17 დეკემბერს (ძვ. სტ. 4 დეკემბერი) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს იოანე დამასკელს.

იოანე დამასკელი, ioane damaskeli, წმინდათა ცხოვრება, თვენი, დეკემბერი, ქველი, qwelly, december

      სირიის დედაქალაქ დამასკოში, მართლმორწმუნე ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა წმინდა იოანე დამასკელი.(680წელი) მამამისს - სერგი მანსური ხალიფას კარის ხაზინა ებარა. მას ჰყავდა შვილობილი სახელად კოზმა, რომელიც ადრეულ ასაკში დაობლდა. იოანემ და კოზმამ ოჯახშივე მიიღეს ბრწყინვალე განათლება კალაბრიელი ბერის, კოზმას ხელმძღვანელობით, რომელიც სერგიმ დამასკოს მონათა ბაზარზე ტყვეობისგან გამოისყიდა. ყმაწვილებმა და ადვილად შეითვისეს რიტორიკა, დიალექტიკა, ფილოსოფია, არითმეტიკა, ასტრონომია, მუსიკა, პოეზია, საღვთო წერილი. ამგვარად განსწავლული იოანე მამის გარდაცვალების შემდეგ ხალიფას პირველი მრჩეველი გახდა და ქალაქის თავის თანამდებობაც მიიღო.

      იოანეს დანიშვნის დროს ბიზანტიაში იმპერატორ ლეონ III ისავრიელის მხარდაჭერით სწრაფად იწყო გავრცელება ხატმებრძოლთა მწვალებლობამ. დამასკელმა მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად დაწერა სამი ტრაქტატი მათ წინააღმდეგ. წმიდანის ღვთივგაბრძნობილმა ნაწერებმა იმპერატორი გაააფთრა, მაგრამ რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა: მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა იოანეს ხელწერით დაწერეს ეპისტოლე, რომელშიც დამასკელი მინისტრი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავის წერილთან ერთად ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალება არ მისცა, ბრძანა, თანამდებობიდან გადაეყენებინათ ნეტარი, მარჯვენა მოეკვეთათ მისთვის და სხვათა დასაშინებლად ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. მოკვეთილი მტევანი იოანეს იმავე საღამოს დაუბრუნეს დასამარხად, რის შემდეგაც წმიდანი ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ყოვლადწმიდას მხურვალედ შესთხოვა, ხელი გაემრთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში ზეციური დედოფალი წარდგა მის წინაშე და უთხრა: "აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა". გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა, სიხარულითა და მადლიერებით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: "მარჯვენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა. მარჯვენემან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი" (გამოსვლ. 15,16); ღვთისმშობლის ხატზე, რომლის წინაშეც განიკურნა, იოანემ ვერცხლის ხელი მიამაგრა სამადლობლად.

      ამ სასწაულის შემდეგ ხალიფამ ირწმუნა ვეზირის უდანაშაულობა და პატივი დაუბრუნა, მაგრამ ანგელოზებრივი ცხოვრებისაკენ მოსწრაფე იოანემ განმარტოება და ამსოფელთან კავშირის გაწყვეტა განიზრა.

      წმინდა იოანე შინ დაბრუნდა, მთელი ქონება მოწყალებად გასცა, მონები გაათავისუფლა და თანაშეზრდილ კოზმასთან ერთად იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. აქ, საბა განწმენდილის ლავრაში იოანე უბრალო მორჩილად შედგა, მაგრამ იღუმენს ძალიან გაუჭირდა მისთვის სულიერი წინამძღვრის მოძებნა: ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს გვარიშვილობითა და სიბრძნით განთქმული კაცი ბერისათვის შესაფერ მორჩილებას გამოიჩენდა. ბოლოს გამოჩნდა ერთი მოხუცი, ღვთივგაბრძნობილი ბერი, რომელმაც განაცხადა, რომ თავს იდებდა იოანეზე ზრუნვას. მოძღვარმა სენაკში წაიყვანა წმიდანი და ასე დაარიგა: "ნუ ჰლაღობ შენ შორის მყოფისა მაგის სიბრძნისა და მეცნიერებისათვის. და სწავლულობათა მაგათ, რომელნი გისწავლიან, რამეთუ არარაჲთ უდარეს მათსა არს სასწავლო მონაზონთაჲ, არამედ ფრიადცა რაჲმე უმეტეს და უმაღლეს არს ფილოსოფოსობაჲ ამათი". შემდეგ ბერმა ნეტარ მოწაფეს უბრძანა, მისი რჩევის გარეშე წერილიც არ მიეწერა არავისთვის და არასოდეს გაეხსენებინა და წარმოეთქვა ის, რაც საერო წიგნებში ჰქონდა ამოკითხული. იოანე უდრტვინველად დამორჩილდა კურთხევას. ცოტა ხნის შემდეგ მოძღვარმა გადაწყვიტა, სულიერი შვილი სიმდაბლეში გამოეცადა და დაავალა, მონასტერში დამზადებული კალათები დამასკოში წაეღო გასაყიდად. ბერმა ძმების ნახელავს ღირებულებაზე ბევრად აღმატებული ფასი დაადო, წმიდა იოანემ, დამასკოს საუკეთესო ოჯახის შვილმა, მშობლიური ქალაქის ქუჩებში გლახაკივით ჩამოძონძილმა დაიწყო ბერების ნახელავის გაყიდვა. გამვლელები წმიდანის საქონლის ფასს რომ გებულობდნენ, დასცინოდნენ, მაგრამ ბოლოს ერთმა ყოფილმა მსახურმა იცნო და ისე, რომ არც გამოცნაურებია, ყველა კალათა შეისყიდა.

      საბაწმიდის ლავრაში მცხოვრებ ერთ ბერს ძმა გარდაეცვალა და იოანეს სთხოვა, რაიმე შეექმნა მის სანუგეშოდ. წმიდანი დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს მოყვასისადმი თანალმობამ სძლია და დაწერა თავისი ცნობილი ტროპრები შესვენებულსა ზედა. "ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად ჰშფოთებს ყოველი მიწითშობილი", - ვკითხულობთ ერთ-ერთ მათგანში. სულიერი შვილის ურჩობამ მეტად განარისხა იოანეს მოძღვარი და იგი სენაკიდან გააძევა. წმიდანის ცრემლიანი მუდარა და ძმების შუამდგომლობა ამაო აღმოჩნდა. მაშინ ერთ-ერთმა მოსაგრემ მოძღვარს სთხოვა, ეპიტიმიით განესწავლა შემცოდე და ამ უკანასკნელმაც იოანეს მონასტრის ყველა არაწმიდა ადგილის დასუფთავება დაავალა. უფლის რჩეულმა სიხარულით მიჰყო ხელი დავალებულ საქმეს, მისმა სულიერმა მამამ კი, ნეტარის ასეთი სიმდაბლე და მორჩილება რომ იხილა, სიხარულით ჩაიკრა იგი გულში და ცოდვაც შეუნდო.იმავე ღამეს მოძღვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, იოანესთვის მწერლობა არ აეკრძალა: "ამიერიდან უბრძანე მას თქუმად, რაცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინის-მცემელი და ყოვლადწმიდა სული იტყვის ენით მისით".

      ღირსი მამის ამბის გაგების შემდგომ იერუსალიმის პატრიარქმა მას მღვდლად დაასხა ხელი და თავის საკათედრო ტაძარში ქადაგება დაავალა, მაგრამ იოანე ისწრაფვოდა განმარტოებით ცხოვრებისკენ და მალევე დაუბრუნდა თავის სავანეს. თავისი დღეების აღსასრულამდე ღვთივსულიერ წიგნებსა და საგალობლებს ჰქმნიდა. ამის შემდეგ ნეტარმა მხოლოდ ერთხელ დატოვა ლავრა - 754 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე გაემგზავრა და ამხილა ხატმბრძოლთა მწვალებლობა. ამისთვის იგი საპყრობილეში ჩააგდეს და აწამეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ცოცხალი გადარჩა. წმიდა იოანე დაახლოებით 780 წელს (სხვა ცნობით - 754 წლამდე) გარდაიცვალა, 104 წლის ასაკში.

      ღირს მამას ეკუთვნის მრავალი საგალობელი, საღვთისმეტყველო შრომა და ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ მიმართული ეპისტოლე და აპოლოგია; მის ნაშრომებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს "ცოდნის წყაროს", რომელიც სამი ნაწილისაგან შედგება: "სიბრძნისმეტყველება" ("ფილოსოფიური თავები"), "მწვალებლობათა აღწერა" და "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა". საგალობლებს შორის უნდა გამოვყოთ "შენდამი იხარებს, მიმადლებულო", რომელიც თავისი მარჯვენის სასწაულებრივი განკურნების სამადლობლად შექმნა. იოანე დამასკელს ხატებზე თავზე სახვევით გამოსახავენ. ეს ის სახვევია, რომელშიც მისი მოკვეთილი მარჯვენა იყო გახვეული და რომელსაც შემდგომში თავზე შემოკრულს ატარებდა ღვთისმშობლის დიდი წყალობის მოსაგონებლად.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 17 დეკემბერი, Qwellyland, დეკემბერი, თვენი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 3692

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters