდინარეობდა შეკრება. ეს მოვალეობები დამამძიმებელი რომ არ ყოფილიყო, დაადგინა, სენატის მომდევნო სხდომები მოეწვიათ მხოლოდ ორჯერ თვეში, კალენდებში და იდებში, თანაც სექტემბერსა და ოქტომბერში საკმარისი იყო სენატორთა კენჭისყრით არჩეული ნაწილის ყოფნა დადგენილებების მისაღებად. თავისთან შექმნა საბჭო, რომელიც კეჭისყრით ირჩეოდა ნახევარი წლით. აქ ავგუსტუსი განიხილავდა საქმეებს, სანამ მათ სენატს წარუდგენდა. განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე გამოკითხავდა ხოლმე სენატორებს არა რიგის ან წესის მიხედვით, არამედ თავისი შეხედულებით, თითქოს იმიტომ, რომ ყველა მზად ყოფილიყო და თავად გადაეწყვიტა, სხვების აზრს კი არ მიმხრობოდა. სხვა სიახლეებიც დაადგინა. რომ სენატის ანგარიშები არ უნდა გამოქვეყნებულიყო; რომ თანამდებობის პირები პროვინციებში მაშინვე არ წასულიყვნენ მოვალეობების დადგენისთანავე; რომ მმართველებს მისცემოდათ ფული ჯორებისა და კარვებისათვის, როცა ადრე ამ ყველაფერს აგვარებდნენ მომრიგეები; რომ ხაზინა განეგოთ არა ქალაქის კვესტორებს, არამედ თანამედროვე და ყოფილ პრეტორებს; რომ ცენტუმვირების სასამართლო მოეწვიათ დეცემვირებს, და არა ყოფილ კვესტორებს, როგორც ადრე. უფრო ბევრ ადამიანს რომ მიეღო მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში, ახალი თანამდებობები დააწესა: ზედამხედველობა საზოგადოებრივ მშენებლობებზე, გზებზე, წყალგამტარებზე, ტიბრის კალაპოტზე, ხალხისთვის პურის განაწილებაზე, ქალაქის პრეფექტურაზე, ტრიუმვირების კომისიაზე სენატორების ასარჩევად და მეორე ასეთივე კომისიაზე - რაინდების ტურმების შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში. დიდი ხნის შესვენების შემდეგ დანიშნა ცენზორები; პრეტორების რაოდენობა გაზარდა; იმასაც მოითხოვდა, რომ უფლება ჰქონოდა, თავის ყოველ კონსულობაზე ერთის ნაცვლად ორი ამხანაგი ჰყოლოდა, მაგრამ წარუმატებლად: ყველამ დაუწყო ყვირილი, რომ ისედაც ამცირებს თავის ღირსებას იმით, რომ მარტო კი არა, ამხანაგთან ერთად იკავებს უმაღლეს თანამდებობას. ნაკლებად გულუხვი არ ყოფილა საბრძოლო გმირობების დაფასებისას: ოცდაათზე მეტმა მხედართმთავარმა მიიღო მის დროს სრული ტრიუმფები, და უფრო მეტი - ტრიუმფალური სამშვენისები. სენატორთა შვილები რომ ადრევე გასცნობოდნენ სახელმწიფო საქმეებს, უფლება მისცა, როგორც კი სრულწლოვანები გახდებოდნენ, მაშინვე გადაეცვათ ტოგები და სხდომებს დასწრებოდნენ. როცა ისინი სამხედრო სამსახურში მიდიოდნენ, მხოლოდ ლეგიონების ტრიბუნებად კი არ ნიშნავდა, არამედ ცხენოსნების პრეფექტებადაც; და მათგან ვერც ერთს რომ ვერ აევლო გვერდი საბანაკო ცხოვრებისათვის, ორ-ორად ნიშნავდა თითო ცხენოსან რაზმში. მხედრულ ტუმებს ხშირ შემოწმებებს უწყობდა, დიდი ხნის ჩაგდების შემდეგ აღადგინა მათი საზეიმო გავლა. თუმცა ამასთან ერთად არავის აძლევდა უფლებას, ცხენიდან ჩამოსულიყო ბრალმდებლის მოთხოვნაზე, როგორც ეს ადრე კეთდებოდა. მოხუცებს და დასახიჩრებულებს უფლება მისცა გამოძახებაზე ფეხით გამოსულიყვნენ, ხოლო ცხენი მწყობრში გაეგზავნათ. ბოლოს, იმათ, ვინც ოცდათხუთმეტ წელს მიაღწია და აღარ უნდოდა სამსახური, უფლება მისცა, ცხენი სახელმწიფოსთვის დაებრუნებინა. სენატს ათი თანაშემწე გამოსთხოვა და თითოეული მხედარი აიძულა, ანგარიში მიეცა თავის ცხოვრებაზე. და იმათ, ვინც იმსახურებდა, სჯიდა ან გადახდევინებით, ანდა პატივის აყრით, უფრო მეტ ნაწილს სხვასახვა სახეობის გაკიცხვით. ყველაზე რბილი გაკიცხვის სახით ის აძლევდა მწყობრის წინაშე მდგარ მხედარს დაფას, რომელიც იმას იქვე უნდა წაეკითხა საკუთარ თავზე. ზოგიერთი იმიტომ გაასამართლა, რომ ფულს სესხულობდნენ დაბალ პროცენტებში და დიდ პროცენტებად ჰქონდათ გასესხებული. თუკი ტრიბუნების არჩევნებზე სენატორული წოდების კანდიდატები არა კმაროდა, მხედრებიდან ნიშნავდა იმ პირობით, რომ თანამდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ თავადვე ამოერჩიათ, რომელ ფენაში დარჩენილიყვნენ. რაკი მრავალი მხედარი გაღატაკდა სამოქალაქო ომებში და ვერ გადაეწყვიტათ, თეატრებში მხედრების ადგილებზე დამსხდარიყვნენ სანახაობებზე კანონის შიშით, ავგუსტმა გამოაცხადა, რომ დასჯას არ ექვემდებარებიან ისინი, ვინც ოდესმე ფლობდა ან ვისი მშობლებიც ფლობდნენ მხედრის მდგომარეობას. მოსახლეობის აღწერას ქუჩა-ქუჩა აწარმოებდა. ხალხი რომ ხშირ-ხშირად არ მოსწყვეტოდა საქმეს პურის დარიგების გამო, ბრძანა წელიწადში სამჯერ გაეცათ ტესერები ერთბაშად ოთხ თვეზე, მაგრამ საერთო სურვილით მოუწია აღედგინა წინანდელი წესი ყოველთვიურად დარიგებისა. სახალხო კრებაზე აღადგინა ძველი წესი არჩევნებისა მოქრთამვისათვის სასტიკად დასჯით. თავის ორ ტრიბში, ფაბიანისა და სკაპტიისა არჩევნების დღეს საკუთარი ფულიდან ყოველ ამომრჩეველს აძლევდა ათას-ათას სესტერცს, რათა იმათ აღარაფერი მოეთხოვათ კანდიდატებისგან. ძალიან მნიშვნელოვნად თვლიდა იმას, რომ რომაელი ხალხი გაუფუჭებელი და სუფთა დარჩენილიყო უცხოთა ანდა მონების სისხლისგან. ამიტომ რომის მოქალაქეობას ძალიან ხელმოჭერილად იძლეოდა, ხოლო მონების გააზატება განსაზღვრა. ტიბერიუსი თავის კლიენტზე, რომელიც ბერძენი იყო, რომის მოქალაქეობას სთხოვდა - პასუხად მისწერა, რომ მხოლოდ მაშინ დათანხმდება ამაზე, როცა ის თავად დაარწმუნებს თავისი მიდრეკილების კანონიერებაში. ლივია სთხოვდა ერთ გალზე დაქვემდებარებული ტომიდან - გაათავისუფლა გადასახადიდან და განაცხადა, რომ უფრო ადვილად გადაიტანს ამ დანაკარგს თავისი ქისისთვის, ვიდრე რომის მოქალაქეთა პატივის შელახვას. მონებისათვის მრავალი წინააღმდეგობა აღმართა თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე და უფრო მეტი - სრულუფლებიანი თავისფლების გზაზე; ფხიზლად გაითვალისწინა რაოდენობა, მდგომარეობა და ვითარებაც გასათავისუფლებლებისა, და განსაკუთრებულად დაადგინა, რომ მონა, რომელიც ერთხელ მაინც დაჭრილა ან უწამებიათ, უკვე ვეღარასოდეს მიიღებდა მოქალაქეობას ვერანაირი განთავისუფლებით. ძველი ტანსაცმლისა და ტოგების აღორძინებას ცდილობდა. ერთხელ კრებაზე შეკრებილი ხალხის ჯგუფი რომ დაინახა მუქ ლაბადებში, წყენით წამოიძახა: „აჰა, ისინიც - რომის შვილები, მიწის მფლობლები, თავის ტოგებით!“ - და დაავალა ედილებს, წინასწარ ეზრუნათ, რომ ყველას, ვინც ფორუმზე და მის სიახლოვეს გამოჩნდებოდა, ლაბადები გაეხადათ და ტოგებით დარჩენილიყვნენ. როცა შემთხვევა მიეცემოდა, არაერთხელ იჩენდა გულუხვობას ყველა ფენის მიმართ. მაგალითად, როცა ალექსანდრიის ტრიუმფზე რომში მეფის საგანძური ჩამოიტანა, იმდენი მონეტა გაუშვა ბრუნვაში, რომ სასამართლოს პროცენტმა მაშინვე დაიკლო, ხოლო მიწაზე ფასი გაიზარდა. შემდეგში, როცა ბევრი ფული ჰქონდა კონფისკაციებიდან, დროდადრო უანგაროდ აძლევდა იმათ, ვისაც ორმაგი რაოდენობის დაბევება შეეძლო. სენატორებს ქონებრივი ცენზი რვაასი ათასიდან მილიონ ორასი ათას სესტერცამდე გაუზარდა, ხოლო ვისაც ამდენი თანხა არ აღმოაჩნდა, იმათ თავად შეუვსო. ხალხს ურიგებდა ფულად ჯილდოებს, მაგრამ სხვადასხვა რაოდენობით, - ხან ოთხას, ხან სამას, ზოგჯერ ორასორმოცდაათ სესტერცს კაცზე. ამასთან, გვერდს არ უვლიდა მცირეწლოვნებს, თუმცა დარიგებისას ბიჭები დაიშვებოდნენ თერთმეტ წელს ზემოთ. გაჭირვებისას ხშირად ურიგებდა მოქალაქეებს პურს ყველაზე დაბალ ფასად ანდა საერთოდ, უფასოდ, ხოლო ფულად გასაცემს აორმაგებდა. თუმცა იმავდროულად პირად დიდებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ საერთო სიკეთეზე, - ეს იქიდან ჩანს, რომ, როცა ქალაქელებმა ჩივილი დაიწყეს ღვინის უკმარისობაზე და გაძვირებაზე, მკაცრი სიტყვებით ჩააჩუმა: „ჩემმა სიძემ, აგრიპამ საკმარისად ააშენა წყალგაყვანილობა, რომ არავინ დატანჯულიყო წყურვილისგან!“ სხვა დროს, როცა ხალხმა დაპირებული საჩუქრები მოითხოვა, უპასუხა, რომ თავის სიტყვიდან არ გადავა; როცა ბრბომ საჩუქრები მოითხოვა დაპირების გარეშე, მან ედიქტებს უკმაყოფილოდ გადახედა ამ თავხედობის და უსირცხვილობის გამო და გამოაცხადა, რომ საჩუქრებს არ მისცემდა, თუმცა კი აპირებდა. ასეთივე სიმტკიცე და ღირსება გამოავლინა, როცა გაიგო, რომ საჩუქრების დარიგებაზე მისი დაპირების შემდეგ ბევრმა მონამ მიიღო თავისუფლება და შეიყვანეს მოქალაქეთა სიებში, - თქვა, რომ ვისაც არ შეპირებია, ისინი ვერაფერს მიიღებენ, ხოლო დანარჩენს ნაკლები მისცა, ვიდრე დაპირდა, რათა მთლიანი თანხა ადრინდელი ყოფილიყო. ერთხელ, მეტისმეტად მოუსავლიან წელს, რომლისგანაც ძნელად მოიპოვებოდა გამოსავალი, რომიდან გაასახლა მონათვაჭრები თავიანთი მონებიანად და ლანისტები თავიანთი გლადიტორებიანად, ყველა უცხოელი, ექიმებისა და მასწავლებლების გარდა და ოჯახის მონებიც კი. როცა მომარაგება აღდგა, თავისივე სიტყვებით, აპირებდა ერთხელ და სამუდამოდ გაეუქმებინა პურის დარიგებები, რადგან ამის გამო მიწათმოქმედება ზარალდებოდა. მაგრამ გადაიფიქრა, რაკი ესმოდა, რომ ადრე თუ გვიან ვინმე პატივმოყვარე მაინც აღადგენდა. თუმცა ამის შემდეგ დარიგება ისე განსაზღვრა, რომ გაითვალისწინა არა მხოლოდ ქალაქელთა სარგებელი, არამედ მიწათმოქმედებისა და მარცვლეულით მოვაჭრეებისა. სანახაობებთან დამოკიდებულებაში ხომ თავის ყველა წინამორბედს გადააჭარბა. მისი სანახაობები უფრო ორიგინალური იყო, უფრო მრავალფეროვანი, უფრო ბრწყინვალე. მისივე სიტყვებით, თამაშებს მართავდა წელიწადში ოთხჯერ თავისი სახელით და ოცდასამჯერ სხვა მაგისტრატების სახელით, როცა ისინი წასულები იყვნენ ანდა არ ჰქონდათ საშუალება. თეატრალურ სანახაობებს ზოგჯერ ქალაქის მთელ კვარტლებში აწყობდა, ბევრ ფიცარნაგზე, ყველა ენაზე; გლადიატორთა ბრძოლებს - არა მხოლოდ ფორუმზე ან ამფითეატრში, არამედ ცირკშიც და სეპტებზეც. სხვათა შორის, ხანდახან შემოიფარგლებოდა ხოლმე მარტო ველურ ცხოველებთან ბრძოლით; ათლეტების შეჯიბრით - მარსის მინდორზე, სადაც ხის ტრიბუნები იყო აშენებული; ბოლოს, საზღვაო ბრძოლებით - გუბურაში, ამოთხრილს ტიბრის გაღმა, სადაც ახლა კეისრის ჭალაა. ამ სანახაობების დღეებში რომში გუშაგებს დააყენებდა ხოლმე, გაუკაცურებული ქალაქი მძარცველებისგან რომ დაეცვა.

       იმის ცირკში გამოდიოდნენ ეტლით მრბოლელები, მორბენლები და ცხოველთა მხოცველები, - ხანდახან ესენი იყვნენ დიდგვაროვანი ოჯახებიდანაც. არაერთხელ მოუწყვია ტროას თამაში უფროსი და უმცროსი ბიჭების მონაწილეობით, რათა იმათ ძველი, სახელოვანი ჩვეულების მიხედვით თავიანთი კეთილშობილი წინაპრების ღირსად ეჩვენებინათ თავი. როცა ამ წამოწყებაში მონაწილე ნონიუს ასპრენასი ჩამოვარდა და დაიმტვრა, ავგუსტმა ოქროს ყელსაბამი აჩუქა და უფლება მისცა, რომ იმას და იმის შთამომავლობას ტორკვატუსი დარქმეოდათ. თუმცა ამ გართობის შეწყვეტა მოუწია, რაკი ასინიუს პოლიომ მრისხანე და მკაცრი საჩივარი გამოთქვა სენატში იმის თაობაზე, რომ იმისმა შვილიშვილმა ეზერნინუსმაც ჩამოვარდნისას მოიტეხა ფეხი. თეატრალური და გლადიატორთა წარმოდგენებისათვის ხანდახან რომაელ მხედრებსაც მიიზიდავდა ხოლმე, სანამ ეს სენატმა არ აკრძალა დეკრეტით; ამის მერე მხოლოდ ერთხელღა აჩვენა ფიცარნაგებიდან დიდგვაროვანი ყმაწვილი ლუციუსი, და ისიც როგორც საკვირველება, რადგან სიმაღლით ორი ფუტი იყო, წონით ჩვიდმეტი ფუტი, მაგრამ ხმა წარმოუდგენლად მაღალი ჰქონდა.  პართელი მძევლებიც, პირველად ჩამოსული რომში სადღესასწაულო დღეს, სანახაობაზე მიიყვანა, არენაზე გადაატარა და თავის მაღლა, მეორე რიგში დასხა. იმ დღეებშიც კი, როცა სანახაობები არ იყო, სხვადასხვა ადგილებზე მაინც გამოჰყავდა საჩვენებლად ყველაფერი, რაც რომში ჯერაც უნახავი და საინტერესო იქნებოდა; მაგალითად, მარტორქა - სეპტაში, ვეფხვი - თეატრში, ორმოცდაათი წყრთის სიგრძის გველი - კომიციუმზე. ერთხელ, ცირკში დათქმული თამაშებისას შეუძლოდ შეიქმნა და პროცესიას წინ უძღოდა ტახტრევანზე მწოლარე. მეორედ, როცა უნდა გაეხსნა თეატრ მარსელუსისადმი მიძღვნილი ზეიმი, იმის კონსულის სავარძელს სამაგრები გასძვრა და თავად გულაღმა დაეცა. თამაშებზე, რომლებსაც შვილიშვილების სახელით მართავდა, მაყურებელში უცებ შფოთვა დაიწყო, მოეჩვენათ, რომ ამფითეატრი ინგრევა. მაშინ, რაკი მათი დამორჩილება და ჭკუაზე მოყვანა ვერ შეძლო, თავისი ადგილიდან ჩამოვიდა და ამფითეატრის სწორედ იმ ნაწილში დაჯდა, რომელიც განსაკუთრებით საშიში ეჩვენებოდათ. მაყურებელში, რომელიც ადრე უწესრიგოდ იჯდა და თავისუფლად ეჭირა თავი, შემოიღო და დაამყარა წესრიგი. ამის მიზეზი იმ სენატორის წყენა გახდა, რომელსაც პუტეოლებზე მრავალკაციან სანახაობაზე მჯდომარე ბრბოდან არავინ დაუთმო ადგილი; სწორედ მაშინ დაადგინა სენატმა, რომ ყოველგვარ საზოგადოებრივ სანახაობებზე პირველი რიგი ყოველთვის დარჩენილიყო თავისუფალი სენატორებისთვის. თავისუფალი და მოკავშირე ხალხების ელჩებს აუკრძალა ჯდომა ორქესტრაში, რაკი აღმოაჩინა, რომ იმათ შორის გააზატებულებიც ერია. ჯარისკაცები კი მოქალაქეებისგან განაცალკევა. უბრალო ხალხში განსაკუთრებული ადგილი გამოყო ცოლიანებისთვის; ცალკე ალაგი არასრულწლოვანებისთვის, და მეზობლად - იმათი დამრიგებლებისათვის, ხოლო შუათანა ადგილებზე მუქ ლაბადებში ჩაცმულების დაჯდომა აკრძალა. ქალებს გლადიატორების ბრძოლისათვისაც კი არ აყურებინებდა ისე, თუ არა სულ ზედა ადგილებიდან, თუმცა ძველი წესით, ამ სანახაობებზე ისინი მამაკაცებთან ერთად სხდებოდნენ. მხოლოდ ქალწულ ვესტალებს გამოუყო თეატრში ცალკე ადგილი, პრეტორის სავარძლის მოპირდაპირედ. ათლეტური შეჯიბრებებიდან კი საერთოდ მოხსნა ქალები და როცა პონიტიფიკალურ თამაშებზე ხალხმა მოითხოვა მუშტით მებრძოლების გამოყვანა, განაცხდა, რომ ეს გამოსვლა მეორე დილისთვის გადაიდებოდა, ოღონდ ქალები არ უნდა მოსულიყვნენ თეატრში მეხუთე საათზე ადრე. საცირკო სანახაობებს თავისი მეგობრების ან გააზატებულების სახლების ზედა ოთახებიდან უყურებდა, ხანდახან - წმინდა ლოჟიდან, ცოლთან და შვილებთან ერთად. ხშირად მიდიოდა წარმოდგენიდან რამდენიმე საათით, ხანდახან მთელი დღით, ბოდიშის გამოთხოვნით და თავის მაგიერ გამრიგის დანიშვნით. მაგრამ როცა ესწრებოდა, სხვას აღარაფერს აკეთებდა; ან უნდოდა, იმ საყვედურებს გაქცეოდა, რომელსაც მამამის კეისარზე ამბობდნენ, რომ თამაშების დროს ქაღალდებს და წერილებს კითხულობდა, ან პასუხებს წერდა; ანდა, უბრალოდ, უყვარდა თამაშები და თავს იქცევდა, რასაც არასდროს მალავდა და რაც არაერთხელ გულახდილად უღიარებია. ამიტომ იყო, რომ სხვათა მიერ გამართულ სანახაობებზეც კი თავისგან გვირგვინებს და სხვა მრავალ საჩუქარს არიგებდა; ამიტომ იყო, რომ ყველანაირ ბერძნულ შეჯიბრზე დაუყოვნებლივ აჯილდოებდა ათლეტებს დამსახურების მიხედვით. მაგრამ ყველაზე მეტად მუშტით მებრძოლების ცქერა უყვარდა, განსაკუთრებით ლათინებისა და არა მარტო განსწავლულებისა და აღიარებულებისა, რომელთაც ზოგჯერ ბერძნებს უტოლებდა, არამედ უბრალო ქალაქელებისა, რომლებიც ქუჩაბანდებში, ახლოდან, უწესრიგოდ და უწესებოდ ურტყამდნენ ერთიმეორეს. ერთი სიტყვით, უყურადღებოდ არ დატოვებდა სახალხო სანახაობების არც ერთ მონაწილეს. ათლეტებს შეუნარჩუნა და მოუმატა პრივილეგიები, გლადიატორებს აუკრძალა ებრძოლათ დაუნდობლად, აქტიორების დასჯის უფლება მისცა მხოლოდ თეატრში და თამაშების დროს, და არა ყოველთვის და ყველგან, როგორც ამის უფლება ჰქონდათ თანამდებობის პირებს ძველი კანონით. ამის მიუხედავად, მებრძოლთა შერკინებებზეც, გლადიატორთა ბრძოლებზეც ყოველთვის იცავდა უმკაცრეს წესრიგს, ხოლო აქტიორების თავაშვებულობას ულმობლად აღკვეთდა ხოლმე. როცა გაიგო, რომ რომის კომედიის აქტიორ სერაფიოს მსხურად ჰყავს ბიჭივით თამშეჭრილი მატრონა, სამი თეატრიდან მოკვეთა და გადაასახლა; ჰილასი, პანტომიმის მსახიობი, პრეტორის საჩივრის გამო, თავისივე სახლის ატრიუმში გაამათრახებინა ყველას თვალწინ, ხოლო პილადესი გააძევა რომიდან და იტალიიდანაც სამი თითის კომბინაციის შეურაცხმყოფელი ჩვენებისთვის, რომელსაც ის თავის გამოსვლაზე სტვენით მორეაგირე მაყურებელს უჩვენებდა. აი, როგორ მოაწყო ქალაქი და ქალაქის საქმე. იტალიაში ოცდარვა კოლონია დაარსა და გაამრავლა მოსახლეობა. დაამშვენა ნაგებობებით, გაამდიდრა შემოწირულობებით და ნაწილობრივ უფლებებითა და მნიშვნელობით გაუთანაბრა დედაქალაქს: სწორედ მან დაადგინა, რომ დეკურიონებს თითოეული კოლონიიდან მონაწილეობა მიეღოთ დედაქალაქის თანამდებობის პირების არჩევნებში და თავისი ხმები დაბეჭდილი გამოეგზავნათ რომში საერთო არჩევნების დღეს. და სახელიან ხალხს რომ არ შემცირებოდა გავლენა, ხოლო უბრალოებს - შთამომავლობა, ყველას, ვისაც ქალაქი წარადგენდა მხედრის სამსახურისთვის, დაუშვებდა ხოლმე, ხოლო ყველას, ვისაც შეეძლო ეტრაბახა ბიჭებით ანდა ქალიშვილებით, თავისი გასვლებისას ოლქებში აჯილდოებდა ათასი სესტერცით თითოეულს. პროვინციებიდან ისინი აიღო, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი იყო და რომელთა მართვა არჩეული მმართველებისთვის ძნელი და არცთუ უხიფათო იყო. დანარჩენი კენჭისყრით არჩეულ პროკონსულებს მისცა სამართავად. სხვათა შორის, ზოგიერთს საჭიროების შემთხვევაში ცვლიდა, ხოლო გავლისას ხშირად ნახულობდა ამათაც და იმათაც. ზოგიერთი მოკავშირე ქალაქებს, უკანონობით რომ სიკვდილისკენ მიდიოდნენ, თავისუფლება ჩამოართვა. სხვა ქალაქებს ან მხარი დაუჭირა ვალებში, ანდა აღადგინა მიწისძვრის შემდეგ, ანდა დააჯილდოვა ლათინური თუ რომის მოქალაქეობით რომის ხალხის წინაშე დამსახურებისათვის. როგორც ჩანს, არ იყო ისეთი პროვინცია, რომელიც არ მოევლოს, თუკი აფრიკას და სარდინიას არ ჩავთვლით. იქაც აპირებდა გადასვლას სიცილიის გავლით სექსტუს პომპეუსზე გამარჯვების შემდეგ, მაგრამ ხელი შეუშალეს ძლიერმა და განუწყვეტელმა ქარიშხლებმა, მერე კი ამისათვის არც დრო მიეცა, არც მიზეზი. სამეფოები, რომლებიც ომის ძალით დაიპყრო, თითქმის ყველა ან დაუბრუნა ძველ მფლობელებს, ანდა სხვა უცხო ქვეყნელებს მისცა. მოკავშირე მეფეებს ერთმანეთთან აახლოებდა ორმხრივი ნათესაობით, სიხარულით აწყობდა და წაახალისებდა ხოლმე მათ საქორწილო და მეგობრულ ურთიერთობებს. ზრუნავდა მათზე, როგორც ერთიანი იმპერიის ნაწილებზე და წევრებზე, მეურვეებს უნიშნავდა მცირეწლოვანებს თუ ჭკუასუსტებს, სანამ ისინი არ გაიზრდებოდნენ ან არ გამომჯობინდებოდნენ, ბევრ მეფის შვილს ზრდიდა და ასწავლიდა თავისებთან ერთად. სამხედრო ძალებიდან ლეგიონები და დამხმარე ჯარი განალაგა პროვინციებში, ერთი ფლოტი დააყენა მიზენაში, მეორე - რავენასთან, ზედა და ქვედა ზღვების სადარაჯოდ. დანარჩენი რაზმები შეარჩია ნაწილობრივ დედაქალაქის, ნაწილობრივ - საკუთარი თავის დასაცავად, რადგან თავისი გამცილებელი კალაგურიტანის რაზმი დაშალა ანტონიუსთან გამარჯვების შემდეგ, ხოლო გერმანული - ვარუსის დამარცხების მერე. თუმცა არასოდეს ჰყავდა რომში სამზე მეტი კოჰორტა, ისიც გამაგრებული ბანაკის გარეშე. დანარჩენს, ჩვეულებრივ, ანაწილებდა მახლობელი ქალაქების ზამთრის და ზაფხულის სახლებში. ყველა მეომარს, სადაც არ უნდა ემსახურათ, ერთიან ჯამაგირს და ჯილდოებისას უნიშნავდა, განსაზღვრავდა თითოეულისათვის წოდებებს და სამსახურის ვადებს და დახმარებას გადადგომისას, რათა გადადგომის შემდეგ არც ასაკს, არც სიღარიბეს არ ებიძგათ მათთვის აჯანყებისაკენ. ჯამაგირის და ჯილდოების ფულადი სახსრები სულ რომ მზადყოფნაში ჰქონოდა, სამხედრო ხაზინა დააარსა და უზრუნველჰყო ახალი გადასახადებით. იმის სურვილით, რომ დროულად და იოლად მიეღო ცნობები და განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თითოეულ პროვინციაში, თავიდან გზებზე, მომცრო მონაკვეთებზე განალაგა ახალგაზრდები, მერე კი ურიკებიც დადგა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო, საჭიროების შემთხვევაში პირადად დაეკითხა ის შიკრიკები, რომლებიც მოხსენებებს პირდაპირ ადგილებიდან აწვდიდნენ. საგზაო ქაღალდებს და წერილებს პირველ ხანებში სფინქსის გამოსახულებით ბეჭდავდა, მერე ალექსანდრე დიდისა, და ბოლოს - თავის საკუთარით, დიოსკურიდების ამოტვიფრული ხელებით. შემდეგში მისი მემკვიდრეებიც ამითვე სარგებლობდნენ. წერილებში ყოველთვის ზუსტად აღნიშნავდა დაწერის დროს, მიუთითებდა დღის საათსაც და ღამისასაც.

       მისი გულკეთილობა და მოქალაქეობრივი გონიერება დამტკიცებულია მრავალი შესანიშნავი შემთხვევით. ჩამოთვლას არ შევუდგები, რამდენ და როგორ მოწინააღმდეგეებს უბოძა არა მხოლოდ შეწყალება და უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფოს პირველ პოსტებზეც დაუშვა. პლებეი იუნიუს ნოვატუსს მხოლოდ ფულადი ჯარიმა აკმარა, ხოლო მეორეს, კასიუს პატავინუსს, - მსუბუქი გაძევება, თუმცა პირველი მასზე ბოროტ წერილს ავრცელებდა ახალგაზრდა აგრიპას სახელით, მეორემ კი ქეიფისას, ყველას თანდასწრებით გამოაცხადა, რომ არც სურვილი აკლია და არც სიმამაცე, რომ მოკლას ავგუსტი. ერთხელ, გამოძიებისას, როცა ემილიუს ელიანუსს კორდუბიდან სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედებოდა ბრიყვული გამონათქვამები კეისარზე, ის მიუბრუნდა ბრალმდებელს და ყალბი სიბრაზით თქვა: „დამიმტკიცე ეს, თუ არა და, ვაჩვენებ ელიანუსს, რომ მეც მაქვს ენა: მეც ხომ შემიძლია იმაზე კიდევ უფრო მეტი ვილაპარაკო“, - და არც მაშინ, არც მერე ამ საქმისთვის მსვლელობა არ მიუცია. ხოლო როცა ტიბერიუსი წერილში უჩიოდა ამავეზე, მაგრამ დიდი სიფიცხით, ასე უპასუხა: „ნუ დაემორჩილები ახალგაზრდობის შემოტევებს, ძვირფასო ტიბერიუს, და მეტისმეტადაც ნუ აღშფოთდები, თუკი ვინმე ჩემზე ცუდს ამბობს. ისიც საკმარისია, რომ ჩვენ ვერავინ გაგვიკეთებს ცუდს“. ტაძრების აშენების უფლებას არც ერთ პროვინციაში არ აძლევდა, თუ არა ორმაგი მიძღვნით - მას და რომს. დედაქალაქში კი ამ პატივისგან ცივ უარს ამბობდა. უკვე მის პატივსაცემად დადგმული ვერცხლის სტატუეტებიც კი მონეტებად გადაადნო და ამ ფულით ორი ოქროს სამფეხა ზედადგარი მიუძღვნა პალატინის აპოლონს. დიქტატორის ძალაუფლებას ხალხი ჯიუტად სთავაზობდა, მაგრამ ის, მუხლებზე მდგარი, მხრიდან ჩამოშვებული ტოგით, მკერდმოღეღილი, ევედრებოდა მათ, ამისგან გაეთავისუფლებინათ. „ხელმწიფის“ სახელს ყოველთვის უფრთხოდა, როგორც წყენას და სირცხვილს. როცა მისი თანდასწრებით მიმოსმა აქტიორმა სცენიდან წარმოთქვა: „ო, კეთილო და სამართლიანო ხელმწიფევ!“ და ყველანი ფეხზე წამოხტნენ და ტაში დასცხეს, თითქოს ლაპარაკი მასზე იყო, მან მოძრაობით და გამოხედვით მაშინვე შეაჩერა ეს პირმოთნეობა, მეორე დღეს კი მაყურებელს საყვედური დამოუცხადა მკაცრი ედიქტით. ამის შემდეგ თავის შვილებსაც და შვილიშვილებსაც კი, არც ხუმრობით, არც სერიოზულად უფლებას არ აძლევდა, ბატონი დაეძახათ და ერთმანეთშიც კი აუკრძალა ამ საქებარი სიტყვით მიმართვა. შემთხვევით არ ცდილობდა, შესულიყო და გამოსულიყო თითოეული ქალაქიდან თუ დაბიდან მხოლოდ საღამოს ან ღამით, რათა არავინ შეეწუხებინა მისალმებებითა და დახვედრებით. როცა კონსული იყო ხოლმე, მაშინ ჩვეულებრივ, ფეხით გადაადგილდებოდა, როცა კონსული არ იყო - დახურული ტახტრევნით. დილის საერთო მისალმებაზე უშვებდა უბრალო ხალხსაც, მისგან შეწყალებებს უჩვეულო სითბოთი იღებდნენ; ერთ დამფრთხალ მთხოვნელს ხუმრობით უთხრა კიდეც, რომ ისე აწვდის თხოვნას, როგორც ფულის მონეტას სპილოს. სხდომის დღეებში სენატორებს ესალმებოდა მხოლოდ კურიაში, თავიანთ ადგილებზე, თითოეულს სახელით მიმართავდა, შეხსენების გარეშე. გამოთხოვებისა და წასვლის დროს მათ არ აიძულებდა, ფეხზე ამდგარიყვნენ. ბევრს სახლეულიანად იცნობდა და თავს არ ანებებდა საოჯახო ზეიმებზე სიარულს, სანამ ერთხელ, სიბერისას, ძალიან არ გადაიღალა ვიღაცის ნიშნობაში. სენატორ გალუს ცერინიუსთან არ იყო ახლოს, მაგრამ როცა ის დაბრმავდა და შიმშილით სიკვდილი გადაწყვიტა, სახლში ესტუმრა და თავისი ლაპარაკით დაარწმუნა, თავი არ მოეკლა. ერთხელ, სენატში მისი გამოსვლისას ვიღაცამ თქვა: „არ მესმის!“, სხვამ მიუგო: „შენი წინააღმდეგი წავიდოდი, რომ შეიძლებოდეს!“ სენატორების დაუნდობელი კამათებით აღშფოთებულს არაერთხელ დაუტოვებია კურია. დაადევნებდნენ: „არ შეიძლება სენატორებს აუკრძალო სახელმწიფოებრივ საქმეებზე მსჯელობა!“ სიების გადახედვისას, როცა სენატორები ირჩევდნენ ერთმანეთს, ანიტისიუს ლაბეომ ხმა მისცა გადასახლებაში მყოფ მარკუს ლეპიდუსს, ავგუსტის ძველ მტერს, და ავგუსტის შეკითხვაზე, - ნუთუ სხვა ვერავინ ნახე უფრო ღირხეულიო, მიუგო: „ყველას თავისი აზრი აქვს“. და მაინც თავისუფალი და ახირებული აზრების გამო მისგან არავინ დაზარალებულა. ეს არ არის საეჭვო, საკუთარი ხელით წერს: „სადილის შემდეგ, ძვირფასო ტიბერიუს, სტუმრები იგივე გვყავდა, მხოლოდ ვინიციუსი და სილიუს უფროსი შემოგვემატნენ. ჭამის შემდეგ გუშინაც და დღესაც ბებრულად ვითამაშეთ: კამათლებს ვყრიდით და ვისაც ამოუვიდოდა „ძაღლი“ ან ექვსიანი, ის ერთ გაგორებაზე ჩამოდიოდა ერთ დენარის, ხოლო ვისაც „ვენერა“ გაუგორდებოდა, ის ფულს დახვეტავდა ხოლმე“. და სხვა წერილში კვლავ: „ძვირფასო ტიბერიუს, კვინკვატრია ჩავატარეთ დიდი სიამოვნებით, ყოველდღე ვთამაშობდით, ასე რომ, დაფას ბოლი გასდიოდა. შენი ძმა თამაშში ძალიან ფიცხობდა, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ცოტა წააგო, - დიდ წაგებაში იყო, მაგრამ მოლოდნის საპირისპიროდ, ნელ-ნელა გამოძვრა. ჩემდათავად ოცი ათასი სესტერცი წავაგე, მაგრამ ეს იმიტომ, რომ არ მიძუნწია, ჩვეულებრივად ვითამაშე, ხელგაშლილად. ყველაფერი რომ მომეთხოვა, რაც თითოეულს დავუთმე, ისიც არ მიმეცა, რაც თითოეულს ვასესხე, მაშინ მოგებაში ვიქნებოდი მთელი ორმოცდაათი ათასით. მაგრამ არ მინდა, მირჩევნია ჩემმა გულუხვობამ ზეცამდე მასახელოს“. ქალიშვილს ასე სწერს: „გიგზავნი ორას ორმოცდაათ დენარის, როგორც ყველა დანარჩენ სტუმარს, - ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი ვინმეს სადილის შემდეგ კამათელის ან კენტი-წყვილის თამაში მოუნდება“. ყველა დანარჩენში, როგორც ცნობილია, ამჟღავნებდა დიდ თავშეკავებას და მიზეზს არ იძლეოდა არავითარი ეჭვისთვის. თავიდან რომის ფორუმის ახლოს ცხოვრობდა, მეზარეების კიბის თავზე; იმ სახლში, რომელიც ოდესღაც ორატორ კალვუსს ეკუთვნოდა; მერე - პალატინზე, ჰორტენზიას სახლში. მაგრამ ეს საცხოვრებელიც პატარა იყო; არც ზომით, არც მორთულობით არ იყო შესანიშნავი, პორტიკებიც კი მოკლე იყო, ალბანური ქვის კოლონებით, ხოლო ოთახებში არ იყო არც დეკორატიული მარმარილო, არც ცალობითი იატაკები. ორმოცი წელიწადი ერთსა და იმავე ოთახში ეძინა, ზამთრობით და ზაფხულობით. და ზამთარს ყოველთვის რომში ატარებდა, თუმცა შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ ზამთრობით ქალაქი მავნე იყო იმისი ჯანმრთელობისათვის. თუ უნდოდა, მარტო დარჩენილიყო და ხელი არ შეეშალათ, ჰქონდა განსაკუთრებული ზედა ოთახი, რომელსაც თავის სირაკუზას და „საოსტატოს“ ეძახდა. მაშინ გადაინაცვლებდა ხოლმე ან აქ ანდა ვინმე გააზატებულთან ქალაქგარეთა ვილაში, ხოლო როცა ცუდად იყო, მეცენატის სახლში დაწვებოდა ხოლმე. დასასვენებლად ყველაზე ხშირად მიდიოდა ან კამპანიაში, ზღვაზე და კუნძულებზე, ანდა რომის შორიახლო ქალაქებში - ლანუვიუსში, პრენესტეში და ტიბურში, სადაც ხშირად მართავდა სასამართლოს, ჰერკულესის ტაძრის პორტიკის ქვეშ მჯდომარე. ვეება და მდიდრულ სახლებს ვერ იტანდა. თავისი შვილიშვილის, იულიას სასახლე, რომელიც არცთუ ცოტა ფული ღირდა, საძირკვლამდე დაანგრევინა. საკუთარ, პატარა აგარაკებს ქანდაკებებით და სურათების კი არა, ტერასებით და ჭალებით ამშვენებდა და ჰკრებდა იქ ძველ და იშვიათ ნივთებს: მაგალითად, კაპრიზე - გმირთა ჯავშან-საჭურველს და ზღვის ურჩხულების და დიდი ცხოველების უშველებელ ძვლებს, რომელთაც გიგანტების ნარჩენებად თვლიან. მისი მდგომარეობის და ავეჯეულ-ჭურჭლეულის უბრალოებაში შეიძლება ახლაც დავრწმუნდეთ, შემორჩენილი მაგიდებითა და კოვზებით, რომლებიც ძნელად თუ დააკმაყოფილებენ უბრალო ობივატელს. ამბობენ, რომ ეძინა დაბალ და უხეშად გაწყობილ საწოლზე. ტანსაცმელი მარტო საშინაო ეცვა, რასაც და, ცოლი, ქალიშვილი ან შვილიშვილები შეუკერავდნენ. ტოგას არც სრულს და არც შემოჭერილს ატარებდა, ზედ არშიას არც ფართოს, არც ვიწროს, ხოლო ფეხსაცმელებში სქელ საფენებს იწყობდა, მაღალი რომ გამოჩენილიყო. სხვათაშორის, გამოწკეპილ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ყოველთვის საძინებელში ინახავდა, ვინიცობაა მოულოდნელად დასჭირვებოდა. სადილებს გამუდმებით მართავდა, აუცილებლად ყველა კერძით, ხოლო მოსაწვევებს აგზავნიდა წოდებების და პირების დიდი ამორჩევით. ვალერიუს მესალა აცხადებს, რომ არც ერთი გააზატებული არ დაიშვებოდა იმის სუფრაზე, გამონაკილისი მხოლოდ მენასზე კეთდებოდა, ისიც მას შემდეგ, რაც სექსტუს პომპეუსის ფლოტის გადმოცემისას მენასმა მოქალაქეობა მიიღო. თავად ავგუსტი წერს, რომ ერთხელ დაპატიჟა სადილად თავისი ყოფილი მცველი, რომლის ვილაშიც გაჩერდა. სუფრასთან ხანდახან ყველაზე გვიან მოდიოდა, წასვლით კი ყველაზე ადრე მიდიოდა; ასე რომ, სტუმრები იმის გამოჩენამდე იწყებდნენ ჭამას და მაგიდასთან რჩებოდნენ მისი წასვლის შემდეგაც. სადილზე იყო სამი შესვენება, ყველაზე დიდი - ექვსი; ყველაფერი მოჰქონდათ განსაკუთრებული დახვეწილობის გარეშე, მაგრამ დიდი გულთბილობით. იმას, ვინც დუმდა ან ნაკლებად ლაპარაკობდა, საერთო საუბარში ჩართავდა ხოლმე, ხოლო გასართობად იწვევდა მუსიკოსებს, აქტიორებს და მოხეტიალე მოცეკვავეებსაც კი ცირკიდან, მაგრამ ყველაზე ხშირად - მეზღაპრეები. ფესტივალებს და დღესასწაულებს გულუხვად ზეიმობდა, ხანდახან - მხოლოდ გასართობად, ხუმრობით. მაგალითად, სატურნალიებზე ან სხვა დროს, თუ მოუნდებოდა, ხანდახან საჩუქრად არიგებდა ტანსაცმელს, ოქროს, ვერცხლსაც, ზოგჯერ - სხვადასხვანაირი ჩამოსხმის მონეტებს, მეფეებისა და უცხო ქვეყნებისასაც, ხოლო ზოგჯერ მხოლოდ ქეჩებს, ზღვის ღრუბლებს, საჩხრეკებს, მარწუხებს და ამის მსგავს ნივთებს, გამოუცნობი და ორაზროვანი წარწერებით. უყვარდა ქეიფისას სტუმრებისთვის არჩევნით მიეყიდა ძალიან შეუსატყვისი ფასის ნივთები ანდა ვაჭრობა გაემართა პირით კედლისკენ შებრუნებულ სურათზე; რომ შეძენილ ნივთს ხან მოეტყუებინა მყიდველი, ხანაც გადამეტებოდა მოსალოდნელს. ითხოვდა, რომ ყველა სტუმარს მიეღო მონაწილეობა, შეეთავაზებინათ თავისი ფასი და მერე გაეყოთ ზარალი ან მოგება. რაც შეეხება საკვებს არც ამ დეტალს გამოვტოვებ, ძალიან ცოტას ჭამდა, უბრალო კერძებს. უყვარდა უხეში პური, წვრილი თევზი, ხელით ამოყვანილი ჭყინტი ყველი, მეორედ დაკრეფილი მწვანე ლეღვი; ჭამა იცოდა სადილის წინა საათებშიც, როცა და სადაც უნდოდა, თუკი შიმშილს გრძნობდა. აი, მისი სიტყვები წერილიდან: „პური და ფინიკი ვჭამე ჩემ ეტლში“. და კიდევ: „რეგიადან რომ ვბრუნდებოდი, ტახტრევანში პურის ნატეხი და სქელკანიანი ყურძნის მარცვლები შევჭამე“. და ისევ: „ვერცერთი იუდეველი ვერ გაუსწორდებოდა თავის შაბათის პოსტს ისეთი გულმოდგინებით, ძვირფასო ტიბერიუს, როგორც ეს მე ვქენი ახლა: ჯერ მარტო აბანოში, მზის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ, ერთი-ორი ნაჭერი გადავუშვი, სანამ გავიხეხებოდი“. ამგვარი უზრუნველობის გამო არაერთხელ სადილობდა მარტო, სტუმრების მოსვლამდე ან წასვლამდე, ხოლო საერთო სუფრაზე არაფერს ახლებდა ხელს. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ღვინოს ცოტას დალევდა ხოლმე. მუტინთან ბანაკში, სადილზე სამი თასის მეტს არა სვამდა, როგორც აცხადებს კორნელიუს ნეპოსი, ხოლო შემდეგში, როცა საკუთარ თავს სრულ თავისუფლებას აძლევდა, - სექსტარიაზე მეტს არა. თუ მეტს დალევდა, პირღებინების საშუალებას ღებულობდა. ყველაზე მეტად უყვარდა რეტიის ღვინო. სხვათაშორის, მშიერზე იშვიათად სვამდა, ან პურს მიატანდა, წყალში დასველებულს, ან კიტრის ნაჭერს, ან ლატუკის ღეროს, ანდა ახალ თუ გამომშრალ ვაშლს, ღვინის გემოთი. საუზმის შემდეგ როგორც იყო, ჩაცმული და ფეხსაცმლიანი, ცოტა ხნით დასასვენებლად წამოწვებოდა, ფეხებს შეიფუთავდა და თვალებზე ხელს დაიფარებდა. ხოლო სადილის შემდეგ საძინებელში მიდიოდა ღამით სამუშაოდ და იქ რჩებოდა გვიან ღამემდე, სანამ არ დაამთავრებდა ყველა ან თითქმის ყველა დღის საქმეს. მერე საწოლში წვებოდა, მაგრამ ეძინა, ყველაზე მეტი, შვიდი საათი, ესეც არასრული, რადგან ამ დროის განმავლობაში სამჯერ-ოთხჯერ ეღვიძებოდა. თუკი, როგორც ხდება ხოლმე, მაშინვე ვერ იძინებდა, ვინმეს აგზავნიდა წამკითხველების და მეპღაპრეების მოსაყვანად და როცა ხელახლა იძინებდა, დილამდე აღარ გაეღვიძებოდა ხოლმე. ისე არ დარჩებოდა სიბნელეში დაჭყეტილი თვალებით, თუ არავინ იქნებოდა იქვე. ადრე ადგომა არ უყვარდა და თუკი საჭირო იყო ჩვეულებრივზე ადრე ადგომა რამე საქმისთვის ან წესისთვის, სიმარჯვისათვის მახლობელ სახლში, რომელიმე ახლობელთან ათევდა ღამეს. ასეც ხშირად ვერ გამოიძინებდა და მაშინ ხშირად ჩათვლემდა ხოლმე ტახტრევანში, სანამ მონებს მიჰქონდათ ქუჩებში და დროდადრო დასასვენებლად ჩერდებოდნენ. გარეგნობით ლამაზი იყო და ყველა ასაკში შეინარჩუნა მიმზიდველობა, თუმცა არ ცდილობდა გაკოხტავებას. თმაზე იმდენად ნაკლებს ზრუნავდა, რომ დასავარცხნად რამდენიმე დალაქს უშვებდა ერთბაშად სიჩქარისათვის, ხოლო როცა იკრეჭდა ან იპარსავდა წვერს, იმავდროულად რამეს კითხულობდა ან წერდა კიდევაც. ლაპარაკობდა თუ დუმდა, სახე მშვიდი და ნათელი ჰქონდა. გალების ერთი ბელადი თავისიანებს გამოუტყდა, რომ სწორედ ამან შეაყოყმანა და შეაჩერა, როცა ალპებზე გადასვლისას, დალაპარაკების მომიზეზებით მიახლოებოდა, ხელი ეკრა და ავგუსტი უფსკრულში გადაეგდო. თვალები ნათელი და ბრწყინვალე ჰქონდა; უყვარდა, როცა იმის თვალებში ეჩვენებოდათ რაღაც ღვთიური ძალა და კმაყოფილი იყო, როცა მისი დაჟინებული მზერის შემდეგ, თანამოსაუბრე თვალებს დახრიდა. თითქოს მზის ნათელისაგან. სხვათაშორის, სიბერეში ცუდად ხედავდა მარცხენა თვალით. კბილები ჰქონდა იშვიათი, თხელი, არათანაბარი; თმა - წითური და ცოტა დახვეული, წარბები - ჩამოზრდილი, ყურები - დიდი არა, ცხვირი - კეხიანი და წაწვეტებული, კანის ფერი - შავგვრემანსა და თეთრს შორის. სიმაღლით მაღალი არ იყო. მოკლედ, გააზატებული იულიუს მარატუსი, რომელიც მის ჩანაწერებს აწარმოებდა, აცხადებს, რომ ავგუსტუსი იყო ხუთი ფუტი და სამი მეოთხედი, - მაგრამ ეს იფარებოდა თანაბარი და ჩადგმული აგებულებით და შესამჩნევი იყო მხოლოდ უფრო მაღალი კაცის გვერდით. როგორც ამბობენ, მისი სხეული, მკერდზე და მუცელზე დაფარული იყო თანდაყოლილი ლაქებით, რომლებიც შეხედულებით, რაოდენობითა და განლაგებით მოგვაგონებდა დიდი დათვის თანავარსკვლავედს. კანი ბევრ ადგილას გაუმაგრდა და მუდმივი დავარცხნისა და სამაგრების გაძლიერებული გამოყენების გამო შექმნა გასქელება, მსგავსი ქერქისა. მარცხენა ფეხის თეძო და წვივი სუსტი ჰქონდა, ხშირად კოჭლობდა კიდეც. ხანდახან არ ემორჩილებოდა მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითი, სიცივეზე ისე გაუშეშდებოდა ხოლმე, რომ ძლივსღა წერდა რქის წვერით. უჩიოდა ტკივილებს ბუშტში, რომელიც მაშინ უყუჩდებოდა, როცა კენჭები გამოდიოდა შარდით. მძიმე და სახიფათო ავადმყოფობა რამდენჯერმე მოუხდა სიცოცხლეში, ყველაზე ძალიან - კანტაბრიის დაპყრობის შემდეგ. მაშინ იმისი ღვიძლი ისე იტანჯებოდა ნაღველის დენით, რომ სიმწრისგან იძულებული იყო უჩვეულო და საეჭვო მკურნალობისთვის მიემართა, - ცხელი წვენების ნაცვლად, რომლებიც ვერ შველოდა, ანტონიუს მუსას რჩევით, ცივ ნაყენებს სვამდა. უქეიფობებიც სჭირდა, ყოველ წელს რომ უმეორდებოდა განსაზღვრულ დროს, - თავისი დაბადების დღის მახლობლად დასუსტდებოდა ხოლმე, ადრეულ გაზაფხულზე წინაგულის გაფართოება ტანჯავდა, ხოლო სამხრეთის ქარზე - გაციება. ამისთანა დარღვეული ჯანმრთელობით სიცივესაც და სიცხესაც დიდი წვალებით იტანდა. ზამთარში მხოლოდ ოთხ ტუნიკას და სქელ ტოგას კი არა, ხალათსაც იცვამდა, ბეწვის სამკერდესაც იკეთებდა და თეძოებზე და კანჭებზე ნაჭრებსაც იხვევდა. ზაფხულში ღია კარში ეძინა, ხანდახან პალისტილშიც, შადრევნის წინ, მონის განიავებით. მზეს ზამთარშიც ვერ იტანდა და შინაც არ გამოდიოდა ჰაერზე თავდაუხურავი. მოგზაურობდა ტახტრევნებით, ღამ-ღამობით, ცოტ-ცოტას და ნელა, პრენესტემდე და ტრიბურამდე ორ დღეში ჩააღწევდა ხოლმე. ხოლო თუ დანიშნულების ადგილამდე ზღვით შეიძლებოდა ჩასვლა, ხომალდით არჩევდა ცურვას. თავის სუსტ ჯანმრთელობას კარგი მოვლით ეხმარებოდა. პირველ რიგში, იშვიათად ბანაობდა. ამის მაგიერ, ზეთით იზელდა ტანს ანდა ოფლიანდებოდა ღია ცეცხლთან, მერე კი ოთახის ან მზეზე გამთბარ წყალს გადაივლებდა ხოლმე. ხოლო როცა უხდებოდა კუნთებში ტეხვისას მიეღო ზღვის ან გოგირდის ცხელი აბაზანები, ხის სავარძელზე მჯდომარე, რომელსაც ესპანურად „დურეტას“ ეძახდა, მხოლოდ ჩაყოფდა ხოლმე წყალში ხან ხელებს, ხან ფეხებს. მარსის მინდორზე ცხენის ჭენება და იარაღით ვარჯიშობანი სამოქალაქო ომის დამთავრებსითანავე აკრძალა. ამის მერე ცოტა ხანს კიდევ ვარჯიშობდა ბურთით, გამოვსებულით ან გაბერილით, მერე კი შემოიფარგლა ცხენით და ფეხით გასეირნებით. ყოველი წრის დასასრულს ნაბიჯიდან ხტუნვით სირბილზე გადადიოდა, საბანში თუ ზეწარში გამოხვეული. გონებრივად დასასვენებლად ანკესით თევზაობდა, ხანდახან კამათელს გააგორებდა, კენჭაობდა ან კაკლაობდა მონა-ბიჭებთან. მოწონდა იმათი სანდომიანი სახეები და ყბედობა, და ყოველი ალაგიდან ყიდულობდა, განსაკუთრებით სირიიდან და მავრიტანიიდან. ხოლო ჯუჯების, მახინჯების და იმათ მსგავხების მიმართ ზიზღს განიცდიდა, იმათში ბუნების დაცინვას და ავ წინასწარმეტყველებას ხედავდა.

       მჭევრმეტყველებასა და კეთილშობილ ხელოვნებებს ახალგაზრდობიდან სიამოვნებით და დიდი გულმოდგინებით სწავლობდა. ამბობენ, რომ მუტინის ომში, სხვა საზრუნავის გარდა, ყოველდღე პოულობდა დროს საკითხავადაც, საწერადაც და დეკლამაციისთვისაც. მართლაც, შემდეგში არასოდეს გამოსულა არც სენატის, არც ხალხის, არც ჯარის წინაშე, თუ წინასწარ მოფიქრებული და დაწერილი არ ექნებოდა თავისი სიტყვა, თუმცა არც იმის ნიჭი აკლდა, რომ მოუმზადებლად ელაპარაკა. და მეხსირებას რომ არ დაყრდნობოდა და დრო არ დაეკარგა დასწავლაზე, პირველმა დაიწყო სიტყვების წარმოთქმა წაკითხვით. პირადი საუბრებიც კი, თავის ლივიასთან ლაპარაკიც კი მნიშვნელოვან მოვლენებზე წინასწარ ჰქონდა მოხაზული და თავისი ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა, შეცდომით ძალიან ცოტა ან მეტისმეტად ბევრი რომ არ ეთქვა. გამოთქმა რბილი და თავისებური ჰქონდა, მასწავლებელთან გამუდმებით ვარჯიშობდა წარმოთქმაში. მაგრამ ხანდახან ყელი სტკიოდა და ხალხს გამხმოვანებლის პირით მიმართავდა. სხვადასხვა გვარის ბევრი პროზაული თხზულება დაწერა; ზოგიერთი მათგანი მეგობრების ან მაყურებლის წინაშე წაიკითხა. ასეთია „შეპასუხება ბრუტუსთან კატონის თაობაზე“ - ამას ერთხელ კიდევ კითხულობდა სიბერისას, მაგრამ, ბოლომდე ვერმისული დაიღალა და ტიბერიუსს გადასცა დასამთავრებლად. ასეთივეა „წახალისება ფილოსოფიისკენ“ და თხზულება „ჩემს ცხოვრებაზე“ ოცდაათ წიგნად, რომელიც მიყვანილია მხოლოდ კანტაბრიის ომამდე. პოეზიას გაკვრით ეხებოდა. შემონახულია ერთი წიგნი, დაწერილი ჰეგზამეტრებით და სათაურად ჰქვია „სიცილია“, შესაბამისი შინაარსით. შემონახულია სხვა წიგნიც, პატარა - „ეპიგრამები“, რომელთა დიდი ნაწილი შეთხზული აქვს აბანოში ბანაობისას. დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდა ხელი ტრაგედიას, მაგრამ ტრაგიკული სიტყვა ვერ დაიმორჩილა და გაანადგურა დაწერილი, ხოლო მეგობრების შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს მისი აიაქსი, უპასუხა, რომ აიაქსი იმის ზღვის ღრუბელზე წაიქცა. სიტყვაში ისწრაფოდა ბრწყინვალებისა და წონასწორობისაკენ, გაურბოდა როგორც ფუყე და მყვირალა ფრაზებს, ასევე, მისივე გამოთქმით, „სიტყვებს, სიძველის სურნელით“. უფრო მეტად ცდილობდა, რაც შეიძლება ნათლად გამოეთქვა თავისი აზრი. ამისთვის უკეთ რომ მიეღწია, არაფერს ერიდებოდა და თან არც მკითხველსა თუ მსმენელს აბნევდა, უყომანოდ სვამდა შორისდებულებს ქალაქების დასახელებებთან და მაკავშირებლებს იმეორებდა, რომელთა გარეშე, სიტყვა უფრო მსუბუქად იჟღერებდა, მაგრამ ძნელად გასაგები იქნებოდა. სიძველის მოყვარულებს და მანერულობის მოტრფიალეებს ერთნაირად იწუნებდა, ურთიერთსაპირისპირო უკიდურესობების გამო და ბევრჯერ დასცინოდა. განსაკუთრებით ამასხარავებდა თავის მეგობარ მეცენატს, როგორც თავად ამბობდა „პომადაწასმული ხვეულების გამო“ და პაროდიებსაც უწერდა. არ ინდობდა არც ტიბერიუსს, რომელიც ზოგჯერ უცნაურ და დრომოჭმულ სიტყვებს თუ გამონათქვამებს გამოედევნებოდა ხოლმე. მაკუს ანტონიუსს პირდაპირ ეძახის შეშლილს და ამტკიცებს, რომ იმისი ნაწერებით გაკვირვება შეიძლება, მაგრამ გაგება შეუძლებელია. და მერე, აგრძელებს იმის დაცინვას უგემოვნობისა და ორატორული სტილის არჩევაში არათანმიმდევრულობის გამო, და შემდეგს დასძენს:  „ჰოდა, არც იცი, ვისიდან აიღო მაგალითი: ანიუს ციმბერიდან თუ ვერანიუს ფლსაკუსიდან, რათა ისეთი სიტყვებით წერო, როგორებიც სალუსტიუს კრისპუსმა მოათრია კატონის „საწყისებიდან“? ანდა აზიელი რიტორებიდან, რათა ჩვენს ლაპარაკში გადმოიტანო მათი სიტყვიერი ნაკადები, ყოველგვარი აზრის გარეშე?“ ხოლო წერილში, სადაც თავისი შვილიშვილის, აგრიპინას ნიჭს აქებს, წერს: „მაგრამ ეცადე, სიყალბეს გაექცე, როცა წერ და ლაპარაკობ“. ყოველდღიურ ლაპარაკში ზოგიერთ გამოთქმას განსაკუთრებით ხშირად და თავისებურად იყენებდა, ამაზე მეტყველებს მისი ხელით ნაწერი წერილები. იქ იმის სათმელად, რომ ვიღაცა არასოდეს გადაიხდის ვალს, ყოველთვის ამბობს: „ბერძნულ კალენდებში გადაიხდის“; იმის ჩასაგონებლად, რომ ნებისმიერი სირთულე მედგრად უნდა გადავიტანოთ, წერს: „საკმარისია ჩვენგან და მარტო კატონისგან“; ხოლო სისწრაფე და მოჩქარეობა რომ გამოხატოს - „უფრო მალე, ვიდრე სატაცური შეიწვება“. „სულელის“ მაგივრად ყოველთვის წერს „ბრიყვს“, „შავის“ მაგიერ - „მუქს“, „შეშლილის“ ნაცვლად - „დაცენტრილს“, „შეუძლოდ ვარ“ - ამის მაგიერ „ვშფოთავ“, ნაცვლად „სისუსტეს ვგრძნობ“ - „ჭარხალს ვგავარ“ და არა „დავიშალე“, როგორც უბრალო ლაპარაკში ამბობენ. მერე, წერს „ისინი არიან“, „ისინი არსია“-ს ნაცვლად და „შინ“ „სახლშის“ მაგივრად. ბოლო ორ გამოთქმას მხოლოდ ამ ფორმით იყენებს, ამიტომ ესენი უნდა ჩაითვალის ჩვევად და არა შეცდომად. მის ხელნაწერშიც გარკვეული თავისებურებები შევნიშნე: სიტყვებს არ ჰყოფდა და გადატანებს არ აკეთებდა, სტრიქონში ვეღარდატეულ ასოებს იქვე მიუწერდა ხოლმე, ქვემოთ ხაზის გასმით. ორთოგრაფიის, ანუ გრამატიკოსების დადგენილი წესების დაცვას არა ცდილობდა და, როგორც ჩანს, ემხრობოდა იმათ აზრს, ვინც ფიქრობს, რომ ისე უნდა წერო, როგორც ლაპარაკობენ. ხშირად გადაანაცვლებს ანდა გამოტოვებს ხოლმე არა მარტო ასოებს, არამედ მარცვლებსაც, მაგრამ ამისთანა შეცდომები ყველას აქვს. ამას არც აღვნიშნავდი, საკვირველად რომ არ მომჩვენებოდა ზოგიერთი ისტორიკოსის განცხადება, რომ თითქოს ავგუსტმა გადააყენა ჩამორჩენილობის და უცოდინარობის გამო ერთი ლეგატი, ყოფილი კონსული, როცა შენიშნა, რომ იმან დაწერა იხი ნაცვლად იპსი-სა. როცა ის საიდუმლო დამწერლობით სარგებლობს, მაშინ წერს B ნაცვლად A-სი, C ნაცვლად B-სი და ასე შემდეგ; ამავე ხერხით, X-ის მაგივრად დასვამს ხოლმე ორმაგ A-ს. ბერძნულ სიტყვიერებაშიც მეცადინეობდა არანაკლები სიბეჯითით და დიდ წარმატებებს მიაღწია. მისი მჭევრმეტყველების მასწავლებელი აპოლოდორ პერგამოელი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხანშიშესული იყო. შემდეგში ბევრი და სხვადასხვანაირი ცოდნა მისცა სიახლოვემ ფილოსოფოს არეუსთან და მის შვილებთან, დიონისიუსთან და ნიკანორთან. და მაინც, ბერძნულად ჩქარა ვერ ლაპარაკობდა და ვერ გადაეწყვიტა, რაიმე შეეთხზა. აუცილებლობის შემთხვევაში, რაც სჭირდებოდა, ლათინურად წერდა და ვინმეს გადასათარგმნელად აძლევდა. თუმცა პოეზია კარგად იცოდა, ხოლო ძველი კომედიით აღფრთოვანებულიც კი იყო და არაერთხელ დაუვალებია მისი წარმოგენა სანახაობებზე. ბერძენ და ლათინ მწერლებს რომ კითხულობდა, მათ ნაწერებში ყველაზე მეტად ეძებდა რჩევებს და მაგალითებს, რომლებიც საზოგადო და პირად ცხოვრებაში იქნებოდა გამოსადეგი. ხშირად ამნაირ ადგილებს სიტყვა-სიტყვით გადაიწერდა ხოლმე და უგზავნიდა ან ახლობლებს, ანდა ნაცვლებს და მხედართმთავრებს, ანდა თანამდებობის პირებს რომში, თუკი მათ სჭირდებოდათ ამგვარი დარიგებები. ისეც მომხდარა, რომ სენატის წინაშე და ედიქტებში ხალხისთვის გასახმოვანებლად მთელი წიგნი წაუკითხავს. მაგალითად, კვინტუს მეტელიუსის სიტყვა „ოჯახის გამრავლების გამო“ და რუტილიუსის სიტყვა „სახლის მშენებლობის წესზე“. ამით უნდოდა ეჩვენებიბა, რომ პირველს არ მიუმართავს ამგვარი საზრუნავისთვის, არამედ წინაპრებსაც აინტერესებდათ. თავის დროის ყველა ტალანტს მფარველობდა. ღია კითხვებზე ყურადღებითა და კეთილგანწყობით ისმენდა არა მარტო ლექსებს და ისტორიულ თხზულებებს, არამედ სიტყვებსა და დიალოგებსაც. თუმცა საკუთარ თავზე მარტო საუკეთესო მწერლებს აძლევდა დაწერის უფლებას და მხოლოდ ამაღლებულ სტილში, და უბრძანებდა პრეტორებს, თვალი ედევნებინათ, რათა ლიტერატურულ შეჯიბრებებს მისი სახელი არ შეებღალა. რწმენისა და ცრურწმენის შესახებ აი, რა არის მასზე ცნობილი. ელვისა და მეხის წინაშე წარმოუდგენლად დიდ შიშს განიცდიდა. ამისგან დასაცავად ყველგან და ყოველთვის სელაპის ტყავს დაატარებდა, ხოლო ძლიერი ჭექა- ქუხილის პირველსავე ნიშანზე მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდა, - ასეთი ზაფრა დამართა ერთხელ, ღამით მის ახლოს ჩამოვარდნილმა მეხმა, რაზეც უკვე ვილაპარაკე საკუთარ თავთან დაკავშირებულ სიზმრებს, როგორც თავისას, ისე სხვებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ფილიპისთან ბრძოლისას ავადმყოფობის გამო არ აპირებდა კარვიდან გამოსვლას, მაგრამ გამოვიდა, თავისი მეგობრის სიზმარს დაუჯერა. და ამან გადაარჩინა, რადგან მტერმა ბანაკი აიღო და რაკი ფიქრობდნენ, რომ ის ჯერ კიდევ ტახტრევანში წევს, ხმლებით დაჩხვლიტეს და სულ ნაჭრებად დაანაკუწეს. თავად ყოველ გაზაფხულს ხედავდა სიზმრებს, ხშირად და სულ საშინელებს, მაგრამ აუსრულებლებს. წელიწადის დანარჩენ დროს სიზმრები იშვიათად იცოდა, მაგრამ ხშირად უცხადდებოდა.მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმზე მეხისმტყორცნელ იუპიტერს ტაძარი მიუძღვნა, ესიზმრა, რომ სხვა იუპიტერი, კაპიტოლიუმისა ჩიოდა, რომ თაყვანისმცემლებს ართმევდნენ. ეს კი პასუხობდა, რომ გვერდით მდგომი მეხისმტორცნელი მეკარედ ეყოლება. და ამის შემდეგ მეხისმტყორცნელის სახურავი ისეთი ზარებით დაამშვენა, რომლებიც კარებზე ეკიდა ხოლმე. სხვა სიზმრის წყალობით ყოველ წელიწადს, ერთსა და იმავე დღეს, ხალხს წყალობას სთხოვდა და ცარიელ ხელისგულს უწვდიდა სპილენძის მონეტებისთვის. ზოგიერთ ნიშნებს და წინასწარმეტყველებებს შეუმცდარად თვლიდა. თუკი დილით ფეხსაცმელს სათანადო ფეხზე არ იცმევდა, მარცხენაზე მარჯვენას მაგივრად, ეს ცუდი ნიშანი იყო მისთვის. თუკი მისი შორეული მოგზაურობის დღეს, ხმელეთითა თუ ზღვით, ცვარს ჩამოყრიდა, ეს სწრაფი და მშვიდობიანი დაბრუნების ნიშანი იყო. მაგრამ ყველაზე ძალიან სასწაულები აღელვებდა. როცა მისი სახლის წინ, ქვის ფილებს შორის პალმა ამოიზარდა, პენატი ღმერთების წყალსატევთან გადარგო და ძალიან ზრუნდავდა, რომ იმას ფესვი გაედგა. როცა კუნძულ კაპრიზე მისი ჩასვლისას ბებერმა მუხამ დიდი ხნის წინ დაბლა დაშვებული ტოტები ისევ ზეასწია, ისე აღფრთოვანდა, რომ ნეაპოლელებს ეს კუნძული ენარიის კუნძულში გადაუცვალა. სიფრთხილეს იცავდა წინასწარ განსაზღვრულ დღეებში, - ნუნდინის შემდეგ არ მიდიოდა მოგზაურობაში, ხოლო ნონიში არც ერთ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებდა. მართალია, ტიბერიუსს სწერდა, რომ აქ აჩერებს სიტყვა „ნონის“ ჟღერადობა. უცხოური წეს-ჩვეულებებიდან დიდი პატივისცემით ეკიდებოდა ძველსა და დიდი ხნის წინ დადგენილს, დანარჩენი სძაგდა. მაგალითად, ათენში მან მიიღო მიძღვნა; და მერე, როცა ერთხელ რომში მისი თანდასწრებით ირჩეოდა პროცესი ატიკური ცერერას ქურუმების პრივილეგიებზე და სიტყვამ მოიტანა ზოგიერთი საიდუმლოც, უბრძანა მოსამართლეებს და მაყურებელთა ბრბოს, დაშლილიყვნენ და მარტომ მოუსმინა მომჩივნებს და მოპასუხეებსაც. და იმავდროულად, ეგვიტეში მოგზაურობისას, უარი თქვა გზიდან გადახვევაზე, რათა აპისისთვის შეეხედა, ხოლო თავის შვილიშვილ გაიუსს ძალიან აქებდა იმისთვის, რომ იუდეაში გავლისას არ ისურვა მოელოცა იერუსალიმიც. რაკი ესეც ვთქვით, ზედმეტი არ იქნება, ვილაპარაკოთ იმ მოვლენებზე, მის დაბადებამდე რომ მოხდა, თავად დაბადების დღეზე და მერეც, - რომელთა მიხედვით შეიძლებოდა დავლოდებოდით მის მომავალ დიდებას და მივხვედრილიყავით მის უცვლელ ბედნიერებას ერთხელ ველიტაში მეხი დაეცა ქალაქის კედელს და ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ამ ქალაქის მოქალაქე ოდესმე სამყაროს მბრძანებელი გახდება. ამის იმედით ველიტრას მცხოვრებნი მაშინაც და მერეც არაერთხელ ეომებოდნენ რომაელ ხალხს, კინაღამ თავიც დაიღუპეს; მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს ნიშანი იუწყებოდა ავგუსტის სიდიადეს. იულიუს მარატუსი აცხადებს, რომ მისი დაბადებიდან რამდენიმე თვით ადრე რომში, ყველას თვლაწინ სასწაული მოხდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ბუნება რომის ხალხს უჩენს მეფეს. დამფრთხალმა სენატმა აკრძალა, ეჭმიათ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ წელს დაიბადებოდნენ. მაგრამ იმათ, ვისი ცოლებიც ფეხმძიმედ იყვნენ, იზრუნეს, რომ სენატის დადგენილება ხაზინაში არ მოხვედრილიყო, - თითოეულს იმედი ჰქონდა, ნიშანი მხოლოდ მასზეა. ასკლეპიას მენდესელის წიგნში, „განსჯა ღმერთებზე“ ამოვიკითხე, რომ ერთხელ ატია შუაღამისას მივიდა აპოლონის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებაზე და ღამის გასათევად იქვე დარჩა, თავის ტახტრევანში, როცა სხვა მატრონები თავ-თავის სახლებში გაიფანტნენ; და ამ დროს იმასთან მოულოდნელად შესრიალდა გველი, ცოტა ხანი დაჰყო ატიასთან და მალევე წავიდა; ხოლო იმან, გაღვიძებულმა, განწმენდა ჩაატარა, როგორც ქმართან თანაყოფის შემდეგ. ამ დროიდან სხეულზე გველის ფორმის ლაქა დააჩნდა, რომელიც ვერაფრით მოიშორა და ამიტომ არასოდეს იარებოდა აბანოში. ხოლო ცხრა თვის შემდეგ დაიბადა ავგუსტი და ამ მიზეზით აღიარებული იქნა აპოლონის შვილად. იგივე ატიამ, ამაზე ცოტა ხნით ადრე, სიზმარი ნახა, თითქოს მისი შიგნეულობა გარეთ გამოაქვთ და ყოველმხრივ, ცაზეც და მიწაზეც ჰფენენ; ხოლო იმის ქმარს, ოქტავიუსს კი ესიზმრა, რომ ატიას საშოდან მზის შუქი მოდიოდა.

       მისი დაბადების დღეს, როცა სენატში კატილინას შეთქმულებაზე მიდიოდა ლაპარაკი, ოქტავიუსმა ცოლის მშობიარობის გამო დაიგვიანა; და მაშინ, როგორც ყველასთვის არის ცნობილი და შეტყობინებული, პუბლიუს ნიგიდიუსმა, როცა დაგვიანების მიზეზი შეიტყო და ბავშვის დაბადების საათი იკითხა, გამოაცხადა, რომ დაიბადა მთელი დედამიწის მბრძანებელი. ხოლო მერე, ოქტავიუსი, თავისი ჯარი რომ მიჰყავდა თრაკიის შორეულ მხარეში, ბაკხუსის წმინდა ჭალაში ბარბაროსული მკითხაობა გაამართინა თავისი შვილის ბედზე და ქურუმებმა იგივე პასუხი მისცეს. და მართლაც, როცა საკურთხეველზე ღვინო ასხურა, ალმა ისე იფეთქა, რომ ჭერს ასცდა, ცამდე ააღწია - და ამისთანა ნიშანი ამ საკურთხეველს მხოლოდ ალექსანდრე დიდისათვის ჰქონდა მიცემული, როცა იმას აქ მსხვერპლი მოჰქონდა. და იმავ ღამით ოქტავიუსმა ზეკაცური დიდებულებით ნახა თავისი შვილი, მეხით, სკიპტრით და მოწყალე და დიდებული იუპიტერის ჩაცმულობით, მბრწყინავი გვირგვინით, დაფნით დამშვენებულ ეტლზე, რომელშიც თეთრი შუქით მანათობელი თორმეტი თეთრი ცხენი შეებათ, ჯერ კიდევ პატარაობაში, როგორც გვიამბობს გაიუს დრუზუსი, ერთხელ, საღამოს გადიამ აკვანში დატოვა, იატაკზე, დილით კი იქ აღარ დახვდა. ბევრი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა იპოვეს: სახლის ყველაზე მაღალ კოშკში იწვა, მზისკენ მიქცეული პირისახით. ლარაკი რომ ისწავლა, ერთხელ, პაპამისის აგარაკზე აბეზარ ბაყაყებს უბრძანა, გაჩუმებულიყვნენ და, როგორც ამბობენ, მას შემდეგ იქ ბაყაყები აღარ ყიყინებენ. ხოლო როცა კამპანიის გზიდან ოთხი მილით დაშორებულ ჭალაში საუზმობდა, მოულოდნელად არწივმა ხელიდან გამოსტაცა პური, მაღლა აფრინდა და უცებ, ისევ ქვემოთ დაეშვა და უკან დაუბრუნა. კვინტუს კატულუსი, კაპიტოლიუმი რომ მოიარა, ზედიზედ ორი ღამე ხედავდა სიზმარს. პირველ ღამეს - თითქოს მოწყალე და დიდებულმა იუპიტერმა მოზარდებიდან ერთი აირჩია, მისი საკურთხევლის გარშემო რომ დარბოდნენ და მკერდზე დაადო რომის ღმერთქალის გამოსახულება, ხელში რომ ეკავა. მეორე ღამეს - თითქოს მან დაინახა იგივე ბიჭი, რომელიც იუპიტერის მუხლებზე იჯდა და წამოყვანა მოუნდომა, მაგრამ ღმერთმა დაიჭირა და ღაღადჰყო, რომ ამ ბიჭის სახით რომის სახელმწიფოს დამცველი გაიზრდება. ხოლო მეორე დღეს კატულუსი შეხვდა ავგუსტს, რომელიც არასდროს ენახა, და რომ დააკვირდა, აღფრთოვანებულმა თქვა, - როგორ ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც დაესიზმრა. სხვათა შორის, კატულუსის სიზმარს ზოგიერთი სხვანაირად ჰყვება: თითქოს ბიჭების ყვირილზე, დამცველი გვინდაო, პასუხად იუპიტერმა ერთ მათგანზე მიუთითა, რომელის სახითაც ყველა სურვილი აუსრულდებათ, და თითებით შეეხო იმის ტუჩებს და მერე იმ თითებს აკოცა. ხოლო მარკუს ციცერონი, გაიუს კეისარს რომ მიაცილებდა კაპიტოლიუმზე, უყვებოდა თავის მეგობრებს წინა ღამის სიზმარს: თითქოს კეთილშობილი სახის ყრმა ოქროს ჯაჭვით დაეშვა ციდან, კაპიტოლიუმის ტაძრის ზღურბლზე დადგა და იუპიტერის ხელიდან მიიღო შოლტი. როცა მან დაინახა ავგუსტი, რომელსაც ჯერ არავინ იცნობდა, თავის ბიძას რომ მიჰყვებოდა მსხვერპლის შესაწირად, შესძახა, რომ ეს სწორედ ისაა, ვინც სიზმარში გამოეცხადა. როცა პირველად ჩაიცვა სრულწლოვანის ტოგა, მისი სენატორის ტუნიკა გაიხა ორივე მხარში და მის ფეხებთან დაეცა. ზოგიერთმა ამაში იმის ნიშანი დაინახა, რომ ყველა ფენა, რომელიც ამ ტანისამოსს ატარებდა, ოდესმე ავგუსტს დაემორჩილებოდა. მუნდასთან, სადაც ღვთაებრივი იულიუსი ტყეს კაფავდა ბანაკისთვის, ხეებს შორის პალმა დაინახა და ბრძანა, არ მოეჭრათ, როგორც გამარჯვების მაცნე. და მოულოდნელად პალმამ ყლორტი ამოიყარა, რომელიც რამდენიმე დღეში იმხელა გახდა, რომ არა მარტო დედა-ხეს გაუსწორდა, გაასწრო კიდევაც და თავისი ჩრდილით დაფარა. და მის ტოტებში გაჩნდა მტრედების ბუდეები, თუმცა ამ ფრინველებს ძალიან არ უყვართ მაგარი და უხეში ფოთლები. სწორედ ამ ნიშანმა აფიქრებინა კეისარს, რომ სხვა ყველაზე უწინ, მემკვიდრედ თავისი დის შვილიშვილი დაენიშნა. თავისი აპოლონიაში ყოფნის დროს, აგრიპასთან ერთად, კოშკში ავიდა, ასტროლოგ თეოგენესთან. აგრიპამ პირველმა მიმართა და მიიღო დიადი და დაუჯერებელი მომავლის წინასწარმეტყველება. მაშინ ავგუსტმა სირცხვილისა და შიშის გამო დამალა თავისი დაბადების დრო და ჯიუტად არ ასახელებდა. ხოლო როცა დიდი თხოვნის შემდეგ მაინც დაასახელა, თეოგენე წამოხტა და მოწიწებით ჩაუვარდა ფეხებში. მას შემდეგ ავგუსტი იმდენად დარწმუნებული იყო თავის ბედში, რომ თავისი ჰოროსკოპიც კი გამოაქვეყნა და მოჭრა ვერცხლის მონეტა თხის რქის თანავარსკვლავედით, რომელი ნიშნის ქვეშაც იყო დაბადებული. კეისრის მკვლელობის შემდეგ, აპოლონიიდან მობრუნებული, რომში რომ შედიოდა, მზის გარშემო მოულოდნელად ცისარტყელას წრე გაჩნდა, თუმცა დღე მზიანი და უღურბლო იყო, და მაშინვე კეისრის ქალიშვილის, იულიას საფლავს მეხი დაეცა. ხოლო მისი პირველი კონსულობისას, როცა ჩიტების მიხედვით მკითხაობდა, როგორც ოდესღაც რომულს, მოეჩვენა თორმეტი ძერა. და როცა მსხვერპლი მიიტანა, ყველა ცხოველს ღვიძლი გაორმაგებული აღმოაჩნდა ქვედა მხრიდან, რაც მცოდნეთა მტკიცებით, იუწყებოდა ბედნიერ და დიად მომავალს. ყველა ომის ბოლოს წინასწარ გამოიცნობდა ხოლმე. ტრიუმვირატის ჯარი ბონონიის წინ რომ შეიკრიბა, მის კარავზე არწივი დაჯდა. ორი ყვავი დაესხა თავს ორი მხრიდან, მაგრამ მოიგერია და ძირს დასცა ორივე. აქედან მთელმა ჯარმა დაასკვნა, რომ მოკავშირეებს შორის მალე არეულობა დაიწყება ასეც მოხდა, და მიხვდნენ, რითაც დამთავრდებოდა. ფილიპისთან ერთმა თესალიელმა უწინასწარმეტყველა გამარჯვება, რაც იულიუს კეისრისგან გაიგო, რომლის აჩრდილსაც უვალ გზაზე გადაჰყროდა. პერუზიის წინ მსხვერპლს სწირავდა, მაგრამ კარგი ნიშნები ვერ იხილა და უკვე ბრძანა, ახალი სამსხვერპლო ცხოველები მოეყვანათ, რომ უცებ მტერმა მოულოდნელი რეიდი წამოიწყო და ხელში ჩაიგდო მსხვერპლმსახურების მთელი საკუთრებანი. მაშინ მკითხავებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ყველა უბედურება და საფრთხე, განკუთვნილი მსხვერპლის შემწირავისთვის, იმაზე უნდა მოსულიყო, ვინაც მსხვერპლის გულ-ღვიძლი ჩაიგდო ხელში. და ასეც მოხდა. სიცილიაში საზღვაო ბრძოლის წინა დღეს, სანაპიროზე რომ სეირნობდა, ზღვიდან თევზი ამოტხა და მის ფეხებთან დაეცა. ხოლო აქციუმთან, ბრძოლის დასაწყებად რომ მიდიოდა, გამრეკს გადაეყარა, თავისი ვირით, - გამრეკს „ბედნიერი“ ერქვა, ვირს - „გამარჯვებული“. ამათ ორივეს, გამარჯვების შემდეგ, სპილენძის ქანდაკება დაუდგა იმ ტაძარში, რომელიც ნაბანაკარზე ააშენეს. მისი სიკვდილი, რომლის მოყოლაზეც გადავდივარ, სიკვდილის შემდგომი გაღმერთებაც ასევე ნაწინასწარმეტყველები იყო ყველაზე უეჭველი წინასწარმეტყველებებით. მარსის მოედანზე, ხალხის თანდასწრებით, ხუთწლიანი მსხვერპლშეწირვისას იმის ზემოთ არწივი გამოჩნდა, რამდენიმე წრე შემოუარა, დაეშვა მეზობლად მდებარე ტაძარზე და დაჯდა აგრიპას სახელის პირველ ასოზე. ეს რომ შენიშნა, თავის კოლეგა ტიბერიუსს უბრძანა, წარმოეთქვა ჩვეულებრივი აღთქმები მომდევნო ხუთი წლისთვის, უკვე მომზადებული და დაწერილი დაფებზე, და განაცხადა, რომ იმას არ აიღებს საკუთარ თავზე, რასაც ვეღარ გააკეთებს. დაახლოებით ამავე დროს მეხის დარტყმისგან გადნა პირველი ასო ქანდაკების ქვემოთ. და მას გამოუცხადეს, ამის მერე მხოლოდ ასი დღე იცოცხლებს, რადგან ასო C აღნიშნავს სწორედ ამ რიცხვს, მერე კი ჩაირიცხება ღმერთებში, რადგან AESAR დანარჩენი ბგერები კეისრის სახელიდან ეტრუსკულ ენაზე ნიშნავს „ღმერთს“. ილირიკუმში აპირებდა ტიბერიუსის გაგზავნას და თავად ბენევეტამდე უნდა მიეცილებინა, მაგრამ მომჩივნები აკავებდნენ სულ ახალი და ახალი სასამართლო საქმეებით. მაშინ წამოიძახა, - ყველანი რომ წინააღმდეგნი წავიდნენ, მაინც არ დარჩება რომში. მერე ეს სიტყვებიც წინსაწარმეტყველებად ჩათვალეს. გზაზე დამდგარმა ასტურამდე მიაღწია, ხოლო იქიდან, თავისი ჩვეულების საპირისპიროდ, გაცურა ღამით, რათა ესარგებლა ზურგის ქარით. ამიტომ დასუსტდა. ასე დაიწყო მისი უკანასკნელი ავადმყოფობა. კამპანიის ნაპირებს გასცდა, მახლობელ კუნძულებს და ოთხი დღე გაატარა კაპრიზე თავის ვილაში. ღრმა სულიერი სიმშვიდე დასვენებისკენ და მშვიდობიანი გართობისკენ მოუწოდებდა. პუტეოლის ნავმისადგომს რომ გასცდა, ალექსანდრიიდან ახლადდაბრუნებული ხომალდი ნახა. თეთრსამოსიანი და დაფნის გვირგვინიანი მეზღვაურები და მოგზაურები, ხელში საკმევლით ესალმებოდნენ კეთილი სურვილებით და ხოტბას ასხამდნენ, რომ მასშია იმათი მთელი სიცოცხლე, მთელი გზა, მათი თავისუფლება და სიმდიდრე. ამით უსაზღვროდ წახალისებულმა თავის თანამგზავრებს ორმოც-ორმოცი ოქრო დაურიგა და თითოეულისგან ფიცით დამტკიცებული პირობა მიიღო, რომ ამ ფულს მხოლოდ ალექსანდრიის საქონლის საყიდლად დახარჯავდნენ. დანარჩენ დღეებშიც დაუსრულებლად არიგებდა სხვადასხვა საჩუქრებს, მაგალითად, ტოგებს და ბერძნულ ლაბადებს, იმ პირობით, რომ რომაელებს ჩაეცვათ და ელაპარაკათ ბერძნებივით, ხოლო ბერძნებს - პირიქით. დიდხანს უყურებდა ეფებების ვარჯიშს, რომლებიც ძველი ჩვეულებით მრავლად იყო კაპრიზე. იმათთვის გამასპინძლება ინდომა და არა მარტო ნებას აძლევდა, არამედ უბიძგებდა იმათ, რომ თავისუფლად ეხუმრათ და დაეტაცათ ნაყოფი, საჭმელები და ყველაფერი, რასაც იმათ ბრბოში ისროდა. მოკლედ, არანაირი მხიარულება იმისთვის უცხო არ იყო.

        მეზობელ სახლს კაპრიზე აპრაგოპოლი შეარქვა, რადგან იქ დასახლებული მისი თანამგზავრები სულ ზეიმში იყვნენ. თავისი რჩეულებიდან ერთ-ერთს, კტისტესს, სახელად მასგაბას დამფუძნებელს ეძახდა, - თითქოს იმას დაეარსებინა აპრაგოპოლი. ეს მასგაბა ერთი წლით ადრე აღესრულა. ერთხელ სასადილო ოთახიდან დაინახა, რომ იმისი საფლავის გარშემო ხალხი შეკრებილა მაშხალებით და ხმამაღლა წარმოთქვა იქვე შეთხზული ლექსი: საფლავსა ზედა დამფუძნებლის - ცეცხლები ჰყვავის. და თრასილუსს მიუტრიალდა, ტიბერიუსის თანამგზავრს, რომელიც იმის მოპირდაპირედ წამოწოლილიყო მაგიდასთან და არ იცოდა, რა ხდებოდა; და შეეკითხა, რომელი პოეტისა იყო ეს სტრიქონი? ის შეყოყმანდა. მაშინ ავგუსტმა დაამატა: ხედავ, მასგაბას როგორ სცემენ მაშხლებით პატივს? და გაიმეორა შეკითხვა. ხოლო როცა იმან მხოლოდ ის უპასუხა, რომ მშვენიერი ლექსია, ვისიც არ უნდა იყოს, გადაიხარხარა და ხუმრობა დაუწყო. მალე ნეაპოლში გადავიდა, თუმცა მისი მუცელი ჯერ არ გამოკეთებულიყო ავადმყოფობის ცვალებადი შემოტევებისგან. ამის მიუხედავად, დაესწრო მის პატივსაცემად გამართულ გიმნასტების შეჯიბრს; ტიბერიუსიც მიაცილა დაპირებულ ადგილამდე. მაგრამ უკანა გზაზე ავადმყოფობა გაუძლიერდა, ნოლაში დაწვა, ტიბერიუსი კი გზიდან მოაბრუნა. იმასთან დიდხანს ლაპარკობდა ცალკე და ამის შემდეგ არც ერთ მნიშვნელოვან საქმეს აღარ მიჰკარებია. თავის ბოლო დღეს სულ იმას კითხულობდა, უწესრიგოებები ხომ არ იყო ქალაქში მის გამო. სარკე მოითხოვა და უბრძანა, დაევარცხნათ და ჩამოვარდნილი ყბა გაესწორებინათ. შემოსულ მეგობრებს შეეკითხა, როგორ ჰგონიათ, კარგად ითამაშა ცხოვრების კომედია? და თავისი საბოლოოო სტრიქონები თქვა: თუკი ვარგოდა, მეგობრებო, ეს ჩემი როლი, სცენიდან ტაშით გამაცილეთ შორეულ გზაზე. მერე ყველა გაუშვა. ამ დროს ვიღაც ჩამოვიდა რომიდან. ავგუსტმა დრუზუსის ქალიშვილზე დაუწყო გამოკითხვა, რომელიც ავად იყო და ამ დროს, ლივიას ხელებში მოულოდნელად ამოუვიდა სული, ამ სიტყვებით: „ლივია, იცოცხლე, გახსოვდე და არ დამივიწყო!“. სიკვდილი ადვილი შეხვდა, როგორსაც ყოველთვის ნატრობდა. მართლაც, ყოველთვის, როცა გაიგებდა, რომ ვიღაც სწრაფად და უტანჯველად გარდაიცვალა, ლოცულობდა თავისი და ახლობლების ასეთივე კეთილი სიკვდილისათვის, - როგორც თავად ამბობდა. ბოლო ამოსუნთქვამდე მხოლოდ ერთხელ გამოაჩინა ტანჯვის ნიშანი, როცა უცებ შეკრთა და ჩივილი დაიწყო, რომ სადღაც მიჰყავს ორმოც კაცს. მაგრამ ეს იმდენად გონების დაბნელება არ იყო, რამდენადაც წინათგრძნობა, რაგდან სწორედ ორმოცმა პრეტორიელმა მეომარმა გამოიტანა იმისი კუბო ხალხში. აღესრულა იმავე საძინებელში, რომელშიც მამამისი ოქტავიუსი; ორი სექსტუსის, პომპეუსის და აპულეუსის კონსულობისას, სექტემბრის კალენებამდე თოთხემტი დღით ადრე, სრულ სამოცდათექვსმეტ წლამდე ვეღარ იცოცხლა ოცდათხუთმეტი დღე. იმისი გვამი ნოლადან ბოვილამდე მუნიციპების და კოლონიების დეკურიონებს მოჰქონდათ. სიცხის გამო ღამით მოდიოდნენ, დღისით კი გვამს ბაზილიკაში ან თითოეული ქალაქის მთავარ ტაძარში დაასვენებდნენ ხოლმე. ბოვილში მთელი მხედრობის ფენამ ჩაიბარა, დედაქალაქში გადმოასვენა და მშობლიურ ჭერქვეშ მოათავსეს. სენატორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აზრების გამოთქმაში, თუ როგორი დაკრძალვა მოეწყოთ და განედიდებინათ მისი სახელი. სხვა პატივთა შორის წინადადებას აყენებდნენ, რომ პროცესიას გაევლო ტრიუმფალური კარიბჭით, წინ სენატის შენობიდან გამოტანილი გამარჯვების ქანდაკება წაემძღვარებინათ, დატირება დიდგვაროვანი ოჯახების ბიჭებს და გოგონებს ემღერათ; სხვები - დაკრძალვის დღეს ოქროს ბეჭდების ნაცვლად რკინისები გაეკეთებინათ; ზოგიერთი - რომ მიცვალებულის ფერფლი შეეგროვებინათ უმაღლესი კოლეგიის ქურუმებს. ვიღაც ირწმუნებოდა, ავგუსტის სახელი სექტემბერზე გადაეტანათ, - იმიტომ, რომ აგვისტოში კი მოკვდა, მაგრამ სექტემბერში დაიბადა; სხვა სთავაზობდა, მთელი დროისათვის, მისი დაბადებიდან აღსასრულამდე ავგუსტის საუკუნე დაერქმიათ და ასე შეეტანათ ქრონიკებში. თუმცა მიღებულ ღონისძიებებში ზომიერება მაიც იქნა დაცული. საქებარი სიტყვები ორჯერ უთხრეს: ტიბერიუსმა, ღვთაებრივი იულიუსის ტაძრის წინ და დრუზილამ, ტიბერიუსის შვილმა, დრუსუსმა - ძველ, როსტრალურ ტრიბუნასთან. სენატორებმა თავიანთი მხრებით წაიღეს მარსის მინდორზე და იქ გადასცეს დასაწვავად. გამოჩნდა პრეტორის წოდების კაციც, იფიცავდა და იძახდა, რომ იხილა ზეცისკენ მიმავალი დამწვარი კეისრის ლანდი. ყველაზე სახელიანმა მხედრებმა, მხოლოდ ტუნიკებით, უსარტყელოდ, ფეხშიშვლებმა შეაგროვეს მისი ნარჩენები და მავზოლეუმში მოათავსეს. ეს შენობა ფლამინიას გზასა და ტიბრის ნაპირს შუა თავად ავგუსტმა ააშენა თავის მეექვსე კონსულობისას და სწორედ მაშინ სასეირნოდ მისცა ხალხს შემოგარების ჭალები და ადგილები. მისი ანდერძი, შედგენილი ლუციუს პლანკუსის და გაიუს სილუსის კონსულობისას, აპრილის ნონებამდე მესამე დღეს, სიკვდილიდან წელიწადით და ოთხი თვით ადრე, ჩაწერილი ორ რვეულში, ნაწილი თავისი და ნაწილი მისი გააზატებული პოლიბიუსის და ჰილარიონის ხელით, ინახებოდა ვესტალ ქალებთან და მათვე წარმოადგინეს სამ გრაგნილთან ერთად, რომლებიც ამგვარადვე იყო დაბეჭდილი. ეს ყველაფერი გაიხსნა და წაიკითხეს სენატში. პირველი ხარისხის თავის მემკვიდრეებად მან დანიშნა ტიბერიუსი ქონების ორი მესამედით და ლივია ერთი მესამედით. მათვე უანდერძა, მიეღოთ მისი სახელი. მეორე ხარისხის მემკვიდრეებად დანიშნა დრუზუსი, ტიბერიუსის შვილი, ქონების ერთი მესამედით და გერმანიკუსი თავისი მამრობითი სქესის სამი შვილით - დანარჩენი ქონებით. მესამე ხარისხში ჩამოთვლილი იყო ბევრი ნათესავი და მეგობარი. რომაელ ხალხს დაუტოვა ორმოცი მილიონი სესტერცი, ტრიბებს - სამ ნახევარი მილიონი, პრეტორიელებს - ათასი თითოეულს, ქალაქის კოჰორტებს - ხუთას-ხუთასი, ლეგიონერებს - სამას-სამასი. ამ ფულის გადახდა ერთბაშად ბრძანა, რაკი ადრევე ჰქონდა შეგროვებული და გადადებული. დანარჩენი საჩუქრები, ოცი ათას სესტერცამდე, დაენიშნა სხვადასხვა პირებს და უნდა გადახდილიყო ერთი წლის შემდეგ. მობოდიშებაში იმაზე მიუთითებდა, რომ მისი სიმდიდრე დიდი არ არის და მის მემკვიდრეებსაც კი ას ორმოცდაათ მილიონზე მეტი არ შეხვდებათ. მართალია, ბოლო ოცი წლის განმავლობაში მეგობრების ანდერძებით დაახლოებით ოთხასი მილიონი მიიღო, მაგრამ თითქმის მთელი ეს ფული სხვა მემკვიდრეობებთან და მამის ორ მამულთან ერთად დახარჯა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის. თუკი რამე მოუვიდოდათ, ორივე იულიას, თავის შვილის და შვილიშვილის დაკრძალვა აკრძალა თავის განსასვენებლში. სამი გრაგნილიდან პირველში დაკრძალვის რიგი აღმოჩნდა; მეორეში - მისი საქმეების ჩამონათვალი, რომელიც იანდერძა, სპილენძის დაფებზე ამოეკვეთათ მავზოლეუმის შესასვლელში; მესამეში - სახელმწიფო საქმეთა წიგნი: სად რამდენი მეომარია სადროშოებში, რამდენი ფულია სახელმწიფო ხაზინაში, კეისრის ხაზინაში და რამდენი აკლია გადასახადებიდან; სახელებით იყო ჩამოთვლილი ყველა მონა და გააზატებული, რომელთაგან შეიძლებოდა მოთხოვნილიყო ანგარიში.

ტეგები: qwelly, ავგუსტუსი, გაიუს_ტრანკვილუსი, ისტორია, კეისარი, რომი, ტრანკვილუსი, ღვთაებრივი

ნახვა: 1164

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters