ივანე გვარამაძე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში

ivane gvaramadze, saqartvelos istoria, ganmantavisuflebeli modzraoba, erovnuli modzraoba, qwelly, photo, foto, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში, სამცხე, ჯავახეთი, samcxe, javaxeti, ივანე გვარამაძე

      XIX საუკუნის II ნახევრის მესხეთის გამორჩეულ მოღვაწე ივანე გვარამაძეს (1831-1912) თავისი მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობით დიდი ამაგი მიუძღვის სამცხე-ჯავახეთში განათლების გავრცელებისა და კულტურის განვითარების საქმეში, იქაური ქართველობის ეროვნული ინტერესების დაცვისათვის ბრძოლაში... იგი იყო კათოლიკე მოძღვარი და თეოლოგი, პედაგოგი, პოეტი, ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პუბლიცისტი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ა. შ., გამოსცა მრავალი წიგნი...

      სამცხე-ჯავახეთში მას მოღვაწეობა მოუხდა რთულ ეპოქაში, როდესაც ოსმალეთის ბატონობის შედეგებისა და რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გამო ძალზე იყო შემცირებული მხარის მკვიდრი ქართველი მოსახლეობა, აყრილ-განდევნილი მესხობის ადგილას კი რუსეთის მთავრობის მიერ დიდი რაოდენობით იყვნენ ჩასახლებულნი სხვადასხვა ეროვნების კოლონისტები; ადგილობრივი ქართველობა დაყოფილი იყო მართლმადიდებლებად, კათოლიკეებად და მაჰმადიანებად. მაჰმადიანებისა და კათოლიკეების ერთ ნაწილს შორის შესუსტებული იყო ეროვნული ცნობიერება. ოსმალეთის ბატონობისგან ახლად განთავისუფლებული მესხობა XIX საუკუნის შუა ხანებშიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც საუკუნის II ნახევარში დაერთო ქართველ კათოლიკეთა და მაჰმადიანთა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების პროცესის გაძლიერება...

      ყოველივე ამ უარყოფითი პროცესების საწინააღმდეგოდ XIX საუკუნის II ნახევარში მხარის ქართველთა შორის გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც დაუკავშირდა ილია ჭავჭავაძის მეთაურობით საქართველოში 1860-იანი წლებიდან დაწყებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს მოძრაობა გამოიხატებოდა ადგილობრივი ინტელიგენციის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში ენერგიული მოღვაწეობით, ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების წინააღმდეგ ბრძოლით, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრითა და მათში ეროვნული ცნობიერების ამაღლებისათვის ზრუნვით...

      სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა განათლების სფეროს _ თავად ხსნიდნენ და მონაწილეობდნენ მხარეში სასწავლო დაწესებულებების დაარსებაში, იღწვოდნენ მათში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებლად, ზრუნავდნენ და იბრძოდნენ მათში მშობლიურ ენაზე სწავლის დასამკვიდრებლად ან ქართული ენის ადგილის გასაზრდელად... მათ განათლება და პატრიოტული აღზრდა მიაჩნდათ ქართველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათში ეროვნული თვითმყოფადობის ამაღლების მთავარ საშუალებად, რასაც ძალზე დიდი ენერგია და შრომა შეალიეს... წარმატებები ამ სფეროში საუკუნის დამლევისათვის სერიოზული იყო... ქართული წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და კითხვის ჩვევების გასავრცელებლად მხარის ინტელიგენცია ცდილობდა სასკოლო ბიბლიოთეკების შექმნას და ქართული გამოცემების გავრცელება-გაყიდვას, 1890-იანი წლებიდან კი ზრუნავდა სახალხო ბიბლიოთეკების დაარსებისა და მათი ნაყოფიერად მოქმედებისათვის, რაც საკმაო წარმატებითაც განახორციელა საუკუნის ბოლოსათვის.

      XIX საუკუნის II ნახევარში სამცხე-ჯავახეთში დიდი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული კულტურის განვითარება-გავრცელებას, რისთვისაც მხარეში საკმაოდ რთული პირობები იყო. ადგილობრივი შემოქმედებითი ინტელიგენცია დიდ ყურადღებას აქცევდა ლიტერატურის განვითარებას, ქართული თეატრის ჩამოყალიბებას, ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის საფუძვლის ჩაყრას, რაც შედარებით უფრო წარმატებით ხორციელდებოდა. რამდენიმე აქტიური მოღვაწე სწავლობდა მხარის მატერიალურ და სულიერ კულტურას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორსა და ა. შ., რომელთა შესახებ ისინი ცნობებს ბეჭდავდნენ ქართულ პერიოდულ გამოცემებში. ხოლო სამცხე-ჯავახეთის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შემონახვა-დაცვის საკითხმა საუკუნის დამლევისათვის ეროვნული ინტერესების დაცვისათვის ბრძოლის მნიშვნელობა შეიძინა. ყოველივე ამ მოღვაწეობით მხარეში ვითარდებოდა და ვრცელდებოდა ქართული კულტურა, რაც ხელს უწყობდა ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებას ადგილობრივ მოსახლეობაში...

giorgi maisuradze, statia, article, ivane gvaramadze, saqartvelos istoria, ganmantavisuflebeli modzraoba, erovnuli modzraoba, qwelly, photo, foto, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში, სამცხე, ჯავახეთი, samcxe, javaxeti, ივანე გვარამაძე

      XIX საუკუნის II ნახევარში ქართველთა რელიგიურ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა შეიძინა ეკლესიაში მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების საკითხმა, უფრო გამწვავდა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების პროცესი ქართველ კათოლიკეთა და მაჰმადიანთა შორის. ქართველი საზოგადოება ენერგიულად დაუპირისპირდა ქართველ კათოლიკეთა ეროვნულ ჩაგვრა-გადაგვარებას, ცდილობდა მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების უფლების აღდგენას, რისთვისაც თხოვნებითა და საჩივრებით მიმართავდა რუსეთის მთავრობას, კათოლიკე ეპისკოპოსებს, ვატიკანის მმართველობას[1, 23-24]. ამასთან ერთად ქართველი კათოლიკე მოღვაწეები განათლების გავრცელებით, კულტურული საქმიანობითა და თავიანთი ეროვნული წარმომავლობის ისტორიულად დასაბუთებით ცდილობდნენ თავიანთი მრევლის ქართველობის დამტკიცებასა და ქართულად ღვთისმსახურების ჩატარების უფლების აღდგენას. მართალია, XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ეს საკითხი მათ სასარგებლოდ არ გადაწყვეტილა, მაგრამ ამ ენერგიულმა მოძრაობამ გამოაფხიზლა და ეროვნული გადაგვარებისაგან იხსნა მხარის ქართველი კათოლიკეების უმეტესი ნაწილი. თუმცა ქართველმა საზოგადოებამ ვერ მოახერხა მრავალრიცხოვანი ქართველი მაჰმადიანების გათურქებისა და ჯავახეთის თურქულენოვანი ქართველი კათოლიკეების გასომხებისათვის ხელის შეშლა...

      სამცხე-ჯავახეთის ქართველ პატრიოტებს არ გააჩნდათ შესაძლებლობები, ეზრუნათ მკვიდრი ქართველობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად მთელი XIX საუკუნის განმავლობაში. თუმცა ისინი გამოთქვამდნენ ხოლმე შეხედულებებს მეურნეობის ამა თუ იმ დარგში გაუმჯობესების შესაძლებლობების შესახებ, ხანდახან აძლევდნენ კონკრეტულ რჩევებს ხალხს, მოუწოდებდნენ მათ თავიანთი სოციალური და ქონებრივი უფლებების დაცვისკენ და ა. შ. მათ ქართველი საზოგადოებრიობრიობის წინაშე დააყენეს ამ პრობლემის მოგვარების საკითხი.

      სამცხე-ჯავახეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაბმული საზოგადოების აღნიშნულ მოღვაწეობას მხარს უჭერდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურები 1870-იანი წლებიდან, 80-იანი წლებიდან კი დახმარებასაც უწევდნენ მათ. ადგილობრივი საზოგადოებაც ცდილობდა, მხარდაჭერა და მატერიალური დახმარება გაეწია საქართველოში დიდი ეროვნული მნიშვნელობის მქონე საზოგადოებებისათვის, დაწესებულებებისათვის ან საქმისათვის.

      ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში გამოიხატებოდა აღნიშნული მიმართულებებით როგორც ცალკეულ მოღვაწეთა პირდაპირი თუ ირიბი საქმიანობით, ასევე ზოგიერთ საკითხებში ქართველი საზოგადოების მიზანმიმართული და ორგანიზებული მოძრაობებით. ეს საქმიანობა წარმოადგენდა მშვიდობიან და აღმშენებლობით საზოგადოებრივ (და არა პოლიტიკურ) მოძრაობას. ის კონფრონტაციული გზით არ მიდიოდა, არ უპირისპირდებოდა მხარეში მცხოვრებ სხვა ეროვნებებს და განათლებისა და კულტურის ზოგიერთ საკითხში ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუს და სომეხ ინტელიგენციასთან. ადგილობრივი მოღვაწენი იზიარებდნენ თერგდალეულთა იდეებს, მათ გზას აგრძელებდნენ და მხარეში ფაქტიურად მათი გეგმების განმახორციელებლად გვევლინებოდნენ.

      აღნიშნული მოძრაობის წამყვან მოღვაწეებს შორის თავისი შემოქმედებითა და მრავალმხრივი ნაყოფიერი საქმიანობით გამოირჩეოდა ივანე გვარამაძე, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში სერიოზული წვლილი შეიტანა მხარის ქართველი მოსახლეობის განვითარებისა და მათი ეროვნული პრობლემების მოგვარებისათვის ბრძოლის საქმეში. მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო: საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობა, დაუცხრომელი ბრძოლა ქართველთა ეროვნული ჩაგვრისა და მათი ერთი ნაწილის ეროვნული გადაგვარების წინააღმდეგ, ზრუნვა მათ შორის პატრიოტიზმის გასაძლიერებლად და ფიქრი ქართველი ხალხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის...

      ივანე გვარამაძის მოღვაწეობის მთავარი მიმართულება გახდა განმანათლებლობა. დრამატული პროცესების გამო განათლებით ჩამორჩენილი იყო სამცხე-ჯავახეთის ქართველობა, თუმცა არსებობდა დიდი შესაძლებლობები მათ შორის განათლების გავრცელებისათვის. ამისათვის ივანე იღწვოდა თავისი შემოქმედებით, პედაგოგიური საქმიანობითა და სასწავლო დაწესებულებებზე მუდმივი ზრუნვით...

      ი. გვარამაძემ ამაგი დასდო ქართული პედაგოგიური ლიტერატურის შექმნას _ იგი წერდა, თარგმნიდა და ადგენდა სასკოლო სახელმძღვანელოებს 1870-იანი წლებიდან. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სასწავლო ლიტერატურა, როგორიც იყო "მოკლე ქართული გრამატიკა", "მოკლე მსოფლიო ისტორია", "ქართლის ცხოვრება", "მშობლები და მათი შვილები" და ა. შ., რომელსაც იყენებდნენ ძირითადად სასწავლო დანიშნულებით.

      პედაგოგიური ლიტერატურის გამოცემასთან ერთად, ივანე თავის პოეზიაში თუ პუბლიცისტურ წერილებში განიხილავდა განათლების საკითხებს და გამოთქვამდა ხოლმე საგანმანათლებლო შეხედულებებს, სადაც ის საზოგადოებას მოუწოდებდა განათლების სფეროში მეტი მონდომებისა და უფრო ნაყოფიერი მოღვაწეობისაკენ. ამისთვის იგი კონკრეტულ გზებსაც სთავაზობდა მათ. ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით საქართველოში წარმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების გამზიარებელი, ისიც ფიქრობდა, რომ განათლების (განსაკუთრებით, ქართულენოვანი განათლების, ასევე, სპეციალური სამეურნეო განათლების[13, N89]) გავრცელებით შესაძლებელი იყო, მრავალმხრივ გაუმჯობესებულიყო ხალხის მდგომარეობა და პატრიოტულად აღზრდილიყვნენ ახალგაზრდა თაობები... განათლების გამავრცელებლად მას ქართველი ინტელიგენცია მიაჩნდა, რომელიც, მისი აზრით, ვერ სწევდა სათანადო წინამძღოლობას. იგი მეტადრე საყვედურობდა ქართველ მართლმადიდებელ სამღვდელოებას პასიურობას სასწავლებლების გახსნის, ლიტერატურის გამოცემის საქმეში[8, N87,210; 10, N203]. მათ ამ მხრივ გასააქტიურებლად კი ის საზოგადოებას უსახავდა მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების გახსნას (სადაც მშობლიურ ენაზე იქნებოდა სწავლა, სადაც სათანადო სასულიერო განათლებას მისცემდნენ და პატრიოტულად აღზრდიდნენ ახალგაზრდობას), სტამბების შექმნას, ქართული წიგნების საკმაო რაოდენობით გამოცემას და ა. შ.[10, N227]

      ივანე გვარამაძე განათლების სფეროში შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად დიდ ენერგიასა და დროს ახმარდა სასწავლო დაწესებულებების გახსნასა და მათზე მზრუნველობას, მათში პედაგოგიურ საქმიანობას. პროფესიით კათოლიკე მღვდელი და თეოლოგი, იგი 1860-იანი წლებიდანვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას[2, 35-36]. 1870-იანი წწ. II ნახევარში მან ხიზაბავრის კათოლიკურ ეკლესიასთან გახსნა სამრევლო სკოლა[7, N264], სადაც თვითონაც მასწავლებლობდა და ყოველმხრივ ზრუნავდა მასზე. იგი ცდილობდა, თავისი სკოლისათვის შემოსავალი მოეპოვებინა საზოგადოების შემწეობით. ამ საქმეში 1881 წელს მას დახმარებას სთავაზობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი ზაქარია ჭიჭინაძე[22, N2025,2027]. ივანე დიდ პატივს სცემდა ამ "საზოგადოებას" და სურდა მის დაქვემდებარებაში გადაეყვანა თავისი სკოლა, მაგრამ ეს არ მოხერხდა[22, N2027,3977; 23, ფ. 31]. მოგვიანებით, 1880-იანი წლების დასაწყისში ივანემ ახალციხეში გახსნა იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკურ ეკლესიასთან საერო სკოლა. 1890-იანი წლებიდან სკოლას მატერიალურად გაუჭირდა და ივანე გვარამაძემაც დახმარებისათვის მიმართა ქართველ საზოგადოებას, უფრო კათოლიკე მოღვაწეებს. ისინიც სკოლას ეხმარებოდნენ წიგნებითა და ქართული გამოცემებით, ასევე თანხითაც[14, N33,126; 15, N86]. ამ საქმისათვის ივანემ აბასთუმანში მყოფ რუსეთის დედოფალსაც მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ ამაოდ[24]. აღნიშნულ სკოლას 1900-იანი წლებშიც უჭირდა, რის გამოც ივანეს მიმართვის[22, N2187] შემდეგ ზუბალაშვილებმა მას 300 მანეთი შესწირეს[20, N261]. ხშირად სკოლის გაჭირვების მიუხედავად, ივანე ცდილობდა მასში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, მომზადებული მასწავლებლების მიზიდვას[25, N3582]; თვითონაც ხანგრძლივად ასწავლიდა იქ.

      ივანე გვარამაძე, გარდა თავის სკოლაზე მზრუნველობისა, დიდ ყურადღებას აქცევდა საერთოდ განათლების სფეროს _ სხვა სასწავლებლების მუშაობას და შეძლებისგადვარად ეხმარებოდა ხოლმე მათ. იგი აქტიურად თანამშრომლობდა კონსტანტინოპოლის ფერიქოის ქართული კათოლიკური მონასტრის სასწავლებელთან, მისთვის ამზადებდა სასკოლო სახელმძღვანელოებს და გზავნიდა იქ სამცხე-ჯავახეთიდან შესაფერის და მომზადებულ ახალგაზრდებს.

      ივანე გვარამაძე დიდ ძალისხმევას მიმართავდა ქართულენოვანი სასწავლო დაწესებულებების გასახსნელად. ამგვარ დაწესებულებებში ქართველ საზოგადოებას შეეძლო თანამედროვე და სწორი პედაგოგიური მეთოდებით სწავლება და მოზარდთა პატრიოტული აღზრდა. მაგრამ ქართველი მოღვაწეების მიერ გახსნილი სასწავლებლები მცირე იყო. ქართველი მოზარდების უმეტესობა განათლებას ღებულობდა სახელმწიფო დაწყებით და საშუალო სასწავლებლებში, სადაც 70-იანი წლების II ნახევრიდან თანდათან მკაცრდებოდა მშობლიური ენის დევნა და მოზარდებს ხშირად მათთვის გაუგებარ რუსულ ენაზე აწყებინებდნენ სწავლას. ამგვარი არაპედაგოგიური და იმპერიული სწავლების წინააღმდეგ ხმას იმაღლებდნენ ქართველი პატრიოტი მოღვაწეები და ამხელდნენ მას. სამცხე-ჯავახეთში 1870-იანი წლების II ნახევრიდან დაიწყო "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლებში ქართული წიგნების გაგზავნის ძალზე შემცირება და ქართული ენის დევნა. ამაზე ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა 1870-იანი წლების II ნახევრიდან დაიწყეს პროტესტის გამოთქმა ძირითადად ქართულ პრესაში. 1881 წელს ივანე გვარამაძე გაზ. "დროებაში" გამოქვეყნებული წერილით შეუერთდა საზოგადოების წუხილს ამ საკითხზე. მისი აზრით, ადამიანი, მშობლიური ენის საფუძვლიანად შესწავლის გარეშე, უცხო ენებისა და მრავალი მეცნიერების შესწავლით იმდენ სარგებელს ვერ მოუტანდა სამშობლოს, როგორც თავიდანვე მშობლიური ენის შესწავლითო. ავტორმა უკმაყოფილება გამოთქვა გულგრილად მომუშავე ზოგიერთი მასწავლებლის მიმართ, რომელთა გამო მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ერთობა და ქრისტიანობა უკან-უკან მიდისო[10, N39].

      ივანე არა მხოლოდ აკრიტიკებდა არაპედაგოგიურ და ანტიეროვნულ სწავლებას, არამედ ამ პრობლემის მოგვარებისათვის ფიქრობდა და მოქმედებდა. 1881 წელს ჯავახეთში ჩასულ ზაქარია ჭიჭინაძეს ადგილობრივმა ინტელიგენტებმა ურჩიეს ქართული წიგნების გაგზავნა ჯავახეთის "კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების" სკოლებისთვის, სადაც მაჰმადიან ქართველ მოზარდებს ქართულის ნაცვლად რუსულ და თურქულ ენებს ასწავლიდნენ. ზ. ჭიჭინაძემ ხიზაბავრაში მაშინ გაიცნო ივანე გვარამაძე და, ჩანს, ივანეს აზრიც იყო ეს. ამის შემდეგ ზ. ჭიჭინაძემ დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით ამ საქმისათვის ქართული წიგნების შეგროვება, რომლებიც ჯავახეთში უნდა გაევრცელებინათ ივანე გვარამაძესა და ილია ალხაზიშვილს[10, N252].

      ივანე სწუხდა სახელმწიფო სასწავლებლებიდან მშობლიური ენის გამოდევნის გამო და ქართველ საზოგადოებრიობას მოუწოდებდა ერთობლივი მოთხოვნით ამ პრობლემის გადაჭრისკენ. იგი 1890 წ. 26 ოქტომბერს სწერდა აკაკის: "პირველად გთხოვთ ჩვენმან მწერლებმან ერთ ხმად დასწერეთ ქართულს ენაზედ ყველა გაზეთებში რომ დასაწყისი სწავლა ყველა სასწავლებლებში ქართულს ენაზედ იყოს. ეს უპირატესობა მარტო ჩვენს ენას უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენს წინაპართ ურიცხვი სისხლი დაუღვრიათ. ამდენი კავკასიის ეროვნობა დაუცვიათ მტერთაგან და ბოლოს ყველა უზაბაკოთ უკლებლივ რუსეთს ჩაჰბარია"[26, N413]. ივანე გვარამაძისთვისაც სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში ბრძოლა ქართული ენის ადგილის გასაზრდელად მუდამ აქტუალური საკითხი იყო.

      სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობაში განათლების გავრცელების სხვა საშუალება იყო წიგნებისა და პერიოდული გამოცემების კითხვა. ამ მხრივაც მხარეში დიდი სირთულეები იყო ქართული წიგნების ძალზე სიმცირის, წერა-კითხვისა და ხალხში წიგნების კითხვის ჩვევების არასაკმარისად გავრცელების გამო. განმანათლებლებს კარგად ესმოდათ, რომ კითხვის ჩვევები სკოლაშივე უნდა ჩამოჰყალიბებოდათ მოზარდებს. ამისათვის მათ 1870-იანი წლების ბოლოდან დაიწყეს საუბარი სკოლებთან წიგნების მარაგის ან ბიბლიოთეკების შესაქმნელად. ივანე გვარამაძე მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სკოლების წიგნებით მომარაგების საქმეში[14, N77]. იგი საზოგადოებას მოუწოდებდა ახალციხის იოანე ნათლისმცემლის კათოლიკური ეკლესიის საერო სკოლისთვის წიგნებითა და პერიოდული გამოცემებით დახმარებისაკენ. 1893 წელს ამ სკოლას თბილისიდან შესწირეს 100-მდე ქართული წიგნი და ჟურნ. "ჯეჯილის" რამდენიმე წლის ნომრები[14, N33].

      სასკოლო ბიბლიოთეკების შექმნის მცდელობანი მხარეში ძირითადად წარუმატებლად დასრულდა. 90-იანი წლების დამდეგიდან კი ქართველმა საზოგადოებამ დაიწყო სახალხო ბიბლიოთეკების გახსნისათვის ზრუნვა. ახალციხეში ამ საქმეს თავიდან წინააღმდეგობა შეხვდა[14, N116]. ივანე გვარამაძემ ახალციხის იოანე ნათლისმცემლის სახ. კათოლიკურ ეკლესიასთან 1893 წელს დაარსა ბიბლიოთეკა[13, N224], მაგრამ, ჩანს, საზოგადოების არასაკმარისი დახმარების გამო მან დიდხანს ვერ იარსება. სანაცვლოდ, ივანე გვარამაძე და მისი ვაჟი ქრისტესია დიდ მონაწილეობას იღებდნენ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მფარველობა-შეწევნით ახალციხისა და უდის ბიბლიოთეკების გახსნისა და მათზე მზრუნველობის საქმეში[16, N48], ასევე, ხიზაბავრის ბიბლიოთეკის გახსნისათვის სამზადისში[20, N210]. აღნიშნულმა ბიბლიოთეკებმა მალევე მიიზიდა ხალხი, და წარმატებით მოქმედებდნენ.

      ხალხში კითხვის გავრცელების სხვა საშუალებას წარმოადგენდა მხარეში წიგნების გაყიდვა, უფასოდ დარიგება და პერიოდული გამოცემების გავრცელება, რაშიც სიამოვნებით მონაწილეობდა ხოლმე ივანე გვარამაძე[22, N2059, 2061]. ყველივე ამ ღონისძიებების შედეგად მხარის ქართველ მოსახლეობაში უფრო და უფრო ფართოდ ვრცელდებოდა წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვა, თვითგანათლება...

      ივანე გვარამაძე დიდად იყო დაინტერესებული ლიტერატურითა და, საერთოდ, კულტურით, იღწვოდა შემოქმედებით ასპარეზზე. აღსანიშნავია მისი პოეტური მოღვაწეობა, სადაც განსაკუთრებით მძაფრად ისახებოდა თანამედროვე საქართველოს ეროვნული პრობლემები.

      როგორც პოეტი, ივანე 1860-იანი წლებიდან გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე. 1870-იანი წლების II ნახევრიდან პრესაში ბეჭდავდა თავის ლექსებს[6, N41; 7, N208,231,232; 11, N200], მოგვიანებით გამოსცემდა პოემებსა და თავის ლექსებსაც[3, 94]... ივანე გვარამაძის მხატვრულ შემოქმედებაში სჭარბობდა რომანტიკული განწყობა. აწმყოთი დადარდიანებული და საქართველოს ისტორიით გატაცებული ივანე ასახავდა საქართველოს, უფრო კონკრეტულად კი მესხეთის აყვავებულ ცხოვრებას ძველად. სახელოვანი წარსულის ფონზე ის განიცდიდა ქვეყნის თანამედროვე დაკნინებულ მდგომარეობას. მის ლექსებში მწუხარებას იზიარებდა ბუნება და შემორჩენილი ისტორიული ძეგლები... მაგრამ ავტორი ოპტიმისტურად იყო განწყობილი მომავლის მიმართ და თავის შემოქმედებაში ხედავდა ქართველთა ცხოვრების გამოსწორების საკმაო შესაძლებლობებსა და გზებს. იგი თანამემამამულეებს მოუწოდებდა სამშობლოზე ზრუნვისკენ, შრომისკენ, ზნეობის ამაღლებისაკენ, გაერთიანებისაკენ, განსაკუთრებით კი განათლებისაკენ. ამგვარი ხედვით ის გამოხატავდა XIX საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მშვიდობიანი, აღმშენებლობითი მიმართულების თანამოაზრეობასა და განმანათლებლურ შეხედულებებს. თუმცა იგი 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქართველებს საქართველოს დაკარგული მხარეების დაბრუნებისა და იქაურ მოძმეებთან შეერთებისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა ნოველაში "მხედრის სიზმარი"[7, N60].

      პატრიოტიზმით გაჟღენთილი თავის შემოქმედებით ივანემ მალევე მიიპყრო XIX საუკუნის დიდ ქართველ პოეტთა და საზოგადო მოღვაწეთა ყურადღება; დამყარდა კავშირი მათსა და ივანე გვარამაძეს შორის. ისინი აპირებდნენ დახმარებას მისი პოემების დასაბეჭდად და ცენზურის საქმეების მოსაგვარებლად. ზ. ჭიჭინაძე 1881 წლის 20 იანვარს გაგზავნილ წერილში ატყობინებდა ივანეს, რომ ის მოეკითხათ აკაკისა და რაფიელ ერისთავს, რომლებიც სთხოვდნენ მას, საქართველოს ისტორიაზე, გმირებზე, მოწამეებზე წეროთ პატრიოტიზმის გასაღვივებლადო[21, 47-48].

      ივანე გვარამაძის მხატვრული შემოქმედება შთაბეჭდილებას ახდენდა ქართველ მკითხველზე და იმ წრეებში, სადაც მოღვაწეობდა ივანე. მის შემოქმედებას აფასებდნენ მისი თანამოღვაწეები და ხელს უწყობდნენ მისი ნაწარმოებების გამოცემაში. მას უთმობდნენ სიტყვას და სიამოვნებით უსმენდნენ საზოგადოებრივ-ლიტერატურულ შეკრებებზე, სადაც ივანე მდიდარი მესხური ენითა და მხატვრულ-პოეტური ფრაზებით გამოთქვამდა თავის დამოკიდებულებას ზოგიერთი მწერლის, მოღვაწის თუ მოვლენის მიმართ, მოძმეებს უქადაგებდა ღვთისა და მოყვასის, სამშობლოს სიყვარულსა და მისდამი ზრუნვას, კონკრეტულ გზებსაც სთავაზობდა ამისთვის[13, N272]...

      ივანე გვარამაძემ სერიოზული წვლილი შეიტანა სამცხე-ჯავახეთში ჰუმანიტარული მეცნიერებების საფუძვლის ჩაყრისა და მათი განვითარების საქმეში. ის ახალგაზრდობიდანვე დაინტერესდა მესხეთის ისტორიით, 1870-იანი წლებიდან კი დაიწყო მესხეთის კულტურისა და ისტორიული ძეგლების აღწერა-შესწავლა, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალების შეგროვება[2, 44-57]. იგი 1878 წლიდან ამ მასალებს აქვეყნებდა გაზ. "დროებაში", შემდეგ "ივერიასა" და სხვა ქართულ პერიოდულ გამოცემებში. 1870-იანი წლების II ნახევრიდან მან სამცხე-ჯავახეთი ფეხით მრავალგზის მოიარა, ეკლესია-მონასტრებსა და ციხეებს აღწერდა და იკვლევდა. ამ საქმიანობას იგი "ექსპედიციებს" უწოდებდა. ამას იგი მწირი შესაძლებლობებითა და მხოლოდ ენთუზიაზმით ახერხებდა და უფრო ფართოდ და ხანგრძლივად კვლევა მას არ შეეძლო. ის მეცნიერული მუშაობისას ინტერესდებოდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პრობლემით (მაგ., უძველესი ისტორიით (მას უძღვნა წიგნი "ქართლის ცხოვრება"), გვიანი შუა საუკუნეების ისტორიით, უფრო მეტად კი სამცხე-საათაბაგოს _ შემდგომ ახალციხის საფაშოს ისტორიით). კვლევისას იგი იყენებდა არა მარტო წერილობით წყაროებს, არამედ მდიდარ ზეპირსიტყვიერ მასალას, ეყრდნობოდა მატერიალური კულტურის ძეგლებს, ენათმეცნიერულ მონაცემებს და ა. შ. მისი ისტორიული მასალებითა და ნაშრომებით ინტერესდებოდნენ ქართველი მკითხველები (მკვლევარებიც). ი. გვარამაძე დიდ ყურადღებას აქცედა სამშობლოს ისტორიის სწავლებას მოზარდი თაობებისათვის[3, 122] საქართველოს ისტორიის შესწავლა და პოპულარიზაცია, ამის ქვეყნის გულშემატკივრის პოზიციიდან თხრობა და ივანეს მხატვრულ-ემოციური ფრაზები, განსაკუთრებით კი სასახელო წარსულის გაშუქება აწმყოში ქართველობის გულგატეხილობის ჟამს მათ მხნეობას ჰმატებდა და იმედითა და სამშობლოს წინაშე მეტი ვალდებულების გრძნობით აღავსებდა[8, N209].

      საქართველოს ისტორიითა და კულტურის ძეგლების შესწავლით გატაცებული ივანე გვარამაძე ძალზე განიცდიდა მატერიალური და სულიერი ძეგლების სავალალო მდგომარეობას მესხეთში და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მათ შეკრებასა და შემონახვას[10, N251]. თავის სახლში მან ფაქტიურად სიძველეთა მუზეუმი მოაწყო, რომლითაც ინტერესდებოდა საზოგადოება. იგი უგზავნიდა ხოლმე მეცნიერებს, "კავკასიის ისტორიულ და არქეოლოგიურ საზოგადოებას" თავის მიერ შეკრებილ ისტორიულ ნივთებს[11, N99]. ის 1870-იანი წლების დამლევიდან ქართველ საზოგადოებასა და მთავრობას მოუწოდებდა, შექმნილიყო ისეთი საზოგადოება, რომელიც შეკრებდა, დაიცავდა და რესტავრაციას მოუხდენდა ისტორიული და კულტურული ღირებულებების მქონე ნივთებსა და ძეგლებს, ჩაატარებდა არქეოლოგიურ გათხრებს და რომელსაც მთავრობაც დაეხმარებოდა[7, N144; 10, N98,203]. მაგრამ XIX საუკუნის 80-ანი წლებში ქართველი საზოგადოება ამ საქმისათვის არ იყო მზად.

      ივანეს განსაკუთრებით აწუხებდა მოსახლეობის მხრივ სამცხე-ჯავახეთის ხუროთმოძღვრების ძეგლების გაუაზრებლად თუ განზრახ ნგრევა და დაზიანება. იგი ამხელდა მხარის ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების გარკვეული ნაწილის მხრივ ძველქართული ეკლესიებისა და ციხეების ნგრევის, მითვისებისა და მათებურად გადაკეთების (მეჩეთებად და სომხურ ეკლესიებად გადაკეთება) ფაქტებს და ამ ძეგლების დაცვისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას[11, N167,186; 19, N266]. ის მოსახლეობას სთხოვდა და მოუწოდებდა ხოლმე ძეგლების მიმართ ფრთხილი მოპყრობისაკენ[10, N98,146; 11, N151,167,186; 27, H-2786], მაგრამ მას ამის წინააღმდეგ საბრძოლველად რაიმე უფლებამოსილება და სათანადო შესაძლებლობა არ გააჩნდა. ქართველი საზოგადოებაც 80-იან წლებში მზად არ იყო ამ მოქმედებების წინააღდგომისათვის. ამის მიუხედავად, ივანე გვარამაძემ ეს პრობლემა სერიოზულად დააყენა ქართველი საზოგადოების წინაშე, რომელმაც 1890-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო ბრძოლა ამ საკითხის მოსაგვარებლად (განსაკუთრებით, მხარის მართლმადიდებელი ბლაღოჩინის, დიმიტრი ხახუტაშვილის აქტიურობით[5, 55-57]).

      ქართველი საზოგადოებაც აფასებდა ივანე გვარამაძის სამეცნიერო საქმიანობას. ცნობილი ქართველი მოღვაწეები მოუწოდებდნენ ივანეს, პერიოდულ გამოცემებში ხშირად გამოექვეყნებინა ხოლმე სტატიები და ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალები. ამგვარი ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო მუშაობისათვის იგი 1908 წლის 18 ნოემბერს არჩეული იქნა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" ნამდვილ წევრად[22, N2174].

      ივანე გვარამაძის, როგორც ეროვნული მოღვაწის დამსახურებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბრძოლა სამცხე-ჯავახეთის ქართველთა ეროვნული ჩაგვრა-გადაგვარების წინააღმდეგ. ეს პრობლემა მძაფრად იგრძნობოდა რელიგიურ ცხოვრებაში: მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში იზღუდებოდა მშობლიურენოვანი წირვა-ლოცვა, ქართველ კათოლიკეთა ნაწილი განიცდიდა ეროვნულ გადაგვარებას, ქართველ მუსლიმანებში კი მტკიცდებოდა მაჰმადიანობა, და ისინი თურქდებოდნენ.

      ივანე გვარამაძე თანაუგრძნობდა მართლმადიდებელ ქართველებს ეკლესიებში ქართული ენის შევიწროებისა და მათი უმრავლესობისათვის გაუგებარი სლავიანური მსახურების დაწესების გამო, ასევე, სინანულს გამოთქვამდა ქართველი პატრიოტი სასულიერო პირების დევნის გამო (ეპისკოპოსების _ კირიონისა[25, N1238] და ლეონიდეს შევიწროების გამო [25, N1234]). იგი განიცდიდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის გაუქმებას, ქართული სასულიერო მწიგნობრობის, ქართული ტრადიციული საეკლესიო მსახურების, გალობის დაკარგვას, ქართული სასულიერო სასწავლებლების დახურვას, სასულიერო სასწავლებლებში მშობლიური ენის დევნას[3, 27; 10, N229; 14, N109]...

      ივანე განსაკუთრებით მედგრად იბრძოდა და იღწვოდა ქართველი კათოლიკეების ეროვნული ჩაგვრისა და გადაგვარების წინააღმდეგ ათეული წლების განმავლობაში. ის 1876 წელს შეეხო "დროების" სტატიაში ქართველ კათოლიკეთა საკითხს[6, N41], თუმცა მაშინ ამას გადაუჭრელ პრობლემად არ თვლიდა. მან ამ საკითხის განხილვასა და მისი ისტორიული ძირების შესწავლას ამავე გაზეთის ფურცლებზე 70-იანი წლების მიწურულიდან რამდენიმე საისტორიო გამოკვლევა უძღვნა[8, N171,172,201,253; 9, N240; 11, N185]. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობისას დიდ ყურადღებას აქცევდა ქართველი კათოლიკეების წარმომავლობის ისტორიულად დამტკიცებას, წერდა პოლემიკურ წერილებს[9, N240; 28] და საზოგადოებას მოუწოდებდა ამ საკითხის მოგვარებისაკენ. ამ საქმეში სხვა მოღვაწეებიც ებმებოდნენ ხოლმე[12, N28; 13, N237]. სამართლიანობისათვის მებრძოლი მღვდელი 1882 წელს ქ. ახალციხეში ქართველ და სომეხ კათოლიკე ეკლესიის მსახურთა შორის გარკვეული უთანხმოების მოგვარებას ცდილობდა და საზოგადოებას მოუწოდებდა, ეს არ დაეკავშირებინათ ეროვნებათშორისი ურთიერთობებისათვის[11, N152].

      1880-იანი წლების II ნახევრიდან გამწვავდა სამცხე-ჯავახეთის ქართველი კათოლიკეების ეროვნული ჩაგვრა. 1886, 1891 და 1893 წლებში რუსეთის მთავრობის დადგენილებებით კავკასიის კათოლიკურ ეკლესიებში აიკრძალა წირვა-ლოცვის ქართულად ჩატარება. ივანე გვარამაძე ამ აკრძალვებს მედგრად დაუპირისპირდა, არ სცნობდა ამ უსამართლო ბრძანებებს და მთავრობის მიერ ეკლესიის საქმეებში უხეშად ჩარევას. გვარამაძემ ერთ ხანს თავისი სამრევლოს ქალების მოთხოვნით აღადგინა თავის ეკლესიაში მშობლიურენოვანი მსახურება[1, 23; 25, N1206]. იქამდე კი მან მათვე გააგზავნინა ეპისკოპოსთან თხოვნა ეკლესიაში ქართული ენის აღდგენის თაობაზე [25, N1205]. იგი 1893 წელსაც ქართულად ატარებდა წირვა-ლოცვას[25, N1209]. მაგრამ სასულიერო და საერო ხელისუფლება უფრო და უფრო უტევდა ამ საკითხში პატრიოტ მოღვაწეებს. 1893 წელს ივანესა და სხვა ქართველ მღვდლებს პოლიციაში ხელი მოაწერინეს, რომ ქართულად მსახურება აღარ შეესრულებინათ[25, N1208]. მან რუსულ და სომხურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების თავიდან ასარიდებლად რამდენჯერმე თურქულად შეასრულა საეკლესიო მსახურება[25, N1208; 13, N37]. ბოლოს, ახალციხის სომხურ-კათოლიკური სასულიერო მმართველობისა და მთავრობის ზეწოლის გამო ისიც გადავიდა სომხური ენის მოხმარებაზე თავის ეკლესიაში, მაგრამ იგი გარკვეული ხნის განმავლობაში თავის მრევლს ეკლესიასთან არსებულ სკოლაში ღვთისმსახურებას ქართულად უტარებდა და ქადაგებდა[25, N1208]. ივანე გვარამაძე თავისი შემართებით სხვა ქართველ კათოლიკე მღვდლებსაც აძლევდა ბრძოლის მაგალითს, მაგრამ დიდხანს ამგვარი არათანაბარი ბრძოლის გაგრძელება ძნელი იყო. 90-იანი წლების შუა ხანებიდან სომეხ-კათოლიკეთა სასულიერო მმართველობა ქართველი კათოლიკეებისგან მოითხოვდა, მეტრიკაში სომეხ კათოლიკედ ჩაწერილიყვნენ[25, N1238]. ქართველ კათოლიკეთა ზოგიერთ სოფელში კი სომეხ, ქართული ენის უცოდინარ მღვდლებს აგზავნიდნენ[25, N1068].

      90-იანი წლების პირველი ნახევრიდან ქართველმა კათოლიკე მოღვაწეებმა დაიწყეს ფიქრი და მოქმედებები, რომ რუსეთის მთავრობისადმი[25, N751,1209, 1253,1255,1258], კათოლიკე ეპისკოპოსებისადმი[4, 88-93, 96], კარდინალებისა და თვით პაპისადმი [25, N1216] თხოვნებითა და მიმართვებით მოეგვარებინათ აღნიშნული საკითხი[25, N1209,1208,1216,4231]; სამცხე-ჯავახეთიდან რამდენჯერმე გაგზავნეს ქართველი კათოლიკე მღვდლებისა და მრევლის თხოვნა, მშობლიურ ენაზე აღდგენოდათ მსახურება, შემდეგ კი დაიწყეს შუამდგომლობა სომხური ტიპიკონიდან ლათინურ ტიპიკონზე გადასასვლელად (სადაც ლოცვის ჩატარება მშობლიურ ენაზეც შეიძლებოდა, და თავს დააღწევდნენ ახალციხის სომეხ-კათოლიკეთა სასულიერო მმართველობის გავლენას). რომის პაპისადმი ქართველი კათოლიკეების თხოვნა ივანემ მ. თამარაშვილისადმი მიწერილი წერილით გაგზავნა რომში[25, N1216]. ივანე გვარამაძეს სურდა თეოლოგიურ თემაზე თავისი 2 ნათარგმნისა და თავისი შრომების (სულ 18) სიის რომის პაპისათვის წარდგენა[25, N1207]. 1893 წელს მან თავისი თხოვნა პაპისადმი ლექსადაც დაწერა[25, N1208]. იგი მიმართვებსა და თხოვნებში ისტორიულად ასაბუთებდა ქართველი კათოლიკეების ეროვნული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას. ივანე იმედიანად შეეგება 1903 წელს საქართველოში ჩამოსულ ტირასპოლის ეპისკოპოს ბარონ ედუარდ როპს, რომელიც განწყობილი იყო ქართველი კათოლიკეების ეროვნული პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტისათვის. ივანე მას ხაშურში მატარებელის სადგურზე დახვდა, ბათუმში კი მისასალმებელი სიტყვაც წარმოთქვა მის საპატივცემულოდ[19, N102; 22, N1841; 25, N1242]. მისი ვაჟები ქრისტესია და კონსტანტინე კი ეპისკოპოსთან წარსადგენად ხელმოწერებს აგროვებდნენ ახალციხის ქართველობაში ამავე საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით[25, N1242].

      მიუხედავად ამგვარი თხოვნა-მიმართვების მიწერისას მრავალგზის განცდილი წარუმატებლობისა, ივანე გვარამაძე აგრძელებდა თავის ბრძოლას 1900-იან წლებშიც, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა ქრისტესიაც. აღნიშნულმა ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო, სამცხე-ჯავახეთის სომხურ ტიპიკონზე მყოფ ქართველ კათოლიკე მრევლს არ მიეცა მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების უფლება ივანეს სიცოცხლეში. ისინი ვერ გადავიდნენ ლათინურ ტიპიკონზე. მხარის ქართველი კათოლიკე სამღვდელოების საკმაო ნაწილი წინააღმდეგობის გარეშე გადადიოდა სომხურ მსახურებაზე[25, N177,1254,1255,1258; 17, N181; 18, N15]. ივანე გვარამაძის ეს ბრძოლა სამაგალითო იყო ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისათვის. მასთან მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ ქართველ კათოლიკეთა პატრიოტული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლები _ აბატი პეტრე ხარისჭირაშვილი კონსტანტინოპოლში, პატრი მიხეილ თამარაშვილი რომში და პატრი იოანე ანტონაშვილი სარატოვში. ქართველ კათოლიკეთა საკითხის მოგვარების საქმეში მისი ბრძოლის როლს აღიარებდნენ საქართველოს ცენტრში მოქმედი დიდი ქართველი მოღვაწეები და მხარს უჭერდნენ ამ მოძრაობას.

      ქართველ კათოლიკეთა საკითხის მოგვარებისათვის ივანე ბრძოლის გარდა დიდ მოღვაწეობას ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში. იგი დიდი ხნის განმავლობაში წერდა და აქვეყნებდა საისტორიო თხზულებებს, დოკუმენტურ მასალებს ქართველ კათოლიკეთა მრავალსაუკუნოვანი არსებობის დასადასტურებლად. ივანე მომავალი ქართველი კათოლიკე სამღვდელოების აღზრდაზეც ფიქრობდა, ხსნიდა დაწყებით სკოლებს და ამისათვის შექმნილ რელიგიურ-საგანმანათლებლო კერების საქმიანობაში აქტიურად მოღვაწეობდა. იგი წერდა და თარგმნიდა თეოლოგიურ და პედაგოგიურ წიგნებს[3, 95], რომლებიც უმთავრესად იცემოდა კონსტანტინოპოლისა და მონთობანის ქართულ სტამბებში და რომლებსაც უფრო წარმატებით იყენებდნენ კონსტანტინოპოლის ქართულ კათოლიკურ მონასტერთან არსებულ სასულიერო სასწავლებელში. ის დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდა ამ მონასტრის მოღვაწეებთან, იქ სამცხე-ჯავახეთიდან ნიჭიერ მოსწავლეებს აგზავნიდა (მ. თამარაშვილი, ა. ბათმანიშვილი), და ერთობლივად მოქმედებდნენ საეკლესიო საკითხებში ქართველთა ეროვნული პრობლემების მოსაგვარებლად.

      სამცხე-ჯავახეთის ქართველ-კათოლიკეთა აღნიშნულ მოძრაობას XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე არ მოჰყოლია მათი ეროვნული პრობლემის მოგვარება. ვატიკანი ვერ დაეხმარა ქართველ კათოლიკეებს რუსეთის მთავრობის ძალადობისა და სომხურ-კათოლიკური სამღვდელოების გავლენის გამო[25, N1219]. ამის მიუხედავად, ამ ბრძოლამ გააძლიერა ხალხში პატრიოტული განწყობა (ამას ხელს უწყობდა მათ შორის განათლების გავრცელება, საუკუნის ბოლოს ქართველთა ეროვნული კონსოლიდაცია და საერთო ქართულ მოძრაობებში ჩართვა). ქართველი კათოლიკე მრევლი სამცხე-ჯავახეთში საუკუნეთა მიჯნაზე სულ უფრო და უფრო მეტად ითხოვდა ღვთისმსახურების მშობლიურ ენაზე ჩატარებას, ეწინააღმდეგებოდა ეროვნული გადაგვარების პროცესს[25, N1206,1254; 19, N104]. ქართველ კათოლიკეთა ენერგიული პატრიოტული მოძრაობის წყალობით მხარის ქართველი კათოლიკეების დიდი ნაწილი გადაურჩა ეროვნულ გადაგვარებას. ხოლო ჯავახეთში მცხოვრები თურქულენოვანი ქართველი კათოლიკეები ამავე ხანებში გასომხების გზას დაადგნენ.

      ივანე გვარამაძე სწუხდა აგრეთვე სამცხე-ჯავახეთის (და სხვა ქართულ მხარეებში) ქართველი მაჰმადიანების ეროვნული გადაგვარების გამო. მან ეს საკითხი 1870-იანი წლების დამლევიდან დააყენა ქართველი საზოგადოების წინაშე[8, N177,210; 9, N219], რომელსაც არ გააჩნდა სათანადო შესაძლებლობები მათთან დაახლოებისა და მათ შორის ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებების გატარებისათვის. სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანებს შორის პატრიოტულად განწყობილი ინტელიგენცია არ გამოჩენილა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში (ცალკული პიროვნებების გარდა). საუკუნის ბოლოს ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების ანტიქართული პოლიტიკის გამო ქართველი მაჰმადიანების ახალგაზრდა თაობებში იკარგებოდა ქართული ენა და ტრადიციები და მის ნაცვლად თურქული ენა და მაჰმადიანობა მტკიცდებოდა...

      ივანე გვარამაძეს ასევე აწუხებდა მხარის ქართველი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება. ამ საკითხს ის 70-იანი წლების მიწურულიდან აყენებდა პრესაში ქართველი საზოგადოების წინაშე. იგი საზოგადოებას, ხალხს მოუწოდებდა მათი სოციალური და ქონებრივი უფლებების დაცვისკენ[9, N48,79; 10, N251; 11, N219,251], ზოგიერთ საკითხში ხალხს კონკრეტულ რჩევებსაც აძლევდა, მაგრამ ინტელიგენციასაც და ხალხსაც ამ საკითხის მოგვარება მაშინ რეალურად არ შეეძლოთ...

      აღნიშნული მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისა და პიროვნული თვისებების გამო ივანეს დიდი ავტორიტეტი გააჩნდა ხალხში. მას საზოგადოებრივი შეკრებების დროს აძლევდნენ სიტყვას და სიამოვნებით უსმენდნენ. გამორჩეული ორატორი ივანე გვარამაძე პანაშვიდების, პარაკლისებისა და საზოგადო ღონისძიებების დროს თანამემამულეებს მოუწოდებდა ღვთისა და მოყვასის, სამშობლოს სიყვარულისაკენ და მასზე მზრუნველობისაკენ. ის ამას წარმატებით უქადაგებდა განათლებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების, გმირებისა და მოწამეების მაგალითზე (პ. ხარისჭირაშვილის, გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე), ილიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ა. შ.), დიდი ეროვნული მნიშვნელობის მქონე მოვლენების შეფასებების დროს, კონკრეტულ გზებსაც უსახავდა ხალხს...

      ივანე გვარამაძეს თავისი მოღვაწეობის დროს კავშირები გააჩნდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან, ჰქონდა მათთან მიმოწერა, თანამშრომლობდა ეროვნულ საქმეებში მათთან _ ილიასთან, აკაკისთან, იაკობ გოგებაშვილთან, დიმიტრი ბაქრაძესთან და ა. შ. ისინიც დიდად აფასებდნენ მის ენერგიულ მოღვაწეობას, მით უმეტეს, საქართველოს ამ რთულ რეგიონში, მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ მას პატრიოტულ საქმიანობაში. ივანე დამაკავშირებელ ფუნქციასაც ასრულებდა საქართველოს ცენტრში მოქმედ და სამცხე-ჯავახეთის ინტელიგენციას შორის, მისი მეშვეობით მოელოდა ზოგიერთი მოღვაწე ცენტრიდან მხარდაჭერასა და დახმარებას ამა თუ იმ ეროვნული მნიშვნელობის მქონე საქმეში (მაგ., კონსტანტინოპოლში მყოფი პატრი ალექსანდრე მანველიშვილი იქაური ქართველი მაჰმადიანებისათვის ქართული წიგნების მისაწოდებლად დახმარებას ელოდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან" მის წევრ ივანე გვარამაძის მეშვეობით[22, N2684]).

      ივანე გვარამაძის ხანგრძლივი და პროდუქტიული საქმიანობა დიდ სტიმულს აძლევდა ადგილობრივ მოღვაწეებსა და ხალხს. მისი მაგალითითა და მოწოდებებით უფრო აქტიურად ებმებოდნენ ისინი ეროვნული თვალსაზრისით მნიშვნელოვან საქმეებში თუ მოძრაობებში. ქართველთა შორის პატრიოტული მოძრაობა მხარეში XIX საუკუნის ბოლოდან უფრო და უფრო მასიური ხდებოდა.

      სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის II ნახევარში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა: საკმაოდ წარმატებით ვრცელდებოდა განათლება ხალხში, ადგილი ჰქონდა კულტურის განვითარებასა და გავრცელებას, მხარის ქართველი ქრისტიანების უმრავლესობა გადარჩა ეროვნულ გადაგვარებას, ხალხში საგრძნობლად ძლიერდებოდა ეროვნული ცნობიერება, რომლებიც უფრო და უფრო აქტიურად ებმებოდნენ პატრიოტულ მოძრაობებში... ხოლო ქართველი საზოგადოების მწირი შესაძლებლობებისა და რთული ვითარების გამო ვერ მოხერხდა მხარის ქართველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება, თურქულენოვანი ქართველი კათოლიკეებისა და ქართველი მაჰმადიანების ეროვნული გადაგვარების პროცესებისათვის ხელისშეშლა... აღნიშნულ მოძრაობაში კი წამყვანი მოღვაწისა და ლიდერის ფუნქცია გააჩნდა ივანე გვარამაძეს თავისი მრავალმხრივი ნაყოფიერი საქმიანობით, რომელიც სხვადასხვა საქმეში დიდ სტიმულსა და მიმართულებებს აძლევდა თანამემამულეთა პატრიოტულ მოღვაწეობას...

გიორგი მაისურაძე,
ისტორიის აკადემიური დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგის ასისტენტი

ლიტერატურა და წყაროები

  • 1. შოთა ლომსაძე, მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკენი, თბ., 1984;
  • 2. შ. ლომსაძე, მესხები, თბ., 1997;
  • 3. ნატო ყრუაშვილი, ივანე გვარამაძის როლი მესხურ განმანათლებლობაში, თბ., 2008;
  • 4. ნატო ყრუაშვილი, ქართველი კათოლიკეები სამცხე-ჯავახეთში (XIX-XX საუკუნეთა მიჯნა), თბ., 2005;
  • 5. გ. მაისურაძე, ქართველი სამღვდელოების სასულიერო მოღვაწეობის ისტორიიდან სამცხე-ჯავახეთში XIX საუკუნის დამლევს, კრებული "საქართველო და ქრისტიანობა", თბ., 2001, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
  • 6. გაზეთი "დროება", 1876;
  • 7. გაზეთი "დროება", 1878;
  • 8. გაზეთი "დროება", 1879;
  • 9. გაზეთი "დროება", 1880;
  • 10. გაზეთი "დროება", 1881;
  • 11. გაზეთი "დროება", 1882;
  • 12. გაზეთი "დროება", 1884;
  • 13. გაზეთი "ივერია", 1893;
  • 14. გაზეთი "ივერია", 1894;
  • 15. გაზეთი "ივერია", 1895;
  • 16. გაზეთი "ივერია", 1898;
  • 17. გაზეთი "ივერია", 1901;
  • 18. გაზეთი "ივერია", 1902;
  • 19. გაზეთი "ივერია", 1903;
  • 20. გაზეთი "ივერია", 1904;
  • 21. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, ილია მაისურაძის ფონდი, N360;
  • 22. სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, ხელნაწერთა ფონდი;
  • 23. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 481, აღწ. I, საქმე N10;
  • 24. საქართველოს სახელმწიფო ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 12, აღწ. 7, საქმე N1011;
  • 25. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მიხეილ თამარაშვილის ფონდი;
  • 26. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის ფონდი;
  • 27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი, H-2786;
  • 28. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი, H-1524;

ტეგები: Georgia, history, qwelly, ისტორია

ნახვა: 1348

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters