XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია და ტაო-კლარჯეთის დაბრუნების საკითხი

     ქართველ საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის დაკარგული მხარის მიმართ ინტერესი გაუძლიერდა XIX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებიდან, როდესაც აჭარასა და სხვა მხარეებში მიმდინარეობდა აჯანყება ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში ქართველი ხალხი აქტიურად ჩაება და გმირულად იბრძოდა საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლას თანაუგრძნობდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურები. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას მთელი ქართველი ხალხი აღტაცებით შეხვდა.

     საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების ერთგული სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენციაც ენერგიულად შეუერთდა დაბრუნებული მხარის შესწავლისა და მასზე მზრუნველობის საქმეს. ისინი სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე კარგად ერკვეოდნენ ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლებული ქართველობის მდგომარეობის თავისებურებებში. მათ შორის გამოირჩეოდნენ კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე, აფთიაქარი ილია ალხაზიშვილი, პუბლიცისტი სოლომონ ასლანიშვილი (ბავრელი) და სხვანი. ისინი გაზეთების _ "დროებისა" და "ივერიის"_ ფურცლებზე ხშირად აქვეყნებდნენ სტატიებს თუ წერილებს ტაო-კლარჯეთის, იგივე ისტორიული სამცხე-საათაბაგოს კულტურის, ისტორიის, ომით დაზარალებული მოსახლეობის სირთულეების შესახებ, დროულად ეხმაურებოდნენ მათ ეროვნულ თუ რელიგიურ პრობლემებს.

     რუსეთ-თურქეთის ომის მსვლელობას ქართველი ინტელიგენცია გაფაციცებით ადევნებდა თვალს, ხოლო ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ფრონტთან ან ტაო-კლარჯეთთან, დიდი მონდომებით აღწერდა მიმდინარე მოვლენებს პრესაში. ომის დროს ს. ბავრელი დაბრუნებული მხარიდან გამოგზავნილი კორესპონდენციებით აცნობდა "დროების" მკითხველს ფრონტის თუ ტაო-კლარჯეთის ზოგიერთ მხარეში არსებულ ვითარებას. ი. ალხაზიშვილი კი ახალქალაქიდან მოწერილ კორესპონდენციებში მკითხველს აწვდიდა ფრონტის ამბებს. ი. გვარამაძემ 1878 წლის 22 მარტის "დროებაში" გამოაქვეყნა ნოველა "მხედრის სიზმარი", სადაც იგი ქართველ ერს მოუწოდებდა სამშობლოს დაცვისკენ.

    ეს ავტორები სიამოვნებით აცნობდნენ მკითხველს დაბრუნებული მოძმეების სიხარულს დედა-საქართველოსთან კვლავ შეერთების გამო, მათ ლტოლვას დანარჩენ ქართველობასთან დაახლოებისაკენ... ისინი მოუწოდებდნენ ქართველობას მოძმეებისათვის ყურადღების მიქცევისა და მათთვის დახმარების გაწევისკენ. გვარამაძე კი ქართველ ხალხს მოუწოდებდა დაბრუნებულ თანამემამულეებთან გაერთიანებისაკენ, კაცთმოყვარეობისაკენ, განათლებისაკენ, შრომისკენ, ნაყოფიერი მოღვაწეობისაკენ სამშობლოს ფეხზე დასაყენებლად, ეროვნული ინტერესების დასაცავად ...

    სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები თავიანთ სტატიებში დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის პრობლემებს რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ. ისინი მოძმეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც ფიქრობდნენ. ს. ბავრელი მოუწოდებდა მთავრობასა და კერძო პირებს ართვინთან და არტანუჯთან სპილენძისა და სხვა მადნეულობის მოპოვება-დამუშავებისაკენ.

    დაბრუნებული ტაო-კლარჯეთის მოსახლეობისათვის ძალზე მტკივნეული საკითხი იყო ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიული დემოგრაფიული პოლიტიკა. სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები გმობდნენ ოსმალეთის პოლიტიკას _ ომის შემდეგ რაც შეიძლება მეტი ხალხი გადაესახლებინათ ტაო-კლარჯეთიდან თავიანთ საზღვრებში. ამისთვის ოსმალეთის მთავრობა თავიანთი აგენტების პირით მოუწოდებდა ადგილობრივ ქართველობას, გადასასახლებულიყვნენ ოსმალეთში, სადაც მათ ჰპირდებოდნენ მიწების მიცემასა და დახმარების გაწევას. ეს მოღვაწეები არ ერიდებოდნენ ტაო-კლარჯეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის კრიტიკასაც, რომლის მოხელეთა უმრავლესობა თავიანთი გულგრილი, ბიუროკრატიული დამოკიდებულებით თუ აშკარა ძალდატანებით აიძულებდა მკვიდრთ, გადასახლებულიყვნენ ოსმალეთში, ხოლო მათი მიწები გაეთავისუფლებინათ შორიდან ჩამოსაყვანი კოლონისტებისთვის. ამ მოვლენებს სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები რუსეთის მოხელეთა მოქმედებებს მიაწერდნენ. მართალია, ისინი უმაღლეს მთავრობას ხალხზე მზრუნველად აცხადებდნენ, მაგრამ რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას კარგად ხვდებოდნენ და ამხელდნენ მის მიზნებს.

    თურქეთისა და რუსეთის პოლიტიკის შედეგად ტაო-კლარჯეთიდან 1879 წლიდან მოსახლეობა დიდი რაოდენობით დაიძრა ოსმალეთში გადასასახლებლად. ქართველმა საზოგადოებამ ძალზე მტკივნეულად მიიღო ეს და მაშინვე შეუდგა ქართველთა ამ მასობრივი გადასახლების მიზეზებისა და გარემოებების გამორკვევას. ს. ბავრელი, ი. გვარამაძე და სხვა პუბლიცისტები ამ მოვლენის მთავარ მიზეზებად თვლიდნენ ახლად დამყარებული რუსული მმართველობის ნაკლოვანებებს: მძიმე გადასახადებსა და საბაჟო წესებს, მოუმზადებელი და გულგრილი მოხელეების თვითნებურ მმართველობას; ასევე იმას, რომ საზოგადოება და ქართველი ხალხი თანამოძმეებს რეალურად არ დახმარებია დიდი გაჭირვების ჟამს ... ი. გვარამაძე ადგილობრივთა გადასახლებას მიაწერდა მათ ერთგულებას სულთნისადმიც. ხოლო გადასახლების მიზეზებს შორის რელიგიურ მოტივს ისინი პირველ ადგილას არ აყენებდნენ და უარყოფდნენ გავრცელებულ შეხედულებას, თითქოს ძირითადად მაჰმადიანური ფანატიზმის გამო ტოვებდა ადგილობრივი მოსახლეობა თავის სამშობლოს. ამის საწინააღმდეგოდ გვარამაძეს მოჰყვდა ართვინიდან კათოლიკეებისა და გრიგორიანი სომხების ოსმალეთში გადასახლების ფაქტი.

    სამცხე-ჯავახეთის ქართველი მოღვაწეები შეძლებისამებრ ცდილობდნენ ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის ოსმალეთში გადასახლებისათვის ხელისშეშლას. ისინი პრესით გავრცელებული მიმართვებით, პირადადაც მოუწოდებდნენ დაბრუნებულ მოძმეებს ამ სარისკო ნაბიჯისაგან ხელის აღებისაკენ, მთელს ქართველობას კი მოუწოდებდნენ მათთვის დახმარებისა და თანადგომისაკენ.

ტაო-კლარჯეთის მცხოვრებთა გადასახლებამ 1870-იანი წლების დასასრულსა და 1880-იანი წლების დასაწყისში ძალზე ფართო მასშტაბი შეიძინა, რასაც რეალურად ვერ შეაკავებდა ქართველი საზოგადოება თავისი მწირი შესაძლებლობებით. მოსახლეობისაგან შეთხელდა და გავერანდა ართვინის, არტანუჯის, არტაანისა და სხვა მხარეები. ასეთ პირობებში სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები ფიქრობდნენ იქ უმიწაწყლო ქართველი გლეხობის ჩასახლებას, რომ ისტორიული საქართველოს მიწები და ნაყოფიერი მხარეები ისევ ქართველობას დაეკავებინა. ს. ბავრელი თავიდან იმედოვნებდა, რომ ამ საქმის თანამგრძნობი ბევრი გამოჩნდებოდა და მთავრობაც დართავდა ამაზე ნებას. იგი ხალხს ტაო-კლარჯეთის მხარის ღირსებებს აცნობდა სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისითაც. ი. გვარამაძე კი უიმედოდ იყო განწყობილი, რომ ქართველი საზოგადოება ამ სერიოზული საქმის ნორმალურად ორგანიზებას მოახდენდა. ეს მოღვაწეები მალევე დარწმუნდნენ, რომ მთავრობა მოსახლეობისაგან დაცლილ მხარეებში ქართველ გლეხობას ჩასახლების საშუალებას არ აძლევდა და სამაგიეროდ იქ დასასახლებლად შორიდან მოჰყავდა კოლონისტები.

    სამცხე-ჯავახეთის მოღვაწეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ტაო-კლარჯეთის კულტურისა და ისტორიის შესწავლის საკითხებს.

    1877 წელს ი. ალხაზიშვილმა "დროებაში" დაბეჭდა ცნობები ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესახებ, რომელიც ამოიღო ვენეციელი არქიმანდრიტის, ნერსეს სარქისიანის ნაშრომიდან. დაბრუნებულ მხარეში ციხე-ტაძრებს ყურადღებით ათვალიერებდა და "დროების" მკითხველს მოუთხრობდა მათ შესახებ ს. ბავრელი. იგი, სერგეი მესხის მსგავსად, მოუწოდებდა ქართველ მკვლევარებსა და კავკასიის არქეოლოგიურ საზოგადოებას, შეესწავლათ აღნიშნული ძეგლები ; ის მთავრობასაც მოუწოდებდა, გაეცა განკარგულება, რომ არავის დაეზიანებინა ეს ისტორიული ძეგლები. ამასთანავე, ს. ბავრელი ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვდა, არ დაეზიანებინათ ციხეები, ტაძრები და დარბაზები (მას ხალხმა ამის პირობა მისცა არტაანის მხარის სოფ. ველში).

    სამცხე-საათაბაგოს გვიანი შუა საუკუნეების ისტორიის შესასწავლად დიდი შრომა გასწია ივანე გვარამაძემ. 1878 წლიდან მან დაიწყო "დროებაში" ისტორიული სტატიების გამოქვეყნება (კვლევისას ძირითადად ეყრდნობოდა იმ დროისათვის უცნობ წყაროებს _ სამცხე-ჯავახეთში მოძიებულ საეკლესიო დღიურებს), სადაც მიმოიხილავდა ქართველთა თავდაცვით ომებს ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ, სამცხე-საათაბაგოს დაპყრობასა და მის იძულებით გამაჰმადიანება-გათურქების პროცესს. ამ ისტორიულ პროცესებს ის აღწერდა ყოფილ სამცხე-საათაბაგოში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანების გასაგონადაც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირების გავლენით ეროვნულ გადაგვარებას განიცდიდა. იგი ისტორიის შესწავლა-პოპულარიზაციით ცდილობდა მთელ ქართველ ხალხში ეროვნული ცნობიერების გაძლიერებას; წინაპართა მხნეობის მაგალითებით კი მოუწოდებდა მათ გაერთიანებისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისაკენ სამშობლოს საკეთილდღეოდ.

    საქართველოს ისტორიით გატაცებული ივანე გვარამაძე ყურადღებით ადევნებდა თვალს 1877-1878 წლების ომის მსვლელობას. მას 1877 წელის ბოლოსათვის არ აკმაყოფილებდა ბათუმისა და არტაანის მხარეების დაბრუნება; სამცხე-საათაბაგო ოსმალების მიერ დაპყრობისას შეიცავდა 1600 ოთკუთხედ ოსმალურ მილს და მისი საზღვრები უწევდა ჰასანყალამდე და ტრაპიზონამდეო (უფრო ძველად მესხეთის საზღვრები ანატოლიამდეც უწევდაო). ის ოსმალებმა გაანაწილეს 24 მაზრად, რომელთაგან ნაწილის შემოერთებით სამცხე-საათაბაგო ფეხზე ვერ დადგება და ეს ვერც მოსალოდნელ სარგებლობას მოუტანს საქართველოსო. ი. გვარამაძე წუხდა, რომ საქართველოსგან ისევ იყო დაცილებული სინგოთი, კისკიმი, პარხალი, თორთომი, სპერი და სხვა მხარეები. მისი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, საზღვარი გასულიყო დევე ბოინთან და ქამარალთთან, არზრუმისა და ტრაპიზონის მახლობლად. თავის მოსაზრებას ი. გვარამაძე ხსნიდა არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, არამედ საქართველოს დამსახურებითაც ქრისტიანი ხალხების წინაშე. ქართველები VII საუკუნიდან XVIII საუკუნემდე გმირულად ებრძოდნენ ქრისტიანების საერთო მტრებს, რომელთა ძირითადი ძალები მარცხდებოდნენ ჩვენს წინაპრებთან ბრძოლაში და მათ ძალები აღარ უწვდებოდათ ევროპის ქვეყნებამდეო.

    დაბრუნებული ტაო-კლარჯეთის მოსახლეობასთან დაახლოების მთავარ საშუალებად სამცხე-ჯავახეთის ინტელიგენციასაც მოძმეთა განათლება მიაჩნდა. ქართული ენის სიყვარული დიდი იყო ტაო-კლარჯეთში, რაც იდევნებოდა ოსმალთა მმართველობისას. მათ შორის წერა-კითხვის გავრცელებას აუცილებლად მიიჩნევდა ივანე გვარამაძე, რომ ტაო-კლარჯეთისა და დანარჩენი ქართველობის დაახლოება, ერთმანეთის გასაჭირის გაზიარება მიმოწერითაც გამხდარიყო შესაძლებელი; ამისთვის კი იქ ქართულენოვანი სასწავლებლები უნდა გახსნილიყო. განათლების გასავრცელებლად მხარეში ქართული წიგნების დარიგებასაც დიდ ყურადღებას აქცევდა ქართველი საზოგადოება. ზაქარია ჭიჭინაძემ სამცხე-ჯავახეთის ინტელიგენტებისგან მოისმინა ამგვარი საჭიროების შესახებ. მან 1881 წლიდან დაიწყო წიგნებისა და თანხის შეგროვების კამპანია და შემდეგ ყოფილ სამცხე-საათაბაგოში ქართული წიგნების უფასოდ გავრცელება მათივე მეშვეობით. მისგან მიღებული წიგნების ნაწილი ი. ალხაზიშვილს უნდა გაევრცელებინა არტაანში, შავშეთში, არტანუჯში და ართვინში. მაგრამ ტაო-კლარჯეთში ამგვარი საგანმანათლებლო მოღვაწეობა არასაკმარისი იყო, თითქმის არ გახსნილა ქართული სკოლები XIX საუკუნის II ნახევარში, რასაც საყვედურობდა სოლომონ ბავრელი ქართველ საზოგადოებას.

    სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია ფრთხილად ეკიდებოდა ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის რელიგიურ საკითხს. ისინიც მოუწოდებდნენ ქართველობას, საუბარიც არ წამოეწყოთ მხარის ქართველი მაჰმადიანების რჯულის შეცვლის შესახებ, მხარის მაჰმადიანებს კი ამშვიდებდნენ, რომ რუსეთის იმპერიაში მათ მაჰმადიანობას არავინ შეეხებოდა. ი. გვარამაძეს ამის დასადასტურებლად მოჰყავდა ახალციხის მხარის ქართველი მაჰმადიანების მაგალითი _ მათ "ისე წმიდად უკავიათ მაჰმადის სარწმუნოება, რომ იმათ მამა-კაცთაგანი თითო მოლა, იმამი და შეიხი გეგონებათ".

    ქართველი მაჰმადიანების მსგავსად, ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ქართველი კათოლიკეებიც ეროვნულ გადაგვარებას განიცდიდნენ. არტაანის მხარის სოფლებში ისინი თურქულად მეტყველებდნენ, ართვინის მხარის კათოლიკე ქართველების უმრავლესობას დავიწყებული ჰქონდა ქართული ენა და სომხურ-კათოლიკური ტიპიკონის წყალობით სომხდებოდნენ. ართვინელ ქართველებთან დაახლოებას შეუწყობდა ხელს ართვინის ეპისკოპოს იოანე ზაქარიანის დანიშვნა კავკასიის სომეხ-კათოლიკეთა ეპისკოპოსად, რის თხოვნასაც ახალციხე-ახალქალაქის მხრის 18 ათასი კათოლიკე აწერდა ხელს (ქართველებიც), მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა მათ. სამცხე-ჯავახეთის ქართველი საზოგადოება ამ მოვლენების გამო წუხდა, ისტორიულად ხსნიდა ამ პროცესებს (ი. გვარამაძემ მრავალი გამოკვლევა უძღვნა ქართველ კათოლიკეთა საკითხს ), მაგრამ მათ რაიმეს შეცვლა აღარ შეეძლოთ.

    როგორც იკვეთება, სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენტები რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომიდან მოყოლებული, აქტიურად ჩაებნენ ტაო-კლარჯეთის თანამედროვე მდგომარეობის, ისტორიისა და კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში, გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას, მოწოდებებს აკეთებდნენ დაბრუნებული მოძმეების თუ მთელი ქართველი ხალხის გასაგონად, მონაწილეობდნენ მათთან დასაახლოებელ თუ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ საქმიანობაში. მაგრამ მათ მცირერიცხოვნების, მწირი შესაძლებლობისა და ვითარების სირთულის გამო, ამ მხრივ, რაიმე მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მიაღწიეს (ცენტრში მოღვაწე ქართველი ინტელიგენციის მსგავსად). ამისდა მიუხედავად, მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ტაო-კლარჯეთის ირგვლივ ქართული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, მოვლენების სწორად შეფასებისა და სამოქმედოდ სწორი მიმართულების დასახვაში...

გიორგი მაისურაძე
(თბილისის სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის ასისტენტი, ისტორიის აკადემიური დოქტორი)


  1. დროება, 1878, N143,148,164,167,186,191,193,211,212;
  2. დროება, 1877, N60,130,195, 1878, N121;
  3. დროება, 1878, N60;
  4. დროება, 1878, N,186;
  5. დროება, 1878, N93,203, 1879, N19; საისტორიო მოამბე, N73-74, თბ., 2000-2001, გიორგი მაისურაძე, ივანე გვარამაძე და საქართველოსთან აჭარის დაბრუნების საკითხი, გვ. 65-71;
  6. დროება, 1879, N208, 1880, N196;
  7. დროება, 1880, N172, 1891, N75;
  8. დროება, 1878, N186,211, 1880, N172,196;
  9. შ. მეგრელიძე, აჭარის წარსულიდან, თბ., 1964;
  10. დროება, 1879, N208, 1880, N196;
  11. დროება, 1879, N208, 1880, N196;
  12. დროება, 1878, N203;
  13. დროება, 1879, N208, 1880, N196;
  14. დროება, 1880, N196;
  15. დროება, 1878, N203; 1880, საისტორიო მოამბე, N73-74, თბ., 2000-2001, გვ. 68;
  16. დროება, 1879, N208, 1880, N172,196;
  17. დროება, 1879, N208, 1880, N146;
  18. დროება, 1879, N208;
  19. დროება, 1880, N146;
  20. დროება, 1880, N172;
  21. დროება, 1877, N147,153,179;
  22. დროება, 1878, N211,212,1880,N13;
  23. დროება, 1878, N214;
  24. დროება, 1880, N13,257;
  25. დროება, 1878, N212;
  26. დროება, 1878, N212;
  27. დროება, 1878, N219, 1879, N116-117,127,128,171-173,177,185-187,198-201,213,214,216,234,235,253,259;
  28. დროება, 1879, N127;
  29. დროება, 1879, N209;
  30. დროება, 1877, N214;
  31. დროება, 1878, N203;
  32. დროება, 1879, N43;
  33. დროება, 1878, N203, 1879, N19;
  34. დროება, 1881, N252,254 1882, N3,25;
  35. დროება, 1881, N252, 1882, N25;
  36. ივერია, 1891, N75;
  37. დროება, 1878, N203;
  38. დროება, 1880, N49,58,196,250;
  39. შოთა ლომსაძე, მესხები, თბ., 1997, გვ. 103-106; დროება, 1884, N28;

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურებანი და ხასიათი სამცხე-ჯავახეთში

ტეგები: Qwelly, ეროვნული_მოძრაობა, სამცხე, საქართველოს_ისტორია, ტაო, ჯავახეთი

ნახვა: 634

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters